საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იობი — მოთმინებისა და ერთგულების მაგალითი
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აგვისტო
    • იობი — მოთმინებისა და ერთგულების მაგალითი

      „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“ (იობი 1:8, აქ).

      1, 2. ა) რა უბედურება დაატყდა თავს იობს მოულოდნელად? ბ) როგორ ცხოვრობდა იობი, ვიდრე უბედურება დაატყდებოდა?

      დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა — სიმდიდრე, კარგი სახელი, ჯანმრთელობა და ბედნიერი ოჯახი. მოულოდნელად, მას ზედიზედ სამი დიდი უბედურება დაატყდა. ერთ ღამეში მან მთელი თავისი ქონება დაკარგა. უეცრად ამოვარდნილი ქარიშხლის შედეგად მას ათივე შვილი დაეღუპა. ამის შემდეგ ის მძიმედ დაავადდა და მთელი სხეული დაუწყლულდა. ალბათ, მიხვდით, რომ ეს მამაკაცი იობია. იგი ბიბლიის იმ წიგნის მთავარი პერსონაჟია, რომელიც მისი სახელით იწოდება (იობი, თავები 1, 2).

      2 „ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში“, — ამბობდა იობი (იობი 3:3; 29:2). ვის არ გაახსენდება უბედურების დროს წარსულის მშვიდი დღეები?! ერთი შეხედვით, იობს არ უნდა დამართოდა ასეთი რამ, რადგან პატიოსანი ადამიანი იყო. პატივდებული ადამიანები აფასებდნენ მას და რჩევისთვის მიმართავდნენ (იობი 29:5—11). ის მდიდარი იყო, მაგრამ სიმდიდრეზე გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა (იობი 31:24, 25, 28). იობი ეხმარებოდა გაჭირვებულ ქვრივ–ობლებს (იობი 29:12—16). ის არც ცოლს ღალატობდა (იობი 31:1, 9, 11).

      3. რას ფიქრობდა იეჰოვა იობზე?

      3 იობი უმწიკვლოდ ცხოვრობდა, რადგან ღვთის თაყვანისმცემელი იყო. მის შესახებ იეჰოვამ თქვა: „არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“ (იობი 1:1, 8, აქ). ამის მიუხედავად, უბედურებამ წერტილი დაუსვა მის მშვიდ ცხოვრებას. იობმა დაკარგა ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება აგროვებდა. მან დიდი ტკივილი მიიღო და იმედგაცრუება დაეუფლა, რის გამოც მისი ხასიათის სიმტკიცე გამოიცადა.

      4. რატომ ღირს იობის განსაცდელზე დაფიქრება?

      4 რასაკვირველია, იობი არ იყო ღვთის ერთადერთი მსახური, რომელიც ცხოვრებაში სერიოზულ განსაცდელს შეხვდა. დღეს ბევრი ქრისტიანი განიცდის დიდ სირთულეებს. ამიტომ ღირს დავფიქრდეთ ორ კითხვაზე: როგორ გვეხმარება იობის განსაცდელზე ფიქრი, როდესაც თავად ვხვდებით განსაცდელს? როგორ გვეხმარება მისი შემთხვევა, გასაჭირში მყოფთა მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოვავლინოთ?

      ერთგულების გამოცდა

      5. სატანის სიტყვების თანახმად, რატომ ემსახურებოდა იობი ღმერთს?

      5 იობის შემთხვევა გამონაკლისი იყო. ეშმაკი ამტკიცებდა, რომ ის გულწრფელად არ ემსახურებოდა ღმერთს. ამ საკამათო საკითხის შესახებ თავად იობმა არაფერი იცოდა. როდესაც ზეცაში სულიერი ქმნილებები შეიკრიბნენ, იეჰოვამ ყურადღება გაამახვილა იობის კარგ თვისებებზე. ამაზე სატანამ მიუგო: „განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ?“ ამგვარად სატანამ განაცხადა, რომ იობს ეგოისტური მიზნები ამოძრავებდა. ეს განაცხადი, ფაქტობრივად, ღვთის ყველა მსახურს ეხებოდა. სატანამ იეჰოვას უთხრა: „ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:8—11).

      6. რა საკამათო საკითხი წამოჭრა სატანამ?

      6 ეს საკმაოდ სერიოზული საკითხი იყო. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამდენად სამართლიანად მართავდა იეჰოვა სამყაროს. შეეძლო ღმერთს სამყარო სიყვარულით ემართა? თუ, როგორც სატანა ამტკიცებდა, საბოლოოდ მაინც ეგოიზმი გაიმარჯვებდა? იეჰოვამ დართო ეშმაკს იობის გამოცდის ნება, რადგან დარწმუნებული იყო თავისი მსახურის უმწიკვლობასა და ერთგულებაში. სატანამ იობს ზედიზედ რამდენიმე უბედურება დაატეხა თავს. როდესაც დაინახა, რომ არაფერი გამოუვიდა, მან იობს საშინელი სენი შეჰყარა. ეშმაკი ამტკიცებდა: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4).

      7. რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ დღეს იობის მსგავსად ღვთის მსახურები?

      7 ქრისტიანთა უმრავლესობა დღეს იობის მსგავს განსაცდელებს არ ხვდება, თუმცა მათ უწევთ სხვადასხვა სირთულის წინაშე დგომა. ბევრი დევნას ან ოჯახურ პრობლემებს აწყდება. ეკონომიკური სიდუხჭირე ან ავადმყოფობა შეიძლება სერიოზულ განსაცდელად იქცეს. ზოგმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო რწმენისთვის. ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა პრობლემის მიზეზი, რომლებსაც ვხვდებით, უშუალოდ სატანაა. ბევრი სირთულე შეიძლება ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების ან მემკვიდრეობითი ფაქტორების შედეგი იყოს (გალატელები 6:7). გარდა ამისა, არავინ არის დაზღვეული ასაკით გამოწვეული პრობლემებისა თუ სტიქიური უბედურებებისგან. ბიბლიიდან აშკარად ვხედავთ, რომ დღეს იეჰოვა სასწაულებრივად არ იცავს თავის მსახურებს ასეთი სირთულეებისგან (ეკლესიასტე 9:11).

      8. როგორ შეუძლია სატანას ისარგებლოს სირთულეებით, რომლებსაც ვხვდებით?

      8 სირთულეები, რომლებსაც ვხვდებით, სატანამ შეიძლება ჩვენი რწმენის შესასუსტებლად გამოიყენოს. მოციქულმა პავლემ თქვა: „სხეულში ეკალი მომეცა, სატანის ანგელოზი, რომ სახეში მირტყას“ (2 კორინთელები 12:7). ეს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, მაგალითად სუსტი მხედველობა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, პავლეს ესმოდა, რომ სატანას შეეძლო ესარგებლა ამ პრობლემით და შედეგად გამოწვეული გულგატეხილობით, რათა მისთვის სიხარული წაერთმია და მისი ერთგულება შეერყია (იგავები 24:10). დღეს სატანამ შეიძლება გამოიყენოს ოჯახის წევრები, თანაკლასელები და დიქტატორი მმართველებიც კი ღვთის მსახურთა შესავიწროებლად.

      9. რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სირთულეებსა და დევნას ვხვდებით?

      9 როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ასეთ პრობლემებს? სათანადო თვალსაზრისის შენარჩუნებით: ამ დროს იმის დამტკიცების შესაძლებლობა გვეძლევა, რომ იეჰოვასადმი ჩვენს სიყვარულზე და მისი უზენაესობისადმი მორჩილებაზე ვერაფერი მოახდენს გავლენას (იაკობი 1:2—4). რა განსაცდელსაც უნდა შევხვდეთ, სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში იმის გათვითცნობიერება დაგვეხმარება, რომ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს მისწერა: „საყვარელნო, ნუ ჩავარდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ“ (1 პეტრე 4:12). პავლემ კი დაწერა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). სატანა დღემდე ეჭვქვეშ აყენებს იეჰოვას მოწმეების ერთგულებას, როგორც ეს იობის შემთხვევაში იყო. უფრო მეტიც, ბიბლიიდან ჩანს, რომ სატანა უფრო გააფთრებით ებრძვის ღვთის ხალხს ამ ბოლო დღეებში (გამოცხადება 12:9, 17).

      გაურკვევლობა და არასწორი რჩევა

      10. რა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო იობი?

      10 იობს მდგომარეობას ურთულებდა კიდევ ერთი რამ, რისგანაც ჩვენ დაცულნი ვართ. მან არ იცოდა, რატომ დაატყდა თავს ამდენი უბედურება. იობმა არასწორად დაასკვნა: „უფალმა მომცა და უფალმა წაიღო“ (იობი 1:21). შესაძლოა, სატანა განზრახ ცდილობდა, ისეთი წარმოდგენა შეექმნა იობისთვის, რომ მისი უბედურება ღმერთმა გამოიწვია.

      11. ახსენით, რა რეაქცია ჰქონდა იობს თავს დატეხილ უბედურებაზე.

      11 იობი სასოწარკვეთილებაში იყო, მაგრამ არ დაგმო ღმერთი, როგორც ამისკენ ცოლი მოუწოდებდა (იობი 2:9, 10). იობი ამბობდა, რომ ბოროტები მასზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ (იობი 21:7—9). მას ვერ გაეგო, რატომ სჯიდა ღმერთი. იობი სიკვდილსაც კი ნატრობდა: „ნეტავ შავეთში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე დაცხრებოდა შენი რისხვა“ (იობი 14:13).

      12, 13. რა გავლენა იქონია იობზე სამი მეგობრის სიტყვებმა?

      12 იობს სამი მეგობარი ესტუმრა, რათა „თანაეგრძნოთ და ენუგეშებინათ იგი“ (იობი 2:11, აქ). თუმცა ისინი „ამაო ნუგეშისმცემელნი“ აღმოჩნდნენ (იობი 16:2). ალბათ, იობი მოელოდა, რომ სამი მეგობრისთვის გასაჭირის გაზიარებით შვებას იგრძნობდა. მაგრამ მას უფრო მეტად დაეუფლა გაურკვევლობისა და იმედგაცრუების გრძნობა (იობი 19:2; 26:2).

      13 იობი, შესაძლოა, საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რატომ მაინცდამაინც მე? რა გავაკეთე ისეთი, რომ ამდენი უბედურება შემემთხვა?“ ის, რასაც მეგობრები ეუბნებოდნენ, სრულიად მცდარი იყო. ისინი ვარაუდობდნენ, რომ იობი სერიოზული ცოდვების გამო იტანჯებოდა. ელიფაზმა მას უთხრა: „ვინმე თუ დაღუპულა უდანაშაულო? . . როგორც მინახავს: სიავის მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან“ (იობი 4:7, 8).

      14. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემების მიზეზი მაინცდამაინც არასწორი მოქმედებაა?

      14 პრობლემებს შეიძლება იმ შემთხვევაში შევხვდეთ, თუ ‘ხორცისთვის ვთესავთ და არა — სულისთვის’ (გალატელები 6:7, 8). მაგრამ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში სირთულეები შეიძლება ჩვენგან დამოუკიდებლადაც წამოიჭრას. უდანაშაულოები არ არიან დაზღვეულნი გასაჭირისგან. იესო ქრისტე „წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ იყო, მაგრამ ის წამებით მოკვდა. მოციქული იაკობიც მოკლეს რწმენის გამო (ებრაელები 7:26; საქმეები 12:1, 2). ელიფაზისა და მისი ორი თანამზრახველის არასწორი მსჯელობის შედეგად იობმა საკუთარი სახელის დაცვა და თავის მართლება დაიწყო. მათ დაჟინებულ სიტყვებს იმის შესახებ, რომ იობი იმსახურებდა ტანჯვას, შეეძლო დაემახინჯებინა მისი თვალსაზრისი ღვთის სამართლიანობაზე (იობი 34:5; 35:2).

      დახმარება სირთულეების დროს

      15. როგორი თვალსაზრისი დაგვეხმარება სირთულეების დროს?

      15 რას ვსწავლობთ იობის შემთხვევიდან? შეიძლება ვიფიქროთ, რომ უსამართლოდ ვხდებით უბედურების, ავადმყოფობის ან დევნის მსხვერპლი. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ სხვები დაცულნი არიან ასეთი პრობლემებისგან (ფსალმუნები 72:3—12). დროდადრო საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „მიყვარს ღმერთი ისე ძლიერ, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც განვაგრძობ მის მსახურებას? ვაძლევ იეჰოვას იმის საშუალებას, რომ ‘პასუხი გასცეს თავის დამცინავს’?“ (იგავები 27:11, აქ; მათე 22:37). არასდროს უნდა დავუშვათ, რომ სხვების დაუფიქრებელმა ნათქვამმა ჩვენი ზეციერი მამისადმი ნდობა შეგვირყიოს. ერთმა ერთგულმა ქრისტიანმა, რომელიც წლების მანძილზე ქრონიკული დაავადებით იტანჯება, თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ, რაც უნდა დაუშვას იეჰოვამ, ყველაფრის ატანას შევძლებ. ვიცი, რომ ის მომცემს საჭირო ძალას. ყოველთვის ვგრძნობ მის ძალას“.

      16. როგორ ეხმარება ღვთის სიტყვა მათ, ვინც სირთულეებს ხვდება?

      16 იობმა არაფერი იცოდა სატანის ტაქტიკის შესახებ. დღეს კი „ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ ანუ ხრიკები (2 კორინთელები 2:11). გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უამრავი პრაქტიკული რჩევის მიღების შესაძლებლობა. ბიბლიაში ვკითხულობთ ერთგული მამაკაცებისა და ქალების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სახის გასაჭირს იტანდნენ. პავლე მოციქულმა, რომელმაც არაერთი განსაცდელი გადაიტანა, დაწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). ევროპაში მცხოვრებმა ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რწმენის გამო დააპატიმრეს, სამი დღის საკვები ბიბლიაში გაცვალა. ის ამბობს: „ამის გაკეთება ნამდვილად ღირდა. მშიერი ვიყავი, მაგრამ მქონდა სულიერი საზრდო, რომელიც იმ რთულ პერიოდში როგორც მე, ისე სხვებს განსაცდელების გადატანაში გვეხმარებოდა. ეს ბიბლია დღემდე მაქვს შენახული“.

      17. როგორ გვეხმარება ღმერთი სირთულეების ატანაში?

      17 ბიბლიის გარდა, ჩვენ გვაქვს ბიბლიაზე დაფუძნებული მრავალი პუბლიკაცია, რომლებშიც პრობლემებთან გასამკლავებლად სასარგებლო რჩევებია მოცემული. «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებლის» დახმარებით შეგიძლიათ მოძებნოთ იმ თანაქრისტიანების მაგალითები, რომლებიც თქვენს მსგავს განსაცდელებს ხვდებიან (1 პეტრე 5:9). აგრეთვე დაგეხმარებათ თანამგრძნობ უხუცესებთან ან სხვა მოწიფულ ქრისტიანებთან საუბარი. რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ ყოველთვის გქონდეთ იმის იმედი, რომ ლოცვებზე პასუხად იეჰოვა წმინდა სულით დაგეხმარებათ. როგორ უწევდა წინააღმდეგობას პავლე სატანის „დარტყმებს“? ღვთის ძალაზე დანდობით (2 კორინთელები 12:9, 10). მან დაწერა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

      18. როგორ შეუძლიათ თანაქრისტიანებს ჩვენი გაძლიერება?

      18 ასე რომ, დახმარება ხელმისაწვდომია და ყოველთვის უნდა ეძებოთ ის. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10, აქ). როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ისე გულგატეხილობას შეუძლია ქრისტიანის ერთგულების შერყევა. ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობით გვიჭერს მხარს. იმ ღამეს, როდესაც დააპატიმრეს, იესოს ანგელოზი მოევლინა განსამტკიცებლად (ლუკა 22:43). როდესაც დაპატიმრებული პავლე რომში მიჰყავდათ და აპიუსის მოედანსა და „სამ ფუნდუკთან“ ძმებს შეხვდა, მან „ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15). გერმანიაში მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმე ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ამ დას დღემდე ახსოვს, როგორ დაეხმარნენ თანაქრისტიანები: „თანამორწმუნეებმა დაუყოვნებლივ მომძებნეს და გულთბილად მიმიღეს. ერთი და განსაკუთრებით ზრუნავდა ჩემზე და იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში მეხმარებოდა“.

      „ერთგული დარჩი“

      19. რა დაეხმარა იობს სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევაში?

      19 იეჰოვამ იობის შესახებ თქვა: „ის კვლავაც უმწიკვლოა“ (იობი 2:3, აქ). იობს ვერაფერმა შეურყია ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ გულგატეხილი იყო და არ იცოდა თავისი ტანჯვის მიზეზი. მას უარი არ უთქვამს ღვთის მსახურებაზე, რადგან ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მიზანი. ის მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5).

      20. რატომ ღირს მოთმინების გამოვლენა?

      20 მსგავსი სულისკვეთება ჩვენც დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში ნებისმიერი ვითარების დროს — ცდუნების, წინააღმდეგობის თუ განსაცდელის პირისპირ ყოფნისას. სმირნის კრებას იესომ მიმართა: „ნურაფრის გეშინია, რის გამოც ტანჯვა მოგიწევს. ეშმაკი კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს ზოგიერთ თქვენგანს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ და გასაჭირი გქონდეთ ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10).

      21, 22. რის ცოდნა გვანუგეშებს, როცა ჩვენი მოთმინება იცდება?

      21 ამ ქვეყნიერებაში, რომელსაც სატანა მართავს, ჩვენი მოთმინება და ერთგულება გამოიცდება. მაგრამ იესო გვარწმუნებს, რომ არ გვაქვს შიშის მიზეზი, რადგან წინ შესანიშნავი მომავალი გველის. მთავარია ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, „გასაჭირი ხანმოკლეა“, ხოლო „დიდება“ ანუ იეჰოვას მიერ დაპირებული ჯილდო „ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება“ (2 კორინთელები 4:17, 18). იობის განსაცდელიც კი ხანმოკლე იყო იმ ბედნიერ წლებთან შედარებით, რომლებიც მას მანამდე და მის მერე ჰქონდა (იობი 42:16).

      22 და მაინც, დროდადრო შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ჩვენს განსაცდელებს ბოლო არ უჩანს და მეტის ატანა აღარ შეგვიძლია. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, კიდევ რის სწავლა შეგვიძლია იობის შემთხვევიდან მოთმინებასთან დაკავშირებით. აგრეთვე დავინახავთ, როგორ შეგვიძლია გავამხნევოთ ისინი, ვინც განსაცდელებს ხვდება.

  • „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აგვისტო
    • „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე“

      „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის ბოლოს, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11).

      1, 2. რა განსაცდელს შეხვდა ერთი პოლონელი ცოლ–ქმარი?

      დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც ჰაროლდ აპტი იეჰოვას მოწმე გახდა, ჰიტლერის ჯარმა ჩრდილოეთ პოლონეთში მდებარე ქალაქი დანციგი (ამჟამად გდანსკი) აიღო. ჭეშმარიტი ქრისტიანები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გესტაპო აიძულებდა ჰაროლდს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე რწმენის უარყოფის შესახებ, რაზეც იგი არ თანხმდებოდა. ის დააპატიმრეს და რამდენიმე კვირის შემდეგ ციხიდან ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც გამუდმებით ემუქრებოდნენ და სცემდნენ. ერთმა ოფიცერმა ჰაროლდი კრემატორიუმის საკვამურისკენ გაახედა და უთხრა: „თუ რწმენას არ უარყოფ, 14 დღეში შენს იეჰოვასთან ახვალ“.

      2 როდესაც ჰაროლდი დააპატიმრეს, მისი მეუღლე ელზა ათი თვის გოგონასთან ერთად მარტო დარჩა. გესტაპოს რისხვას ვერც ელზამ დააღწია თავი. მალე ის ბავშვს დააცილეს და ოსვენციმში, „მასობრივი მოსპობის კომბინატში“ გაგზავნეს. ყველაფრის მიუხედავად, ელზა და ჰაროლდი გადაურჩნენ იმ მძიმე წლებს. 1980 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკიდან“ (ინგლ.) შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს მათ განსაცდელის გადატანა. ჰაროლდი წერს: „ჩემი რწმენის გამო საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში 14 წელი გავატარე. ჩემთვის არაერთხელ უკითხავთ, რა მხრივ მიჭერდა მხარს ჩემი მეუღლე სირთულეების ატანაში. ელზა ჩემთვის დიდი მხარდაჭერის წყარო იყო. იმის ცოდნა, რომ ის არასდროს დათმობდა რწმენას, მაძლიერებდა. ვიცოდი, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, მკვდარი ვენახე, ვიდრე რწმენის უარყოფის გამო გათავისუფლებული . . . იმ წლებში გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ელზამ არაერთი განსაცდელი გადაიტანა“.

      3, 4. ა) ვისი მაგალითები ეხმარება ქრისტიანებს მოთმინების გამოვლენაში? ბ) რატომ მოგვიწოდებს ბიბლია იობის მაგალითზე დაფიქრებისკენ?

      3 იეჰოვას ბევრმა მოწმემ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ნამდვილად არ არის ადვილი უსამართლოდ ტანჯვა. ამიტომ ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „ძმებო, გაუძელით ბოროტებას და მოითმინეთ, იმ წინასწარმეტყველების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ“ (იაკობი 5:10). საუკუნეების მანძილზე ღვთის მრავალ მსახურს უსამართლოდ დევნიდნენ. „მოწმეთა ასეთ დიდ ღრუბელს“ შეუძლია გაგვაძლიეროს, რათა მოთმინებით განვაგრძოთ ქრისტიანულ გზაზე სიარული (ებრაელები 11:32—38; 12:1).

      4 მოთმინების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იობი. იაკობმა დაწერა: „ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა. თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის ბოლოს, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11). იობის მაგალითით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურებს მომავალში ჯილდო ელით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, იობის შემთხვევიდან ვხედავთ, თუ რა დაგვეხმარება გასაჭირის დროს. წიგნი „იობი“ პასუხს გვცემს შემდეგ კითხვებზე: რატომ უნდა ვცდილობდეთ ჩვენს განსაცდელთან დაკავშირებული საკამათო საკითხების დანახვას? რომელი თვისებები და როგორი განწყობა დაგვეხმარება მოთმინების გამოვლენაში? როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანები?

      დავინახოთ მთლიანი სურათი

      5. რომელი მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი უნდა გვახსოვდეს, როდესაც განსაცდელებისა და ცდუნებების წინაშე ვდგავართ?

      5 სირთულეების დროს სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო სურათის დანახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებმა შეიძლება დაგვაკარგვინოს სულიერი ხედვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისადმი ერთგულებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხია. ჩვენ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ჩვენი ზეციერი მამის მოწოდება: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავები 27:11, აქ). ეს მართლაც დიდი პატივია! სისუსტეებისა და არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია გული გავუხაროთ ჩვენს შემოქმედს. იეჰოვასადმი სიყვარული გვეხმარება განსაცდელებისა და ცდუნებების ატანაში. ეს კი გულს უხარებს ღმერთს. ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულს ყველაფრის ატანა შეუძლია. სიყვარული არასდროს მთავრდება (1 კორინთელები 13:7, 8).

      6. როგორ დასცინის სატანა იეჰოვას?

      6 წიგნში „იობი“ აშკარად ჩანს, რომ იეჰოვას დამცინავი სატანაა. ამ წიგნიდან აგრეთვე ვხედავთ ამ უხილავი მტრის ბოროტ ბუნებას და მის ძლიერ სურვილს, დაგვაკარგვინოს იეჰოვასთან ურთიერთობა. როგორც იობის შემთხვევა გვიჩვენებს, სატანა, ფაქტობრივად, იეჰოვას ყველა მსახურზე ამბობს, რომ ეგოისტური მოტივები ამოძრავებთ. ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ შეიძლება გაუნელდეთ ღვთისადმი სიყვარული. უკვე ათასობით წელია, რაც სატანა დამცინავის როლს ასრულებს. როდესაც სატანა ზეციდან იქნა გადმოგდებული, „ციდან დიდმა ხმამ“ მას უწოდა „ჩვენი ძმების ბრალმდებელი“ და თქვა, რომ ის „ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე“ (გამოცხადება 12:10). თუ მოთმინების გამოვლენით ერთგულებას შევინარჩუნებთ, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეშმაკის ბრალდებები უსაფუძვლოა.

      7. რით უნდა შევავსოთ ფიზიკური სისუსტე?

      7 ეშმაკი ცდილობს, ნებისმიერი ჩვენი პრობლემა გამოიყენოს იმისათვის, რომ იეჰოვას ჩამოგვაშოროს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. როდის შეეცადა ის იესოს ცდუნებას? მაშინ, როდესაც იესოს მრავალი დღის მანძილზე არაფერი ჰქონდა ნაჭამი და შიოდა (ლუკა 4:1—3). მაგრამ სულიერი სიმტკიცის წყალობით იესომ შეძლო ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფიზიკური — მაგალითად, ავადმყოფობით ან ასაკით გამოწვეული — სისუსტე სულიერი სიძლიერით შევავსოთ! მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება“, სულით არ ვეცემით, რადგან „შინაგანი დღითი დღე ახლდება“ (2 კორინთელები 4:16).

      8. ა) როგორ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს უარყოფითმა ემოციებმა? ბ) როგორი განწყობა ჰქონდა იესოს?

      8 გარდა ამისა, ადამიანის სულიერობას შეიძლება ზიანი მიაყენოს უარყოფითმა ემოციებმა. ადამიანს შეიძლება დაებადოს კითხვა: „რატომ უშვებს იეჰოვა ამას?“ მან, ვისაც ცუდად ეპყრობიან, შეიძლება იფიქროს: „რატომ უნდა მექცეოდეს ასე თანაქრისტიანი?“ უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება მთლიანად საკუთარ მდგომარეობაზე გადაგვატანინოს ყურადღება და მხედველობიდან გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი საკამათო საკითხები. ავადმყოფობამ იობს ფიზიკური ზიანი მიაყენა, სამი მეგობრის არასწორმა აზროვნებამ კი ის იმედგაცრუებამდე მიიყვანა და ემოციურად გაანადგურა (იობი 16:20; 19:2). მოციქული პავლე ამბობს, რომ გულში წყენის ჩატოვებით შეიძლება ‘ადგილი [ანუ შესაძლებლობა] მივცეთ ეშმაკს’ (ეფესოელები 4:26, 27). რისხვისა და წყენის აშკარად გამოვლენის ან უსამართლობაზე ყურადღების ზედმეტად გამახვილების ნაცვლად, უკეთესი იქნება, თუ ქრისტიანი მიჰბაძავს ქრისტეს და ‘ჩააბარებს თავს [იეჰოვა ღმერთს], რომელიც სიმართლით ასამართლებს’ (1 პეტრე 2:21—23). სატანის თავდასხმებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ქრისტეს ‘განწყობით აღჭურვაა’ (1 პეტრე 4:1).

      9. რას გვპირდება ღმერთი სირთულეებისა თუ ცდუნებების წინაშე დგომისას?

      9 რაც ყველაზე მთავარია, არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი პრობლემები ღვთის უკმაყოფილების შედეგია. როცა ცრუმანუგეშებლებმა იობზე სიტყვიერი იერიში მიიტანეს, ამგვარმა არასწორმა თვალსაზრისმა მას დიდი ტკივილი მიაყენა (იობი 19:21, 22). ბიბლია გვარწმუნებს: „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ამის საპირისპიროდ, იეჰოვა გვპირდება, რომ დაგვეხმარება ნებისმიერი ტვირთის ტარებაში და მოგვცემს გამოსავალს ნებისმიერი ცდუნების დროს (ფსალმუნები 54:23; 1 კორინთელები 10:13). განსაცდელების დროს ღმერთთან დაახლოებით ობიექტურ თვალსაზრისს შევინარჩუნებთ და შევძლებთ ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას (იაკობი 4:7, 8).

      რა დაგვეხმარება მოთმინებაში?

      10, 11. ა) რა დაეხმარა იობს მოთმინების გამოვლენაში? ბ) როგორ ეხმარებოდა იობს სუფთა სინდისი?

      10 უმძიმესმა მდგომარეობამ, მათ შორის „მანუგეშებლების“ სიტყვებმა და იმის არცოდნამ, თუ რატომ დაატყდა თავს უბედურება, იობს ერთგულება ვერ შეურყია. რისი სწავლა შეგვიძლია მის მოთმინებაზე დაფიქრებით? უდავოა, რომ უმთავრესი მიზეზი, რაც იობს განსაცდელის გადატანაში დაეხმარა, იყო იეჰოვასადმი ერთგულება. ის „ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული“ იყო (იობი 1:1). ასე განვლო მან მთელი თავისი ცხოვრება. იობმა არ აქცია ზურგი იეჰოვას მაშინაც კი, როცა არ ესმოდა, რატომ მოხდა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები. ის თვლიდა, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ლხინსა თუ ჭირში, უნდა ემსახურა ღვთისთვის (იობი 1:21; 2:10).

      11 იობს ნუგეშს ჰგვრიდა სუფთა სინდისი. როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებდა, მას ანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ სხვებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობდა და ყოველგვარი ცრუთაყვანისმცემლობისგან შორს იყო (იობი 31:4—11, 26—28).

      12. როგორ გამოეხმაურა იობი ელიჰუს რჩევას?

      12 ცხადია, ზოგიერთ საკითხში იობს სჭირდებოდა თვალსაზრისის შეცვლა. ამ მხრივ მან თავმდაბლურად მიიღო დახმარება და განსაცდელის ატანაში ესეც დაეხმარა. იობი პატივისცემით მოეკიდა ელიჰუს გონივრულ რჩევას და, ამგვარად, მიიღო იეჰოვას შეგონება. მან აღიარა: «ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა . . . მძულს ჩემი თავი [„უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები“, აქ] და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში» (იობი 42:3, 6). მართალია, იობი ჯერ კიდევ იტანჯებოდა დაავადებით, მაგრამ კმაყოფილი იყო, რომ თვალსაზრისის შეცვლამ ის ღმერთთან უფრო დააახლოვა. იობმა თქვა: „ახლა ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია“ (იობი 42:2, აქ). იეჰოვას დიდების თვალსაჩინოდ დანახვის წყალობით, იობმა გაცილებით უკეთესად დაინახა, შემოქმედთან შედარებით რა მდგომარეობა ეკავა.

      13. როგორ დაეხმარა იობს გულმოწყალების გამოვლენა?

      13 ყველაფერთან ერთად, იობი გულმოწყალების კარგ მაგალითს გვაძლევს. ცრუმანუგეშებლებმა მას გული ატკინეს; მაგრამ იობმა ილოცა მათთვის, როცა იეჰოვამ მოუწოდა ამისკენ. ამის შემდეგ იეჰოვამ იობი გამოაჯანმრთელა (იობი 42:8, 10). დიახ, გულისწყრომა ვერ დაგვეხმარება განსაცდელის ატანაში, სიყვარულსა და გულმოწყალებას კი დიდი ძალა აქვს. გულისწყრომისგან გათავისუფლება სულიერ ძალებს შეგვმატებს და იეჰოვას კურთხევებს მოგვიტანს (მარკოზი 11:25).

      გონივრული რჩევები გვეხმარება მოთმინებაში

      14, 15. ა) რა თვისებები დაგვეხმარება სხვებისთვის სასარგებლო რჩევების მიცემაში? ბ) ახსენით, რატომ იყო ელიჰუს რჩევები იობისთვის დამხმარე?

      14 იობის შემთხვევიდან აგრეთვე ვხედავთ, რამდენად სასარგებლოა სწორი რჩევები. ასეთი რჩევების მიღება შეგვიძლია „გასაჭირისთვის . . . შობილი“ ძმებისგან (იგავები 17:17). თუმცა, როგორც იობის გამოცდილება გვიჩვენებს, ზოგმა მრჩეველმა დახმარების ნაცვლად შეიძლება ტკივილი მოგვაყენოს. ელიჰუს მსგავსად, კარგი მრჩეველი თანაგრძნობას, პატივისცემასა და თავაზიანობას ავლენს. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს, რომ უხუცესებმა და სხვა მოწიფულმა ქრისტიანებმა დახმარება გაუწიონ პრობლემებით დამძიმებულ ძმებს თვალსაზრისის შეცვლაში. ასეთ მრჩევლებს ბევრის სწავლა შეუძლიათ წიგნიდან „იობი“ (გალატელები 6:1; ებრაელები 12:12, 13).

      15 ელიჰუს მაგალითი მრავალმხრივ არის დამხმარე. სანამ თავის აზრს გამოთქვამდა, ის მოთმინებით ისმენდა იობის სამი მეგობრის მცდარ შეხედულებებს (იობი 32:11; იგავები 18:13). ელიჰუმ იობს, როგორც მეგობარს, სახელით მიმართა (იობი 33:1). სამი ცრუნუგეშისმცემლისგან განსხვავებით, ის საკუთარ თავს იობზე მაღლა არ აყენებდა. „მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი“, — თქვა მან. ელიჰუს არ სურდა, რომ დაუფიქრებელი სიტყვებით იობისთვის უფრო მეტი ტკივილი მიეყენებინა (იობი 33:6, 7; იგავები 12:18). ელიჰუმ არ გააკრიტიკა იობის წარსული; პირიქით, შეაქო იმისთვის, რომ ალალ–მართალი ადამიანი იყო (იობი 33:32). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ელიჰუ საკითხებს ღვთის თვალსაზრისით უყურებდა. მან იობს ყურადღება იმაზე გაამახვილებინა, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვა უსამართლოდ მოქცეულიყო (იობი 34:10—12). ელიჰუმ იობს ურჩია, დალოდებოდა იეჰოვას, ნაცვლად იმისა, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა (იობი 35:2; 37:14, 23). ელიჰუს მაგალითი, მართლაც, სასარგებლოა როგორც უხუცესებისთვის, ისე სხვებისთვის.

      16. როგორ იქცა იობის სამი მეგობარი სატანის იარაღად?

      16 ელიჰუს რჩევებისგან სრულიად განსხვავდებოდა ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის გულსატკენი სიტყვები. იეჰოვამ მათ უთხრა: „წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე“ (იობი 42:7). ეს მამაკაცები შეიძლება თვლიდნენ, რომ კეთილი განზრახვები ჰქონდათ, მაგრამ ისინი სატანის იარაღი აღმოჩნდნენ და არა ერთგული მეგობრები. სამივე ვარაუდობდა, რომ იობმა საკუთარი საქციელით დაიმსახურა თავს დატეხილი უბედურება (იობი 4:7, 8; 8:6; 20:22, 29). ელიფაზი ამბობდა, რომ ღმერთი არ ენდობოდა თავის მსახურებს და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მართლები იყვნენ ისინი თუ არა (იობი 15:15; 22:2, 3). მან ისეთ ცოდვებშიც კი დაადანაშაულა იობი, რაც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია (იობი 22:5, 9). მისგან განსხვავებით, ელიჰუ იობს სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაეხმარა. რჩევების მიცემისას ყოველთვის ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი.

      17. რა უნდა გვახსოვდეს განსაცდელის წინაშე დგომისას?

      17 მოთმინებასთან დაკავშირებით წიგნიდან „იობი“ კიდევ ერთი რამის სწავლა შეგვიძლია: ჩვენი მოსიყვარულე მამა აკვირდება სიტუაციას და მას აქვს სურვილი და ძალა, სხვადასხვა გზით აღმოგვიჩინოს დახმარება. სტატიის დასაწყისში ჩვენ მოვიხსენიეთ ელზა აპტის შემთხვევა. ყურადღება მიაქციეთ, რა ასწავლა მას გადატანილმა სირთულეებმა: „სანამ დამაპატიმრებდნენ, ერთი დის წერილი წავიკითხე. მისი სიტყვების თანახმად, დიდი განსაცდელის წინაშე დგომისას იეჰოვას სულის დახმარებით ადამიანი საოცარ სიმშვიდეს გრძნობს. ვფიქრობდი, რომ ის აზვიადებდა. მაგრამ, როცა თავად დავდექი განსაცდელების წინაშე, დავრწმუნდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ეს ნამდვილად ასეა. რთულია ამის წარმოდგენა, თუ საკუთარ თავზე არ გამოცდი. დიახ, ასეთ დროს იეჰოვა გვეხმარება“. ელზა, უბრალოდ, იეჰოვას შესაძლებლობებზე არ ლაპარაკობდა. მას არც იობის დღეები ჰქონდა მხედველობაში. ელზა გულისხმობდა ჩვენს დროს, როდესაც თქვა: „იეჰოვა გვეხმარება!“

      ბედნიერია ის, ვინც მოთმინებას ავლენს

      18. რა კურთხევა მოუტანა იობს მოთმინების გამოვლენამ?

      18 ცოტა თუ შევხვდებით ისეთ სერიოზულ განსაცდელებს, როგორიც იობს ჰქონდა. მაგრამ, რა განსაცდელის წინაშეც უნდა მოგვიწიოს ამ ქვეყნიერებაში დგომა, ჩვენ ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, იობის მსგავსად, ერთგულება შევინარჩუნოთ. თავისდა საკეთილდღეოდ, იობმა მოთმინებას ‘დაასრულებინა თავისი საქმე, რათა ყოფილიყო სრულყოფილი’ (იაკობი 1:2—4). მოთმინების გამოვლენამ ის უფრო დააახლოვა იეჰოვასთან. იობმა თქვა: „ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ“ (იობი 42:5). სატანა მატყუარა აღმოჩნდა, მან ვერ შეარყია იობის ერთგულება. საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ ალალ–მართალი იობი სამაგალითო მსახურად მოიხსენია (ეზეკიელი 14:14). მისი ერთგულება და მოთმინება დღესაც ამხნევებს ღვთის ხალხს.

      19. თქვენი აზრით, რატომ ღირს მოთმინების გამოვლენა?

      19 პირველ საუკუნეში ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში იაკობმა ყურადღება გაამახვილა სიხარულზე, რომელიც მოთმინებას მოაქვს. მან იობის მაგალითის მოყვანით ქრისტიანებს შეახსენა, რომ იეჰოვა აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს (იაკობი 5:11). იობის 42:12–ში ვკითხულობთ: „აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად“. ღმერთმა იობს ყველაფერი ორმაგად აუნაზღაურა, და ის დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა (იობი 42:16, 17). ნებისმიერი ტკივილი და ტანჯვა, რომლის ატანაც ამ ბოლო დღეებში გვიწევს, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში დავიწყებას მიეცემა (ესაია 65:17; გამოცხადება 21:4). ‘ჩვენ გვსმენია იობის მოთმინებაზე’ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, იეჰოვას დახმარებით მივბაძოთ იობს. ბიბლია გვპირდება: „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა“ (იაკობი 1:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება