-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი IIსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
-
-
● ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ფირფიტები
რას წარმოადგენს ეს ფირფიტები? ეს არის ლურსმული წარწერების შემცველი ფირფიტები, რომლებზეც აღწერილია მზის, მთვარის, პლანეტებისა და ვარსკვლავების განლაგება, ასევე მოცემულია ისტორიული ცნობები ამა თუ იმ მეფის მეფობის წელთან დაკავშირებით. მაგალითად, ასტრონომიული გამოთვლების შემცველ ქვემოთ მოცემულ ფირფიტაზე აღწერილია მთვარის დაბნელება, რომელიც მეფე მუქინზერის მეფობის პირველი წლის პირველ თვეს მოხდა.11
რას ამბობენ სპეციალისტები? ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ბაბილონელებმა შეადგინეს ვრცელი დიაგრამა და სქემები, რათა წინასწარ განესაზღვრათ, როდის შეიძლებოდა მომხდარიყო დაბნელება.12
მაგრამ შეეძლოთ ბაბილონელებს წარსულში მომხდარი დაბნელებების თარიღის გამოთვლა? პროფესორი ჯონ სტილი ამბობს: „სავსებით შესაძლებელია, ზოგი უფრო ადრეული მოვლენის თარიღის გამოთვლა მოგვიანებით, კარგა ხნის შემდეგ მომხდარიყო“ (კურსივი ჩვენია).13 პროფესორი დეივიდ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ასტრონომიული გამოთვლების შემცველი დიაგრამები მანამდე ცოტა ხნით ადრე იყო შედგენილი, სანამ მოვლენები მოხდებოდა. ის აღიარებს, რომ „შესაძლებელია ზოგიერთი თარიღი, რომელიც ვითომდა წინასწარ გამოთვლილად მიიჩნევა, „სინამდვილეში მოგვიანებით იყო მწიგნობრების მიერ გამოთვლილი ძვ. წ. IV ან მომდევნო საუკუნეებში“.14 თუ ეს მართლა ასეა, მაშ რამდენად სანდოა მხოლოდ ამ გამოთვლებზე დაყრდნობა?
მაშინაც კი, თუ მთვარის დაბნელება რომელიმე კონკრეტულ დღეს მოხდა, ნიშნავს ეს იმას, რომ ისტორიული მოვლენა, რომელიც ფირფიტის შემდგენელმა ამა თუ იმ თარიღს მიაკუთვნა, ზუსტია? მაინცდამაინც არა. პროფესორი ვან დერ სპეკი ამბობს: „ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ფირფიტების შემდგენლები ასტროლოგები იყვნენ და არა ისტორიკოსები“. ის დასძენს, რომ ფირფიტებზე აღბეჭდილი ზოგი ისტორიული ცნობა „ზუსტი არ არის“. სპეკი ამბობს, რომ ასეთ ისტორიულ ცნობებს „ბოლომდე არ უნდა დავეყრდნოთ“.15
რას ამტკიცებს დოკუმენტები? განვიხილოთ, რა წერია ფირფიტაზე VAT 4956. პირველ ხაზზე ვკითხულობთ: „ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობის 37-ე წელი“.16 შემდეგ ფირფიტაზე დეტალურადაა აღწერილი, რა მანძილით არის დაშორებული მთვარე და პლანეტები სხვა ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედებისგან. აგრეთვე აღწერილია მთვარის დაბნელებაც. სწავლულები ამბობენ, რომ ყველა ეს აღწერილობა ძვ. წ. 568/567 წლებს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ნაბუქოდონოსორ II 18 წლის გამეფებული უნდა ყოფილიყო, როცა ძვ. წ. 587 წელს იერუსალიმი გაანადგურა. მაგრამ ეს ასტრონომიული გამოთვლები მხოლოდ ძვ. წ. 568/567 წლებს ემთხვევა?
ფირფიტაზე მოხსენიებულია, რომ მთვარის დაბნელება ბაბილონური თვის (მესამე თვე) სიმანუს მე-15 დღეს მოხდა ანუ ძვ. წ. 568 წლის 4 ივლისს (იულიუსის კალენდარი). თუმცა, მთვარის დაბნელება 20 წლით ადრეც მოხდა, კერძოდ, ძვ. წ. 588 წლის 15 ივლისს.17
თუ ძვ. წ. 588 წელს ნაბუქოდონორ II-ის მეფობის 37-ე წელი იდგა, მაშინ მისი მეფობის მე-18 წელი ძვ. წ. 607 წელს უნდა ყოფილიყო. ეს კი სწორედ ის წელია, რომელსაც ბიბლია იერუსალიმის განადგურების თარიღად ასახელებს (იხილეთ ქვემოთ მოცემული დროის დიაგრამა). მაგრამ გვაწვდის ზემოხსენებული ფირფიტა სხვა მტკიცებულებას, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა?
ზემოხსენებული მთვარის დაბნელების გარდა, ფირფიტაზე მოხსენიებულია მთვარეზე დაკვირვების 13 და პლანეტებზე დაკვირვების 15 შემთხვევა. აგერთვე აღწერილია, რა მანძილით იყო მთვარე და პლანეტები დაშორებული ამა თუ იმ ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედებისგან.18 ფირფიტაზე ასევე აღნიშნულია დროის რვა ინტერვალი მზისა და მთვარის ამოსვლასა და ჩასვლას შორის.18a
რადგან მთვარეზე დაკვირვებით რომელიმე კონკრეტული მოვლენის თარიღის დადგენა ყველაზე სანდოა, მკვლევარებმა გულდასმით გამოიკვლიეს მთვარის 13 ფაზა, რომელიც აღწერილია ფირფიტაზე: VAT 4956. მათ მოიძიეს მონაცემები კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, რომელიც აჩვენებს, თუ სად მდებარეობდნენ ციური სხეულები რომელიმე კონკრეტულ რიცხვში.19 რა დაადგინეს მათ? მთვარის ცამეტივე ფაზა სრული სიზუსტით ემთხვეოდა ძვ. წ. 588/587 წლებს და არა ძვ. წ. 568/567 წლებს.
ამ გვერდებზე ნაჩვენებ ფირფიტაზე მონიშნულია ერთი ადგილი, რომელიც აჩვენებს, რომ ზემოხსენებული მთვარის ფაზები ძვ. წ. 588 წელს უფრო ემთხვევა, ვიდრე ძვ. წ. 568 წელს. ამ ფირფიტის მესამე ხაზზე ვკითხულობთ, რომ მთვარე განსაზღვრულ ადგილას მდებარეობდა „9 [ნისანუს] ღამეს“. მიუხედავად ამისა, მკვლევარები, რომლებმაც ეს მოვლენა თავიდან ძვ. წ. 568 წელს (ასტრონომიული გამოთვლის მიხედვით 567 წელს) მიაკუთვნეს, აღიარეს, რომ ძვ. წ. 568 წელს მთვარე ამ განსაზღვრულ ადგილას „9 ნისანუს კი არა, 8 ნისანუს მდებარეობდა“. თავის გასამართლებლად მათ განაცხადეს, რომ მწიგნობრებმა შეცდომით 8-ის მაგივრად 9 დაწერეს.20 თუმცა ფირფიტის მესამე ხაზზე მოხსენიებული მთვარის ადგილმდებარეობა ზუსტად შეესაბამება ძვ. წ. 588 წლის 9 ნისანუს.21
ცხადია, რომ ზემოხსენებულ ფირფიტაზე (VAT 4956) მოცემული ასტრონომიული გამოთვლები ემთხვევა ძვ. წ. 588 წელს — ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის 37-ე წელს. ეს კი ბიბლიური ქრონოლოგიის უტყუარობას ადასტურებს, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.
-
-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი IIსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ფირფიტა BM 32238
ამ ფირფიტაზე აღწერილია მთვარის დაბნელების შემთხვევები, მაგრამ ის არ იყო შედგენილი მანამ, სანამ ბოლო დაბნელება მოხდებოდა; მთვარის პირველი დაბნელებიდან ბოლო დაბნელებამდე დაახლოებით 400 წელი გავიდა. ვინაიდან მწიგნობარს, რომელმაც ეს ფირფიტა შეადგინა, საკუთარი თვალით არ ჰქონდა ნანახი მთვარის დაბნელების ეს შემთხვევები, მან მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით განსაზღვრა, როდის მოხდა უფრო ადრეული მთვარის დაბნელებები. სხვა მტკიცებების მოშველიების გარეშე მისი გამოთვლები საფუძვლად ვერ დაედება სანდო ქრონოლოგიურ ცნობებს.
[საავტორო უფლება]
© The Trustees of the British Museum
-