საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • თავი ოცდამეერთე

      ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება

      ესაია 60:1—22

      1. რა გამამხნევებელი ცნობაა მოცემული ესაიას მე-60 თავში?

      ესაიას მე-60 თავი შთამბეჭდავი დრამის სახით არის დაწერილი. პირველ მუხლებში ჩვენს ყურადღებას ამაღელვებელი სურათი იპყრობს. მოვლენებს, რომლებიც სწრაფად ვითარდება, აღმაფრთოვანებელ ფინალამდე მივყავართ. ამ თავში ხატოვანი ენით არის აღწერილი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა ძველ იერუსალიმში და დღევანდელ დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გავრცელება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, მასში საუბარია მარადიულ კურთხევებზე, რომლებიც ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებს ელის. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მონაწილეობის მიღება ესაიას წინასწარმეტყველების ამ შესანიშნავი ნაწილის შესრულებაში. მაშ, მოდი გულდასმით გავარჩიოთ იგი.

      სინათლე სიბნელეში ანათებს

      2. რა ბრძანება ეძლევა დედაკაცს, რომელიც სიბნელეში იმყოფება, და რატომ არის აუცილებელი ამ ბრძანების შესრულება?

      2 ესაიას წინასწარმეტყველების ამ თავის შესავალი სიტყვები სავალალო მდგომარეობაში მყოფი დედაკაცისადმია მიმართული. როგორც ჩანს, ის სიბნელეში მიწაზეა გართხმული. უეცრად სინათლე სიბნელეს კვეთს, როცა იეჰოვა ესაიას მეშვეობით წარმოთქვამს: «აღდექ [„დედაკაცო“, აქ], განათდი [„სინათლე გამოასხივე“, აქ], რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე» (ესაია 60:1). დიახ, „დედაკაცი“ ფეხზე უნდა დადგეს და ღვთის დიდება აირეკლოს! რატომ არის ეს ასე აუცილებელი? წინასწარმეტყველებაში შემდგომ ნათქვამია: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება“ (ესაია 60:2). თავის გარშემომყოფთა სასარგებლოდ, რომლებიც ჯერ ისევ სიბნელეში აცეცებენ ხელებს, „დედაკაცმა“ ‘სინათლე უნდა გამოასხივოს’. რა მოჰყვება ამას შედეგად? «ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და [„მეფეები“, აქ] შენი სხივის ელვარებაზე» (ესაია 60:3). მომდევნო მუხლებში უფრო დაწვრილებით აიხსნება ამ შესავალი სიტყვების არსი — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს!

      3. ა) ვინ არის „დედაკაცი“? ბ) რატომ იმყოფება „დედაკაცი“ სიბნელეში?

      3 თუმცა საუბარი მომავალ მოვლენებს ეხება, იეჰოვა „დედაკაცს“ ეუბნება, რომ მისმა ნათელმა „მოაწია“. ამით იმას უსვამს ხაზს, რომ ეს წინასწარმეტყველება უეჭველად შესრულდება.

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • უფრო დიდი მასშტაბით შესრულება

      4. ვინ არის „დედაკაცის“ წარმომადგენელი დღეს დედამიწაზე და კიდევ ვისზე ვრცელდება ეს წინასწარმეტყველური სიტყვები?

      4 ამ წინასწარმეტყველური სიტყვების მიმართ ჩვენი ინტერესი მათი ძველ იერუსალიმზე შესრულებით არ შემოიფარგლება. დღეს იეჰოვას ზეციერი „დედაკაცი“ დედამიწაზე „ღვთის ისრაელით“ არის წარმოდგენილი (გალატელთა 6:16). მთელი თავისი არსებობის მანძილზე — ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დღემდე — ამ სულიერი ერის შემადგენლობაში 144000 სულითცხებული წევრი შევიდა, რომლებიც ‘მიწისაგან იყვნენ გამოსყიდული’, რათა ზეციერი მმართველები გამხდარიყვნენ იესო ქრისტესთან ერთად (გამოცხადება 14:1, 3, სსგ). დღეს ესაიას მე-60 თავი, ძირითადად, 144000-ის იმ წევრებზე სრულდება, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ „უკანასკნელ დღეებში“ (1 ტიმოთე 3:1). ეს წინასწარმეტყველება ცხებული ქრისტიანების თანამსახურებს, „სხვა ცხვრებს“ ანუ „უამრავ ხალხსაც“ ეხება (გამოცხადება 7:9; იოანე 10:11, 16).

      5. როდის იყვნენ ღვთის ისრაელის დარჩენილი წევრები სიბნელეში და როდის გადმოაფრქვია იეჰოვამ მათზე სინათლე?

      5 მე-20 საუკუნის დასაწყისში ღვთის ისრაელის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ, მცირე ხნით, ასე ვთქვათ, სიბნელეში იყვნენ გართხმული. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის ისინი იმ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომელიც სიმბოლურად არის აღწერილი წიგნ „გამოცხადებაში“ — მათი გვამები ეყარა „დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე“ (გამოცხადება 11:8). მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ მათ სინათლე მოჰფინა, რის შედეგადაც წამოდგნენ, ღვთის სინათლე აირეკლეს და ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის უშიშრად გაცხადება დაიწყეს (მათე 5:14—16; 24:14).

      6. ძირითადად, როგორ შეხვდა ქვეყნიერება ცნობას იესო ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების შესახებ და ვინ მიიზიდა იეჰოვას სინათლემ?

      6 „წუთისოფლის სიბნელის“ მთავარი ‘მპყრობლის’ — სატანის — ზეგავლენის ქვეშ მყოფმა კაცობრიობამ, ძირითადად, უარყო ცნობა იესო ქრისტეს, ‘წუთისოფლის ნათლის’, სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების შესახებ (ეფესელთა 6:12; იოანე 8:12; 2 კორინთელთა 4:3, 4). მიუხედავად ამისა, იეჰოვას სინათლემ მილიონობით ადამიანი მიიზიდა, რომელთა შორის არიან „მეფეები“ (ზეციერი სამეფოს ცხებული მემკვიდრეები) და „ხალხები“ (სხვა ცხვრები, ანუ უამრავი ხალხი).

      თაყვანისმცემლობის გავრცელებას დიდი სიხარული მოაქვს

      7. რა სასიამოვნო სანახაობას ხედავს „დედაკაცი“?

      7 ესაიას 60:3-ში მოცემული თემა ვითარდება, როდესაც იეჰოვა შემდგომ ბრძანებას აძლევს „დედაკაცს“: „ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე!“. როცა „დედაკაცი“ ბრძანებას ემორჩილება, მის თვალწინ სასიამოვნო სანახაობა იშლება — მისი შვილები სახლში ბრუნდებიან! „ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ“ (ესაია 60:4). მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ ქადაგების შედეგად, რაც 1919 წლიდან დაიწყო, ღვთის ისრაელის რიგებს ათასობით ცხებული „ვაჟი“ და „ასული“ შეუერთდა. ამგვარად, იეჰოვამ ზომები მიიღო, რომ დაესრულებინა ქრისტეს მომავალ თანამეფეთა შეკრება, რომელთა რიცხვიც, წინასწარმეტყველების მიხედვით, 144000-ია (გამოცხადება 5:9, 10).

      8. რას მოაქვს ღვთის ისრაელისთვის სიხარული 1919 წლიდან?

      8 ამგვარი ზრდა დიდი სიხარულის მიზეზი გახდა. „მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა“ (ესაია 60:5). XX საუკუნის 20—30-იან წლებში ცხებულების შეგროვებამ დიდი სიხარული მოუტანა ღვთის ისრაელს. მაგრამ მათ სიხარულისთვის სხვა მიზეზიც მიეცათ. განსაკუთრებით 30-იანი წლების შუა პერიოდიდან ხალხი, რომელიც ერთ დროს „ზღვის“ — ღვთისგან გაუცხოებული კაცობრიობის — ნაწილი იყო, ყველა ერიდან გამოდის და ღვთის ისრაელს უერთდება თაყვანისმცემლობაში (ესაია 57:20; ანგია 2:7). ეს ადამიანები თვითნებურად არ ემსახურებიან ღმერთს. ისინი ღვთის „დედაკაცთან“ მიდიან და ღვთის გაერთიანებული სამწყსოს წევრები ხდებიან. ამის შედეგად ღვთის ყველა მსახური მონაწილეობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გავრცელებაში.

      ერები თავს იყრიან იერუსალიმში

      9, 10. ვინ იყრის თავს იერუსალიმში და როგორ იღებს მათ იეჰოვა?

      9 ესაიას თანამედროვეთათვის ცნობილი თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით იეჰოვა ამ ზრდას აღწერს. სიონის მთის გადასახედიდან „დედაკაცი“ პირველად აღმოსავლეთ ჰორიზონტს ავლებს თვალს. და რას ხედავს? „უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ“ (ესაია 60:6). აქლემების ქარავნები, რომლებსაც სხვადასხვა ტომის დიდვაჭრები იყენებენ, იერუსალიმის გზით მიემართებიან (დაბადება 37:25, 28; მსაჯულნი 6:1, 5; მესამე მეფეთა 10:1, 2). აქლემებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით! ქარავნებს ძვირფასი ძღვენი მოაქვთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრები კეთილი განზრახვით მოდიან. მათ სურთ, თაყვანი სცენ და საუკეთესო ძღვენი მიუტანონ იეჰოვას.

      10 იერუსალიმში მიმავალთა შორის მხოლოდ ვაჭრები არ არიან. „კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან“. დიახ, იერუსალიმში ის ტომებიც მიდიან, რომლებიც მეცხვარეობას მისდევენ. მათ ძღვნად მიაქვთ თავიანთი ქონებიდან ყველაზე ძვირფასი რამ — ცხვრის ფარა — და მზად არიან ემსახურონ ღმერთს. როგორ მიიღებს მათ იეჰოვა? ის ამბობს: „ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ“ (ესაია 60:7). იეჰოვა იღებს მათგან ძღვენს, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობაში იქნება გამოყენებული (ესაია 56:7; იერემია 49:28, 29).

      11, 12. ა) რა სანახაობა იშლება „დედაკაცის“ თვალწინ, როდესაც ის დასავლეთით იყურება? ბ) რატომ მიიჩქარის ამდენი ხალხი იერუსალიმისკენ?

      11 ახლა კი იეჰოვა მითითებას აძლევს „დედაკაცს“, დასავლეთ ჰორიზონტისკენ გადაიხედოს, და ეკითხება: „ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ?“. იეჰოვა თვითონვე პასუხობს: „მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ“ (ესაია 60:8, 9).

      12 წარმოიდგინეთ, რომ „დედაკაცთან“ ერთად დგახართ და დიდი ზღვის დასავლეთით იყურებით. რას ხედავთ? შორით მოჩანს თეთრი ლაქების ღრუბელი, რომელიც წყლის ზედაპირზე მისრიალებს. ეს ლაქები ჩიტებს წააგავს, მაგრამ, როცა ახლოს მოდიან, ხედავთ იალქნებაშვებულ გემებს, რომლებიც „შორიდან“ მოვიდნენa (ესაია 49:12). ეს უამრავი ხომალდი სიონისკენ მიემართება და მოგვაგონებს მტრედების გუნდს, რომელიც შინისკენ მიფრინავს. რატომ მიდიან გემები ასე სწრაფად? იმიტომ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანონ დანიშნულების ადგილზე იეჰოვას თაყვანისმცემლები, რომლებიც შორეული პორტებიდან მოდიან. ყოველი ახალმოსული — ისრაელი თუ უცხოელი, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის მკვიდრი, ახლოს თუ შორს მცხოვრები — იერუსალიმისკენ მიიჩქარის, რათა იეჰოვას, თავისი ღვთის, სახელს მიუძღვნას ყოველივე, რაც კი აბადია (ესაია 55:5).

      13. ვინ არიან დღეს „ვაჟები“, „ასულები“ და ვინ წარმოადგენს „ხალხთა დოვლათს“?

      13 რა ცოცხალი სურათია დახატული ესაიას 60:4—9-ში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთელ მსოფლიოში გავრცელების შესახებ, რაც იეჰოვას „დედაკაცის“ მიერ ამ წუთისოფლის სიბნელეში სინათლის შემოტანით დაიწყო! პირველები იყვნენ ზეციერი სიონის „ვაჟები“ და „ასულები“ —სულითცხებული ქრისტიანები. 1931 წელს ისინი იეჰოვას მოწმეების სახელით გახდნენ ცნობილი. შემდეგ უამრავი თავმდაბალი ადამიანი — „ხალხთა დოვლათი“ და „ზღვის სიუხვე“ —შეუერთდა ქრისტეს ძმების დარჩენილ ნაწილსb. დღეს იეჰოვას ეს ყველა მსახური — რომლებიც დედამიწის ოთხსავე კუთხიდან მოდიან და რომლებსაც სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ — ღვთის ისრაელთან ერთად ხოტბას ასხამს უზენაეს უფალს, იეჰოვას, და განადიდებს მის სახელს, როგორც ყველაზე დიდებულ სახელს მთელ სამყაროში.

      14. რა გაგებით ‘ადიან [ღვთის] სამსხვერპლოზე’ ახალმოსულები?

      14 მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ სხვადასხვა ერიდან ახალმოსულები ‘ადიან [ღვთის] სამსხვერპლოზე’? მსხვერპლს სამსხვერპლოზე დებენ. პავლე მოციქულმა მსხვერპლთან დაკავშირებული გამოთქმა გამოიყენა, როდესაც დაწერა: „შეგაგონებთ... უძღვნათ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად, — თქვენი გონივრული მსახურება“ (რომაელთა 12:1, აფ). ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად არიან, მსახურებას მთელი ძალები შეალიონ (ლუკა 9:23, 24). ისინი თავიანთ დროს, ენერგიას და უნარს წმინდა თაყვანისმცემლობას უძღვნიან (რომაელთა 6:13). ამით ისინი ქების სასურველ მსხვერპლს სწირავენ ღმერთს (ებრაელთა 13:15). რამდენად აღმაფრთოვანებელია, რომ დღეს იეჰოვას მილიონობით თაყვანისმცემლისთვის — ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის — პირადი ინტერესები მეორეხარისხოვანია ღვთის სამეფოს ინტერესებთან შედარებით! ისინი ნამდვილად თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენენ (მათე 6:33; 2 კორინთელთა 5:15).

      ახალმოსულები მონაწილეობენ ზრდაში

      15. ა) როგორ გამოვლინდა ძველ დროში იეჰოვას წყალობა უცხოთა მიმართ? ბ) როგორ მონაწილეობენ „უცხონი“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „შენებაში“?

      15 ახალმოსულები თავიანთი ქონებითა და ფიზიკური ძალებით უჭერენ მხარს იეჰოვას „დედაკაცს“. «ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ [„შეგიწყალებ“, აქ]» (ესაია 60:10). იეჰოვას წყალობა ძვ. წ. VI საუკუნეში გამოვლინდა, როცა იერუსალიმის სამშენებლო საქმიანობას მხარი დაუჭირეს უცხოელებმა (პირველი ეზრა 3:7; ნეემია 3:26). დღეს ეს უფრო ფართო მასშტაბით სრულდება: „უცხონი“ — უამრავი ხალხი — მხარს უჭერენ სულითცხებულთა დარჩენილ ნაწილს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „შენებაში“. ისინი ქრისტიანული თვისებების განვითარებაში ეხმარებიან ბიბლიის შემსწავლელებს; ამგვარად აძლიერებენ ქრისტიანულ კრებებს და ამტკიცებენ იეჰოვას ორგანიზაციის „კედლებს“ (1 კორინთელთა 3:10—15). ისინი პირდაპირი გაგებითაც აშენებენ, თავგამოდებით შრომობენ სამეფო და საკონგრესო დარბაზების, ასევე ბეთელის სახლების მშენებლობაზე. ამგვარად, ისინი ცხებულ ძმებთან ერთად ზრუნავენ იეჰოვას ორგანიზაციაზე, რომელიც უფრო და უფრო იზრდება (ესაია 61:5).

      16, 17. ა) რა გაგებით არის ღვთის ორგანიზაციის „კარიბჭენი“ ღია? ბ) რა სამსახურს უწევენ „მეფეები“ სიონს? გ) რა დაემართებათ მათ, ვინც ცდილობს იმ „კარიბჭეთა“ დახურვას, რომლებიც იეჰოვას სურს, რომ ღია იყოს?

      16 ყოველწლიურად სულიერი მშენებლობის პროგრამის წყალობით ასობით ათასი „უცხო“ ერთიანდება იეჰოვას ორგანიზაციაში; ბევრისთვის გზა კვლავ ხსნილია. იეჰოვა ამბობს: „მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ“ (ესაია 60:11). მაგრამ ვინ არიან „მეფეები“, რომლებიც სიონისთვის ხალხთა დოვლათის მოტანას ხელმძღვანელობენ?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება