საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი

      „გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც. . . არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა“ (ებრაელთა 8:1, 2).

      1. სიყვარულით აღსავსე როგორი მზრუნველობა გასწია იეჰოვამ ცოდვილი კაცობრიობისთვის?

      იეჰოვა ღმერთმა ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულით გაიღო მსხვერპლი, რომ ჩამოერეცხა მათთვის წუთისოფლის ცოდვები (იოანე 1:29; 3:16). ამისთვის საჭირო იყო, რომ ღმერთს თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე ზეციდან ებრაელი ქალწულის, სახელად მარიამის საშვილოსნოში გადმოეტანა. იეჰოვას ანგელოზმა ნათლად აუხსნა მარიამს, რომ ბავშვი, რომელიც მას ჩაესახებოდა, იქნებოდა ‘წოდებული წმიდა შობილად, ღვთის ძედ’ (ლუკა 1:34, 35). იოსები, რომელიც დანიშნული იყო მარიამზე, გაფრთხილებული იყო იესოს სასწაულებრივი ჩასახვის შესახებ და იმის შესახებაც გაიგო, რომ იესო ‘იხსნიდა თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან’ (მათე 1:20, 21).

      2. რა გააკეთა იესომ, როდესაც დაახლოებით 30 წლის იყო და რატომ?

      2 როდესაც იესო გაიზრდებოდა, გაიგებდა თავის სასწაულებრივ დაბადებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. მან იცოდა, რომ მის ზეციერ მამას განზრახული ჰქონდა, მისი მეშვეობით განეხორციელებინა სიცოცხლის გადამრჩენი საქმე დედამიწაზე. როდესაც ის დაახლოებით 30 წლის ჩამოყალიბებული მამაკაცი გახდა, წავიდა ღვთის წინასწარმეტყველ იოანესთან, რომ მდინარე იორდანეში მონათლულიყო (მარკოზი 1:9; ლუკა 3:23).

      3. ა) რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე“? ბ) რომელი შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომელთაც სურთ გახდნენ მისი მოწაფეები?

      3 იესო, როცა ინათლებოდა, ლოცულობდა (ლუკა 3:21). როგორც ჩანს, თავისი სიცოცხლის ამ წუთიდან მან დაიწყო ფსალმუნის 39:7–9 მუხლებში ჩაწერილ სიტყვების შესრულება, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქულმაც აღნიშნა: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“ (ებრაელთა 10:5). ამით იესომ გამოავლინა ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ‘არ სურდა’ ცხოველური შესაწირის მიტანა გაგრძელებულიყო იერუსალიმის ტაძარში. მან შეიგნო, რომ ღმერთმა სრულყოფილი ფიზიკური სხეული გაამზადა მისთვის, რომ მსხვერპლად შეწირულიყო. ეს გააუქმებდა შემდგომი ცხოველური შესაწირავების მიტანის აუცილებლობას. მან გამოავლინა წრფელი სურვილი, რომ დამორჩილებოდა ღვთის ნებას და ლოცვისას განაგრძო: „აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:7). გაბედულებისა და უანგარო თავდადების რა დიდებული მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომლებიც შემდგომში მისი მოწაფეები გახდებოდნენ! (მარკოზი 8:34).

      4. როგორ გამოავლინა იეჰოვამ მოწონება იმის მიმართ, რომ იესომ შესთავაზა საკუთარი თავი?

      4 მოიწონა თუ არა იეჰოვამ იესოს ლოცვა, რომელიც ნათლობის დროს წარმოთქვა? დაე, თავად იესოს არჩეულმა მოციქულმა გვიპასუხოს: «ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (მათე 3:16, 17; ლუკა 3:21, 22).

      5. რას ასახავდა დედამიწაზე არსებული ტაძრის სამსხვერპლო?

      5 ღვთის მიერ იესოს სხეულის მომავალ შესაწირავად მიღება სულიერი გაგებით ნიშნავდა, რომ გამოჩნდა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოზე უფრო დიდებული სამსხვერპლო. ფიზიკური სამსხვერპლო, სადაც ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად, ასიმბოლოებდა იმ სულიერ სამსხვერპლოს, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა ღვთის ‘ნებას’, ანუ ღონისძიებას, რომ იესოს მიწიერი სიცოცხლე იეჰოვას მიეღო, როგორც შესაწირავი (ებრაელთა 10:10). აი, რატომ წერდა პავლე მოციქული თანაქრისტიანებს: „ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის [ანუ ტაძრის] მსახურთ“ (ებრაელთა 13:10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სარგებლობა მოაქვს ცოდვის გამომსყიდველ იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ებრაელ მღვდელთა უმრავლესობამ უარყო.

      6. ა) რა გამოჩნდა იესოს ნათლობის დროს? ბ) რას ნიშნავს ტიტულები მესია, ანუ ქრისტე?

      6 იესოს ცხება სულიწმიდით ნიშნავდა, რომ ღმერთმა წარმოქმნა მთელი სულიერი ტაძრის ორგანიზაცია იესოს მღვდელმთავრად მსახურებისთვის (საქმეები 10:38; ებრაელთა 5:5). მოწაფე ლუკა ღვთის მიერ იყო შთაგონებული, რომ დაწვრილებით დაეწერა ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც იმ წელიწადთან იყო დაკავშირებული, — ეს იყო „ტიბერიოს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს“ (ლუკა 3:1–3). ეს მიუთითებს ახალი წელთაღრიცხვით 29 წელზე — იერუსალიმის კედლების აღსადგენად მეფე არტაქსერქსეს [ართახშასთას] ბრძანების გამოცემიდან ზუსტად 69 წელიწად კვირის, ანუ 483 წლის გასვლის შემდეგ დამდგარ დროზე (ნეემია 2:1, 5–8). წინასწარმეტყველების თანახმად, ‘ცხებული მეფე’ გამოჩნდებოდა წინასწარ მითითებულ წელს (დანიელი 9:25). როგორც ჩანს, მრავალი ებრაელი მოელოდა ამას. როგორც ლუკა გვატყობინებს, „ხალხი მოლოდინში იყო“, რომ გამოჩნდებოდა მესია, ანუ ქრისტე, ხოლო ეს სიტყვები სწორედ ის ებრაული და ბერძნული ტიტულებია, რომელთაც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ — „ცხებული“ (ლუკა 3:15).

      7. ა) როდის სცხო ღმერთმა სულიწმიდით წმიდათაწმიდა და რას ნიშნავდა ეს? ბ) კიდევ რა მოხდა იესოს ნათლობის დროს?

      7 იესოს ნათლობის დროს დიდებული სულიერი ტაძრის ორგანიზაციაში ღვთის ზეციერი სამყოფელი იქნა ცხებული, ანუ გამოყოფილი, როგორც ‘წმიდათაწმიდა’ (დანიელი 9:24). ამოქმედდა ‘ჭეშმარიტი კარავი [ანუ ტაძარი], რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა’ (ებრაელთა 8:2). აგრეთვე წყლითა და სულიწმიდით ნათლობის დროს ადამიანი იესო ქრისტე იშვა, როგორც ღვთის სულიერი ძე (შეადარე იოანე 3:3). ეს ნიშნავდა, რომ სათანადო დროს ღმერთი მოუხმობდა თავის ძეს ზეციერი ცხოვრებისთვის, სადაც ის იმსახურებდა თავისი მამის მარჯვნივ, როგორც მეფე და მღვდელმთავარი „მელქისედეკის წესით“ (ებრაელთა 6:20; ფსალმუნი 109:1, 4).

      ზეციერი წმიდათაწმიდა

      8. კიდევ რა შტრიხები დაეკისრა ღვთის ტახტს ზეცაში?

      8 იესოს ნათლობის დღეს ღვთის ზეციერ ტახტს ახალი შტრიხები დაეკისრა. ღვთის თვალსაზრისი სრულყოფილი ადამიანის მსხვერპლად შეწირვასთან დაკავშირებით, რომ გამოესყიდა წუთისოფლის ცოდვები, მკვეთრად გამოხატავს მის სიწმინდეს ცოდვილი ადამიანებისგან საპირისპიროდ. ღვთის წყალობა აგრეთვე ხაზგასმით გამოვლინდა, როცა მან გამოავლინა მზადყოფნა, ყოფილიყო ლმობიერი, ანუ შემწყალებელი. ამგვარად, ღვთის ტახტი ზეცაში გახდა ტაძრის შიგნითა ნაწილის მსგავსი, სადაც მღვდელმთავარი მხოლოდ წელიწადში ერთხელ შედიოდა ცხოველის სისხლით, რომ მოეხდინა ცოდვების გამოსყიდვის ილუსტრაცია.

      9. ა) რას ასიმბოლოებდა წმიდასა და წმიდათაწმიდას შორის ჩამოფარებული ფარდა? ბ) როგორ შევიდა იესო ფარდის მიღმა ღვთის სულიერ ტაძარში?

      9 ფარდა, რომელიც წმიდას წმიდათაწმიდისგან ჰყოფდა, წარმოადგენდა იესოს ხორციელ სხეულს (ებრაელთა 10:19, 20). ეს იყო ბარიერი, რომელიც იესოს, როგორც ადამიანს დედამიწაზე ყოფნისას, ხელს უშლიდა, შესულიყო თავისი მამის თანდასწრებაში (1 კორინთელთა 15:50). იესოს სიკვდილის დროს „ტაძრის კრეტსაბმელი [ფარდა] გაიხა ორად ზემოდან ძირამდე“ (მათე 27:51). ეს დრამატულად მიუთითებდა, რომ ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა იესოს, შესულიყო ზეცაში, აღარ არსებობდა. სამი დღის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა მოახდინა შემდგომში კარგად ცნობილი სასწაული. მან იესო აღადგინა მკვდრეთით არა როგორც მოკვდავი ადამიანი ხორცითა და სისხლით, არამედ, როგორც დიდებული სულიერი ქმნილება „უკუნისამდე დარჩენით“ (ებრაელთა 7:24). ორმოცი დღის შემდეგ იესო ამაღლდა ზეცად და შევიდა ნამდვილ „წმიდათაწმიდაში“ და ‘წარდგა ჩვენთვის ღვთის წინაშე’ (ებრაელთა 9:24).

      10. ა) რა მოხდა მას შემდეგ, რაც იესომ მსხვერპლის საფასურად საკუთარი თავი შესთავაზა ზეციერ მამას? ბ) რას ნიშნავდა სულიწმიდით ცხება იესოს მოწაფეებისთვის?

      10 მიიღო თუ არა ღმერთმა იესოს მიერ დაღვრილი სისხლი, როგორც წუთისოფლის ცოდვების გამოსასყიდი? რასაკვირველია, მიიღო. ამის ნათელი მტკიცება მოხდა იესოს აღდგომიდან ზუსტად 50 დღის შემდეგ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ღვთის წმინდა სული გადმოვიდა იესოს 120 მოწაფეზე, რომლებიც შეკრებილი იყვნენ იერუსალიმში (საქმეები 2:1, 4, 33). თავიანთი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს მსგავსად, ისინი ღვთის დიდებული სულიერი ტაძრის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ცხებული იყვნენ „წმიდა სამღვდელოებად, ღვთის სასურველ სულიერ მსხვერპლად“ (1 პეტრე 2:5). გარდა ამისა, ამ ცხებულებმა შეადგინეს ახალი ერი, ღვთის სულიერი ისრაელის „წმიდა ერი“. ამის შემდეგ ისრაელთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება, რომლებიც დადებითია, მაგალითად იერემიას 31:31-ში ჩაწერილი ‘ახალ აღთქმასთან’ დაკავშირებული დანაპირები, ‘ღვთის ნამდვილ ისრაელს’, ცხებულ ქრისტიანთა კრებას შეეხება (1 პეტრე 2:9; გალატელთა 6:16).

      ღვთის სულიერი ტაძრის სხვა შტრიხები

      11, 12. ა) რას ასახავდა მღვდელთა ეზო იესოს შემთხვევაში და რას ასახავდა მისი ცხებული მიმდევრების შემთხვევაში? ბ) რას ასახავს წყლის საბანელი და როგორ გამოიყენებოდა ის?

      11 რადგანაც წმიდათაწმიდა ასახავდა ‘თვით ზეცას’, სადაც ღმერთი ზის ტახტზე, ღვთის სულიერი ტაძრის სხვა შტრიხები უკავშირდება დედამიწას (ებრაელთა 9:24). იერუსალიმის ტაძარში იყო მღვდლების შიგნითა ეზო, სადაც იდგა სამსხვერპლო და წყლის დიდი საბანელი, რომელსაც მღვდლები იყენებდნენ დასაბანად, ვიდრე შეასრულებდნენ წმინდა მსახურებას. რას ასახავს ყოველივე ეს ღვთის სულიერი ტაძრის ორგანიზაციაში?

      12 იესო ქრისტესთან დაკავშირებით მღვდლების შიგნითა ეზო ასახავდა მის უცოდველ მდგომარეობას, რადგანაც ის იყო სრულყოფილი ადამიანი, ძე ღვთის. ქრისტეს სულითცხებული მიმდევრები, რომლებიც რწმენას ავლენენ მის მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, აღიარებული არიან სამართლიანებად. ამგვარად, ღმერთს შეუძლია სამართლიანად მოეპყროს მათ, როგორც უცოდველთ (რომაელთა 5:1; 8:1, 33). ამიტომ ეს ეზო აგრეთვე ასახავს ადამიანებისთვის მიწერილ სამართლიან მდგომარეობას, რითაც წმინდა სამღვდელოების ყოველი წევრი ტკბება ღვთის წინაშე. ამავე დროს, სულითცხებული ქრისტიანები ჯერ კიდევ არასრულყოფილები არიან და სჩადიან ცოდვებს. ეზოში მოთავსებული წყლის საბანელი ასახავს ღვთის სიტყვას, რომელსაც მღვდელმთავარი იესო იყენებს, რომ წმინდა სამღვდელოება წარმატებით განწმინდოს. ასეთი განწმენდის პროცესის დაქვემდებარებით მათ მოიპოვეს პატივისცემა, რასაც დიდება მოაქვს ღვთისთვის და სხვა ადამიანები მოჰყავს ღვთისადმი წმინდა თაყვანისმცემლობისაკენ (ეფესელთა 5:25, 26; შეადარე მალაქია 3:1–3).

      წმიდა

      13, 14. ა) რას ასახავს ტაძრის წმიდა იესოსა და მისი ცხებული მიმდევრების შემთხვევაში? ბ) რას ასახავს ოქროს შანდალი?

      13 ტაძრის პირველი დარბაზი ასახავს ეზოსთან შედარებით უფრო ამაღლებულ მდგომარეობას. სრულყოფილ ადამიანთან, იესო ქრისტესთან დაკავშირებით, ეს ასახავს მის მეორედ დაბადებას, როგორც ღვთის სულიერი ძის, რომლის დაბრუნებაც ზეციერი ცხოვრებისთვის წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა. მას შემდეგ, რაც სულითცხებული მიმდევრები მართლებად გამოცხადდნენ ქრისტეს დაღვრილი სისხლის მიმართ რწმენის გამო, მათ განიცადეს ღვთის სულის განსაკუთრებული ზემოქმედება (რომაელთა 8:14–17). „წყლისა [ესე იგი მათი ნათლობით] და სულისგან“ კვლავ ‘შობით’ ისინი არიან, როგორც ღვთის სულიერი ძეები. როგორც ასეთი, მათ აქვთ იმედი, რომ აღდგენილი იქნებიან ზეციერი ცხოვრებისთვის, როგორც ღვთის სულიერი ძეები, იმ შემთხვევაში, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან (იოანე 3:5, 7; გამოცხადება 2:10).

      14 გარეთ მყოფი თაყვანისმცემლები ვერ ხედავდნენ მღვდლებს, რომლებიც მსახურობდნენ მიწიერი ტაძრის წმიდაში. მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანები ისეთ სულიერ მდგომარეობაში არიან, რასაც ვერ ეზიარება და ბოლომდე ვერ ხვდება ღვთის თაყვანისმცემელთა უმრავლესობა, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ. კარვის ოქროს შანდალი ასახავს ცხებული ქრისტიანების განათებულ მდგომარეობას. ღვთის წმინდა სულის მოქმედება არის ლამპრის ზეთის მსგავსი, რომელიც ბიბლიაზე ასხივებს სინათლეს. ამის შედეგად მიღებულ ცოდნას ქრისტიანები თავისთვის არ ინახავენ. პირიქით, ისინი ემორჩილებიან იესოს, რომელმაც თქვა: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი. . . ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:14, 16).

      15. რას ასიმბოლოებს ტაბლაზე მოთავსებული პური?

      15 ასეთი განათებული მდგომარეობა რომ შეინარჩუნონ, სულითცხებული ქრისტიანები სიმბოლურად რეგულარულად უნდა იკვებებოდნენ იმ ტაბლის პურის კვერებით. სულიერი კვებისთვის მათი უმთავრესი წყარო არის ღვთის სიტყვა, რომლის წასაკითხავად ყოველდღიურად ესწრაფვიან და წაკითხულზე ფიქრობენ. იესომ აგრეთვე აღუთქვა, რომ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით „დროულად“ უზრუნველყოფდა მათ ‘საზრდოთი’ (მათე 24:45). ეს „მონა“ არის ცხებულ ქრისტიანთა სხვადასხვა დროს მცხოვრები წარმომადგენლები დედამიწაზე. ქრისტემ ეს ცხებულები გამოიყენა, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებასთან დაკავშირებით და დროული მითითება მიეცა, თუ როგორ გამოეყენებინათ ბიბლიური პრინციპები თანამედროვე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, ცხებული ქრისტიანები მადლიერების გრძნობით იკვებებიან ასეთი სულიერი საზრდოთი. მაგრამ მათი სულიერი სიცოცხლის მასაზრდოებელი საშუალება მხოლოდ გულსა და გონებაში ღვთის შემეცნების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. იესომ თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). მსგავსად ამისა, სულითცხებული ქრისტიანები კმაყოფილებას განიცდიან, რომ ყოველდღიურად ასრულებენ ღვთისგან გაცხადებულ ნებას.

      16. რას ასახავს საკმევლის სამსხვერპლოსთან მსახურება?

      16 დილა-საღამოს მღვდელი წმიდაში საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველს უკმევდა ღმერთს. ამავე დროს, ღმერთის ის თაყვანისმცემლები, რომლებიც არ იყვნენ მღვდლები, ტაძრის გარეთა ეზოში იდგნენ და ლოცულობდნენ (ლუკა 1:8-​10). „საკმევლები — განმარტავს ბიბლია — წმიდათა ლოცვებია“ (გამოცხადება 5:8). „წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე“ — წერდა ფსალმუნმომღერალი დავითი (ფსალმუნი 140:2). სულითცხებული ქრისტიანებიც აფასებენ იესოს მეშვეობით იეჰოვასთან ლოცვით მიახლოების უპირატესობას. გულიდან გამომავალი ლოცვები ჰგავს ტკბილ სურნელოვან საკმეველს. სულითცხებული ქრისტიანები სხვა საშუალებებითაც განადიდებენ ღმერთს, ისინი თავიანთი ‘ბაგეებით’ ასწავლიან სხვებს. მათი სიმტკიცე გაჭირვებისას და მათი უმწიკვლოება განსაცდელისას, განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრის ღმერთს (1 პეტრე 2:20, 21).

      17. რას შეიცავდა წინასწარმეტყველური სურათის განხორციელება, თუ გავითვალისწინებთ მღვდელმთავრის პირველ შესვლას წმიდათაწმიდაში მიტევების დღეს?

      17 მიტევების დღეს ისრაელის მღვდელმთავარი შედიოდა წმიდათაწმიდაში და ოქროს აქანდაზზე წვავდა საკმეველს, რომელზეც ნაკვერჩხლებიც იყო. ეს უნდა გაკეთებულიყო იმ დრომდე, სანამ შეიტანდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლს. ამ წინასწარმეტყველური სურათის განხორციელებით, იესომ, როგორც ადამიანმა, შეინარჩუნა აბსოლუტური უმწიკვლოება ღვთის წინაშე, ვიდრე გაიღებდა თავის სიცოცხლეს, როგორც ერთადერთ მარადიულ მსხვერპლს ჩვენი ცოდვების გამო. ამგვარად მან ცხადყო, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია უმწიკვლოების შენარჩუნება ღვთის წინაშე მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე გამოცდებს დაატეხს თავს სატანა (იგავნი 27:11). როდესაც გამოცდის წინაშე იყო, იესომ „ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დასხნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7). ასეთი მოქმედებით მან განადიდა იეჰოვა, როგორც სამართლიანი და უფლებით აღჭურვილი სამყაროს უზენაესი მმართველი. ღმერთმა დააჯილდოვა იესო იმით, რომ მკვდრეთით აღადგინა და მისცა მარადიული ზეციერი სიცოცხლე. ასეთი ამაღლებული მდგომარეობით, იესო ყურადღებას ამახვილებს დედამიწაზე მისი მოსვლის მეორეხარისხოვან მიზეზზე, სახელდობრ, რომ ღმერთთან შეარიგოს მომნანიებელი ცოდვილი კაცობრიობა (ებრაელთა 4:14–16).

      ღვთის სულიერი ტაძრის უფრო აღმატებული დიდება

      18. როგორ მოუტანა განსაკუთრებული დიდება იეჰოვამ თავის სულიერ ტაძარს?

      18 „პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება“, — იწინასწარმეტყველა იეჰოვამ (ანგია 2:9). იესო ქრისტეს უკვდავ მეფედ და მღვდელმთავრად აღდგენით, იეჰოვამ მნიშვნელოვანი დიდება მოუტანა სულიერ ტაძარს. ახლა იესოს შესწევს ძალა, რომ ‘მის მორჩილთ მარადიული ხსნა’ მოუტანოს (ებრაელთა 5:9). პირველები, რომლებმაც გამოავლინეს ასეთი მორჩილება, იყო 120 მოწაფე, რომელთაც სულიწმიდა მიიღეს ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. წიგნი „გამოცხადება“ წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელის ამ სულიერი ძეების საბოლოო რიცხვი 144 000-ია (გამოცხადება 7:4). სიკვდილის შემდეგ მრავალი მათგანი უგრძნობ მდგომარეობაში იწვა საერთო საკაცობრიო საფლავში იმ დრომდე, სანამ იქნებოდა ქრისტეს თანდასწრება მეფური ძალაუფლებით. წინასწარმეტყველური ქრონოლოგია, რომელიც ჩაწერილია დანიელის 4:10–17, 20–27-ში, მიუთითებს 1914 წელზე, როგორც მტერთა შორის იესოს მმართველობის დასაწყისზე (ფსალმუნი 109:2). იმ დღემდე, ცხებული ქრისტიანები ათწლეულების განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით მოელოდნენ ამ წელს. პირველმა მსოფლიო ომმა, რომელსაც თან ახლდა ადამიანთა ვარამი, ცხადყო, რომ იესო 1914 წელს ნამდვილად გამეფდა (მათე 24:3, 7, 8). ამის შემდეგ, ძალიან მალე, „ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყების“ დრო დადგა და იესო ახორციელებდა აღთქმას, რომელიც მისცა ცხებულ მოწაფეებს, რომლებმაც სიკვდილის ძილით დაიძინეს: „ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ“ (1 პეტრე 4:17; იოანე 14:3).

      19. როგორ შევა 144 000-ის დარჩენილი ნაწილი ზეციერ წმიდათაწმიდაში?

      19 წმინდა სამღვდელოების 144 000 წევრი ჯერ კიდევ ყველა საბოლოოდ არ დაბეჭდილა და არ შეკრებილა ზეციერ სახლში. მათი დარჩენილი ნაწილი ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობს და ისეთ სულიერ მდგომარეობაში არიან, რომელსაც ასახავს წმიდა, რომელიც ღვთის წმინდა თანდასწრებისგან გამოყოფილია ‘ფარდით’, ანუ ბარიერით, რაც ფიზიკური სხეულია. სიკვდილამდე ერთგულთა აღდგომა წამიერად ხდება და ისინი, როგორც უკვდავი სულიერი ქმნილებები, უერთდებიან 144 000-სს ზეცაში (1 კორინთელთა 15:51–53).

      20. წმინდა სამღვდელოების დარჩენილი ნაწილი რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ამჟამად დედამიწაზე და რა შედეგებით?

      20 დიდებულ მღვდელმთავართან ერთად მომსახურე ამდენი მღვდელი ზეცაში ღვთის სულიერ ტაძარს დიდებას ჰმატებს. ამავე დროს, წმინდა სამღვდელოების დედამიწაზე დარჩენილი ნაწილი ასრულებს ღირსეულ საქმეს. მათი ქადაგების მეშვეობით, ღმერთი ‘არყევს ყველა ხალხს’ თავისი განკითხვის გამოცხადებით, როგორც ნაწინასწარმეტყველებია ანგიას 2:7-ში. ამავე დროს, ღვთის მილიონობით თაყვანისმცემელი, რომლებიც აღწერილი არიან როგორც ‘ხალხისთვის საწადელი’, იკრიბებიან იეჰოვას ტაძრის მიწიერ ეზოებში. როგორ ეთვისებიან ისინი ღვთის ორგანიზაციას თაყვანისმცემლობისთვის და რა მომავალ დიდებას უნდა მოველოდეთ ღვთის დიდებული სულიერი ტაძრისგან? ეს საკითხები განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.

  • ახლოვდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ტრიუმფი
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • ახლოვდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ტრიუმფი

      „იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე“ (ზაქარია 14:9).

      1. რა განიცადეს სულით ცხებულმა ქრისტიანებმა პირველი მსოფლიო ომის დროს და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?

      პირველი მსოფლიო ომის დროს გამძვინვარებული ერების ხელში ცხებული ქრისტიანები იტანჯებოდნენ მრავალი სიძნელეებითა და დაპატიმრებებით. იეჰოვას განდიდების შესაწირავები მკაცრად იყო შეზღუდული და ამიტომაც ისინი სულიერ ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ყოველივე ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ზაქარიას 14:2-ში, რომელიც აღწერს იერუსალიმზე ერების თავდასხმას. ამ წინასწარმეტყველების ქალაქი არის ‘ზეციერი იერუსალიმი’, ღვთის ზეციერი სამეფოსა და ‘ღვთისა და კრავის ტახტის’ ადგილსამყოფელი (ებრაელთა 12:22, 28; 13:14; გამოცხადება 22:3). ღვთის სულით ცხებულები დედამიწაზე ამ ქალაქის წარმომადგენლები არიან. მათგან მხოლოდ ერთგულებმა გადაიტანეს თავდასხმა, არ დაუშვეს, რომ ‘ქალაქიდან’, როგორც ტყვეები გადასახლებულიყვნენa.

      2, 3. ა) როგორია იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ტრიუმფი 1919 წლიდან? ბ) რა მოვლენები მოხდა 1935 წლიდან?

      2 ერთგული სულითცხებულები 1919 წელს გათავისუფლდნენ ტყვეობიდან და დაუყოვნებლივ გამოიყენეს ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც მოჰყვა ომს. როგორც ზეციერი იერუსალიმის წარმომადგენლები, აფასებენ დიდებულ შესაძლებლობას, რომ იქადაგონ კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ და მხარი დაუჭირონ 144 000-ის ბოლო წევრების შეგროვებას (მათე 24:14; 2 კორინთელთა 5:20). მათ 1931 წელს აირჩიეს შესაფერისი ბიბლიური სახელი, „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10, 12).

      3 მას შემდეგ ღვთის სულით ცხებული მოწმეები შეუფერხებლად მიიწევენ წინ. ნაცისტური პოლიტიკისა და მილიტარისტური ორგანიზაციის საშუალებით თვით ჰიტლერმა ვერ დაადუმა ისინი. მსოფლიო მასშტაბის დევნის მიუხედავად, მათმა საქმიანობამ მთელ დედამიწაზე გამოიღო ნაყოფი. განსაკუთრებით კი 1935 წლიდან, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო გამოცხადებაში, მათ შეუერთდა ყოველი ერიდან მოსული „უამრავი ხალხი“. ესენიც მიძღვნილი, მონათლული ქრისტიანები არიან და მათაც „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის [იესო ქრისტეს] სისხლით“ (გამოცხადება 7:9, 14). მაგრამ ისინი არ არიან სულიწმიდით ცხებულები და არა აქვთ ზეციერი იმედი. მათი იმედია, მიიღონ ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს, სახელდობრ, სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 36:29; მათე 25:34). ამჟამად უამრავი ხალხის რიცხვი ხუთ მილიონზე მეტია. დღეს იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ტრიუმფია, მაგრამ საბოლოო ტრიუმფის დრო ჯერ არ დამდგარა.

      უცხოტომელები ღვთის სულიერ ტაძარში

      4, 5. ა) სად არის იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ადგილი უამრავი ხალხისთვის? ბ) რა უპირატესობის გამო ხარობენ ისინი და ამით რომელი წინასწარმეტყველება სრულდება?

      4 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, უამრავი ‘ხალხი ემსახურება მას [ღმერთს] დღე და ღამე მის ტაძარში’ (გამოცხადება 7:15, სქოლიო, აქ). რადგანაც ისინი არ არიან სულიერი, სამღვდელო ისრაელი, იოანემ, როგორც ჩანს, ისინი იხილა ტაძრის გარეთ, წარმართთა ეზოში (1 პეტრე 2:5). რა დიდებული გახდა იეჰოვას სულიერი ტაძარი, როდესაც მისი მიდამოები გაივსო უამრავი ხალხით, რომლებიც სულიერი ისრაელის ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან ერთად არიან და განადიდებენ იეჰოვას!

      5 უამრავი ხალხის მსახურება არ არის იმ მსახურების მსგავსი, როგორიც სრულდებოდა მღვდლების შიგნითა ეზოში. ისინი არ არიან გამოცხადებული მართლებად, რომ არჩეული ყოფილიყვნენ ღვთის შვილებად, როგორც სულიერი ძეები (რომაელთა 8:1, 15). მაგრამ, მიუხედავად ამისა, რადგანაც ისინი რწმენას ავლენენ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, ღვთის წინაშე წმინდად დგანან. ისინი მართლებად არიან გამოცხადებული იმ განზრახვით, რომ იყვნენ იეჰოვას მეგობრები (შეადარე იაკობი 2:21, 23). მათაც აქვთ უპირატესობა, რომ ღვთის სულიერ სამსხვერპლოზე მიიტანონ შესაწირავი. ამგვარად, უამრავ ხალხზე დიდებულად სრულდება ესაიას 56:6, 7-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი. . . მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“.

      6. ა) როგორი შესაწირავი მიაქვთ უცხოტომელებს? ბ) რას შეახსენებს მათ წყლის ჭურჭელი, რომელიც მღვდლების ეზოში იყო?

      6 იმ შესაწირავთა შორის, რასაც ეს უცხოტომელები სწირავენ, არის ‘მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი [წმიდად დაფქული მარცვლეული შესაწირის მსგავსად]’ და აგრეთვე — „ქველმოქმედება და გაზიარება“ (ებრაელთა 13:15, 16). წყლის დიდი ჭურჭელი, რომელსაც მღვდლები დასაბანად იყენებდნენ, მნიშვნელოვანი შეხსენებაა უცხოტომელთათვის. მათაც უნდა ჰქონდეთ სულიერი და მორალური სისუფთავე, რადგან ღვთის სიტყვა უფრო ნათელი გახდა მათთვის.

      წმიდა და მისი მოწყობილობა

      7. ა) რა თვალსაზრისი აქვს უამრავ ხალხს წმინდა სამღვდელოების უპირატესობაზე? ბ) როგორი დამატებითი უპირატესობები მიიღო ზოგიერთმა უცხოტომელმა?

      7 აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა წმიდასა და მის მოწყობილობას უცხოტომელებისგან შემდგარი უამრავი ხალხისთვის? ისინი არასოდეს იქნებიან იმ მდგომარეობაში, რაც ასახულია წმიდაში. ღვთის სულიერი ძეების მსგავსად, ისინი ზეციერი მოქალაქეობით არ დაბადებულან მეორედ. ჰბადებს თუ არა ეს მათში სიხარბეს და შურის გრძნობას? არამც და არამც. პირიქით, მათ უხარიათ ის უპირატესობა, რომ მხარს უჭერენ 144 000-ის დარჩენილ ნაწილს და ღრმა მადლიერებას ავლენენ ღვთის განზრახვების მიმართ შვილებად არჩეულ იმ სულიერ ძეებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ქრისტესთან ერთად ადამიანების გასრულყოფილებაში. უცხოტომელთაგან შემდგარი უამრავი ხალხი აფასებს ღვთისგან ბოძებულ დიდებულ დაუმსახურებელ სიკეთეს, რომ დასაჩუქრდა დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედით. ზოგიერთ მათგანს, ძველ დროს შეწირულების მსგავსად, მიეცა უპირატესობა, ზედამხედველობაში მხარი დაუჭიროს წმინდა სამღვდელოებასb (ესაია 61:5). ქრისტემ მათგან დანიშნა ‘მთავრები დედამიწაზე’ (ფსალმუნი 44:17).

      8, 9. რით არის სასარგებლო უამრავი ხალხისთვის წმიდას მოწყობილობის განხილვა?

      8 მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერასოდეს შევლენ სიმბოლურ წმიდაში, უცხოტომელი უამრავი ხალხი მნიშვნელოვან გაკვეთილს სწავლობს წმიდას მოწყობილობისგან. როგორც შანდლისთვის იყო აუცილებელი ზეთის მარაგი, ასევე უცხოტომელებს სჭირდებათ სულიწმიდა, რომ აითვისონ ღვთის სიტყვის პროგრესული ჭეშმარიტება, რომელიც ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით მოედინება (მათე 24:45–47). შემდეგ ღვთის სული ეხმარება მათ, რომ გამოეხმაურონ მოწვევას: «სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). ამგვარად, შანდალი უამრავ ხალხს შეახსენებს, რომ მათი მოვალეობაა, ანათონ, როგორც ქრისტიანებმა და არ დაანაღვლიანონ ღვთის სულიწმიდა თავიანთი ყოფაქცევით, ფიქრებით, სიტყვებითა თუ საქმეებით (ეფესელთა 4:30).

      9 ტაბლა, რომელზეც ეწყო პურები, უამრავ ხალხს შეახსენებს, რომ სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარული კვება სულიერი საზრდოთი, როგორც ბიბლიიდან, ასევე იმ პუბლიკაციებიდან, რომელსაც გვთავაზობს „ერთგული და გონიერი მონა“ (მათე 4:4). საკმევლის სამსხვერპლო შეახსენებს მათ, რომ იეჰოვასადმი გულმხურვალე ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რათა იეჰოვა დაეხმაროს მათ უმწიკვლოების შენარჩუნებაში (ლუკა 21:36). მათ ლოცვაში უნდა იყოს მგრძნობიარე გამოთქმები ქება-დიდებისა და მადლიერების გამოსახატავად (ფსალმუნი 105:1). საკმევლის სამსხვერპლო იმასაც შეახსენებს მათ, რომ სხვა საშუალებებითაც არის აუცილებელი იეჰოვას განდიდება, მაგალითად, ქრისტიანული შეხვედრების დროს სამეფოს საგალობლების მთელი გულით მღერითა და შეხვედრებისთვის კარგად მომზადებით, რომ ყველასთან ეფექტურად ‘ვაღიაროთ გადასარჩენად’ (რომაელთა 10:10).

      ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სრული ტრიუმფი

      10. ა) როგორ დიდებულ მომავალს ველით? ბ) რა უნდა მოხდეს უპირველესად?

      10 დღეს ყოველი ერიდან „უთვალავი ხალხი“ იკრიბება იეჰოვას სახლში თაყვანისმცემლობისთვის (ესაია 2:2, 3). ამას ადასტურებს გამოცხადების 15:4-ში ჩაწერილი სიტყვებიც: „ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, სსგ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდნენ შენი სამართალნი“. შემდგომი მოვლენები აღწერილია ზაქარიას მე-14 თავში. ახლო მომავალში წუთისოფლის ადამიანთა მტრობა მიაღწევს აპოგეას, როდესაც შეიკრიბებიან უკანასკნელად, რომ იომონ იერუსალიმის წინააღმდეგ — ზეციერი ისრაელის მიწიერი წარმომადგენლების წინააღმდეგ. შემდეგ მოქმედებას დაიწყებს იეჰოვა. როგორც მეომარი ღმერთი „შეებრძოლება ამ ხალხს“, რომელმაც გამოიწვია ეს ბრძოლა (ზაქარია 14:2, 3).

      11, 12. ა) როგორ გამოეხმაურება იეჰოვა თავის ტაძარში მყოფ თაყვანისმცემლებზე თავდასხმას? ბ) როგორი იქნება ღვთის ომის შედეგი?

      11 „ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დასტანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე; ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში. იმ დღეს იქნება, რომ დიდი აღრეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან: ხელს ჩასჭიდებენ ერთიმეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება“ (ზაქარია 14:12, 13).

      12 ეს სასჯელი სიმბოლურია თუ პირდაპირი აღწერილობა, მოვიცადოთ და ვნახავთ. მაგრამ ერთი რამ ნათელია. იმ დროს, როცა ღვთის მტრები დაიწყებენ მოქმედებას, რომ გლობალური შეტევა მიიტანონ იეჰოვას მსახურებზე, ისინი შეჩერდებიან ღვთის ყოვლისშემძლე ძალის შემზარავი გამოვლენის ხილვით. ბაგეები დაუდუმდებათ. და იქნება ისე, თითქოს, მათ მოწინააღმდეგე ენები გაეხრწნათ. მათი ერთობლივი მიზანი მათვე დაუბნელებს მხედველობას, ისე, თითქოს, თვალებიც გაეხრწნათ. მათი ფიზიკური ძალები, რისი იმედითაც სურთ შებრძოლება, გამოიფიტება. მათ აერევათ გონება, მიუბრუნდებიან ერთიმეორეს და ამოხოცავენ. ამგვარად ამოწყდებიან ღვთის თაყვანისმცემლობის მიწიერი მტრები. ასე რომ, ყოველი ერი იძულებული იქნება აღიაროს იეჰოვას უზენაესი მმართველობა. შესრულდება წინასწარმეტყველება: „იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე“ (ზაქარია 14:9). შემდეგ, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დაწყებისას, სატანა და მისი დემონები შებოჭილი იქნებიან და ქრისტეს მეფობას მოჰყვება უხვი და დიდებული კურთხევა ადამიანებისთვის (გამოცხადება 20:1, 2; 21:3, 4).

      აღდგომა დედამიწაზე

      13. ვინ არიან ისინი, რომლებიც ‘დატოვებულ იქნენ’?

      13 ზაქარიას წინასწარმეტყველების მე-14 თავის მე-16 მუხლში გრძელდება: „მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება [იქნა დატოვებული, აქ] იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ“. ბიბლიის თანახმად, დღეს მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე იცხოვრებენ და რომლებიც განაჩენის თანახმად, კვლავაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრებს წარმოადგენენ, სასჯელად მიიზღავენ „მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან“ (2 თესალონიკელთა 1:7–9; იხილე აგრეთვე მათე 25:31–33, 46). მათ არ ელით აღდგომა. როგორც ჩანს, რომლებიც ‘დატოვებულ იქნენ’, არიან ის ადამიანები, რომლებიც მოკვდნენ ღვთის საბოლოო ბრძოლამდე და რომლებისთვისაც არსებობს ბიბლიაზე დაფუძნებული აღდგომის იმედი. „მოდის ჟამი, — თქვა იესომ, — როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).

      14. ა) რა უნდა გააკეთონ მკვდრეთით აღდგენილებმა, რომ მიიღონ მარადიული სიცოცხლე? ბ) რა დაემართება მას, ვინც უარყოფს, რომ თავი მიუძღვნას იეჰოვას და იყოს ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი?

      14 ყველა, ვინც მკვდრეთით აღდგება, უნდა შეეცადოს ისე მოიქცეს, რომ მისი აღდგომა სასიცოცხლოდ იქცეს და არა განსასჯელად. ისინი უნდა მივიდნენ იეჰოვას ტაძრის მიწიერ ეზოებში და ქედმოხრილი მიეძღვნან ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით. ნებისმიერი მკვდრეთით აღმდგარი, რომელიც უარყოფს, შეასრულოს ღვთის ნება, ისევე იქნება დატანჯული, როგორც ახლანდელი ერები (ზაქარია 14:18). ვინ იცის, აღდგომის შემდეგ რამდენი პიროვნება შეუერთდება სიხარულით უამრავ ხალხს სიმბოლური კარვობის დღესასწაულის აღნიშვნისას? უეჭველია, მათი რიცხვი უთვალავი იქნება და შედეგად იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი უფრო და უფრო დიდებული გახდება!

      კარვობის სიმბოლური დღესასწაული

      15. ა) რომელია ძველი ისრაელის კარვობის დღესასწაულის ზოგიერთი შესანიშნავი თავისებურება? ბ) რატომ სწირავდნენ 70 ხბოს დღესასწაულის განმავლობაში?

      15 ძველ ისრაელს ყოველწლიურად მოეთხოვებოდა კარვობის დღესასწაულის აღნიშვნა. ეს დღესასწაული გრძელდებოდა მთელი კვირა და სრულდებოდა მომკილის შეგროვებით. ეს იყო სამადლობელი, სიხარულით აღსავსე დღესასწაული. მთელი კვირის განმავლობაში ისინი დროებით კარვებში ცხოვრობდნენ, რომლებიც გადახურული იყო ხეების ფოთლებით, განსაკუთრებით კი, პალმის ტოტებით. ეს დღესასწაული ისრაელებს შეახსენებდა, თუ როგორ იხსნა ღმერთმა მათი მამა-პაპა ეგვიპტის მონობისგან და როგორ ზრუნავდა მათზე, როდესაც ისინი 40 წლიანი ხეტიალის დროს ცხოვრობდნენ კარვებში, უდაბნოში, სანამ აღთქმულ მიწას მიაღწევდნენ (ლევიანნი 23:39–43). დღესასწაულის განმავლობაში ტაძრის სამსხვერპლოზე სწირავდნენ 70 ხბოს. როგორც ფაქტები ცხადყოფს, დღესასწაული წინასწარმეტყველურად მიუთითებდა სრულყოფილ და უნაკლო, სიცოცხლის მხსნელ ღონისძიებაზე, რომელიც იესო ქრისტემ შეასრულა. მრავალი პიროვნებისთვის, შესაძლოა, უთვალავი მცხოვრებისთვის, რომლებიც ნოეს 70 ოჯახის შთამომავლები არიან, იესოს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლი კურთხევის მომტანი იქნეს (დაბადება 10:1–29; რიცხვნი 29:12–34; მათე 20:28).

      16, 17. ა) როდის იწყებოდა, ხოლმე, სიმბოლური კარვობის დღესასწაული და როგორ ტარდებოდა? ბ) როგორ მონაწილეობს უამრავი ხალხი დღესასწაულში?

      16 ამგვარად, ძველი კარვობის დღესასწაული მიუთითებდა ცოდვისგან გამოსყიდული ადამიანების სიხარულით აღსავსე შეკრებაზე იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში. ამ დღესასწაულის შესრულება დაიწყო ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღესასწაულისას, როდესაც დაიწყო სულიერი ისრაელების სიხარულით აღსავსე ქრისტიანული შეკრება (საქმე 2:41, 46, 47). ეს სულითცხებულები აფასებდნენ, რომ სატანის წუთისოფელში მხოლოდ ‘დროებითი მცხოვრებლები’ იყვნენ და მათი ნამდვილი ‘მოქალაქეობა არის ზეცაში’ (1 პეტრე 2:11, აქ; ფილიპელთა 3:20). ეს სასიხარულო დღესასწაული დროებით დაჩრდილა განდგომილებამ, რომელმაც წარმოშვა ქრისტიანული სამყარო (2 თესალონიკელთა 2:1–3). მაგრამ დღესასწაული გაგრძელდა 1919 წელს, 144 000 სულიერი ისრაელის დარჩენილი წევრების სასიხარულო შეკრებით, რომლებსაც შემდეგ შეუერთდა გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული ყოველი ერის წარმომადგენელი უამრავი ხალხი.

      17 უამრავი ხალხის წარმოსახვა პალმის ტოტებით ხელში ცხადყოფს, რომ ისინიც სიხარულით ზეიმობენ სიმბოლური კარვობის დღესასწაულს. როგორც მიძღვნილი ქრისტიანები, ისინი სიხარულით მონაწილეობენ ტაძარში იეჰოვას თაყვანისმცემელთა შეკრების საქმეში. გარდა ამისა, მათ კარგად ესმით, რომ როგორც ცოდვილებს, არა აქვთ მარადიული ცხოვრების უფლება დედამიწაზე. მათ მომავალში მკვდრეთით აღდგენილებთან ერთად უნდა შეინარჩუნონ რწმენა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, სანამ ადამიანურ სრულყოფილებას მიაღწევენ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს (გამოცხადება 20:5).

      18. ა) რა მოხდება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს? ბ) როგორი იქნება იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის საბოლოო ტრიუმფი?

      18 შემდეგ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დედამიწაზე იდგებიან ღვთის წინაშე ადამიანური სრულყოფილებით და მათთვის საჭირო აღარ იქნება ზეციერი სამღვდელოება. დადგება დრო, როდესაც იესო ქრისტე „მეფობას გადასცემს უფალსა და მამას“ (1 კორინთელთა 15:24). სატანა „მცირე ხნით“ გათავისუფლდება, რომ გამოსცადოს სრულყოფილი კაცობრიობა. ყოველი, ვინც არ აღმოჩნდება ერთგული, მარადიულად განადგურდება სატანასა და მის დემონებთან ერთად. ხოლო რომლებიც ერთგულები დარჩებიან, დაჯილდოვდებიან მარადიული სიცოცხლით. ისინი იქნებიან მიწიერი სამოთხის მარადიული მაცხოვრებლები. ამგვარი იქნება სიმბოლური კარვობის დღესასწაულის დიდებული და წარმატებული დასასრული. იქნება იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მარადიული დიდებისა და ადამიანების მარადიული ბედნიერების ტრიუმფი (გამოცხადება 20:3, 7–10, 14, 15).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება