საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელია?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 3
    • იესო კურნავს პატარა ბიჭუნას; ამის დანახვაზე ბავშვის მშობლები და გარშემო მყოფნი უზომოდ გახარებულნი არიან

      ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელია?

      ᲚᲣᲖᲘᲐ ᲛᲐᲠᲪᲮᲔᲜᲐ ᲤᲔᲮᲘᲗ ᲙᲝᲭᲚᲝᲑᲡ. ბავშვობაში ის პოლიომიელიტით დაავადდა. ეს ადვილად გადამდები დაავადება ნერვულ სისტემას აზიანებს. როცა ლუზია 16 წლის იყო, ქალმა, ვისთანაც ის მუშაობდა, უთხრა: „შენ ღმერთი გსჯის, რადგან ბავშვობაში დედას ეურჩებოდი და აბრაზებდი. ამიტომაც დაგემართა კუნთების დამბლა“. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ლუზიას დღემდე ახსოვს, რამხელა ტკივილი მიაყენა ამ ქალის სიტყვებმა.

      ᲓᲐᲛᲐᲠᲘᲡᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲢᲕᲘᲜᲘᲡ ᲙᲘᲑᲝᲡ ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲖᲘ ᲓᲐᲣᲓᲒᲘᲜᲔᲡ, ᲛᲐᲛᲐᲛ ᲰᲙᲘᲗᲮᲐ: „ასეთი რა გააკეთე, რომ ეს დაგემართა? უეჭველად, რაღაც საშინელება ჩაიდინე; ამიტომაც გსჯის ღმერთი“. მამის სიტყვებმა დამარისი გაანადგურა.

      ადამიანებს ოდითგანვე სჯეროდათ, რომ ავადმყოფობა ღვთის სასჯელია. როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, როცა ქრისტე დედამიწაზე ცხოვრობდა, ბევრს სწამდა, რომ „ესა თუ ის დაავადება ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო იმ ცოდვისთვის, რომელიც თავად ავადმყოფმა ან მისმა რომელიმე ნათესავმა ჩაიდინა“ (Manners and Customs of Bible Lands). წიგნში, რომელშიც შუა საუკუნეებში გავრცელებული დაავადებები და მკურნალობის მეთოდები განიხილება, ნათქვამია: „ზოგს ეგონა, რომ ღმერთმა სხვადასხვა ჭირი იმიტომ მოავლინა, რომ ადამიანები თავიანთი ცოდვებისთვის დაესაჯა“ (Medieval Medicine and the Plague). მე-14 საუკუნეში შავი ჭირის შედეგად ევროპაში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ეს ღვთის განაჩენი იყო ბოროტ ადამიანებზე თუ მათი სიკვდილი უბრალოდ ბაქტერიული ინფექციით იყო გამოწვეული, როგორც ეს მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს? ბევრს უჩნდება კითხვა: მართლა იმიტომ ავადდებიან ადამიანები, რომ ღმერთი სჯის მათ ცოდვებისთვის?a

      ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: თუ ავადმყოფობა და ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სამართლიანი სასჯელი იყო, რატომღა კურნავდა ღვთის ძე, იესო ავადმყოფებს? განა ეს ღვთის სამართლიანობისა და სიმართლის დაკნინება არ გამოდის?! (მათე 4:23, 24). იესო არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს, რითაც ღმერთს დაუპირისპირდებოდა. მან თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ და „იმას ვაკეთებ, რაც მამამ დამიდო მცნებად“ (იოანე 8:29; 14:31).

      ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა „უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს“ (კანონი 32:4). მაგალითად, ყოვლად დაუშვებელია, ღმერთმა თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვიოს და ასობით უდანაშაულო ადამიანს სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ მოუსწრაფოს, რომ ერთ-ერთი მგზავრის დასჯა სურს! ღვთის ერთგულ მსახურ აბრაამს ეჭვი არ ეპარებოდა ღვთის სამართლიანობაში. მან თქვა, რომ ღმერთი არასდროს გაანადგურებს მართალს ბოროტთან ერთად. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! (დაბადება 18:23, 25). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ „არ იქმს ღმერთი ბოროტებას“ და მისგან „შორს არის. . . უსამართლობა!“ (იობი 34:10—12).

      ᲠᲐᲡ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲓᲐᲜ?

      ჩვენ არ უნდა დავასკვნათ, რომ გასაჭირში იმიტომ ვვარდებით, რომ ღმერთი გვსჯის ჩადენილი ცოდვისთვის. ამ საკითხზე იესოს პოზიცია კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ის და მისი მოწაფეები შეხვდნენ დაბადებიდან უსინათლო კაცს. «მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რაბი, ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რომ დაიბადა?“ იესომ უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო“» (იოანე 9:1—3).

      თუ გავითვალისწინებთ იმ დროს გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს, იესოს მოწაფეებს, ალბათ, გაუკვირდებოდათ იმის გაგება, რომ არც ამ მამაკაცს და არც მის მშობლებს ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რომ ეს კაცი ბავშვობიდან უსინათლო ყოფილიყო. იესომ არა მხოლოდ განკურნა იგი, არამედ გააბათილა მცდარი შეხედულება, თითქოს ტანჯვა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო (იოანე 9:6, 7). ვისაც დღეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ანუგეშებთ იმის ცოდნა, რომ ღმერთი არ იწვევს მათ ტანჯვას.

      რატომ კურნავდა იესო ავადმყოფებს, თუ ავადმყოფობა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო?

      ღვთის სიტყვა გვარწმუნებს:

      • „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (ᲘᲐᲙᲝᲑᲘ 1:13). სინამდვილეში ყოველგვარი ბოროტება, იქნება ეს ტკივილი, ავადმყოფობა თუ სიკვდილი, რაც საუკუნეებია ტანჯავს კაცობრიობას, მალე სამუდამოდ აღმოიფხვრება.

      • იესო ქრისტე ყველანაირ ავადმყოფობას კურნავდა (ᲛᲐᲗᲔ 8:16). ამგვარად მან ცხადყო, რას მოიმოქმედებს მომავალში ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე.

      • „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ 21:3—5).

      ᲕᲘᲜ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐᲛᲜᲐᲨᲐᲕᲔ?

      მაშ, რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა და უბედურება? ეს კითხვა საუკუნეებია ადამიანებს მოსვენებას უკარგავს. თუ ღმერთი არ არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი, მაშინ ვინ დგას ბოროტების მიღმა? მომდევნო სტატია პასუხს გასცემს ამ კითხვებს.

      a მართალია, წარსულში ღმერთი დროდადრო სჯიდა ადამიანებს მათ მიერ ჩადენილი ამა თუ ცოდვისთვის, მაგრამ ბიბლია არანაირ საფუძველს არ გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ დღეს ადამიანები იმიტომ ავადდებიან და სხვადასხვა უბედურების მსხვერპლი ხდებიან, რომ იეჰოვა სჯის მათ ცოდვების გამო.

  • ვინ არის დამნაშავე?
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 3
    • მაშველები ავტოკატასტროფის ადგილას

      ვინ არის დამნაშავე?

      თუ ღმერთი არ იწვევს ჩვენს ტანჯვას, მაშინ რატომ შიმშილობს მილიონობით ადამიანი და რატომ ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში, რატომ ხოცავენ ომებში ასე უმოწყალოდ ერთმანეთს, რატომ იტანჯებიან საშინელი დაავადებებით და რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურება? ღვთის სიტყვა, ბიბლია გვიმჟღავნებს ადამიანთა ტანჯვის სამ ძირითად მიზეზს. ესენია:

      1. ეგოიზმი, სიხარბე, სიძულვილი. „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ხშირად არასრულყოფილი, ეგოისტი და სასტიკი ადამიანები სხვებს დიდ ტკივილს აყენებენ.

      2. დრო და შემთხვევა. ხშირად ტანჯვა იმითაა გამოწვეული, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ცუდ დროს აღმოვჩნდებით ხოლმე ცუდ ადგილას — შეიძლება უბედური შემთხვევის დროს დავზარალდეთ ან ეს ვიღაცის დაუდევრობის ან შეცდომის გამო მოხდეს.

      3. ქვეყნიერების ბოროტი მმართველი. ბიბლიიდან ვიგებთ, რა არის სინამდვილეში ადამიანთა ტანჯვის უმთავრესი მიზეზი: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ეს „ბოროტი“ სატანა ეშმაკია, ძლევამოსილი სულიერი ქმნილება, რომელიც თავდაპირველად ღვთის ანგელოზი იყო, მაგრამ „განუდგა ჭეშმარიტებას“ (იოანე 8:44). მას სხვა სულიერი ქმნილებებიც შეუერთდნენ და ღმერთს დაუპირისპირდნენ, რათა თავიანთი ეგოისტური სურვილები დაეკმაყოფილებინათ; ამიტომაც იქცნენ დემონებად (დაბადება 6:1—5). იმ დროიდან მოყოლებული სატანა და მისი დემონები თავიანთ ჭკუაზე ატარებენ ადამიანებს და ჩაგრავენ. ამის თქმა განსაკუთრებით ჩვენს დროზე შეიძლება. ეშმაკს, რომელიც დიდად განრისხებულია, „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“, რის გამოც კაცობრიობა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია (გამოცხადება 12:9, 12). სატანა ნამდვილი ტირანია. მას სიამოვნებას ანიჭებს ადამიანთა ტანჯვა. ასე რომ, ღვთის კი არა, სატანის ბრალია, რომ ვიტანჯებით.

      ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: მხოლოდ მას შეუძლია მიაყენოს ტკივილი უდანაშაულო ადამიანებს, ვინც გულქვა და ულმობელია. ბიბლიაში წერია, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამიტომ წარმოუდგენელია, ასეთმა მოსიყვარულე პიროვნებამ ბოროტება გაგვიკეთოს ან უსამართლოდ მოგვექცეს! (იობი 34:10).

      თუმცა შეიძლება დაგებადოთ კითხვა: კიდევ რამდენ ხანს მისცემს ყოვლისშემძლე ღმერთი სატანის ტირანულ მმართველობას არსებობის უფლებას? როგორც უკვე დავინახეთ, ღმერთს სძულს ბოროტება და ის დიდ ტკივილს გრძნობს, როცა ხედავს, როგორ ვიტანჯებით. მეტიც, ღვთის სიტყვაში ასეთი მოწოდებაა ჩაწერილი: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ღმერთს ვუყვარვართ და ძალუძს, აღმოფხვრას ყოველგვარი უსამართლობა და ტანჯვა, როგორც ამას შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.a

      a თუ გსურთ, უფრო დაწვრილებით გაიგოთ, რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას, იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 26-ე გაკვეთილი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.pr2711.com. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ.

  • ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას!
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2018 | No. 3
    • მზის ჩასვლა

      ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას!

      „როდემდე უნდა გთხოვდე შველას, იეჰოვა, და არ ისმენდე?! როდემდე უნდა გთხოვდე ძალადობისგან ხსნას და არ გვშველოდე?!“ (აბაკუმი 1:2, 3). ეს სიტყვები აღმოხდა აბაკუმს, კაცს, რომელსაც ღვთის თვალში კარგი სახელი ჰქონდა. იმაზე ხომ არ მიუთითებდა მისი სიტყვები, რომ რწმენა აკლდა? რა თქმა უნდა, არა. ღმერთმა დაარწმუნა აბაკუმი, რომ დანიშნულ დროს ბოლოს მოუღებდა ტანჯვას (აბაკუმი 2:2, 3).

      როდესაც თქვენ ან თქვენი ახლობელი გასაჭირში ხართ, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდეთ, რომ ღმერთს უკვე რაღაც ზომები უნდა მიეღო თქვენს დასახმარებლად, მაგრამ აყოვნებს. თუმცა ბიბლიაში დამაიმედებელ სიტყვებს ვკითხულობთ: „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ; პირიქით, სულგრძელია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9).

      ᲠᲝᲓᲘᲡ ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲖᲝᲛᲔᲑᲡ?

      ძალიან მალე! იესომ თავის მოწაფეებს გაუმჟღავნა, რომ ერთი კონკრეტული თაობა გახდებოდა იმ მოვლენების მოწმე, რომლებიც ქვეყნიერების ბოლო დღეებისთვის იქნებოდა დამახასიათებელი (მათე 24:3—42). იესოს ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი ძალიან მალე ჩაერევა ადამიანთა საქმეებში.a

      როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ყოველგვარ ტანჯვას? დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ცხადყო, რომ ღმერთს შესწევს ადამიანთა ტანჯვის აღმოფხვრის ძალა. დაფიქრდით რამდენიმე მაგალითზე.

      სტიქიური უბედურებები. ერთხელ გალილეის ზღვაზე იესო და მისი მოციქულები ქარიშხალში მოჰყვნენ; ცოტაც და ნავი ჩაიძირებოდა. მაგრამ იესომ მოციქულებს დაანახვა, რომ მას და მის ზეციერ მამას ბუნების ძალების დამორჩილება შეეძლოთ (კოლოსელები 1:15, 16). იესომ უბრალოდ თქვა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“. რა მოხდა შედეგად? „ქარი ჩადგა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა“ (მარკოზი 4:35—39).

      ავადმყოფობა. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ იესოს შესწევდა უსინათლოების, კეთროვნების, ეპილეფსიით დაავადებულებისა თუ ნებისმიერი სხვა სნეულებით დაუძლურებულთა განკურნების ძალა. მან „ყველა ავადმყოფი განკურნა“ (მათე 4:23, 24; 8:16; 11:2—5).

      საკვების უკმარისობა. ბიბლიაში ჩაიწერა ორი შემთხვევა, როცა იესომ მამისგან ბოძებული ძალით ათასობით ადამიანი მცირეოდენი საკვებით დააპურა (მათე 14:14—21; 15:32—38).

      სიკვდილი. ბიბლიაში მოყვანილია სამი შემთხვევა, როცა იესომ მკვდრები გააცოცხლა. ეს შემთხვევები აშკარად მოწმობს, რომ იეჰოვას ძალუძს, გაგვათავისუფლოს სიკვდილის ტყვეობისგან. ერთხელ იესომ ოთხი დღის მკვდარი აღადგინა (მარკოზი 5:35—42; ლუკა 7:11—16; იოანე 11:3—44).

      a მეტი ინფორმაცია ბოლო დღეების შესახებ იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 32-ე გაკვეთილი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.pr2711.com. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება