აღრჭიალებთ კბილებს?
ძველი დროიდან მოყოლებული, სტრესში მყოფი ადამიანები კბილებს აღრჭიალებენ. ბრაზის ან ძლიერი ტანჯვის გამოსახატავად ბიბლია ხშირად იყენებს სიტყვებს: ღრჭიალი და ღრჭენა (იობი 16:9; მათე 13:42, 50). დღეს გულისწყრომითა და სტრესით მოცულ ქვეყნიერებაში მილიონობით ადამიანი ნამდვილად აღრჭიალებს კბილებს და მათმა უმრავლესობამ არც კი იცის ამის შესახებ. ხახუნის შედეგად მათ შეიძლება კბილებზე ემალი გაუცვდეთ.
რატომ აღრჭიალებენ კბილებს? მიზეზები რთულია და ჯერაც არ არის ბოლომდე გასაგები. მაგრამ ზოგ შემთხვევაში, როგორც ჩანს, კბილების ღრჭიალს ნერვული სტრესი იწვევს. ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია: „ხშირად ადამიანები, რომლებიც კბილებს აღრჭიალებენ, ამბობენ, რომ ოჯახური და ფინანსური პრობლემები აქვთ, გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ, სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ ან სხვაგვარ გასაჭირში იმყოფებიან“ (UC Berkeley Wellness Letter). სხვა შესაძლო მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს: სწორი თანკბილვის დარღვევა, უძილობა ან ალკოჰოლის მიღება. ამიტომ მათთვის, ვინც კბილებს აღრჭიალებს, ზემომოყვანილ წერილში მოცემულია რჩევები: შეეცადონ, შეამცირონ ალკოჰოლის მიღება, მონახონ იოლი გზა მოდუნებისთვის, მაგალითად, დაძინებამდე თბილი აბაზანა მიიღონ ან მოუყვნენ მეგობარს ან სანდო მრჩეველს, თუ რა პრობლემები აწუხებთ.
დღის განმავლობაში შეიძლება შენიშნოთ, რომ კბილებს აკრაჭუნებთ ან ერთმანეთს უხახუნებთ. მაგრამ როგორ შეიძლება გაიგოთ, აკეთებთ თუ არა ამას ძილში? ზოგჯერ კბილების ქრონიკული კრაჭუნი, რაც ბრუქსიზმის სახელით არის ცნობილი, იმდენად ხმამაღალია, რომ შეიძლება გააღვიძოს იმავე ოთახში მძინარე ადამიანი. გაღვიძებისას შეიძლება საფეთქლები გტკიოდეთ და ყბები გიტკაცუნებდეთa. კბილის ექიმმა შესაძლოა შენიშნოს, რომ კბილებზე ემალი უზომოდ გაქვთ გაცვეთილი. მან შეიძლება რაიმე გირჩიოთ, რაც რამდენადმე შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, მაგალითად, ღამე კბილებს შორის ორთოდონტული აპარატის მოთავსება. თუმცა ამგვარი დამცველი იმისთვის არ არის გათვალისწინებული, რომ შეწყვიტოთ კბილების ღრჭიალი, მას შეუძლია კბილების დაცვა უარესად დაზიანებისგან. ყოველ შემთხვევაში, მოდუნდით! რაც უფრო ნაკლებს ინერვიულებთ, ნაკლებად შეგაწუხებთ კბილების ღრჭიალი.
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1991 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“ (ინგლ.) გვერდები 20–22.