საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხალხი თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ
    გამოიღვიძეთ! — 2019 | No. 1
    • ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ

      ხალხი თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ

      „უპრეცედენტო ტექნოლოგიური, მეცნიერული თუ ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად . . . ეს თაობა მსოფლიოს [პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ] კატასტროფამდე მიიყვანს“. (გლობალური საფრთხეების შესახებ 2018 წლის ანგარიში, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“).

      ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲐᲛᲝᲗᲥᲕᲐᲛᲡ ᲨᲔᲨᲤᲝᲗᲔᲑᲐᲡ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲔᲨᲘ ᲩᲐᲮᲔᲓᲣᲚᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, ᲠᲝᲪᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘ ᲩᲕᲔᲜᲡᲐ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲡ ᲔᲮᲔᲑᲐ? ᲛᲝᲓᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲓ ᲨᲔᲕᲔᲮᲝᲗ ᲓᲦᲔᲡ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲡ:

      • დაბლოკილი კომპიუტერი

        ᲙᲘᲑᲔᲠᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘ. „დროის სვლასთან ერთად ინტერნეტსივრცე უფრო და უფრო საშიში ხდება. როგორც ერთ ავსტრალიურ გაზეთში ვკითხულობთ, „ის პედოფილების, შანტაჟისტების, ტროლებისაa და ჰაკერების თავშესაფარია. პირადი მონაცემების მოპარვა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში . . . მეტიც, ინტერნეტსივრცე დიდ გასაქანს აძლევს ადამიანს საიმისოდ, რომ უკიდურესად საშინელი ბოროტება და სისასტიკე ჩაიდინოს“ (The Australian).

      • ფულისკენ გაწვდილი ხელები

        ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲣᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝᲑᲐ. ოქსფამის ბოლოდროინდელი მონაცემებით, მსოფლიოში რვა ყველაზე მდიდარი ადამიანი იმდენ ქონებას ფლობს, რამდენსაც ერთად აღებული 3,6 მილიარდი ღატაკი. „უსამართლო ეკონომიკის პირობებში მდიდარი ელიტა ღარიბების ხარჯზე კიდევ უფრო მდიდრდება, ხოლო ღარიბი ხალხი კიდევ უფრო ღატაკდება, რომელთა შორისაც უმრავლესობა ქალია“. ზოგი შიშობს, რომ მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა მასობრივ საპროტესტო აქციებს გამოიწვევს.

      • ბომბები

        ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲨᲔᲕᲘᲬᲠᲝᲔᲑᲐ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2018 წლის მონაცემებით, „დღეს მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უმაღლესი მაჩვენებელი ფიქსირდება“. ბოლო დროს სხვადასხვა კონფლიქტისა თუ შევიწროების გამო 68 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „ყოველ 2 წუთში 1 ადამიანი იძულებით ტოვებს სახლს“.

      • საკვამურიდან მომწამვლელი კვამლი ამოდის

        ᲔᲙᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ. „ბიომრავალფეროვნება უპრეცედენტო მასშტაბით ნადგურდება, — ნათქვამია გლობალური საფრთხეების შესახებ 2018 წლის ანგარიშში. — წყლისა და ჰაერის დაბინძურება სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას“. გარდა ამისა, ზოგ ქვეყანაში კატასტროფულად მცირდება მწერების რაოდენობა. ვინაიდან მწერები დიდ როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვაში, მეცნიერები მოსალოდნელი „ეკოლოგიური არმაგედონის“ შესახებ იტყობინებიან. მარჯნის რიფების განადგურებაც დიდ საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას. მეცნიერების ვარაუდით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მთელ პლანეტაზე არსებული მარჯნის რიფების დაახლოებით ნახევარი განადგურდა.

      შეგვიძლია რაიმე ზომები მივიღოთ, დედამიწა უფრო უსაფრთხო ადგილად რომ ვაქციოთ? ზოგიერთები თვლიან, რომ ამისათვის ადამიანებს უფრო მეტი განათლება სჭირდებათ. თუ ასეა, რა სახის განათლებაა საჭირო? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

      [სქოლიო]

      a მიუთითებს ადამიანზე, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ინტერნეტსივრცეში.

  • გამომწვევი მიზეზის დადგენა
    გამოიღვიძეთ! — 2019 | No. 1
    • ორი ექიმი პალატის გარეთ მსჯელობს

      ადამიანი დაავადებისგან რომ განიკურნოს, მის გამომწვევ მიზეზებს უნდა ებრძოლონ და არა სიმპტომებს

      ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲭᲠᲘᲡ ᲒᲖᲐ

      გამომწვევი მიზეზის დადგენა

      დღეს არსებული პრობლემები სიმშვიდეს გვიკარგავს, თავს დაუცველად გვაგრძნობინებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს. გჯერათ, რომ ადამიანები გადაჭრიან ამ პრობლემებს? დაავადებისგან რომ განიკურნოთ, გამომწვევ მიზეზებს უნდა ებრძოლოთ და არა სიმპტომებს.

      სწორედ ასე მოხდა ტომის შემთხვევაში, რომელიც ავადმყოფობის გამო დაიღუპა. „როცა პირველმა სიმპტომებმა იჩინა თავი, არავის მოსვლია აზრად, დაედგინა, რა იყო გამომწვევი მიზეზი“, — წერს ექიმი, რომელსაც ტომი საავადმყოფოში სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მიუყვანეს. როგორც ჩანს, მანამდე ტომს უბრალოდ მედიკამენტებს აძლევდნენ, თავი რომ უკეთ ეგრძნო.

      ადამიანებიც ასე ცდილობენ მსოფლიო პრობლემების გადაჭრას? მაგალითად, დამნაშავეობასთან საბრძოლველად მთავრობა ადგენს კანონებს, ამონტაჟებს სათვალთვალო ვიდეოკამერებს და სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. მართალია, ამგვარი ზომების გატარება მეტ-ნაკლებად შედეგიანია, მაგრამ ეს ვერ აღმოფხვრის პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, რადგან სინამდვილეში ადამიანთა ქცევას მათი აზროვნება, შეხედულებები და სურვილები განაპირობებს.

      დენიელი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ გაჭირვებულ ქვეყანაში ცხოვრობს, იხსენებს: „ერთ დროს ნორმალურად ვცხოვრობდით. არ გვეშინოდა დაყაჩაღების. მაგრამ დღეს ვერც ქალაქში იცხოვრებ მშვიდად და ვერც სოფელში. ეკონომიკურმა გაჭირვებამ გამოააშკარავა ბევრი ადამიანის ნამდვილი სახე — ისინი სიხარბეს ავლენენ და სხვების ქონების ხელში ჩასაგდებად მათ სიცოცხლესაც კი ხელყოფენ“.

      ერთი მამაკაცი, რომელსაც პირობითად ელიასს დავარქმევთ, ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტს გაექცა, მოგვიანებით კი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის გვიყვება: „ჩემს მშობლიურ ქალაქში ახალგაზრდებს ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები გამუდმებით მოუწოდებდნენ, რომ ომში ჩაბმულიყვნენ და გმირები გამხდარიყვნენ. მოწინააღმდეგე მხარეც იმავესკენ მოუწოდებდა საკუთარ მოსახლეობას. ამ ყველაფრის შემხედვარე მივხვდი, რომ უსათუოდ იმედგაცრუებული დარჩები, თუ ადამიანურ მმართველობაზე დაამყარებ იმედს“.

      ერთ უძველეს წიგნში, რომელიც სიბრძნის საგანძურია, წერია:

      • „ადამიანის გული სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის“ (დაბადება 8:21).

      • „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?!“ (იერემია 17:9).

      • „გულიდან მოდის: ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა . . . ქურდობა, ცრუმოწმეობა“ (მათე 15:19).

      ადამიანები უძლურნი არიან, აღმოფხვრან ის მანკიერებები, რაც თითოეულ ჩვენგანშია ჩაბუდებული და რაც უამრავი ტკივილის მიზეზი ხდება. სინამდვილეში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, რაც წინა სტატიიდანაც კარგად გამოჩნდა (2 ტიმოთე 3:1—5). სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ მაშინ, როცა კაცობრიობა ზღვა ინფორმაციას ფლობს და კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს. რატომ არ შეგვიძლია მსოფლიო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ? იმაზე მეტს ხომ არ ვთხოვთ საკუთარ თავს, ვიდრე შეგვიძლია? ან იქნებ შეუძლებელს ვეპოტინებით?

      ᲨᲔᲣᲫᲚᲔᲑᲔᲚᲡ ᲮᲝᲛ ᲐᲠ ᲕᲔᲞᲝᲢᲘᲜᲔᲑᲘᲗ?

      სასწაულიც რომ მოვახდინოთ და ადამიანთა გულებიდან მანკიერებები აღმოვფხვრათ, მაინც ვერ შევძლებთ მსოფლიო ყველასთვის უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. მიზეზი ისაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.

      სინამდვილეში „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23). ჩვენ არ ვართ შექმნილი იმისთვის, რომ საკუთარი თავი ვმართოთ, სხვების მართვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი! როგორც წყალში ან კოსმოსში ცხოვრებისთვის არა ვართ შექმნილნი, ისევე არა ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ ჩვენნაირი ადამიანები ვმართოთ.

      მამაკაცი და ქალი წყალქვეშ აკვალანგით ცურავენ

      როგორც წყალში ცხოვრებისთვის არ ვართ შექმნილნი, ისევე არ ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ ჩვენნაირი ადამიანები ვმართოთ

      მაგალითად, მოსწონთ ადამიანებს, როცა კარნახობენ, როგორ და რა ფასეულობებით იცხოვრონ? ან ვის უხარია, როცა ვიღაც მიუთითებს, როგორი შეხედულება უნდა ჰქონდეს ცხოვრებისეულ საკითხებზე, მაგალითად აბორტზე ან შვილების აღზრდაზე? ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია, რაც საზოგადოების დაყოფას იწვევს. მართალია, შეიძლება ადვილი არ იყოს იმის გათვალისწინება, რასაც ბიბლია ამბობს, მაგრამ ამ უძველესი წიგნიდან ყოველთვის საღი აზრი გამოსჭვივის. ჩვენ არც უნარი გვაქვს და არც მორალური უფლება, ვმართოთ ჩვენნაირი მოკვდავნი. მაშ, სად არის საშველი?

      გონივრულია, საშველად შემოქმედს მივმართოთ. ბოლოს და ბოლოს მან არ შეგვქმნა?! რასაც არ უნდა ამბობდნენ სხვები, ფაქტი ერთია — ღმერთს არ დავვიწყებივართ! ის რომ ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე, ამას მისი სიტყვა, ბიბლია ადასტურებს. როცა ვწვდებით ამ უნიკალური წიგნის არსს, საკუთარ თავს უკეთ ვეცნობით და ვხვდებით, რატომ აღმოვჩნდით ასეთ სავალალო მდგომარეობაში. იმასაც კარგად ვაანალიზებთ, რომ „ხალხებმა და მთავრობებმა ვერც ვერაფერი ისწავლეს ისტორიიდან და ვერც დამოკიდებულება თუ საქციელი შეიცვალეს“, როგორც ეს ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა დაწერა.

      ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔ ᲒᲕᲘᲪᲐᲕᲡ!

      იესომ, ღვთის ძემ, ერთხელ თქვა: „სიბრძნე საქმეებით მტკიცდება“ (ლუკა 7:35). ამას ადასტურებს ფსალმუნის 146:3-ში ჩაწერილი სიტყვებიც: „იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა“. ამ რჩევის გათვალისწინება დაგვიცავს, რადგან არ გვექნება ფუჭი და არარეალური მოლოდინი. კენეთი ჩრდილოეთ ამერიკაში ისეთ ქალაქში ცხოვრობს, სადაც ძალადობა ჩვეულებრივი რამაა. ის ამბობს: „პოლიტიკოსები ერთიმეორეზე უკეთეს დაპირებებს იძლევიან, მაგრამ შესრულება არ შეუძლიათ. მათი გამუდმებული მარცხი შეგვახსენებს, რომ ბიბლიაში სრული ჭეშმარიტება წერია“.

      სტატიის დასაწყისში მოხსენიებული დენიელი აღნიშნავს: „დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ადამიანებს არა აქვთ მართვის უნარი . . . ვერც საბანკო ანგარიშები და ვერც ვერანაირი საპენსიო სისტემა ვერ მოგვცემს უზრუნველი ცხოვრების გარანტიას. ამის იმედად მყოფი ბევრი ადამიანი მინახავს იმედგაცრუებული“.

      ბიბლია არა მარტო ფუჭი იმედებით გამოწვეული გულგატეხილობისგან გვიცავს, არამედ ნამდვილ იმედსაც გვაძლევს. სწორედ ამ იმედზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიებში.

      ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ

      ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔ ᲒᲕᲐᲜᲐᲮᲕᲔᲑᲡ, ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲐᲜᲘᲪᲓᲘᲐᲜ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲛᲐᲠᲪᲮᲡ ᲓᲐ ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲐᲡᲔᲗ ᲡᲐᲕᲐᲚᲐᲚᲝ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება