საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სტრესი ჯანმრთელობის პირველი მტერი
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ივნისი
    • სტრესი ჯანმრთელობის პირველი მტერი

      „ძალიან დატვირთული ვარ, მუშაობაში დღე და ღამეს ვასწორებ. ჯერ ერთ საავადმყოფოში არ მაქვს დამთავრებული ოპერაცია, რომ უკვე სხვა საავადმყოფოში გავრბივარ მორიგი ოპერაციის გასაკეთებლად. ქალაქში გადატვირთული მოძრაობაა და სულ გადარბენაზე ვარ“ (დოქტორი პიტერ სტიუარტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

      ალბათ, არც თქვენთვის არის უცხო ის, რაზეც დოქტორი პიტერ სტიუარტი საუბრობს. თქვენ შესაძლოა სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო ვარდებით სტრესულ სიტუაციაში, მაგრამ რაც უნდა იყოს მიზეზი — იქნება ეს გადატვირთული მოძრაობა, დაძაბულობა სახლსა თუ სამსახურში — ფაქტი ერთია, სტრესი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჩვეული მოვლენაა.

      3 000-ზე მეტი წლის წინათ მეომარმა, რომელსაც არაერთ ომში უბრძოლია, მთელი გულახდილობით აღწერა, რასაც განიცდიდა: „შიშმა, კანკალმა ამიტანა და ავთრთოლდი“ (ფსალმუნი 55:5). ეჭვგარეშეა, ამ ადამიანმა ზუსტად იცოდა, რა იყო სტრესი. იგი სიყმაწვილეში ფარას მწყემსავდა, არაერთხელ გადაყრია დათვსა და ლომს და მოუკლავს კიდეც (1 სამუელი 17:4—10, 23, 24, 34—36, 41—51).

      თუმცა, სტრესს ყოველთვის უარყოფითი შედეგები არ მოაქვს. ის შეიძლება დამხმარეც აღმოჩნდეს. საფრთხის წინაშე და გამოუვალ სიტუაციებში სტრესმა ბევრს ისეთი რამ შეაძლებინა, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ გაუჭირდებოდათ. როცა მნიშვნელოვანი საქმე გაქვს მოსასწრები, ორგანიზმი იწყებს ადრენალინისa გამომუშავებას, რაც გეხმარება დროულად დაამთავრო წამოწყებული საქმე.

      როგორც წესი, ჯანმრთელობის პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა სტრესი დიდხანს გრძელდება. როგორც ერთი სპეციალისტი ამბობს, „სტრესი ჩვენი ჯანმრთელობის პირველი მტერია“. თავს ისე ხომ არ გრძნობთ, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლიათ? შესაძლებელია სტრესის გამომწვევი ფაქტორების შემცირება?

      ბევრმა შეძლო ეს და ამაში ღვთის სიტყვა, ბიბლია დაეხმარათ. შესაძლოა ყველაზე ნაკლებად ამ წიგნისგან ელით დახმარებას, მაგრამ მასში ღირებული სიბრძნეა. ბიბლია გვიხსნის, თუ რატომ ვცხოვრობთ ასეთ დაძაბულ დროში და რა იწვევს სტრესს. მასში მოცემულია რჩევები, რომელიც სტრესს შეგვიმცირებს.

      [სქოლიო]

      a ადრენალინი არის ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს. ეს ჰორმონი ადამიანებს სტრესულ სიტუაციებში ეხმარება.

  • როგორ მოქმედებს სტრესი?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ივნისი
    • როგორ მოქმედებს სტრესი?

      ალბათ, გულისცემა გიჩქარდებათ და წნევა გიწევთ, როცა ავტობუსზე ან მატარებელზე გაგვიანდებათ. ტრანსპორტს კიდეც რომ ვერ მიუსწროთ, მალე დამშვიდდებით და თქვენი გულისცემა მწყობრში ჩადგება.

      სულ სხვაგვარადაა საქმე, როცა სტრესი დიდხანს გრძელდება. ამ დროს გარკვეული ხნის მანძილზე თავს იჩენს შინაგანი აფორიაქება, კუნთების დაძაბულობა, მაღალი არტერიული წნევა და ფაღარათი. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანია სტრესში და უჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგალითად, ბევრს მონოტონური სამუშაო უქმნის სტრესს. როგორ მოქმედებს სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე?

      როგორ რეაგირებს ორგანიზმი სტრესზე?

      დოქტორი არიენ ვან დერ მერვა აღწერს, როგორ მოქმედებს სტრესი ორგანიზმზე. სტრესის დროს ორგანიზმი უმალვე გამოიმუშავებს ნეიროქიმიურ ნივთიერებებსა და ჰორმონებს და, შესაბამისად, ორგანოები და ორგანოთა სისტემები სწრაფი მოქმედების რეჟიმში გადადის და გაძლიერებულად ფუნქციონირებს.

      სტრესის დროს ორგანიზმი სრულიად განსხვავებულად რეაგირებს. ამ დროს ჩართულია ხედვის, ყნოსვისა და შეხების ორგანოები. თქვენი ტვინი ორგანიზმს მყისვე გადასცემს იმპულსებს და თირკმელზედა ჯირკვალი ძლიერ ჰორმონებს გამოყოფს. შედეგად, აქტიურდება როგორც კუნთები, ისე გული, ფილტვები და სხვა ორგანოები, რაც ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად ამზადებს.

      ორგანიზმის ამგვარი რეაქცია სტრესზე ერთგვარი თავდაცვაა და თქვენი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. მაგალითად, მანქანის მოახლოებისას უმალვე რეაგირებთ და გზიდან გადადიხართ. მაგრამ გაუსაძლისი სტრესის დროს სულ სხვაგვარადაა საქმე.

      სტრესი შეიძლება „მტრად“ გექცეთ

      რა შეიძლება ითქვას, თუ თქვენი ორგანიზმი მუდმივად გააქტიურებულია? ამ დროს არ იხსნება კუნთების დაძაბულობა, პულსაცია აჩქარებულია, არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის შემცველობა კი მაღალია. სისხლში დიდხანს რჩება ცხიმების, შაქრის, ჰორმონებისა თუ სხვა ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა. ორგანიზმში დაგროვებული ქიმიური ნივთიერებები არაადეკვატურ რეაქციებს იწვევს. ამ დროს ადამიანი ხან აღგზნებულია, ხან მშვიდია. აღგზნება არც თუ ისე ხშირია და მცირე ხანს გრძელდება. ეს სერიოზულად აზიანებს მთავარ ორგანოებს.

      გარდა ამისა, სტრესი იწვევს ზურგისა და თავის ტკივილს, კისრისა და სხვა კუნთების დაძაბულობას. ეს სიმპტომები განსაკუთრებით თავს იჩენს ქრონიკული სტრესის დროს. სტრესულ სიტუაციაში უქვეითდებათ შემოქმედებითი უნარი და შრომისუნარიანობა, კარგავენ ენთუზიაზმს და უფუჭდებათ სხვებთან ურთიერთობა. სტრესი აგრეთვე იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, დიარეასა და საყლაპავის სპაზმს. ხანგრძლივმა სტრესმა შესაძლებელია უფრო სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, მაგალითად, ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.

      „ხანგრძლივი სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს კორტიზოლს, რაც იწვევს მუცლისა და ზურგის მიდამოებში ცხიმის უჯრედების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას“, — ამბობს დოქტორი არიენ ვან დერ მერვა. სტრესის შედეგად შესაძლოა განვითარდეს კანის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი. ქრონიკული სტრესი იწვევს დეპრესიას, აგრესიას, გამოფიტვას, მეხსიერების დაქვეითებასა და კონცენტრირების უნარის დაკარგვას. ხანგრძლივი სტრესი იმუნიტეტზე მოქმედებს და არაერთ დაავადებას იწვევს, იქნება ეს უბრალო გაციება, კიბო თუ ავტოიმუნური დაავადებები.

      სტრესი ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სულიერ მდგომარეობაზე საზიანოდ მოქმედებს. ამიტომ, კარგია, თუ გვეცოდინება, როგორ შევიმსუბუქოთ სტრესი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი სტრესისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

      სტრესი შეგვიძლია ენერგიით სავსე ცხენს შევადაროთ. ცხენით გასეირნება ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ, თუ ცხენი გაშმაგდა, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. მსგავსად, ზომიერი სტრესი გვმატებს სიცოცხლის ხალისს, ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას, გვაძლევს სტიმულს, რომ ვიყოთ შრომისუნარიანები, გულმოდგინეები და შემოქმედებითად მივუდგეთ საქმეს.

      რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მეტისმეტმა სტრესმა ცხოვრების ხალისი არ დაგვაკარგვინოს? მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია სტრესის შემსუბუქება.

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედის ‘საოცარი ქმნილება’

      ერთ-ერთი ცნობილი თეორიის თანახმად, ადამიანის რეაქცია სტრესზე განპირობებულია იმით, რომ პრეისტორიულ ადამიანს მამონტებისა და ეშვებიანი ვეფხვების დანახვაზე შიში იპყრობდა, მაგრამ სინამდვილეში სტრესზე რეაგირების უნარი ბრძენი შემოქმედის დამსახურებაა. მან ისე შექმნა ჩვენი ფიზიოლოგიური სისტემა, რომ სისხლის შედედების წყალობით ორგანიზმს აქვს სასწაულებრივი უნარი, ებრძოლოს ინფექციას და მოაშუშოს ჭრილობები. ორგანიზმის ასეთი რეაგირება სტრესზე კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ არსებობს ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედი.

      ორგანიზმში მიმდინარე სასწაულებრივი პროცესები იმის დასტურია, რომ „საოცრად ვართ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:13—16). ღმერთმა ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე დიდი სიყვარულით იზრუნა და ისე შეგვქმნა, რომ სიცოცხლით დავმტკბარიყავით. ეს გვარწმუნებს იმაში, რომ დედამიწაზე სამოთხეში ტკივილი, გლოვა და სიკვდილი აღარ იქნება (გამოცხადება 21:3—5).

      [დიაგრამა⁄სურათი 5 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      ქრონიკული სტრესის საზიანო შედეგები

      თავის ტკივილი

      კბილების ღრჭიალი

      კისრის ტკივილი

      გულის დაავადება

      სხვადასხვა ორგანოს წყლული

      ზურგის ტკივილი

      კუნთების დაძაბულობა

  • შეიმსუბუქეთ სტრესი
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ივნისი
    • შეიმსუბუქეთ სტრესი

      ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა. ალბათ, თქვენც დაეთანხმებით ამ სიტყვებს — დღეს მართლაც ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).

      ცეცხლის ჩაქრობა გაცილებით ადვილია მანამ, სანამ ყველაფერს მოედება. მსგავსად, ხანმოკლე სტრესთან გამკლავება უფრო ადვილია, ვიდრე ხანგრძლივ სტრესთან. ერთმა ექიმმა თქვა: „ცხოვრების დაძაბული რიტმის მიუხედავად, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, შევიმსუბუქოთ სტრესი“.a

      ყოველდღიური სტრესის შემსუბუქებაში ორი რჩევა დაგეხმარებათ. პირველი, რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, შეამცირეთ სტრესის გამომწვევი მიზეზები. მეორე, შეეცადეთ დაიოკოთ ემოციები და მძაფრი რეაგირება არ მოახდინოთ სტრესზე, რომელიც თქვენგან დამოუკიდებლად იქმნება.

      შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს სტრესთან გამკლავებაში?

      როგორ გვეხმარება ბიბლია?

      ბიბლიის ფურცლებზე ჩვენი შემოქმედის გამომაცოცხლებელ აზრებს ვკითხულობთ. ღვთის სიტყვა საუკეთესო ხელმძღვანელობას გვიწევს. მასში მოცემული სულიერი აზრები სტრესს საგრძნობლად გვიმსუბუქებს. ყოველდღიურ სტრესთან გამკლავებაში ღვთის შემდეგი სიტყვებიც გვეხმარება: „ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები“ (იესო ნავეს ძე 1:7—9).

      ბიბლია აგრეთვე გვარწმუნებს, რომ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას ‘სათუთი გრძნობები აქვს და გულმოწყალეა’ (იაკობი 5:11). კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიცია ამბობს: „როცა ვფიქრობ ღვთის ნებასა და მის შემოქმედებაზე, სტრესი საგრძნობლად მიმსუბუქდება“.

      წარმოიდგინეთ, როგორ გაამხნევებდა საუკუნეების წინათ იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული თბილი სიტყვები დაჩაგრულ და დატანჯულ ხალხს: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28—30).

      იესო არ იყო მკაცრი. ის მხედველობაში იღებდა თავისი მოწაფეების ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას. იესო იმაზეც ზრუნავდა, რომ მათ მთელი დღის ქადაგების შემდეგ დაესვენათ (მარკოზი 6:30—32). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ზეციერი მეფე, იესო, მთელი გულით თანაგვიგრძნობს, როცა სტრესი ძალას გვაცლის. ის გულმოწყალებას ავლენს ჩვენ მიმართ და ‘დროულად გვეხმარება’ (ებრაელები 2:17, 18; 4:16).

      კარგი ურთიერთობის ფასი

      სტრესის შემსუბუქებაში ყველაზე მეტად კარგი ურთიერთობა გვეხმარება. ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22). ბევრს მეუღლესთან, მეგობართან ან თანამშრომელთან საუბარი სტრესს უმსუბუქებს.

      ამ დროს ყველაზე მეტად ღმერთთან გულახდილი საუბარი განუგეშებთ. თუ ყოველთვის მიმართავთ ღმერთს ლოცვით, არ დაიწყებთ ყველაფერზე წუხილს. ბევრმა ლოცვის წყალობით გაიაზრა, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“. ღვთის ამ დანაპირების გონებაში ჩაბეჭდვა მათ „გულებსა და გონებას“ იცავს (ფილიპელები 4:6, 7; იგავები 14:30).

      ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „ფსიქიკურად ისინი უფრო ჯანმრთელები არიან და სტრესსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან, ვისაც კარგი მეგობრები ჰყავს, ვიდრე ისინი, რომელთაც მარტო უწევთ ყველაფრის კეთება“. ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლებს საუკეთესო მეგობრობის გაწევა შეუძლიათ. ბიბლიური რჩევის თანახმად, ისინი რეგულარულად იკრიბებიან და ამხნევებენ ერთმანეთს (ებრაელები 10:24, 25). ერთი იეჰოვას მოწმე ამბობს: „ზოგჯერ საათობით ვმუშაობ და სულ სტრესში ვარ, მაგრამ კრების შეხვედრაზე დამამთავრებელი ლოცვის შემდეგ ვგრძნობ, რომ სტრესი მეხსნება“.

      იუმორიც საგრძნობლად ხსნის სტრესს. ეკლესიასტეს 3:4-ში ნათქვამია, რომ არის „ტირილის დრო და სიცილის დრო“. სიცილი კარგ ხასიათზე გვაყენებს და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. როგორც ერთი ექიმი აღნიშნავს, „სიცილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რაც ხელს უშლის ადრენალინის წარმოქმნას“. ერთი ქალი ამბობს: „ყველაზე სტრესულ სიტუაციებში ჩემი ქმარი ისეთ სასაცილო რამეს იტყვის, რომ დაძაბულობა მეხსნება“.

      კარგი თვისებების შეძენა სტრესს ამცირებს

      ბიბლია მოგვიწოდებს, შევიძინოთ კარგი თვისებები, რაც შეგვიმცირებს სტრესს. ამ თვისებებს ღვთის სიტყვაში „სულის ნაყოფი“ ეწოდება. ესენია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი [და] თავშეკავება“. გარდა ამისა, ბიბლია გვირჩევს, რომ მოვიშოროთ „ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“. შემდეგ ვკითხულობთ: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (გალატელები 5:22, 23; ეფესოელები 4:31, 32).

      ერთი ექიმი გვიხსნის, რატომ არის სასარგებლო, განსაკუთრებით ჩვენს დროში, ბიბლიური რჩევების გამოყენება. ის ამბობს: „სხვებისადმი პატივისცემის გამოვლენა საკმაოდ ამსუბუქებს სტრესს“. ბიბლიაში ისიცაა ნათქვამი, რომ სტრესთან გამკლავებაში მოკრძალებულობაც გვეხმარება. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე მოკრძალებული შეხედულება გვქონდეს (მიქა 6:8).

      ღმერთს სურს, თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ფიზიკურად და გონებრივად გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ და ყველაფერს ჩვენი სურვილისამებრ ვერ გავაკეთებთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, უარი ვთქვათ ისეთ სურვილებზე, რომლის შესრულებაც ჩვენს ძალას აღემატება.

      ზემოთ მოცემული ბიბლიის რჩევების გამოყენების შემთხვევაშიც კი შეიძლება სრულიად ვერ გავთავისუფლდეთ სტრესისგან. სატანა ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღვთის თაყვანისმცემლები თავისი მზაკვრული მეთოდებით დააბრკოლოს და დაამტკიცოს, რომ ღვთის მსახურები გაუსაძლისი სტრესის დროს მიატოვებენ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისცემას (გამოცხადება 12:17). როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, სტრესის შესამსუბუქებლად ღმერთი არაერთი სახით გვიწევს დროულ დახმარებას.b

      [სქოლიოები]

      a თუ სტრესი იმდენხანს გრძელდება, რომ ჯანმრთელობას ვნებს, კარგი იქნება, დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ.

      b ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ 2005 წლის 8 თებერვლის გამოიღვიძეთ!-ის სტატიათა სერიაში „განთავისუფლდით სტრესისგან“ და 2001 წლის 8 თებერვლის გამოიღვიძეთ!-ის სტატიათა სერიაში „როგორ გავუძლოთ დღევანდელი ცხოვრების რიტმს?“ (რუს.).

      [ჩარჩო 9 გვერდზე]

      როგორ შეგვიძლია სტრესის შემსუბუქება?

      ● ნუ მოითხოვთ სრულყოფილებას საკუთარი თავისგან და სხვებისგან (ეკლესიასტე 7:16).

      ● დაადგინეთ სწორი პრიორიტეტები (ფილიპელები 1:10, 11).

      ● ივარჯიშეთ რეგულარულად (1 ტიმოთე 4:8).

      ● დატკბით იეჰოვას შემოქმედებით (ფსალმუნი 92:4, 5).

      ● ცოტა ხნით განმარტოვდით (მათე 14:23).

      ● საკმარისად დაისვენეთ და გამოიძინეთ (ეკლესიასტე 4:6).

      [სურათი 7 გვერდზე]

      სტრესი რომ შეიმსუბუქოთ, დრო გამოყავით ურთიერთობისთვის

      [სურათი 7 გვერდზე]

      ღვთის მოსაწონი თვისებების შეძენა სტრესს ამცირებს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება