საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ათეისტები „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ნოემბერი
    • ათეისტები „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ

      საზოგადოებაში გამოჩნდა ათეისტების ახალი ჯგუფი. ეს ეგრეთ წოდებული ახალი ათეისტები იმით გამოირჩევიან, რომ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ აწყობენ და „აქტიურად, აგრესიულად და თავგამოდებით ცდილობენ, რელიგიურ ხალხს თავს მოახვიონ თავიანთი შეხედულებები“, — წერს ჟურნალისტი რიჩარდ ბერნშტაინი. მათ მიზანში აგნოსტიკოსებიც ამოიღეს, რადგან ახალი ათეისტები ვერ ეგუებიან აგნოსტიკოსთა მერყევ შეხედულებებს. ამ ათეისტებისთვის უბრალოდ არ არსებობს ღმერთი, მორჩა და გათავდა.

      „მსოფლიომ უნდა გამოიღვიძოს იმ ხანგრძლივი კოშმარიდან, რასაც რელიგია ჰქვია, — განაცხადა ნობელის პრემიის ლაურეატმა, სტივენ უაინბერგმა. — მეცნიერებმა ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ ხალხი რელიგიის მარწუხებისგან გავათავისუფლოთ. ჩვენს ცივილიზაციას ალბათ ამაზე უკეთესს ვერაფერს გავუკეთებთ“. ამ მიზნის მისაღწევად ათეისტები ბეჭდვით სიტყვას იყენებენ, რასაც, როგორც ჩანს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამას ადასტურებს ახალი ათეისტების მიერ გამოცემული ზოგიერთი წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა.

      ახალ ათეისტებს პროტესტის საბაბი თავად რელიგიებმა მისცეს, რადგან ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა რელიგიური ექსტრემიზმი, ტერორიზმი თუ რელიგიურ ნიადაგზე გაჩენილი სხვა კონფლიქტები. „რელიგია წამლავს ყველაფერს“, — აცხადებს ერთ-ერთი წამყვანი ათეისტი. ათეისტებმა ამ „საწამლავს“ მიაკუთვნეს არა მარტო ექსტრემისტული რელიგიური შეხედულებები, არამედ ზოგადად რელიგიური წარმოდგენები. როგორც ათეისტები ამბობენ, დროა, ამ ფუნდამენტური დოგმების ადგილი საღმა აზრმა და ლოგიკამ დაიკავოს. როგორც ათეისტი სემ ჰარისი წერს, პოლიტიკური კორექტულობის გამო ხალხს არ უნდა მოერიდოს იმის აღიარების, რომ ბიბლიასა და ყურანში „ათასი სისულელე წერია, რომელიც ადამიანს ცხოვრებას უმახინჯებს“.

      ახალი ათეისტები რელიგიას გმობენ, ამავე დროს მეცნიერებას განადიდებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ მეცნიერება ამტკიცებს ღვთის არარსებობას. მაგრამ სინამდვილეში ასე ეს? შეუძლია კი მეცნიერებას ამის დამტკიცება? „გავა დრო და ერთ-ერთი მხარე აუცილებლად გაიმარჯვებს ამ კამათში, მეორე მხარე კი მწარე მარცხს იწვნევს“, — ამბობს ჰარისი.

      თქვენი აზრით, რომელი მხარე გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში? ვიდრე ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, დაფიქრდით: ნუთუ მართლა კარგი არაფერი მოაქვს შემოქმედის არსებობის დაჯერებას?! ნუთუ საყოველთაო ათეიზმი მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის?! მოდით, განვიხილოთ, რას ამბობენ ცნობილი მეცნიერები და ფილოსოფოსები ათეიზმზე, რელიგიასა და მეცნიერებაზე.

  • დაამტკიცა მეცნიერებამ ღვთის არარსებობა?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ნოემბერი
    • დაამტკიცა მეცნიერებამ ღვთის არარსებობა?

      ორმოცდაათი წლის განმავლობაში, ბრიტანელი ფილოსოფოსი ანტონი ფლუ თანამედროვეთა შორის ერთ-ერთ ცნობილ და ავტორიტეტულ ათეისტად ითვლებოდა. 1950 წელს გამოცემული მისი წიგნი „თეოლოგია და ფალსიფიკაცია“, „[მე-20] საუკუნეში გამოცემულ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფილოსოფიურ ნაშრომად იქცა“. 1986 წელს ფლუს „თეიზმის (ღმერთის ან ღმერთების რწმენა) უდიდესი თანამედროვე კრიტიკოსი“ უწოდეს. ამიტომ, ბევრი გააოგნა 2004 წელს გაკეთებულმა მისმა განაცხადმა, რომ თვალსაზრისი შეიცვალა.

      რამ შეაცვლევინა ფლუს აზრი? ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მეცნიერებამ. ის დარწმუნდა, რომ შეუძლებელია სიცოცხლე, სამყარო და მისი კანონები შემთხვევით გაჩენილიყო. რამდენად გონივრულია ასეთი დასკვნა?

      საიდან გაჩნდა ბუნების კანონები?

      როგორც ფიზიკოსი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი პოლ დეივისი აღნიშნავს, მეცნიერებამ შესანიშნავი რამ გააკეთა იმით, რომ ახსნა ისეთი საოცარი ფიზიკური მოვლენა, როგორიცაა წვიმა. მაგრამ ის დასძენს, რომ „ყველაფერი გაცილებით რთულდება, როცა იბადება კითხვა: საიდან გაჩნდა ბუნების კანონები? მეცნიერული აღმოჩენებიდან გამომდინარე, რთულია ასეთ კითხვებზე პასუხების პოვნა. ცივილიზაციის დასაბამიდან მრავალი მნიშვნელოვანი კითხვა კითხვადვე რჩება და დღემდე მოსვენებას არ გვაძლევს“.

      2007 წელს ფლუ წერდა: „ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბუნებაში არსებული კანონზომიერება კი არ არის, არამედ ის, რომ ეს კანონები მათემატიკური სიზუსტით არის დარეგულირებული, ურთიერთდაკავშირებული და უცვლელი. აინშტაინი ამ ყველაფერს გონების ფიზიკურ გამოვლინებად თვლიდა. მაგრამ იბადება კითხვა, როგორ მოგვევლინა ბუნება ამგვარი სახით? ეს არის კითხვა, რომელსაც ნიუტონი, აინშტაინი თუ ჰაიზენბერგი სვამდნენ. მათ ამ კითხვას პასუხიც გასცეს: ღვთის გონების წყალობით“.

      მრავალი ცნობილი მეცნიერი თვლის, რომ გონიერი პირველმიზეზის არსებობის დაჯერებაში არამეცნიერული არაფერია. ამავე დროს, საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს ის აზრი, რომ სამყარო, მასში არსებული კანონები და სიცოცხლე შემთხვევით გაჩნდა. ყოველდღიურობა გვარწმუნებს იმაში, რომ ნებისმიერი კონსტრუქცია, მით უმეტეს რთული, კონსტრუქტორს მოითხოვს.

      რომელ მოსაზრებას მიემხრობით?

      მართალია ახალი ათეისტები თვლიან, რომ მეცნიერება მათი მთავარი საყრდენია, მაგრამ ფაქტია, რომ არც ათეიზმი და არც თეიზმი მთლიანად არ არის დაფუძნებული მეცნიერებაზე. ორივე შემთხვევაში რწმენა მოითხოვება. ათეისტებისგან — ბრმა შემთხვევის, თეისტებისგან კი გონიერი პირველმიზეზის. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის (ინგლისი) პროფესორი და მათემატიკოსი ჯონ ლენოქსი წერს, ახალი ათეისტები ცდილობენ იმ აზრის პოპულარიზაციას, რომ „ნებისმიერი რელიგიური მრწამსი ბრმა რწმენას ეფუძნება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ცდებიან“. მაგრამ ისმის კითხვა: რომელი მრწამსი უძლებს გამოცდას — ათეისტების თუ მორწმუნეების? მაგალითად ვიმსჯელოთ სიცოცხლის წარმოშობაზე.

      ევოლუციონისტები აღიარებენ, რომ სიცოცხლის წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული. მიუხედავად ამისა, მათ შეიმუშავეს მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია. ერთ-ერთი წამყვანი ახალი ათეისტი, რიჩარდ დოკინზი, ირწმუნება, რომ თუ გავითვალისწინებთ სამყაროში არსებული პლანეტების სიმრავლეს, სიცოცხლე სადმე აუცილებლად უნდა გაჩენილიყო. მაგრამ ბევრი ცნობილი მეცნიერი არ ეთანხმება ამ აზრს. როგორც კემბრიჯის პროფესორი ჯონ ბაროუ აღნიშნავს, „სიცოცხლისა და გონების ევოლუციის იდეა . . . ყველა ასპექტში ჩიხში ექცევა. რთულ და არასახარბიელო გარემოში სიცოცხლის განვითარების ალბათობა იმდენად მცირეა, რომ საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია იმის მტკიცება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია იყოს საკმარისი ნახშირბადი და გავიდეს საკმარისი დრო“.

      გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიცოცხლე მხოლოდ სხვადასხვა ქიმიური ელემენტის ნაზავი არ არის. მისი არსებობა დამოკიდებულია ურთულეს ინფორმაციაზე, რომელიც დნმ-შია კოდირებული. აქედან გამომდინარე, როცა სიცოცხლის წარმოშობაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობას ვგულისხმობთ. რა არის ინფორმაციის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი წყარო? მარტივად რომ ვთქვათ, ინტელექტი. შეიძლება შემთხვევით გაჩნდეს რთული ინფორმაცია, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამა, მათემატიკური ფორმულა, ენციკლოპედია ან თუნდაც ნამცხვრის რეცეპტი? ფაქტია, არა. რაც შეეხება ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკურ კოდში შენახულ ინფორმაციას, დახვეწილობითა და სირთულით მას ვერაფერი შეედრება.

      იღბლიანი შემთხვევა?

      ათეისტების მტკიცებით, როგორც ფიზიკოსი პოლ დეივისი გვიხსნის, „სამყარო საიდუმლოებებით არის მოცული და უბრალოდ შემთხვევითია, რომ მასში სიცოცხლე არსებობს. სხვაგვარად რომ იყოს, ვერც ჩვენ ვიქნებოდით და ვერც ამ საკითხზე ვიკამათებდით. სამყაროს შეიძლება აქვს ან არა აქვს ერთიანი საფუძველი. მაგრამ ერთი რამ ცხადია, სამყარო არც რაიმე ჩანაფიქრის შედეგია და არც მის არსებობას აქვს მიზანი თუ აზრი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვხედავთ“. დეივისი დასძენს: „ასეთ პოზიციას ის უპირატესობა აქვს, რომ ადვილია მისი დაცვა, თანაც თავის დაძვრენის კარგი საშუალებაა“.

      მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი, მაიკლ დენტონი, თავის წიგნში „ევოლუცია: თეორია კრიზისში“ ასკვნის, რომ ევოლუციის თეორია „შუასაუკუნოვან ასტროლოგიურ შეხედულებას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ . . . მეცნიერულ თეორიას“. გარდა ამისა, მან დარვინის ევოლუციის თეორიას თანამედროვეობის უდიდესი ზღაპარი უწოდა.

      ის აზრი, რომ სამყარო ერთი იღბლიანი შემთხვევის წყალობით გაჩნდა, სინამდვილეში ზღაპარს უფრო ჰგავს. მაგალითად, არქეოლოგი ხედავს უსწორმასწორო ქვას, რომელსაც მეტ-ნაკლებად კვადრატული ფორმა აქვს. მან ქვის ასეთი ფორმა შეიძლება შემთხვევითობას მიაწეროს, რაც ნორმალურია. მაგრამ თუ ის იპოვის ნატიფად გამოთლილ ბიუსტს, დაასკვნის, რომ ესეც შემთხვევით გაჩნდა? არა. საღი აზრი მას უკარნახებს, რომ ის ვიღაცის ნახელავია. ბიბლიაც ასეთ ლოგიკურ დასკვნას აკეთებს: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრაელები 3:4). თქვენც ეთანხმებით ამ აზრს?

      ლენოქსი წერს: „რაც უფრო მეტს ვიგებთ ჩვენი სამყაროს შესახებ, რომ ჩავწვდეთ ჩვენი ცხოვრების არსს, მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს ვარაუდი, რომ არსებობს შემოქმედი ღმერთი, რომელმაც სამყარო გარკვეული მიზნით შექმნა“.

      სამწუხაროდ, ღვთის სახელით ჩადენილი მრავალი ბოროტება ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ დაკარგა მრავალმა ღვთისადმი რწმენა. სწორედ ამიტომ ფიქრობს ბევრი, რომ რელიგიის გარეშე ცხოვრება უკეთესი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?

  • იქნება მსოფლიო უკეთესი რელიგიის გარეშე?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ნოემბერი
    • იქნება მსოფლიო უკეთესი რელიგიის გარეშე?

      არავითარი თვითმკვლელი ტერორისტი, არავითარი რელიგიური ომი, არავითარი ტელეევანგელისტი, რომელიც ფულს სცინცლავს სამწყსოს — ასე წარმოუდგენიათ ახალ ათეისტებს მსოფლიო რელიგიის გარეშე. თქვენც გხიბლავთ ასეთი პერსპექტივა?

      ვიდრე ამ კითხვას უპასუხებთ, დაფიქრდით: გვაქვს იმის მტკიცების საფუძველი, რომ საყოველთაო ათეიზმი მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის? მაგალითად, წითელი ქმერების მიერ უღვთო მარქსისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობას მილიონ-ნახევარი კამბოჯელის სიცოცხლე შეეწირა. ათეისტურ საბჭოთა კავშირში იოსებ სტალინის მმართველობის დროს ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა. მართალია, მთელ ამ სისასტიკეს უშუალოდ ათეიზმს ვერ მივაწერთ, მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ათეიზმი ვერ მოიტანს საყოველთაო მშვიდობასა და სტაბილურობას.

      ვერც იმას უარვყოფთ, რომ რელიგია არაერთხელ გამხდარა ტანჯვა-წამების მიზეზი. მაგრამ ღმერთია ამაში დამნაშავე? არა. ეს იგივე იქნებოდა, რომ მანქანის მწარმოებელი კომპანია დაგვედანაშაულებინა ავარიაში, რომელიც მძღოლს მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო მოუხდა. კაცობრიობის ტანჯვის გამომწვევი მრავალი მიზეზიდან ერთ-ერთი გაცილებით სერიოზულია, ვიდრე რელიგია. ბიბლია გვიხსნის, რომ ეს მიზეზი თანდაყოლილი არასრულყოფილებაა: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). ეს ცოდვილი მიდრეკილება ხელს უწყობს ეგოიზმს, მეტისმეტ სიამაყეს, საკუთარი ნორმებით ცხოვრების სურვილს და ძალადობას (დაბადება 8:21). ადამიანები სწორედ ამ მიდრეკილების გამო ავითარებენ და უპირატესობას ანიჭებენ ისეთ შეხედულებებს, რომელთა მეშვეობითაც ადვილად გაამართლებენ ყველანაირ არასწორ ქმედებას (რომაელები 1:24—27). იესო ქრისტემ სწორად შენიშნა: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათე 15:19).

      სხვაობის დანახვა

      მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ განსხვავება ღვთისთვის მისაღებ თაყვანისმცემლობას, ანუ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასა და ცრუთაყვანისმცემლობას შორის. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ადამიანს ეხმარება ცუდ მიდრეკილებებთან ბრძოლაში და ისეთი თვისებების განვითარებაში, როგორებიცაა თავგანწირული სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე, სიკარგე, რბილი ხასიათი, თავშეკავება, ცოლქმრული ერთგულება და სხვების პატივისცემა (გალატელები 5:22, 23). ცრუ რელიგია კი ფეხდაფეხ მიჰყვება პოპულარულ ტენდენციებს და ხალხის საამებლად თვალს ხუჭავს ისეთ საქმეებზე, რომლებსაც იესო გმობდა (2 ტიმოთე 4:3).

      განა ზნეობრივ პრინციპებთან დაკავშირებით ათეიზმიც მსგავს დაბნეულობასა და ორაზროვნებას არ იწვევს? ღვთის არსებობის უარყოფა იმას ნიშნავს, რომ მის წინაშე არ ვართ ანგარიშვალდებულნი. გარდა ამისა, როგორც პროფესორი სამართლის დარგში, ფილიპ ჯონსონი, ამბობს: „აღარ არსებობს კონკრეტული ღირებულებები, რომელთა დაფასებაც მოგვეთხოვება“. გამოდის, რომ მორალური ნორმები პირობითია და ყველამ თავად უნდა დაადგინოს საკუთარი ნორმები ან საერთოდ უგულებელყოს ყველანაირი ნორმა. როგორც ჩანს, ბევრისთვის ათეიზმი სწორედ ამიტომ არის მიმზიდველი (ფსალმუნი 14:1).

      მაგრამ მოვა დრო, როცა ღმერთი აღარ შეიწყნარებს სიცრუეს, მათ შორის არც ათეისტურს და არც რელიგიურს.a ღმერთი გვპირდება: „მართლები [ზნეობრივად და სულიერად წმინდები] დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22). შედეგად მთელ მსოფლიოში მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს, რისი მიღწევაც შეუძლებელია ადამიანური ძალითა თუ ფილოსოფიით (ესაია 11:9).

      [სქოლიო]

      a ბიბლიის თვალსაზრისი, იმის შესახებ, თუ რატომ იწყნარებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას, შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩარჩო 6 გვერდზე]

      როგორ უყურებს ღმერთი რელიგიის სახელით ჩადენილ სისასტიკეს?

      მიწა, რომელიც ძველმა ისრაელმა დაიმკვიდრა, ქანაანელებით იყო დასახლებული. ეს გახრწნილი ხალხი არანაირ გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს არ ერიდებოდა. გარდა ამისა, მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო ბავშვების მსხვერპლშეწირვა (ლევიანები 18:2—27). წიგნში „არქეოლოგია და ძველი აღთქმა“ ნათქვამია, რომ გათხრების შედეგად „წარმართული სამსხვერპლოების გარშემო არსებულ სამარხებში აღმოაჩინეს ნაცრის გროვები და ახალშობილთა ჩონჩხის ნარჩენები, რაც [ბავშვების მსხვერპლად შეწირვის] გავრცელებულ ჩვეულებაზე მოწმობს“. ერთ ბიბლიურ ცნობარში ნათქვამია, რომ ქანაანელები თავიანთ ღმერთებს გარყვნილ რიტუალებს უსრულებდნენ და თავიანთ პირმშოებს სწირავდნენ. „არქეოლოგებს, რომლებიც ქანაანელთა ქალაქების გათხრებს აწარმოებენ, უკვირთ, რატომ ადრევე არ გაანადგურა ღმერთმა ისინი“, — ვკითხულობთ ცნობარში.

      ღმერთმა გაანადგურა ქანაანელები, რაც იმაზე მოწმობს, რომ ის ყოველთვის არ მოითმენს მისი სახელით ჩადენილ ბოროტებას. „[ღმერთმა] დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“, — ნათქვამია საქმეების 17:31-ში.

      [სურათები 7 გვერდზე]

      სისასტიკეში ბრალი როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ პირებს მიუძღვით

      ეკლესია მხარს უჭერდა ჰიტლერს

      წითელი ქმერების რეჟიმის დროს დაღუპულთა თავის ქალები (კამბოჯა)

      [საავტორო უფლება]

      AP Photo

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება