-
ქარცეცხლგამოვლილი წიგნიგამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
-
-
ქარცეცხლგამოვლილი წიგნი
„არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მტერი, რამდენიც მას. მაგრამ მედგრად გაუძლო მის წინააღმდეგ ამხედრებულ ყველა ძალას, გონსა თუ მჭევრმეტყველებას“.
რატომ იმსახურებს ბიბლია თქვენს ყურადღებას? უპირველესად იმიტომ, რომ მისივე თქმით, მასში ადამიანთათვის გადასაცემი ღვთის ცნობა, ღვთის სათქმელია ჩაწერილი (2 ტიმოთე 3:16). და თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან ბევრს დავკარგავთ, თუ არ წავიკითხავთ ამ უძვირფასეს წიგნს.
ამ წიგნმა თქვენი ყურადღება კიდევ იმიტომ უნდა მიიპყროს, რომ ის დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნაშრომია, ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ბიბლია ყველა დროის ბესტსელერია და ყოველ წელს პირველ ადგილზე დგას გაყიდული წიგნების რაოდენობის მიხედვით.
იმის ფონზე, რომ საუკუნეების მანძილზე ბიბლიის განადგურებას ბევრი ლამობდა, მისი შინაარსი, ასაკი და გავრცელების ოდენობა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამ ღვთიურ წერილს. „არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მტერი, რამდენიც მას. მაგრამ მედგრად გაუძლო მის წინააღმდეგ ამხედრებულ ყველა ძალას, გონსა თუ მჭევრმეტყველებას“, — აცხადებს მე-19 საუკუნის თეოლოგი ალბერტ ბარნზი.
ამავე მწერლის თქმით, როგორც წესი, ხალხი იმისკენ უფრო მეტად ილტვის, რაც ძნელად მოსაპოვებელია. „არც ერთ ჯარს არ გადაუტანია იმდენი ბრძოლა, რამდენიც ბიბლიას. არც ერთი ბასტიონი იმდენჯერ არ მოქცეულა ალყაში, რამდენჯერაც ის, მაგრამ მტკიცედ უძლებდა ქვემეხების გუგუნს და ამაყად იტანდა ჟამთასვლას. არც ერთ კლდეს არ ჰკვეთებია აზვირთებული ტალღები ისე ძლიერ, როგორც ამ წიგნს, მაგრამ მაინც შეურყევლად და ქედმოუხრელად იდგა თავაწეული კუთვნილ ადგილას“, — დასძენს ბარნზი.
ბევრი უძველესი ჩანაწერი დაიკარგა, განადგურდა ან უბრალოდ დავიწყებას მიეცა, მაგრამ ვერაგული თავდასხმების მიუხედავად, ბიბლია გადარჩა და ჩვენამდე შემორჩა. ზოგი სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში, ოღონდაც ბიბლია ხალხამდე მიეტანა. სხვებს კი ამ წიგნს ხელიდან გლეჯდნენ და შემდეგ ორივეს ერთად კოცონზე წვავდნენ.
რატომ უყვარდათ ან რატომ სძულდათ ეს წიგნი ასე ძლიერ? რა ქარცეცხლი გამოიარა მან? ვინ იყვნენ მისი დაუძინებელი მტრები? როგორ გაუძლო ამდენ ქარტეხილს და როგორ მოაღწია ჩვენამდე? რა გასაოცარი ამბის თქმა სურს მას თქვენთვის? სწორედ ამ კითხვებს უპასუხებს შემდეგი სტატია.
[დიაგრამა/სურათები 2, 3 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ბიბლიის წერისა და გამოცემის ქრონოლოგიური დიაგრამა
ძვ. წ. 1513 — დაახლ. ახ. წ. 98 წლები ბიბლია დაიწერა ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე
დაახლ. 100 წელი ბიბლია უფრო მოსახერხებელი ხდება კოდექსის სახით
დაახლ. 405 წელი იერონიმემ ლათინურად თარგმნა ბიბლია
1380 წელი უიკლიფმა ლათინურიდან ინგლისურად თარგმნა ბიბლია
1455 წელი გუტენბერგი ბეჭდავს პირველ ბიბლიას
1525 წელი ტინდალმა ინგლისურად თარგმნა ბიბლია
1938 წელი ბიბლია იბეჭდება 1 000-ზე მეტ ენაზე
2011 წელი ბიბლია ხელმისაწვდომი ხდება 2 500-ზე მეტ ენაზე
-
-
თავდასხმა ბიბლიაზეგამოიღვიძეთ! — 2011 | დეკემბერი
-
-
შეტევა „არასასურველ“ ცნობაზე
ღმერთმა იერემიას დაავალა, გრაგნილზე დაეწერა სიტყვები, რომლითაც განსჯიდა იმდროინდელ განდგომილ იუდეველებს. ის ამ ცნობით აფრთხილებდა მათ, რომ თუ არ მიატოვებდნენ ბოროტ გზას, ღმერთი მათ დედაქალაქს, იერუსალიმს, აღგვიდა პირისაგან მიწისა. იერემიას მდივანმა, ბარუქმა ეს ცნობა ჯერ იერუსალიმის ტაძარში წაუკითხა ხალხს ხმამაღლა, შემდეგ კი იუდას მთავრებს, რომლებმაც გრაგნილი მეფე იეჰოიაკიმს წაუღეს. მეფეს არ ესიამოვნა ღვთის სიტყვები, გრაგნილი დაჭრა და ცეცხლში შეყარა (იერემია 36:1—23).
ღმერთმა იერემიას უბრძანა: „აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზე ეწერა, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა რომ დაწვა“ (იერემია 36:28). დაახლოებით 17 წლის შემდეგ იერემიას პირით ნათქვამი წინასწარმეტყველება ახდა იერუსალიმზე. განადგურდა ქალაქი, ბევრი მთავარი მოკლეს და ქალაქის მკვიდრნი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. გრაგნილში ჩაწერილი ცნობა — ცნობა იმისა, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა ამ თავდასხმის დროს ქალაქ იერუსალიმში, დღემდეა შემონახული ბიბლიის წიგნ „იერემიას“ ფურცლებზე.
ცეცხლი არ ქრება
იეჰოიაკიმი არ იყო ერთადერთი, ვინც ქრისტემდე ღვთის სიტყვას ასე ხელაღებით წვავდა. საბერძნეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ისრაელი სელევკიდების დინასტიის მმართველობის ქვეშ მოექცა. სელევკიდების მეფეს, ანტიოქე ეპიფანეს, რომელიც ძვ. წ. 175—164 წლებში მეფობდა, სურდა თავის იმპერიაში ბერძნული ანუ ელინისტური კულტურა გაევრცელებინა. ის იუდეველებს აძალებდა, მიეღოთ ბერძნული წეს-ჩვეულებები და რელიგია.
დაახლოებით ძვ. წ. 168 წელს ანტიოქემ იერუსალიმში იეჰოვას ტაძარი გაძარცვა. იეჰოვას სამსხვერპლოზე მან ბერძნების ღმერთის, ზევსის სამსხვერპლო ააგო. ანტიოქემ აგრეთვე აკრძალა შაბათის დაცვა და იუდეველებს წინადაცვეთის ტრადიცია გაუუქმა. ვინც მის ბრძანებას გადავიდოდა, სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა.
ანტიოქეს ამგვარი რელიგიური წმენდა მიზნად ისახავდა გრაგნილების სრულ მოსპობას. მართალია, მან თავისი ბრძანება მთელ ისრაელში განავრცო, მაგრამ ებრაული წერილების ყველა გრაგნილის ბოლომდე განადგურება მაინც ვერ შეძლო. ისრაელში საგულდაგულოდ დამალული ზოგი გრაგნილი ხანძარს გადაურჩა; წმინდა წერილების ზოგი გრაგნილი კი სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები იუდეველების წყალობით შემოგვრჩა დღემდე.
დიოკლეტიანეს ბრძანებულება
სხვა ცნობილი მმართველი, რომელიც წმინდა წერილების განადგურებას ცდილობდა, იყო რომის იმპერატორი დიოკლეტიანე. ახ. წ. 303 წელს მან ქრისტიანების საწინააღმდეგო ბრძანებულებების მთელი სერია გამოსცა. ეს პერიოდი ზოგიერთმა ისტორიკოსმა შეაფასა, როგორც „საშინელი დევნის“ პერიოდი. მისი პირველი ბრძანებულება ეხებოდა წმინდა წერილების ასლების დაწვასა და ქრისტიანთა შეხვედრების ადგილების დანგრევას. ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიის საკითხებში ჰარი გამბელი წერდა: „დიოკლეტიანე ფიქრობდა, რომ ქრისტიანთა საზოგადოებას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ჰქონდა წიგნთა კრებულები და იმპერატორმა კარგად უწყოდა, რომ ეს საზოგადოება სწორედ ამ წიგნებით სულდგმულობდა“. საეკლესიო მწერალი და ისტორიკოსი, პალესტინელი ევსები კესარიელი, რომელიც დიოკლეტიანეს პერიოდში ცხოვრობდა, ამბობს: „ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ გაასწორეს მიწასთან სამლოცველო სახლები და როგორ მისცეს ცეცხლს ღვთისგან შთაგონებული წმინდა წერილები შუაგულ ბაზარში“.
დიოკლეტიანეს ბრძანებულებიდან სამი თვის შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში, ქალაქ ცირტას (დღევანდელი კონსტანტინი) გამგებელს უთხრეს, გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ქრისტიანებს უნდა გადაეცათ მთავრობისთვის „კანონის წიგნები“ და „წმინდა წერილების ასლები“. იმავე პერიოდის ჩანაწერები გვიამბობენ, რომ ქრისტიანებს წამება და სიკვდილი ერჩივნათ ამ ბრძანების შესრულებას.
მიზანი
იეჰოიაკიმის, ანტიოქესა და დიოკლეტიანეს საერთო მიზანი ღვთის სიტყვის განადგურება გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბიბლიამ ყველა შემოტევას გაუძლო და ჩვენამდე მაინც მოაღწია.
-