საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ტერორიზმი და ბავშვები
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ივნისი
    • ტერორიზმი და ბავშვები

      ჩრდილოეთ უგანდაში შებინდებისას ათასობით ბავშვი ფეხშიშველა მიუყვება გზას. ისინი თავიანთი სოფლებიდან გულუში, კიტგუმში, ლირაში და სხვა ახლომდებარე ქალაქებში მიდიან. ქალაქში ჩასვლისას ბავშვები ღამის გასათევს შენობებში, ავტოსადგურებში, პარკებსა და ეზოებში ნახულობენ. მზის ამოსვლისას კი იმავე გზას ადგებიან და სახლში ბრუნდებიან. რატომ იქცევიან ისინი ასე უჩვეულოდ?

      ზოგი ამ ბავშვებს „ღამის ლტოლვილებს“ უწოდებს. ისინი თავიანთ კერას მზის ჩასვლისთანავე ტოვებენ. ბინდის ჩამოწოლის შემდეგ სახლში მათი დარჩენა საშიშია.

      თითქმის ორი ათეული წელია, რაც პარტიზანთა რაზმები თავს ესხმიან სოფლებს და იტაცებენ ბავშვებს. ყოველწლიურად ისინი ასობით გოგონასა და ბიჭს სახლიდან იტაცებენ და მიუვალ ტყეებში მალავენ. გატაცებები ძირითადად ღამით ხდება. ბავშვებს მებრძოლებად და მტვირთავებად იყენებენ. გოგონებს აუპატიურებენ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბავშვებს შეიძლება ცხვირი ან ტუჩები მოაჭრან. თუ ვინმე გაქცევას შეეცდება, მას ენით გამოუთქმელი სისასტიკით კლავენ.

      ტერორისა და ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ეს ბავშვები არ არიან. სიერა–ლეონეში მცხოვრებ დასახიჩრებულ მოზარდებს ფეხიც არ ჰქონდათ ნორმალურად ადგმული, როცა დანებით შეიარაღებულმა მოძალადეებმა კიდურები მოაჭრეს. ავღანეთში ბავშვები პეპლის ფორმის ნაღმებთან თამაშობენ. ამ ფერადი „სათამაშოების“ აფეთქების შედეგად კი ისინი თითებსა და თვალებს კარგავენ.

      ზოგი ბავშვი ტერორიზმის სხვაგვარი გამოვლინების მსხვერპლი ხდება. მაგალითად, 1995 წელს ქალაქ ოკლაჰომა–სიტიში ტერორისტულ თავდასხმას 168 ადამიანის, მათ შორის 19 ბავშვის, სიცოცხლე შეეწირა. ამ ბავშვებიდან ზოგი მხოლოდ რამდენიმე კვირის იყო. როგორც ქარი აქრობს მოციმციმე სანთელს, ისე ბომბის აფეთქებამ მოულოდნელად მოუსწრაფა ამ პატარებს სიცოცხლე. ერთმა ტერორისტულმა აქტმა მათ წაართვა ბავშვობის, თამაშის, სიცილის და დედ–მამის გულში ჩახუტების უფლება.

      ეს ყველაფერი ამ ბოლო დროს ხდება, მაგრამ საუკუნეებია, რაც ტერორი და ძალადობა კაცობრიობას თავის კვალს აჩნევს. ამას მომდევნო სტატიაც დაგვანახვებს.

      შვილის სიკვდილისთვის „მომზადებულები“

      «ამ დილით ჩემმა თერთმეტი წლის ვაჟმა, როცა გავაღვიძე, მკითხა: „უკვე მოხდა დღევანდელი თავდასხმა?“» ამ სიტყვებს ვკითხულობთ დეივიდ გროსმანის წიგნში, რომელშიც აღწერილია ძალადობით მოცულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მდგომარეობა. „ჩემი ვაჟი ძალიან შეშინებულია“, — ამბობს შემდეგ მამა.

      ბოლო დროს იმდენი ბავშვი ეწირება ტერორისტთა თავდასხმებს, რომ ზოგი მშობელი „მომზადებულია“ შვილის სიკვდილისთვის. გროსმანი თავის წიგნში წერს: „არასოდეს დამავიწყდება ერთ დასაქორწინებელ წყვილთან საუბარი მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ისინი დაქორწინებას და სამი შვილის ყოლას აპირებდნენ. სამის და არა ორის, რადგან ერთს თუ მოუკლავდნენ, ორი მაინც გადაურჩებოდათ“.

      მაგრამ თუ ორს ან სამივეს მოუკლავდნენ? ამაზე მათ არაფერი უთქვამთa.

      a ციტატები აღებულია დეივიდ გროსმანის წიგნიდან „როცა სიკვდილი ცხოვრების გზაა“.

  • სისხლით დაწერილი ისტორია
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ივნისი
    • სისხლით დაწერილი ისტორია

      სულ რამდენიმე წლის წინ ტერორისტული აქტები მხოლოდ ერთეული ადგილებისთვის იყო დამახასიათებელი, მაგალითად ჩრდილოეთ ირლანდიისთვის, ბასკების ქვეყნისთვის (ჩრდილოეთი ესპანეთი) და ახლო აღმოსავლეთისთვის. დღეს კი, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ–იორკში ცათამბჯენების ჩამონგრევის შემდეგ, ტერორიზმი მსოფლიო პრობლემად იქცა. ტერაქტებმა მოიცვა ბალის სამოთხისებური კუნძულები, მადრიდი (ესპანეთი), ლონდონი (ინგლისი), შრი–ლანკა, ტაილანდი და ნეპალიც კი. მიუხედავად ამისა, ტერორიზმი კაცობრიობისთვის სიახლე არ არის. რას ნიშნავს სიტყვა „ტერორიზმი?“

      ტერორიზმი განიმარტება როგორც „ადამიანის ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძალის უკანონოდ გამოყენება ადამიანების ან საკუთრების წინააღმდეგ, საზოგადოების თუ მთავრობის დაშინების ან იძულების მიზნით, რასაც ხშირად იდეოლოგიური ან პოლიტიკური სარჩული აქვს“ (The American Heritage Dictionary of the English Language). თუმცა პუბლიცისტი ჯესიკა სტერნი აღნიშნავს: „ტერორიზმს მრავალი მნიშვნელობა აქვს . . . მაგრამ არსებობს ორი თავისებურება, რომლებიც მას რადიკალურად განასხვავებს ძალადობის სხვა ფორმებისგან“. რას გულისხმობს ის? „პირველი, ტერორიზმი მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ . . . მეორე, ტერორისტები ძალადობას შიშის ჩასანერგად მიმართავენ, რაც ხშირად მათთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაზე მნიშვნელოვანია. სწორედ დამთრგუნველი შიშის ჩანერგვის მცდელობა განასხვავებს ტერორიზმს ჩვეულებრივი მკვლელობისა თუ თავდასხმისგან“.

      ძალადობის ფესვები წარსულში

      იუდეაში პირველ საუკუნეში არსებობდა მოძალადე ადამიანთა ჯგუფი. ისინი ზილოტების სახელით იყვნენ ცნობილნი და იუდეველთა თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ამ ჯგუფის თავგამოდებულ წევრებს „სიკარიელებს“ ანუ „მახვილიან კაცებს“ უწოდებდნენ. ისინი მახვილებს ტანსაცმელში მალავდნენ. იერუსალიმში გამართული დღესასწაულების დროს სიკარიელები ხალხში ერეოდნენ, რათა თავიანთი მტრებისთვის ყელი გამოეჭრათ ან ზურგში მახვილი ჩაეცათa.

      ახ. წ. 66 წელს ზილოტებმა ხელში ჩაიგდეს მკვდარი ზღვის ახლოს მდებარე მასადის ციხესიმაგრე. მათ გაანადგურეს რომის გარნიზონი და ციხესიმაგრეში დაბანაკდნენ. იქიდან წლების განმავლობაში ახორციელებდნენ თავდასხმებს და მოსვენებას არ აძლევდნენ რომაელთა სამხედრო ძალებს. ახ. წ. 73 წელს რომის მეათე ლეგიონმა ფლავიუს სილვას მეთაურობით დაიბრუნა მასადა, თუმცა მათ ზილოტები ვერ დაიმორჩილეს. ერთი თანამედროვე ისტორიკოსის თქმით, ზილოტებმა რომაელთა ხელში ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინეს: 960–მა ზილოტმა — ყველამ ორი ქალისა და ხუთი ბავშვის გარდა — თავი მოიკლა.

      ზოგი თვლის, რომ ტერორიზმის პირველი გამოვლინება ზილოტების თავდასხმები იყო. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: ტერორიზმმა ისტორიას თავისი დაღი დაასვა.

      ტერორიზმი ქრისტიანულ სამყაროში

      1095 წლიდან დაწყებული ორი საუკუნის განმავლობაში ჯვაროსნებმა არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ აზიელი და ჩრდილოეთ აფრიკელი მუსლიმანები. ორივე მხარეს იერუსალიმის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება და უპირატესობის მოპოვება სურდა. „წმინდა მებრძოლები“ ერთმანეთს ჩეხდნენ. ისინი მათაც კი მახვილებითა და საომარი ნაჯახებით ხოცავდნენ, ვინც ბრძოლის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდებოდა. მე–12 საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირი, უილიამ ტვიროსელი, 1099 წელს იერუსალიმში ჯვაროსნების შესვლას ასეთნაირად აღწერს:

      „ისინი იერუსალიმის ქუჩებში მახვილებითა და შუბებით შევიდნენ. ვინც კი შეხვდებოდათ, არავის ინდობდნენ. კაცებს, ქალებსა და ბავშვებს — ყველას კლავდნენ . . . ქუჩებში იმდენი გვამი ეყარა, რომ შეუძლებელი იყო მათთვის გვერდის ავლა . . . ქუჩებში სისხლის ისეთი ნიაღვარი მოდიოდა, რომ არხები და თხრილები ივსებოდა. ქალაქის ქუჩები გვამებით იყო სავსე“b.

      ბოლო საუკუნეებში ტერორისტებმა დაიწყეს ფეთქებადი ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რამაც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

      მილიონობით მსხვერპლი

      1914 წლის 28 ივნისს ევროპის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ. ერთმა სერბმა ახალგაზრდამ, რომელსაც ბევრი გმირად აღიარებდა, მოკლა ავსტრიის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. ეს მკვლელობა გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი, რომელსაც მთლიანობაში 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

      1914 წლის 28 ივნისს მთელი მსოფლიო ომში ჩაება.

      პირველ მსოფლიო ომს მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც უფრო მეტი სისასტიკით გამოირჩეოდა. ხალხს საკონცენტრაციო ბანაკებში ყრიდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ და უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ადამიანთა ხოცვა–ჟლეტა კვლავ გრძელდებოდა. გასული საუკუნის 70–იან წლებში კამბოჯაში მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული. რუანდაში ხალხი დღესაც ვერ ივიწყებს ეთნიკურ შუღლს, რომელმაც 90–იან წლებში 800 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

      1914 წლიდან ტერორისტთა საქმიანობამ ბევრ ქვეყანას მიაყენა ზიანი. მიუხედავად ამისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხალხისთვის წარსული არ არის კარგი გაკვეთილი. დღეს ტერორისტული თავდასხმების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით სახიჩრდება, მილიონებს კი მშვიდად ცხოვრების უფლება ერთმევა. ბაზრებში ბომბებს აფეთქებენ, სოფლებს წვავენ, ქალებს აუპატიურებენ, ბავშვებს იტაცებენ და ადამიანებს ხოცავენ. ამ სადისტურ ქმედებებს ვერც კანონები და ვერც მათი საყოველთაოდ დაგმობა აჩერებს. არსებობს რაიმე გზა ტერორიზმის დასამარცხებლად?

      a საქმეების 21:38–ის თანახმად, რომაელმა ათასისთავმა უსამართლოდ დაადანაშაულა მოციქული პავლე 4 000 „მეამბოხის“ ანუ „სიკარიელის“ მეთაურობაში.

      b იესო თავის მოწაფეებს მოუწოდებდა, ‘ყვარებოდათ თავიანთი მტრები’. ის არ ასწავლიდა მათ, რომ შეეძულებინათ და მოეკლათ ისინი (მათე 5:43—45).

  • დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება!
    გამოიღვიძეთ! — 2006 | ივნისი
    • დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება!

      ზოგი თვლის, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და რელიგიური სიწმინდის მიღწევა შეუძლებელია ძალადობის გარეშე. მათი აზრით, არასასურველი მმართველების თავიდან მოსაცილებლად ძალა უნდა იქნეს გამოყენებული. წესრიგის შესანარჩუნებლად და ხალხის დასამორჩილებლად ზოგი მთავრობა ტერორს მიმართავს. მაგრამ ტერორიზმი მმართველობისა და სოციალური რეფორმების ეფექტური საშუალება რომ იყოს, მას მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა უნდა მოჰყვებოდეს; ძალადობა და შიში ნაკლებად უნდა არსებობდეს. განა ვხედავთ ჩვენ გარშემო ამას?

      ტერორიზმის შედეგი მხოლოდ სიცოცხლის გაუფასურება, სისხლისღვრა და სისასტიკეა. ტერორიზმით მიყენებული ტკივილი ხშირად მის მსხვერპლთ შურისძიებისკენ უბიძგებს, რასაც თან სდევს კიდევ უფრო მეტი ძალადობა და რეპრესიები.

      პრობლემებს ძალადობით ვერ გადავჭრით

      უკვე ათასწლეულებია, რაც ადამიანები საკუთარი ძალით ცდილობენ პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური პრობლემების გადაჭრას, მაგრამ ამაოდ. ბიბლიაში სამართლიანად წერია: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). იესომ თქვა: „სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). ამ ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, ტერორიზმზე დაიმედება ნამდვილად არ ღირს. ტერორიზმს თავისუფლება და ბედნიერება ჯერ არავისთვის მოუტანია. მას მხოლოდ სიკვდილი, უბედურება და ნგრევა მოაქვს. მე–20 საუკუნე სავსე იყო ტერორიზმის საშინელი შედეგებით და კიდევ უფრო უარესად დაიწყო 21–ე საუკუნე. ბევრის აზრით, ტერორიზმი პრობლემების გადაჭრის საშუალება კი არა, ცალკე გადასაჭრელი პრობლემაა.

      „ყოველდღე იმას ვნატრობ, რომ ოჯახის წევრი ან მეგობარი არ მომიკლან . . . ალბათ სასწაული გვჭირდება“, — ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ გოგონას, რომელიც იმის მომსწრე გახდა, თუ როგორ გააპარტახა ტერორიზმმა ადგილი, სადაც ის ცხოვრობდა. მის სიტყვებში ვხედავთ აზრს, რომელსაც ბევრი იზიარებს: ხალხის პრობლემების გადაჭრა ადამიანის ძალებს აღემატება. მხოლოდ შემოქმედს შეუძლია გადაჭრას დედამიწაზე არსებული პრობლემები, მათ შორის ტერორიზმი. გვაქვს საფუძველი, რომ ვენდოთ ღმერთს?

      რატომ უნდა გვქონდეს ღვთის იმედი?

      ღვთის იმედი უპირველესად იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ მან მოგვცა სიცოცხლე და სურს, რომ მშვიდობიანად და ბედნიერად ვიცხოვროთ. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი“ (ესაია 64:8). იეჰოვა, როგორც შემოქმედი, კაცობრიობის მამაა. ამიტომ მისთვის ძვირფასია ყველა ეროვნების ადამიანი. ის არ არის დამნაშავე იმ უსამართლობასა და სიძულვილში, რაც ტერორიზმის უკან დგას. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ“ (ეკლესიასტე 7:29, სსგ). ტერორიზმის არსებობის მიზეზი ადამიანთა ბოროტება და დემონური გავლენაა და არა ის, რომ ღმერთმა სადღაც შეცდომა დაუშვა (ეფესოელები 6:11, 12).

      იეჰოვასადმი ნდობის მეორე მიზეზი ის არის, რომ მას, როგორც შემოქმედს, ყველაზე უკეთ ესმის კაცობრიობის პრობლემების მიზეზი და იცის, როგორ გადაჭრას ისინი. ბიბლიაში, კერძოდ კი იგავების 3:19–ში, ვკითხულობთ: „უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცა“. წარსულში ერთმა მამაკაცმა, რომელიც მთელ იმედს ღმერთზე ამყარებდა, დაწერა: „საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა“ (ფსალმუნები 120:1, 2).

      არსებობს მესამე მიზეზიც, რის გამოც უნდა ვამყარებდეთ ღმერთზე იმედს: ღმერთს შესწევს ძალა ძალადობისა და სისხლისღვრის შესაჩერებლად. ნოეს დროს „აღივსო იგი [ქვეყანა] ძალადობით“ (დაბადება 6:11). მაშინ ხალხს მოულოდნელად დაატყდა თავს ღვთის ყოვლისმომცველი განაჩენი: „[ღმერთმა] არ დაინდო ძველი ქვეყნიერება . . . როცა უღმერთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტრე 2:5).

      ბიბლია გვეუბნება, თუ რას უნდა ვსწავლობდეთ ნოეს დროს მომხდარი წარღვნიდან: „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“ (2 პეტრე 2:9). ღმერთს შეუძლია ისინი, ვისაც ნამდვილად სურს უკეთესი ცხოვრება, გაარჩიოს მათგან, ვინც სხვებს სიცოცხლეს უმწარებს. ამ უკანასკნელთ ღმერთი გამოაცალკევებს „უღმერთო ადამიანთა . . . დაღუპვის დღისთვის“. მათ კი, ვინც მშვიდობისკენ ისწრაფვის, ღმერთი უმზადებს ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე (2 პეტრე 3:7, 13).

      მშვიდობა საბოლოოდ დამყარდება!

      ბიბლიის დამწერები სიტყვა „დედამიწაში“ ხშირად ადამიანებს გულისხმობდნენ. მაგალითად, ფსალმუნების 32:8–ში მოხსენიებულია „მთელი დედამიწა“ ანუ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები. მოციქულ პეტრეს ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც „ახალი დედამიწა“ მოიხსენია. იეჰოვა ღმერთი განაახლებს ადამიანთა საზოგადოებას იმ გაგებით, რომ ძალადობისა და სიძულვილის ნაცვლად დედამიწაზე სამართლიანობა „დამკვიდრდება“. მიქას 4:3–ში ნაწინასწარმეტყველებია: „გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან“.

      როგორ იცხოვრებს ხალხი, როცა ეს წინასწარმეტყველება შესრულდება? მიქას 4:4–ში წერია: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“. დედამიწაზე სამოთხეში აღარავის ექნება მომდევნო ტერაქტის შიში. შეგიძლიათ ენდოთ ამ დაპირებას? დიახ, რადგან „უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“.

      დღეს, როცა ტერორიზმი უფრო და უფრო სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ხალხს შიშის ზარს სცემს, მშვიდობის მოყვარული ადამიანები ხსნას იეჰოვა ღმერთისგან ელიან. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც იეჰოვა ვერ გადაჭრის. ის ბოლოს მოუღებს ძალადობას, ტანჯვას და სიკვდილსაც კი. ბიბლია ამბობს: „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“ (ესაია 25:8). მალე ყველგან, სადაც ადამიანები ტერორიზმით გამოწვეულ ტკივილსა და შიშს განიცდიან, მშვიდობა დაისადგურებს. ღმერთი, რომელმაც „შეუძლებელია ტყუილი თქვას“, გვპირდება ასეთ მშვიდობას; მშვიდობას, რომელიც ასე სწყურია კაცობრიობას (ტიტე 1:2; ებრაელები 6:17, 18).

      ტყვიებისა და ბომბების ალტერნატივა

      ქვემოთ მოცემულია იმ პირთა გამონათქვამები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ პოლიტიკური ცვლილებების მოსახდენად ძალადობისთვის უნდა მიემართათ.

      • „ისტორიული წიგნების კითხვისას ვხედავდი, რომ მეფეები და მაღალი თანამდებობის პირები ყოველთვის ბატონობდნენ უბრალო ხალხზე; ვხედავდი, როგორ იჩაგრებოდა საზოგადოების დაბალი ფენა. როდესაც ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა მოღებოდა ბოლო ადამიანთა ტანჯვას, ერთადერთ გამოსავლად იარაღის გამოყენება და შურისძიება მიმაჩნდა“ (რამონიa).

      • „შეიარაღებულ დაპირისპირებებში ვმონაწილეობდი იმ მიზნით, რომ გადამდგარიყო ძველი მთავრობა და დამყარებულიყო ახალი წყობა, სადაც ადამიანთა შორის უთანასწორობა აღარ იქნებოდა“ (ლუჩანო).

      • „ბავშვობიდანვე მაწუხებდა უსამართლობა, რაც ასე ფართოდ იყო გავრცელებული — სიღარიბე, დამნაშავეობა და ის, რომ არავინ ზრუნავდა ხალხის განათლებასა და მკურნალობაზე. ვფიქრობდი, რომ იარაღს თუ გამოვიყენებდით, ყველა იქნებოდა უზრუნველყოფილი განათლებით, საცხოვრებლით, სამუშაოთი და სამედიცინო მომსახურებით. ასევე ვთვლიდი, რომ უნდა დასჯილიყო ყველა, ვინც სხვას უპატივცემულოდ მოექცეოდა ან აბუჩად აიგდებდა“ (პიტერი).

      • „მე და ჩემი ქმარი გაერთიანებული ვიყავით საიდუმლო ორგანიზაციაში, რომელიც მხარს უჭერდა ძალადობრივ ქმედებებს. გვსურდა, ისეთი ხელისუფლება მოსულიყო, რომელიც წესრიგს დაამყარებდა და ხალხის კეთილდღეობასა და თანასწორუფლებიანობაზე იზრუნებდა. ჩვენს ქვეყანაში უსამართლობის აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებად ხელისუფლებასთან შეირაღებული დაპირისპირება მიგვაჩნდა“ (ლურდესი).

      ეს ადამიანები, ხალხს ტანჯვისგან გათავისუფლებაში რომ დახმარებოდნენ, ძალას მიმართავდნენ. მაგრამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შემდეგ მათ დაინახეს, რომ პრობლემების გადაჭრის უკეთეს გზას ღვთის სიტყვა გვთავაზობს. იაკობის 1:20-ში ნათქვამია: „კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“.

      არსებული მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ ღვთის მმართველობას ძალუძს. ბიბლიური წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც ჩაწერილია მათეს 24-ე თავსა და 2 ტიმოთეს 3:1—5-ში, ვხედავთ, რომ ადამიანთა მმართველობას ძალიან მალე ღვთის მმართველობა შეცვლის. ამის შესახებ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლით.

      a სახელები შეცვლილია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება