ცრურწმენა — რატომ არის ასე საშიში?
შეუძლია ცრურწმენას, ზიანი მოგაყენოთ? ზოგმა შეიძლება გამორიცხოს ასეთი აზრი, ან კიდევ შეამციროს საშიშროება. თავის წიგნში: „ჯადოქრობა — ცრურწმენის ფსიქოლოგია“, პროფესორი სტიუარტ ე. ვაიზი გვაფრთხილებს: „ცრურწმენამ შეიძლება ცხოვრება გაუფუჭოს ადამიანს, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავს ჯადოქრებზე და სხვადასხვა სახის მკითხავებზე ან რომლის წრუმორწმუნეობრივი რიტუალები ხელს უწყობს მას აზარტულ თამაშებში“. თუ ნებას დავრთავთ ცრურწმენას, ჩვენს ცხოვრებას უხელმძღვანელოს, ამას შეიძლება უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
როგორც დავინახეთ, ხალხს ცრურწმენა მომავლისადმი შიშის გადალახვის საშუალებად მიაჩნია. მაგრამ მნიშვნელოვანია, ცრურწმენა მომავლის შესახებ საიმედო ინფორმაციისგან განვასხვავოთ. განვიხილოთ ამის ერთი მაგალითი.
შემთხვევა, რომელიც ნათელს ჰფენს ამ საკითხს
1503 წელს, თვეების განმავლობაში ცენტრალური ამერიკის სანაპიროს გასწვრივ ცურვის შემდეგ, ქრისტეფორე კოლუმბი თავისი ორი გადარჩენილი ხომალდით დღევანდელ კუნძულ იამაიკას მიადგა. თავიდან კუნძულის მაცხოვრებლები რთულ მდგომარეობაში ჩაცვენილ მკვლევარებს გულუხვად აწვდიდნენ საკვებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მეზღვაურების ცუდი საქციელის გამო შეწყვიტეს ამის კეთება. მეზღვაურები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან არ იცოდნენ, რამდენ ხანში მიადგებოდა სხვა გემი კუნძულს მათ სახსნელად.
ცნობილია, რომ კოლუმბმა თავისი ასტრონომიული ცხრილიდან გაიგო, რომ 1504 წლის 29 თებერვალს მთვარის სრული დაბნელება მოხდებოდა. მან იცოდა, რომ კუნძულის მკვიდრები ცრუმორწმუნეები იყვნენ და გამოუცხადა, რომ, თუ მის ხალხს საკვებით არ უზრუნველყოფდნენ, სიბნელე მოიცავდა მთვარეს. მათ ყურადღება არ მიაქციეს მის გაფრთხილებას. მაგრამ, როდესაც დაბნელება დაიწყო, „დიდი მოთქმითა და ტირილით ყოველი მხრიდან გამორბოდნენ გემებისკენ საკვებით დატვირთული“. მას შემდეგ მკვლევარები მთელი იქ ყოფნის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყვნენ საკვებით.
კუნძულის მკვიდრნი ფიქრობდნენ, რომ კოლუმბმა სასწაული მოახდინა, მაგრამ ასეთი დასკვნა მათი ცრურწმენის შედეგი იყო. სინამდვილეში ეს „წინასწარმეტყველება“ დედამიწის, მთვარისა და მზის კანონზომიერი მოძრაობით აიხსნებოდა. ასტრონომებს შეუძლიათ ზუსტად და კარგა ხნით ადრე გამოთვალონ ასეთი მოვლენები, როგორიცაა ციური სხეულების დაბნელება; მსგავსი გამოთვლები ხშირად კალენდრებშია ჩაწერილი. გარდა ამისა, ციური სხეულების მოძრაობის სიზუსტე საშუალებას აძლევს ასტრონომებს, ზუსტად განსაზღვრონ მათი მდებარეობა ნებისმიერი დროისთვის. ამიტომ არ გიკვირთ, როდესაც გაზეთში მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს გვატყობინებენ.
სინამდვილეში ამ ციური სხეულების დაბნელებისა თუ მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროის შესახებ ინფორმაციის წყარო მათი დიდებული შემოქმედია. ჯადოქრების, ბროლის ბურთულაზე დამკვირვებლების, კარტით თუ სხვა რამით მკითხავთა წინასწარმეტყველებების წყარო კი სხვა ვინმეა — ის, ვინც ყოვლისშემძლე ღმერთის მოწინააღმდეგეა. ვისზეა აქ საუბარი?
საშიში წყარო
საღვთო წერილი საქმეების 16:16—19-ში გვატყობინებს, რომ ძველ ქალაქ ფილიპეში „ერთ მხევალს“ დიდი მოგება მოჰქონდა ბატონებისთვის „თავისი მისნობით“. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ წინასწარმეტყველების უნარს მას ყოვლისშემძლე ღმერთი კი არა, „პითონის სული“ აძლევდა. ამიტომ, როდესაც მოციქულმა პავლემ განდევნა მისგან დემონი, მხევალმა წინასწარმეტყველების უნარი დაკარგა.
როდესაც ვიცით, რომ ასეთი წინასწარმეტყველებები დემონური წყაროდან მომდინარეობს, ვხვდებით, რატომ შეიცავდა ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული რჯული შემდეგ სიტყვებს: „ნუ იქნება შენს შორის . . . ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი . . . რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი“ (მეორე რჯული 18:10—12). რჯულის თანახმად, ასეთი საქმეების მოქმედნი მკაცრად ისჯებოდნენ (ლევიანნი 19:31; 20:6).
შეიძლება გაგაკვირვოთ იმან, რომ ბევრი ცრურწმენასთან დაკავშირებული, თითქოსდა უვნებელი ჩვევა ბოროტი ძალებისგან მომდინარეობს. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ სატანა „ნათლის ანგელოზად გარდაისახება“ (2 კორინთელთა 11:14). სატანას და მის დემონებს შეუძლიათ, საშიში წეს-ჩვეულებები უვნებლად და სასარგებლოდაც კი მოგვაჩვენონ. ზოგჯერ ისინი ცრუ ნიშნებს წინასწარმეტყველებენ, შემდეგ კი ასრულებენ, რათა ამით ხალხი დაარწმუნონ, რომ ეს ნიშნები ღვთისგან მომდინარეობს (შეადარეთ მათე 7:21—23; 2 თესალონიკელთა 2:9—12). აი, რატომ სრულდება ზოგჯერ იმათი წინასწარმეტყველება, რომლებიც აცხადებენ, თითქოსდა ზებუნებრივ ძალებს ფლობენ.
რა თქმა უნდა, მრავალი თუ არა, მათი უმრავლესობა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზებუნებრივ ძალებს ფლობენ, თვითმარქვიები და თაღლითები არიან და ცდილობენ, გულუბრყვილო ხალხს ფული გამოსტყუონ. მაგრამ თაღლითები არიან ისინი თუ — არა, სატანა წარმატებით იყენებს მათ იმისათვის, რომ ადამიანები ღმერთს დაუპირისპიროს და გონება დაუბრმავოს, რათა მათთვის დაფარული იყოს „სახარებისეული ნათელი“ (2 კორინთელთა 4:3, 4).
ამულეტები და კერპთაყვანისმცემლობა
რა შეიძლება ითქვას „იღბლიან“ ამულეტებსა და ცრურწმენასთან დაკავშირებულ ჩვევებზე, რომელთაც ხალხი იმისათვის მიმართავს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და უბედური შემთხვევები აირიდონ? ისინი ადამიანს არაერთ საშიშროებას უქმნიან, რომელთა დანახვაც ერთი შეხედვით რთულია. ჯერ ერთი, ცრუმორწმუნემ თავისი ცხოვრება შეიძლება უხილავ ძალებს მიანდოს. ამ დროს ის ვეღარ მსჯელობს, საღად ვეღარ აზროვნებს და უსაფუძვლო შიშს ეძლევა.
ერთ მწერალს სხვა შესაძლო საფრთხე მოჰყავს: „როდესაც ადამიანი თავს ამულეტის მფარველობას ანდობს, ის კი უმტყუნებს, მიდრეკილია, თავისი უბედურება სხვებს დააბრალოს, იმის ნაცვლად, რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა“ (შეადარეთ გალატელთა 6:7). საინტერესოა, რაც ერთხელ ესეისტმა რალფ უოლდოუ ემერსონმა აღნიშნა: „სუსტ კაცს ბედის სწამს. . . ძლიერს კი მიზეზისა და შედეგის“.
„მიზეზი და შედეგი“ ხშირად იგივეა, რაც შემთხვევა — „დრო და შემთხვევა“ — რომელსაც შეიძლება ნებისმიერი დავექვემდებაროთ (ეკლესიასტე 9:11). შემთხვევების მიზეზი არ არის „უიღბლობა“. ქრისტიანებს ესმით, რომ ცრურწმენასთან დაკავშირებული ჩვევები და ამულეტები არ მოქმედებს მათს ცხოვრებაზე. ეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას გვახსენებს: „არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება“ (იაკობი 4:14).
გარდა ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ ადამიანები მოწიწებით ეკიდებიან იღბლიან ამულეტებს, ცრურწმენასთან დაკავშირებულ რიტუალებსა და ჩვევებს, მაგრამ ისინი მსგავს რამეებს კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევენ, რასაც ღვთის სიტყვა აშკარად გმობს (გამოსვლა 20:4, 5; 1 იოანე 5:21).
როგორ გავიგოთ ჩვენი მომავალი
ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანებს არ აინტერესებთ თავიანთი მომავალი. პირიქით, საღი აზროვნება გვკარნახობს, რომ მომავლის ცოდნა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ ვიცით, რა გველის, სათანადოდ ვიმოქმედებთ, როგორც ჩვენ სასარგებლოდ, ისე ჩვენი საყვარელი ადამიანების სასარგებლოდაც.
მაგრამ ასეთი ინფორმაცია სათანადო წყაროებში უნდა ვეძებოთ. წინასწარმეტყველი ესაია გვაფრთხილებს: «გეტყვიან, დაეკითხეო შემლოცველებსა და მკითხავებს . . . ასე უპასუხე: „ისმინეთ, რას გასწავლით უფალი! ნუ უსმენთ მკითხავებს — მათი ნათქვამი სიკეთეს არ მოგიტანთ“ » (ესაია 8:19, 20, Today’s English Version).
სათანადო წყარო, საიდანაც მომავლის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, ბიბლიის ავტორია (2 პეტრე 1:19—21). ეს ინსპირირებული წიგნი შეიცავს იმის უამრავ მტკიცებას, რომ ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, წინასწარმეტყველებები ისევე სანდოა, როგორც უამრავ ასტრონომიულ კალენდრებში ციური სხეულების მოძრაობასთან დაკავშირებული „წინასწარმეტყველებები“. ბიბლიური წინასწარმეტყველების სიზუსტის დასანახავად, განვიხილოთ ერთი მაგალითი. წარმოვიდგინოთ, რომ ვინმე სახელგანთქმული ადამიანი სახალხოდ გამოდის და წინასწარმეტყველებს იმას, რაც 200 წლის შემდეგ, 2 199 წელს უნდა მოხდეს. მისი წინასწარმეტყელება შემდეგი დეტალებისგან შედგება:
◻ უდიდესი ომი იფეთქებს ორ ხალხს შორის, რომლებიც მოწინააღმდეგე მსოფლიო მპყრობელები გახდებიან, და ამას ისტორიული შედეგები მოჰყვება.
◻ საომარ სტრატეგიაში შევა ძლიერი მდინარის მიმართულების შეცვლა.
◻ დამპყრობლის სახელი მის დაბადებამდე უამრავი წლით ადრე იქნება ცნობილი.
◻ დამარცხებული სახელმწიფოს ხვედრი მრავალი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები.
არ მიაქცევდა ხალხი ყურადღებას მომავლის შესახებ ამ ადამიანის შემდგომ წინასწარმეტყველებებსაც, მის მიერ ნათქვამი ყველაფერი რომ შესრულებულიყო?
რაც ზემოთ იყო ნახსენები, ყველაფერი შესრულდა. დაახლოებით 200 წლით ადრე, სანამ მიდიელები და სპარსელები ბაბილონს დაამხობდნენ, იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, ესაიას, საშუალებით შემდეგი რამ იწინასწარმეტყველა:
◻ მიდია-სპარსეთსა და ბაბილონს შორის დიდი ომი მოხდება (ესაია 13:17, 19).
◻ მათს სტრატეგიაში იმ მდინარის კალაპოტის დაწრეტა შევა, რომელიც ქალაქის დაცვის ერთ-ერთი საშუალება იქნება. გარდა ამისა, ამ გამაგრებული ქალაქის კარიბჭეები ღია დარჩება (ესაია 44:27—45:2).
◻ დამპყრობლის სახელი კიროსია, რაც მის დაბადებამდე დაახლოებით 150 წლით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 45:1).
◻ ერთ დღეს ბაბილონი ნანგრევებად იქცევა (ესაია 13:17—22).
ყველა ეს წინასწარმეტყველება შესრულდა. აქედან გამომდინარე, ნუთუ არ ღირს ძალისხმევად იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილი სხვა წინასწარმეტყველებების განხილვაც?
ღვთის მიერ დაპირებული დიდებული მომავალი
რას გვეუბნება მომავლის შესახებ ბიბლია? ის გვპირდება, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღარავის შეაწუხებს მომავლისადმი შიში. ნახეთ, რას ჰპირდება ღმერთი მათ, ვინც იქ იცხოვრებს: „არავინ იქნება [ჩემი ხალხის] დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).
გარდა ამისა, ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი ‘აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16). დიდი დრო დარჩა ამ წინასწარმეტყველების შესრულებამდე? არა! დიდი ხნით ადრე ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ მდგომარეობა, რომელიც დღეს დედამიწაზე არსებობს, ამ ბოროტი სისტემის ‘უკანასკნელ დღეების’ ნიშანი იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1—5).
მალე მოსიყვარულე შემოქმედი ბოლოს მოუღებს ბოროტებას. ის შეწყვეტს ომებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ხალხის შიშსა და ტანჯვას იწვევს. გარდა ამისა, სიძულვილი, ეგოიზმი, ბოროტმოქმედება და ძალადობა წარსულს ჩაჰბარდება. ბიბლია გვპირდება: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11).
ახალ ქვეყნიერებაში ადამიანებს მრავალ კურთხევასთან ერთად კარგი ჯანმრთელობაც ექნებათ. სიკვდილი და გლოვაც კი აღარ იქნება. თავად ღმერთი გვპირდება: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“ (გამოცხადება 21:4, 5).
იმ დროს ადამიანებს აღარ შეეშინდებათ უბედური შემთხვევების, რომლებიც ხშირად ცვლის მათს ცხოვრებას ან სიცოცხლეს ასალმებს მათ. გარდა ამისა, აღარ იარსებებენ დემონები და სატანა, რომელთაგანაც მომდინარეობს ცრურწმენით გამოწვეული შიში და ბოროტი ტყუილი. ამ სასიხარულო ჭეშმარიტებას ბიბლია გვამცნობს.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
ცრურწმენასა და სპირიტიზმს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
[საავტორო უფლება]
Except woman inside crystal ball: Les Wies/Tony Stone Images
[სურათი 10 გვერდზე]
ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცრურწმენა აღარ იარსებებს.