საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ღირს სიცოცხლე?
    გამოიღვიძეთ! — 2014 | აპრილი
    • რატომ ღირს სიცოცხლე?

      ვინც დაიანასa იცნობს, იტყვის, რომ ის გონიერი, მეგობრული და ურთიერთობის მოყვარული გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი და ხალისიანი ჩანს, კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში დაიანა მწვავე დეპრესიას განიცდის. ის ამბობს: „დღე არ გავა, რომ სიკვდილზე არ ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, ცხოვრება ჩემ გარეშეც მშვენიერი იქნებოდა“.

      „ზოგი გამოკვლევის თანახმად, იქ, სადაც ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, 200 ცდილობს თავის მოკვლას, 400 კი ფიქრობს ამაზე“ (კანადაში გამომავალი გაზეთი „მონრეალი“).

      დაიანა ამბობს, რომ თავს არასოდეს მოიკლავს. თუმცა ზოგჯერ ფიქრობს, რომ არ ღირს სიცოცხლე. ის ამბობს: „ვნატრობ, რომ კატასტროფაში მოვყვე. სიკვდილი ჩემთვის შვება იქნება“.

      ბევრისთვის ნაცნობია დაიანას გრძნობები და ზოგ მათგანს უფიქრია კიდეც თვითმკვლელობაზე ან უცდია თავისი ჩანაფიქრის განხორციელება. ექსპერტების აზრით, იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც თავის მოკვლას ცდილობენ, სინამდვილეში სიკვდილი კი არ სურთ, არამედ ის, რომ მათ ტანჯვას ბოლო მოეღოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ სჯერათ, რომ ნამდვილად აქვთ მიზეზი თავის მოსაკლავად. მაგრამ სინამდვილეში მათ იმ მიზეზების ცოდნა სჭირდებათ, რატომაც ღირს სიცოცხლე.

      რატომ ღირს სიცოცხლე? განვიხილოთ სამი მიზეზი, რაც დაგვარწმუნებს, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს.

      მითი: თვითმკვლელობაზე საუბარი ან თუნდაც ამ სიტყვის ხსენება, ადამიანს აღძრავს თვითმკვლელობისკენ.

      ფაქტი: ამ საკითხზე ღიად საუბარი ხშირად ეხმარება ადამიანს, დაფიქრდეს იმ მიზეზებზე, რის გამოც ღირს სიცოცხლე.

      a სახელი შეცვლილია.

  • 1 მდგომარეობა იცვლება
    გამოიღვიძეთ! — 2014 | აპრილი
    • 1 მდგომარეობა იცვლება

      „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ“ (2 კორინთელები 4:8).

      თვითმკვლელობას უწოდებენ „დროებითი პრობლემიდან სამუდამო გამოსავალს“. რაც უნდა წარმოუდგენლად მიგაჩნდეთ, ძალიან მძიმე, თუნდაც გამოუვალი მდგომარეობა, შესაძლოა დროებითი იყოს. სინამდვილეში, ის შეიძლება მოულოდნელად უკეთესობისკენ შეიცვალოს. (იხილეთ ჩარჩო „მათი მდგომარეობა შეიცვალა“).

      თუ ეს არ მოხდება, ნუ ეცდებით, ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარებას. იესომ თქვა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

      მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი მდგომარეობა არ შეიცვლება? მაგალითად, დავუშვათ, ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. ან შესაძლოა იმაზე დარდობთ, რომ ოჯახი დაგენგრათ ან საყვარელი ადამიანი გარდაგეცვალათ.

      ასეთ სიტუაციებშიც კი, რაღაცის შეცვლა შესაძლებელია. მდგომარეობას ვერ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება. თუ ისწავლით იმ აზრთან შეგუებას, რომ არის რაღაც, რასაც ვერ შეცვლით, მოვლენებს უფრო დადებითი კუთხით შეხედავთ (იგავები 15:15). იმის ნაცვლად, რომ რადიკალურ ზომებს მიმართოთ და თვითმკვლელობა სცადოთ, უმჯობესი იქნება, პრობლემებთან გამკლავების გზები მოძებნოთ. მართალია, შეიძლება სიტუაცია ვერ გამოასწოროთ, მაგრამ სიტუაციისადმი დამოკიდებულების გაკონტროლებას მაინც შეძლებთ (იობი 2:10).

      გახსოვდეთ: მთის მწვერვალზე ერთი ნაბიჯით ვერ ახვალთ, მაგრამ ნელ-ნელა შეძლებთ ამას. იმავეს თქმა შეიძლება პრობლემების უმეტესობაზე, თუნდაც ის მთასავით დიდი იყოს.

      რის გაკეთება შეგიძლიათ დღესვე: მოუყევით ვინმეს თქვენი მდგომარეობის შესახებ, იქნება ეს მეგობარი თუ ოჯახის წევრი. ის შეიძლება დაგეხმაროთ, სიტუაციას უფრო გაწონასწორებული თვალით შეხედოთ (იგავები 11:14).

      მათი მდგომარეობა შეიცვალა

      დაფიქრდით ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის ოთხი ერთგული ადამიანის მაგალითზე, რომლებიც იმდენად სასოწარკვეთილნი იყვნენ, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდათ.

      • რებეკა: „თუ ასე იქნება, რად მინდა სიცოცხლე?“ (დაბადება 25:22).

      • მოსე: „ბარემ მომკალი, რომ არ ვნახო ჩემი უბედურება (რიცხვები 11:15).

      • ელია: „წაიღე ჩემი სული . . . რადგან არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“ (1 მეფეები 19:4).

      • იობი: „რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი?“ (იობი 3:11).

      თუ წაიკითხავთ ბიბლიურ მონაკვეთებს ამ ადამიანების შესახებ, დაინახავთ, რომ მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, რაც ერთ დროს მათთვის წარმოუდგენელი ჩანდა. თქვენ შემთხვევაშიც შეიძლება ასე მოხდეს (ეკლესიასტე 11:6). არასოდეს დანებდეთ!

  • დახმარება არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2014 | აპრილი
    • 2 დახმარება არსებობს

      „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

      როცა ფიქრობთ, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, სიცოცხლეს შეიძლება სიკვდილი ამჯობინოთ. განვიხილოთ, რა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს დამხმარე.

      ლოცვა. ლოცვა არც მარტო გუნება-განწყობის ასამაღლებელი საშუალებაა და არც მხოლოდ სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის უკანასკნელი იმედი. ეს არის ურთიერთობა იეჰოვა ღმერთთან, რომელიც ზრუნავს თქვენზე. იეჰოვას სურს, რომ თქვენი საწუხარი გაუზიაროთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22).

      კარგი იქნება, თუ დღესვე მიმართავთ ღმერთს ლოცვით. ლოცვისას მოიხსენიეთ ღვთის სახელი იეჰოვა და საუბრისას იყავით გულწრფელი (ფსალმუნი 62:8). იეჰოვას სურს, რომ დაუმეგობრდეთ მას (ესაია 55:6; იაკობი 2:23). ღმერთს შეგიძლიათ ლოცვით მიმართოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

      თვითმკვლელობის პრევენციის ამერიკის ფონდის მონაცემების თანახმად, „იმ ადამიანთა 90 პროცენტზე მეტს, რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, აღენიშნებოდათ ემოციური მოშლილობა. ხშირ შემთხვევაში, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ასეთი პრობლემა ჰქონდათ, შესაბამისად, არც ექიმს მიმართავდნენ და არც სათანადო მკურნალობას იტარებდნენ“.

      მზრუნველი ადამიანები. თქვენს სიცოცხლეს სხვებისთვისაც აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, რომლებმაც შესაძლოა უკვე არაერთხელ დაგარწმუნეს თავიანთ სიყვარულში. მზრუნველ ადამიანებში ისინიც შედიან, რომლებსაც შესაძლოა ჯერ არ შეხვედრიხართ. მაგალითად, იეჰოვას მოწმეები ქადაგების დროს ხვდებიან სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებსაც თვითმკვლელობა აქვთ განზრახული. კარდაკარ ქადაგებისას იეჰოვას მოწმეებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ, დაეხმარონ ასეთ ადამიანებს. იესოს მსგავსად, ისინიც ზრუნავენ თავიანთ მოყვასზე, მათ შორის თქვენზეც (იოანე 13:35).

      სამედიცინო დახმარება. მას, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ხშირად ხასიათის უცნაური ცვალებადობა ახასიათებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ღრმა დეპრესიაშია. არაფერია სასირცხვილო იმაში, თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, ისევე როგორც ფიზიკური ავადმყოფობა არ არის სასირცხვილო. ფაქტობრივად, დეპრესიას უწოდებენ „გონების გრიპს“. ის შეიძლება ნებისმიერს „შეეყაროს“, მაგრამ მისი განკურნება შესაძლებელია.a

      გახსოვდეთ: ჩვეულებრივ, ღრმა დეპრესიას საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით. მაგრამ, თუ დახმარებაზე უარს არ იტყვით, წარმატებას მიაღწევთ.

      რის გაკეთება შეგიძლიათ დღესვე: მიმართეთ სანდო ექიმს, რომელიც მკურნალობს დეპრესიას.

      a თუ სერიოზულად ფიქრობთ თვითმკვლელობაზე, გაიგეთ, დახმარების რა საშუალებები არსებობს, მაგალითად, ხელმისაწვდომია თუ არა თვითმკვლელობის პრევენციის ცხელი ხაზი ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ასეთ დაწესებულებებში მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ.

  • იმედი არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2014 | აპრილი
    • 3 იმედი არსებობს

      „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

      ბიბლიაში წერია, რომ ადამიანის სიცოცხლე „დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“ (იობი 14:1). დღესდღეობით ყველას ატყდება თავს ესა თუ ის ტრაგედია. ამის გამო ზოგი უიმედო მდგომარეობაში ვარდება და გვირაბის ბოლოს შუქს ვერ ხედავს. ზოგჯერ თქვენც ხომ არ გეუფლებათ ასეთი გრძნობა? ბიბლია ყველას გვაძლევს სარწმუნო იმედს, მათ შორის თქვენც. მაგალითად:

      • ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთს ჩვენთვის უკეთესი ცხოვრება ჰქონდა განზრახული (დაბადება 1:28).

      • იეჰოვა ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ესაია 65:21—25).

      • ღვთის ეს დანაპირები აუცილებლად შესრულდება. გამოცხადების 21:3, 4-ში ვკითხულობთ:

        „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

      ეს იმედი მხოლოდ ოცნება როდია. იეჰოვა ღმერთს განზრახული აქვს, რომ იგი რეალობად აქციოს და ამისათვის მას ძალაც აქვს და სურვილიც. ბიბლიაში მოცემული ეს იმედი სარწმუნოა და ის მტკიცე პასუხს სცემს კითხვაზე, თუ რატომ ღირს სიცოცხლე?

      გახსოვდეთ: შეიძლება ემოციებმა აბობოქრებულ ზღვაში მყოფი გემივით შეგარყიოთ, მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილი იმედი ღუზასავითაა, რომელიც დაგეხმარებათ სტაბილურობის შენარჩუნებაში.

      რის გაკეთება შეგიძლიათ დღესვე: გამოიკვლიეთ, რას ამბობს ბიბლია მომავალთან დაკავშირებით. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ მოწმეებს ან მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ვებ-გვერდზე jw.org.a

      a რჩევა: ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org და იხილეთ პუბლიკაციები > ონლაინ ბიბლიოთეკა. ჩაწერეთ საკვანძო სიტყვა, მაგალითად „დეპრესია“ ან „თვითმკვლელობა“ და მოიძიეთ მეტი ინფორმაცია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება