კეთილი ცნობა სამოთხის შესახებ ტაიტიში
ტაიტი! ამ სახელს გარკვეული ეგზოტიკურობა ახლავს თან. მას სახელი გაუთქვეს ისეთმა მხატვრებმა და მწერლებმა, როგორებიც არიან: პოლ გოგენი, რობერტ ლუის სტივენსონი და ჰერმან მელვილი, რომელთა მიერ სამხრეთ ოკეანეთის კუნძულების ტროპიკული მშვენებისა და სიმშვიდის აღწერამ მრავალი ადამიანი დაატყვევა.
ტაიტი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულებს შორის უდიდესია. თუმცა სამხრეთ ოკეანეთის ეს კუნძული ხალხთა უმეტესობისთვის თითქმის სამოთხის სინონიმს წარმოადგენს, ტაიტელებისთვის საჭიროა, მოისმინონ სხვა სამოთხის შესახებ, რომელიც მალე იქნება (ლუკა 23:43). ტაიტიში დღეს 1 918 იეჰოვას მოწმეა და ისინი აქ მცხოვრებ 220 000 ადამიანთან ქადაგებენ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ნამდვილად დაამყარებს სამოთხისეულ პირობებს არა მხოლოდ ტაიტიში, არამედ მთელ დედამიწაზე (მათე 24:14; გამოცხადება 21:3, 4).
წლების განმავლობაში ტაიტიში სამქადაგებლო საქმიანობას საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფიჯის ფილიალი ხელმძღვანელობდა, რომელიც ტაიტიდან 3 500 კილომეტრითაა დაშორებული. ეს დიდი მანძილი მდგომარეობას ართულებდა და წინსვლა ნელა მიმდინარეობდა. ამიტომ 1975 წლის აპრილში დაფუძნდა ტაიტის ფილიალი, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ტაიტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანების მოღვაწეობაში. რამ გამოიწვია ეს შემობრუნება და როგორ დაიწყო სამქადაგებლო საქმიანობა ტაიტიში?
მოკრძალებული დასაწყისი
ტაიტიში კეთილი ცნობა პირველად XX საუკუნის 30-იან წლებში მოისმინეს და კუნძულზე მცხოვრები მრავალი ადამიანი, რომელსაც ბიბლიის მიმართ დიდი პატივისცემა ჰქონდა, დიდი ინტერესით გამოეხმაურა ამას. მაგრამ მთავრობის მიერ ოფიციალური აკრძალვისა და სხვა შეზღუდვების შემოღების გამო იქ 50-იანი წლების დასასრულამდე არც ერთი მოწმე არ ყოფილა. იმ დროს, წარმოშობით ტაიტელმა ანიეს შენკმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, გადაწყვიტა ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად ტაიტიში დაბრუნებულიყო. ის ყვება, თუ როგორ მოხდა ყოველივე ეს.
«ლოს ანჟელესში 1957 წლის საოლქო კონგრესზე ძმა ნორმა [საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა] აღნიშნა, რომ ტაიტიში ძალიან იყო საჭირო სამეფოს მქადაგებლები. მაშინ დაახლოებით ერთი წლის მონათლული ვიყავი და წამოვიძახე: „წავიდეთ ტაიტიში!“ ჩვენი ოჯახის კარგმა მეგობრებმა ნელსებისა და კარანოსების ოჯახებმა ყური მოჰკრეს ჩემს სიტყვებს. მათ გვითხრეს, რომ მათაც ჰქონდათ ჩვენთან ერთად წამოსვლის სურვილი, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ამდენი სახსრები. ჩემი ქმარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ავად იყო, ხოლო ჩემი ვაჟი ჯერ პატარა იყო. ამიტომ ჩვენთვის წასვლა რთული იყო. მეგობრებმა მეზობელი კრებიდან გაიგეს ჩვენი მიზნის შესახებ და ფული და სახლისთვის საჭირო ნივთები გამოგვიგზავნეს. შემდეგ, 1958 წლის მაისში, ტაიტისკენ გავცურეთ და სხვა საგნებთან ერთად თან წავიღეთ 36 ზეწარი.
ტაიტიში ჩასვლისას თავს სრულიად უცხოდ ვგრძნობდი, რადგან კუნძულიდან უკვე 20 წლის წასული ვიყავი. დავიწყეთ ქადაგება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, ვინაიდან ჩვენი ქრისტიანული საქმიანობა აკრძალული იყო. ჟურნალები უნდა დაგვემალა და მხოლოდ ბიბლიებს ვიყენებდით. თავდაპირველად მხოლოდ იმათ ვუმოწმებდით, ვისაც გამოწერილი ჰქონდა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“
ნიუ-იორკში ჩატარებული 1958 წლის საერთაშორისო კონგრესის შემდეგ თავიანთი ოჯახებით შემოგვიერთდნენ კლაიდ ნეილსი და დევიდ კარანოსი. ჩვენ ერთად ვქადაგებდით და ხალხს ვიწვევდით მოხსენების მოსასმენად, რომელიც ერთ-ერთი ძმის სახლში წარმოითქმებოდა. თანდათანობით ყველაფერი მოწესრიგდა და 15 კაციან ჯგუფთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. სამი თვის შემდეგ ნეილსები და კარანოსები უნდა წასულიყვნენ, რადგან მათ ტურისტულ ვიზებს ვადა გაუვიდა. ამიტომ ძმებმა გადაწყვიტეს, წასვლამდე მოენათლათ ის დაინტერესებულები, რომლებიც მომზადებულები იყვნენ. მე პატივი მქონდა პირველი ნათლობისადმი მიძღვნილი მოხსენების მთარგმნელი ვყოფილიყავი. ამ დროს 8 ადგილობრივმა მოსახლემ ნათლობით დაასიმბოლოვა იეჰოვასადმი თავისი მიძღვნა. შემდეგ კი ნეილსები და კარანოსები შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ.
სამქადაგებლო საქმიანობა გაგრძელდა. დავიყავით პატარა ჯგუფებად და ხალხს საღამოობით სახლში ვაკითხავდით. ხშირად დაინტერესებულ პირებთან საუბარი შუაღამემდე გრძელდებოდა. ზოგჯერ საუბარში პროტესტანტი ღვთისმსახურიც კი გვიერთდებოდა. 1959 წელს ჩამოყალიბდა პირველი კრება. შემდეგ, ჩვენდა სასიხარულოდ, 1960 წელს მთავრობამ ოფიციალურად აღიარა იეჰოვას მოწმეთა საზოგადოება. ის ადრინდელი წლები სიხარულითა და სულიერი აღმავლობით იყო სავსე. იეჰოვამ მართლაც აკურთხა ჩვენი გადაწყვეტილება, წავსულიყავით იქ, სადაც უფრო საჭირო იყო». და შენკი ახლა 87 წლისაა და თავის კრებაში დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას.
საქმე წინ მიიწევს
ათას ცხრაას სამოცდაცხრა წელს ტაიტიში სპეციალურ პიონერად დაინიშნა ორი მოწმე საფრანგეთიდან: ჟაკ და პოლეტ ენოდები. ჟაკი იხსენებს: „ტაიტიში ჩვენი ჩამოსვლისას მხოლოდ 124 მქადაგებელი იყო; ერთი კრება პაპეეტეში და ორი სპეციალური პიონერი პენინსულას ვაიროში“. პენინსულა ტაიტისთან ყელით არის დაკავშირებული. მალე უნდა ჩატარებულიყო საერთაშორისო კონგრესი „მშვიდობა დედამიწაზე“. „ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონგრესის ორგანიზება მომიწია, — იხსენებს ჟაკი. — სტუმრებისთვის დაგეგმილი გვქონდა ინგლისური პროგრამა, სამეფოს შესახებ სიმღერებისთვის ორგანიზება გაუკეთდა ორკესტრს აგრეთვე მომზადდა ორი დრამა. ყოველივე ეს მხოლოდ 126 მაუწყებლის შრომით გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე ამის უმეტესი ნაწილი იეჰოვამ გააკეთა“. კონგრესზე 448 ადამიანის დასწრება კუნძულზე მცხოვრებთათვის ძალზე აღმაფრთოვანებელი იყო. მრავალი მათგანი პირველად ხვდებოდა სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანამორწმუნეებს.
მალე ჟაკ ენოდი მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა. როცა ის სხვადასხვა კუნძულებს ეწვია, ნახა, რომ იქ ბევრი იყო დაინტერესებული, მაგრამ ცოტა — სამეფოს მქადაგებელი ამ ტერიტორიის დასამუშავებლად. „ამიტომ მოვუწოდე მრავალ ოჯახს, გადასულიყვნენ იქ, სადაც უფრო საჭირო იყო, — განმარტავს ჟაკი. — ასე რომ, კეთილი ცნობა თანდათანობით გავრცელდა ამ არქიპელაგებზე“. ძმა ენოდი 1969 წლიდან 1974 წლამდე მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა და დღეს ის ტაიტის ერთ-ერთი კრების უხუცესია.
მათ შორის, რომლებიც ძმა ენოდის მოწოდებას გამოეხმაურნენ, იყო ავგუსტ ტემანაჰა, რომელიც 1958 წელს 8 მონათლული პიროვნებიდან ერთ-ერთი იყო. ის ყვება, თუ რა მოხდა. «1972 წელს სარაიონო ზედამხედველმა ჟაკ ენოდმა მოგვიწოდა, დავფიქრებულიყავით საზოგადოების კუნძულების ქარზურგა კუნძულებიდან ერთ-ერთზე, ჰუაჰინეში, მსახურებაზე. მე ვმერყეობდი, რადგან კრებაში მხოლოდ ბიბლიას ვკითხულობდი და თავს ასე საპასუხისმგებლო საქმის მონდობისთვის შეუფერებლად ვთვლიდი. მიუხედავად ამისა, ძმა ენოდი გამუდმებით მეუბნებოდა: „ნუ ღელავ, შენ შეძლებ ამის გაკეთებას!“ ცოტა ხნის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. ამგვარად, 1973 წელს გავყიდეთ ყველაფერი და ჩვენს სამ პატარა ბავშვთან ერთად ჰუაჰინეში გადავედით.
ჩასვლისას ვნახე, რომ ყველაფერი უნდა დამეფუძნებინა — „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, თეოკრატიული სამსახურის სკოლა და ასე შემდეგ. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ იეჰოვას დაცვა და დახმარება. რამდენჯერმე ის საცხოვრებელი ადგილის პოვნაში დაგვეხმარა. მაშინ, როცა მოწინააღმდეგეთა ჯგუფები მოწმეების კუნძულიდან განდევნას ცდილობდნენ, ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები ფეხზე დადგნენ და დაგვიცვეს. მართლაც, იეჰოვას თვალები ყოველთვის ჩვენსკენ იყო მოპყრობილი». ახლა ჰუაჰინეში ორი კრებაა: ფრანგული კრება, სადაც 23 მაუწყებელია, და ტაიტური, სადაც 55 მაუწყებელია.
ათას ცხრაას სამოცდაცხრა წელს პენინსულაში სპეციალურ პიონერად ელენ მაპუ დაინიშნა. „პენინსულაში ძალიან ბევრი დაინტერესებული იყო და მოკლე დროის განმავლობაში ბიბლიის მრავალი შესწავლა დავიწყე“, — აღნიშნავს ელენი. ვაიროში მალე ჩამოყალიბდა პატარა კრება, მაგრამ აქ უხუცესების ნაკლებობა აღინიშნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ დახმარების აღმოჩენა შეძლო უხუცესმა კოლსონ დინმა, რომელიც იმ დროს 35 კილომეტრის მოშორებით, პაპარაში, ცხოვრობდა. „ძალიან კარგად უნდა ვყოფილიყავით ორგანიზებულები, ვაიროში რომ გვემსახურა, — იხსენებს ძმა დინი. — მე ფააში, ვაიროდან 70 კილომეტრის მოშორებით, კუნძულის მეორე მხარეს, ვმუშაობდი. სამუშაოს მერე სასწრაფოდ სახლში უნდა მივსულიყავი, რათა წამეყვანა ოჯახის წევრები და ვაიროში წავსულიყავი. მოგვიანებით სამუშაოს გამო ფააში გადასვლა მოგვიწია. შევძლებდით თუ არა კიდევ ვაიროს კრების მხარდაჭერას? ჩვენ მთელი გულით გვსურდა, დავხმარებოდით იქაურ ძმებს და ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა იქ მსახურება. იმ დღეებში, როცა კრება გვქონდა, შუაღამემდე იშვიათად მივდიოდით სახლში, ვინაიდან სახლებში ვანაწილებდით უმანქანო და-ძმებს. ამას ხუთი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. დიდად სასიამოვნოა, როცა კუნძულის ამ ნაწილში დღეს 4 კრებას ვხედავთ და სიყვარულით ვიგონებთ წარსულ დღეებს“.
ტაიტიში ფილიალი იხსნება
სამეფოს მქადაგებელთა რიცხვი 1974 წლისთვის 199-მდე გაიზარდა. მომდევნო წელს, როცა ნ. ჰ. ნორი და ფ. ვ. ფრენცი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთის პოლინეზიას ეწვივნენ, ნახეს, რომ საფრანგეთის პოლინეზიაში სამქადაგებლო საქმიანობისთვის ბევრად უფრო პრაქტიკული იქნებოდა, თუ ხელმძღვანელობა გაეწეოდა არა 3 500 კილომეტრით დაშორებული ფიჯიდან, არამედ ტაიტიდან. ამგვარად, 1975 წლის 1 აპრილს საფუძველი ჩაეყარა ტაიტის ფილიალს და სარაიონო ზედამხედველი ალან ჯამეტი ფილიალის ზედამხედველად დაინიშნა.
ძმა ჯამეტი ორი წლის წინ მოყვა იმ სასწაულებრივი კურთხევების შესახებ, რომლებიც იეჰოვასგან მიიღო. „1975 წლიდან დიდი ძალისხმევით ექადაგა კეთილი ცნობა ჩვენს ტერიტორიაში შემავალ ყველა კუნძულსა და არქიპელაგებზე, რომლის საერთო ზედაპირი დასავლეთ ევროპის ტერიტორიას უტოლდება. შედეგები მეტად სასიამოვნო იყო. 1983 წლისთვის მაუწყებელთა რიცხვი 538-მდე გაიზარდა. იმ წელს პეეაში აშენდა ფილიალის ოფისებისა და ბეთელის სახლის შენობები. ახლა აქ 1 900 მაუწყებელია, რომლებიც მიმოფანტული არიან საზოგადოების კუნძულების 30 კრებაში, ოსტრალის კუნძულებზე არსებულ ერთ კრებასა და ერთ განცალკევებულ ჯგუფში, მარკიზის ერთ კრებასა და ორ ცალკეულ ჯგუფში, და ტუამოტუსა და გამბიეს კუნძულების რამდენიმე ცალკეულ ჯგუფებში. შენდება მრავალი ახალი სამეფო დარბაზი — სამი მარკიზის კუნძულებზე და შვიდი ტაიტიში, — რათა მოთავსდეს შეხვედრაზე მოსულ ახალ პიროვნებათა მზარდი რიცხვი. ბოლო 20 წლის განმავლობაში იეჰოვამ მართლაც აკურთხა ტაიტის დამუშავების ჩვენი მცდელობა“.
ჯერაც ბევრია გასაკეთებელი
შესანიშნავია საფრანგეთის პოლინეზიის ზრდის პერსპექტივა. 1997 წლის 23 მარტს იეჰოვას მოწმეებთან ერთად იესო ქრისტეს გახსენების საღამოს საფრანგეთის პოლინეზიის სხვადასხვა მხარეს 5 376 ადამიანი ესწრებოდა. ამ დაინტერესებული პიროვნებების სულიერ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ჩვენი ბიბლიური ლიტერატურა რამდენიმე ადგილობრივ ენაზე გამოიცა. გარდა ამისა, მომზადდა ლიტერატურა ტუამოტუს ენაზე, რომელზეც ტუამოტუს არქიპელაგებსა და ჩრდილოეთ და სამხრეთ მარკიზის კუნძულებზე მცხოვრებლები ლაპარაკობენ.
მუდმივი ზრდა და შესანიშნავი შემთხვევები სამეფოს შესახებ ტაიტელ მაუწყებლებს ეხმარება, უფრო მეტად დააფასონ იეჰოვას სიყვარული და მოთმინება, „რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ სამხრეთ ოკეანეთის ამ დაშორებულ კუნძულებშიც კი (1 ტიმოთე 2:4). ტაიტისა და სამხერთ პოლინეზიის სხვა კუნძულებზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ სწამთ იეჰოვას აღთქმა: „მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ“ (ესაია 51:5)
[რუკა 26 გვერდზე]
ტაიტის ფილიალი ზრუნავს საფრანგეთის პოლინეზიაზე.
ავსტრალია
[სურათი 25 გვერდზე]
მარცხნიდან მარჯვნივ: ძმა ალან ჯამეტი, და მერი-ენ ჯამეტი, ანიეს შენკი, პოლეტ ენოდი, ჟაკ ენოდი.
[სურათი 27 გვერდზე]
ტაიტის ფილიალი.