-
თვითმკვლელობა — ახალგაზრდების ჭირიგამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
-
-
თვითმკვლელობა — ახალგაზრდების ჭირი
თითქოს ომები, მკვლელობები და სხვა საშინელებები არ იყოს საკმარისი, ახალგაზრდები თავადაც იკლავენ თავს. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ახალგაზრდებს როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად ანადგურებს და ხოცავს. უფრო და უფრო ხშირდება ეპიტაფიები, რომ ახალგაზრდა, განზრახ თუ უბედური შემთხვევით, ნარკოტიკების დიდი დოზით დაიღუპა.
ჟურნალ „ავადმყოფობებისა და სიკვდილიანობის შესახებ ყოველკვირეული ცნობის“ (Morbidity and Mortality Weekly Report) 1995 წლის 28 აპრილის ნომერში ნათქვამი იყო, რომ „ამერიკაში 15—19 წლის ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზებს შორის მესამე ადგილი თვითმკვლელობას უჭირავს“. დოქტორი ჯ. ჯ. მანი წერს: „ყოველწლიურად 30 000-ზე მეტი [1995 წლის მონაცემებით 31 284] ამერიკელი იკლავს თავს. საუბედუროდ, ესენი, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდები არიან. . . ამ 30 000 პიროვნებაზე ათჯერ მეტი ადამიანი კი თვითმკვლელობას ცდილობს, მაგრამ ცოცხალი რჩება. . . იმ პაციენტების ამოცნობა, რომლებმაც შეიძლება თავი მოიკლან, ექიმების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რადგანაც მათთვის ადვილი არაა იმის განსაზღვრა, თუ დეპრესიაში მყოფი პაციენტებიდან ვინ ეცდება თავის მოკვლას და ვინ არა“ (The Decade of the Brain).
საიმონ სობო, მილფორდის (კონექტიკუტი, აშშ) ახალი საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების მთავარი ექიმი ამბობს: „ამ გაზაფხულს [1995 წელი], 13 წლის მანძილზე ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში თვითმკვლელობის მცდელობის ყველაზე მეტი შემთხვევა აღინიშნა“. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ათასობით მოზარდი ცდილობს თავის მოკვლას. თითოეული მცდელობა იმაზე მეტყველებს, რომ მათ დახმარება და ყურადღება სჭირდებათ. ვინ ამოუდგება მათ მხარში, ვიდრე გვიანი არ არის?
მსოფლიო პრობლემა
სხვა ქვეყნებშიც მსგავსი სურათია. ჟურნალის „ინდია ტუდეი“ თანახმად, ინდოეთში 1990 წელს დაახლოებით 30 000-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ახალი ზელანდია, ესპანეთი, ისრაელი, კანადა, საფრანგეთი, ტაილანდი, ფინეთი, შვეიცარია და ჰოლანდია, ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობების რიცხვმა მოიმატა. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის 1996 წლის მონაცემებით, ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობები ყველაზე ხშირია ახალ ზელანდიაში, ლატვიაში, ლიტვაში, ფინეთში, რუსეთსა და სლოვენიაში.
ავსტრალიაც იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ხშირია ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობები. ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, ამ ქვეყანაში 1995 წელს ახალგაზრდა ვაჟების სიკვდილის შემთხვევების 25 პროცენტს, ხოლო გოგონების სიკვდილის შემთხვევების 17 პროცენტს თვითმკვლელობები შეადგენდა (The Canberra Times). „წარმატებული“ თვითმკვლელობების შემთხვევები ავსტრალიაში ვაჟებს შორის თითქმის ხუთჯერ მეტია, ვიდრე გოგონებს შორის. იგივე თანაფარდობაა სხვა მრავალ ქვეყანაშიც.
ნიშნავს ეს, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევები ვაჟებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში? არა. არსებული მონაცემების თანახმად, დიდი სხვაობა არ შეიმჩნევა. მაგრამ „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უკანასკნელი მაჩვენებლების მიხედვით, ინდუსტრიულ ქვეყნებში თვითმკვლელობების რიცხვი, როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში ოთხჯერ უფრო დიდია“ (The Progress of Nations, გამოცემულია გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის მიერ).
მაგრამ თვით ეს შემაძრწუნებელი სტატისტიკური მონაცემებიც კი ვერ აჩვენებს პრობლემის რეალურ მასშტაბებს. ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობის შესახებ სამედიცინო-ანალიტიკური სტატისტიკა იოლი წასაკითხია. მაგრამ ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ იმ ფაქტს, რომ თითოეული ცივი სტატისტიკური მაჩვენებლის უკან დგას გამწარებული ოჯახი და მწუხარება; იმ ადამიანების ტანჯვა, ტკივილი და სასოწარკვეთილება, რომლებიც მომხდარის მიზეზებს ეძებენ.
შესაძლებელია თუ არა ამ დიდი ტრაგედიის, ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობის, თავიდან არიდება? არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც დამხმარეა ამ უბედურების ასარიდებლად.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
თვითმკვლელობის მიზეზები
მრავალი აზრი არსებობს თვითმკვლელობის მიზეზების შესახებ. „ადამიანს თვითმკვლელობისკენ, მისი აზრით, გადაულახავი პრობლემა უბიძგებს. ეს შეიძლება იყოს მარტოობა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი (განსაკუთრებით მეუღლის), ცუდი ბავშვობა, მძიმე ავადმყოფობა, სიბერე, უმუშევრობა, ფინანსური პრობლემები და ნარკოტიკები“ (The American Medical Association Encyclopedia of Medicine).
სოციოლოგ ემილ დიურკემის თანახმად, თვითმკვლელობის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს:
1. ეგოისტური თვითმკვლელობა — ამ ტიპის თვითმკვლელობის „მიზეზად ითვლება საზოგადოებასთან კავშირის უქონლობა. ეგოისტურ თვითმკვლელობას სჩადის ის, ვინც თავის თავშია ჩაკეტილი და არავითარი კავშირი არ აქვს საზოგადოებასთან“. ასეთ პიროვნებას მიდრეკილება აქვს მარტოობისკენ.
2. ალტრუისტული თვითმკვლელობა — „პიროვნება იმდენად მჭიდრო კავშირშია საზოგადოების გარკვეულ ჯგუფთან, რომ ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს მისთვის“. ამის მაგალითებია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იაპონელი კამიკაძეები და რელიგიური ექსტრემისტები, რომლებიც იმ ხალხის დასახოცად, ვისაც ისინი მტრებად თვლიან, თავსაც იფეთქებენ. სხვა მაგალითად იმ ადამიანების მოყვანაც შეიძლება, რომლებიც თავს იწვავენ, რომ ხალხის ყურადღება მიზეზს მიაპყრონ.
3. ანომიური თვითმკვლელობა — „პიროვნებას ძალა არ შესწევს, რომ კრიზისულ მდგომარეობას გონივრული გზით გაუმკლავდეს და პრობლემის გადაჭრის საშუალებად თვითმკვლელობას არჩევს. [ეს] ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებასთან პიროვნების ურთიერთობა უეცრად უარესობისკენ იცვლება“.
4. ფატალური თვითმკვლელობა — „ამგვარი თვითმკვლელობა გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული ზედმეტად მკაცრი წესებით, რომლებიც ადამიანს თავისუფლებას ართმევს“. პიროვნება „ფიქრობს, რომ მომავალი არ გააჩნია“ („მოზარდთა თვითმკვლელობა: შეფასება და ჩარევა“ [Adolescent Suicide: Assessment and Intervention], ალენ ლ. ბერმენი და დეივიდ ფ. ჯოუბზი).
-
-
როდესაც იმედი და სიყვარული ქრებაგამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
-
-
როდესაც იმედი და სიყვარული ქრება
კანადელმა 17 წლის გოგონამ დაწერა, თუ რატომ უნდოდა სიკვდილი: „მარტოობას ვგრძნობ და მომავლის მეშინია; სამსახურში თავს არარაობად ვგრძნობ; მაღელვებს ბირთვული ომი და ოზონის ფენა; ისეთი შეუხედავი ვარ, რომ ვერასდროს გავთხოვდები და მთელ ცხოვრებას მარტოობაში გავატარებ; ვფიქრობ, ბევრი არაფერია, რისთვისაც ცხოვრება ღირს, და რაღას დავუწყო ძებნა? სიკვდილი ყოველგვარ ტვირთს ჩამომაშორებს; მეტად ვეღარავინ მომაყენებს გულისტკივილს“.
შეიძლება, რომ ზემოაღნიშნულმა მიზეზებმა გამოიწვიოს ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობა? კანადაში „ავტოავარიების შემდეგ თვითმკვლელობა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა“ (The Globe and Mail).
სამხრეთ ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის პროფესორი რეიეს ჰასანი თავის ნაშრომში „ცხოვრების გაუვლელი გზა — ახალგაზრდების თვითმკვლელობა“ (Unlived Lives: Trends in Youth Suicide) წერს: «ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე სოციოლოგიური მიზეზი არსებობს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოზარდებს შორის თვითმკვლელობების რიცხვი. ეს არის: ახალგაზრდების უმუშევრობა, ცვლილებები ავსტრალიურ ოჯახებში, ნარკოტიკების გამოყენების გახშირება, ახალგაზრდებში ძალადობის შემთხვევების მომრავლება, ფსიქიკური მდგომარეობა, და „თეორიულ თავისუფლებასა“ და რეალურ დამოუკიდებლობას შორის დიდი სხვაობა». ნაშრომში შემდეგ ნათქვამია, რომ რამდენიმე გამოკვლევის შედეგებმა მომავლისადმი ახალგაზრდების პესიმისტური დამოკიდებულება ცხადყო: „ახალგაზრდების დიდი ნაწილი როგორც საკუთარ, ისე მთელი კაცობრიობის მომავალს შიშითა და მღელვარებით უყურებს. ისინი ხედავენ მსოფლიოს ბირთვული ომისგან აოხრებულს და გაბინძურებითა და გარემოს დეგრადაციით განადგურებულს, აგრეთვე არაადამიანურ საზოგადოებას, სადაც ტექნიკა ვერ იმართება და უმუშევრობა მძვინვარებს“.
16—24 წლის ახალგაზრდების გამოკითხვის თანახმად, თვითმკვლელობის სხვა მიზეზად დასახელებულია მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული, რომელიც თანდათანობით ფართოვდება, მარტოხელა მშობლების მომრავლება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ძალადობა ბავშვებზე და „ხვალინდელი დღისადმი რწმენის უქონლობა“.
„ნიუსუიკში“ ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში „ცეცხლსასროლი იარაღი [მოზარდთა თვითმკვლელობის] ძირითადი მიზეზია. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი მოზარდები, რომლებმაც თავი მოიკლეს, მხოლოდ ერთი რამით განსხვავდებოდნენ სხვა ბავშვებისგან — მათ სახლში იარაღი ჰქონდათ. რამდენად მცდარია ის აზრი, რომ მკვლელობისას იარაღი არაფერ შუაშია“. დღეს კი მილიონობით ოჯახში ინახება იარაღი!
შიშმა და საზოგადოების გულგრილობამ შეიძლება სწრაფად უბიძგოს მგრძნობიარე ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ. 12—19 წლის ახალგაზრდებისადმი გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები ორჯერ აღემატება ძალადობის შემთხვევებს საერთოდ. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ „უფრო მეტად 14-დან 24 წლამდე ასაკის გოგონები არიან გაუპატიურების საფრთხის წინაშე“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში. — ქალებს უფრო ხშირად თავს ესხმიან და ხოცავენ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ უყვართ ისინი“. შედეგი? შიშმა „ამ გოგონებს ნდობა და უსაფრთხოების გრძნობა დაუკარგა“ (Maclean’s). ერთი გამოკითხვის თანახმად, გაუპატიურებული ქალების თითქმის მესამედმა თქვა, რომ თავის მოკვლას ფიქრობდა.
ახალი ზელანდიის მონაცემებში ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობების სხვა მიზეზია მოყვანილი: „მსოფლიოში გაბატონებული შეხედულებები, რომ წარმატება სიმდიდრეზე, გარეგნობასა და ძალაუფლებაზეა დამოკიდებული, მრავალ ახალგაზრდაში იწვევს გრძნობას, რომ ის არავის სჭირდება და საზოგადოებისგან გარიყული არიან“. გარდა ამისა, ერთ ჟურნალში ნათქვამია: „[ახალგაზრდებს] სურთ უცბად დაკმაყოფილდნენ და სწრაფად მიიღონ ყველაფერი. მათი საყვარელი ტელეგადაცემები სენტიმენტალური ტელესერიალებია. ახალგაზრდებს სურთ, რომ მათ ირგვლივაც უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული კარგი გარეგნობის მდიდარი და პატივსაცემი ადამიანები იყვნენ და თანაც დიდი შრომა არ სჭირდებოდეთ“ (The Futurist). ეს არარეალური, ფუჭი მოლოდინი იწვევს იმედგაცრუებას, რამაც შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ახალგაზრდა.
გადამრჩენი თვისება?
შექსპირმა დაწერა: „სიყვარული მანუგეშებელია როგორც წვიმის შემდეგ გამოსული მზე“. ბიბლიაში ნათქვამია: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:8). ეს თვისებაა აუცილებელი იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებიც თავის მოკვლას ფიქრობენ — მათ სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ადამიანები, რომლებიც თავის მოკვლას ფიქრობენ, საშინელ მარტოობას გრძნობენ და ხშირად უბედურების თავიდან ასაცილებლად საკმარისია თანამგრძნობ, გულისხმიერ პიროვნებასთან საუბარი“ (The American Medical Association Encyclopedia of Medicine).
ახალგაზრდებში ხშირია სიყვარულისა და ახლო ურთიერთობების დიდი სურვილი. ამას კი უფრო და უფრო ძნელად პოულობენ ამ არამოყვარულ და ბოროტ წუთისოფელში, სადაც მათ სიტყვის თქმის უფლება იშვიათად ან არასდროს ეძლევათ. მშობლების მიერ უარყოფა, როდესაც ისინი იყრებიან და ოჯახი ინგრევა, შეიძლება ასევე ერთ-ერთი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების თვითმკვლელობას. მშობლების მხრიდან უარყოფა შეიძლება სხვაგვარადაც იყოს გამოვლენილი.
განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც მშობლები იშვიათად არიან სახლში შვილებთან ერთად. დედა და მამა შესაძლებელია დაკავებული არიან თავიანთი საქმეებით ან ისეთი გართობით, რომელიც გამორიცხავს ბავშვებს. ეს შვილების არაპირდაპირი, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო უარყოფაა. ცნობილი ჟურნალისტი და მკვლევარი ჰიუ მაკეი აღნიშნავს: „მშობლები სულ უფრო და უფრო ეგოცენტრულები ხდებიან. ისინი თავიანთ თავს პირველ ადგილზე აყენებენ, რომ ცხოვრებას არ ჩამორჩნენ. . . უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვები მოდიდან გადავიდნენ. . . ცხოვრება რთულია და ადამიანები უფრო მეტად საკუთარ თავზე ფიქრობენ“.
გარდა ამისა, ზოგ კულტურაში მამაკაცები დამამცირებლად თვლიან მომვლელის როლში ყოფნას. ჟურნალისტი კეიტ ლეგი კარგად ხსნის ამას: „მამაკაცებს, ჩვეულებრივ, მოვლასთან დაკავშირებულ სამსახურს მაშველ ჯგუფში ან მეხანძრედ მსახურება ურჩევნიათ. . . ურჩევნიათ დიდი და გაუხმაურებელი გმირობა ჩაიდინონ, ვიდრე ვინმეზე მზრუნველობა იტვირთონ. მზრუნველობას კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მშობლობა ნიშნავს. ცუდი მშობლობა შვილის უარყოფის ტოლფასია. შედეგად, თქვენს შვილს შეიძლება საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენა შეექმნას და არასწორად ჩამოყალიბდეს. ერთ ჟურნალში აღნიშნულია: „საკუთარ თავზე დადებითი თვალსაზრისის გარეშე ბავშვები ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს“ (The Education Digest).
უიმედობა თავის კვალს ტოვებს
მკვლევართა აზრით, თვითმკვლელობებს, ძირითადად, უიმედობა იწვევს. ჯეილ მეისონი, რომელიც ავსტრალიაში ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობების შესახებ წერს, ამბობს: „უიმედობა უფრო მეტადაა დაკავშირებული თვითმკვლელობაზე ფიქრთან, ვიდრე დეპრესია. ზოგჯერ უიმედობა განისაზღვრება როგორც დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი. . . ის, ჩვეულებრივ, ახალგაზრდების მომავალთან, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ მომავალთან, დაკავშირებულ სასოწარკვეთილებად და უფრო იშვიათ შემთხვევაში გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ უიმედობად იქცევა“.
ახალგაზრდებს ცნობილი ადამიანები პატიოსნების მხრივ ცუდ მაგალითს აძლევენ, რის გამოც ისინი არ ცდილობენ მაღალი ეთიკური და ზნეობრივი ნორმებით მოქმედებას. ამიტომ ახალგაზრდები ფიქრობენ: „რატომ შევიწუხო თავი?“ ერთ ჟურნალში აღნიშნულია, რომ „ახალგაზრდებს შეუმჩნეველი არ რჩებათ ფარისევლობა. ისინი კარგად ხედავენ ამ წუთისოფლის სოციალურ თავისებურებებს — წუთისოფლისა, რომელშიც თავი უნდა გაიტანონ“ (Harper’s Magazine). რას ცხადყოფს მათთვის ეს თავისებურებები? მწერალი სტეფანი დაურიკი წერს: „ამდენი ინფორმაცია არასდროს გვქონია იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ. არასდროს ვყოფილვართ ასე მდიდრები და განათლებულები, მაგრამ ირგვლივ მაინც სასოწარკვეთილებაა“. მისაბაძი პიროვნებებიც ძნელად თუ მოიძებნება პოლიტიკურ და რელიგიურ წრეებში. დაურიკი რამდენიმე მართებულ შეკითხვას სვამს: როგორ შევიძინოთ სიბრძნე, მოქნილობა და როგორ შეიძლება აზრი დავინახოთ ამ აზრსმოკლებულ ტანჯვაში? როგორ უნდა გამოვამჟღავნოთ სიყვარული ეგოიზმით, მოუთმენლობითა და სიხარბით სავსე მსოფლიოში?“
ვფიქრობთ, რომ მომდევნო სტატიაში ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები დაგაინტერესებთ.
-
-
როდესაც იმედი და სიყვარული ბრუნდებაგამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
-
-
როდესაც იმედი და სიყვარული ბრუნდება
მშობლები, მასწავლებლები და სხვები, ვისაც ურთიერთობა აქვს მოზარდებთან, ხედავენ, რომ არც მათ, არც ახალგაზრდებსა და არც სხვა ვინმეს, არ შეუძლია ქვეყნიერების შეცვლა. ისევე, როგორც არავის შეუძლია აზვირთებული ტალღების შეჩერება. მაგრამ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ ახალგაზრდები უფრო ბედნიერები, ჯანმრთელები და საზოგადოებასთან შეწყობილები იყვნენ.
რადგანაც უმჯობესია უსიამოვნების თავიდან აცილება, ვიდრე შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება, მშობლები უნდა დაფიქრდნენ, თუ რა ზეგავლენას ახდენს შვილების შეხედულებებსა და ქცევაზე მათი ცხოვრების წესი და პრიორიტეტები. ოჯახში არსებული მოსიყვარულე და მზრუნველი გარემო საუკეთესოდ იცავს ბავშვებს, რომ არაფერი ავნონ საკუთარ თავს. ახალგაზრდებს ძლიერ ესაჭიროებათ, რომ ვინმემ მოუსმინოს. თუ მშობლები არ მოუსმენენ, გამოჩნდება არასასურველი პიროვნება, რომელიც ამას გააკეთებს.
რას ნიშნავს ეს დღევანდელი მშობლებისთვის? გამოუყავით დრო თქვენს შვილებს, როდესაც მათთვის აუცილებელია — როდესაც ისინი ახალგაზრდები არიან. ბევრი ოჯახისთვის ეს არც ისე იოლია. ოჯახის უზრუნველსაყოფად ორივე მშობელს უწევს მუშაობა. ის მშობლები, რომლებსაც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღოთ მსხვერპლი, რომ უფრო მეტი დრო დაეთმოთ შვილებისთვის, ხშირად დიდ კურთხევებს იმკიან, რადგანაც ხედავენ, რომ შვილები კარგად უმკლავდებიან ცხოვრებას. თუმცა, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ზოგჯერ მშობლების ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, შვილებს სერიოზული პრობლემები უჩნდებათ.
მეგობრებისა და სხვა ახალგაზრდების დახმარება
ომები, გაუპატიურებები, ახალგაზრდებისადმი ძალადობის შემთხვევები უფრო აუცილებელს ხდის, რომ უფროსებმა, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ ახალგაზრდებზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მათ. ასეთი შემთხვევების შედეგად ტრავმირებული ახალგაზრდა შეიძლება არც გამოგეხმაუროთ დადებითად დახმარებაზე. შესაძლებელია, დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდეთ. რასაკვირველია, არ იქნებოდა ბრძნული და მათდამი სიყვარულსაც ვერ გამოვამჟღავნებდით დამცირებითა და უარყოფით. უმჯობესი არაა ვეცადოთ, სიკეთე და სიყვარული გამოვამჟღავნოთ იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია?
არა მარტო მშობლები, არამედ მეგობრები და დედმამიშვილებიც ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ შეუმჩნეველი არ დარჩეთ ახალგაზრდის შერყეული ემოციური მდგომარეობა. (იხილეთ ჩარჩო „კვალიფიციური დახმარების აუცილებლობა“, გვერდი 8). თუ ახალგაზრდაში რაღაც ცვლილებებს ხედავთ, ნუ დააყოვნებთ მასთან საუბარს. თუ შესაძლებელია, დაუსვით უმტკივნეულო კითხვები და ეცადეთ, რომ მან გული გადაგიშალოთ; დაანახეთ, რომ მისი ნამდვილი მეგობარი ხართ. ახლო მეგობრებსა და ნათესავებს შეუძლიათ დაეხმარონ მშობლებს რთულ მდგომარეობასთან გამკლავებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მშობლის მოვალეობაში არ შეიჭრან. ხშირად თვითმკვლელობა იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდობას უსაზღვროდ სჭირდება ყურადღება — მშობლის ყურადღება.
ახალგაზრდას საუკეთესოდ დაეხმარებოდით, თუ ბედნიერი მომავლის მტკიცე იმედსა და ცხოვრების სტიმულს მისცემდით. მრავალმა ახალგაზრდამ დაინახა, რომ უკეთესი მსოფლიო სისტემის მოახლოების შესახებ ბიბლიის დანაპირები ჭეშმარიტია.
შესაძლებელი თვითმკვლელობიდან დახსნა
იაპონიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელიც ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, ამბობს: «რამდენჯერ მინდოდა გადამედგა ეს ნაბიჯი. ბავშვობაში გამაუპატიურა მან, ვისაც ვენდობოდი. . . მრავალჯერ დამიწერია, რომ თავის მოვლა მინდოდა. მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გავხდი და ამჟამად სრული დროით ვმსახურობ. მიუხედავად ამისა, ეს სურვილი დროდადრო ისევ მახსენებს თავს. . . მაგრამ იეჰოვას სურს ვიცოცხლო და თითქოს ალერსით მეუბნება — „იცოცხლე“ ».
რუსეთში მცხოვრებმა 15 წლის გოგონამ დაწერა: „რვა წლის ასაკიდან დამეუფლა გრძნობა, რომ არავის ვჭირდებოდი. მშობლებს ჩემთან საუბრისთვის დრო არ ჰქონდათ და პრობლემებთან გამკლავება მარტო მიწევდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე. ნათესავებთან ხშირად ვჩხუბობდი. მერე კი თავის მოკვლაზე დავიწყე ფიქრი. რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც იეჰოვას მოწმეებს შევხვდი!“
ავსტრალიაში მცხოვრები კეთი, რომელიც ახლა 30 წელზე ცოტა მეტისაა, გამამხნევებელ სიტყვებს წერს, რომ შესაძლებელია სასოწარკვეთილება იმედმა შეცვალოს: «ხშირად ვფიქრობდი, როგორ მომეკლა თავი და ბოლოს ვცადე კიდეც. მინდოდა გავქცეოდი ამ ქვეყნიერებას, სადაც ტანჯვა, ბოროტება და სიცარიელეა. თითქოს აბლაბუდაში ვიყავი გაბმული, მაგრამ დეპრესიის გამო მიჭირდა იქიდან გამოსვლა. ამიტომაც, თვითმკვლელობაში ვხედავდი გამოსავალს.
როდესაც გავიგე, რომ დედამიწა სამოთხედ უნდა გადაიქცეს, სადაც ყველა მშვიდობიანად და ბედნიერად იცხოვრებს, ეს ნამდვილად ჩემს ნატვრად იქცა. თუმცა აუხდენელ ოცნებად მიმაჩნდა. მაგრამ თანდათანობით გავიგე იეჰოვას თვალსაზრისი სიცოცხლის შესახებ, თუ რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანი მისთვის. დავრწმუნდი, რომ არსებობდა მომავლის იმედი. ბოლოს, ვიპოვე „აბლაბუდიდან“ გამოსასვლელი. თუმცა იქიდან გამოსვლა არც ისე ადვილი ყოფილა. ზოგჯერ დეპრესიაში ვვარდებოდი და თავს საშინლად ვგრძნობდი. მაგრამ იეჰოვაზე მინდობა მეხმარებოდა, რომ მასთან მჭიდრო ურთიერთობა განმევითარებინა და თავი უსაფრთხოდ მეგრძნო. მადლობას ვწირავ იეჰოვას ყველაფრისთვის, რასაც ის ჩემთვის აკეთებს».
წარსულს ჩაბარდება ახალგაზრდების სიკვდილი
ბიბლიის შესწავლისას ახალგაზრდა ხედავს, რომ წინ უკეთესი მომავალია, რასაც მოციქულმა პავლემ ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ უწოდა. ის ურჩევდა ახალგაზრდა ტიმოთეს: „მდიდრებს ამცნე. . . არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით. . . დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:17–19).
პავლეს რჩევა, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უნდა დავანახვოთ მომავლის მტკიცე იმედი. ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ არის ის, რასაც იეჰოვა ‘ახალ ცასა და ახალ მიწაზე’, ახალ ქვეყნიერებაში, გვპირდება (2 პეტრე 3:13).
მრავალმა ახალგაზრდამ, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეში იყო, დაინახა, რომ ნარკოტიკები და უზნეო ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა სიკვდილისკენ მიმავალი შედარებით გრძელი და მიხვეულ-მოხვეული გზა, თვითმკვლელობა კი მხოლოდ გზის მოჭრაა. მათ შეიტყვეს, რომ ეს ქვეყნიერება თავისი ომებით, ბოროტებით, ძალადობითა და სიძულვილით მალე წარსულს ჩაბარდება. დაინახეს, რომ ამ მსოფლიო სისტემას ვეღარაფერი იხსნის. მათ ირწმუნეს, რომ ღვთის სამეფო ერთადერთი რეალური იმედია, რადგანაც ის დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, სადაც არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ მთელ მორჩილ კაცობრიობას აღარასოდეს მოუწევს სიკვდილი და სიკვდილის სურვილიც აღარავის ექნება (გამოცხადება 21:1–4).
-