საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სასამართლო საქმე — როგორ დაიწყო ყველაფერი
    გამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
    • სასამართლო საქმე — როგორ დაიწყო ყველაფერი

      დაბა სტრატონი (ოჰაიოს შტატი, აშშ) მცირე დასახლებას წარმოადგენს. იგი მდებარეობს მდინარე ოჰაიოსთან, რომელიც ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებს ყოფს ერთმანეთისგან. დაბას თავისი გამგებელი ჰყავს. ეს მცირე დასახლება, სადაც მხოლოდ 300-მდე მაცხოვრებელია, 1999 წელს მოულოდნელად სამართლებრივი დავის ცენტრში აღმოჩნდა: დასახლების უფლებამოსილ პირებს სურდათ, სხვებთან ერთად იეჰოვას მოწმეებისთვისაც დაეკისრებინათ ვალდებულება, რომლის თანახმადაც მათ არ შეეძლოთ ოფიციალური ნებართვის გარეშე მიეკითხებინათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბიბლიური ცნობის გასაზიარებლად.

      რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი საკითხი? როგორც ამ სტატიებიდან დაინახავთ, მთავრობის ასეთი განკარგულება, ფაქტობრივად, შეზღუდავდა არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეების სიტყვის თავისუფლების უფლებას, არამედ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებებსაც.

      როგორ მივიდა საქმე კონფლიქტამდე

      სტრატონის მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში აკითხავდნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ადგილობრივი კრების „უელსვილის“ წევრები იყვნენ. 1979 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე ადგილობრივი სახელმწიფო მოხელე მათ პრობლემებს უქმნიდა კარდაკარ მსახურებასთან დაკავშირებით. დაახლოებით ათი წლის წინათ ერთმა სტრატონელმა პოლიციელმა დაბიდან გააძევა მოწმეთა ჯგუფი და განუცხადა: „აბსოლუტურად არ მაღელვებს თქვენი უფლებები“.

      მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია 1998 წელს, როდესაც თვით სტრატონის გამგებელი დაუპირისპირდა იეჰოვას ოთხ მოწმე ქალს. ეს მოწმეები მანქანით გადიოდნენ დასახლებიდან, სადაც განმეორებით მოინახულეს დაინტერესებული პირები და ბიბლიის შესახებ ესაუბრნენ. როგორც ერთმა მათგანმა თქვა, გამგებელს მათთვის განუცხადებია, მამაკაცები რომ ყოფილიყავით, ციხეში ჩაგსვამდითო.

      ამ ბოლო კონფლიქტის მიზეზი გახდა სტრატონის ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც წვრილმანი საქონლით ვაჭრობის დარეგულირებასა და კერძო საკუთრების გამოძალვასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად. ამ დადგენილების თანახმად, ნებისმიერს, ვისაც კარდაკარ სიარული სურდა, მართალია უფასოდ, მაგრამ ჯერ გამგებლისგან უნდა აეღო ამის ნებართვა. იეჰოვას მოწმეებმა ჩათვალეს, რომ ეს დადგენილება ხელყოფდა სიტყვის, რწმენის აღმსარებლობისა და პრესის თავისუფლებას. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც დაბის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ამ დადგენილების შერბილებაზე, მათ ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.

      1999 წლის 27 ივლისს ოჰაიოს სამხრეთი ოლქის საოლქო სასამართლოში შედგა საქმის მოსმენა. მოსამართლემ მხარი დაუჭირა სტრატონის დადგენილებას და აღნიშნა, რომ ის კონსტიტუციას შეესაბამებოდა. ამის შემდეგ, 2001 წლის 20 თებერვალს, აშშ-ის მეექვსე ოლქის სააპელაციო სასამართლომაც კონსტიტუციურად ცნო ეს დადგენილება.

      ამ საკითხის გადასაჭრელად ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ (ნიუ-იორკი) და „უელსვილის“ ადგილობრივი კრების წევრებმა მოითხოვეს, რომ ეს საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლოს განეხილა.

      [რუკა⁄სურათი 3 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      ლოს-ანჯელესი

      ნიუ-იორკი

      ოჰაიო

      სტრატონი

  • უზენაესი სასამართლო იწყებს საქმის განხილვას
    გამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
    • უზენაესი სასამართლო იწყებს საქმის განხილვას

      უკანასკნელ წლებში უზენაესი სასამართლო ყოველწლიურად შეტანილი 7 000-ზე მეტი საქმიდან 80—90 საქმეს — ერთ პროცენტზე სულ ოდნავ მეტს — იღებდა განსახილველად!

      2001 წლის მაისში იეჰოვას მოწმეებმა უზენაეს სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ მას ქვემდგომი სასამართლოს წარმოებიდან გამოეთხოვა საქმე და თავად განეხილა. სარჩელში, კერძოდ, ასეთი კითხვა იყო დასმული: „შეიძლება თუ არა, რომ რელიგიური მსახურები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საღვთო წერილზე დაფუძნებულ საუკუნოვან საქმიანობაში, რაც მათი რელიგიური მრწამსის გასაზიარებლად ხალხის კარდაკარ მიკითხებას გულისხმობს, კონსტიტუციის საფუძველზე გაუთანაბრდნენ საქონლის დამტარებელ მოვაჭრეებს და ამგვარად, ძალაში დატოვებული წინა შეზღუდვის თანახმად, იძულებული იყვნენ, ბიბლიის შესახებ სასაუბროდ და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის უსასყიდლოდ შესათავაზებლად ადმინისტრაციისგან აიღონ ნებართვა?“.

      2001 წლის 15 ოქტომბერს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ იურიდიულ განყოფილებას აცნობეს, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო მზად იყო, განეხილა საქმე «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ (ნიუ-იორკი) და სხვები სტრატონისა და სხვების წინააღმდეგ»!

      სასამართლომ გადაწყვიტა, აღნიშნული საქმის განხილვისას სიტყვის თავისუფლების ერთ კონკრეტულ მხარეზე შეჩერებულიყო. სახელდობრ, ვრცელდება თუ არა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით მოცემული გარანტიები მოქალაქეთა უფლებაზე, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე საუბარი გამართონ სხვებთან რაიმე საკითხზე.

      ახლა, საქმე უნდა განხილულიყო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის წინაშე, რომელთაც მხარეთა დაპირისპირებისთვის უნდა მოესმინათ. იეჰოვას მოწმეთა ინტერესებს მათი იურისტები იცავდნენ, დაბა სტრატონისას კი — მოწმეებთან დაპირისპირებული იურისტთა ჯგუფი. როგორ განვითარდა მოვლენები?

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      რა არის პირველი შესწორება?

      „I შესწორება (რელიგიის დაკანონება; რელიგიის, სიტყვის, პრესის, შეკრების, პეტიციით მიმართვის თავისუფლება). კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არც ერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას, ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას; რომელიც აღკვეთს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას; ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას, პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები“ („აშშ-ის კონსტიტუცია“).

      „პირველი შესწორება საფუძვლად უდევს შეერთებულ შტატებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. პირველი შესწორება უკრძალავს კონგრესს ისეთი კანონების გამოცემას, რომლებიც სიტყვისა თუ პრესის თავისუფლებას შეზღუდავდა, ან მშვიდობიან შეკრებასა თუ მთავრობისადმი პეტიციით მიმართვაში ხალხს დაბრკოლებებს შეუქმნიდა. ბევრი თვლის, რომ სიტყვის თავისუფლება კანონით დადგენილ ყველა სხვა თავისუფლებაზე მნიშვნელოვანია და რომ ის ყოველ მათგანს უდევს საფუძვლად. პირველი შესწორება კონგრესს რომელიმე რელიგიის დაკანონებას, ანუ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასა და რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი კანონების გამოცემასაც უკრძალავს“ (ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“). საინტერესოა, რომ საქმის, „კანტუელი კონექტიკუტის წინააღმდეგ“ 310 აშშ, 296 (1940 წელი), განხილვისას მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმეებს ეხებოდა; აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ შესწორებაში მოცემული გარანტიები არათუ მხოლოდ კონგრესს (ფედერალურ მთავრობას), არამედ ადგილობრივ (შტატებისა და მუნიციპალურ) ხელისუფლებასაც უკრძალავდა ისეთი კანონების გამოცემას, რომლებიც გვერდს აუვლიდა კონსტიტუციას და ხელყოფდა პირველი შესწორებით დადგენილ უფლებებს.

      [სურათები 5 გვერდზე]

      სადავო საკითხები სახლებში მიკითხების სხვადასხვა ფორმას ეხებოდა.

      [სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

      Photograph by Franz Jantzen, Collection of the Supreme Court of the United States

  • პირველი ნაბიჯი მხარეთა დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს წინაშე
    გამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
    • პირველი ნაბიჯი მხარეთა დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს წინაშე

      უზენაესი სასამართლოს სხდომა, რომლის დროსაც მხარეები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, უილიამ რენკვისტისა, და სასამართლოს რვა წევრის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ, 2002 წლის 26 თებერვალს დაინიშნა. იეჰოვას მოწმეების ინტერესებს ოთხი ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი იცავდა.

      იეჰოვას მოწმეთა ადვოკატმა თავისი გამოსვლა საყურადღებო შესავლით დაიწყო: «შაბათია. სტრატონში დილის 11 საათია [შემდეგ მან სამჯერ დააკაკუნა კათედრაზე]. „დილა მშვიდობისა. ბოლოდროინდელი მოვლენების გამო მე სპეციალურად მოვედი თქვენთან, რომ მოგითხროთ იმ უკეთესი მომავლის შესახებ, რომელზეც ესაია წინასწარმეტყველი წერდა. ამ სასიხარულო ცნობაზე იესო ქრისტეც ლაპარაკობდა — ეს არის სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“».

      მან განაგრძო: „აი, სწორედ ეს არის დანაშაული — იარო კარდაკარ დაბა სტრატონში და გაუზიარო ხალხს ეს ცნობა, თუკი ამის გასაკეთებლად ადმინისტრაციისგან ნებართვა არ აგიღია“.

      თქვენ არ ითხოვთ ფულს?

      საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე სტივენ ბრაიერმა რამდენიმე პირდაპირი კითხვა დაუსვა იეჰოვას მოწმეებს. მან ჰკითხა: «მართალია თუ არა, რომ თქვენი მარწმუნებლები არ ითხოვენ ფულს — არც ერთ ცენტს, და რომ ისინი არ ყიდიან ბიბლიებს და არანაირი საქონლით არ ვაჭრობენ; რომ ისინი მხოლოდ ამბობენ: „მე მსურს დაგელაპარაკოთ რელიგიის შესახებ“?».

      მოწმეთა ადვოკატმა უპასუხა: „ბატონო მოსამართლევ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სტრატონში იეჰოვას მოწმეებს არ უთხოვიათ ფული. არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ სხვა მხარეებშიც და სტრატონშიც მათ შეიძლება, ზოგჯერ, მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავები მოიხსენიონ . . . ჩვენი მიზანი არ არის ფულის გამოძალვა, უბრალოდ, გვსურს ხალხს ბიბლიის შესახებ ვესაუბროთ“.

      აუცილებელია მთავრობისგან ნებართვის აღება?

      მოსამართლე ანტონინ სკალიამ უმალვე განჭვრიტა საქმის არსი და იკითხა: „ესე იგი, თქვენ თვლით, რომ ვალდებული არა ხართ, მიხვიდეთ გამგებელთან და მეზობელთან საინტერესო თემაზე სალაპარაკოდ ნებართვა ითხოვოთ?“. მოწმეების ადვოკატმა უპასუხა: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სასამართლო მართებულად არ ჩათვლის მთავრობის ისეთ დადგენილებას, რომლის თანახმადაც ერთ მოქალაქეს სხვა მოქალაქესთან ამ უკანასკნელის სახლში დასალაპარაკებლად ლიცენზიის აღებას მოსთხოვენ“.

      საპირისპირო არგუმენტები და მოსამართლეთა რეაქცია

      ახლა სტრატონის ადმინისტრაცია უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. ადვოკატმა, რომელიც მის ინტერესებს იცავდა, განმარტა, თუ რატომ გამოსცა სტრატონის ადმინისტრაციამ ეს დადგენილება. მან თქვა: „სტრატონის ხელმძღვანელობა ზრუნავს იმაზე, რომ მის მოქალაქეებს არავინ დაურღვიოს მყუდროება და ებრძვის დამნაშავეობას; სწორედ ამიტომ ამყარებს ის მართლწესრიგს თავის ტერიტორიაზე. დადგენილება, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის აგიტაციასა თუ კერძო საკუთრების გამოძალვას, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მსურველებმა საგანგებო რეგისტრაცია გაიარონ და კარდაკარ სიარულისას ოფიციალური ნებართვა ყოველთვის თან იქონიონ“.

      მოსამართლე სკალიამ საქმის არსი გამოაჩინა, როცა იკითხა: «შეგიძლიათ თუ არა, გაიხსენოთ ჩვენ [უზენაესი სასამართლოს] მიერ განხილული რომელიმე სხვა შემთხვევა, რომელიც ამდენად დაწვრილმანებულ დადგენილებას ეხებოდა — თანაც ისეთ დადგენილებას, რომელიც კრძალავს არა მარტო ფულის აკრეფასა და საქონლის გაყიდვას, არამედ, მაგალითად აი, ასეთ საუბარსაც კი: „მე მსურს დაგელაპარაკოთ იესო ქრისტეს შესახებ“, ან „მსურს გარემოს დაცვის შესახებ გესაუბროთ“? განგვიხილავს ოდესმე ამის მსგავსი საქმე?».

      მოსამართლე სკალიამ განაგრძო: „მე არც კი მსმენია, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ასეთი საქმეები განხილულიყოს“. ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლე რენკვისტმა მახვილგონივრულად შენიშნა: „რაღაც არ გეტყობათ, რომ ამ ასაკის ბრძანდებოდეთ“. მისმა რეპლიკამ დარბაზში სიცილი გამოიწვია. მოსამართლე სკალიამ კვლავ ხაზი გაუსვა თავის აზრს: „ეს ჩემთვის სრულიად ახალი საკითხია“.

      ჭკვიანური აზრი?

      მოსამართლე ენთონი კენედიმ ლოგიკური კითხვა დასვა: „ვთქვათ, მინდა დავუყვე ქუჩას, რომელზეც ბევრი, ჩემთვის უცნობი, ადამიანი ცხოვრობს, და ვუთხრა, რომ მსურს დაველაპარაკო მათ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დახვავებული ნაგვის მოშორება, ან იმაზე, რომ შეშფოთებული ვარ ჩვენი კონგრესმენის მოქმედებით, ან რაიმე მსგავსი საკითხის შესახებ. ჭკვიანურად მიგაჩნიათ ის, რომ ამის გაკეთებამდე მთავრობას უნდა ვთხოვო ნებართვა?“. მან დასძინა: „ეს გამაოგნებელია!“.

      მოსამართლე სანდრა დეი ო’კონორიც შეუერთდა თავის წინა გამომსვლელს და იკითხა: „რას იტყოდით ჰელოუინის დროს დამკვიდრებულ ტრადიციაზე, როდესაც ბავშვები ტკბილეულს ითხოვენ და გაუმასპინძლებლობის შემთხვევაში ოინებით იმუქრებიან? მათაც უნდა აიღონ ნებართვა?“. მოსამართლეებმა ო’კონორმა და სკალიამ მსჯელობა ამ კუთხით წაიყვანეს. მოსამართლე ო’კონორმა სხვა არგუმენტი მოიყვანა: „როგორ უნდა მოიქცე, თუ გინდა, რომ მეზობელს ერთი ჭიქა შაქარი ესესხო? მეზობელთან ერთი ჭიქა შაქრის სასესხებლად რომ გადავიდე, ამისათვის ნებართვა უნდა ავიღო?“.

      რა საქმიანობას ეწევიან იეჰოვას მოწმეები?

      მოსამართლე დეივიდ სუტერმა იკითხა: „რატომ შეეხო ეს დადგენილება იეჰოვას მოწმეებს? არიან ისინი აგიტატორები, გამომძალველები, საქონლის დამტარებელი მოვაჭრეები ან სხვადასხვა მომსახურების შემთავაზებლები? განა ყველამ არ ვიცით, რომ ეს ასე არ არის?“. სტრატონის ადმინისტრაციის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დადგენილება დაწვრილებით გააცნო დამსწრეთ და თქვა, რომ ქვემდგომმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები აგიტატორებად (ინგლისურად canvasser) ცნო. ამაზე მოსამართლე სუტერმა უპასუხა: „ვფიქრობ, ძალიან განზოგადებულად გესმით აგიტაციის მნიშვნელობა, თუკი იეჰოვას მოწმეებსაც აკუთვნებთ ამ კატეგორიას“.

      შემდეგ მოსამართლე ბრაიერმა ლექსიკონიდან ამოიკითხა ამ სიტყვის განმარტება, რათა დაენახვებინა, რომ მისი მნიშვნელობა არ მიესადაგებოდა მოწმეებს. მან დასძინა: „თქვენს წერილობით არგუმენტაციაში მე ვერ ამოვიკითხე ვერაფერი ისეთი, რაც ახსნიდა იმის მიზეზს, თუ რატომ მოითხოვთ ამ ხალხისგან [იეჰოვას მოწმეებისგან], რომლებსაც არ აინტერესებთ ფული, არ აინტერესებთ ვაჭრობა, ხმების შეგროვებაც კი, რომ წავიდნენ დაბის ადმინისტრაციულ ცენტრში და გაიარონ რეგისტრაცია. რა მიზანი ამოძრავებს ადმინისტრაციას?“.

      აზრის გაზიარების „განსაკუთრებული უფლება“

      ადმინისტრაციის დამცველი ირწმუნებოდა: „სტრატონის ხელმძღვანელობის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ არ მოხდეს მობინადრის შეწუხება“. შემდეგ, როგორც მან ახსნა, ეს დადგენილება იმისათვის იქნა მიღებული, რომ მაცხოვრებლები თაღლითებისა და ბოროტმოქმედებისგან დაეცვა. მოსამართლე სკალიამ დადგენილებიდან ციტატა მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ გამგებელს შეუძლია რეგისტრაციაში გატარების მსურველი პირისა და მისი განზრახვის შესახებ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რათა „ზუსტად დადგინდეს, თუ რა სახის განსაკუთრებული უფლებით სურს ამ პირს სარგებლობა“. მან ხაზგასმით დაამატა: „დადგენილების თანახმად, გამოდის, რომ თუ მოქალაქეებთან მიხვედი ამა თუ იმ საკითხში მათ დასარწმუნებლად, განსაკუთრებული უფლებით სარგებლობ — ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია“.

      მოსამართლე სკალიამ კვლავ დაბეჯითებით განაგრძო: „მაშ, რა გამოდის — ნუთუ ყველა, ვინც თქვენს კარს მოადგება, ადმინისტრაციაში უნდა გააგზავნოთ თითის ანაბეჭდების ასაღებად და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემთ კარზე ზარის დარეკვის უფლებას? ნუთუ დანაშაულის მოხდენის ერთობ მცირე ალბათობა საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ ყველას, ვისაც კარზე ზარის დარეკვა სურს, რეგისტრაციაში გავლა მოვთხოვოთ? რასაკვირველია, არა“.

      მოსახლეობის დაცვა?

      თავისი ოცწუთიანი გამოსვლის შემდეგ სტრატონის ადმინისტრაციის ადვოკატმა სიტყვა ოჰაიოს შტატის პროკურორს გადასცა. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ ზემოხსენებული დადგენილება მოსახლეობას იცავდა უცნობი, „მართლაც რომ დაუპატიჟებელი ადამიანისგან“. მან დასძინა: «[ასეთი ადამიანი] ლახავს ჩემს საკუთრებას . . . და ვფიქრობ, რომ დაბის ადმინისტრაციას აქვს უფლება, თქვას: „ჩვენ გვაფიქრებს ასეთი ქმედებები“».

      მოსამართლე სკალიამ შემდეგ აღნიშნა: „ესე იგი, სტრატონის ადმინისტრაცია ამბობს, რომ თუნდაც იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის მსურველი ადამიანები სახლში მარტო ისხდნენ და თანახმა იყვნენ ნებისმიერ თემაზე სალაპარაკოდ, [იეჰოვას მოწმეებმა] მაინც უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ამ ხალხის კარზე ზარის დარეკვის განსაკუთრებული უფლება უნდა მოიპოვონ“.

      „ძალიან უმნიშვნელო შეზღუდვა“

      განხილვისას მოსამართლე სკალიამ მნიშვნელოვანი რამ აღნიშნა: „ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოება ისეთ ქვეყნებშია, სადაც ტოტალიტარული რეჟიმი და დიქტატურაა. იქ იშვიათად ხდება დანაშაული. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და თავისუფლების სანაცვლოდ გაღებული ერთ-ერთი მსხვერპლიც სწორედ ისაა, რომ გარკვეულწილად იზრდება უკანონო ქმედებების საფრთხე, მაგრამ საკითხავი აი, რა არის: მოახდენს კი არსებით გავლენას თქვენ მიერ მიღებული დადგენილება დამნაშავეობის შემცირებაზე, და ღირს თუ არა, რომ ამის გამო ხალხს კარზე ზარის დარეკვის განსაკუთრებული უფლების მოპოვება მოვთხოვოთ?“. მის სიტყვებზე პროკურორს ასეთი რეაქცია ჰქონდა: „კი, მაგრამ, ეს ხომ ძალიან უმნიშვნელო შეზღუდვაა“, რაზეც მოსამართლე სკალიამ უპასუხა: ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ „ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი ისეთი საქმე, რომელშიც რომელიმე ადმინისტრაციის მიერ ასეთი დადგენილების მიღების საკითხი ყოფილიყო განხილული. მე არ ვთვლი, რომ ეს უმნიშვნელო შეზღუდვაა“.

      ბოლოს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოსამართლემ პროკურორი ჩიხში მოაქცია, ის იძულებული გახდა, ეღიარებინა: „ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება ვინმეს პირდაპირ აუკრძალო კარზე დაკაკუნება ან ზარის დარეკვა“. ამით მისი გამოსვლა დასრულდა.

      ბრალდების უკუგდების დროს მოწმეების ადვოკატმა აღნიშნა, რომ დადგენილებაში არ იყო გათვალისწინებული იმ პირის განაცხადის შემოწმება, რომელსაც ნებართვის მიღება სურდა. «მე შემიძლია წავიდე ადმინისტრაციაში და განვაცხადო, „მე ვარ [ესა და ეს]“, ავიღო ნებართვა და წავიდე კარდაკარ». მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გამგებელს აქვს უფლება, ნებართვის მიღებაზე უარით გამოისტუმროს ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არ მიეკუთვნება რომელიმე ორგანიზაციას. „ჩვენ ვთვლით, რომ ეს თვითნებური ქმედების აშკარა გამოვლენაა, — თქვა მან და დასძინა: — მე მოწიწებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი [იეჰოვას მოწმეთა] საქმიანობა სწორედ რომ მთლიანად ეთანხმება კონსტიტუციაში შეტანილ პირველ შესწორებას“.

      ცოტა ხნის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რენკვისტმა, მხარეთა დაპირისპირება დასრულებულად გამოაცხადა და თქვა: „უზენაესი სასამართლო იმსჯელებს საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად“. მთელი პროცესი სულ რაღაც საათზე ოდნავ მეტხანს მიმდინარეობდა. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ერთი საათი, გამოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ივნისში გამოცხადდა.

      [სურათები 6 გვერდზე]

      უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რენკვისტი.

      მოსამართლე ბრაიერი

      მოსამართლე სკალია

      [საავტორო უფლებები]

      Rehnquist: Collection, The Supreme Court Historical Society/Dane Penland; Breyer: Collection, The Supreme Court Historical Society/Richard Strauss; Scalia: Collection, The Supreme Court Historical Society/Joseph Lavenburg

      [სურათები 7 გვერდზე]

      მოსამართლე სუტერი

      მოსამართლე კენედი

      მოსამართლე ო’კონორი

      [საავტორო უფლებები]

      Kennedy: Collection, The Supreme Court Historical Society/Robin Reid; O’Connor: Collection, The Supreme Court Historical Society/Richard Strauss; Souter: Collection, The Supreme Court Historical Society/Joseph Bailey

      [სურათი 8 გვერდზე]

      სასამართლო დარბაზი

      [საავტორო უფლებები]

      Photograph by Franz Jantzen, Collection of the Supreme Court of the United States

  • უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას
    გამოიღვიძეთ! — 2003 | იანვარი 8
    • უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას

      გადამწყვეტი დღე დადგა 2002 წლის 17 ივნისს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. რა გადაწყვიტა სასამართლომ? ამას გაზეთების სათაურებიდანაც ვიგებთ. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამი იყო: „სასამართლო აუქმებს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე დადებულ შეზღუდვებს“. ოჰაიოში გამომავალ გაზეთ „კელამბას დისპეჩში“ ასეთი სათაური გაჩნდა: „უზენაესმა სასამართლომ ცნო, რომ საჭირო არ არის ნებართვის აღება“. კლივლენდში (ოჰაიო) გამომავალ გაზეთ „პლეინ დილერში“ უბრალოდ ითქვა: „კარდაკარ მოსიარულეებს არ სჭირდებათ ხელმძღვანელი პირებისგან ნებართვის აღება“. გაზეთ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“, თვალში საცემ ადგილას, ასეთი სათაური გაჩნდა: „სიტყვის თავისუფლება იმარჯვებს“.

      ქვემდგომი სასამართლოების მიერ იეჰოვას მოწმეთა საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები უზენაესმა სასამართლომ 8 ხმით 1-ის წინააღმდეგ გაბათილებულად ცნო! სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც 18-გვერდიანი ოფიციალური დოკუმენტის სახით იყო წარდგენილი, შეადგინა მოსამართლე ჯონ პოლ სტივენზმა. ეს გადაწყვეტილება მტკიცედ უჭერდა მხარს აშშ-ის კონსტიტუციაში შეტანილ პირველ შესწორებაში მოხსენიებულ გარანტიებს, რომელთა საფუძველზეც იეჰოვას მოწმეებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ საჯარო საქმიანობის განხორციელება. ამ ოფიციალურ დოკუმენტში სასამართლომ ახსნა, რომ იეჰოვას მოწმეები (როგორც ეს უკანასკნელნი თავად განმარტავენ) იმიტომ არ მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს ნებართვის ასაღებად, რომ „ქადაგების უფლებას მათ წმინდა წერილები აძლევს“. შემდეგ სასამართლომ მოიყვანა იეჰოვას მოწმეების სიტყვები, რომლებიც მათ წერილობით არგუმენტაციაში იყო ჩაწერილი: „დაბის ადმინისტრაციისგან ქადაგებაზე ნებართვის აღება ჩვენთვის იმის ტოლფასია, რომ ღმერთს შეურაცხყოფა მივაყენოთ“.

      სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: «50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზენაესი სასამართლო აუქმებდა კარდაკარ აგიტაციის გაწევასა და ბეჭდვითი გამოცემების გავრცელებაზე დადგენილ შეზღუდვებს. და შემთხვევითობას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ განხილულ საქმეთა უმეტესობა იეჰოვას მოწმეების მიერ იყო წამოჭრილი და აშშ-ის კონსტიტუციაში შეტანილი პირველი შესწორების საფუძველზე გარანტირებულ უფლებებს ეხებოდა. მათი ასეთი აქტიურობის მიზეზი ის არის, რომ თავად მათი რელიგიური მრწამსი მოითხოვს კარდაკარ სიარულს. როგორც საქმეში „მარდოკი პენსილვანიის წინააღმდეგ . . .“ (1943 წელი) აღვნიშნეთ, იეჰოვას მოწმეები „ამბობენ, რომ „საჯაროდ თუ სახლებში“ სწავლებისას ისინი პავლეს მაგალითს ჰბაძავენ (საქმეები 20:20). ისინი პირდაპირ იგებენ ბიბლიაში ჩაწერილ მოწოდებას: „გადით მთელ წუთისოფელში და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება“ (მარკოზი 16:15). ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამგვარად ღვთის ბრძანებას ასრულებენ“».

      შემდეგ, გადაწყვეტილებაში ისევ 1943 წლის საქმიდან აღებული ციტატა იყო მოყვანილი: „რელიგიური საქმიანობის ამ ფორმას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაში, როგორც ეკლესიებში თაყვანისცემასა და კათედრიდან ქადაგებას. ეს საქმიანობა იმავე უფლებებით არის დაცული, რომლებითაც საყოველთაოდ ცნობილი და ტრადიციული რელიგიები სარგებლობენ“. სასამართლო გადაწყვეტილებაში 1939 წლის საქმიდანაც იყო ამოღებული ციტატა: „ცენზურის დადგენა ლიცენზიით, რაც შეუძლებელს ხდის ბეჭდვითი გამოცემების თავისუფალ და დაუბრკოლებელ გავრცელებას, ძირს უთხრის იმ ქვაკუთხედს, რომელსაც კონსტიტუციური გარანტიები ეფუძნება“ (კურსივი მათია).

      შემდეგ, სასამართლომ ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან აზრს: „ამ საქმეებიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეთა ძალისხმევა, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ არის მიმართული, მხოლოდ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა როდია“. გადაწყვეტილებაში ახსნილი იყო, რომ «მხოლოდ [მოწმეები] არ არიან ის „უბრალო და რიგითი მოქალაქეები“, რომელთა დადუმებასაც ცდილობენ სხვადასხვა წესის შემოღებით, რის მაგალითიც დაბა სტრატონში მიღებული დადგენილებაა».

      სასამართლო გადაწყვეტილებაში შემდეგ ნათქვამი იყო, რომ დადგენილება „შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცულ ფასეულობებს, არამედ თავად თავისუფალი საზოგადოების ცნებას — კერძოდ კი იმას ვგულისხმობთ, რომ, რაც შეეხება ყოველდღიურ საუბრებს, მოქალაქემ ჯერ მთავრობას უნდა შეატყობინოს მეზობლებთან დალაპარაკების სურვილის შესახებ და შემდეგ ამის ნებართვა აიღოს . . . კანონი, რომელიც ასეთი საუბრების გასამართად ნებართვის აღებას მოითხოვს, ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობიდან და კონსტიტუციური ტრადიციიდან მკვეთრი გადახრაა“. სასამართლო გადაწყვეტილებაში შემდეგ ისიც იყო ნათქვამი, თუ რა „საზიანო გავლენა შეიძლება ჰქონდეს კანონს, რომელიც ასეთი სახის ნებართვის აღებას მოითხოვს“.

      დამნაშავეობის საშიშროება

      რის თქმა შეიძლება იმ თვალსაზრისზე, რომლის თანახმადაც ოფიციალური ნებართვა მოსახლეობას იცავს ქურდებისა და სხვა ბოროტმოქმედებისგან? სასამართლო ამ მოსაზრებასაც დაუპირისპირდა: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ინტერესები საფუძველს მოკლებული არ არის, ჩვენ უკვე გვაქვს იმის პრეცედენტი, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს — საჭიროა გონივრული შუალედის მოძებნა ამ ინტერესებსა და იმ მოთხოვნებს შორის, რომლებიც კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებზე ახდენენ გავლენას“.

      სასამართლო გადაწყვეტილება გრძელდებოდა შემდეგი სიტყვებით: „რაღაც საეჭვოა, რომ ოფიციალური ნებართვის უქონლობამ შეუშალოს ხელი ბოროტმოქმედებს კარზე დაკაკუნებასა და ისეთი საუბრების წამოწყებაში, რომლებიც დადგენილებაში არ არის მოხსენიებული. მაგალითად, მათ შეუძლიათ გზა იკითხონ ან ტელეფონზე დარეკვის ნებართვა ითხოვონ . . . ან შეუძლიათ მოგონილი სახელით დაუსჯელად გაიარონ რეგისტრაცია“.

      შემდეგ, სასამართლომ მოიხსენია გასული საუკუნის 40-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილებები: «მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები ყოველთვის იცავდა მოსარჩლის [საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“] წევრებს იმ შემავიწროებლებისგან, რომლებსაც პირადი ინტერესები და ანტიპათია ამოძრავებდათ. ასეთ გადაწყვეტილებებში ჩანდა, რომ სასამართლო ანგარიშს უწევდა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს, რომლებიც მოცემულ საქმეშიც ფიგურირებს».

      რა საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ? „სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უქმდება, ხოლო საქმე უკან უბრუნდება ამ [უზენაესი სასამართლოს] გადაწყვეტილების შესაბამისი მომდევნო სამართლებრივი პროცედურების ჩასატარებლად. ეს განკარგულებაა“.

      ასე რომ, როგორც „ჩიკაგო სან-ტაიმზში“ დაიწერა, საქმე დასრულდა იმით, რომ „სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეებს“ ხმათა უმრავლესობით (რვა ერთის წინააღმდეგ).

      რას მოიტანს მომავალი?

      როგორ შეხვდნენ „უელსვილის“ კრების წევრი იეჰოვას მოწმეები ამ გამარჯვებას უზენაეს სასამართლოში? მათ, რასაკვირველია, არ უტრაბახიათ ამით სტრატონელებთან, რათა ისინი არ შეეცბუნებინათ. დაბის კეთილსინდისიერი მცხოვრებლებისადმი მოწმეებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონიათ. იეჰოვას ადგილობრივი მოწმე, გრეგორი კუჰარი, ამბობს: „ჩვენ სულაც არ გვსურდა, რომ საქმე სასამართლო გარჩევამდე მისულიყო, მაგრამ, უბრალოდ, თავად დადგენილება იყო არასწორი და უსაფუძვლო. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არა მხოლოდ ჩვენთვის გავაკეთეთ, არამედ ყველასთვის“.

      ფაქტები ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობა არ გაეღიზიანებინათ. სხვა მოწმემ, ჯინ კუნცმა, განმარტა: „სტრატონში ბოლოს 1998 წლის 7 მარტს ვიქადაგეთ — ეს ოთხ წელზე მეტი ხნის წინათ იყო“. მან დასძინა: „პირადად მითხრეს, რომ დამაპატიმრებდნენ. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია არაერთხელ დაგვემუქრა დაპატიმრებით. შემდეგ, როდესაც ვითხოვეთ, რომ დადგენილება ოფიციალური დოკუმენტის სახით ეჩვენებინათ ჩვენთვის, პასუხის ღირსიც არ გაგვხადეს“.

      კუნცმა დასძინა: „გვირჩევნია, კარგი ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს მეზობლებთან. თუკი ვინმეს არ სურს, რომ მივაკითხოთ, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თბილად გვხვდებიან და სიამოვნებით გვთანხმდებიან ბიბლიის შესახებ საუბარზე“.

      გრეგორი კუჰარმა ახსნა: „საქმე იმიტომ კი არ შევიტანეთ სასამართლოში, რომ სტრატონელები ჩვენ წინააღმდეგ აგვემხედრებინა. არა, ჩვენ უბრალოდ ის გვინდოდა, რომ კონსტიტუციის საფუძველზე კანონიერად გვესარგებლა სიტყვის თავისუფლებით“.

      მან დასძინა: „ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს კვლავ დავბრუნდებით სტრატონში. მე, დიდი სიხარულით, პირველი დავაკაკუნებდი კარზე. ქრისტეს ბრძანების შესაბამისად კი, ჩვენ ვალდებული ვართ, დავბრუნდეთ“.

      საქმის «„საგუშაგო კოშკი“ სტრატონის წინააღმდეგ» გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული შედეგები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, აშშ-ის ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ზოგმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობის შესაზღუდავად აღარ შეიძლებოდა ადგილობრივი დადგენილებების გამოყენება. ამ დროისთვის კარდაკარ ქადაგებასთან დაკავშირებული პრობლემები შეერთებული შტატების თითქმის 90 დასახლებაში გადაიჭრა.

      [ჩარჩო 9 გვერდზე]

      „იეჰოვას მოწმეებმა ისევ გაიმარჯვეს“

      მეცნიერ-თეოლოგმა ჩარლზ ჰეინზმა, რომელიც ამავე დროს აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებათა დამცველი ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელიცაა, ზემოხსენებული სიტყვები ჩაწერა „თავისუფლების ფორუმის“ ვებ-საიტზე, სათაურით „რწმენის თავისუფლება“. ჰეინზმა განაგრძო: „წინა კვირას [იეჰოვას მოწმეებმა] უკვე 48-ე გამარჯვება იზეიმეს უზენაეს სასამართლოში. მათმა გამარჯვებებმა კიდევ უფრო გააფართოვა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული უფლებათა დაცვის სპექტრი — დაცვისა, რომელიც ყველა ამერიკელზე ვრცელდება“. ის აფრთხილებდა საზოგადოებას: „გახსოვდეთ ერთი რამ: თუ მთავრობას ერთი სარწმუნოების შეზღუდვა შეუძლია, ის იმასაც შეძლებს, რომ ნებისმიერი სხვა სარწმუნოება — ან თუნდაც ყველა — შეზღუდოს . . . რასაკვირველია, ხალხს აქვს უფლება, არ მოისმინონ და კარი დახურონ, მაგრამ მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალაუფლება იმის გადასაწყვეტად, თუ ვის მიანიჭოს კარზე დაკაკუნების უფლება და ვის — არა. ასე რომ, მადლობა უნდა გადავუხადოთ უზენაეს სასამართლოს“.

      ჰეინზი ასკვნის: „ჩვენ ყველანი უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას მოწმეებს. რამდენიც უნდა შეურაცხყონ, განდევნონ და თუნდაც ფიზიკურად შეეხონ, ისინი მაინც არ წყვეტენ ბრძოლას თავიანთი (და ამგვარად, ჩვენი) რელიგიის თავისუფლებისთვის. და როდესაც ისინი იმარჯვებენ, ჩვენ ყველანი ვიმარჯვებთ“.

      [ჩარჩო⁄სურათები 10, 11 გვერდებზე]

      უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრესის გამოხმაურება

      ◼ „სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეებს; კარდაკარ ქადაგებისთვის საჭირო არ არის ნებართვის აღება.

      იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ კარდაკარ მსახურებისას მათ ღმერთი უჭერდა მხარს. ახლა მათ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც დაუჭირა მხარი“ („ჩიკაგო სან-ტაიმზი“, 2002 წლის 18 ივნისი).

      ◼ „სიტყვის თავისუფლება იმარჯვებს.

      მომავალში, როდესაც იეჰოვას რომელიმე მოწმე სადილობას შეგაწყვეტინებთ, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ. თავიანთი რელიგიური პრინციპების ვაჟკაცური დაცვით ამ არატრადიციული მიმდინარეობის წევრებმა, რომელთა რაოდენობაც [შეერთებულ შტატებში] 1 მილიონამდე ძლივს აღწევს, შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ამერიკელის სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ორგანიზაციამ. . .

      იეჰოვას მოწმეებს არაერთხელ მიუმართავთ უზენაესი სასამართლოსთვის. 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ორ ათეულზე მეტი საქმე შეიტანეს სასამართლოში და წარმატებით იბრძოდნენ უმრავლესობის ტირანიის წინააღმდეგ“ („იუ-ეს-ეი ტუდეი“, 2002 წლის 18 ივნისი).

      ◼ „კარდაკარ სიარული სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო. იეჰოვას მოწმეებმა გამარჯვება მოიპოვეს.

      აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს დაადგინა, რომ პოლიტიკოსებს, რელიგიური მიმდინარეობის წევრებს, სკაუტ გოგონებსა და სხვებს კარდაკარ სიარულისა და თავიანთი იდეების გავრცელების უფლება აქვთ და ამისათვის საჭირო არ არის ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა“ („სან-ფრანცისკო ქრონიკლი“, 2002 წლის 18 ივნისი).

      ◼ „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: იეჰოვას მოწმეებსა და სკაუტ გოგონებს კარდაკარ სიარულს ვერ აუკრძალავენ.

      ვაშინგტონი. კონსტიტუცია იცავს მისიონერების, პოლიტიკოსებისა და სხვების უფლებას, დაუბრკოლებლად იარონ კარდაკარ. ისინი არ არიან ვალდებული, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან წინასწარ აიღონ ნებართვა — ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს უზენაესმა სასამართლომ. . .

      8 ხმით 1-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების უფლება მოიცავს შემდეგსაც — ყველას აქვს უფლება, პირდაპირ სახლში მიაკითხოს მობინადრეს ამა თუ იმ ინფორმაციის გადასაცემად“ („სტარ ტრიბუნი“, 2002 წლის 18 ივნისი).

      [სურათი 9 გვერდზე]

      მოსამართლე სტივენზი

      [საავტორო უფლება]

      Stevens: Collection, The Supreme Court Historical Society/Joseph Bailey

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება