საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დღე, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ჩამოიქცა
    გამოიღვიძეთ! — 2002 | იანვარი 8
    • დღე, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ჩამოიქცა

      ორიათას პირველი წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში დატრიალებულმა მოვლენებმა მსოფლიოში მცხოვრებ მილიარდობით თუ არა, მილიონობით ადამიანის გონებაზე მაინც დატოვა წარუშლელი კვალი. სად იმყოფებოდით, როდესაც ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და ვაშინგტონში პენტაგონის შენობაზე თავდასხმის სცენები იხილეთ ან მათ შესახებ მოისმინეთ?

      აურაცხელი ქონების და, რაც ბევრად უფრო დასანანია, უამრავი ადამიანის სიცოცხლის ელვისებურმა განადგურებამ კაცობრიობა საგონებელში ჩააგდო და დააფიქრა.

      რას ვსწავლობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვანიჭებთ ცხოვრებაში უპირატესობას და რა არჩევანს ვაკეთებთ? როგორ დაგვანახვა ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა ადამიანის ზოგიერთი საუკეთესო თვისება — თავგანწირვა, თანაგრძნობა, სიმტკიცე და უანგარობა? ამ და მომდევნო სტატიაში ვეცდებით, პასუხი გავცეთ ბოლო კითხვას.

      გადარჩენილთა მონათხრობი

      ნიუ-იორკში ტრაგედიის დატრიალებისთანავე მეტრო დაიხურა და ქვედა მანჰეტენს რომ გასცლოდნენ, უამრავ ადამიანს ბრუკლინისა და მანჰეტენის ხიდების ფეხით გადაკვეთა მოუწია. აქ მათ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს კუთვნილი შენობები დაინახეს. უბედურების ზონიდან გამოქცეულთაგან ზოგმა მაშინვე ამ შენობებს მიაშურა.

      აქ მოსულთაგან ერთ-ერთი პირველი იყო ალიშა (მარჯვნივ), იეჰოვას მოწმის ქალიშვილი. ის მტვერსა და ფერფლში იყო ამოგანგლულიa. მან მოგვითხრო: „სამსახურში მატარებლით მივდიოდი და ამ დროს მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან გამომავალი კვამლი დავინახე. როდესაც ტრაგედიის ადგილზე აღმოვჩნდი, დავინახე, რომ მიწა სულ შუშის ნამსხვრევებით იყო მოფენილი. აშკარად დიდი სიმხურვალე ვიგრძენი. პოლიცია შემთხვევის ადგილიდან ხალხის ევაკუაციას ცდილობდა, ისინი კი ყველა მიმართულებით გარბოდნენ. ეს ტერიტორია საომარ ზონას ჰგავდა.

      ახლომდებარე შენობას შევაფარე თავი. შემდეგ აფეთქების ხმა გავიგონე — სამხრეთ ცათამბჯენს მეორე თვითმფრინავი შეასკდა. თვალებს არ ვუჯერებდი, ყველაფერი შავ კვამლში გაეხვია. გვითხრეს, საშიში ზონა დაგვეტოვებინა მომცრო გემით, რომელსაც ისტ-რივერის გადაკვეთით ბრუკლინში უნდა გადავეყვანეთ. როდესაც მეორე მხარეს გადავედი, ავიხედე და დავინახე დიდი წარწერა: „საგუშაგო კოშკი“! დედაჩემის რელიგიის მიმდევართა მთავარი სამმართველო! მყისვე იქით გავეშურე. ვიცოდი, რომ უკეთეს თავშესაფარს ვერც კი ვინატრებდი. მოვწესრიგდი და მშობლებს ჩემი ადგილსამყოფელი შევატყობინე“.

      უენდელი (მარჯვნივ) ორ ცათამბჯენს შორის მდებარე სასტუმრო „მერიოტში“ მუშაობდა შვეიცრად. მან მოგვითხრო: „პირველი აფეთქება რომ მოხდა, მისაღებში ვმორიგეობდი. ვხედავდი, როგორ ცვიოდა ნამსხვრევები ყველა მხრიდან. ქუჩის მეორე მხარეს გავიხედე და მიწაზე გართხმული, ცეცხლის ალში გახვეული კაცი დავინახე. პიჯაკი და პერანგი გავიძრე და მივვარდი, რომ ტანსაცმლით ცეცხლი რამენაირად ჩამექრო. ამასობაში სხვა გამვლელიც შემომეშველა. წინდებისა და ფეხსაცმლის გარდა მამაკაცს ტანისამოსი მთლიანად დასწვოდა. შემდეგ მეხანძრეები მოგვიახლოვდნენ და დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად წაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ CBS-ის სატელევიზიო არხის თანამშრომელმა ბრაიანტ გემბელმა დამირეკა და მთხოვა, მომეთხრო, რისი თვითმხილველიც გავხდი. ჩემი ოჯახის წევრებმა, რომლებიც ვირჯინის კუნძულებზე ცხოვრობენ, ჩემი მონათხრობი ტელევიზიის მეშვეობით მოისმინეს და გაიგეს, რომ ცოცხალი ვიყავი“.

      დონალდი, მსოფლიო საფინანსო ცენტრის ახოვანი თანამშრომელი, ამავე ცენტრის 31-ე სართულზე იმყოფებოდა და ორივე კოშკსა და სასტუმრო „მერიოტს“ პირდაპირ გაჰყურებდა. მან თქვა: „ნანახმა გამაოგნა და შემაძრწუნა. ხალხი ჩრდილო ცათამბჯენის ფანჯრებიდან ვარდებოდა და ხტებოდა. ისტერიკა დამემართა და შენობიდან ელვის სისწრაფით გამოვვარდი“.

      საზარელი შემთხვევის მოწმენი გახდნენ ასევე ხანში შესული დედა და მისი ორი ქალიშვილი, რომლებიც 40 წელს იქნებოდნენ გადაცილებული. რუთი და მისი და, ჯოუნი, დედასთან, ჯანისსთან, ერთად სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარე სასტუმროში იმყოფებოდნენ. რუთი, რომელიც მედდად მუშაობს, მოგვითხრობს: „შხაპს ვიღებდი. მოულოდნელად დედამ და დამ დამიძახეს, რომ სააბაზანოდან გამოვსულიყავი. მე-16 სართულზე ვიყავით და ვხედავდით, რომ ფანჯრის ახლოს ნამსხვრევები ცვიოდა. დედაჩემმა საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩაუფრინა მამაკაცმა ერთ-ერთ სახურავს, თითქოს საიდანღაც გადმოუგდიათო.

      სასწრაფოდ ჩავიცვი და კიბეებზე დავეშვით. ყველა მხრიდან საშინელი კივილის ხმა მოისმოდა. ქუჩაში გავვარდით. აფეთქების ხმა გავიგონეთ და აბრიალებული ცეცხლის ალი დავინახეთ. გვითხრეს, რომ ავჩქარებულიყავით და გავქცეულიყავით ბატერის პარკის სამხრეთით მდებარე გემისკენ, რომელიც სტატენის კუნძულამდე მიგვიყვანდა. გზად დედა თვალთახედვის არედან დაგვეკარგა, მას კი ქრონიკული ასთმა აწუხებს. რა ეშველებოდა ამ კვამლში, ფერფლსა და მტვერში? ნახევარი საათი ვეძებდით, მაგრამ ამაოდ. თუმცა, თავიდან ზედმეტად არ გვინერვიულია, რადგან ვიცოდით, რომ დედა არ დაიბნეოდა და თავს ხელში აიყვანდა.

      საბოლოო ჯამში გეზი ბრუკლინის ხიდისკენ აგვაღებინეს და მის მეორე მხარეს გადავედით. წარმოიდგინეთ, როგორი შვებით ამოვისუნთქეთ, როდესაც ბრუკლინში აღმოვჩნდით და დავინახეთ უზარმაზარი წარწერა „საგუშაგო კოშკი“! მივხვდით, რომ სამშვიდობოს ვიყავით გასული.

      თბილად მიგვიღეს და თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველგვყვეს. ტანსაცმელიც მოგვცეს, რადგან აღარაფერი გვებადა. მაგრამ დედა სადღა იყო? მთელი ღამე ვეცადეთ მისი კვალის მიგნებას საავადმყოფოებში, მაგრამ უშედეგოდ. მეორე დღეს, დაახლოებით დილის თორმეტის ნახევარზე, გვაცნობეს, რომ დედა ქვემოთ, მისაღებში გველოდა! მას რაღა გადახდა?“.

      დედა, ჯანისი, განაგრძობს თხრობას: «სასტუმროდან გამოვვარდით, მაგრამ ჩემი მეგობრის მდგომარეობა მადარდებდა, რადგან ის ასაკით ჩემზე უფროსია და ჩვენს ნაბიჯებს ვერ აჰყვებოდა. მინდოდა, დავბრუნებულიყავი და ის ქალი გამომეყვანა, მაგრამ ამის გაკეთება ძალზე საშიში იყო. არეულობაში ჩემს ქალიშვილებს დავშორდი. მაგრამ ზედმეტად არ მინერვიულია, რადგან ისინი საკმაოდ მშვიდები არიან, რუთი კი გამოცდილი მედდაა.

      სადაც არ უნდა გამეხედა, ხალხს დახმარება სჭირდებოდა — განსაკუთრებით ბავშვებსა და ჩვილებს. რამდენზეც ხელი მიმიწვდა, იმდენს შევეშველე. მივედი იმ ადგილას, სადაც ამოწმებდნენ, ვის რა დაზიანება ჰქონდა, და ამისდა მიხედვით აღმოუჩენდნენ სამედიცინო დახმარებას. მეც შევეშველე და მურითა და მტვრით გასვრილ პოლიციელსა და მეხანძრეს ხელ-პირი მოვბანე. იქ დილის სამ საათამდე დავრჩი. ამის შემდეგ სტატენის კუნძულამდე მიმავალ ბოლო გემს გავყევი. ვიფიქრე, რომ ჩემი ქალიშვილები ალბათ იქ იპოვიდნენ თავშესაფარს, მაგრამ ისინი ვერ ვნახე.

      დილით პირველივე გემით მინდოდა მანჰეტენში დაბრუნება, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან სასწრაფო დახმარების თანამშრომელი არ ვიყავი. შემდეგ ერთი პოლიციელი დავინახე, რომელსაც წინადღით დახმარება აღმოვუჩინე. დავუძახე: „ჯონ! მანჰეტენში უნდა დავბრუნდე“. მან მიპასუხა: „გამომყევი“.

      მანჰეტენში დაბრუნებისას სასტუმრო „მერიოტისკენ“ გავეშურე. იქნებ ჯერ კიდევ ყოფილიყო იმის შანსი, რომ ჩემს მეგობარს დავხმარებოდი. მაგრამ არა! სასტუმროსგან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. ქალაქის ცენტრი ჩამკვდარიყო — სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ შეიმჩნეოდა. მხოლოდ პოლიციელები და მეხანძრეები მიმოდიოდნენ დატანჯული და დამწუხრებული სახეებით.

      გეზი ბრუკლინის ხიდისკენ ავიღე. როდესაც მის მეორე მხარეს გადავედი, ნაცნობი წარწერა დავინახე — „საგუშაგო კოშკი“. იქნებ აქ მაინც მეპოვა ჩემი ქალიშვილები. მართლაც, ისინი ჩემს შესახვედრად ჩამოვიდნენ მისაღებში. ერთმანეთი გულში ჩავიკარით და ღაპაღუპით წამოგვცვივდა ცრემლები.

      საოცარი ის არის, რომ მთელი იმ კვამლის, ფერფლისა და მტვრის მიუხედავად ასთმას ერთხელაც არ შევუწუხებივარ. სულ ვლოცულობდი, რომ სხვებს დავხმარებოდი და ტვირთად არავის დავწოლოდი».

      „დაჯდომით ვერსად დაჯდებოდა!“

      ახალგაზრდა რეიჩელმა მოუთხრო „გამოიღვიძეთ!“ -ის კორესპონდენტს: „ქვემო მანჰეტენში ვიყავი და გზას მივუყვებოდი, როდესაც თვითმფრინავის გრუხუნი გავიგონე. ხმაური იმდენად ძლიერი იყო, რომ ავიხედე. თვალს ვერ ვუჯერებდი — უზარმაზარი ლაინერი აშკარად დაბლა ეშვებოდა. მიკვირდა, რატომ მოფრინავს ასე დაბლა, თანაც ელვის სისწრაფით. დაჯდომით ვერსად დაჯდებოდა! ალბათ პილოტმა კონტროლი დაკარგა. შემდეგ ქალის კივილი გავიგონე: „თვითმფრინავი შენობას შეასკდა!“. ჩრდილო ცათამბჯენიდან ცეცხლის უშველებელი ალი გამოვარდა. შენობაში უზარმაზარი შავი ხვრელი დავინახე.

      ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი რამ, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. თავი სიზმარში მეგონა. გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა და ერთ ადგილზე გავშეშდი. ცოტა ხანში მეორე ცათამბჯენსაც შეასკდა თვითმფრინავი და, საბოლოო ჯამში, ორივე შენობა ჩამოიქცა. ისტერიკაში ჩავვარდი, მეტის ატანა აღარ შემეძლო!“.

      „თუ საქმე გაცურვაზე მიდგა, გავცურავ“

      16 წლის დენიზი ახალი მისული იყო სკოლაში, რომელიც ამერიკის საფონდო ბირჟის უკან მდებარეობს, ხოლო თავად ბირჟა მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან სამხრეთით სამი კვარტლის მოშორებითაა. «დილის 10 საათი იქნებოდა დაწყებული. ვიცოდი, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ არ ვიცოდი რა. სკოლის შენობის მე-11 სართულზე ვიყავი, ისტორიის გაკვეთილი გვიტარდებოდა. მოსწავლეებს შეშინებული სახეები ჰქონდათ. მასწავლებელს ჩვენი შემოწმება უნდოდა, ჩვენ კი — გასვლა და სახლში გაქცევა.

      შემდეგ სამხრეთ ცათამბჯენთან მეორე თვითმფრინავის შეჯახებამ სკოლის შენობა შეარყია. მაგრამ ჩვენ მაინც ვერ მივხვდით, რა მოხდა. მოულოდნელად მასწავლებლის პორტატიული რაციიდან ხმა გავიგონე: „სავაჭრო ცენტრს ორი თვითმფრინავი შეასკდა!“. ჩემთვის გავიფიქრე: „აქ გაჩერება აღარ შეიძლება. ნაღდად ტერორიზმია და მომდევნო — საფონდო ბირჟა იქნება“. ამის შემდეგ ყველანი გარეთ გამოვცვივდით.

      სირბილით ბატერის პარკისკენ დავეშვით. შევტრიალდი, რომ დამენახა, რა მოხდა. ვხედავდი, როგორ იყო სამხრეთი ცათამბჯენი ჩამოქცევის პირას მისული. გავიფიქრე, რომ ამას შეიძლება ყველა სხვა დანარჩენი მაღალი შენობების ერთიმეორეზე მიყოლებით ნგრევა მოჰყოლოდა. ცხვირი და ყელი ფერფლითა და მტვრით მქონდა სავსე და ძლივსღა ვსუნთქავდი. ისტ-რივერისკენ გავქანდი და გავიფიქრე: „თუ საქმე გაცურვაზე მიდგა, გავცურავ“. მთელი გზა იეჰოვას ვთხოვდი ლოცვაში, რომ გადავერჩინე.

      როგორც იქნა, ნიუ-ჯერსიმდე მიმავალ გემზე აღმოვჩნდი. ხუთ საათზე მეტი გავიდა, სანამ დედაჩემმა მიპოვა. კიდევ კარგი, რომ არ დავშავებულვარ!».

      „ნუთუ ეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღეა?“

      28 წლის ჯოშუა, რომელიც პრინსტონში (ნიუ-ჯერსი) ცხოვრობს, ჩრდილო ცათამბჯენის მე-40 სართულზე გაკვეთილს უძღვებოდა. აი, რას იხსენებს ის: «უეცრად ვიგრძენით, თითქოს ბომბი აფეთქდა. კედლებმა ზანზარი იწყო და გავიფიქრე: „ნაღდად მიწისძვრაა“. გარეთ გავიხედე, მაგრამ თვალებს არ ვუჯერებდი — შენობის გარშემო კვამლში გახვეული ნამსხვრევების კორიანტელი იდგა. კლასს მივმართე: „დროზე! ყველაფერი დატოვეთ და გავიქცეთ!“.

      კიბეებზე დავეშვით. ყველაფერი კვამლში იყო გახვეული, შენობის შიდა ცეცხლსაქრობი სისტემიდან წყალი შხეფდა. მაგრამ პანიკაში არავინ ჩავარდნილა. ლოცვაში ვმადლობდი ღმერთს, რომ სწორი გზა ავარჩიეთ და ცეცხლს გავერიდეთ.

      კიბეებზე რომ ჩავრბოდი, ვიფიქრე: „ნუთუ ეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღეა?“. იეჰოვას ლოცვით მივმართავდი. ვიგრძენი, რომ სიმშვიდის უცნაური გრძნობა დამეუფლა. ასეთი შინაგანი სიმშვიდე არასოდეს მიგრძვნია. არასოდეს დამავიწყდება ეს მომენტი.

      როგორც იქნა, შენობიდან გავაღწიეთ და ყველგან პოლიციელები დავინახეთ. სავაჭრო ცენტრს ავხედე და დავინახე, რომ ორივე შენობას უზარმაზარი ნაპრალი გასჩენოდა. დაუჯერებელი სანახავი იყო.

      შემდეგ საზარელი სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ათასობით ადამიანს სუნთქვა შეეკავებინა. თითქოს ნიუ-იორკი გაქვავდა. ამის შემდეგ კივილის ხმა გაისმა. სამხრეთი ცათამბჯენი ჩამოიქცა! კვამლის, მტვრისა და ფერფლის მძლავრი ტალღა გამოექანა ჩვენსკენ. კინოფილმში ნანახი სპეცეფექტები მოგაგონდებოდათ, მაგრამ ეს ყველაფერი მწარე სინამდვილე იყო. როდესაც ამ კორიანტელში გავეხვიეთ, ლამის სუნთქვა შეგვეკრა.

      მანჰეტენის ხიდისკენ გავვარდი. უცბად მოვტრიალდი და დავინახე, ჩამოქცევისას როგორ ჩაჰყვა ცათამბჯენს თავისი უშველებელი სატელევიზიო ანტენა. ხიდზე გადასვლისას ვლოცულობდი, რომ ოღონდაც ბეთელამდე, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველომდე, მიმეღწია. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ასე არ გამხარებია ამ ადგილის ნახვა. ერთ-ერთი შენობის კედელზე დიდი წარწერა იყო: „ყოველდღიურად იკითხე ღვთის სიტყვა, წმინდა ბიბლია!“, რომელსაც ათასობით ადამიანი ხედავს ყოველდღე. ვფიქრობდი: „თითქმის უკვე მოსული ვარ, კიდევ ცოტაც და. . .“.

      როდესაც მომხდარს ვაანალიზებ, ერთ რამეში ვრწმუნდები; დავინახე, რომ ნამდვილად სწორად უნდა განვსაზღვრო, თუ რას ვანიჭებ უპირატესობას — რაც უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში, მხოლოდ იმას დავაყენებ პირველ ადგილზე ერთხელ და სამუდამოდ».

      „დავინახე, როგორ ხტებოდა ხალხი ცათამბჯენიდან“

      22 წლის ჯესიკა ამ მოვლენების თვითმხილველი გახდა, როდესაც ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროდან გამოვიდა. «მაღლა ავიხედე და დავინახე, ფერფლთან და ნამსხვრევებთან ერთად როგორ ცვიოდა სხვადასხვა ფორმის ლითონის ნატეხები. ხალხი ტელეფონ-ავტომატების რიგში იდგა და შეფერხებების გამო უფრო და უფრო ვარდებოდა ისტერიკაში. ვლოცულობდი, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. შემდეგ მეორე აფეთქების ხმა გავიგე. ციდან ფოლადისა და შუშის ნამსხვრევები წამოვიდა. გავიგონე, როგორ დაიყვირეს: „ეს მეორე თვითმფრინავი იყო!“.

      ზემოთ ავიხედე და შემაძრწუნებელი რამ ვიხილე — ხალხი კვამლით სავსე ალმოდებული ზედა სართულებიდან ხტებოდა. ჯერაც თვალწინ მიდგანან მამაკაცი და ქალი, რომლებიც ფანჯრის კიდეზე დადგნენ; ხელი სარკმელზე ჩაევლოთ. ერთხანს შეყოვნდნენ, შემდეგ კი უშვეს ხელი სარკმელს და გადმოეშვნენ; მათ ვარდნას თითქოს დასასრული არ ჰქონდა. . . აუტანელი სანახავი იყო.

      როგორც კი ბრუკლინის ხიდამდე მივაღწიე, ფეხზე გავიხადე, რადგან ფეხსაცმელი სირბილში ხელს შემიშლიდა, და ხიდით ბრუკლინისკენ გავქანდი. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოში მივედი, სადაც დასამშვიდებლად მაშინვე აღმომიჩინეს დახმარება.

      იმ ღამეს სახლში წავიკითხე „გამოიღვიძეთ!“-ის 2001 წლის 22 აგვისტოს გამოცემაში დაბეჭდილი სტატიები სახელწოდებით „როგორ გავუმკლავდეთ პოსტტრავმულ სტრესს“ (ქართულად გამოიცა 8 დეკემბერს), რაც ჩემთვის პირდაპირ მისწრება იყო!».

      ამ კოლოსალურმა უბედურებამ ადამიანები აღძრა იმისკენ, რომ ვისაც რით შეეძლო, იმით აღმოეჩინა დახმარება. მომდევნო სტატიაში სწორედ ამაზე იქნება საუბარი.

      [სქოლიო]

      a „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტებმა გადარჩენილთაგან გაცილებით მეტი ინტერვიუ აიღეს, ვიდრე ამ მოკლე მიმოხილვაშია მოყვანილი. მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ მოვლენების აღწერა.

      [დიაგრამა⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      მთლიანად დაინგრა

      1 ჩრდილო ცათამბჯენი 1 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

      2 სამხრეთი ცათამბჯენი 2 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

      3 სასტუმრო „მერიოტი“ 3 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

      7 7 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

      სერიოზულად დაზიანდა

      4 4 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

      5 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

      ლ „უან ლიბერთი ფლაზა“

      დ „დოიჩე ბანკი“ „ლიბერთი სთრითი“ №130

      6 აშშ-ს საბაჟოს შენობა 6 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

      ჩს ჩრდილო და სამხრეთი საქვეითო ხიდები

      ნაწილობრივ დაზიანდა

      2ს 2 მსოფლიო საფინანსო ცენტრი

      3ს 3 მსოფლიო საფინანსო ცენტრი

      „უინთერ გარდენი“

      [საავტორო უფლება]

      As of October 4, 2001 3D Map of Lower Manhattan by Urban Data Solutions, Inc.

      [სურათები]

      სულ ზემოთ: პირველად სამხრეთი კოშკი ჩამოინგრა

      ზემოთ: ზოგი თავშესაფრის ძიებაში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ შენობებისკენ გაიქცა

      მარჯვნივ: ასობით მეხანძრე და მაშველ სამუშაოებში მონაწილე ჯგუფები შეუსვენებლად მუშაობდნენ ტრაგედიის ადგილზე

      [საავტორო უფლებები]

      AP Photo/Jerry Torrens

      Andrea Booher/FEMA News Photo

      [სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

      AP Photo/Marty Lederhandler

      [სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

      AP Photo/Suzanne Plunkett

  • მრავალი მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერა და თანაგრძნობა
    გამოიღვიძეთ! — 2002 | იანვარი 8
    • მრავალი მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერა და თანაგრძნობა

      შეერთებული შტატების ყველა კუთხიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ დასახმარებლად მოხალისეები. ერთ-ერთი ასეთი მოხალისე იყო 29 წლის მეხანძრე ტომი (სურათზე ზემოთ) ოტავადან (კანადა). მან მოუთხრო „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტებს: „ეს მოვლენები ტელევიზიით ვიხილე და ნიუ-იორკელი მეხანძრეებისთვის მორალური მხარდაჭერის სურვილი გამიჩნდა. ნიუ-იორკში პარასკევს ჩავედი, შაბათს კი უკვე ტრაგედიის ადგილზე ვიყავი, რომ ხალხს მივხმარებოდი. შევუერთდი ჯგუფს, რომლის წევრებიც ჩამწკრივებულიყვნენ და ერთმანეთს ხელიდან ხელში ნამსხვრევებით სავსე ვედროებს აწვდიდნენ.

      ნამსხვრევებს საგულდაგულოდ ვამოწმებდით, რომ აღმოგვეჩინა ისეთი რამ, რაც რომელიმე დაღუპული მეხანძრის ამოსაცნობად გამოგვადგებოდა. მე კარის შესამტვრევი ინსტრუმენტი და შლანგის შემაერთებელი დეტალი ვიპოვე. საკმაოდ შრომატევად საქმეს მოვკიდეთ ხელი. მასში დაახლოებით 50 მოხალისე იღებდა მონაწილეობას და მიუხედავად ამისა, ერთი ნაგვის მანქანის გავსებას ორი საათი მოვანდომეთ.

      ორშაბათს, 17 სექტემბერს ნანგრევებიდან რამდენიმე მეხანძრის გვამი გამოვათრიეთ, რომლებიც წინა სამშაბათს პირველები შეცვივდნენ შენობაში. არასოდეს დამავიწყდება ეს სცენა — მაშველებიდან ყველამ შეწყვიტა მუშაობა, ჩაფხუტები და მუზარადები მოიხადეს და დადგნენ — ჩვენი დაღუპული კოლეგების პატივისცემის ნიშნად.

      როდესაც ვიდექი და იქაურობას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რამდენად მყიფე და წამიერია ჩვენი სიცოცხლე. ამან კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩემს ცხოვრებაზე, სამსახურსა და ოჯახზე. რისკის მიუხედავად ძალიან მადლიანი სამუშაო მაქვს — შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო და ბევრის სიცოცხლეც კი იხსნა“.

      მოწმეები პრაქტიკულ დახმარებას სწევენ

      ტრაგედიის პირველ ორ დღეს დაახლოებით 70-მა ადამიანმა შეაფარა თავი იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოს. ზოგიერთს, ვინც სასტუმროს დანგრევის შედეგად ღამის გასათევი ადგილი და ბარგი დაკარგა, ადგილი მიუჩინეს და ტანსაცმლით უზრუნველყვეს, მათ დაპურებაზეც იზრუნეს, და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილმა ქრისტიანმა უხუცესებმა ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

      იეჰოვას მოწმეებმა უბედურების ადგილას მომუშავე სამძებრო-სამაშველო რაზმს საჭირო აღჭურვილობა და ხელსაწყოებიც გაუგზავნეს. მოწმეებმა სახანძრო დეპარტამენტს ტრანსპორტის გამოყენება შესთავაზეს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეხანძრეების მიყვანა იმ ტერიტორიამდე, სადაც სამაშველო საქმე მიმდინარეობდა. 39 წლის მოწმემ, რიკარდომ (მარჯვნივ, ზემოთ), რომელიც სანიტრად მუშაობს, სხვა ასობით ადამიანთან ერთად გამწმენდ სამუშაოებში თავისი წვლილი შეიტანა. ყოველდღიურად ტონობით ნამსხვრევები გაჰქონდათ. რიკარდომ მოგვითხრო: „შემზარავი სანახაობა იყო, განსაკუთრებით კი მეხანძრეებისთვის, რომლებიც თავიანთ დაღუპულ მეგობრებს ეძებდნენ. დავინახე, როგორ გამოიყვანეს ნანგრევებიდან ერთი ჯერ კიდევ ცოცხალი მეხანძრე; სხვა — ჩამოვარდნილ სხეულს მოუკლავს. ბევრი მეხანძრე ქვითინებდა; მეც პირქვე დავემხე და ავტირდი. მათზე მამაცი იქ არავინ მეგულებოდა“.

      „დრო და შემთხვევა“

      ათასობით ადამიანი დაიღუპა ამ კატასტროფის დროს. მათ შორის სულ მცირე, 14 მოწმეა, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე ან მის მახლობლად იმყოფებოდნენ. 65 წლის ჯოის კამინგზი, რომელიც წარმოშობით ტრინიდადიდანაა, კბილის ექიმთან უნდა მისულიყო, რომლის კაბინეტიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარეობდა. სამწუხაროდ, მისი იქ ყოფნა თითქმის იმ დროს დაემთხვა, როდესაც უბედურება დატრიალდა. როგორც ჩანს, იგი კვამლში გაეხვია, რის შემდეგაც ახლომდებარე საავადმყოფოში გააქანეს, მაგრამ მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად ჯოისი „დროისა და შემთხვევის“ მსხვერპლი გახდა (ეკლესიასტე 9:11). ჯოისი გულმოდგინე მახარობელი იყო.

      კალვინ დოუსონი (იხილეთ ჩარჩო) სამხრეთი კოშკის 84-ე სართულზე მდებარე საბროკერო ფირმაში მუშაობდა. ის თავის ოფისში იმყოფებოდა, როდესაც შემსკდარი თვითმფრინავის მიერ ხვრელგაჩენილი ჩრდილო ცათამბჯენი დაინახა. მისმა დამსაქმებელმა, რომელიც იმჟამად ოფისში არ იმყოფებოდა, დაურეკა, რომ გაეგო, რა მოხდა. აი, რა მოგვითხრო მან: «კალვინი ეცადა იმის თქმას, რასაც ხედავდა. მან მითხრა: „ხალხი ფანჯრებიდან ხტება!“. ვუთხარი, რომ ყველას დაეტოვებინა იქაურობა და გამოქცეულიყვნენ». კალვინმა ამის გაკეთება ვეღარ მოახერხა. მისმა უფროსმა განაგრძო: „კალვინი შესანიშნავი ადამიანი იყო. მას ყველა აფასებდა, ისინიც კი, ვინც მორწმუნეები არ იყვნენ. ჩვენ აღტაცებული ვიყავით მისი ღვთისმოსაობითა და ჰუმანურობით“.

      კიდევ ერთი მოწმე, რომელიც დაიღუპა, ჯეიმზ ამატო (მარჯვნივ დაბლა, წინა გვერდზე), ოთხი შვილის მამა და ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის კაპიტანი იყო. ისინი, ვინც მას იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ ის იმდენად გულადი იყო, რომ „ალში გახვეულ შენობაში მაშინაც კი უშიშრად შევარდებოდა ხოლმე, როცა ხალხი იქიდან გამორბოდა“. ჯეიმზს სიკვდილის შემდეგ ბატალიონის მეთაურის წოდება მიენიჭა.

      სხვა მოწმე, რომელსაც მეხანძრედ მუშაობის შვიდი წლის სტაჟი ჰქონდა, ჯორჯ დიპასკვაილი იყო. მას ჰყავდა მეუღლე, მელისა, და ორი წლის ქალიშვილი, ჯორჯია როუზი. ის უხუცესად მსახურობდა კუნძულ სტატენის იეჰოვას მოწმეთა კრებაში. სამხრეთი კოშკის ჩამოქცევისას ჯორჯი ამავე შენობის მე-10 სართულზე იმყოფებოდა. ის სხვების გადარჩენას ეცადა, მაგრამ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

      ესენი არიან მხოლოდ ორნი იმ ასობით მეხანძრის, პოლიციელისა და სასწრაფო დახმარების მუშაკთაგან, რომლებიც დაიღუპნენ იმ დროს, როცა ვაჟკაცურად ცდილობდნენ ხალხის გამოხსნას. მათი სიმამაცე შეუძლებელია არ აღინიშნოს. მოგვიანებით, ქალაქ ნიუ-იორკის მერმა რუდოლფ ჯულიანიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა მეხანძრეების ჯგუფს: „თქვენი მზადყოფნა, რომ უაღრესად რთულ ვითარებებში უკან არ დაგეხიათ, ყოველ ჩვენგანს აღაფრთოვანებს. . . და არავის არ გამოუვლენია იმაზე მეტი სიმამაცე, ვიდრე ქალაქ ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტს“.

      მსახურება ნუგეშსაცემად

      ტრაგედიის მომდევნო დღეებში შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა თითქმის 900 000-მა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა მთელ სახელმწიფოში მგლოვიარეთა სანუგეშოდ გამართულ კამპანიაში. მოყვასისადმი სიყვარულმა აღძრა ისინი, რომ დამწუხრებულები ენუგეშებინათ (მათე 22:39). მსახურებისას ისინი იმასაც ცდილობდნენ, რომ ადამიანების ყურადღება იმ ერთადერთი ნამდვილი იმედისკენ მიეპყროთ, რომელიც დამწუხრებული კაცობრიობისთვის არსებობს (2 პეტრე 3:13).

      მოწმეები დიდი თანაგრძნობით ესაუბრებოდნენ ხალხს. მათი მიზანი იყო, ბიბლიის გამოყენებით ენუგეშებინათ ხალხი და მიებაძათ ქრისტესთვის, რომელმაც შვების მომცემი მაგალითი დაგვიტოვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30).

      მანჰეტენის ადგილობრივი კრების უხუცესებს დართეს იმის ნება, რომ ტრაგედიის ადგილზე მისულიყვნენ და ნუგეშისცემის მიზნით მაშველებს დალაპარაკებოდნენ. ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი, ვინც მონაწილეობდა ამ მსახურებაში, იხსენებს: „მამაკაცებს თვალზე ცრემლი მოადგათ, როდესაც ბიბლიური მუხლები ამოვუკითხეთ“. მაშველი რაზმის წევრები ღამეს ნავსადგურში გაჩერებულ გემებზე ათევდნენ. „ამ მამაკაცებისთვის მომხდარის ხილვა იმდენად აუტანელი იყო, რომ თავი ჩაეღუნათ და სახეზე ტანჯვა აღბეჭდოდათ. გვერდით ჩამოვუსხედით და ბიბლიიდან რამდენიმე მუხლი წავუკითხეთ. მათ დიდი მადლობა გადაგვიხადეს მოსვლისთვის და გვითხრეს, რომ ნამდვილად ესაჭიროებოდათ ეს ნუგეში“.

      მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ადამიანებს ხშირად რაიმე მანუგეშებლის წაკითხვა სურდათ. მათ ათასობით ბროშურა მიიღეს. აი ზოგიერთი მათგანი: „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“, „იარსებებს ოდესმე მსოფლიო ომის გარეშე?“ და „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა „გამოიღვიძეთ!“-ის ორი ნომრის გარეკანზე წარმოდგენილ თემებს: „ტერორიზმის ახალი სახე“ (2001 წლის 22 მაისი) და „როგორ გავუმკლავდეთ პოსტტრავმულ სტრესს“ (2001 წლის 22 აგვისტო [ქართულად გამოიცა 8 დეკემბერს]). მოწმეები თანამოსაუბრეებს ძირითადად აღდგომის შესახებ ბიბლიურ იმედზე უმახვილებდნენ ყურადღებას (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). ალბათ, მილიონობით ადამიანის ყურამდე მიაღწია ამ მანუგეშებელმა ცნობამ.

      ამან კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს

      ქალაქ ნიუ-იორკში მომხდარი ტრაგედიის მსგავსმა მოვლენებმა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა არის ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. მხოლოდ პირადი ეგოისტური მიზნებისკენ ვისწრაფვით, თუ ვცდილობთ, რომ სხვებს ბედნიერება მივანიჭოთ? წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა: „რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით [„მოკრძალებით“, აქ] სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8). მოკრძალებამ უნდა აღგვძრას, რომ ღვთის სიტყვას მივმართოთ, რათა მისი მეშვეობით გავიგოთ, თუ რა იმედი არსებობს მიცვალებულთათვის, და რომ მალე ღმერთი დედამიწაზე სამოთხის პირობებს აღადგენს. თუკი ბიბლიაში ჩაწერილი დანაპირებების შესახებ მეტის გაგება გსურთ, გთხოვთ, თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდით (ესაია 65:17, 21—25; გამოცხადება 21:1—4).

      [ჩარჩო⁄სურათები 11 გვერდზე]

      ტატიანას ლოცვა

      კალვინ დოუსონის ქვრივმა, ლენამ, მოგვითხრო იმ ლოცვის შესახებ, რომელიც მისმა შვიდის წლის გოგონამ წარმოთქვა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც გაიგო, რომ მამამისი შინ აღარ დაბრუნდებოდა. ლენამ რომ ილოცა, მერე ტატიანამ ჰკითხა: „დედი, შეიძლება ვილოცო?“. დედა დაეთანხმა. ტატიანამ ილოცა: „იეჰოვა, ჩვენო ზეციერო მამავ, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საჭმლისთვის და სიცოცხლის ამ დღისთვის. და კიდევ გვინდა გთხოვოთ, რომ შენი სულით იყო ჩემთან და დედასთან, რომ უფრო გავძლიერდეთ. და კიდევ გვინდა გთხოვოთ, რომ შენი სულით იყო მამასთან, ისიც ძლიერი რომ იყოს, როცა დაბრუნდება. და როცა დაბრუნდება, იქნება ლამაზი, ძლიერი, ბედნიერი და ჯანმრთელი და ჩვენც ისევ ვნახავთ მას. იესოს სახელით. . ., და კიდევ არ დაგავიწყდეს დედას გაძლიერება. ამინ“.

      ლენა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ტატიანას ესმოდა ყველაფერი. დედამ უთხრა გოგონას: „ტატიანა, რა კარგად ილოცე. მაგრამ, საყვარელო, არ იცოდი, რომ მამა აღარ დაბრუნდება?“. ტატიანას აღელვებისგან უცებ სახე ეცვალა. „აღარ დაბრუნდება?“ — იკითხა მან. „არა, — უთხრა დედამ, — მგონი გითხარი ამის შესახებ. მეგონა, მიხვდი, რომ მამა აღარ დაბრუნდება“. ტატიანამ უთხრა: „აკი ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ის ახალ ქვეყნიერებაში დაბრუნდებაო!“. ახლა კი ლენა მიხვდა, რასაც გულისხმობდა ბავშვი და უთხრა: „მაპატიე, ტატიანა, არასწორად გაგიგე. მეგონა, თითქოს ფიქრობდი, რომ მამა ხვალ დაბრუნდებოდა“. ლენამ აღნიშნა: „მესიამოვნა, რომ ახალი ქვეყნიერების ნამდვილად სჯერა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება