ასწავლე მარტივი ენით
1. რა დაგვეხმარება, რომ ეფექტურად ვასწავლოთ?
1 ეფექტური სწავლებისთვის მარტივი ენით საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდებული მასწავლებლის, იესოს ქადაგების მეთოდებზე დაფიქრება „სწავლების ხელოვნების“ გაუმჯობესებაში დაგვეხმარება (2 ტიმ. 4:2; იოან. 13:13).
2. რა იგულისხმება მარტივი ენით სწავლებაში და რა გავლენას ახდენს ასეთი სახით სწავლება სხვებზე?
2 ილაპარაკე მარტივი ენით: მთაზე ქადაგებისას იესომ ადამიანების მიერ ოდესმე წარმოთქმულთაგან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ის ამ დროს მარტივი ენით ლაპარაკობდა (მათე, 5—7 თავები). „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ იესო. მის შესაპყრობად გაგზავნილმა მცველებმა თქვეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“ (მათ. 7:28, 29; იოან. 7:46). ჭეშმარიტება რომ საფუძვლიანად დავამოწმოთ, საჭირო არ არის მაღალფარდოვანი სიტყვებისა და რთული ფრაზების გამოყენება და წვრილმანების ახსნა. ჭეშმარიტება მარტივი, ყველასთვის გასაგები სიტყვებით შეგვიძლია ვასწავლოთ.
3. რატომ გადასცემს ზოგი ერთ ჯერზე ბევრ ინფორმაციას მსმენელს და რატომ უნდა მოვერიდოთ ამას?
3 ერთ ჯერზე ბევრ ინფორმაციას ნუ გადასცემ: იესო ითვალისწინებდა მსმენელს და ერთ ჯერზე ბევრ ინფორმაციას არ გადასცემდა (იოან. 16:12). ჩვენც ყურადღებიანები უნდა ვიყოთ, რომ განვსაზღვროთ, რამდენი დრო დავუთმოთ სხვებთან, განსაკუთრებით კი ნათესავებთან, ახალ დაინტერესებულებთან და ბავშვებთან ქადაგებას. ერთ ჯერზე მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია არ უნდა გადავცეთ მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ყურადღებით გვისმენენ. გულწრფელი ადამიანები სხვა დროსაც მოისმენენ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას შესახებ და შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას (იოან. 17:3; 1 კორ. 3:6).
4. რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მთავარ აზრებზე და არა წვრილმანებზე?
4 ყურადღება მთავარ აზრებზე გაამახვილე: სწავლების დროს იესო თავგზას არ უბნევდა მსმენელს ბევრი წვრილმანის მოხსენიებით. მაგალითად, როდესაც მან თქვა, „ყველანი, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“, მას დაწვრილებით არ უსაუბრია ორი სახის აღდგომაზე (იოან. 5:28, 29). ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას მთავარ აზრებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და უნდა მოვერიდოთ სხვა პუბლიკაციებიდან დამატებითი მასალის მოყვანას.
5. რას მოგვიტანს მარტივი ენით სწავლება?
5 მადლიერი ვართ, რომ იეჰოვა მარტივად გვიხსნის ყველაფერს, რისი ცოდნაც ჩვენთვის აუცილებელია (მათ. 11:25). მოდი ჩვენც მარტივი ენით ვასწავლოთ სხვებს და განვიცადოთ ის სიხარული, რაც ნაყოფიერ მსახურებას მოაქვს!