მოემზადეთ იმ ათასწლეულისთვის, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია!
ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა ადამიანებს დიდ კურთხევებს მოუტანს. მისი სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობით კაცობრიობა თანამედროვე უბადრუკი მდგომარეობიდან დიდებულ სრულყოფილებამდე მიაღწევს. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის. საუცხოო ჯანმრთელობას! წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და თავს წინა დილასთან შედარებით უკეთესად გრძნობთ. მილიონობით ადამიანი, კაცი, ქალი თუ ბავშვი, დიდი იმედით და მოუთმენლად მოელის იმ ბედნიერ დროში ცხოვრებას; ისინი ლოცულობენ კიდეც ამაზე. ბიბლიის შესწავლის საფუძველზე მათ მტკიცედ სწამთ, რომ ეს კურთხევები მათზეც შეიძლება გავრცელდეს.
მაგრამ ათასწლიანი მეფობის დაწყებამდე იესო ქრისტემ დედამიწა თავისი მმართველობის მოწინააღმდეგეთაგან უნდა გაწმინდოს. ამას კი ბიბლიაში არმაგედონად წოდებულ ომში გააკეთებს (გამოცხადება 16:16). ამ ბრძოლაში დედამიწაზე მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იომებენ. ეს ღვთის ომია. ის მხოლოდ ერთი გეოგრაფიული წერტილით არ შემოიფარგლება, არამედ, ბიბლიის თანახმად, დედამიწის ნებისმიერ კუთხეს მიაღწევს და მოსპობს ქრისტეს მეფობის მტრებს. არც ერთი მათგანი არ დარჩება ცოცხალი (იერემია 25:33).
შემდეგ იესო სატანა ეშმაკსა და მის დემონებზე გადაიტანს ყურადღებას. წარმოიდგინეთ სცენა, რომელიც წიგნ „გამოცხადების“ მწერალის თვალწინ გადაიშალა: „ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი [იესო ქრისტე], რომელსაც ხელში ჰქონდა უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით“ (გამოცხადება 20:1, 2). მოგვიანებით ღმერთი სატანასა და მის დემონებს სამუდამოდ გაანადგურებს (მათე 25:41).
გადარჩება ‘უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეუძლია’ (გამოცხადება 7:9). მათ „სიცოცხლის წყლის წყაროებზე“ ქრისტე წარუძღვება, სწორედ ისე, როგორც მწყემსი მიუძღვის თავის ცხვრებს სიცოცხლის შემნარჩუნებელ წყლებთან (გამოცხადება 7:17). სატანა და მისი დემონები ამ არმაგედონგადატანილების სულიერ წინსვლას უკვე ვეღარ დააბრკოლებენ. ისინი თანდათანობით მიიღებენ დახმარებას, რათა სძლიონ ცოდვილ მიდრეკილებებს და მიაღწიონ სრულყოფილებას.
ქრისტეს სიყვარულით აღსავსე მმართველობისას საცხოვრებელი პირობები უფრო და უფრო გაუმჯობესდება. იეჰოვა ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით მოსპობს ტკივილისა და მწუხარების ყოველგვარ მიზეზს. ის „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:4). წინასწარმეტყველი ესაია ამ სურათს უფრო ნათელს ხდის: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6). გარდა ამისა, მკვდრები, „დიდები და პატარები“ გაცოცხლდებიან და მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა მიეცემათ (გამოცხადება 20:12).
ახლა კი იკრიბება „უამრავი ხალხი“, რომელიც არმაგედონს გადაიტანს. ისინი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობისთვის ემზადებიან. მართალია, მათ არ იციან, როდის დადგება ეს ათასწლიანი სამეფო, მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ ეს ღვთის მიერ დადგენილ დროს მოხდება. თქვენც შეგიძლიათ მათ შორის აღმოჩნდეთ, მაგრამ საჭიროა, თქვენც ემზადებოდეთ ამისთვის — არა ქონების გაყიდვითა და განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე გამგზავრებით, არამედ იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნების მისაღებად ბიბლიის შესწავლის საშუალებით. ყოველგვარი საფასურის მოთხოვნისა და ვალდებულების დაკისრების გარეშე იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გაჩვენებდნენ, როგორ შეგესწავლათ ბიბლია, რაც პირადად თქვენ და თქვენს ოჯახს დიდ სარგებლობას მოგიტანდათ. ამ ჟურნალის რედაქცია სიამოვნებით მოგაწვდიდათ დამატებით ინფორმაციას.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
ათასი წელი — პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით?
რადგან წიგნ „გამოცხადებაში“ ბევრი რამ სიმბოლური ენით არის დაწერილი, იბადება კითხვები: რა შეიძლება ითქვას „გამოცხადებაში“ ხსენებული ქრისტეს ათასწლიანი მეფობის შესახებ? არის ის პირდაპირი გაგებით ათასწლიანი, თუ გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული?
ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ეს პირდაპირი გაგებით 1 000 წელია. შენიშნეთ, რომ მოციქული პავლე ქრისტეს ათასწლიან მეფობის შესახებ, რომლის დროსაც ქვეყნიერება განიკითხება, ლაპარაკობს როგორც ერთ დღეზე (საქმეები 17:31; გამოცხადება 20:4). მოციქული პეტრე წერდა, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე (24 საათი) 1 000 წელია (2 პეტრე 3:8). ეს იმის დამადასტურებელია, რომ ის განკითხვის „დღე“ პირდაპირი გაგებით 1 000-წლიანია. გარდა ამისა, გამოცხადების 20:3, 5—7-ში ოთხ ადგილზე ათას წელთან ბერძნულ ორიგინალში დასმულია განსაზღვრული არტიკლი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აქ დროის განსაზღვრულ მონაკვეთზეა ლაპარაკი.