რჯული ქრისტემდე
„რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97).
1. რა ხელმძღვანელობს ზეციერი სხეულების მოძრაობას?
როგორც ჩანს, იობი ბავშვობიდანვე დიდი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა ვარსკვლავებს. ალბათ, მშობლებმა ასწავლეს მას დიდებული თანავარსკვლავედების სახელები და ისიც, რაც იცოდნენ იმ კანონების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ამ თანავარსკვლავედების მოძრაობას ზეცაში. სხვა თუ არაფერი, ამ გაშლილ სივრცეში შთამბეჭდავი თანავარსკვლავედების მოძრაობას უძველესი დროიდან სეზონების ცვლილების აღსანიშნავად იყენებდნენ ადამიანები. მაგრამ ყოველთვის, როდესაც იობი მოკრძალებული შიშით შეჰყურებდა ვარსკვლავებს, აზრადაც არ მოსვლია, ეფიქრა, რა ძლიერ ძალებს ეჭირა ვარსკვლავები ერთად. ამიტომაც ვერ უპასუხა იეჰოვა ღმერთს შეკითხვაზე: „თუ იცი ცათა კანონები?“ (იობი 38:31–33). დიახ, ვარსკვლავები ექვემდებარებიან კანონებს, ანუ რჯულს, რომლებიც ისე ზუსტი და რთულია, რომ მეცნიერები დღეს ვერ სწვდებიან ბოლომდე მათ.
2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ქმნილება ექვემდებარება კანონს, ანუ რჯულს?
2 სამყაროში იეჰოვა არის უზენაესი რჯულმდებელი. ყოველი მისი საქმე ექვემდებარება კანონს, ანუ რჯულს. მისი საყვარელი ძე, „პირმშო ყოველი ქმნილებისა“, ერთგულად ემორჩილებოდა მამის რჯულს, მანამდეც, სანამ ფიზიკური სამყარო იარსებებდა! (კოლასელთა 1:15). ანგელოზებიც რჯულს ემორჩილებიან (ფსალმუნი 102:20). კანონი მართავს ცხოველებსაც, რადგან ემორჩილებიან ინსტიქტს, რომელიც შემოქმედმა დააპროგრამა მათში (იგავნი 30:24–28; იერემია 8:7).
3. ა) რატომ სჭირდება კაცობრიობას რჯული, ანუ კანონები? ბ) რის მეშვეობით მართავდა იეჰოვა ისრაელ ერს?
3 რა შეიძლება ითქვას ადამიანზე? მიუხედავად იმისა, რომ დაჯილდოებული ვართ გონებით, მორალითა და სულიერობით, ამ ნიჭების გამოსაყენებლად მაინც გვესაჭიროება ღვთიური კანონით, ანუ რჯულით ხელმძღვანელობა. ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა, სრულყოფილები იყვნენ და ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე კანონი ესაჭიროებოდათ ხელმძღვანელობისთვის. სიხარულით მორჩილებისთვის საკმარისი მიზეზი უნდა ყოფილიყო ზეციერი მამისადმი სიყვარული. მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ მას (დაბადება 1:26–28; 2:15–17; 3:6–19). შედეგად, მათი შთამომავლები იქცნენ ცოდვილ ქმნილებებად, რომლებსაც ხელმძღვანელობისთვის ესაჭიროებოდათ უფრო მეტი კანონი. დროთა განმავლობაში იეჰოვამ სიყვარულით დააკმაყოფილა ეს საჭიროება. მან ნოეს განსაკუთრებული კანონი, ანუ რჯული მისცა, რომელიც მას ოჯახისთვისაც უნდა გაეცნო (დაბადება 9:1–7). საუკუნეების შემდეგ ღმერთმა თავის ახალ ერს, ისრაელს, მოსეს მეშვეობით მისცა დაწვრილებითი კანონთა კრებული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იეჰოვა ღვთიური კანონით ხელმძღვანელობდა მთელ ერს. ამ რჯულის განხილვა დაგვეხმარება, გავიგოთ ღვთიური კანონის, ანუ რჯულის, უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენს დღევანდელ ქრისტიანულ ცხოვრებაში.
მოსეს რჯული და მისი მიზანი
4. რა სიძნელე წამოეჭრა აბრაამის რჩეულ შთამომავლებს აღთქმული თესლის წარმოშობასთან დაკავშირებით?
4 პავლე მოციქული, რჯულის ღრმად შემსწავლელი პიროვნება, კითხულობდა: „აბა, რჯული რაღაა?“ (გალატელთა 3:19). პასუხისთვის, გავიხსენოთ, თუ რას შეჰპირდა იეჰოვა თავის მეგობარ აბრაამს, რომ მისი ოჯახის ხაზით მოვიდოდა ყველა ერისთვის უდიდესი კურთხევის მომტანი თესლი (დაბადება 22:18). მაგრამ ამასთან წამოიჭრება სიძნელე: ისრაელებს, აბრაამის შთამომავალთაგან რჩეულებს, ყველას არ უყვარდა იეჰოვა. დროთა განმავლობაში, უმეტესობამ სიჯიუტე და მეამბოხის სულისკვეთება გამოავლინა — ზოგი, თითქმის, უმართავი იყო! (გამოსვლა 32:9; მეორე რჯული 9:7). ღვთის ხალხში ასეთი პიროვნებების არსებობა მათი პირადი არჩევნით არ მომხდარა, ისინი უბრალოდ იმ ხალხში დაიბადნენ.
5. ა) რას ასწავლიდა იეჰოვა ისრაელებს მოსეს რჯულის მეშვეობით? ბ) როგორ იყო რჯული შედგენილი, რომ ემოქმედა მის ერთგულთა ყოფაქცევაზე?
5 როგორ შეიძლებოდა ასეთ ხალხს წარმოეშვა აღთქმული თესლი და, ამასთანავე, კურთხეული ყოფილიყო? იმის ნაცვლად, რომ რობოტებივით ემართა, იეჰოვა მათ რჯულით ასწავლიდა (ფსალმუნი 118:33–35; ესაია 48:17). ფაქტობრივად, ებრაული სიტყვა, „თოჰ·რაჰʹ“, რომელიც ნიშნავს „რჯულს“, აგრეთვე ნიშნავს „მითითებას“. რას ასწავლიდა ის? ძირითადად, ისრაელებს ასწავლიდა, რომ აუცილებელი იყო მესია, რომელიც ცოდვილი მდგომარეობიდან გამოისყიდდა მათ (გალატელთა 3:24). რჯული ასევე ასწავლიდა ღვთის მოსაწონ შიშსა და მორჩილებას. აბრაამისთვის მიცემული აღთქმის თანახმად, ისრაელები სხვა ერებისთვის უნდა ყოფილიყვნენ იეჰოვა ღმერთის მოწმეები. რჯულს მათთვის უნდა ესწავლებინა ამაღლებული და კეთილშობილური ყოფაქცევა, რომლებიც იეჰოვასთვის მოსაწონი იქნებოდა; დაეხმარებოდა ისრაელებს, რომ გარშემო მყოფი ერების გახრწნილ მოქმედებებში არ გარეულიყვნენ (ლევიანნი 18:24, 25; ესაია 43:10–12).
6. ა) რამდენი კანონისგან შედგება მოსეს რჯული და რატომ არ უნდა ჩაითვალოს გადატვირთულად? (იხილე სქოლიო). ბ) რა ცოდნას შევიძენთ მოსეს რჯულის შესწავლით?
6 გასაკვირი არ არის, რომ მოსეს რჯული შეიცავს 600-ზე მეტ სტატუტსa. დაწერილი კოდექსი არეგულირებდა თაყვანისმცემლობის, მთავრობის, მორალის, სამართლიანობისა და თვით დიეტისა და ჰიგიენის საზღვრებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რჯული მხოლოდ მკაცრ წესდებებსა და მოკლე ბრძანებებს შეიცავს? სრულიადაც არა! ამ კანონთა კრებულის შესწავლა იეჰოვას მოსიყვარულე პიროვნების ფასს გვაგებინებს. განვიხილოთ ზოგი მაგალითი.
რჯული, რომელიც ავლენს წყალობასა და თანაგრძნობას
7, 8. ა) როგორ ამახვილებს რჯული ყურადღებას წყალობასა და თანაგრძნობაზე? ბ) როგორ გამოავლინა იეჰოვამ მოწყალება დავითთან დაკავშირებით რჯულის შესრულებისას?
7 რჯულში ყურადღება მახვილდებოდა წყალობასა და თანაგრძნობაზე, განსაკუთრებით მის მიმართ, ვინც მორიდებული ან უსუსური იყო. ქვრივები და ობლები გამორჩეულად იყვნენ დაცული (გამოსვლა 22:21–23). მუშა საქონელს შეუბრალებლად არ უნდა მოქცეოდნენ. პირადი საკუთრების ძირითადი უფლებებიც კი დაცული იყო (მეორე რჯული 24:10; 25:4). რჯულის თანახმად, სიკვდილით უნდა დასჯილიყო მკვლელი, მაგრამ, ამავე დროს, წყალობას ავლენდა შემთხვევით მკვლელობის ჩამდენის მიმართ (რიცხვნი 35:11). როგორც ჩანს, ისრაელ მსაჯულებს ჰქონდათ გარკვეული თავისუფლება, ზოგიერთი დანაშაულისთვის სასჯელი იმის მიხედვით გამოეტანათ, თუ როგორი აზროვნება ჰქონდა ბოროტმოქმედს (შეადარე გამოსვლა 22:6 და ლევიანნი 6:1–7).
8 აუცილებლობის დროს რჯულის მკაცრად გამოყენებით, მაგრამ, ამავე დროს, სათანადო სიტუაციებში წყალობის გამოვლენით, იეჰოვამ მაგალითი მისცა მსაჯულებს. მეფე დავითის მიმართ, რომელმაც მრუშობა და მკვლელობა ჩაიდინა, წყალობა გამოავლინა. მაგრამ დავითი დაუსჯელი არ დარჩენილა, რადგან იეჰოვამ არ დაიცვა ის ჩადენილი ცოდვის საშინელი შედეგებისგან. მაგრამ სამეფო კავშირისა და იმის გამო, რომ დავითი ბუნებით მოწყალე იყო და ღრმად მომნანიებელი გული ჰქონდა, არ დაისაჯა სიკვდილით (პირველი მეფეთა 24:5–8; მეორე მეფეთა 7:16; ფსალმუნი 50:3–6; იაკობი 2:13).
9. რა როლს თამაშობდა სიყვარული რჯულში?
9 მოსეს რჯულში აგრეთვე ყურადღება მახვილდებოდა სიყვარულზე. წარმოიდგინე, რომ დღეს რომელიმე სახელმწიფოს კანონის კოდექსში სიყვარულის მოთხოვნა იყოს! ამგვარად, მოსეს რჯული მხოლოდ მკვლელობას არ კრძალავდა; ის მოითხოვდა: „გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი“ (ლევიანნი 19:18). რჯული მხოლოდ უსამართლო მოქმედებას კი არ კრძალავდა უცხოელი მოსახლის მიმართ, არამედ მოითხოვდა: „გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში“ (ლევიანნი 19:34). ის მხოლოდ მრუშობას კი არ კრძალავდა; ამასთანავე, მოუწოდებდა მამაკაცებს, რომ თავიანთი ცოლებისთვის სიხარული მიენიჭებინათ! (მეორე რჯული 24:5). მხოლოდ „მეორე რჯულში“ სიყვარულის გამომხატველი ებრაული სიტყვები გამოყენებულია 20-ჯერ. იეჰოვა მათდამი თავის სიყვარულში არწმუნებს ისრაელებს — როგორც წარსულში, ასევე დღესაც და მომავლისთვისაც (მეორე რჯული 4:37; 7:12–14). სინამდვილეში, უდიდესი მცნება მოსეს რჯულში მოითხოვდა: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ (მეორე რჯული 6:5). იესომ თქვა, რომ მთელი რჯული აგებულია ამ მცნებაზე, რომლის გვერდითაც დგას მოყვასის მიმართ სიყვარულის მცნება (ლევიანნი 19:18; მათე 22:37–40). არ არის გასაკვირი, თუ რატომ წერდა ფსალმუნმომღერალი: „რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97).
რჯულის არასწორად გამოყენება
10. უმეტეს შემთხვევაში, როგორ ეპყრობოდნენ იუდეველები რჯულს?
10 რამდენად სამწუხაროა, რომ ისრაელები საერთოდ არ იყვნენ მადლიერნი მოსეს რჯულის გამო! ხალხი არ ემორჩილებოდა რჯულს, უარყოფდა ან ავიწყდებოდა იგი. მათ წაბილწეს წმინდა თაყვანისმცემლობა სხვა ერების საზიზღარი რელიგიური რიტუალებით (მეოთხე მეფეთა 17:16, 17; ფსალმუნი 105:13, 35–38). მათ სხვა მხრივაც მსგავსად უღალატეს კანონს.
11, 12. ა) როგორი ზიანი მოიტანეს იუდეველმა რელიგიის წინამძღოლებმა ეზრას შემდეგ? (იხილე ჩარჩო). ბ) რატომ ფიქრობდნენ ძველი დროის რაბინები, რომ აუცილებელი იყო ‘რჯულის გარშემო გალავნის შემოვლება’?
11 ყველაზე დიდი ზიანი რჯულს მიაყენეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ასწავლიდნენ და იცავდნენ მას. ასე მოხდა ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ერთგული გადამწერის, ეზრას, შემდეგ. ეზრა მთელი ძალებით იბრძოდა სხვა ერებისგან შემოსული გამხრწნელი ზეგავლენის წინააღმდეგ და ყურადღებას ამახვილებდა რჯულის კითხვასა და შესწავლაზე (პირველი ეზრა 7:10; ნეემია 8:5–8). რჯულის ზოგი მასწავლებელი მოითხოვდა, გაჰყოლოდნენ ეზრას კვალს და ჩამოაყალიბეს ის, რასაც შემდეგ „დიდებული სინაგოგა“ ეწოდა. მათ გამონათქვამებს შორის იყო ასეთი დირექტივაც: „გალავანი შემოავლე რჯულს“. როგორც ეს მასწავლებლები მსჯელობდნენ, რჯული მშვენიერი ბაღის მსგავსი იყო. იმ მიზნით, რომ რჯულის დარღვევით არავის გადაეჭრა ბაღის საზღვარი, მათ მოიგონეს დამატებითი კანონებიც, „ზეპირი რჯული“, რომ მოსალოდნელი შეცდომისგან დაეცვათ ხალხი.
12 ზოგს, შესაძლოა, მაინც დაებადოს ისეთი აზრი, რომ ებრაელი წინამძღოლების ასეთი აზროვნების გამართლება შესაძლებელია. ეზრას დროის შემდეგ, ებრაელებზე გაბატონდნენ უცხო ქვეყნები, განსაკუთრებით, საბერძნეთი. (იხილე ჩარჩო, გვერდი 19). დროთა განმავლობაში ზოგიერთ ჯგუფს შორის გაჩნდა მეტოქეობა და ისინი, როგორც რჯულის მასწავლებლები, აჭარბებდნენ კიდეც ლევიანელ სამღვდელოებას (შეადარე მალაქია 2:7). ძველი წელთაღრიცხვით 200 წლისთვის ზეპირმა რჯულმა დიდი გავლენის მოხდენა დაიწყო ებრაელთა ცხოვრებაში. პირველ ხანებში ეს რჯული არ უნდა ყოფილიყო დაწერილი, რათა დაწერილი რჯულის ეკვივალენტად არ მიეჩნიათ. მაგრამ, საბოლოოდ, ადამიანის აზროვნება ღვთისაზე წინ დააყენეს, და ბოლოს, ამ „გალავანმა“, ფაქტობრივად, წაბილწა სწორედ ის „ბაღი“, რომელიც თავად უნდა დაეცვა.
ფარისევლობის მიერ გამოწვეული წაბილწვა
13. რით ამართლებდნენ რელიგიის წინამძღოლები მრავალი წესის დაწესებას?
13 რაბინები ფიქრობდნენ, რადგანაც თორა, ანუ მოსეს რჯული, წმინდაა, ამიტომ ნებისმიერ წამოჭრილ კითხვას უნდა პასუხობდეს. ასეთი თვალსაზრისი ნამდვილად არ გამოხატავდა მოკრძალებას. სინამდვილეში, ეს რაბინებს აძლევდა შეუზღუდავ უფლებებს, რათა მოხერხებულად გამოეყენებინათ ადამიანთა აზროვნება და ეჩვენებინათ, რომ, თითქოს, ღვთის სიტყვა იყო ყოველგვარ, როგორც პირადულ, აგრეთვე ყოველდღიურ საკითხებთან დაკავშირებული წესების საფუძველი.
14. ა) როგორ გააზვიადეს საღვთო წერილის წესები იუდეველმა რელიგიის წინამძღოლებმა სხვა ერებისგან გამოყოფასთან დაკავშირებით, რითაც საღვთო წერილის საწინააღმდეგო უკიდურესობაში ჩაცვივდნენ? ბ) რა ცხადყოფს, რომ რაბინების აკრძალვებმა ვერ შეძლო იუდეველი ხალხის დაცვა წარმართული ზეგავლენისგან?
14 რელიგიის წინამძღოლებმა არაერთხელ მიიყვანეს უსაზღვრო უკიდურესობამდე საღვთო წერილის წესები. მაგალითად, მოსეს რჯული მოუწოდებდა ერს სხვა ხალხებიდან გამოყოფისკენ, მაგრამ რაბინები ყოველი არაიუდევლურის მიმართ ყოველგვარ აზრს მოკლებულ ზიზღს ქადაგებდნენ. ისინი ასწავლიდნენ, რომ იუდეველს რქოსანი საქონელიც კი არ უნდა დაეტოვებინა წარმართის ოჯახში, რადგან წარმართები „პირუტყვთმავლობაში ეჭვმიტანილებს წარმოადგენდნენ“. ებრაელ ქალს არ რთავდნენ ნებას, რომ დახმარებოდა მშობიარე წარმართს, რადგან თუ დაეხმარებოდა, ამით „ხელს შეუწყობდა კერპთაყვანისმცემლობისთვის ბავშვის დაბადებას“. რადგანაც რაბინები ეჭვით უყურებდნენ ბერძნულ სავარჯიშო დარბაზს, თუმცა, ეჭვი მართებული იყო, მათ აკრძალეს ყოველგვარი ათლეტური ვარჯიში. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველივე ამან ძალიან მცირე როლი ითამაშა წარმართთა რელიგიებისგან ებრაელთა დაცვაში. ფაქტობრივად, ფარისევლები თავად გახდნენ წარმართული ბერძნული დოქტრინის მასწავლებლები — მათ დაიწყეს სულის უკვდავების სწავლება! (ეზეკიელი 18:4).
15. როგორ დაამახინჯეს იუდეველმა რელიგიის წინამძღოლებმა რჯული განწმენდასა და სისხლის აღრევასთან დაკავშირებით?
15 ფარისევლებმა დაამახინჯეს განწმენდასთან დაკავშირებული კანონებიც. ამბობდნენ, რომ ფარისევლები მზესაც გაწმენდნენ, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდათ. მათი რჯული ამბობდა, რომ „ბუნებრივი მოთხოვნილებებისგან“ თავის შეკავება ბილწავს კაცს! ხელის დაბანა რთული რიტუალი გახდა, რომელთანაც დაკავშირებული იყო მრავალი წესი, თუ პირველად რომელი ხელი უნდა დაებანა და როგორ. განსაკუთრებით უწმინდურად მიიჩნევდნენ ქალებს. საღვთო წერილის საფუძველზე, რომელიც ამბობდა, რომ არ ‘დაახლოებოდა’ ხორცით ნათესავს (ფაქტობრივად, ის იყო კანონი სისხლის აღრევის წინააღმდეგ), რაბინებმა დააწესეს, რომ მამაკაცს არ უნდა გაევლო საკუთარი მეუღლის შემდეგ; არც ბაზარში უნდა დალაპარაკებოდა მას (ლევიანნი 18:6).
16, 17. როგორ დაემატა ზეპირი რჯული შაბათის დაცვის მცნებას და რა შედეგით?
16 განსაკუთრებით ცნობილია, რომ ზეპირმა რჯულმა შაბათთან დაკავშირებული კანონი სულიერ პაროდიად აქცია. ღმერთმა სავსებით მარტივი ბრძანება მისცა ისრაელებს: არ იმუშაო კვირის მეშვიდე დღეს (გამოსვლა 20:8–11). მაგრამ ზეპირი რჯული ყოველგვარ საზღვრებს გასცდა, როდესაც დააწესა, დაახლოებით, 39 სხვადასხვანაირი ტიპის აკრძალული სამუშაო, მათ შორის, კვანძის გახსნა, ორი ნაკერის გაკეთება ნემსით, ორი ებრაული ასოს დაწერა და ასე შემდეგ. ყოველი აკრძალული საქმე დამატებით უსასრულო წესებს შეიცავდა. რომელი კვანძის გახსნა შეიძლებოდა და რომლის არა? ზეპირი რჯული გიპასუხებდათ თვითნებური წესით. მკურნალობაც კი აკრძალულ საქმედ მიიჩნიეს. მაგალითად, აკრძალული იყო მოტეხილი კიდურის გასწორება შაბათს. თუ ადამიანს კბილი სტკიოდა, ძმრის გამოყენება შეეძლო კერძის შესაკაზმად, მაგრამ პირში გამოვლება — არა. პირში გამოვლებით ხომ კბილის ტკივილის გაყუჩება შეიძლებოდა!
17 ადამიანების მიერ გამოგონებული ასობით კანონით დაფარულმა შაბათმა, სინამდვილეში, მრავალი იუდევლისთვის დაკარგა თავისი სულიერი მნიშვნელობა. როდესაც იესო ქრისტემ, ‘შაბათის უფალმა’, მოახდინა გასაოცარი, გულისამაჩუყებელი სასწაულები შაბათს, მწიგნობრებისა და ფარისევლების გულს ეს საერთოდაც არ შეხებია. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ იესომ მათი წესები უარყო (მათე 12:8, 10–14).
ფარისევლების შეცდომებზე სწავლა
18. რა მოჰყვა მოსეს რჯულზე ზეპირი რჯულისა და ტრადიციების დამატებას? (მოიყვანე მაგალითი).
18 საერთო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებული კანონები და ტრადიციები მოსეს რჯულის ისეთივე დანამატად იქცა, როგორც გემის კორპუსზე მიკრული ზღვის რკოები. გემის პატრონი დიდი დროისა და ძალების ხარჯად ცდილობს ჩამოფხიკოს აბეზარი ქმნილებები, რომლებიც აფერხებენ ხომალდის სვლას და აფუჭებენ მის უჟანგავ საღებავს. მსგავსადვე, ზეპირმა რჯულმა და ტრადიციებმა დაამძიმა რჯული და გამოიწვია არასწორი გამოყენება, რასაც „დამჟანგველი“ მოქმედება ჰქონდა. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ „ჩამოეფხიკათ“ გარეშე კანონები, რაბინები უფრო და უფრო ამატებდნენ. იმ დროისთვის, როდესაც მოვიდა მესია და შეასრულა რჯული, „გემი“ იმდენად იყო „ზღვის რკოებით“ დაფარული, რომ ძლივს მოძრაობდა წყალში! (შეადარე იგავნი 16:25). რჯულის მცნების დაცვის ნაცვლად, ამ რელიგიის ლიდერებმა სავსებით წაბილწეს ის. რატომ, ნუთუ მათი წესების „გალავანი“ ვერაფერს აკეთებდა?
19. ა) რატომ ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება „რჯულის გალავანმა“? ბ) რა ცხადყოფს, რომ იუდეველ რელიგიის წინამძღოლებს აკლდათ ჭეშმარიტი რწმენა?
19 იუდაიზმის წინამძღოლებმა ვერ გაიგეს, რომ გახრწნილების წინააღმდეგ ბრძოლა ხდება გულში და არა რჯულის წიგნების ფურცლებზე (იერემია 4:14). გამარჯვების მისაღწევად საწინდარი სიყვარულია — იეჰოვასადმი, მისი რჯულისა და სამართლიანი პრინციპებისადმი სიყვარული. ასეთი სიყვარული პიროვნებაში აყალიბებს იმის მიმართ სიძულვილს, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმუნი 96:10; 118:104). ისინი, რომელთა გულებიც სავსეა სიყვარულით, ამ გახრწნილ წუთისოფელში იეჰოვას რჯულის ერთგულები რჩებიან. იუდეველ რელიგიის წინამძღოლებს ჰქონდათ უდიდესი უპირატესობა — ხალხისთვის ისე ესწავლებინათ, რომ აღეძრათ და ჩაენერგათ ასეთი სიყვარული. რატომ ვერ გააკეთეს მათ ეს? როგორც ჩანს, მათ არ ჰქონდათ საკმარისი რწმენა (მათე 23:23, სსგ). მათ რომ ჰქონოდათ იმის რწმენა, რომ იეჰოვას სულის სიძლიერეს შეუძლია ერთგული ადამიანების გულში მოქმედება, არ იფიქრებდნენ, რომ სხვების ცხოვრების გაკონტროლება აუცილებელი იყო (ესაია 59:1; ეზეკიელი 34:4). რადგანაც თვითონ არ ჰქონდათ საკმარისი რწმენა, ვერც სხვებს უნერგავდნენ; მათ ადამიანების მიერ შექმნილ კანონებში ჩაფლეს ხალხი (მათე 15:3, 9; 23:4).
20, 21. ა) რა საერთო გავლენა ჰქონდა ადათ-წესებზე დამყარებულ სისტემას იუდაიზმზე? ბ) რა გაკვეთილი გვაქვს იქიდან, რაც დაემართა იუდაიზმს?
20 ეს ებრაელი წინამძღოლები ხელს არ უწყობდნენ სიყვარულს. მათი ტრადიციების ნაყოფი იყო რელიგია, რომელსაც ახასიათებდა მხოლოდ გარეგნული, მექანიკური მორჩილება, რაც მხოლოდ სხვების დასანახად კეთდებოდა — და რომელიც პირმოთნეობისთვის ნოყიერი ნიადაგი იყო (მათე 23:25–28). მათმა წესებმა სხვების განსასჯელი უთვალავი მიზეზი გამოიწვია. ამგვარად, ამაყ, ძალაუფლების მოყვარულ ფარისევლებს საკუთარი თავი მართლებად მიაჩნდათ მაშინაც კი, როდესაც თვითონ იესოს აკრიტიკებდნენ. მათ მხედველობიდან გამორჩათ რჯულის მთავარი მიზანი და ჭეშმარიტი მესია უარყვეს. ამის გამო უთხრა იესომ მათ: „აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:38; გალატელთა 3:23, 24).
21 რას გვასწავლის ეს ჩვენ? ნათელია, რომ მკაცრი, ტრადიციებზე დაფუძნებული აზროვნება ხელს არ უწყობს იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობას! მაგრამ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ წესები, თუ ისინი ნათლად არაა გამოკვეთილი საღვთო წერილში? არა. შემდეგში, სრული პასუხისთვის განვიხილოთ, თუ როგორ შეცვალა იესომ მოსეს რჯული ახალი და უკეთესი რჯულით.
[სქოლიოები]
a რასაკვირველია, ეს ძალიან პატარა ციფრია თანამედროვე სახელმწიფოების იურიდიულ სისტემასთან შედარებით. მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისში შეერთებული შტატების ფედერალური კანონი ავსებდა 125 000 გვერდს, რასაც ყოველწლიურად ათასობით ახალი კანონი ემატება.
შეგიძლია განმარტო?
◻ როგორ მართავს ყოველ ქმნილებას ღვთიური რჯული, ანუ კანონი?
◻ რა იყო მოსეს რჯულის ძირითადი მიზანი?
◻ რა ცხადყოფს, რომ მოსეს რჯულში ყურადღება მახვილდებოდა წყალობასა და თანაგრძნობაზე?
◻ რატომ დაუმატეს იუდეველმა რელიგიის წინამძღოლებმა მოსეს რჯულს მრავალი წესი და რა შედეგით?
[ჩარჩო 20 გვერდზე]
იუდეველთა რელიგიის წინამძღოლები
მწიგნობრები: თავიანთ თავს ეზრას მემკვიდრეებად და რჯულის ამხსნელებად აცხადებდნენ. ერთ-ერთი წიგნი სათაურით: „იუდეველთა ისტორია“ (A History of the Jews), აღნიშნავს: „მწიგნობართაგან ყველა არ იყო კეთილშობილი და მათ მცდელობას, გაეგოთ რჯულის დაფარული მნიშვნელობა, ხშირად, იმ დონემდე მიჰყავდა ისინი, რომ ყოველგვარ აზრსა და გონიერებას მოკლებულ აკრძალვებს აწესებდნენ. ამ აკრძალვებმა მტკიცედ გაიდგა ფესვი ადათ-წესებში, რაც მალე ულმობელ ტირანად იქცა“.
ჰასიდები: ეს სახელი ნიშნავს „ღვთისმოსავებს“ ან „წმინდანებს“. პირველად, ძველი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, 200 წელს მოხსენიებული იყო როგორც კლასი, და წარმოადგენდა პოლიტიკურად ძლიერს, რჯულის სიწმინდის ბერძნული ტირანიის ზეგავლენისაგან ფანატიკურ დამცველს. ჰასიდები დაიყვნენ სამ ჯგუფად: ფარისევლებად, სადუკევლებად და ესენიელებად.
ფარისევლები: ზოგიერთ მეცნიერს სწამს, რომ სახელწოდება წამოვიდა გამოთქმიდან — „გამოყოფილები“, ანუ „სეპარატისტები“. ისინი ნამდვილად ფანატიკოსები იყვნენ თავიანთი მტკიცე მისწრაფებით — გამოყოფილიყვნენ წარმართებისგან, ამავე დროს, თავიანთი ძმობა მიაჩნდათ გამოყოფილად და აგრეთვე მაღალ საფეხურზე მყოფად, იმ უბრალო ებრაელ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ვერ ერკვეოდნენ ზეპირი რჯულის უამრავ სირთულეში. ერთი ისტორიკოსი ფარისევლებზე ამბობდა: „საერთო ჯამში, ადამიანებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ბავშვებს, ფორმალურად აწესებდნენ და განმარტავდნენ რიტუალების დაცვის ძალიან უმნიშვნელო წვრილმანებს“. მეორე მეცნიერი ამბობდა: „ფარისევლობამ წარმოშვა კანონიერი წესების მასა, რომელიც ეხებოდა ნებისმიერ მდგომარეობას და რომელსაც მოჰყვა გარდაუვალი შედეგები — მნიშვნელოვანს უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ და უმნიშვნელოს კი მნიშვნელოვნად (მთ. 23:23)“.
სადუკევლები: დაჯგუფება, რომელიც მტკიცედ იყო დაკავშირებული არისტოკრატიასა და სამღვდელოებასთან. ისინი ენერგიულად ეწინააღმდეგებოდნენ მწიგნობრებსა და ფარისევლებს და ამბობდნენ, რომ ზეპირ რჯულს ისეთი წონა არ ჰქონდა, როგორც დაწერილს. ამ ბრძოლაში მათი მარცხი ნათლად არის ნაჩვენები თავად „მიშნაში“: „უფრო დიდი სიმკაცრით მოითხოვება მწიგნობართა სიტყვების [დაცვა], ვიდრე [დაწერილი] რჯულის სიტყვების [დაცვა]“. „თალმუდი“, სადაც ბევრი კომენტარი იყო ზეპირ რჯულთან დაკავშირებით, ბოლოს იქამდე მივიდა, რომ თქვა: «მწიგნობართა სიტყვები. . . უფრო ძვირფასია, ვიდრე „თორას“ სიტყვები».
ესენიელები: ასკეტების ჯგუფი, რომლებმაც გარიყეს საკუთარი თავი და გაერიდნენ საზოგადოებას. ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, ესენიელები უფრო მიუკარებლები იყვნენ, ვიდრე ფარისევლები და „ზოგჯერ უფრო ფარისევლურად იქცეოდნენ, ვიდრე თავად ფარისევლები“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible).
[სურათი 18 გვერდზე]
ალბათ, მშობლები ასწავლიდნენ იობს იმ კანონების შესახებ, რომლებიც მართავს თანავარსკვლავედებს.