„ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა“
მოციქულმა იოანემ ხილვაში ზეცაში მდგარი დიდებული ტახტი იხილა. ის, ვინც ტახტზე იჯდა, შესახედაობით ‘იასპის ქვას ჰგავდა’. ის აგრეთვე ჰგავდა „ძვირფას წითელ ქვას“ (გამოცხადება 4:2, 3). რა ქვებია ესენი?
ესენი არ იყო ბრჭყვიალა გაუმჭვირვალე ქვები. იმ ბერძნული სიტყვით, რომელიც „იასპად“ ითარგმნა, ძველ დროში სხვადასხვა ფერის ქვებს აღნიშნავდნენ, მათ შორის გამჭვირვალე ძვირფას ქვებსაც. გამოცხადების 4:3-ში მოხსენიებულ იასპის ქვაში, „ცხადია, ჩვენს დროში არსებული იაფფასიანი იასპი არ იგულისხმება“, — ამბობს არჩიბალდ რობერტსონი თავის წიგნში (Word Pictures in the New Testament). გარდა ამისა, გამოცხადების წიგნში იოანე მოგვიანებით აღწერს ზეციერ ქალაქს, იერუსალიმს: „ის უძვირფასეს ქვასავით ბზინავდა, როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი“ (გამოცხადება 21:10, 11). როგორც ჩანს, იოანე გამჭვირვალე ქვებზე მიუთითებდა.
იოანეს ხილვაში ტახტზე მჯდომი პიროვნებით წარმოდგენილია სამყაროს უზენაესი — იეჰოვა ღმერთი, რომელიც ყველაზე წმინდაა. მოციქულ იოანეს მიერ დაწერილი სიტყვები შეესაბამება ამ აღწერილობას. მან თქვა: „ღმერთი სინათლეა და არანაირი სიბნელე არ არის მასში“ (1 იოანე 1:5). ამიტომ, იოანე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ‘წმინდები გამხდარიყვნენ, როგორც იეჰოვა არის წმინდა’ (1 იოანე 3:3).
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის თვალში წმინდები ვიყოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ჩვენი ცოდვების მისატევებლად იესოს მიერ დაღვრილი სისხლისადმი რწმენა. აგრეთვე უნდა ‘ვიაროთ სინათლეში’ — რეგულარულად შევისწავლოთ ბიბლია და ვიცხოვროთ ნასწავლის თანახმად (1 იოანე 1:7).