-
როდესაც იმედი და სიყვარული ბრუნდებაგამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
-
-
როდესაც იმედი და სიყვარული ბრუნდება
მშობლები, მასწავლებლები და სხვები, ვისაც ურთიერთობა აქვს მოზარდებთან, ხედავენ, რომ არც მათ, არც ახალგაზრდებსა და არც სხვა ვინმეს, არ შეუძლია ქვეყნიერების შეცვლა. ისევე, როგორც არავის შეუძლია აზვირთებული ტალღების შეჩერება. მაგრამ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ ახალგაზრდები უფრო ბედნიერები, ჯანმრთელები და საზოგადოებასთან შეწყობილები იყვნენ.
რადგანაც უმჯობესია უსიამოვნების თავიდან აცილება, ვიდრე შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება, მშობლები უნდა დაფიქრდნენ, თუ რა ზეგავლენას ახდენს შვილების შეხედულებებსა და ქცევაზე მათი ცხოვრების წესი და პრიორიტეტები. ოჯახში არსებული მოსიყვარულე და მზრუნველი გარემო საუკეთესოდ იცავს ბავშვებს, რომ არაფერი ავნონ საკუთარ თავს. ახალგაზრდებს ძლიერ ესაჭიროებათ, რომ ვინმემ მოუსმინოს. თუ მშობლები არ მოუსმენენ, გამოჩნდება არასასურველი პიროვნება, რომელიც ამას გააკეთებს.
რას ნიშნავს ეს დღევანდელი მშობლებისთვის? გამოუყავით დრო თქვენს შვილებს, როდესაც მათთვის აუცილებელია — როდესაც ისინი ახალგაზრდები არიან. ბევრი ოჯახისთვის ეს არც ისე იოლია. ოჯახის უზრუნველსაყოფად ორივე მშობელს უწევს მუშაობა. ის მშობლები, რომლებსაც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღოთ მსხვერპლი, რომ უფრო მეტი დრო დაეთმოთ შვილებისთვის, ხშირად დიდ კურთხევებს იმკიან, რადგანაც ხედავენ, რომ შვილები კარგად უმკლავდებიან ცხოვრებას. თუმცა, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ზოგჯერ მშობლების ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, შვილებს სერიოზული პრობლემები უჩნდებათ.
მეგობრებისა და სხვა ახალგაზრდების დახმარება
ომები, გაუპატიურებები, ახალგაზრდებისადმი ძალადობის შემთხვევები უფრო აუცილებელს ხდის, რომ უფროსებმა, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ ახალგაზრდებზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მათ. ასეთი შემთხვევების შედეგად ტრავმირებული ახალგაზრდა შეიძლება არც გამოგეხმაუროთ დადებითად დახმარებაზე. შესაძლებელია, დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდეთ. რასაკვირველია, არ იქნებოდა ბრძნული და მათდამი სიყვარულსაც ვერ გამოვამჟღავნებდით დამცირებითა და უარყოფით. უმჯობესი არაა ვეცადოთ, სიკეთე და სიყვარული გამოვამჟღავნოთ იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია?
არა მარტო მშობლები, არამედ მეგობრები და დედმამიშვილებიც ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ შეუმჩნეველი არ დარჩეთ ახალგაზრდის შერყეული ემოციური მდგომარეობა. (იხილეთ ჩარჩო „კვალიფიციური დახმარების აუცილებლობა“, გვერდი 8). თუ ახალგაზრდაში რაღაც ცვლილებებს ხედავთ, ნუ დააყოვნებთ მასთან საუბარს. თუ შესაძლებელია, დაუსვით უმტკივნეულო კითხვები და ეცადეთ, რომ მან გული გადაგიშალოთ; დაანახეთ, რომ მისი ნამდვილი მეგობარი ხართ. ახლო მეგობრებსა და ნათესავებს შეუძლიათ დაეხმარონ მშობლებს რთულ მდგომარეობასთან გამკლავებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მშობლის მოვალეობაში არ შეიჭრან. ხშირად თვითმკვლელობა იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდობას უსაზღვროდ სჭირდება ყურადღება — მშობლის ყურადღება.
ახალგაზრდას საუკეთესოდ დაეხმარებოდით, თუ ბედნიერი მომავლის მტკიცე იმედსა და ცხოვრების სტიმულს მისცემდით. მრავალმა ახალგაზრდამ დაინახა, რომ უკეთესი მსოფლიო სისტემის მოახლოების შესახებ ბიბლიის დანაპირები ჭეშმარიტია.
შესაძლებელი თვითმკვლელობიდან დახსნა
იაპონიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელიც ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, ამბობს: «რამდენჯერ მინდოდა გადამედგა ეს ნაბიჯი. ბავშვობაში გამაუპატიურა მან, ვისაც ვენდობოდი. . . მრავალჯერ დამიწერია, რომ თავის მოვლა მინდოდა. მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გავხდი და ამჟამად სრული დროით ვმსახურობ. მიუხედავად ამისა, ეს სურვილი დროდადრო ისევ მახსენებს თავს. . . მაგრამ იეჰოვას სურს ვიცოცხლო და თითქოს ალერსით მეუბნება — „იცოცხლე“ ».
რუსეთში მცხოვრებმა 15 წლის გოგონამ დაწერა: „რვა წლის ასაკიდან დამეუფლა გრძნობა, რომ არავის ვჭირდებოდი. მშობლებს ჩემთან საუბრისთვის დრო არ ჰქონდათ და პრობლემებთან გამკლავება მარტო მიწევდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე. ნათესავებთან ხშირად ვჩხუბობდი. მერე კი თავის მოკვლაზე დავიწყე ფიქრი. რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც იეჰოვას მოწმეებს შევხვდი!“
ავსტრალიაში მცხოვრები კეთი, რომელიც ახლა 30 წელზე ცოტა მეტისაა, გამამხნევებელ სიტყვებს წერს, რომ შესაძლებელია სასოწარკვეთილება იმედმა შეცვალოს: «ხშირად ვფიქრობდი, როგორ მომეკლა თავი და ბოლოს ვცადე კიდეც. მინდოდა გავქცეოდი ამ ქვეყნიერებას, სადაც ტანჯვა, ბოროტება და სიცარიელეა. თითქოს აბლაბუდაში ვიყავი გაბმული, მაგრამ დეპრესიის გამო მიჭირდა იქიდან გამოსვლა. ამიტომაც, თვითმკვლელობაში ვხედავდი გამოსავალს.
როდესაც გავიგე, რომ დედამიწა სამოთხედ უნდა გადაიქცეს, სადაც ყველა მშვიდობიანად და ბედნიერად იცხოვრებს, ეს ნამდვილად ჩემს ნატვრად იქცა. თუმცა აუხდენელ ოცნებად მიმაჩნდა. მაგრამ თანდათანობით გავიგე იეჰოვას თვალსაზრისი სიცოცხლის შესახებ, თუ რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანი მისთვის. დავრწმუნდი, რომ არსებობდა მომავლის იმედი. ბოლოს, ვიპოვე „აბლაბუდიდან“ გამოსასვლელი. თუმცა იქიდან გამოსვლა არც ისე ადვილი ყოფილა. ზოგჯერ დეპრესიაში ვვარდებოდი და თავს საშინლად ვგრძნობდი. მაგრამ იეჰოვაზე მინდობა მეხმარებოდა, რომ მასთან მჭიდრო ურთიერთობა განმევითარებინა და თავი უსაფრთხოდ მეგრძნო. მადლობას ვწირავ იეჰოვას ყველაფრისთვის, რასაც ის ჩემთვის აკეთებს».
წარსულს ჩაბარდება ახალგაზრდების სიკვდილი
ბიბლიის შესწავლისას ახალგაზრდა ხედავს, რომ წინ უკეთესი მომავალია, რასაც მოციქულმა პავლემ ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ უწოდა. ის ურჩევდა ახალგაზრდა ტიმოთეს: „მდიდრებს ამცნე. . . არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით. . . დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:17–19).
პავლეს რჩევა, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უნდა დავანახვოთ მომავლის მტკიცე იმედი. ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ არის ის, რასაც იეჰოვა ‘ახალ ცასა და ახალ მიწაზე’, ახალ ქვეყნიერებაში, გვპირდება (2 პეტრე 3:13).
მრავალმა ახალგაზრდამ, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეში იყო, დაინახა, რომ ნარკოტიკები და უზნეო ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა სიკვდილისკენ მიმავალი შედარებით გრძელი და მიხვეულ-მოხვეული გზა, თვითმკვლელობა კი მხოლოდ გზის მოჭრაა. მათ შეიტყვეს, რომ ეს ქვეყნიერება თავისი ომებით, ბოროტებით, ძალადობითა და სიძულვილით მალე წარსულს ჩაბარდება. დაინახეს, რომ ამ მსოფლიო სისტემას ვეღარაფერი იხსნის. მათ ირწმუნეს, რომ ღვთის სამეფო ერთადერთი რეალური იმედია, რადგანაც ის დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, სადაც არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ მთელ მორჩილ კაცობრიობას აღარასოდეს მოუწევს სიკვდილი და სიკვდილის სურვილიც აღარავის ექნება (გამოცხადება 21:1–4).
-
-
როდესაც იმედი და სიყვარული ბრუნდებაგამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
-
-
კვალიფიციური დახმარების აუცილებლობა
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ „თვითმკვლელობების 90 პროცენტზე მეტი შემთხვევა ფსიქიკური დაავადებებითაა გამოწვეული“. მოყვანილია ისეთი ავადმყოფობები, როგორიცაა: მძიმე დეპრესია (დაახლოებით 15 პროცენტი), შიზოფრენია (დაახლოებით 10 პროცენტი), ალკოჰოლიზმი (დაახლოებით 7 პროცენტი), ფსიქოპათია (დაახლოებით 5 პროცენტი), და ნევროზის ზოგიერთი ფორმა (5 პროცენტზე ნაკლები). მასში შემდეგი რჩევაა მოცემული: „თვითმკვლელობის არც ერთი მცდელობა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. იმ ადამიანთა 20—30 პროცენტი, ვინც თავის მოკვლა სცადა, მცდელობას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმეორებს“ (The American Medical Association Encyclopedia of Medicine). დოქტორი იან ფოსეტი წერს: „თვითმკვლელობების 50 პროცენტზე მეტს [შეერთებულ შტატებში] სჩადიან ისინი, რომლებსაც არ მიუმართავთ ფსიქიატრისთვის“. ერთ ცნობარში ნათქვამია: „ყველაზე მნიშვნელოვანია პიროვნებამ დაუყოვნებლივ მიმართოს ფსიქიატრს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიმყვანი დეპრესიის დაძლევაში დაეხმარება“.
-