მიუძღვენი თავი კითხვას
„ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:13).
1. როგორ შეგვიძლია მივიღოთ სარგებელი ბიბლიის კითხვიდან?
იეჰოვა ღმერთმა მისცა კაცობრიობას წერა-კითხვის სწავლების შესანიშნავი უნარი. აგრეთვე მან მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, რათა ჩვენ კარგად დამოძღვრილი ვყოფილიყავით (ესაია 30:20, 21). ხატოვნად რომ ვთქვათ, ბიბლიის გვერდებზე მოცემულია ცნობები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს ‘ვიაროთ’ ღვთისმოშიშ პატრიარქებთან ერთად, როგორებიც იყვნენ აბრაამი, ისაკი და იაკობი. ჩვენ შეგვიძლია ‘ვიხილოთ’ ღვთის მოიმედე ისეთი ქალები, როგორც სარა, რებეკა და მოაბელი რუთი, რომელმაც ურყევი ერთგულება გამოავლინა. აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია ‘მოვისმინოთ’ იესო ქრისტეს ქადაგება მთაზე. თუ კარგი მკითხველები ვართ, ყოველივე ამით საღვთო წერილი სიამოვნებას მოგვგვრის და დიდად დაგვმოძღვრავს.
2. რა მიუთითებს, რომ იესო და მისი მოციქულები კარგად კითხულობდნენ?
2 უეჭველია, რომ სრულყოფილ ადამიანს, იესო ქრისტეს კითხვის შესანიშნავი უნარი ჰქონდა და რასაკვირველია, მან ძალიან კარგად იცოდა ებრაული წერილები. ამიტომაც, როცა ეშმაკი ცდიდა, იესომ არაერთხელ მიუთითა საღვთო წერილზე და თქვა: „დაწერილია“ (მათე 4:4, 7, 10). ერთხელ, ნაზარეთის სინაგოგაში მან საჯაროდ წაიკითხა და თქვა, რომ ესაიას წინასწარმეტყველებიდან წაკითხული ნაწყვეტი მას ეხებოდა (ლუკა 4:16–21). მაგრამ რა შეიძლება ითქვას იესოს მოციქულების შესახებ? თავიანთ წიგნებში ისინი ხშირად ციტირებდნენ ებრაულ წერილებს. თუმცა იუდეველ მმართველებს პეტრე და იოანე უწიგნურებად და დაბალი დონის ადამიანებად მიაჩნდათ, რადგან მათ ებრაული სკოლების უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ, მათი დაწერილი ღვთის ინსპირირებული წერილები ნათლად ამტკიცებს, რომ კარგი წერა-კითხვა იცოდნენ (საქმეები 4:13). მაგრამ ნამდვილად ასე მნიშვნელოვანია, გქონდეს კითხვის უნარი?
‘ნეტარია ხმამაღლა წამკითხველი’
3. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საღვთო წერილისა და ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვა?
3 საღვთო წერილის ზუსტი შემეცნების შეცნობასა და გამოყენებას მოაქვს საუკუნო სიცოცხლე (იოანე 17:3). ამიტომ იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იკითხონ და ისწავლონ საღვთო წერილი და ქრისტიანული პუბლიკაციები, რომლებსაც ღმერთი გვაწვდის ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ერთგული და გონიერი მონის კლასის საშუალებით (მათე 24:45–47). სინამდვილეში, საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული, სპეციალურად ამ მიზნისთვის განზრახული პუბლიკაციების გამოყენებით, ათასობით ადამიანი სწავლობს კითხვას და ამრიგად იძენს ღმერთის სიტყვის სიცოცხლის მომტან შემეცნებას.
4. ა) რატომ იწვევს ბედნიერებას ღმერთის სიტყვის კითხვა, შესწავლა და ცხოვრებაში გამოყენება? ბ) რა უთხრა პავლემ ტიმოთეს კითხვასთან დაკავშირებით?
