-
რა არის ნამდვილი წარმატება?გამოიღვიძეთ! — 2014 | ოქტომბერი
-
-
მთავარი თემა
რა არის ნამდვილი წარმატება?
წარუმატებლობაზე უარესი მოჩვენებითი წარმატებაა. წარუმატებლობის შემთხვევაში ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მდგომარეობა გამოასწოროთ. სხვა თუ არაფერი, გამოცდილებას მაინც შეიძენთ და მომავალში საქმეს უკეთ გაართმევთ თავს.
მოჩვენებითი წარმატების შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარადაა. ამ დროს შეიძლება ფიქრობთ, რომ საქმე კარგად მიგდით, სინამდვილეში კი პირიქით ხდება. და როცა მიხვდებით, რომ ცვლილებები გაქვთ მოსახდენი, შეიძლება უკვე ძალიან გვიანი იყოს.
მაგალითად, ერთხელ იესო ქრისტემ ასეთი კითხვა დასვა: „კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, სულს თუ დაკარგავს?“ (მათე 16:26). ეს სიტყვები კარგად მიესადაგება მათ, ვინც მთელ ცხოვრებას ფულის მოხვეჭასა და ფუფუნების საგნების შეძენას უძღვნის. სწორედ ასეთია მოჩვენებითი წარმატება. ტომ დენემი, რომელიც ადამიანებს პროფესიის შერჩევაში ეხმარება, ამბობს: „გამუდმებით მორიგ წარმატებაზე ფიქრს, სულ უფრო და უფრო მეტი ფულისა და ნივთების შეძენას, კმაყოფილება არ მოაქვს. იმის დაჯერება, რომ წარმატება მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული, უაზრობაა და შინაგანი სიცარიელის მეტს არაფერს მოგიტანთ“.
ტომ დენემს ალბათ ბევრი დაეთანხმებოდა. შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის დროს რესპოდენტებს სთხოვეს, წარმატების მისაღწევად ჩამოთვლილი 22 ფაქტორიდან თანმიმდევრულად დაესახელებინათ, რას ანიჭებდნენ უპირატესობას. სიის თავში მოხვდა ჯანმრთელობა, კარგი ურთიერთობები და საყვარელი საქმის კეთება. ბევრი ფულის ქონამ მე-20 ადგილი დაიკავა.
აშკარაა, რომ ადამიანებს თეორიულად შეუძლიათ განასხვაონ ნამდვილი წარმატება მოჩვენებითისგან. მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, უჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება.
-
-
პირადად თქვენ რით განსაზღვრავთ წარმატებას?გამოიღვიძეთ! — 2014 | ოქტომბერი
-
-
მთავარი თემა | რა არის ნამდვილი წარმატება?
პირადად თქვენ რით განსაზღვრავთ წარმატებას?
საკუთარი თავის შესამოწმებლად, დაფიქრდით ქვემოთ მოყვანილ პირობით სიტუაციებზე.
როგორ ფიქრობთ, რომელია ამათგან ნამდვილად წარმატებული?
ალექსი
ალექსის საკუთარი ბიზნესი აქვს. ის პატიოსანი, შრომისმოყვარე და თავაზიანი კაცია. ალექსი წარმატებული ბიზნესმენია, რის შედეგადაც თავის ცოლ-შვილთან ერთად კომფორტულად ცხოვრობს.
ანდრო
ანდროს ისეთივე ბიზნესი აქვს, როგორიც ალექსის, მაგრამ მასზე ბევრად მეტ ფულს შოულობს. უპირატესობის მოსაპოვებლად ანდრო დღე და ღამეს ასწორებს. ამის გამო, მას არაერთი დაავადება აწუხებს.
მერი
მერი საშუალო სკოლის მოსწავლეა. მას უყვარს სწავლა და მთელი გულმოდგინებით სწავლობს, შედეგად ის კარგ ნიშნებს იღებს.
ელენე
ელენე მერიზე უკეთეს ნიშნებს იღებს და საუკეთესო მოსწავლეთა რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ, სინამდვილეში, ის გამოცდებზე ყოველთვის იწერს და ცოდნის შეძენა დიდად არ აინტერესებს.
თუკი წარმატებულ ადამიანებად ანდროს და ელენეს დაასახელებდით ან ოთხივე მათგანს, გამოდის რომ, წარმატებას მხოლოდ მიღწეული შედეგებით აფასებთ და თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა საშუალებებით იქნა მოპოვებული ეს წარმატება.
მაგრამ, თუ მხოლოდ ალექსის და მერის თვლით წარმატებულ ადამიანებად, ჩანს რომ, წარმატებას ადამიანის პიროვნული თვისებებითა და საქმისადმი მიდგომით აფასებთ, რაც ნამდვილად გონივრულია. დაფიქრდით:
ხანგრძლივი კეთილდღეობისთვის მერის რა უფრო გამოადგება: მაღალი ნიშნები თუ სწავლის სიყვარული?
ალექსის ბავშვებისთვის რა არის უკეთესი: ის, რომ ყველაფერი აქვთ, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, თუ ის, რომ ჰყავთ მამა, რომელიც მათთან ერთად ატარებს დროს?
დასკვნა: მოჩვენებითი წარმატება გარეგნული ფაქტორებით განისაზღვრება, ნამდვილი წარმატება კი — სწორი ფასეულობებით.
-
-
როგორ მივაღწიოთ ნამდვილ წარმატებასგამოიღვიძეთ! — 2014 | ოქტომბერი
-
-
მთავარი თემა | რა არის ნამდვილი წარმატება?
როგორ მივაღწიოთ ნამდვილ წარმატებას
ბიბლია სწორ წარმოდგენას გვიქმნის წარმატებაზე. ის არ ასწავლის, რომ წარმატება მხოლოდ ერთეულების, ისიც იღბლიანების ხვედრია. მეორე მხრივ, ბიბლია არც ისეთ ზღაპრებს უჭერს მხარს, რომ ერთხელაც ყველა ოცნება აგვიხდება. ხშირად ბავშვებს ხომ პატარაობიდანვე ასეთი აზრებით კვებავენ, რასაც უთუოდ გულგატეხილობა მოჰყვება.
სინამდვილეში, ყველას შეუძლია მიაღწიოს ნამდვილ წარმატებას, უბრალოდ ამას ძალისხმევა სჭირდება. დავფიქრდეთ რამდენიმე ბიბლიურ პრინციპზე.
ბიბლიაში წერია:
„ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში: ფულის სიყვარულს ადამიანისთვის კმაყოფილება არ მოაქვს. სინამდვილეში, პირიქით ხდება. „ის ადამიანები, რომელთა მოტივაციაც გამდიდრებაა, უფრო ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და უფრო ხშირად ღიზიანდებიან, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ადამიანური ურთიერთობები ფულზე მაღლა დგას“, — აღნიშნავს ჯინ თუენგი თავის წიგნში „ეგოცენტრული თაობა“. ის დასძენს: „არაერთი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ბედნიერება ფულზე არ იყიდება. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცხოვრების ნორმალურ პირობებს შეიქმნის, კმაყოფილების განცდა შემოსავალზე უკვე აღარ არის დამოკიდებული“.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ: დაისახეთ უფრო ღირებული მიზანი, ვიდრე სიმდიდრისა და ქონების დაგროვებაა. იესომ თქვა: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).
ბიბლიაში წერია:
„სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავები 16:18).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში: ამბიცია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად ვერ მოგიტანთ წარმატებას. წიგნში „კარგიდან უკეთესისკენ“ აღნიშნულია, რომ კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, „იძულებულნი არიან გამოავლინონ მოკრძალება, თავმდაბლობა და თავშეკავება. ამის საპირისპიროდ, კომპანიების ხელმძღვანელების ორი მესამედი უსაზღვროდ ეგოცენტრულია, რასაც საბოლოო ჯამში კომპანია გაკოტრებამდე ან წარუმატებლობამდე მიჰყავს“. რის სწავლა შეგვიძლია აქედან? საკუთარ თავზე გადამეტებულ ფიქრს, წარმატების ნაცვლად მარცხი მოაქვს.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ: იმის ნაცვლად, რომ სახელის მოხვეჭაზე იფიქროთ, მოკრძალება განივითარეთ. ბიბლია ამბობს: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს“ (გალატელები 6:3).
ბიბლიაში წერია:
„კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ . . . სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლესიასტე 2:24).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში: თუ კარგ სამუშაო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებთ, სამუშაო უთუოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. პროფესორი მადლენ ლევაინი თავის წიგნში „სწორად აღზარდეთ შვილები“ წერს: „ნაწილობრივ წარმატების შეგრძნება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გამოგდით ეს საქმე და კარგად რომ გამოგივიდეთ, უმეტესწილად საჭიროა ძალისხმევა და შეუპოვრობა“. ამაში ისიც შედის, რომ ჩავარდნების დროს ფარ-ხმალი არ დაყაროთ.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ: საქმეში რომ დახელოვნდეთ, ძალები არ დაიშუროთ და სირთულეების დროს გული არ აიცრუოთ. თუ შვილები გყავთ, მიეცით მათ იმის საშუალება (ასაკისა და უნარის გათვალისწინებით), რომ თავად გაართვან თავი პრობლემებს. ნუ იჩქარებთ მათი პრობლემების თავად მოგვარებას. ახალგაზრდებს ძალიან სიამოვნებთ, როცა სწავლობენ, როგორ მოაგვარონ პრობლემები, რაც მათ დიდობაშიც გამოადგებათ.
ბიბლიაში წერია:
„ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობია“ (ეკლესიასტე 9:4).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში: თუ სამსახური გაქვთ, სამუშაო თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს და არა მთელი თქვენი ცხოვრება. განა შეიძლება თავი წარმატებულად ჩათვალოთ, თუ კარიერის მწვერვალზე მოექცევით, მაგრამ ჯანმრთელობას და ოჯახის წევრების პატივისცემას დაკარგავთ? ნამდვილად წარმატებული ადამიანები ცდილობენ, სამუშაო, ჯანმრთელობა და ოჯახური ცხოვრება ერთმანეთთან გააწონასწორონ.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ: იზრუნეთ საკუთარ თავზე. საკმარისი დრო დაუთმეთ დასვენებას. თუ სამუშაოს გადაჰყვებით, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მას ეწირება ყველაფერი — ჯანმრთელობა, ოჯახი და მეგობრობა.
ბიბლიაში წერია:
„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში: ბიბლიის შესწავლა და მისი პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება აუცილებელი ფაქტორებია ნამდვილი წარმატების მისაღწევად. მილიონობით იეჰოვას მოწმემ საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ მას შემდეგ, რაც ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი სულიერ საკითხებს მიანიჭა, მატერიალურ საზრუნავზე ნაკლებად წუხდა (მათე 6:31—33).
რა შეგიძლიათ გააკეთოთ: გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ბიბლიის დახმარებით ნამდვილად წარმატებული გახდეთ. მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr2711.com
-