-
თესალონიკეში სასიხარულო ცნობა დიდი ბრძოლის შედეგად გავრცელდასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
-
-
დაახლოებით ახ. წ. 50 წელს პავლე და მისი თანამსახური, სილა, თესალონიკეში ჩავიდნენ. ეს პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობა იყო. მაგრამ მათ სწორედ ამ მოგზაურობის დროს მიეცათ პირველად შესაძლებლობა, რომ სასიხარულო ცნობა დღევანდელი ევროპის ტერიტორიაზე ექადაგათ.
თესალონიკეში ჩასულებს ჯერ კიდევ გუშინდელი დღესავით ახსოვდათ, რა გადახდათ მაკედონიის მთავარ ქალაქ ფილიპეში, როცა სცემეს და დააპატიმრეს. მოგვიანებით პავლემ თესალონიკელებს მისწერა, რომ მათთან ყოფნისას ღვთის სასიხარულო ცნობის საუწყებლად დიდი ბრძოლა დასჭირდათ (1 თესალონიკელები 2:1, 2). უკეთესი განწყობით შეხვდებოდნენ მათ თესალონიკელები? როგორ წარიმართებოდა მათი მსახურება ამ ქალაქში? გამოიღებდა ნაყოფს?
-
-
თესალონიკეში სასიხარულო ცნობა დიდი ბრძოლის შედეგად გავრცელდასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
-
-
პავლე ჩადის თესალონიკეში
ყოველთვის, როცა პავლე ახალ ქალაქში ჩადიოდა, პირველად იუდეველებს ესაუბრებოდა. ისინი იცნობდნენ წმინდა წერილებს და ამიტომ პავლე მათთან საუბრისას თამამად იშველიებდა ციტატებს ამ წერილებიდან. ეს კი მათ სასიხარულო ცნობის გაგებაში ეხმარებოდა. რადგან პავლე ასე იქცეოდა, ერთი სწავლულის აზრით, ის ან მიკერძოებას იჩენდა თანამემამულეების მიმართ, ან იუდეველებსა და ღვთისმოშიშ ხალხს „იმ მიზნით იყენებდა, რომ უცხოტომელთათვის უფრო ადვილად ექადაგა“ (საქმეები 17:2—4).
ასე რომ, თესალონიკეში ჩასვლისთანავე პავლე სინაგოგაში შევიდა და «მათთან [იუდეველებთან] ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე. ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეუბნებოდა: „ქრისტე ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“» (საქმეები 17:2, 3, 10).
თავის სიტყვებში პავლემ ხაზი გაუსვა ერთობ სადავო საკითხს, რომელიც მესიის ვინაობასა და მისიას ეხებოდა. იუდეველებისთვის მიუღებელი იყო ის აზრი, რომ მესია, რომელსაც ისინი რომის ბატონობისგან უნდა ეხსნა, დაიტანჯა და მოკვდა. პავლეს იუდეველები რომ დაერწმუნებინა, მათთან ერთად „მსჯელობდა, . . უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ პავლე დახელოვნებული მასწავლებელი იყო.a მაგრამ როგორ მიიღო ხალხმა ასეთი ფასდაუდებელი ცნობა?
ნაყოფიერი, მაგრამ ეკლიანი გზა
ზოგიერთმა იუდეველმა, ბევრმა ბერძენმა პროზელიტმა და „გავლენიანმა ქალმა“ მიიღო პავლეს ცნობა. სიტყვები „გავლენიანი ქალი“ მეტწილად მაკედონელი ქალების მიმართებით გამოიყენებოდა, რადგან მათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავება შეეძლოთ. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს ეკავა თანამდებობა, ჰქონდა საკუთრება და მოქალაქეობრივი უფლებები. ისინი ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული. მათ პატივსაცემად ძეგლებსაც კი დგამდნენ. ფილიპეში მცხოვრები ძოწეულით მოვაჭრე ქალის, ლიდიას, მსგავსად ბევრმა მაღალი ფენის თესალონიკელმა ქალმაც მიიღო ჭეშმარიტება. როგორც ჩანს, ისინი კარგი ოჯახის შვილები და ცნობილი ადამიანების ცოლები იყვნენ (საქმეები 16:14, 15; 17:4).
თუმცა, იუდეველთა უმეტესობას პავლესი და სილასი შეშურდათ. მათ „ბაზრის მოედნიდან წაიყვანეს რამდენიმე უსაქმური, ბოროტი კაცი, ბრბო შეყარეს და ქალაქში აურზაური ატეხეს“ (საქმეები 17:5). ვინ იყვნენ ეს კაცები? ბიბლიის ერთი მკვლევარი მათ „თავაშვებულ და უვარგის“ ხალხად მოიხსენიებს. ის დასძენს: „როგორც ჩანს, ისინი პავლეს ქადაგების გამო არ აღშფოთებულან. ეს კაცები წააქეზეს, რომ ძალადობისთვის მიემართათ. როგორც წესი, ბრბოს წაქეზება ადვილია და ეს ამ შემთხვევამაც დაადასტურა“.
ისინი „იასონის [პავლეს მასპინძელი] სახლს მიადგნენ და დააპირეს, ბრბოს წინაშე გამოეყვანათ პავლე და სილა“. მაგრამ ვერ იპოვეს და ქალაქის გამგებლებთან გაემართნენ, თან «იასონი და რამდენიმე ძმა წაათრიეს . . . ყვირილით: „ამათ ქვეყანა ყირაზე დააყენეს და აქაც მოვიდნენ“» (საქმეები 17:5, 6).
თესალონიკე, რომელიც მაკედონიის დედაქალაქი იყო, გარკვეული დამოუკიდებლობით სარგებლობდა. ქალაქს ჰქონდა თვითმმართველობის უფლება, მმართველობას კი ახორციელებდა სახალხო ანუ მოქალაქეთა საბჭო, რომელიც ქალაქის საქმეებს თავად წყვეტდა. „ქალაქის გამგებლები“ ანუ „პოლიტარქები“b მაღალჩინოსნები იყვნენ, რომელთაც ევალებოდათ წესრიგის შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან არიდება, რაც რომაელების აღშფოთებას გამოიწვევდა და ქალაქს თვითმმართველობის უფლებას დააკარგვინებდა. ამიტომ, ქალაქის გამგებლები არ დაუშვებდნენ იმას, რომ აყალმაყალის ამტეხთ სიმშვიდე დაერღვიათ.
შემდეგ პავლესა და სილას სერიოზული ბრალდება წაუყენეს: „ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო, იესო“ (საქმეები 17:7). ბიბლიის ერთი კომენტატორი ამბობს: „ეს ნიშნავდა იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას, რომელიც არ დაუშვებდა დაპყრობილ პროვინციებში მის გარდა [სხვა] მეფის სახელი მოეხსენიებინათ“. წაყენებულ ბრალდებას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდიდა ის გარემოებაც, რომ იესო, რომელსაც პავლე მეფეს უწოდებდა, რომაელებმა სწორად ამ ბრალდებით დასაჯეს სიკვდილით (ლუკა 23:2).
ამის მოსმენამ ქალაქის მმართველები აღაშფოთა. სარწმუნო მტკიცებულებების უქონლობის გამო მოციქულებს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. ამიტომ, „იასონისა და დანარჩენებისგან თავდები აიღეს და გაუშვეს“ (საქმეები 17:8, 9). იასონი და სხვები თავდებით ანუ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ პავლე დატოვებდა ქალაქს და აღარასდროს დაბრუნდებოდა, რათა ქალაქის სიმშვიდე აღარ დარღვეულიყო. როგორც ჩანს, პავლე სწორედ ამ შემთხვევას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ სატანა გადაეღობა გზაზე და ქალაქში დაბრუნების უფლება აღარ მისცა (1 თესალონიკელები 2:18).
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პავლე და სილა ღამით გააპარეს ბერეაში. პავლეს მსახურებამ ბერეაშიც კარგი ნაყოფი გამოიღო, რამაც ისე განარისხა თესალონიკეში მცხოვრები იუდეველები, რომ 80 კილომეტრი გაიარეს, ბერეაში ჩავიდნენ და ხალხი პავლესა და სილას წინააღმდეგ განაწყვეს.
-