რა ზიანის მიყენება შეუძლია ტელევიზიას?
საგაზეთო სტატიები 1997 წლის 18 დეკემბერს, იტყობინებოდა, რომ ტოკიოში სატელევიზიო მულტფილმმა მრავალი ბავშვი დაასნეულა. ასობით ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოებში. „ზოგს სისხლღებინება დაეწყო, ზოგმა კი ცნობიერება დაკარგა“, — ნათქვამი იყო გაზეთში „ნიუ-იორკ ტაიმზი“. „ექიმები და ფსიქოლოგები იძლევიან გაფრთხილებას, რომ ეს შემთხვევა შემაძრწუნებელი შეხსენებაა იმისა, თუ როგორი მგრძნობიარენი შეიძლება იყვნენ ბავშვები გარკვეული თანამედროვე სატელევიზიო გადაცემებისადმი“.
ნიუ-იორკის გაზეთში „დეილი ნიუზს“ ნათქვამია: „გუშინ იაპონია პანიკამ მოიცვა, რადგან მულტფილმის პერსონაჟის, ურჩხულის განათებული, წითელი თვალების შემხედვარე ასობით ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა“.
„სატელევიზიო მულტფილმების. . . ყურების შემდეგ თითქმის 600 ბავშვი და რამდენიმე ახალგაზრდა, სამშაბათ ღამეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გააქანეს“. სუნთქვის გაძნელების გამო, ზოგს საფუძვლიანი მკურნალობა დასჭირდა.
რვა წლის გოგონას დედამ, იუკიკო ივასაკიმ, თქვა: „თავზარი დამეცა, როდესაც დავინახე, რომ ბავშვმა ცნობიერება დაკარგა. სუნთქვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა ზურგში დავარტყი“.
საბავშვო სატელევიზიო პროგრამების რეჟისორებმა ვერ ახსნეს, თუ როგორ შეეძლო მულტიპლიკაციას, რომელსაც, მათი სიტყვებით, „არაერთხელ“ იყენებდნენ, ასეთი საზიანო, მძაფრი რეაქცია გამოეწვია.
ზოგ მშობელს ესმის, რომ ტელევიზორის ყურება საზიანოდ მოქმედებს შვილებზე და ამიტომაც კონტროლს უწევენ გადაცემებს ან სახლიდანაც კი იშორებენ ტელევიზორს. ალენში (ტეხასი, აშშ) მცხოვრებმა ერთმა მშობელმა შენიშნა, რომ სანამ ტელვიზორს სახლიდან მოიშორებდნენ, ბავშვები უყურადღებოები, გულფიცხები, მიუკარებლები და საშინლად მოწყენილები იყვნენ“. ის განაგრძობს: „დღეს თითქმის ხუთივე ჩვენი შვილი, რომელთა ასაკიც ექვსიდან ჩვიდმეტ წლამდეა, ფრიადოსანია. ტელევიზორის მიტოვებისთანავე მათ სწრაფად განუვითარდათ ინტერესი სხვადასხვა რამისადმი: მათ შორის სპორტის, კითხვის, ხელოვნების, კომპიუტერისადმი და ასე შემდეგ.
დაახლოებით ორი წლის წინ განსაკუთრებით დაუვიწყარი შემთხვევა მოხდა. ჩემმა ვაჟმა, რომელიც მაშინ 9 წლის იყო, მეგობართან ღამისთევით სტუმრად ყოფნისას, დამირეკა რადგან უნდოდა, სახლში წამეყვანა. . . წამოყვანისას ვკითხე, თუ რაში იყო საქმე და მიპასუხა, რომ წვეულება ძალიან მოსაწყენი იყო, რადგან მათ მხოლოდ ტელევიზორის ყურება უნდოდათ!“