-
შვილები — ძვირფასი მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აპრილი
-
-
რა უნდა ასწავლოთ და როგორ?
19. ა) ბავშვებისთვის დროის გამოყოფის გარდა, რა არის კიდევ საჭირო? ბ) პირველ რიგში რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს?
19 შვილის კარგად აღსაზრდელად საკმარისი არ არის დროის გამოყოფა და მათთვის სწავლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვასწავლით შვილებს. მოდი ვნახოთ, ბიბლიის თანახმად, რა უნდა ვასწავლოთ შვილებს: „ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს . . . ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ“. რა „სიტყვანი“ უნდა ჩავუნერგოთ შვილებს? ცხადია, ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე-5 მუხლშია მოხსენიებული, კერძოდ: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით“ (მეორე რჯული 6:5—7). იესომ თქვა, რომ ღვთის მცნებებს შორის ამაზე მნიშვნელოვანი მცნება არ არსებობდა (მარკოზი 12:28—30). პირველ რიგში მშობლებმა შვილებს იეჰოვას შესახებ უნდა ასწავლონ და აუხსნან, რატომ იმსახურებს ის მთელი გულით სიყვარულსა და ერთგულებას.
20. ღვთის მცნებების თანახმად, როგორ უნდა აღეზარდათ მშობლებს შვილები?
20 მაგრამ „სიტყვებში“, რომლებიც მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ, უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ მთელი გულით უყვარდეთ ღმერთი. „მეორე რჯულის“ მე-5 თავში შენიშნავთ, რომ მოსე ხელმეორედ უცხადებს ხალხს კანონებს, კერძოდ, ათ მცნებას, რომლებიც ღმერთმა ქვის ფიქალებზე დაწერა. ამ კანონებში ანუ მცნებებში წერია, რომ ადამიანმა არ უნდა მოიტყუოს, არ უნდა მოიპაროს, არ უნდა მოკლას და არ უნდა იმრუშოს (მეორე რჯული 5:11—22). ამიტომ, ძველ დროში მშობლებს შვილებისთვის ზნეობრივი ფასეულობები უნდა ჩაენერგათ. დღესაც მსგავსად უნდა დამოძღვრონ ქრისტიანმა მშობლებმა შვილები, რათა უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ.
21. რა იგულისხმებოდა მითითებაში — მშობლებს შვილებისთვის ღვთის სიტყვები ‘ჩაენერგათ’?
21 იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ მშობლებს მითითება მიეცათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ესწავლებინათ შვილებისთვის „ეს სიტყვანი“ ანუ ღვთის მცნებები: „ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ“. „ჩანერგვად“ თარგმნილი ებრაული სიტყვა ნიშნავს „გამეორებას“, „არაერთხელ თქმას“, „გონებაში ღრმად ჩაბეჭდვას“. აქედან გამომდინარე, ღმერთი მოუწოდებს მშობლებს, შეიმუშაონ ბიბლიის სწავლების პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანიც ბავშვის გონებაში სულიერი საკითხების ჩაბეჭდვაა.
22. რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელ მშობლებს შვილების სასწავლებლად და რას ნიშნავდა ეს?
22 ასეთი პროგრამა მშობლების მხრიდან ინიციატივის გამოვლენას მოითხოვს. ბიბლიაში ნათქვამია: «შეიბი ისინი [„ეს სიტყვანი“ ანუ ღვთის მცნებები] ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, და წააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს» (მეორე რჯული 6:8, 9). ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ღვთის კანონები პირდაპირი მნიშვნელობით წააწერონ კარის წირთხლსა და კარიბჭეზე ან შვილს ხელსა და შუბლზე შეაბან. ამაში ის იგულისხმება, რომ მშობლებმა განუწყვეტლივ ასწავლონ შვილებს ღვთის კანონები. ეს მათ ისე ხშირად და რეგულარულად უნდა აკეთონ, თითქოს, ღვთის კანონები ყოველთვის თვალწინ ჰქონდეთ.
23. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 განსაკუთრებით რის შესახებ უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს? რატომ არის დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ბავშვების სწავლება და აღზრდა მათი დაცვის მიზნით? დღეს რა დამხმარე საშუალება არსებობს იმისათვის, რომ მშობლებმა შვილებს ეფექტურად ასწავლონ? ეს და სხვა საკითხები, რომლებიც დღეს ბევრ მშობელს აღელვებს, განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
-
-
მშობლებო, დაიცავით ძვირფასი მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აპრილი
-
-
სწავლება, რომელიც სიბრძნის ჩანერგვას უწყობს ხელს
6. ა) რატომ იქცევიან ხშირად ბავშვები უგუნურად? ბ) რა ბრძოლას ეწევა ეშმაკი?
6 ხშირად ბავშვები არასწორად იმიტომ კი არ იქცევიან, რომ არ ასწავლეს სწორისა და არასწორის გარჩევა, არამედ იმიტომ, რომ ნასწავლი მათ გულს არ შეეხო. ეშმაკი ბრძოლას ეწევა, რომ ბავშვის გულზე იმოქმედოს. მისი მიზანია, ბავშვი უღვთო ქვეყნიერების ზეგავლენაში მოაქციოს. ის აგრეთვე ცდილობს, გამოიყენოს ცოდვისკენ მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილება და ბავშვს ცუდი საქმეები ჩაადენინოს (დაბადება 8:21; ფსალმუნები 50:7). მშობლებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ, სინამდვილეში, ეშმაკი ბავშვის გულის დასამონებლად იბრძვის.
7. რატომ არ არის საკმარისი ბავშვისთვის მხოლოდ იმის თქმა, რა არის სწორი და რა — არასწორი?
7 მშობლები, ჩვეულებრივ, ეუბნებიან შვილს, რა არის სწორი და რა — არასწორი, და დარწმუნებულები არიან, რომ შვილებს მორალურ ნორმებს ასწავლიან. ისინი, შესაძლოა, ეუბნებიან შვილებს, რომ ტყუილის თქმა, ქურდობა ან ქორწინების გარეშე სექსი არასწორია. თუმცა, ბავშვმა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა გამოავლინოს მორჩილება, რომ ამას მშობლები ეუბნებიან, არამედ მთელი გულით უნდა სურდეს ამის გაკეთება. ზნეობრივი ნორმები იეჰოვამ დაგვიდგინა. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ღვთის მცნებების დაცვით სიბრძნეს გამოავლენს (იგავები 6:16—19; ებრაელები 13:4).
8. რისი ახსნა დაეხმარება ბავშვს ბრძნულად მოქცევაში?
8 სამყაროს რთული აგებულება, ცოცხალი არსებების მრავალფეროვნება, წელიწადის დროების მონაცვლეობა — ეს ყველაფერი ბავშვს დაარწმუნებს, რომ არსებობს ყოვლადბრძენი შემოქმედი (რომაელები 1:20; ებრაელები 3:4). უფრო მეტიც, ბავშვს უნდა ასწავლოთ, რომ ღმერთს უყვარს ის და თავისი ძის მსხვერპლის საფუძველზე მას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვს ისიც უნდა აუხსნათ, რომ ღვთის სიტყვისადმი მორჩილებით იეჰოვას გაახარებს. ამგვარად, ეშმაკის წინააღმდეგობების მიუხედავად, ბავშვს სურვილი ექნება, ემსახუროს იეჰოვას (იგავები 22:6; 27:11; იოანე 3:16).
9. ა) რას მოითხოვს სიცოცხლის გადამრჩენი სწავლება? ბ) რისკენ მოუწოდებენ მამებს და რა შედის ამაში?
9 სწავლება, რომელიც იცავს ბავშვს და სწორის კეთებისკენ აღძრავს, დროს, ყურადღების გამოვლენასა და კარგ დაგეგმვას მოითხოვს. ასევე საჭიროა, მშობლებმა ღვთის სიტყვით იხელმძღვანელონ. ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენ კი, მამებო . . . იზრუნეთ მათზე [შვილებზე] — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). რას ნიშნავს ეს? „დარიგებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „აზრების ჩადებას“. ასე რომ, მამებს მოუწოდებენ, შვილებს იეჰოვას აზრები ჩაუნერგონ. მართლაც, როგორ დაიცავს ასეთი აზროვნება ბავშვებს! თუ ბავშვებს ღვთის აზრები გონებაში ექნებათ ჩაბეჭდილი, ბოროტებას აღარ ჩაიდენენ.
სიყვარულით აღძრულნი
10. რა არის საჭირო შვილის სწორად აღსაზრდელად?
10 იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ და შვილი სწორად აღზარდოთ, საჭიროა თქვენს მცდელობას სიყვარული დაურთოთ. ამისათვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა. გაარკვიეთ, რა ხდება შვილის პირად ცხოვრებაში და გაიგეთ მისი თვალსაზრისი. მშვიდ ატმოსფეროში, ტაქტიანობის გამოვლენით აღძარით ის, გული გადაგიშალოთ. ზოგჯერ შესაძლოა გაგაოცოთ მისმა ნათქვამმა. თავი შეიკავეთ აღშფოთებისგან და დიდი ინტერესით უსმინეთ.
11. როგორ შეუძლია მშობელს ღვთის აზრები ჩაუნერგოს შვილს?
11 თქვენ, ალბათ, უკითხავთ შვილს ბიბლიიდან ღვთის კანონს, რომ ღმერთი კრძალავს სექსუალურ უზნეობას (1 კორინთელები 6:18; ეფესოელები 5:5). ასეთნაირად შესაძლოა ჩააგონოთ შვილს, რა მოსწონს იეჰოვას და რა — არა. თუმცა იეჰოვას აზრების ჩასანერგად უფრო მეტია საჭირო. ბავშვებს უნდა აუხსნათ, რატომ არის იეჰოვას კანონების დაცვა მნიშვნელოვანი. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მისი კანონები სწორი და სასარგებლოა. სწორედ ამიტომ არის მართებული მათი დაცვა. შვილებს ღვთის აზრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუნერგავთ, თუ მათთან ერთად იმსჯელებთ ღვთის სიტყვაზე.
12. როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს შვილს, სწორი თვალსაზრისი ჰქონდეს სქესობრივ კავშირზე?
12 სქესობრივ კავშირზე საუბრისას შეგიძლიათ ჰკითხოთ: „შენი აზრით, მოაკლდება ადამიანს სიხარული, თუ დაემორჩილება იეჰოვას და თავს შეიკავებს ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირისგან?“. წაახალისეთ ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებთ, თუ რა სასწაულებრივად შექმნა იეჰოვამ ადამიანი, ჰკითხეთ: „განა ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი ისეთ კანონებს დაგვიდგენდა, რომლებიც სიამოვნებასა და სიხარულს წაგვართმევს? ან განა იეჰოვამ კანონები ჩვენს დასაცავად და სიხარულის მოსანიჭებლად არ შექმნა?“ (ფსალმუნები 118:1, 2; ესაია 48:17). გაიგეთ ბავშვის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ მოუყვანეთ მაგალითები, თუ რა გულისტკივილი და სავალალო შედეგები მოჰყვება სექსუალური უზნეობის ჩადენას (2 მეფეთა 13:1—33). თუ მსჯელობის შედეგად ბავშვი გაიგებს და გაითვალისწინებს ღვთის თვალსაზრისს, კარგ ნიადაგს მოამზადებთ მასში ღვთის აზრების ჩასანერგად. თუმცა მხოლოდ ამის გაკეთება არ არის საკმარისი.
13. განსაკუთრებით, რის გაგებამ შეიძლება აღძრას ბავშვი იეჰოვასადმი მორჩილებისკენ?
