სასწავლო სტატია 25
მიენდეთ იეჰოვას მძიმე წუთებში
„სულგამწარებული . . . ვარ“ (1 სამ. 1:15).
სიმღერა 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!
მოკლე შინაარსიa
1. რატომ უნდა მოვეკიდოთ ყურადღებით იესოს გაფრთხილებას?
ბოლო დღეებთან დაკავშირებით წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ . . . ცხოვრებისეული საზრუნავით [ყოველდღიურ სარჩოზე ზრუნვით]“ (ლუკ. 21:34). ამ გაფრთხილებას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული ისეთი პრობლემებისგან, რომლებიც ემოციურად გვფიტავს.
2. რა პრობლემებს ხვდებიან ჩვენი და-ძმები?
2 დროდადრო პრობლემები ერთიმეორის მიყოლებით გვატყდება. დავფიქრდეთ ქვემოთ მოხსენიებული ქრისტიანების შემთხვევებზე. ჯონი,b რომელსაც გაფანტული სკლეროზი ჰქონდა, 19-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლმა მიატოვა, რამაც უდიდესი ემოციური დარტყმა მიაყენა. ამას ისიც დაემატა, რომ მისმა ორმა ქალიშვილმა შეწყვიტა იეჰოვას მსახურება. ბობი და ლინდა კი განსხვავებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ ჯერ სამსახური დაკარგეს, შემდეგ კი სახლი. წყვილის მდგომარეობა ლინდას ავადმყოფობამაც დაამძიმა. მას გულის დაავადება დაუდგინეს, რომელსაც შეიძლებოდა სიკვდილი გამოეწვია. ამასთან ერთად ლინდას მწვავე ართრიტის დიაგნოზიც დაუსვეს.
3. ფილიპელების 4:6, 7-დან გამომდინარე, რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
3 შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს შემოქმედსა და მოსიყვარულე ზეციერ მამას ესმის, როგორ მოქმედებს განსაცდელები ჩვენზე და სურს, მათთან გამკლავებაში დაგვეხმაროს (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7). ღვთის სიტყვაში მოთხრობილია არაერთი შემთხვევა, თუ რა სირთულეებს ხვდებოდნენ იეჰოვას მსახურები და როგორ ეხმარებოდა მათ იეჰოვა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ელია — „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“
4. რა განსაცდელებს შეხვდა ელია და რას გრძნობდა იეჰოვასგან?
4 ელია რთულ პერიოდში ემსახურებოდა იეჰოვას და არაერთი სერიოზული განსაცდელის პირისპირ აღმოჩნდა. ისრაელის ორგული მეფე ახაბი დაქორწინდა ბოროტ ქალზე, იზებელზე, რომელიც ბაალის თაყვანისმცემელი იყო. ამ ორმა ადამიანმა ბაალის თაყვანისმცემლობა მთელ სამეფოში გაავრცელა და ბევრი იეჰოვას წინასწარმეტყველი გამოასალმა სიცოცხლეს. თუმცა ელიამ გაქცევით უშველა თავს. წინასწარმეტყველი დიდ შიმშილობასაც გადაურჩა, რადგან იეჰოვაზე იყო მინდობილი (1 მეფ. 17:2—4, 14—16). ელია იეჰოვას მაშინაც ენდობოდა, როცა ბაალის თაყვანისმცემლებსა და წინასწარმეტყველებს დაუპირისპირდა. მან ისრაელებს იეჰოვას მსახურებისკენ მოუწოდა (1 მეფ. 18:21—24, 36—38). ელიამ განსაცდელების დროს არაერთხელ იგრძნო იეჰოვას მხარდაჭერა.
იეჰოვამ ელიას გასაძლიერებლად ანგელოზი გაუგზავნა (იხილეთ აბზაცები 5, 6)c
5, 6. პირველი მეფეების 19:1—4-ის თანახმად, რას გრძნობდა ელია და როგორ დაარწმუნა იეჰოვამ ის სიყვარულში?
5 წაიკითხეთ 1 მეფეების 19:1—4. მიუხედავად ამისა, ელიას ძალიან შეეშინდა, როცა გაიგო, რომ დედოფალი იზებელი მოკვლით ემუქრებოდა. ამიტომ ის ბეერ-შებაში გაიქცა. ელია იმდენად გულგატეხილი იყო, რომ სიკვდილიც კი ინატრა. რატომ დაეუფლა წინასწარმეტყველს მსგავსი გრძნობები? ის არასრულყოფილი, „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკ. 5:17). შეიძლება მას ემოციებმა ძალა გამოაცალა და მთლიანად გამოფიტა. ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ ისრაელები არ შეცვლილან და მის გარდა არავინ ეთაყვანებოდა იეჰოვას, ხოლო ყველაფერი, რაც წმინდა თაყვანისმცემლობისთვის გააკეთა, წყალში ჩაეყარა (1 მეფ. 18:3, 4, 13; 19:10, 14). ჩვენ შეიძლება გაგვიკვირდეს, რატომ გაუჩნდა ერთგულ წინასწარმეტყველს ასეთი გრძნობები, მაგრამ იეჰოვას კარგად ესმოდა მისი.
6 იეჰოვამ კი არ გაკიცხა ელია ემოციების გამოხატვის გამო, არამედ ძალის აღდგენაში დაეხმარა (1 მეფ. 19:5—7). მოგვიანებით იეჰოვამ რბილად შეუსწორა აზროვნება, როცა თავისი შიშის მომგვრელი ძალა აჩვენა. შემდეგ კი უთხრა, რომ ისრაელში 7 000 კაცი იყო დარჩენილი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკიათ ბაალის წინაშე (1 მეფ. 19:11—18). ასეთი სახით ღმერთმა ელია თავის სიყვარულში დაარწმუნა.
როგორ დაგვეხმარება იეჰოვა?
7. რაში გვარწმუნებს ელიას შემთხვევა?
7 თქვენც ხომ არ გიწევთ მძიმე ემოციურ სიტუაციასთან გამკლავება? რაოდენ მანუგეშებელია ჩვენთვის, რომ იეჰოვას ესმოდა ელიას გრძნობები! წინასწარმეტყველის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას ჩვენი ემოციური მდგომარეობაც ესმის, ხედავს ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს და ისიც კი იცის, რას ვფიქრობთ და რას განვიცდით (ფსალმ. 103:14; 139:3, 4). თუ ელიას მსგავსად იეჰოვაზე ვიქნებით მინდობილები, აუცილებლად გადაგვალახვინებს პრობლემებს, რომლებიც გვთრგუნავს და ძალას გვაცლის (ფსალმ. 55:22).
8. როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა სირთულეების დაძლევაში?
8 განსაცდელების დროს შეიძლება უიმედობა დაგეუფლოთ და გული გაგიტყდეთ. თუ მსგავსი გრძნობები გაგიჩნდებათ, გახსოვდეთ, რომ ემოციურად მძიმე წუთებში იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ. როგორ გააკეთებს ის ამას? იეჰოვა მოგიწოდებთ, რომ დარდი მას გაუზიაროთ. ის აუცილებლად შეისმენს თქვენს ღაღადს (ფსალმ. 5:3; 1 პეტ. 5:7). ამიტომ ხშირად ესაუბრეთ იეჰოვას თქვენს პრობლემებზე. მართალია, ელიასგან განსხვავებით ღმერთი პირადად არ დაგველაპარაკება, მაგრამ ის ამას თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გააკეთებს. ბიბლიური მონაკვეთების კითხვა განუგეშებთ და იმედს ჩაგისახავთ. გარდა ამისა, და-ძმებთან ურთიერთობაც თქვენს გამხნევებას მოემსახურება (რომ. 15:4; ებრ. 10:24, 25).
9. როგორ შეუძლია სანდო მეგობარს ჩვენი დახმარება?
9 როცა იეჰოვამ დაავალა ელიას, რომ ზოგიერთი პასუხისმგებლობა ელისესთვის გადაეცა, ამით მას კარგი მეგობარი შესძინა, რომელიც ემოციურად მძიმე წუთებში გვერდში დაუდგებოდა. მსგავსად ამისა, თუ საწუხარს სანდო მეგობარს გავუზიარებთ, გასაჭირის დროს ის ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (2 მეფ. 2:2; იგავ. 17:17). თუ აღმოჩნდება, რომ არავინ გყავთ ისეთი, ვისაც გულს გადაუშლით, სთხოვეთ იეჰოვას, რომ მოწიფულ ქრისტიანთან დამეგობრებაში დაგეხმაროთ, რომელიც ემოციურ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ.
10. როგორ გვაიმედებს ელიას შემთხვევა და როგორ გვეხმარება ესაიას 40:28, 29-ში ჩაწერილი დაპირება?
10 იეჰოვა დაეხმარა ელიას, დაეძლია შიში და გულგატეხილობა და არაერთი წლის მანძილზე ერთგულად გაეგრძელებინა მსახურება. ელიას შემთხვევა იმედის საფუძველს გვაძლევს. ხანდახან შეიძლება ისეთ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ არც ფიზიკური და არც ემოციური ძალა აღარ შეგვრჩეს. თუმცა, თუ მივენდობით იეჰოვას, ის ძალას მოგვცემს, რომ ერთგულად განვაგრძოთ მსახურება (წაიკითხეთ ესაიას 40:28, 29).
ისინი ენდობოდნენ იეჰოვას
11—13. როგორ იმოქმედა განსაცდელებმა ღვთის მსახურებზე?
11 ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის სხვა ერთგული მსახურებიც ხვდებოდნენ დიდ განსაცდელებს. მაგალითად, ხანა უშვილო იყო, რაც იმ დროს სირცხვილად ითვლებოდა. ის ღვარძლიან დაცინვასაც იტანდა ფენინასგან, რომელიც მისი ქმრის მეორე ცოლი იყო (1 სამ. 1:2, 6). სულგამწარებული ხანა „ტიროდა და არაფერს ჭამდა“ (1 სამ. 1:7, 10).
12 დროდადრო მეფე დავითიც განადგურებულად გრძნობდა თავს. დაფიქრდით, რა აღარ გადაიტანა მან. არაერთი შეცდომის გამო მას დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა (ფსალმ. 40:12). დავითს საყვარელი ვაჟი, აბესალომი აუჯანყდა, რომელსაც ურჩობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა (2 სამ. 15:13, 14; 18:33). მას უახლოესმა მეგობარმაც უღალატა (2 სამ. 16:23—17:2; ფსალმ. 55:12—14). არაერთი ფსალმუნი აღგვიწერს გულგატეხილი დავითის გრძნობებსა და იეჰოვასადმი ურყევ ნდობას (ფსალმ. 38:5—10; 94:17—19).
რა დაეხმარა ფსალმუნმომღერალს, რომ კვლავაც სიხარულით ემსახურა იეჰოვასთვის? (იხილეთ აბზაცები 13—15)d
13 მოგვიანებით ერთ-ერთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც შესაძლოა ლევიანი ასაფის შთამომავალი იყო და „ღვთის დიდებულ საწმინდარში“ მსახურობდა, შეშურდა ბოროტი ხალხის. ემოციურად გატანჯული ფსალმუნმომღერალი უბედური და თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო იყო. მას ეჭვიც კი შეეპარა, ღირდა თუ არა ღვთის მსახურება (ფსალმ. 73:2—5, 7, 12—14, 16, 17, 21).
14, 15. იეჰოვასადმი ნდობის რა მაგალითი მოგვცა ზემოთ მოხსენიებულმა ღვთის სამმა მსახურმა?
14 ზემოთ მოხსენიებული სამივე ღვთის მსახური იეჰოვაზე იყო დაიმედებული. თავიანთ ტკივილს ისინი მხურვალე ლოცვებში გამოხატავდნენ და გულახდილად ეუბნებოდნენ იეჰოვას, რა იყო მათი საწუხარის მიზეზი. ამასთან ერთად ისინი არ წყვეტდნენ იეჰოვას თაყვანსაცემად კარავსა თუ ტაძარში სიარულს (1 სამ. 1:9, 10; ფსალმ. 55:22; 73:17; 122:1).
15 იეჰოვამ თანაგრძნობით უპასუხა თითოეულ მათგანს. ხანას სიმშვიდე დაეუფლა (1 სამ. 1:18). დავითმა დაწერა: „მრავალი უბედურება ხვდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ფსალმ. 34:19). ზემოთ მოხსენიებული ფსალმუნმომღერალი კი დარწმუნდა, რომ იეჰოვას ეჭირა მისი მარჯვენა და სიყვარულით უწევდა ხელმძღვანელობას. მან თავის ფსალმუნში თქვა: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:23, 24, 28). რას ვსწავლობთ ამ მაგალითებიდან? დროდადრო პრობლემებმა შეიძლება დაგვამძიმოს და ემოციურად გაგვანადგუროს. თუმცა მდგომარეობასთან გამკლავებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ლოცვაში ნდობას გამოვუცხადებთ იეჰოვას, ყველაფერში დავემორჩილებით მას და დავფიქრდებით მათ მაგალითებზე, ვინც იეჰოვამ გააძლიერა (ფსალმ. 143:1, 4—8).
იეჰოვაზე მინდობა პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ
და თავიდან გაერიყა ხალხს, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვალა, რაც სხვების დახმარება დაიწყო (იხილეთ აბზაცები 16, 17)
16, 17. ა) რატომ არ უნდა ჩამოვშორდეთ იეჰოვასა და მის ხალხს? ბ) რა შეგვმატებს ძალას?
16 ამ მაგალითებიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ — არ უნდა ჩამოვშორდეთ იეჰოვასა და მის ხალხს (იგავ. 18:1). ნენსი, რომელიც ქმარმა მიატოვა, განადგურებული იყო. ის ამბობს: „დიდი ხნის მანძილზე არავის დანახვა და არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. მაგრამ, რაც უფრო ვშორდებოდი ხალხს, მით უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს“. მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნენსიმ სხვების დახმარება დაიწყო. ის ამბობს: „ყურადღებით ვუსმენდი, როცა სხვები თავიანთი პრობლემების შესახებ მიყვებოდნენ. მივხვდი, რომ, რაც უფრო თანაგრძნობით ვეკიდებოდი სხვებს, მით ნაკლებად მებრალებოდა საკუთარი თავი“.
17 ქრისტიანული შეხვედრები ძალას შეგვმატებს. როცა კრებებს ვესწრებით, იეჰოვას ჩვენი დახმარებისა და ნუგეშისცემის საშუალებას ვაძლევთ (ფსალმ. 86:17). კრება ის ადგილია, სადაც იეჰოვა წმინდა სულის, თავისი სიტყვისა და თავისი ხალხის მეშვეობით გვაძლიერებს. შეხვედრებზე საშუალება გვეძლევა, „გავამხნეოთ ერთმანეთი“ (რომ. 1:11, 12). ერთი და, სოფია ამბობს: „იეჰოვა და და-ძმები დამეხმარნენ, რომ ყველაფრისთვის გამეძლო. კრებაზე ყოფნა ჰაერივით მჭირდებოდა. შევნიშნე, რომ, რაც უფრო აქტიური ვიყავი კრებასა და მსახურებაში, მით უკეთ ვუმკლავდებოდი სტრესსა თუ საწუხარს“.
18. როგორ გვეხმარება იეჰოვა გულგატეხილობის დაძლევაში?
18 გულგატეხილობის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა არა მხოლოდ ერთხელ და სამუდამოდ მოგვაშორებს ყოველგვარ საწუხარს, არამედ დღესვე გვეხმარება ემოციურად დამთრგუნველ სიტუაციებთან გამკლავებაში. ის სურვილსაც გვიჩენს და ძალასაც გვაძლევს, რომ დავძლიოთ გულგატეხილობა და უიმედობა (ფილ. 2:13).
19. რაში გვარწმუნებს რომაელების 8:37—39?
19 წაიკითხეთ რომაელების 8:37—39. მოციქული პავლე გვარწმუნებს, რომ ვერაფერი ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ განსაცდელებში მყოფ და-ძმებს? შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა იეჰოვას მსგავსად და როგორ დავუდგეთ გვერდში პრობლემებით გულდამძიმებულ და-ძმებს.
სიმღერა 44 თავმდაბლის ლოცვა
a ძლიერი ან ხანგრძლივი განსაცდელები შეიძლება უარყოფითად აისახოს ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. როგორ შეუძლია იეჰოვას ჩვენი დახმარება? ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ ამოუდგა იეჰოვა მხარში ემოციურად განადგურებულ ელიას. სხვა ბიბლიური მაგალითები კი დაგვანახვებს, რის გაკეთება გვმართებს მძიმე წუთებში იეჰოვასგან დახმარების მისაღებად.
b სახელები შეცვლილია.
c სურათის აღწერა: იეჰოვას ანგელოზი ფრთხილად აღვიძებს ელიას და პურსა და წყალს აძლევს.
d სურათის აღწერა: ფსალმუნმომღერალი, რომელიც შესაძლოა ასაფის შთამომავალი იყო, სიამოვნებით წერს ფსალმუნებს და მღერის სხვა ლევიანებთან ერთად.