-
გალილეოს დაპირისპირება ეკლესიასთანგამოიღვიძეთ! — 2003 | მაისი 8
-
-
ბევრი ადამიანი გალილეოს „თანამედროვე მეცნიერების ფუძემდებლად“ მიიჩნევს. ის იყო მათემატიკოსი, ასტრონომი და ფიზიკოსი. გალილეო ერთერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, რომლებიც ტელესკოპის მეშვეობით იკვლევდნენ ცას. თავისი გამოკვლევების შედეგად მან მხარი დაუჭირა იდეას, რომლის გარშემოც მის დღეებში ცხარე კამათი იყო გაჩაღებული, კერძოდ კი იმას, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და ამიტომაც ჩვენი პლანეტა არ არის სამყაროს ცენტრი. გასაკვირი არაა, რომ გალილეოს ზოგჯერ თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდის ფუძემდებლად თვლიან.
რომელია მისი ზოგიერთი აღმოჩენა და გამოგონება? როგორც ასტრონომმა, სხვა ყველაფერთან ერთად, მან აღმოაჩინა, რომ იუპიტერს ჰყავს თანამგზავრები, გალაქტიკა „ირმის ნახტომი“ შედგება ვარსკვლავებისგან, მთვარეზე მთებია და ვენერასაც ისეთივე ფაზები აქვს, როგორც მთვარეს. როგორც ფიზიკოსმა, მან შეისწავლა ქანქარის რხევასა და სხეულთა ვარდნასთან დაკავშირებული კანონები. მან გამოიგონა ლოგარითმული სახაზავის ერთგვარი ნაირსახეობა — გეომეტრიული კომპასი. ჰოლანდიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მან ააწყო ტელესკოპი, რომელმაც თვალწინ სამყაროს სარკმელი გაუხსნა.
-
-
გალილეოს დაპირისპირება ეკლესიასთანგამოიღვიძეთ! — 2003 | მაისი 8
-
-
კონფლიქტი რომთან
ჯერ კიდევ XVI საუკუნის მიწურულს გალილეო დარწმუნდა კოპერნიკის თეორიის სისწორეში, რომლის თანახმადაც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით. ამას ეწოდა ჰელიოცენტრული სისტემა (სადაც ცენტრში მზეა). მას შემდეგ, რაც 1610 წელს გალილეომ ტელესკოპის მეშვეობით ისეთი ციური სხეულები აღმოაჩინა, რომლებიც მანამდე არავის ენახა, თავადაც დარწმუნდა ჰელიოცენტრული სისტემის უტყუარობაში.
როგორც იტალიურ ენაზე გამოცემულ ერთ ენციკლოპედიაშია (Grande Dizionario Enciclopedico UTET) მოთხრობილი, გალილეოს აღმოჩენებზე უფრო მეტი რამის გაკეთება სურდა. მას უნდოდა დაერწმუნებინა „იმ დროის მაღალი წოდების პირები (პრინცები და კარდინალები)“ იმაში, რომ კოპერნიკის თეორია სრული ჭეშმარიტება იყო. ის იმედოვნებდა, რომ გავლენიანი მეგობრების დახმარებით დაძლევდა ეკლესიის წინააღმდეგობას და მის მხარდაჭერასაც კი მოიპოვებდა.
1611 წელს გალილეო რომში გაემგზავრა, სადაც მაღალი წოდების სასულიერო პირებს შეხვდა. ტელესკოპის მეშვეობით მან თავისი ასტრონომიული აღმოჩენები უჩვენა მათ, მაგრამ საქმე ისე არ წარიმართა, როგორც მეცნიერი იმედოვნებდა. 1616 წლისთვის ეკლესია უკვე დიდი უნდობლობით ეკიდებოდა მის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს.
რომის ინკვიზიციის თეოლოგებმა ჰელიოცენტრულ თეორიას უწოდეს „ფილოსოფიის თვალსაზრისით სულელური და აბსურდული, ხოლო შინაარსობრივად — მწვალებლური, ვინაიდან ის ბევრგან აშკარად ეწინააღმდეგება საღვთო წერილში ჩაწერილ აზრებს, კერძოდ კი მათ პირდაპირ გაგებას, საყოველთაოდ მიღებულ ახსნა–განმარტებასა და წმინდა მამებისა და ღვთისმეტყველების დოქტორთა ინტერპრეტაციას“.
გალილეო შეხვდა კარდინალ რობერტო ბელარმინოს, რომელიც იმ დროის უდიდეს კათოლიკე ღვთისმეტყველად ითვლებოდა და რომელსაც „ერეტიკოსების რისხვას“ უწოდებდნენ. ბელარმინომ კატეგორიულად გააფრთხილა გალილეო, შეეწყვიტა ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ თავისი მოსაზრებების გავრცელება.
ინკვიზიციის წინაშე
გალილეო ცდილობდა წინდახედულად მოქცეულიყო, მაგრამ კოპერნიკის თეორიის მხარდაჭერაზე უარი არ უთქვამს. ჩვიდმეტი წლის შემდეგ, 1633 წელს, იგი ინკვიზიციის წინაშე წარდგა. კარდინალი ბელარმინო უკვე მკვდარი იყო. ახლა გალილეოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო პაპი ურბან VIII, რომელიც წარსულში მისდამი კეთილგანწყობილებას ავლენდა. ისტორიკოსები ამ სასამართლოს უწოდებენ წარსულის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და უსამართლო პროცესს, და თვით სოკრატესა და იესოს წინააღმდეგ მოწყობილ სასამართლოებს ადარებენ.
რა გახდა ამ სასამართლოს მიზეზი? გალილეომ დაწერა წიგნი „დიალოგი სამყაროს ორი უმთავრესი სისტემის შესახებ“. ფაქტობრივად, ის ემხრობოდა ჰელიოცენტრიზმს. 1632 წელს ავტორს უბრძანეს, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, მაგრამ გალილეომ, რომელიც ამ დროს თითქმის 70 წლისა იყო, ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა რომში ჩასვლა. მას დაპატიმრებით დაემუქრნენ და გააფრთხილეს, რომ შებორკავდნენ და ძალით გაამგზავრებდნენ, ამიტომაც მომდევნო წელს გალილეო რომში ჩავიდა. პაპის ბრძანებით ის დაჰკითხეს და წამებითაც კი დაემუქრნენ.
აწამეს თუ არა სინამდვილეში ეს ავადმყოფი მოხუცი კაცი, დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ როგორც მის სასამართლო განაჩენში ეწერა, გალილეო „მკაცრად დაჰკითხეს“. იტალიური კანონების მცოდნე, ისტორიკოსი იტალო მერეიუ განმარტავს, რომ ეს ფრაზა წარმოადგენს იმ დღეებში გავრცელებულ ტერმინს, რომელიც წამების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამ აზრს ბევრი სხვა მეცნიერიც იზიარებს.
აწამეს გალილეო თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ 1633 წლის 22 ივნისს, პირქუშ დარბაზში თავმოყრილ ინკვიზიციის წევრთა წინაშე მას განაჩენი გამოუტანეს. ის დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ „სწამდა ცრუ მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა წმინდა და ღვთივშთაგონებულ წერილებს, რადგან ამტკიცებდა, რომ მზე . . . არ მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, დედამიწა კი მოძრაობს და სამყაროს ცენტრს არ წარმოადგენს“.
გალილეოს არ სურდა წამებული გამხდარიყო, ამიტომ ის იძულებით დასთანხმდა მათ თავისი შეხედულებების უარყოფაზე. მას შემდეგ, რაც მას განაჩენი წაუკითხეს, მუხლებზე მდგომმა და მომნანიე ცოდვილის სამოსში გახვეულმა მოხუცმა მეცნიერმა ყველას გასაგონად განაცხადა: „მძულს გამოთქმული მცდარი აზრები, ეს მწვალებლობაც [კოპერნიკის თეორია], და საერთოდ, ნებისმიერი სხვა შეცდომა, მწვალებლობა ან მრწამსი, რომელიც წმინდა ეკლესიას ეწინააღმდეგება, უარვყოფ და ვწყევლი მათ“.
ფართოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად — რომლის საბუთიც, პრაქტიკულად არ არსებობს — უარყოფის შემდეგ გალილეომ ფეხი დაჰკრა და პროტესტის ნიშნად წამოიძახა: „ის მაინც ბრუნავს!“. მკვლევარები ამბობენ, რომ თავისი აღმოჩენების უარყოფით მიღებული დამცირება სიკვდილამდე ტანჯავდა მეცნიერს.
-