13 გონივრულია, შვილებს მხოლოდ ის კი არ ასწავლოთ, თუ რა სამწუხარო შედეგები მოჰყვება დაუმორჩილებლობას, არამედ ისიც აუხსნათ, როგორ მოქმედებს იეჰოვაზე ჩვენი ცხოვრების წესი. ბიბლიიდან უჩვენეთ, რამხელა ტკივილს ვაყენებთ იეჰოვას, როდესაც მისი ნებისამებრ არ ვიქცევით (ფსალმუნები 77:41). ჰკითხეთ: „რატომ არ უნდა ატკინო გული იეჰოვას?“ და აუხსენით: „ღვთის მტერი — სატანა, აცხადებს, რომ იეჰოვას ეგოისტური მიზნების გამო ვემსახურებით და არა სიყვარულის გამო“. შემდეგ უთხარით, რომ იობმა უმწიკვლობის დაცვით გაახარა ღმერთი, რითაც პასუხი გასცა სატანის ცილისმწამებლურ ბრალდებას (იობი 1:9—11; 27:5). ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ თავისი საქციელით შეუძლია გაახაროს იეჰოვა ან გული ატკინოს მას (იგავები 27:11). ეს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი შეგიძლიათ შვილებს ასწავლოთ წიგნის, „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“a, გამოყენებით.
სასურველი შედეგი
14, 15. ა) წიგნის რომელი გაკვეთილები აღძრავს ბავშვებს სწორად მოქცევისკენ? ბ) პირადად თქვენს შვილებს რა სარგებლობა მოუტანა ამ წიგნმა? (იხილეთ აგრეთვე მე–18 და მე–19 გვერდებზე მოცემული ჩარჩო).
14 ხორვატიაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, რომელიც თავის შვიდი წლის შვილიშვილს ამ წიგნს უკითხავს, გვწერს, რა უთხრა ბავშვმა: «დედამ რაღაცა დამავალა, მაგრამ არ მინდოდა მისი გაკეთება. ცოტა ხნის შემდეგ გამახსენდა წიგნის ერთ–ერთი თავი, „მორჩილება დაგიცავს“, და დედას ვუთხარი, რომ დავემორჩილებოდი». 22–ე თავის შესახებ, რომლის სათაურიცაა „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?“, ფლორიდიდან (აშშ) ერთმა წყვილმა მოგვწერა: „იქ დასმული კითხვები ბავშვებს აღძრავს, გამოხატონ გრძნობები და აღიარონ შეცდომები, რასაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ გააკეთებდნენ“.
15 წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ 230–ზე მეტ სურათს შეიცავს. თითოეულ სურათთან (ან სურათებთან) გაკეთებულია წარწერა. «ხშირად ჩემი ბავშვი ისე გაფაციცებით აკვირდება სურათებს, რომ გადაფურცვლის საშუალებას არ მაძლევს, — შენიშნავს მადლიერი დედა. — სურათები არა მარტო მიმზიდველია, არამედ ბევრ რამეს ასწავლის ბავშვს და მას კითხვების დასმისკენ აღძრავს. იმ სურათთან დაკავშირებით, სადაც ბავშვი ბნელ ოთახში ტელევიზორს უყურებს, ჩემმა ბიჭმა მკითხა: „დედიკო, რას აკეთებს ეს ბიჭი?“; მან ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ესმოდა, რომ სურათზე გამოსახული ბიჭი რაღაც არასწორს აკეთებდა». ამ სურათთან კითხვაა დასმული: „ვინ ხედავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ?“.
უაღრესად მნიშვნელოვანი განათლება
16. რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს და რატომ?
16 ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა სასქესო ორგანოებზე. თუმცა ამაზე საუბარი ყოველთვის იოლი არ არის. ერთი გაზეთის მიმომხილველმა აღნიშნა, რომ მისი მოზარდობის პერიოდში ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც სქესობრივ კავშირთან ან სასქესო ორგანოებთან იყო დაკავშირებული, სასირცხვილოდ ითვლებოდა. თავის შვილებთან დაკავშირებით ის წერს: „გადავწყვიტე, დამეძლია სირცხვილის გრძნობა“. როდესაც მშობლები უხერხულობის გამო თავს არიდებენ შვილთან სქესობრივ კავშირზე საუბარს, ამით მათ ვერ დაიცავენ. ბავშვების უცოდინარობით შეიძლება ისარგებლონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც არასწორი განზრახვა აქვთ. წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ამ საკითხს მოკრძალებით განიხილავს და სასარგებლო მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ სქესობრივ კავშირთან დაკავშირებული საკითხების ახსნით ბავშვის აზროვნებას რყვნის. პირიქით, თუ მშობელი ამას არ გააკეთებს, შესაძლოა ბავშვმა ვერ შეინარჩუნოს ზნეობრივი სისუფთავე.
17. როგორ ეხმარება ახალი წიგნი მშობლებს, რომ ბავშვებს სწორი თვალსაზრისი განუვითარონ სქესობრივ კავშირზე?
17 წიგნის მე-10 თავში საუბარია ბოროტ ანგელოზებზე, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ქალებთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს. ამ თავში ბავშვების საყურადღებოდ ასეთი კითხვაა დასმული: „იცი, რა არის სქესობრივი კავშირი?“. წიგნში ძალიან მარტივად და მოკრძალებით არის ამ კითხვაზე პასუხი გაცემული. 32-ე თავში კი ახსნილია, როგორ შეუძლიათ ბავშვებს თავი დაიცვან ისეთი ადამიანისგან, რომელიც მათთან სქესობრივი კავშირის დამყარებას შეეცდება. ჩვენი ჟურნალის რედაქციამ ბევრი წერილი მიიღო, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ასეთი სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი წერილის ავტორი ამბობს: „გასულ კვირას, როდესაც ჩვენი ვაჟი, ჯეივანი, თავის პედიატრთან მივიყვანეთ, მან გვკითხა, თუ გვიმსჯელია მასთან სასქესო ორგანოების შესახებ სწორ თვალსაზრისზე. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ ბავშვთან ამ საკითხზე ახალი წიგნის მეშვეობით ვმსჯელობდით“.
18. რა არის ნათქვამი ახალ წიგნში ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემასთან დაკავშირებით?
18 ამ წიგნის 27-ე თავში საუბარია სამ ახალგაზრდა ებრაელზე — შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე, რომლებმაც უარი თქვეს ბაბილონელთა კერპის თაყვანისცემაზე (დანიელი 3:1—30). ზოგი შეიძლება ვერ ხედავდეს, თუ რა კავშირია კერპისადმი თაყვანისცემასა და დროშისთვის სალმის მიცემას შორის, როგორც ეს ამ წიგნშია აღნიშნული. მაგრამ შენიშნეთ, რას ამბობს მწერალი ედვარდ გაფნი ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის იხსენებს, რომ მის ქალიშვილს სკოლაში მისვლის პირველივე დღეს ასწავლეს „ახალი ლოცვა“. როდესაც შვილმა ამის შესახებ მოუყვა, მამამ სთხოვა, გაემეორებინა ეს ლოცვა. გაფნი ყვება: «მან გულზე ხელი მიიდო და ამაყად წარმოთქვა: „ვფიცავ, დროშის ერთგული ვიქნები . . .“». მამა განაგრძობს: «უცბად, მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეები მართლები იყვნენ. ჩვენს სკოლებში სახელმწიფო დაწყებითი კლასებიდანვე „საკუთარ რელიგიას“ — ქვეყნისადმი აბსოლუტურ ერთგულებას — უწევს პროპაგანდას» (U.S. Catholic).
ღირს ძალისხმევად
19. რა ჯილდოს იღებენ მშობლები შვილების სათანადოდ აღზრდის შედეგად?
19 ბავშვის სათანადოდ აღზრდა ნამდვილად ღირს ძალისხმევად. კანზასში (აშშ) მცხოვრებმა ერთმა დედამ ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ვაჟისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „ბედნიერი ვარ, რომ კარგი აღზრდის წყალობით ემოციურად სტაბილური და გაწონასწორებული ვარ. შენ და მამა ნამდვილად იმსახურებთ შექებას“ (იგავები 31:28). წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ბევრ მშობელს დაეხმარება, სათანადოდ აღზარდონ შვილები და დაიცვან ძვირფასი მემკვიდრეობა.
-