საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის სულიერი სამოთხე?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
    • „სამოთხედ“ თარგმნილი ბერძნული და ებრაული სიტყვები, ნიშნავს პარკს ანუ ბაღს, წყნარ, გამომაცოცხლებელ ადგილს. ბიბლიაში მოცემულია დაპირება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დედამიწა ფიზიკურ სამოთხედ ანუ უცოდველი ადამიანების საცხოვრებელ ბაღისმაგვარ ადგილად გადაიქცევა (ფსალმუნი 36:10, 11). აქედან გამომდინარე, სულიერი სამოთხე სასიამოვნო და დამამშვიდებელი გარემოა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, გაიხაროს მშვიდობით მოყვასთან და ღმერთთან.

  • რა არის სულიერი სამოთხე?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მარტი
    • რა არის სულიერი სამოთხე?

      ერთ-ერთი რამ, რაც იეჰოვას მოწმეებს სხვებისგან განასხვავებს, ის არის, რომ ისინი აფასებენ ბიბლიურ შემეცნებას. მათ სწამთ, რომ ბიბლია ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვაა. აქედან გამომდინარე, ისინი არ სჯერდებიან მხოლოდ თავიანთი რელიგიის ძირითადი სწავლებების ცოდნას. მათ აქვთ პირადი შესწავლისა და ბიბლიის კითხვის მუდმივი პროგრამა. რაც უფრო მეტად აქვს ადამიანს ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან, მით უფრო მეტს სწავლობს ღვთისა და ბიბლიაში მოცემული მისი განზრახვების შესახებ.

      ასეთი შემეცნება იეჰოვას მოწმეებს ათავისუფლებს ცრურწმენისგან და ზიანის მომტანი იდეებისგან, რომლებიც ადამიანებს ბედნიერებას ართმევს. იესომ თქვა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“; იეჰოვას მოწმეებმა თავად გამოსცადეს ამ სიტყვების ჭეშმარიტება (იოანე 8:32). ფერნანდუ, რომელიც ერთ დროს სპირიტიზმით იყო გატაცებული, ამბობს: „მარადიული სიცოცხლის შესახებ ცოდნის მიღებამ უდიდესი შვება მომიტანა. ვშიშობდი, რომ ან მე, ან ჩემი მშობლები მოვკვდებოდით“. ჭეშმარიტებამ ფერნანდუ გაათავისუფლა სულების სამყაროსა და ეგრეთ წოდებული იმქვეყნიური ცხოვრების შიშისაგან. ბიბლიაში ღვთის შესახებ შემეცნება მჭიდროდ უკავშირდება სამოთხეს. წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).

      რა თქმა უნდა, მხოლოდ შემეცნება საკმარისი არ არის ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები მშვიდობის დასამყარებლად. ადამიანმა ნასწავლის თანახმად უნდა იმოქმედოს. ფერნანდუმ აღნიშნა: „როდესაც ადამიანი სულის ნაყოფებს ავითარებს, მას თავისი წვლილი შეაქვს სულიერი სამოთხის არსებობაში“. ფერნანდუს მხედველობაში ჰქონდა მოციქულ პავლეს სიტყვები, რომელმაც კარგ თვისებებს, რომლებიც ქრისტიანმა უნდა განავითაროს, „სულის ნაყოფი“ უწოდა. მან ჩამოთვალა ისეთი თვისებები, როგორიცაა: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23).

      შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რატომ იქნება იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომლის წევრებიც ცდილობენ ამ თვისებების განვითარებას, მართლაც რომ სამოთხეში ყოფნის მსგავსი? სოფონიას მიერ ნაწინასწარმეტყველებ სულიერ სამოთხეს ასეთ ხალხში უნდა ეარსება. მან თქვა: ‘აღარ ჩაიდენენ უსამართლობას. . . აღარ იცრუებენ, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი’ (სოფონია 3:13).

      სიყვარულის უდიდესი როლი

      ალბათ შენიშნეთ, რომ პავლეს მიერ მოხსენიებული სულის ნაყოფებიდან პირველი სიყვარული იყო. ეს არის თვისება, რომელზეც ბიბლია ხშირად საუბრობს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). მართალია, იეჰოვას მოწმეები, იესოს მოციქულების მსგავსად, სრულყოფილები არ არიან, მაგრამ ზოგჯერ ურთიერთშორის პრობლემები წამოეჭრებათ ხოლმე, მაგრამ მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი და ლოცულობენ სულიწმიდის მისაღებად, რათა განავითარონ ეს თვისება.

      შედეგად, მათი საძმო განუმეორებელია. მათ შორის არ არის ტომობრივი დაყოფა და ნაციონალიზმი. სინამდვილეში, მრავალი მოწმე, რომლებიც მე-20 საუკუნის ბოლო წლებში ეთნიკურ წმენდასა და რასობრივ გენოციდში მოხვდნენ, მფარველობას უწევდა ერთმანეთს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასადაც კი. თუმცა გამოსულნი არიან „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, ისინი ხარობენ იმ ერთიანობით, რომლის გაგებაც ძნელია, თუ თავად არ გამოსცადე (გამოცხადება 7:9).

      სამოთხე ღვთის ნების შემსრულებელთა შორის

      სულიერ სამოთხეში არ არსებობს სიხარბე, უზნეობა და ეგოიზმი. ქრისტიანებს ეძლევათ დარიგება: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება —კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). როდესაც ვცხოვრობთ ზნეობრივად სუფთა ცხოვრებით და ყველაფერში ვასრულებთ ღვთის ნებას, ხელს ვუწყობთ სულიერი სამოთხის აღშენებას და საკუთარ ბედნიერებას. კარლა დარწმუნდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ის ამბობს: „მამაჩემმა მძიმედ შრომა მასწავლა, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. თუმცა უნივერსიტეტში სწავლამ უსაფრთხოების გრძნობა განმივითარა, ოჯახური ერთობა მაკლდა და უსაფრთხოების ის გრძნობა, რომლის მონიჭებაც მხოლოდ ღვთის სიტყვიდან მიღებულ შემეცნებას შეუძლია“.

      რა თქმა უნდა, სულიერი სამოთხის არსებობა არ გამორიცხავს ცხოვრებაში ფიზიკურ პრობლემებს. ქრისტიანები კვლავაც ავადმყოფობენ. იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ცხოვრობენ, შესაძლოა, შიდაომი მიმდინარეობს. მრავალი სიღარიბეში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობით, რაც სულიერ სამოთხეში უმთავრესია, შეგვიძლია მისი მხარდაჭერა ვეძებოთ. ნამდვილად, ის გვიწვევს, ‘მივანდოთ მას ჩვენი საზრუნავი’; მრავალს შეუძლია დაადასტუროს, თუ რა შესანიშნავად დაუჭირა მხარი ღმერთმა მათ ურთულეს სიტუაციებში (ფსალმუნი 54:23; 85:16, 17). ღმერთი გვპირდება, რომ თავის თაყვანისმცემლებთან იქნება „შავეთის ველზეც“ კი (ფსალმუნი 22:4). იმაში დარწმუნება, რომ ღმერთი მზად არის ჩვენ მხარდასაჭერად, დაგვეხმარება ‘ყოველგვარ გონებაზე აღმატებული ღვთის მშვიდობის’ შენარჩუნებაში, რაც სულიერი სამოთხის საწინდარია (ფილიპელთა 4:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება