-
თვითმკვლელობა — ახალგაზრდების ჭირიგამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
-
-
თვითმკვლელობის მიზეზები
მრავალი აზრი არსებობს თვითმკვლელობის მიზეზების შესახებ. „ადამიანს თვითმკვლელობისკენ, მისი აზრით, გადაულახავი პრობლემა უბიძგებს. ეს შეიძლება იყოს მარტოობა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი (განსაკუთრებით მეუღლის), ცუდი ბავშვობა, მძიმე ავადმყოფობა, სიბერე, უმუშევრობა, ფინანსური პრობლემები და ნარკოტიკები“ (The American Medical Association Encyclopedia of Medicine).
სოციოლოგ ემილ დიურკემის თანახმად, თვითმკვლელობის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს:
1. ეგოისტური თვითმკვლელობა — ამ ტიპის თვითმკვლელობის „მიზეზად ითვლება საზოგადოებასთან კავშირის უქონლობა. ეგოისტურ თვითმკვლელობას სჩადის ის, ვინც თავის თავშია ჩაკეტილი და არავითარი კავშირი არ აქვს საზოგადოებასთან“. ასეთ პიროვნებას მიდრეკილება აქვს მარტოობისკენ.
2. ალტრუისტული თვითმკვლელობა — „პიროვნება იმდენად მჭიდრო კავშირშია საზოგადოების გარკვეულ ჯგუფთან, რომ ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს მისთვის“. ამის მაგალითებია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იაპონელი კამიკაძეები და რელიგიური ექსტრემისტები, რომლებიც იმ ხალხის დასახოცად, ვისაც ისინი მტრებად თვლიან, თავსაც იფეთქებენ. სხვა მაგალითად იმ ადამიანების მოყვანაც შეიძლება, რომლებიც თავს იწვავენ, რომ ხალხის ყურადღება მიზეზს მიაპყრონ.
3. ანომიური თვითმკვლელობა — „პიროვნებას ძალა არ შესწევს, რომ კრიზისულ მდგომარეობას გონივრული გზით გაუმკლავდეს და პრობლემის გადაჭრის საშუალებად თვითმკვლელობას არჩევს. [ეს] ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებასთან პიროვნების ურთიერთობა უეცრად უარესობისკენ იცვლება“.
4. ფატალური თვითმკვლელობა — „ამგვარი თვითმკვლელობა გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული ზედმეტად მკაცრი წესებით, რომლებიც ადამიანს თავისუფლებას ართმევს“. პიროვნება „ფიქრობს, რომ მომავალი არ გააჩნია“ („მოზარდთა თვითმკვლელობა: შეფასება და ჩარევა“ [Adolescent Suicide: Assessment and Intervention], ალენ ლ. ბერმენი და დეივიდ ფ. ჯოუბზი).
-
-
როდესაც იმედი და სიყვარული ქრებაგამოიღვიძეთ! — 1998 | სექტემბერი 8
-
-
კანადელმა 17 წლის გოგონამ დაწერა, თუ რატომ უნდოდა სიკვდილი: „მარტოობას ვგრძნობ და მომავლის მეშინია; სამსახურში თავს არარაობად ვგრძნობ; მაღელვებს ბირთვული ომი და ოზონის ფენა; ისეთი შეუხედავი ვარ, რომ ვერასდროს გავთხოვდები და მთელ ცხოვრებას მარტოობაში გავატარებ; ვფიქრობ, ბევრი არაფერია, რისთვისაც ცხოვრება ღირს, და რაღას დავუწყო ძებნა? სიკვდილი ყოველგვარ ტვირთს ჩამომაშორებს; მეტად ვეღარავინ მომაყენებს გულისტკივილს“.
შეიძლება, რომ ზემოაღნიშნულმა მიზეზებმა გამოიწვიოს ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობა? კანადაში „ავტოავარიების შემდეგ თვითმკვლელობა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა“ (The Globe and Mail).
სამხრეთ ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის პროფესორი რეიეს ჰასანი თავის ნაშრომში „ცხოვრების გაუვლელი გზა — ახალგაზრდების თვითმკვლელობა“ (Unlived Lives: Trends in Youth Suicide) წერს: «ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე სოციოლოგიური მიზეზი არსებობს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოზარდებს შორის თვითმკვლელობების რიცხვი. ეს არის: ახალგაზრდების უმუშევრობა, ცვლილებები ავსტრალიურ ოჯახებში, ნარკოტიკების გამოყენების გახშირება, ახალგაზრდებში ძალადობის შემთხვევების მომრავლება, ფსიქიკური მდგომარეობა, და „თეორიულ თავისუფლებასა“ და რეალურ დამოუკიდებლობას შორის დიდი სხვაობა». ნაშრომში შემდეგ ნათქვამია, რომ რამდენიმე გამოკვლევის შედეგებმა მომავლისადმი ახალგაზრდების პესიმისტური დამოკიდებულება ცხადყო: „ახალგაზრდების დიდი ნაწილი როგორც საკუთარ, ისე მთელი კაცობრიობის მომავალს შიშითა და მღელვარებით უყურებს. ისინი ხედავენ მსოფლიოს ბირთვული ომისგან აოხრებულს და გაბინძურებითა და გარემოს დეგრადაციით განადგურებულს, აგრეთვე არაადამიანურ საზოგადოებას, სადაც ტექნიკა ვერ იმართება და უმუშევრობა მძვინვარებს“.
16—24 წლის ახალგაზრდების გამოკითხვის თანახმად, თვითმკვლელობის სხვა მიზეზად დასახელებულია მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული, რომელიც თანდათანობით ფართოვდება, მარტოხელა მშობლების მომრავლება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ძალადობა ბავშვებზე და „ხვალინდელი დღისადმი რწმენის უქონლობა“.
„ნიუსუიკში“ ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში „ცეცხლსასროლი იარაღი [მოზარდთა თვითმკვლელობის] ძირითადი მიზეზია. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი მოზარდები, რომლებმაც თავი მოიკლეს, მხოლოდ ერთი რამით განსხვავდებოდნენ სხვა ბავშვებისგან — მათ სახლში იარაღი ჰქონდათ. რამდენად მცდარია ის აზრი, რომ მკვლელობისას იარაღი არაფერ შუაშია“. დღეს კი მილიონობით ოჯახში ინახება იარაღი!
შიშმა და საზოგადოების გულგრილობამ შეიძლება სწრაფად უბიძგოს მგრძნობიარე ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ. 12—19 წლის ახალგაზრდებისადმი გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები ორჯერ აღემატება ძალადობის შემთხვევებს საერთოდ. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ „უფრო მეტად 14-დან 24 წლამდე ასაკის გოგონები არიან გაუპატიურების საფრთხის წინაშე“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში. — ქალებს უფრო ხშირად თავს ესხმიან და ხოცავენ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ უყვართ ისინი“. შედეგი? შიშმა „ამ გოგონებს ნდობა და უსაფრთხოების გრძნობა დაუკარგა“ (Maclean’s). ერთი გამოკითხვის თანახმად, გაუპატიურებული ქალების თითქმის მესამედმა თქვა, რომ თავის მოკვლას ფიქრობდა.
ახალი ზელანდიის მონაცემებში ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობების სხვა მიზეზია მოყვანილი: „მსოფლიოში გაბატონებული შეხედულებები, რომ წარმატება სიმდიდრეზე, გარეგნობასა და ძალაუფლებაზეა დამოკიდებული, მრავალ ახალგაზრდაში იწვევს გრძნობას, რომ ის არავის სჭირდება და საზოგადოებისგან გარიყული არიან“. გარდა ამისა, ერთ ჟურნალში ნათქვამია: „[ახალგაზრდებს] სურთ უცბად დაკმაყოფილდნენ და სწრაფად მიიღონ ყველაფერი. მათი საყვარელი ტელეგადაცემები სენტიმენტალური ტელესერიალებია. ახალგაზრდებს სურთ, რომ მათ ირგვლივაც უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული კარგი გარეგნობის მდიდარი და პატივსაცემი ადამიანები იყვნენ და თანაც დიდი შრომა არ სჭირდებოდეთ“ (The Futurist). ეს არარეალური, ფუჭი მოლოდინი იწვევს იმედგაცრუებას, რამაც შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ახალგაზრდა.
გადამრჩენი თვისება?
შექსპირმა დაწერა: „სიყვარული მანუგეშებელია როგორც წვიმის შემდეგ გამოსული მზე“. ბიბლიაში ნათქვამია: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:8). ეს თვისებაა აუცილებელი იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, რომლებიც თავის მოკვლას ფიქრობენ — მათ სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ადამიანები, რომლებიც თავის მოკვლას ფიქრობენ, საშინელ მარტოობას გრძნობენ და ხშირად უბედურების თავიდან ასაცილებლად საკმარისია თანამგრძნობ, გულისხმიერ პიროვნებასთან საუბარი“ (The American Medical Association Encyclopedia of Medicine).
ახალგაზრდებში ხშირია სიყვარულისა და ახლო ურთიერთობების დიდი სურვილი. ამას კი უფრო და უფრო ძნელად პოულობენ ამ არამოყვარულ და ბოროტ წუთისოფელში, სადაც მათ სიტყვის თქმის უფლება იშვიათად ან არასდროს ეძლევათ. მშობლების მიერ უარყოფა, როდესაც ისინი იყრებიან და ოჯახი ინგრევა, შეიძლება ასევე ერთ-ერთი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების თვითმკვლელობას. მშობლების მხრიდან უარყოფა შეიძლება სხვაგვარადაც იყოს გამოვლენილი.
განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც მშობლები იშვიათად არიან სახლში შვილებთან ერთად. დედა და მამა შესაძლებელია დაკავებული არიან თავიანთი საქმეებით ან ისეთი გართობით, რომელიც გამორიცხავს ბავშვებს. ეს შვილების არაპირდაპირი, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო უარყოფაა. ცნობილი ჟურნალისტი და მკვლევარი ჰიუ მაკეი აღნიშნავს: „მშობლები სულ უფრო და უფრო ეგოცენტრულები ხდებიან. ისინი თავიანთ თავს პირველ ადგილზე აყენებენ, რომ ცხოვრებას არ ჩამორჩნენ. . . უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვები მოდიდან გადავიდნენ. . . ცხოვრება რთულია და ადამიანები უფრო მეტად საკუთარ თავზე ფიქრობენ“.
გარდა ამისა, ზოგ კულტურაში მამაკაცები დამამცირებლად თვლიან მომვლელის როლში ყოფნას. ჟურნალისტი კეიტ ლეგი კარგად ხსნის ამას: „მამაკაცებს, ჩვეულებრივ, მოვლასთან დაკავშირებულ სამსახურს მაშველ ჯგუფში ან მეხანძრედ მსახურება ურჩევნიათ. . . ურჩევნიათ დიდი და გაუხმაურებელი გმირობა ჩაიდინონ, ვიდრე ვინმეზე მზრუნველობა იტვირთონ. მზრუნველობას კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მშობლობა ნიშნავს. ცუდი მშობლობა შვილის უარყოფის ტოლფასია. შედეგად, თქვენს შვილს შეიძლება საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენა შეექმნას და არასწორად ჩამოყალიბდეს. ერთ ჟურნალში აღნიშნულია: „საკუთარ თავზე დადებითი თვალსაზრისის გარეშე ბავშვები ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს“ (The Education Digest).
უიმედობა თავის კვალს ტოვებს
მკვლევართა აზრით, თვითმკვლელობებს, ძირითადად, უიმედობა იწვევს. ჯეილ მეისონი, რომელიც ავსტრალიაში ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობების შესახებ წერს, ამბობს: „უიმედობა უფრო მეტადაა დაკავშირებული თვითმკვლელობაზე ფიქრთან, ვიდრე დეპრესია. ზოგჯერ უიმედობა განისაზღვრება როგორც დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი. . . ის, ჩვეულებრივ, ახალგაზრდების მომავალთან, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ მომავალთან, დაკავშირებულ სასოწარკვეთილებად და უფრო იშვიათ შემთხვევაში გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ უიმედობად იქცევა“.
-