-
პრობლემები გერებსა და ახალ მშობლებს შორისსაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
პრობლემები გერებსა და ახალ მშობლებს შორის
ოჯახებს, რომლებშიც გერები არიან, შეუძლიათ ბედნიერების მიღწევა! როგორ?
მსოფლიოში სულ უფრო იზრდება ისეთი ოჯახების რიცხვი, რომლებშიც გერები არიან. ასეთ ოჯახებს თავისებური პრობლემები აქვთ. უდავოა, რომ ყველაზე რთული ამ დროს ბავშვის აღზრდაა, მაგრამ, როგორც შემდეგი ორი სტატიიდან დავინახავთ, ასეთი ოჯახების პირობებში ბავშვების აღზრდაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
ჩვეულებრივ, დედინაცვალ–მამინაცვალს ხშირად უარყოფით შუქში წარმოგვიდგენენ. ბავშვობაში ბევრს გვსმენია კონკიას შესახებ ჯადოსნური ზღაპრის სხვადასხვა ვარიანტი, რომლებშიც ის იტანჯებოდა გულქვა დედინაცვლის ხელში. ევროპაში ბავშვებს ასწავლიან ზღაპარს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, რომელშიც ფიფქიას დედინაცვალი ბოროტი ჯადოქარი ხდება.
გვიქმნის ეს ჯადოსნური ზღაპრები სწორ წარმოდგენას მსგავს ოჯახებზე? ნამდვილად ასე ცუდია ყველა დედინაცვალი და მამინაცვალი? არა. მათ უმრავლესობას საუკეთესო უნდა თავისი გერებისთვის, მაგრამ ისინი გარკვეულ პრობლემებს ხვდებიან.
ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები
პირველი ქორწინებისას ოჯახების ნგრევის მიზეზი ხშირად მეუღლეების არასრულწლოვანებაა. მეორე ქორწინებისას ურთიერთობა შეიძლება ბავშვებისადმი მოპყრობამ დაძაბოს. ზოგი ცნობის თანახმად, ათიდან დაახლოებით ხუთი ოჯახი, რომლებშიც გერები არიან, პირველი ხუთი წლის განმავლობაში ინგრევა.
ახალდაქორწინებულები შეიძლება ვერ ხედავდნენ აფორიაქებულობას, ერთგულებასთან დაკავშირებულ შინაგან ბრძოლას, ეჭვიანობასა და გულისწყრომას, რასაც გერებში იწვევენ. შვილებს შეიძლება ჰგონიათ, რომ ღვიძლ მშობელს ახალი მეუღლე მათზე მეტად უყვარს. უფრო მეტიც, მეუღლის მიერ მიტოვებული მშობლისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, რომ შვილებს მაინც უყვართ ოჯახიდან წასული მამა ან დედა. ერთმა ბიჭუნამ, რომელიც შეეცადა აეხსნა მამასთან თავისი კარგი ურთიერთობა, თქვა: „დედი, ვიცი, რომ მამა ცუდად გექცეოდა, მაგრამ მე მას ვუყვარდი“. მსგავსმა სიტყვებმა, თუმცა გულწრფელად ნათქვამმა, შეიძლება დედის მხრიდან მეტი გულისწყრომა გამოიწვიოს ყოფილი მეუღლისადმი.
ერთმა მამინაცვალმა აღიარა: «ნამდვილად არ ვიყავი მზად გერების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებთან შესახვედრად. ვფიქრობდი: „რადგანაც მათს დედაზე დავქორწინდი, მათი მამა ვარ“. ამაში რთულს ვერაფერს ვხედავდი. არ მესმოდა მათი სიყვარული ღვიძლი მამისადმი, რის გამოც ბევრ შეცდომას ვუშვებდი».
დაძაბული სიტუაციები განსაკუთრებით დარიგებისას შეიძლება წარმოიშვას. ბავშვები საჭიროებენ სიყვარულით დარიგებას, თუმცა ხშირად ჯანყდებიან მის წინააღმდეგ მაშინაც კი, როდესაც ის ღვიძლი მშობლებისგან მომდინარეობს. რამდენად უფრო რთულია მისი მიღება მამინაცვლისგან ან დედინაცვლისგან. დარიგებისას ხშირად ისინი დაახლოებით ასეთ რამეს ამბობენ: „შენ არა ხარ მამაჩემი!“ ასეთი სიტყვები შეიძლება გამანადგურებელი იყოს მამინაცვლისთვის, რომელსაც სიკეთე სურს ბავშვისთვის.
შესაძლებელია გერების აღზრდაში წარმატების მიღწევა? შეუძლია მამინაცვალს ან დედინაცვალს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ასეთი ოჯახის ბედნიერებაში? რა თქმა უნდა, თუ ყველა ღვთის ინსპირირებულ სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულ რჩევებს გამოიყენებს.
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელიასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია
შეუძლიათ ოჯახებს, რომლებშიც გერები არიან, ბედნიერების მიღწევა? რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ყველა წევრს ემახსოვრება, რომ „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16). როდესაც ყველა ბიბლიურ პრინციპებს იყენებს, ოჯახი, უეჭველად, წარმატებულია.
ძირითადი თვისება
ბიბლიაში ადამიანთა ურთიერთობების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ძირითადი კანონია მოცემული. ძირითადად ის მოგვიწოდებს დადებითი თვისებებისა და აზროვნების განვითარებისკენ, რაც დაგვეხმარება, გონივრულად ვიმოქმედოთ. ასეთი დადებითი აზროვნება და თვისებები, საფუძველს ჩაუყრის ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას.
შეიძლება ცხადია, მაგრამ მაინც ღირს იმის აღნიშვნა, რომ ძირითადი თვისება, რაც ოჯახის ბედნიერებას უწყობს ხელს, — სიყვარულია. მოციქულმა პავლემ თქვა: ‘[თქვენი] სიყვარული იყოს უთვალთმაქცო. . . [გქონდეთ] ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარული’ (რომაელთა 12:9, 10). სიტყვა „სიყვარული“ ხშირად არასწორად ესმით, მაგრამ თვისება, რომელსაც პავლე აქ ახსენებს, განსაკუთრებულია. ეს ღვთიური სიყვარულია, რომელიც „არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:8). ბიბლია აღწერს მას როგორც უანგაროს და მზადმყოფს, ემსახუროს. ის სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს; მომთმენი და ქველმოქმედია, არ შურს, არ ტრაბახობს, ანუ არ ყოყოჩობს; თავისას არ ეძიებს; ყოველთვის მზადაა, აპატიოს, მიენდოს, იმედი იქონიოს, ყოველივე აიტანოს (1 კორინთელთა 13:4–7).
ნამდვილი სიყვარული აქარწყლებს უთანხმოებებს და აერთიანებს ძალზე განსხვავებული აღზრდისა და ხასიათების ადამიანებს. ის აადვილებს მშობლების გაყრის ან სიკვდილის გამანადგურებელი შედეგების გადატანას. ერთი მამინაცვალი აღწერს სიძნელეებს, რომლებსაც წააწყდა: „ხშირად იმდენად ვიყავი შეწუხებული ჩემი გრძნობებით, რომ გერების და ცოლის ემოციებს ვეღარ ვაანალიზებდი. უნდა მესწავლა, რომ ნაკლებად მგრძნობიარე ვყოფილიყავი; ყველაზე მნიშვნელოვანი კი თავმდაბლობის სწავლა იყო“. მას სიყვარული დაეხმარა შეცვლაში.
ღვიძლი მშობელი
სიყვარული ოჯახიდან წასულ მშობელთან ბავშვების ურთიერთობით გამოწვეულ პრობლემებსაც აგვარებს. ერთი მამინაცვალი გვიზიარებს: „მინდოდა, რომ გერებს მე უფრო მეტად ვყვარებოდი. როდესაც ისინი თავიანთ მამას მოინახულებდნენ, მიჭირდა, თავი შემეკავებინა და ცუდი არაფერი მეთქვა მასზე. როდესაც ბავშვები მისგან კმაყოფილები ბრუნდებოდნენ, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, თუ უკმაყოფილოები ბრუნდებოდნენ, — მიხაროდა. მეშინოდა, არ დამეკარგა მათი სიყვარული. ყველაზე რთული კი იმის შეგრძნება და აღიარება იყო, რომ ღვიძლი მამა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ ცხოვრებაში“.
ნამდვილი სიყვარული დაეხმარა ამ მამინაცვალს, ეღიარებინა ფაქტი, რომ გერები დაუყოვნებლივ ვერ შეიყვარებდნენ. მას არ უნდა ეგრძნო თავი უარყოფილად, თუ ბავშვები მაშინვე არ ღებულობდნენ. ის მიხვდა, რომ ბოლომდე მაინც ვერასოდეს შეცვლიდა მათს გულებში ღვიძლ მამას. ბავშვები ღვიძლ მამას ადრეული ასაკიდანვე იცნობდნენ, მამინაცვალი კი მათს ოჯახში ახალი შემოსული იყო და უნდა დაემსახურებინა სიყვარული. მკვლევარი ელისაბედ აინშტაინი ამბობს იმას, რაც არაერთმა გამოსცადა: „ვერასოდეს, ვერასოდეს შეძლებს ვინმე ღვიძლი მშობლის შეცვლას. ის მშობელიც კი, რომელიც მოკვდა ან რომელმაც მიატოვა ოჯახი, მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებს ბავშვების ცხოვრებაში“.
აღზრდა საფრთხილო საქმეა
ბიბლია გვიჩვენებს, რომ სიყვარულით აღსავსე შეგონება აუცილებელია ახალგაზრდებისთვის, მათ შორის გერებისთვისაც (იგავნი 8:33). ზოგი სპეციალისტი იზიარებს ბიბლიურ თვალსაზრისს ამასთან დაკავშირებით. პროფესორი სერეს ალვეს დე არაუჟუ აღნიშნავს: «საერთოდ, შეზღუდვები არავის სიამოვნებს, მაგრამ ისინი აუცილებელია. სიტყვა „არა“ იცავს ადამიანს».
და მაინც, გერების აღზრდასთან დაკავშირებულმა შეხედულებებმა ოჯახში შეიძლება სერიოზული განხეთქილებები გამოიწვიოს. გერებმა უკვე მიიღეს გარკვეული აღზრდა იმ მშობლისგან, რომელიც ახლა მათთან აღარაა. შესაძლებელია, ზოგი მათი თვისება ან ჩვევა მამინაცვალს ან დედინაცვალს აღიზიანებდეს. ბავშვები შეიძლება ვერ ხვდებიან, რატომ არის დედინაცვალი ან მამინაცვალი გარკვეულ საკითხებში მკაცრი. როგორ შეიძლება ასეთი სიტუაციის მოგვარება? პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: ‘მისდიეთ. . . სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს’ (1 ტიმოთე 6:11). ქრისტიანული სიყვარული მშობლებსაც და შვილებსაც ეხმარება, იყვნენ მშვიდნი და მომთმენნი, როდესაც ერთმანეთის გაგებას სწავლობენ. თუ მშობელს მოთმინება კი არა, ‘მძვინვარება, რისხვა და გმობა’ ახასიათებს, შეიძლება მალე დაკარგოს ის, რასაც მიაღწია ურთიერთობაში (ეფესელთა 4:31).
წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა, რა დაგვეხმარება ამ დროს: «რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის [„სიკეთის“, აქ] სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე» (მიქა 6:8). სამართლიანობა მნიშვნელოვანია აღზრდისას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სიკეთეზე? ერთი ქრისტიანი უხუცესი მოგვითხრობს, რომ ხშირად რთული იყო გერების კვირა დილას აყენება, რომ კრების შეხვედრაზე წასულიყვნენ. ჩხუბის ნაცვლად, ის ცდილობდა, სიკეთე გამოევლინა მათდამი; დილით ადრე დგებოდა, საუზმეს ამზადებდა და მათ თბილ სასმელს მიართმევდა ხოლმე. შედეგად ამისა, ბავშვები უფრო მეტად ისმენდნენ მის თხოვნას, ამდგარიყვნენ.
პროფესორმა ანა ლუიზა ვიეირა დე მატოსმა საინტერესო რამ თქვა: „მნიშვნელოვანი ის კი არაა, რა ტიპის ოჯახია, არამედ ის, რა ურთიერთობებია მასში. გამოკვლევებმა დამანახვა, რომ ცუდი ყოფაქცევის ახალგაზრდები თითქმის ყოველთვის ისეთი ოჯახებიდან არიან, რომლებშიც მშობლები საკმარისად არ ადევნებენ თვალყურს შვილებს და რომლებშიც წესებისა და ურთიერთობის ნაკლებობაა“. მან აგრეთვე თქვა: «უნდა აღინიშნოს, რომ შვილების აღზრდაში „არას“ თქმის აუცილებლობაც შედის». გარდა ამისა, ექიმებმა ემილი და ჯონ ვიშერებმა აღნიშნეს: „ძირითადად შეგონება მაშინ ჭრის, როდესაც პიროვნებას, რომლის მიმართაცაა ის მიმართული, აღელვებს შემგონებლის რეაქცია და მასთან ურთიერთობა“.
ეს კომენტარები წარმოშობს კითხვას, თუ ვის ევალება გერების შეგონება. ვინ უნდა თქვას ასეთ ოჯახში „არა“? ზოგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირველ ხანებში ღვიძლი მშობელი უნდა ზრუნავდეს ბავშვების დარიგებაზე, რომ მეორეს მათთან უფრო ახლო ურთიერთობის განვითარების საშუალება მისცეს. სანამ მამინაცვალი ან დედინაცვალი გერებს დაარიგებს, ისინი თავის სიყვარულში უნდა დაარწმუნოს.
რა შეიძლება ითქვას, თუ ოჯახში მამინაცვალია? ბიბლიაში გარკვევით წერია, რომ მამა ოჯახის თავია (ეფესელთა 5:22, 23; 6:1, 2). მიუხედავად ამისა, მას შეუძლია დროებით ცოლს დაუთმოს ეს საქმე, განსაკუთრებით კი დასჯა. მან დედის დარიგებას უნდა მიანდოს ეს საქმე, სანამ საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ ‘[ახალი] მამის დარიგება ისმინონ’ (იგავნი 1:8; 6:20; 31:1). ფაქტებიდან ჩანს, რომ ასეთი რამ მთლიანობაში არ ეწინააღმდეგება ბიბლიაში ჩაწერილ მეთაურობის პრინციპს. ერთი მამინაცვალი ამბობს: „მახსოვდა, რომ აღზრდაში შედიოდა გაფრთხილება, დასჯა და გაკიცხვა. მას კი სარგებლობა მაშინ მოაქვს, თუ სამართლიანობით, სიყვარულითა და თანაგრძნობით აკეთებ და პირად მაგალითს უჩვენებ“.
მშობლები ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ
იგავნის 15:22-ში ნათქვამია: „თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება“. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს მშვიდი, გულახდილი და ნდობით აღსავსე საუბარი ჰქონდეთ ერთმანეთში. ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა აღნიშნა: „ბავშვები ყოველთვის მიდრეკილი არიან გამოსცადონ, თუ რამდენად მტკიცედ დგას მშობელი თავის სიტყვაზე“ (O Estado de S. Paulo). ეს კი უფრო მეტად გერებს ახასიათებთ. ამიტომ მშობლები უნდა ეთანხმებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საკითხში, რათა ბავშვებმა დაინახონ მათი ერთსულოვნება. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ერთის საქციელს მეორე, ღვიძლი მშობელი, უსამართლობად თვლის? მათ ცალკე უნდა მოაგვარონ ეს საკითხი და არა ბავშვების თვალწინ.
ქალი, რომელიც მეორედ გათხოვდა, აღნიშნავს: «დედისთვის ყველაზე მტკივნეული მეუღლის მიერ შვილების დასჯის ყურებაა, განსაკუთრებით კი, თუ ხედავს, რომ მან იჩქარა ან არ მოიქცა სამართლიანად. ეს მას გულს სტკენს და უნდა, რომ დაიცვას თავისი შვილები. რთულია, ამ დროს ქმარი ოჯახის თავად აღიარო და მხარი დაუჭირო.
ერთხელ ჩემმა ბიჭებმა, რომელთაგან ერთი 12-ის, ხოლო მეორე 14 წლისაა, მამინაცვალს რაღაცის გაკეთების ნებართვა სთხოვეს. მან მაშინვე უარი უთხრა და ოთახიდან ისე გავიდა, რომ არ მისცა საშუალება აეხსნათ, რატომ იყო ის მათთვის მნიშვნელოვანი. ბიჭებს თვალები ცრემლებით აევსოთ; მე კი ვეღარაფერი ვთქვი. უფროსმა შემომხედა და მითხრა: „დედი, დაინახე რა გააკეთა?“ „დავინახე, — ვუპასუხე მე. — მაგრამ ის ოჯახის თავია და ბიბლია გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მას“. ისინი დამჯერი შვილები იყვნენ; დამეთანხმნენ და ცოტა დამშვიდდნენ. იმავე საღამოს ვესაუბრე ჩემს მეუღლეს და მიხვდა, რომ არასწორი ფორმით გამოავლინა მეთაურობა. ის მაშინვე ბავშვების ოთახში შევიდა და ბოდიში მოუხადა.
ამ შემთხვევიდან ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩემმა მეუღლემ ისწავლა, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე საჭიროა მოსმენა, მე კი — მეთაურობის პრინციპისადმი მორჩილება, მაშინაც კი, როდესაც ეს რთულია. ბიჭებმაც მორჩილების აუცილებლობა ისწავლეს (კოლასელთა 3:18, 19). ქმრის გულწრფელმა ბოდიშმა თავმდაბლობის მნიშვნელოვნება დაგვანახვა (იგავნი 29:23). დღეს ორივე ვაჟი ქრისტიანია და უხუცესად მსახურობს».
შეცდომები აუცილებლად იქნება დაშვებული. ბავშვები ზოგჯერ გულს გვატკენენ სიტყვითა თუ საქციელით. მამინაცვალმა ან დედინაცვალმა შეიძლება არაგონივრულად იმოქმედოს. მაგრამ სიტყვებს „მაპატიე, შევცდი“ ჭრილობის მოშუშება შეუძლია.
ოჯახის ერთიანობის გაძლიერება
თბილი ურთიერთობების დამყარებას გერსა და ახალ მშობელს შორის დრო სჭირდება. თუ მამინაცვალი ან დედინაცვალი ხარ, თანაგრძნობა გმართებს. მზად იყავი, გაუგო ბავშვებს და დრო გამოუყო მათ. პატარებს ეთამაშე; უფროსებს ესაუბრე; ეძებე შესაძლებლობა, მათთან ერთად გაატარო დრო, მაგალითად, სთხოვე, დაგეხმარონ სახლის საქმეებში, სადილის მომზადებაში ან ავტომობილის გარეცხვაში; სთხოვე ბაზარში გამოგყვნენ. სიყვარულის გამოხატვა მოფერებითაც შეგიძლია (რა თქმა უნდა, მამინაცვალმა გერ-გოგონასთან სიფრთხილე უნდა გამოავლინოს და საზღვრები დაიცვას, რომ თავი უხერხულად არ აგრძნობინოს, დედინაცვალმა კი — ბიჭებთან).
ოჯახებს, რომლებშიც გერები არიან, შეუძლიათ ბედნიერების მიღწევა. ბევრი ასეთი ოჯახია ბედნიერი. ყველაზე ბედნიერები კი მათ შორის ის ოჯახები არიან, რომლებშიც ყველა, განსაკუთრებით კი მშობლები, ივითარებს სწორ თვალსაზრისს და რეალისტურად უყურებს საკითხებს. მოციქული იოანე წერდა: „საყვარელნო! გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული“ (1 იოანე 4:7). დიახ, გულწრფელი სიყვარულია ასეთი ოჯახების ბედნიერების გასაღები.
-