4 ღმერთის სიტყვის კითხვას, შესწავლასა და ცხოვრებაში გამოყენებას ბედნიერება მოაქვს. ეს ხდება იმიტომ, რომ ყოველივე ამის შესრულებით ჩვენ ვახარებთ და პატივს ვცემთ ღმერთს, მისგან კურთხევას ვღებულობთ და სიხარულს განვიცდით. იეჰოვას სურს, რომ თავისი მსახურები ბედნიერები იყვნენ. ამიტომაც უბრძანებდა მღვდლებს, ეკითხათ მისი კანონი ძველ ისრაელში მცხოვრები ხალხისთვის (მეორე რჯული 31:9–12). როცა მწიგნობარმა ეზრამ და სხვებმა წაუკითხეს კანონი იერუსალიმში შეკრებილ მთელ ხალხს, მათ ნათელყვეს მისი მნიშვნელობა და ამას ‘დიდი სიხარული’ მოჰყვა (ნეემია 8:6–8, 12). მოგვიანებით თავის თანამშრომელ ტიმოთეს ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ უთხრა: „ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:13). სხვა თარგმანში წერია: „მიუძღვენი თავი საღვთო წერილის საჯაროდ კითხვას“ („ახალი საერთაშორისო ვერსია“ [New International Version]).
5. როგორ აკავშირებს ბედნიერებას კითხვასთან გამოცხადების 1:3?
5 ის, რომ ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია ღმერთის სიტყვის კითხვასა და ცხოვრებაში გამოყენებაზე, ნათლად არის გამოხატული გამოცხადების 1:3-ში. იქ ნათქვამია: „ნეტარია [ხმამაღლა, აქ] წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი“. დიახ, ჩვენ ხმამაღლა უნდა ვკითხულობდეთ და ვისმენდეთ გამოცხადებაში და მთელ ბიბლიაში ჩაწერილ ღმერთის წინასწარმეტყველურ სიტყვებს. ნამდვილად ბედნიერი პიროვნება ის არის, ვისაც ‘უფლის რჯულში აქვს მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს დღედაღამ’. რა მოჰყვება ამას? ‘ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებული იქნება’ (ფსალმუნი 1:1–3). ამიტომ კეთილი მიზნებით აღძრული იეჰოვას ორგანიზაცია მოგვიწოდებს თითოეულს, რომ პირადად, ოჯახში და მეგობრებთან ერთად ვკითხულობდეთ და ვსწავლობდეთ ღმერთის სიტყვას.
ყველანაირად შეეცადე, იფიქრო და ჩაუფიქრდე
6. რისი კითხვა ებრძანა იესო ნავეს ძეს და როგორი სასარგებლო იყო ეს?
6 როგორ შეგიძლია მიიღო ყველაზე მეტი სარგებელი ღმერთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვით? შენ, ალბათ, გესმის, რომ სასარგებლოა ძველი ისრაელის ღვთისმოშიში წინამძღოლის, იესო ნავეს ძის მსგავსად მოქმედება. მას ებრძანა: „ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე [დაბალი ხმით კითხულობდე მას, აქ], რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება“ (იესო ნავეს ძე 1:8). ‘დაბალი ხმით კითხვა’ ნიშნავს დაბალი ტონით შენთვის სიტყვების წარმოთქმას. ეს ხელს უწყობს დამახსოვრებას, რადგან ამგვარად მასალა გონებაში იბეჭდება. ღმერთის კანონი იესო ნავეს ძეს „დღითა და ღამით“ უნდა ეკითხა, ანუ რეგულარულად. ეს აძლევდა საშუალებას, ყოფილიყო წარმატებული და ბრძნულად შეესრულებინა ღმერთის მოცემული მოვალეობები. ღმერთის სიტყვის ასეთი რეგულარული კითხვა შენც დაგეხმარება.
7. ღმერთის სიტყვის კითხვისას სისწრაფეზე ფიქრიც კი რატომ არ უნდა დავუშვათ?
7 ღმერთის სიტყვის კითხვისას ფიქრიც არ დაუშვა სისწრაფეზე. თუ ბიბლიის ან რომელიმე ქრისტიანული პუბლიკაციის წასაკითხად გარკვეული დრო გაქვს განკუთვნილი, მშვიდად წაიკითხე იმ პერიოდის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა შესწავლისას მიზნად გაქვს დასახული, დიდმნიშვნელოვანი აზრების დამახსოვრება. ამასთანავე, როცა კითხულობ, ყველანაირად შეეცადე იფიქრო წაკითხულზე. გააანალიზე ბიბლიის მწერლის ცნობები. ჰკითხე საკუთარ თავს: „რა დანიშნულება აქვს ამას? როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება?“
8. რატომ არის სასარგებლო ჩაფიქრება საღვთო წერილის კითხვის დროს?
8 გამოყავი დრო, რომ საღვთო წერილის კითხვისას ჩაუფიქრდე მას. ეს დაგეხმარება ბიბლიის ცნობების დამახსოვრებასა და მისი პრინციპების გამოყენებაში. აგრეთვე ღმერთის სიტყვაზე ფიქრი და ამრიგად ძირითადი ბიბლიური აზრების დამახსოვრება მოგცემს შესაძლებლობას, რომ დაინტერესებული პირებისთვის ზუსტი პასუხების გაცემისას ილაპარაკო გულწრფელად, ნაცვლად იმისა, რომ მოგვიანებით ინანო იმაზე, რაც წამოგცდა. ღმერთის ინსპირირებულ იგავში ნათქვამია: „მართლის გული პასუხს წონის“ (იგავნი 15:28).
დაუკავშირე ახალი აზრები ძველს
9, 10. როგორ შეგიძლია გაიუმჯობესო ბიბლიის კითხვა ახალი ბიბლიური აზრების უკვე ნაცნობ აზრებთან დაკავშირების საშუალებით?
9 ქრისტიანების უმრავლესობა დაეთანხმება იმ აზრს, რომ ერთ დროს მათ ცოტა იცოდნენ ღმერთის, მისი სიტყვისა და მიზნების შესახებ. მაგრამ დღეს ამ ქრისტიან მსახურებს შეუძლიათ შემოქმედებიდან და ადამიანის მიერ ცოდვის ჩადენიდან დაწყებული, განმარტონ ქრისტეს მსხვერპლის მიზანი, შეუძლიათ მოუთხრონ ადამიანებს ბოროტი სისტემის განადგურების შესახებ და აჩვენონ, როგორ იქნება კურთხეული მორჩილი კაცობრიობა საუკუნო სიცოცხლით სამოთხეში დედამიწაზე. უმთავრესად ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლის საშუალებით იეჰოვას ამ მსახურებმა ‘მოიპოვეს ღვთისშემეცნება’ (იგავნი 2:1–5). ახალ აზრებს ისინი თანდათან უკავშირებენ ძველს, რომლებიც უკვე შეიგნეს.
10 ახალი ბიბლიური აზრების უკვე ნაცნობ აზრებთან დაკავშირება სასარგებლოა და ჯილდოს მომტანია (ესაია 48:17). როცა ბიბლიის კანონებს, პრინციპებს ან რამე აბსტრაქტულ აზრებსაც კი ხვდები, დაუკავშირე ისინი იმას, რაც უკვე იცი. შეათანხმე ეს ინფორმაცია იმასთან, რაც ისწავლე ‘საღი სიტყვების ნიმუშის’ შესახებ (2 ტიმოთე 1:13). მოძებნე ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარება ღმერთთან დამოკიდებულების გაძლიერებაში, ქრისტიანული პიროვნების გაუმჯობესებაში ან ხელს შეგიწყობს, რომ სხვებს გაუზიარო ბიბლიის ჭეშმარიტებები.
11. რას უნდა აკეთებდე, როცა კითხულობ ბიბლიის რჩევას ყოფაქცევასთან დაკავშირებით? აღწერე.
11 ყოფაქცევასთან დაკავშირებით ბიბლიური რჩევის კითხვისას შეეცადე ჩასწვდე მასში ჩაქსოვილ პრინციპს. ჩაუფიქრდი მას და გადაწყვიტე, რას გააკეთებდი მსგავს შემთხვევაში. იაკობის ძე იოსები ყოველთვის უარყოფდა ფოტიფარის ცოლთან სექსუალურ უზნეობაში ჩაბმას, რადგან ამბობდა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ (დაბადება 39:7–9). ამ ამაღელვებელ ცნობაში შენ ხედავ ძირითად პრინციპს — სექსუალური უზნეობა არის ცოდვა ღმერთის წინაშე. გონებაში შენ შეგიძლია დააკავშირო ეს პრინციპი ღმერთის სიტყვის სხვა ცნობებთან და ისარგებლო ამ შემეცნებით მსგავს ცუდ საქციელთან დაკავშირებული განსაცდელის შემთხვევაში (1 კორინთელთა 6:9–11).
წარმოისახე ბიბლიური შემთხვევები
12. რატომ უნდა წარმოისახო ბიბლიური ცნობები მათი კითხვისას?
12 კითხვისას გონებაში აზრების ჩასაბეჭდად წარმოისახე მიმდინარე მოვლენები. გონებით შეხედე იმ მხარეს, სახლებს, ადამიანებს. მოისმინე მათი ხმები. იყნოსე პურის სუნი, რომელიც თონეში ცხვება. კვლავ გაიხსენე მოქმედების ადგილი. ამ დროს კითხვა იქნება შენთვის გულში ჩამწვდომი განცდა, რადგან შენ შეძლებ იხილო ძველი ქალაქი, ახვიდე მაღალ მთაზე, გაოცდე შემოქმედების სასწაულებით ან შეუერთდე მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მტკიცე რწმენა გამოავლინეს.
13. როგორ აღწერდი მსაჯულნის 7:19–22-ში ჩაწერილ ამბავს?
13 დავუშვათ, კითხულობ მსაჯულნის 7:19–22. წარმოიდგინე რა ხდება. მსაჯული გედეონი და სამასი ძლიერი ისრაელი ვაჟკაცი დგანან მიდიანელთა ბანაკის საზღვარზე. საღამოს დაახლოებით ათი საათია, „შუა სახმილავი“ იწყება. მიდიანელთა გუშაგები ახალი შეცვლილები არიან და წყვდიადმა დაფარა ისრაელის ძილმორეული მტრების ბანაკი. შეხედე! გედეონსა და მის ვაჟკაცებს ბუკები აქვთ. მარცხენა ხელში დიდი დოქებით დაფარული კვარები უჭირავთ. მოულოდნელად სამივე რაზმმა, რომელთაგან თითოეული ასი ვაჟკაცისგან შედგებოდა, ბუკსა ჰკრა, დაამსხვრია დოქები, ასწია კვარები და შესძახა: „იეჰოვას და გედეონის მახვილი!“ (აქ) ახლა ბანაკს გადახედე. ნახე, მიდიანელთა მთელი ბანაკი იშლება და ღრიალებს! იმ დროს, როცა სამასი ვაჟკაცი ბუკს სცემს, ღმერთი ერთმანეთზე აღამართვინებს მიდიანელებს მახვილებს. ისრაელი დევნის მიდიანს და იეჰოვა აძლევს მას გამარჯვებას.
ძვირფასი გაკვეთილების სწავლა
14. როგორ უნდა იყოს გამოყენებული მსაჯულნის მეცხრე თავი ბავშვებისთვის იმის სასწავლებლად, რომ თავმდაბლები უნდა იყვნენ?
14 ღმერთის სიტყვის კითხვისას ჩვენ მრავალ გაკვეთილს ვსწავლობთ. მაგალითად, შესაძლოა შენ გსურს ჩააგონო შენს ბავშვებს, რომ თავმდაბლები უნდა იყვნენ. ამ შემთხვევაში ადვილად წარმოსადგენი და გასაგები უნდა იყოს ის, რაც ითქვა წინასწარმეტყველებაში გედეონის ძის, იოთამის შესახებ. დაიწყე კითხვა მსაჯულნის 9:8-დან. „გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ“ — თქვა იოთამმა. ზეთისხილმა, ლეღვმა და ვაზმა არ ინდომეს მმართველობა. მაგრამ უღირსი კვრინჩხი სიხარულით შეხვდა ასეთ შესაძლებლობას. შენი ბავშვებისთვის ამ ცნობის ხმამაღლა წაკითხვისას შეგიძლია ახსნა, რომ სასარგებლო მცენარეები წარმოადგენდნენ ღირსეულ პირებს, რომლებიც არ ეძებდნენ თანამოძმე ისრაელებზე მმართველი მეფის მდგომარეობას. კვრინჩხი, რომელიც მხოლოდ დასაწვავად ვარგოდა, წარმოადგენდა ამაყი, მკვლელი აბიმელექის მმართველობას, რომელსაც სურდა სხვებზე ბატონობა, მაგრამ მოკლეს, რითაც შესრულდა იოთამის წინასწარმეტყველება (მსაჯულნი, თავი 9). რომელი ბავშვი ისურვებდა გაზრდილიყო და კვრინჩხს დამსგავსებოდა?
15. როგორ აღინიშნება წიგნში „რუთი“ ურყევი ერთგულების დიდი მნიშვნელობა?
15 ურყევი ერთგულების დიდი მნიშვნელობა თვალნათლივ ჩანს ბიბლიის წიგნში „რუთი“. დავუშვათ, შენი ოჯახის წევრები რიგრიგობით კითხულობენ ამ ცნობას და ცდილობენ, ჩასწვდნენ მის შინაარსს. შენ ხედავ მოაბელ რუთს ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე თავის დაქვრივებულ დედამთილთან, ნაყომისთან ერთად და გესმის რუთის სიტყვები: „შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). შრომისმოყვარე რუთის ნახვა შეიძლება ბოყაზის ყანაში, ნამკალში მომკელების უკან დარჩენილი თავთავების აკრეფისას. შენ გესმის მის მიმართ ბოყაზის თავაზიანი სიტყვები: „მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთი 3:11). მოკლე ხანში ბოყაზი რუთს ცოლად ირთავს. მაზლთან დაქორწინების წესის თანახმად, მან ბოყაზისგან უშვა ძე „ნაყომის“. რუთი გახდა დავითის და საბოლოოდ იესო ქრისტეს წინაპარი. ამრიგად, მან „სრული საზღაური“ მიიღო. მაგრამ ყოველივე ამაზე მეტად ამ ბიბლიური ცნობის მკითხველები სწავლობენ ძვირფას გაკვეთილს: იყავი იეჰოვასადმი ერთგული და დიდად კურთხეული იქნები (რუთი 2:12; 4:17–22; იგავნი 10:22; მათე 1:1, 5, 6).
16. როგორ გამოცდას დაექვემდებარა სამი ებრაელი და როგორ გვეხმარება ეს ცნობა?
16 ცნობა ებრაელების შესახებ, რომელთაც ერქვათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო, დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ღმერთისადმი ერთგულება მძიმე მდგომარეობებში. „დანიელის“ მესამე თავის ხმამაღლა კითხვისას წარმოიდგინე ეს შემთხვევა. უზარმაზარი ოქროს კერპი აღმართულია დურას ველზე, სადაც ბაბილონელი მოხელეები იკრიბებიან. მუსიკალური ინსტრუმენტების ხმაზე ისინი ეცემიან ძირს და თაყვანს სცემენ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ კერპს. ამას ყველა აკეთებს შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს გარდა. თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ, ისინი ეუბნებიან მეფეს, რომ არ ემსახურებიან მის ღმერთებს და არც ოქროს კერპს სცემენ თაყვანს. ამ ახალგაზრდა ებრაელებს ყრიან ძალიან გავარვარებულ ღუმელში. მაგრამ ეს რა ხდება? ღუმელში ჩახედვისას მეფე ხედავს ოთხ ცოცხალ მამაკაცს, რომელთაგან ერთი „შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს“ (დანიელი 3:92). სამი ებრაელი გამოჰყავთ ღუმლიდან და ნაბუქოდონოსორი მათ ღმერთს აკურთხებს. მართლაც ღირს გონებაში ამ ცნობის წარმოსახვა. და რამდენად დიდ გაკვეთილს გვაძლევს ეს შემთხვევა განსაცდელში იეჰოვასადმი ერთგულებასთან დაკავშირებით!
ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვიდან სარგებლის მიღება
17. მოკლედ ჩამოთვალე ზოგიერთი სასარგებლო საკითხი, რომელიც შენს ოჯახს შეუძლია ისწავლოს ბიბლიის ერთად კითხვისას.
17 შენი ოჯახი მრავალ სარგებელს მიიღებს, თუ რეგულარულად გამოყოფთ დროს ბიბლიის ერთად კითხვისთვის. დაწყებული „დაბადებიდან“ შენ შეგიძლია წარმოიდგინო შექმნის პროცესი და შეიხედო ადამიანის თავდაპირველ სახლში, სამოთხეში. შენც შეგიძლია შეიგრძნო ერთგული პატრიარქებისა და მათი ოჯახების განცდები და მიჰყვე ისრაელებს მეწამულ ზღვაში ფეხის დაუსველებლად გადასვლისას. შენ შეგიძლია იხილო ჭაბუკი მწყემსი დავითი, რომელმაც ფილისტიმელ გოლიათზე გაიმარჯვა. შენს ოჯახს შეუძლია დაინახოს იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის მშენებლობა, ბაბილონელთა ჯარებისგან მისი დანგრევა და თვალი ადევნოს მმართველი ზერუბაბელის ხელმძღვანელობით მის აღდგენას. ბეთლემის მახლობლად უბრალო მწყემსებთან ერთად შენ შეგიძლია მოისმინო ანგელოზის ცნობა იესოს დაბადების შესახებ. შეგიძლია გაიგო წვრილმანები მისი ნათლობისა და მსახურების შესახებ, შეგიძლია იხილო ის, როცა თავისი სიცოცხლე მსხვერპლად გასწირა და სხვებთან ერთად გაიხარო მისი აღდგენის გამო. შემდეგ, შეგიძლია იმგზავრო მოციქულ პავლესთან ერთად და თვალყური ადევნო ქრისტიანობის გავრცელებისას ახალი კრებების ჩამოყალიბებას. მოგვიანებით, შენს ოჯახს ექნება შესაძლებლობა, გაიხაროს წიგნში „გამოცხადება“ ჩაწერილი მოციქული იოანეს დიდებული ხილვით, რომელიც მომავალსა და ამასთანავე ქრისტეს ათასწლიან მმართველობას ეხება.
18, 19. რა რჩევები ეძლევა ოჯახებს ბიბლიის ოჯახურ კითხვასთან დაკავშირებით?
18 თუ ოჯახთან ერთად ხმამაღლა კითხულობ ბიბლიას, იკითხე ის მკაფიოდ და ენთუზიაზმით. საღვთო წერილის ზოგიერთი ნაწილის კითხვისას, ოჯახის ერთ-ერთ წევრს — ალბათ მამას — შეუძლია წაიკითხოს ძირითადი შინაარსი. დანარჩენებს შეგიძლიათ გაინაწილოთ ბიბლიური პერსონაჟების როლები და შესაფერისი გრძნობით წაიკითხოთ თქვენთვის განკუთვნილი ნაწილი.
19 ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვის საშუალებით, შეგიძლია გაიუმჯობესო კითხვის უნარი. მოსალოდნელია, რომ ამის შედეგად ღმერთის შესახებ შემეცნება გაიზრდება და ეს დაგაახლოებს მასთან. ასაფი მღეროდა: „ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე“ (ფსალმუნი 72:28). ეს დაეხმარება შენს ოჯახს, იყოს მოსეს მსგავსი, რომელიც ‘მტკიცე იყო, თითქოს უხილავს’, იეჰოვა ღმერთს ‘ხედავდა’ (ებრაელთა 11:27).
კითხვა და ქრისტიანული მსახურება
20, 21. როგორ უკავშირდება კითხვის უნარს დავალება ქადაგების შესახებ?
20 ‘უხილავისადმი’ თაყვანისმცემლობის დიდმა სურვილმა უნდა აღგვძრას, ვიმუშაოთ იმაზე, რომ კარგი მკითხველები ვიყოთ. კარგად კითხვის უნარი გვეხმარება ღმერთის სიტყვიდან დამოწმებაში. კარგად კითხვა ნამდვილად გვეხმარება, შევასრულოთ სამეფოს შესახებ ქადაგების სამსახური, რომელიც იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, როცა თქვა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). დამოწმება არის იეჰოვას ხალხის მთავარი საქმიანობა და კითხვის უნარი გვეხმარება მის შესრულებაში.
21 საჭიროა ძალისხმევა, რომ იყო კარგი წამკითხველი და ღმერთის სიტყვის უნარიანი მასწავლებელი (ეფესელთა 6:17). ამიტომ „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად. . . ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). კითხვისადმი თავის მიძღვნით გაზარდე ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ შემეცნება და იეჰოვას მოწმისთვის შესაფერისი უნარი.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ არის დამოკიდებული ბედნიერება ღმერთის სიტყვის კითხვაზე?
◻ რატომ უნდა ჩავუფიქრდეთ ბიბლიაში წაკითხულს?
◻ რატომ უნდა დავაკავშიროთ ახალი აზრები შესწავლილთან და წარმოვისახოთ საღვთო წერილში წაკითხული?
◻ რომელი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ ბიბლიის კითხვიდან?
◻ რატომ უნდა ვკითხულობდეთ ბიბლიას ხმამაღლა ოჯახთან ერთად და რა კავშირი აქვს კითხვას ქრისტიანულ მსახურებასთან?
[სურათები 11 გვერდზე]
ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვისას, წარმოისახეთ ცნობების შინაარსი და ჩაუფიქრდით მათ მნიშვნელობას.