საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გველისთვის თავის გაჭეჭყვა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 40

      გველისთვის თავის გაჭეჭყვა

      ხილვა 14 გამოცხადება 20:1—10

      თემა: სატანის უფსკრულში ჩაგდება; ათასწლიანი მეფობა; კაცობრიობის საბოლოო გამოცდა და სატანის განადგურება.

      შესრულების დრო: დიდი გასაჭირის ბოლოდან სატანის განადგურებამდე.

      1. როგორ სრულდებოდა ბიბლიის პირველი წინასწარმეტყველება?

      გახსოვთ ბიბლიის პირველი წინასწარმეტყველება? ამ წინასწარმეტყველებით იეჰოვა ღმერთმა გველს მიმართა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). ეს წინასწარმეტყველება ახლა საბოლოოდ შესრულდება. ჩვენ განვიხილეთ, როგორ ებრძოდა სატანა საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც ქალთან არის შედარებული (გამოცხადება 12:1, 9). გველის მიწიერი შთამომავლობა, რომელშიც იგულისხმება რელიგია, პოლიტიკა და კომერციული სამყარო, დედამიწაზე სასტიკად დევნიდა ქალის შთამომავლობას, იესო ქრისტესა და 144 000 ცხებულ მიმდევარს (იოანე 8:37, 44; გალატელები 3:16, 29). იესოს წამებით სიკვდილი სატანამ გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოდ ქუსლში მიყენებული ჭრილობა იყო, რადგან ღმერთმა თავისი ერთგული ძე მესამე დღეს აღადგინა (საქმეები 10:38—40).

      2. როგორ გაეჭეჭყება გველს თავი და რა დაემართება გველის მიწიერ შთამომავლობას?

      2 რა ემუქრება გველსა და მის შთამომავლობას? დაახლოებით ახ. წ. 56 წელს მოციქულმა პავლემ დიდი წერილი მისწერა რომში მცხოვრებ ქრისტიანებს. წერილი მან ასეთი გამამხნევებელი სიტყვებით დაასრულა: „მშვიდობის მომცემი ღმერთი კი მალე შემუსრავს სატანას თქვენ ფეხქვეშ“ (რომაელები 16:20). ეს სატანისთვის უბრალოდ ზიანის მიყენება როდი იქნება; პავლეს სიტყვებისამებრ სატანა შეიმუსრება. პავლემ აქ გამოიყენა ბერძნული სიტყვა სინტრიბო, რომელიც ნიშნავს, ცემით ისე დაჟეჟო, რომ ჟელეს დაამსგავსო, გათელო, გაჭყლიტო და საბოლოოდ გაანადგურო. გველის მიწიერ შთამომავლობას კი უფლის დღეს წყლულები დაატყდება თავს, რაც დიდი გასაჭირის დროს უკიდურესად გამძაფრდება, როცა საბოლოოდ შეიმუსრება დიდი ბაბილონი და ქვეყნიერების პოლიტიკური სისტემა მათ მხარდამჭერ ბიზნესმენებთან და სამხედრო პირებთან ერთად (გამოცხადების მე-18, მე-19 თავები). ამგვარად, იეჰოვა ამ ორ შთამომავლობას შორის არსებულ მტრობას კულმინაციამდე მიიყვანს. ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობა გაიმარჯვებს გველის მიწიერ შთამომავლობაზე, მოსპობს მას და ის მეტად აღარ იარსებებს.

      სატანის უფსკრულში ჩაგდება

      3. იოანეს სიტყვების თანახმად რა ელის სატანას?

      3 რა ელით სატანასა და მის დემონებს? იოანე გვეუბნება: „ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში. შეიპყრო დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებოჭა იგი ათასი წლით. ჩააგდო ის უფსკრულში, რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს“ (გამოცხადება 20:1—3).

      4. ვინ არის ის ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები უჭირავს ხელში და საიდან ვიცით ეს?

      4 ვინ არის ეს ანგელოზი? მას უდიდესი ძალა უნდა ჰქონდეს, იეჰოვას მთავარი მტრის ძლევა რომ შეძლოს. ამ ანგელოზს ხელში „უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი“ უჭირავს. ეს იმ ხილვას გვახსენებს, რომელშიც კალიების მეფე „უფსკრულის ანგელოზად“ არის მოხსენიებული (გამოცხადება 9:11). ჩვენ კვლავ ვხედავთ, როგორ მოქმედებს განდიდებული იესო ქრისტე, რომელიც მთავარ როლს ასრულებს იეჰოვას უზენაესობის დამტკიცებაში. ეს მთავარანგელოზი, რომელმაც სატანა ზეციდან გადმოაგდო, დიდი ბაბილონი გაასამართლა და არმაგედონში „დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები“ გაანადგურა, შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ ანგელოზს არ მიანდობდა სატანის უფსკრულში ჩაგდებას (გამოცხადება 12:7—9; 18:1, 2; 19:11—21).

      5. რას უზამს უფსკრულის ანგელოზი სატანა ეშმაკს და რატომ?

      5 დიდი ალისფერი დრაკონი ზეციდან გადმოგდების დროს მოხსენიებული იყო როგორც „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:3, 9). ახლა, როცა ის შეპყრობილია და უფსკრულშია ჩაგდებული, ის კვლავ მოიხსენიება როგორც „დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა“. ეს გაუმაძღარი შთამნთქმელი, მატყუარა, ცილისმწამებელი და მოწინააღმდეგე შებოჭილია ჯაჭვით და ჩაგდებულია ჩაკეტილ და დაბეჭდილ უფსკრულში, „რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები“. სატანა ათასი წლის განმავლობაში იქნება უფსკრულში და დილეგში ჩაგდებული პატიმარივით გავლენას ვეღარ მოახდენს კაცობრიობაზე. უფსკრულის ანგელოზი სატანას ყველა გზას მოუჭრის სიმართლის სამეფოსკენ. როგორი შვება იქნება ეს კაცობრიობისთვის!

      6. ა) საიდან ვიცით, რომ დემონებიც უფსკრულში იქნებიან ჩაყრილნი? ბ) რისი დრო დადგება ამის შემდეგ და რატომ?

      6 რა დაემართებათ დემონებს? ისინიც სასამართლოსთვის არიან შემონახულნი (2 პეტრე 2:4). სატანას ბელზებელი — დემონების მმართველიც ეწოდება (ლუკა 11:15, 18; მათე 10:25). ისინი დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდნენ სატანასთან, ამიტომ იმავე სასჯელს იმსახურებენ. დემონებს დიდი ხანია უფსკრულის ეშინიათ; ერთ შემთხვევაში ისინი კიდეც „ეხვეწებოდნენ მას [იესოს], უფსკრულში წასვლა არ გვიბრძანოო“ (ლუკა 8:31). უდავოა, სატანასთან ერთად მისი ანგელოზებიც ჩაიყრებიან უფსკრულში (შეადარეთ ესაიას 24:21, 22). სატანისა და მისი დემონების უფსკრულში ჩაყრის შემდეგ იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობა დაიწყება.

      7. ა) რა მდგომარეობაში იქნებიან უფსკრულში ჩაყრილი სატანა და მისი დემონები და საიდან ვიცით ეს? ბ) ერთი და იგივეა სამარე და უფსკრული? (იხილეთ სქოლიო)

      7 იმოქმედებენ უფსკრულიდან სატანა და მისი დემონები? ალბათ, გახსოვთ, რომ ალისფერი შვიდთავიანი მხეცი „იყო, არ არის, მაგრამ მალე ამოვა უფსკრულიდან“ (გამოცხადება 17:8). უფსკრულში ყოფნისას ის ‘არ იყო’. ის ვერ მოქმედებდა, ვერ მოძრაობდა და მკვდარივით არაფერი შეეძლო. პავლე მოციქულმა იესოს შესახებ თქვა: „ვინ ჩავა უფსკრულშიო? (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“ (რომაელები 10:7). უფსკრულში ყოფნისას იესო მკვდარი იყოa. ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ათასი წლით უფსკრულში ჩაყრილი სატანა და მისი დემონები მკვდრებივით უმოქმედო მდგომარეობაში იქნებიან. რა სასიხარულო ცნობაა ეს სიმართლის მოყვარულთათვის!

      მოსამართლეები ათასი წლით

      8, 9. რას გვეუბნება იოანე მათზე, ვინც ტახტებზე სხედან, და ვინ არიან ისინი?

      8 ათასი წლის შემდეგ სატანა ცოტა ხნით გათავისუფლდება უფსკრულიდან. რატომ? სანამ იოანე ამ კითხვაზე გვიპასუხებს, ის მოგვითხრობს, რა უნდა მოხდეს ათასწლიანი პერიოდის დასაწყისში: „ვიხილე ტახტები და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა“ (გამოცხადება 20:4ა). ვინ არიან ისინი, ვინც ტახტებზე სხედან და ზეცაში განდიდებულ იესოსთან ერთად მმართველობენ?

      9 ისინი არიან წმინდები, რომლებიც დანიელის სიტყვების თანახმად „კაცის ძის მსგავსთან“ ერთად მმართველობენ მის სამეფოში (დანიელი 7:13, 14, 18). ისინი იმ 24 უხუცესს წარმოადგენენ, რომლებიც ზეციერ ტახტებზე სხედან იეჰოვას წინაშე (გამოცხადება 4:4). მათ შორის არის 12 მოციქული, რომლებსაც იესო დაჰპირდა: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ“ (მათე 19:28). მათთან ერთად არიან პავლე და კორინთელი ქრისტიანები, რომლებიც ერთგულები დარჩნენ (1 კორინთელები 4:8; 6:2, 3). მათ რიცხვს განეკუთვნებიან ლაოდიკეის კრების ის წევრებიც, რომლებიც ‘მძლეველები’ გახდნენ (გამოცხადება 3:21).

      10. ა) როგორ აღწერს იოანე 144 000 მეფეს? ბ) იოანეს სიტყვებიდან გამომდინარე, ვინ იქნება 144 000 მეფეს შორის?

      10 ცხებული ‘მძლეველებისთვის’, რომლებიც „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ მომზადებულია 144 000 ტახტი (გამოცხადება 14:1, 4). იოანე განაგრძობს: „აგრეთვე ვიხილე იესოს შესახებ დამოწმებისა და ღვთის შესახებ ლაპარაკის გამო სიკვდილით დასჯილები [ცულით დახოცილები, სქოლიო], რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი მიიღეს თავიანთ შუბლსა და ხელზე“ (გამოცხადება 20:4ბ). ამ მეფეებს შორის არიან ცხებული წამებული ქრისტიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მეხუთე ბეჭდის ახსნის დროს ეკითხებოდნენ იეჰოვას, როდემდე შეიკავებდა ის თავს და როდემდე არ იძიებდა შურს მათი სისხლისთვის. მაშინ მათ თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს და ცოტა ხნით მოცდა სთხოვეს. ახლა კი უკვე იძიეს შური მათი სისხლისთვის — განადგურდა დიდი ბაბილონი, მეფეთა მეფემ და უფალთა უფალმა მოსპო ერები და სატანა უფსკრულში ჩააგდო (გამოცხადება 6:9—11; 17:16; 19:15, 16).

      11. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „ცულით დახოცილები“? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ 144 000 ცხებულის სიკვდილი მსხვერპლია?

      11 ცულით დახოცეს 144 000-ვე მეფე და მოსამართლე? როგორც ჩანს, მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ დახოცეს ასე. ამგვარად აღიწერება ყველა იმ ცხებული ქრისტიანის სიკვდილი, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ მაინც წამებით მოკლესb (მათე 10:22, 28). სატანის დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ყველანი ცულით დაეხოცა, იესოს ყველა ცხებული ძმა წამებით არ მომკვდარა; მრავალი მათგანი ავადმყოფობისა და სიბერის გამო დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ისინიც იოანეს მიერ ნანახ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათი სიკვდილი გარკვეულწილად მსხვერპლია (რომაელები 6:3—5). გარდა ამისა, არც ერთი მათგანი არ ყოფილა ამ ქვეყნიერების ნაწილი, რის გამოც სძულდა ისინი ქვეყნიერებას; ისინი მისთვის მკვდრები იყვნენ (იოანე 15:19; 1 კორინთელები 4:13). ისინი თაყვანს არ სცემდნენ მხეცსა და მის ქანდაკებას და ისე დაიხოცნენ, რომ მხეცის ნიშანი არ მიუღიათ. ყველანი ისე დაიხოცნენ, როგორც „მძლეველები“ (1 იოანე 5:4; გამოცხადება 2:7; 3:12; 12:11).

      12. რას გვეუბნება იოანე 144 000 მეფეზე და როდის დაიწყებოდა მათი აღდგომა?

      12 ეს ‘მძლეველები’ კვლავ ცოცხლები არიან. იოანე მოგვითხრობს: „ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად ათას წელს მეფობდნენ“ (გამოცხადება 20:4გ). ნიშნავს ეს იმას, რომ ეს მოსამართლეები არ აღდგებიან, ვიდრე ერები არ განადგურდებიან და სატანა და მისი დემონები უფსკრულში არ იქნებიან ჩაყრილი? არა, მრავალი მათგანი უკვე გაცოცხლებულია, რადგან ისინი იესოსთან ერთად გაემართებიან არმაგედონში ერების გასანადგურებლად (გამოცხადება 2:26, 27; 19:14). პავლემ ახსნა, რომ მათი აღდგომა 1914 წელს იესოს მოსვლიდან მალევე დაიწყებოდა და ყველა თავის დროზე აღდგებოდა (1 კორინთელები 15:51—54; 1 თესალონიკელები 4:15—17). მათი გაცოცხლება გარკვეული დროის განმავლობაში გასტანდა, რის შემდეგაც ზეცაში ჯილდოდ უკვდავებას მიიღებდნენ (2 თესალონიკელები 1:7; 2 პეტრე 3:11—14).

      13. ა) დროის რა პერიოდს მოიცავს 144 000-ის ათასწლიანი მეფობა, და რატომ? ბ) ჰიერაპოლისელი პაპიასის აზრით, რამდენ ხანს გრძელდება ათასი წელი? (იხილეთ სქოლიო)

      13 ისინი ათას წელიწადს იქნებიან მეფეები და მოსამართლეები. პირდაპირი გაგებით ათას წელზეა აქ საუბარი თუ სიმბოლური გაგებით ათას წელზე, ანუ დროის განუსაზღვრელ, დიდ პერიოდზე? ათასი შეიძლება მართლაც დიდ და განუსაზღვრელ რიცხვს გულისხმობდეს, როგორც ეს 1 სამუელის 21:11-დან ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ათასი წელი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან დედანში გამოცხადების 20:5—7-ში სიტყვა „ათასი“ სამჯერ გვხვდება და სამჯერვე განსაზღვრული არტიკლით. პავლემ ამ სასამართლოს დროს დღე უწოდა: „[ღმერთმა] დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“ (საქმეები 17:31). პავლე გვეუბნება, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასამართლოს დღე პირდაპირი გაგებით ათასწლიანი იქნებაc (2 პეტრე 3:8).

      დანარჩენი მკვდრები

      14. ა) რას ამბობს იოანე „დანარჩენ მკვდრებზე“? ბ) როგორ გვეხმარება მოციქული პავლე, რომ უკეთ გავიგოთ, რას ნიშნავს „გაცოცხლდნენ“?

      14 ვის გაასამართლებენ ეს მეფეები, თუკი მოციქული იოანეს სიტყვების თანახმად „(დანარჩენი მკვდრები არ გაცოცხლდნენ, სანამ ათასი წელი არ დასრულდა)“? (გამოცხადება 20:5ა). სიტყვა „გაცოცხლდნენ“ აქაც კონტექსტის მიხედვით უნდა გავიგოთ. ამ სიტყვას სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგალითად, პავლემ ცხებულ თანაქრისტიანებზე თქვა: „თქვენ კი ღმერთმა გაგაცოცხლათ, თუმცა მკვდრები იყავით თქვენს დანაშაულსა და ცოდვებში“ (ეფესოელები 2:1). სულითცხებული ქრისტიანები ჯერ კიდევ I საუკუნეში „გაცოცხლდნენ“, რადგან იესოს მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე ისინი მართლებად იქნენ აღიარებულნი (რომაელები 3:23, 24).

      15. ა) როგორები იყვნენ ღვთის თვალში ქრისტემდე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები? ბ) როგორ „გაცოცხლდება“ სხვა ცხვარი, და საბოლოოდ როდის დაიმკვიდრებენ ისინი დედამიწას?

      15 ქრისტემდე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, როგორც ღვთის მეგობრები, მართლებად იქნენ აღიარებულნი. გარდაცვლილ აბრაამზე, ისაკზე და იაკობზე ნათქვამია, რომ ისინი ცოცხლები არიან (მათე 22:31, 32; იაკობი 2:21, 23). ისინი და სხვა აღდგენილები, სხვა ცხვრების წარმომადგენელ ერთგულ უამრავ ხალხთან, რომელიც არმაგედონს გადაურჩება, და ახალ ქვეყნიერებაში დაბადებულ მათ შვილებთან ერთად უნდა გასრულყოფილდნენ. მათ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე ათასწლიანი სასამართლოს დღის განმავლობაში ქრისტე და მასთან ერთად სხვა მეფეები და მღვდლები გაასრულყოფილებენ. ამ დღის ბოლოს „დანარჩენი მკვდრები“ სრულყოფილებას მიაღწევენ, და ამ გაგებით გაცოცხლდებიან. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, ისინი საბოლოოდ გამოიცდებიან, მაგრამ ამჯერად როგორც სრულყოფილი ადამიანები. ამ გამოცდის გადატანის შემდეგ ღმერთი მათ მარადიული სიცოცხლის ღირსად ჩათვლის და ყოველმხრივ მართლებად აღიარებს. ისინი სრულად გამოცდიან საკუთარ თავზე ამ სიტყვების ძალას: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). რა შესანიშნავი მომავალი ელით მორჩილ ადამიანებს!

      პირველი აღდგომა

      16. როგორ აღწერს იოანე მათ აღდგომას, ვინც ქრისტესთან ერთად იმეფებს და რატომ?

      16 იოანე კვლავ მათზე აგრძელებს საუბარს, ვინც „გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად. . . მეფობდნენ“ და მათ აღდგომაზე ამბობს: „ეს არის პირველი აღდგომა“ (გამოცხადება 20:5ბ). რატომ პირველი? იმიტომ, რომ ეს აღდგომა მათთვის იქნება, ვინც „პირველი ნაყოფია ღვთისა და კრავისთვის“ (გამოცხადება 14:4). პირველი კიდევ იმიტომ არის, რომ პირველად აღდგენილებმა უნდა იმეფონ იესოსთან ერთად ზეციერი სამეფოდან კაცობრიობის გასასამართლებლად. დაბოლოს, ეს აღდგომა იმ მიზეზითაც არის პირველი, რომ იესო ქრისტეს გარდა უკვდავებას მხოლოდ პირველი აღდგომის დროს აღდგენილები მიიღებენ, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი (1 კორინთელები 15:53; 1 ტიმოთე 6:16).

      17. ა) როგორ აღწერს იოანე ცხებული ქრისტიანების ბედნიერ მომავალს? ბ) რა არის „მეორე სიკვდილი“ და რატომ არა აქვს მას ძალაუფლება 144 000 „მძლეველზე“?

      17 როგორი ბედნიერი მომავალი ელით ცხებულებს! იოანე გვამცნობს: „ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს“ (გამოცხადება 20:6ა). როგორც იესო დაჰპირდა სმირნაში მცხოვრებ ქრისტიანებს, პირველი აღდგომის დროს აღდგენილ „მძლეველებს“ არ ემუქრებათ „მეორე სიკვდილი“, რაც საბოლოო მოსპობას, განადგურებას ნიშნავს (გამოცხადება 2:11; 20:14). „მეორე სიკვდილს“ არა აქვს მათზე ძალაუფლება, რადგან ეს ‘მძლეველები’ უხრწნელობითა და უკვდავებით იქნებიან შემოსილნი (1 კორინთელები 15:53).

      18. რას ამბობს იოანე დედამიწის ახალ მმართველებზე და რას გააკეთებენ ისინი?

      18 როგორ განსხვავდებიან ეს მეფეები იმ მიწიერი მეფეებისგან, რომლებიც სატანის ქვეყნიერებაში მმართველობდნენ. ზოგიერთ მათგანს ყველაზე დიდხანს 50—60 წელი უმეფია, უმეტესობა კი მხოლოდ რამდენიმე წელს მეფობდა. მათი უმრავლესობა ჩაგრავდა ხალხს. როგორც უნდა იყოს, შეიძლება ადამიანის კეთილდღეობა ხანგრძლივი იყოს მაშინ, როცა, როგორც მმართველები, ისე პოლიტიკური კურსი მუდმივად იცვლება? იოანე კი დედამიწის ახალ მმართველებზე სრულიად საპირისპიროს ამბობს: „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6ბ). ათასი წლის განმავლობაში იესოსთან ერთად ისინი ერთადერთი მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან. ისინი მღვდლებად იმსახურებენ და იესოს სრულყოფილი მსხვერპლის საშუალებით მორჩილ ადამიანებს სულიერ, ზნეობრივ და ფიზიკურ სრულყოფილებამდე მიიყვანენ. მათი მეფობის წყალობით მთელ მსოფლიოში შეიქმნება საზოგადოება, რომელიც იეჰოვას სიმართლესა და სიწმინდეს აირეკლავს. ისინი ათას წელს იმსახურებენ იესოსთან ერთად როგორც მოსამართლეები და სიყვარულით დაეხმარებიან მორჩილ ადამიანებს, რომ მარადიულ სიცოცხლეს მიაღწიონ (იოანე 3:16).

      საბოლოო გამოცდა

      19. იესოს ათასწლიანი მეფობის ბოლოს როგორი იქნება დედამიწა და კაცობრიობა, და რას გააკეთებს იესო?

      19 იესოს ათასწლიანი მეფობის ბოლოს მთელი დედამიწა ედემის ბაღს დაემსგავსება, ნამდვილ სამოთხეს. გასრულყოფილებულ კაცობრიობას აღარ დასჭირდება მღვდელმთავარი ღმერთთან შუამდგომლობისთვის, რადგან ადამის ცოდვის ყოველგვარი კვალი წაიშლება და უკანასკნელ მტერს — სიკვდილს — ბოლო მოეღება. ქრისტეს სამეფო განახორციელებს ღვთის განზრახვას — შექმნის მსოფლიოს, რომელსაც ერთი მთავრობა უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ კი იესო „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (1 კორინთელები 15:22—26; რომაელები 15:12).

      20. იოანეს სიტყვების თანახმად, რა მოხდება საბოლოო გამოცდის დროს?

      20 დადგა საბოლოო გამოცდის დრო. ადამისა და ევასგან განსხვავებით შეინარჩუნებს თუ არა გასრულყოფილებული კაცობრიობა ერთგულებას? იოანე აღგვიწერს: „როგორც კი ათასი წელი დასრულდება, სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი. მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. გამოვიდნენ მთელ დედამიწაზე და გარს შემოერტყნენ წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს“ (გამოცხადება 20:7—9ა).

      21. როგორი იქნება სატანის ბოლო მცდელობის შედეგი და რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთი იესოს ათასწლიანი მეფობის შემდეგაც სატანას დაუჭერს მხარს?

      21 როგორი იქნება სატანის ბოლო მცდელობის შედეგი? ის შეცდომაში შეიყვანს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ხალხებს, გოგსა და მაგოგს, და საომრად შეკრებს მათ. მაგრამ ვინ შეუერთდება სატანას ბედნიერი და აღმშენებლობითი ათასწლიანი თეოკრატიული მმართველობის შემდეგ? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანამ შეძლო სრულყოფილი ადამიანების, ადამისა და ევას შეცდენა, როცა ისინი სამოთხეში ცხოვრებით ხარობდნენ. მან შეაცდინა ზეციერი ანგელოზებიც, რომლებმაც კარგად დაინახეს, რა სავალალო შედეგები მოჰყვა პირველ ურჩობას (2 პეტრე 2:4; იუდა 6). არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობის შემდეგაც შეცდება ზოგიერთი სრულყოფილი ადამიანი და სატანას დაუჭერს მხარს.

      22. ა) რას ნიშნავს სიტყვები: „დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები“? ბ) რატომ ეწოდებათ ურჩ ადამიანებს „გოგი და მაგოგი“?

      22 ბიბლია ამ ურჩებს „დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ხალხებს“ უწოდებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა კიდევ ერთხელ დაიყოფა ერებად. ეს, უბრალოდ, იმაზე მეტყველებს, რომ ურჩი ადამიანები გამოეყოფიან იეჰოვას მართალ, ერთგულ ხალხს და ისეთივე უარყოფით სულს გამოავლენენ, როგორსაც დღეს ავლენენ ერები. ისინიც ბოროტებას განიზრახავენ, როგორც ერთ დროს ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულმა მაგოგელმა გოგმა განიზრახა. მათი მიზანია, გაანადგურონ დედამიწაზე არსებული თეოკრატიული მმართველობა (ეზეკიელი 38:3, 10—12). ამიტომ მათ „გოგი და მაგოგი“ ეწოდებათ.

      23. რაზე მეტყველებს ის, რომ ურჩთა რიცხვი „ზღვის ქვიშასავითაა“?

      23 სატანის თანამოაზრეთა რიცხვი „ზღვის ქვიშასავით“ იქნება. მაინც რამდენი? მათი რიცხვი წინასწარ არ არის განსაზღვრული (შეადარეთ იესო ნავეს ძის 11:4; მსაჯულების 7:12). ურჩი ადამიანების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი გაუძლებს სატანის ცდუნებას. უდავოა, რომ ურჩთა რიცხვი საკმაოდ დიდი იქნება, რადგან, მათი აზრით, ისინი შეძლებენ „წმინდათა ბანაკისა და საყვარელი ქალაქის“ დაძლევას.

      24. ა) რას განასახიერებს „საყვარელი ქალაქი“ და როგორ შემოერტყმიან მას გარს? ბ) რას წარმოადგენს „წმინდათა ბანაკი“?

      24 „საყვარელი ქალაქი“ ის ქალაქია, რომლის შესახებაც განდიდებული იესო ქრისტე თავის მიმდევრებს ესაუბრებოდა. ეს სიტყვები გამოცხადების 3:12-შია ჩაწერილი, სადაც მან ამ ქალაქს თავისი ღვთის ქალაქი, ახალი იერუსალიმი უწოდა, რომელიც ზეციდან ჩამოდის ღვთისგან. თუკი ეს ზეციერი ორგანიზაციაა, როგორღა შემოერტყმიან გარს ურჩი ადამიანები? ეს იმ გაგებით მოხდება, რომ ისინი წმინდათა ბანაკს შემოერტყმიან გარს. ბანაკი, როგორც წესი, ქალაქგარეთაა; ასე რომ, „წმინდათა ბანაკი“ განასახიერებს მათ, ვინც დედამიწაზე არიან ზეციერი ახალი იერუსალიმისგან მოშორებით, და ერთგულად უჭერენ მხარს იეჰოვას მმართველობას. ერთგულ ადამიანებზე სატანის გავლენის ქვეშ მყოფი ურჩების თავდასხმას უფალი იესო საკუთარ თავზე თავდასხმად მიიღებს (მათე 25:40, 45). ეს ხალხები შეეცდებიან ყველაფრის განადგურებას, რაც ზეციერმა ახალმა იერუსალიმმა დედამიწის სამოთხედ გადასაქცევად გააკეთა. წმინდათა ბანაკზე თავდასხმით ისინი „საყვარელ ქალაქსაც“ ესხმიან თავს.

      ცეცხლისა და გოგირდის ტბა

      25. იოანეს სიტყვების თანახმად როგორ დასრულდება ურჩთა თავდასხმა „წმინდათა ბანაკზე“ და რას ნიშნავს ეს სატანისთვის?

      25 იქნება წარმატებული სატანის ბოლო მცდელობა? ის ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც დღეს მცხოვრებ სულიერ ისრაელზე გოგის თავდასხმა (ეზეკიელი 38:18—23). იოანე თვალნათლივ აღგვიწერს, თუ როგორ დასრულდება ეს ყოველივე: „მაგრამ ციდან ცეცხლი ჩამოვიდა და შთანთქა ისინი. ეშმაკი კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იყვნენ“ (გამოცხადება 20:9ბ, 10ა). სატანას, ძველ გველს, ამჯერად უფსკრულში კი არ ჩააგდებენ, არამედ მოსპობენ, გააცამტვერებენ და სამუდამოდ გაანადგურებენ, თითქოსდა ცეცხლით.

      26. რატომ არ არის „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ საწამებელი ადგილი?

      26 როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“ შეუძლებელია საწამებელი ადგილი იყოს (გამოცხადება 19:20). სატანა რომ მარადიულად და წამებით დატანჯულიყო, იეჰოვას ის ცოცხალი უნდა დაეტოვებინა; სიცოცხლე კი საჩუქარია და არა სასჯელი. სიკვდილი ცოდვის საზღაურია, და როგორც ბიბლიიდან ვიცით, მკვდრები ტკივილს არ გრძნობენ (რომაელები 6:23; ეკლესიასტე 9:5, 10). გარდა ამისა, მოგვიანებით გავიგებთ, რომ სიკვდილი და სამარე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაიყრება. ფაქტია, რომ შეუძლებელია, სიკვდილმა და სამარემ ტკივილი იგრძნოს (გამოცხადება 20:14).

      27. როგორ გვეხმარება სოდომისა და გომორას განადგურება ცეცხლისა და გოგირდის ტბის მნიშვნელობის გაგებაში?

      27 ეს მსჯელობა ადასტურებს, რომ ცეცხლისა და გოგირდის ტბა სიმბოლურია. ცეცხლი და გოგირდი გვახსენებს სოდომსა და გომორას, რომლებიც ღმერთმა არნახული ბოროტების გამო გაანადგურა. თავის დროზე „აწვიმა იეჰოვამ ციდან სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი იეჰოვასგან“ (დაბადება 19:24). ამ ორ ქალაქზე დაწერილია, რომ „საუკუნო ცეცხლით დაისაჯნენ“ (იუდა 7). მაგრამ ეს ორი ქალაქი მარადიულად არ დატანჯულა, თუმცა ისინი და მათი ზნედაცემული მოსახლეობა სამუდამოდ აღიგავა მიწის პირისაგან. ეს ორი ქალაქი დღეს აღარ არსებობს და დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ზუსტად სად მდებარეობდა ისინი.

      28. რა არის ცეცხლისა და გოგირდის ტბა და რითი განსხვავდება ის სიკვდილის, სამარისა და უფსკრულისგან?

      28 გარდა ამისა, ბიბლია თავად გვიხსნის ცეცხლისა და გოგირდის ტბის მნიშვნელობას: „ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 20:14). აშკარაა, რომ ეს იგივე გეენაა, რომელზეც იესო საუბრობდა. ის ბოროტთა განადგურებას ნიშნავს და არა მათ სამუდამო ტანჯვას (მათე 10:28). ის სრულ, საბოლოო განადგურებას ნიშნავს. სიკვდილის, სამარისა და უფსკრულის გასაღებები არსებობს, მაგრამ ცეცხლისა და გოგირდის ტბის გასაღები არსად არის მოხსენიებული (გამოცხადება 1:18; 20:1). მასში მოხვედრილები არასდროს გათავისუფლდებიან (შეადარეთ მარკოზის 9:43—47).

      ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად

      29, 30. რას ამბობს იოანე ეშმაკზე, მხეცზე და ცრუ წინასწარმეტყველზე, და როგორ უნდა გავიგოთ მისი სიტყვები?

      29 ეშმაკის, მხეცისა და ცრუ წინასწარმეტყველის შესახებ იოანე გვეუბნება: „ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად“ (გამოცხადება 20:10ბ). რას ნიშნავს ეს? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალოგიკურია დავასკვნათ, რომ ისეთი სიმბოლოები, როგორიცაა მხეცი, ცრუ წინასწარმეტყველი, სიკვდილი და სამარე, შეიძლებოდა პირდაპირი გაგებით დატანჯულიყვნენ. ამიტომ იმის მტკიცებაც უსაფუძვლოა, რომ სატანა მარადიულად დაიტანჯება. ის განადგურდება.

      30 „ტანჯვად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვის ბასანიზოს ძირითადი მნიშვნელობაა „სასინჯი ქვით ლითონების შემოწმება“; მეორე მნიშვნელობაა „წამებით დაკითხვა“ („The New Thayer’s Greek–English Lexicon of the New Testament“). ამ კონტექსტში გამოყენებული ბერძნული სიტყვა იმაზე მიუთითებს, რომ სატანის ხვედრი იქნება „სასინჯი ქვა“, რაც მარადიულად დაამტკიცებს იეჰოვას მმართველობის კანონიერებასა და სამართლიანობას. საკამათო საკითხი, რომელიც უზენაეს მმართველობას ეხება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. მეტად აღარ გახდება საჭირო დროის გამოყოფა იეჰოვას უზენაესი მმართველობის სამართლიანობის დასამტკიცებლად (შეადარეთ ფსალმუნის 92:1, 15).

      31. როგორ გვეხმარება „­ტანჯვად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვის ორი მონათესავე სიტყვა იმის გაგებაში, თუ როგორ დაისჯება სატანა ეშმაკი?

      31 გარდა ამისა, ბასანიზოს მონათესავე სიტყვა ბასანისტეს, რაც მ­ტანჯველს ნიშნავს, ბიბლიაში „საპყრობილის ზედამხედველის“ მნიშვნელობით არის გამოყენებული (მათე 18:34). აქედან გამომდინარე, სატანა სამარადისოდ იქნება „დაპატიმრებული“ ცეცხლის ტბაში; ის ვერასოდეს გათავისუფლდება. იოანესთვის კარგად ცნობილ ბერძნულ სეპტუაგინტაში კიდევ ერთი მონათესავე სიტყვა ბასანოს უკავშირდება დამცირებას, რომელსაც სიკვდილი მოჰყვება (ეზეკიელი 32:24, 30). ეს იმის დანახვაში გვეხმარება, რომ სატანის ჩაგდება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში მის დამცირებასა და მარადიულ სიკვდილს ნიშნავს. მასთან ერთად მის საქმეებსაც მოეღება ბოლო (1 იოანე 3:8).

      32. როგორ დაისჯებიან დემონები და საიდან ვიცით ეს?

      32 ამ მუხლში დემონები არ არიან მოხსენიებულნი. დემონებიც სატანასთან ერთად გათავისუფლდებიან ათასი წლის ბოლოს და ისინიც მასთან ერთად დაისჯებიან მარადიული სიკვდილით? ყველაფერი ამაზე მოწმობს. იგავში ცხვრებსა და თხებზე იესომ თქვა, რომ თხები წავლენ „მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“ (მათე 25:41). გამოთქმა „მარადიული ცეცხლი“ გაიგივებულია ცეცხლისა და გოგირდის ტბასთან, სადაც სატანა იქნება ჩაგდებული. რადგან დემონები ეშმაკთან ერთად გადმოყარეს ზეციდან, როგორც ჩანს, იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისში ისინიც სატანასთან ერთად იქნებიან ჩაყრილნი უფსკრულში. შესაბამისად, ისინიც მასთან ერთად განადგურდებიან ცეცხლისა და გოგირდის ტბაში (მათე 8:29).

      33. როგორ შესრულდება ბოლომდე დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, და რაზე ამახვილებს იეჰოვას სული ახლა იოანეს ყურადღებას?

      33 ამგვარად, დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ყველა დეტალი შესრულდება. ცეცხლის ტბაში ჩაგდებული სატანა იმ გველს დაემსგავსება, რომელსაც თავი რკინის ქუსლით გაუჭეჭყეს. ის და მისი დემონები ერთხელ და სამუდამოდ მოისპობიან. ისინი მეტად აღარ არიან მოხსენიებული „გამოცხადებაში“. რადგან წინასწარმეტყველება შესრულდა და მათ უკვე მოეღო ბოლო, ახლა იეჰოვას სული იმ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებთ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინეთ: რას მოუტანს კაცობრიობას მეფეთა მეფის და მასთან ერთად „მოწოდებულთა, რჩეულთა და ერთგულთა“ ზეციერი მმართველობა? (გამოცხადება 17:14) ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად იოანე იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისს უბრუნდება.

      [სქოლიოები]

      a ბიბლიის სხვა მუხლებში ნათქვამია, რომ მკვდარი იესო სამარეში იყო (საქმეები 2:31). არ უნდა ვიფიქროთ, რომ სამარე და უფსკრული ყოველთვის ერთსა და იმავეს ნიშნავს. მხეცი და სატანა უფსკრულში იქნებიან, მაგრამ მიცვალებულებზე ნათქვამია, რომ ისინი აღდგომამდე სამარეში არიან (იობი 14:13; გამოცხადება 20:13).

      b რომში ტრადიციულად სიკვდილით დასჯის დროს ცულს (ბერძ. პელეკუს) ხმარობდნენ, თუმცა იოანეს დროს მახვილს უფრო ფართოდ იყენებდნენ (საქმეები 12:2). ამგვარად, აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა პეპელეკისმენონ (ცულით დახოცვა), უბრალოდ სიკვდილით დასჯას ნიშნავს.

      c აღსანიშნავია, რომ IV საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ევსები გვამცნობს, რომ ჰიერაპოლისელ პაპიასს, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, „გამოცხადების“ დამწერის, იოანეს მოწაფეებისგან მიიღო გარკვეული ბიბლიური ცოდნა, სწამდა, რომ იესოს ათასწლიან მეფობაში პირდაპირი გაგებით ათასი წელი იგულისხმებოდა (რასაც თავად ევსები კატეგორიულად უარყოფდა) („The History of the Church“, Eusebius, III, გვ. 39).

  • ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგები
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 41

      ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგები

      ხილვა 15 გამოცხადება 20:11—21:8

      თემა: აღდგომა; სასამართლოს დღე; რა კურთხევები მოჰყვება ახალი ცისა და ახალი დედამიწის დამყარებას.

      შესრულების დრო: ათასწლიანი მეფობის პერიოდი.

      1. ა) რა დაკარგა კაცობრიობამ ადამისა და ევას ცოდვის გამო? ბ) რა განზრახვა არ შეუცვლია ღმერთს და საიდან ვიცით ეს?

      ადამიანები მარადიული სიცოცხლისთვის ვართ შექმნილნი. ადამი და ევა ღმერთს რომ დამორჩილებოდნენ, არასდროს დაიხოცებოდნენ (დაბადება 1:28; 2:8, 16, 17; ეკლესიასტე 3:10, 11). ცოდვის გამო როგორც მათ, ისე მათმა შთამომავლებმა სრულყოფილება და სიცოცხლე დაკარგეს; და კაცობრიობაზე გამეფდა სიკვდილი, შეუბრალებელი მტერი (რომაელები 5:12, 14; 1 კორინთელები 15:26). ამის მიუხედავად, ღმერთს განზრახვა არ შეუცვლია. მას კვლავ სურდა, რომ სრულყოფილ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. მან კაცობრიობის სიყვარულით თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო გამოგზავნა დედამიწაზე და იესომ ადამის შთამომავალთა, „მრავალთა გამოსასყიდად“ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო (მათე 20:28; იოანე 3:16). აქედან გამომდინარე, იესოს კანონიერი უფლება აქვს, რომ თავისი მსხვერპლით მორწმუნე ადამიანები გაასრულყოფილოს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (1 პეტრე 3:18; 1 იოანე 2:2). კაცობრიობას ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რომ ‘იხაროს და იმხიარულოს’ (ესაია 25:8, 9).

      2. რას გვამცნობს იოანე გამოცხადების 20:11-ში და რა არის „დიდი თეთრი ტახტი“?

      2 სატანის უფსკრულში ჩაგდების შემდეგ იესოს დიდებული ათასწლიანი მეფობა დაიწყება. ღმერთმა დანიშნა ეს დღე, რომ „თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით“ (საქმეები 17:31; 2 პეტრე 3:8). იოანე ამბობს: „ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომი. მისგან გარბოდა ცა და დედამიწა და აღარ იყო ადგილი მათთვის“ (გამოცხადება 20:11). რა არის „დიდი თეთრი ტახტი“? ეს „ღვთის — ყველას მოსამართლის“ სასამართლო ტახტია (ებრაელები 12:23). ის გაასამართლებს კაცობრიობას, რათა განსაზღვროს, ვის სასიკეთოდ გამოიყენებს იესოს გამოსასყიდს (მარკოზი 10:45).

      3. ა) რა გაგებით არის იეჰოვას ტახტი დიდი და თეთრი? ბ) ვინ იქნება მოსამართლე სასამართლო დღის განმავლობაში და რის საფუძველზე მოხდება გასამართლება?

      3 ღვთის ტახტი დიდია, რაც იეჰოვას, როგორც უზენაესი უფლის, სიდიადის მაჩვენებელია; მისი ტახტის სითეთრე კი მის სრულყოფილ სამართლიანობაზე მეტყველებს. ის არის კაცობრიობის უზენაესი მოსამართლე (ფსალმუნი 19:7—11; ესაია 33:22; 51:5, 8). მიუხედავად ამისა, მან გასამართლების უფლება იესო ქრისტეს გადასცა: „მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა“ (იოანე 5:22). იესოს 144 000 შემწე ჰყავს, რომლებსაც ათასი წლით „გასამართლების უფლებამოსილება“ მიეცათ (გამოცხადება 20:4). სასამართლოს დღის განმავლობაში ისინი თითოეულ ადამიანს იეჰოვას სამართლიანი ნორმებით გაასამართლებენ.

      4. რას ნიშნავს „გარბოდა ცა და დედამიწა“?

      4 რა გაგებით „გარბოდა ცა და დედამიწა“? ეს იგივე ცაა, რომელიც მეექვსე ბეჭდის ახსნის დროს გრაგნილივით დაიხვა. ის განასახიერებს ადამიანთა მმართველობას, რომელიც „ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (გამოცხადება 6:14; 2 პეტრე 3:7); დედამიწა კი იმ ორგანიზებულ საზოგადოებას განასახიერებს, რომელიც ამ მმართველობას ემორჩილება (გამოცხადება 8:7). ცა და დედამიწა მაშინ გაიქცევა, როცა მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, მხეცის ნიშნის მატარებელნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი განადგურდებიან (გამოცხადება 19:19—21). მას შემდეგ, რაც სატანის დედამიწა და ცა გასამართლდება, დიდებული მოსამართლე სხვა სასამართლო დღის დაწყებას გამოაცხადებს.

      ათასწლიანი სასამართლოს დღე

      5. ვინ გასამართლდება ძველი ცისა და დედამიწის განადგურების შემდეგ?

      5 თუკი ძველი ცა და დედამიწა აღარ იარსებებს, მაშ ვინღა გასამართლდება? 144 000 ცხებულის დარჩენილი ნაწილი არ გასამართლდება, რადგან ისინი უკვე გასამართლებულნი და ბეჭედდასმულნი არიან. თუ არმაგედონის შემდეგ ცხებულები ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებიან, ისინი მალევე დაასრულებენ მიწიერ ცხოვრებას და ზეციერი ჯილდოს მისაღებად აღდგებიან (1 პეტრე 4:17; გამოცხადება 7:2—4). ხილვაში „ტახტის წინ“ დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი უამრავი ხალხის მილიონობით წარმომადგენელი იდგა. იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამო ისინი მართლებად ჩაითვალნენ და ამიტომაც გადარჩნენ. მიუხედავად ამისა, მათი გასამართლება ათას წელს გასტანს, როცა იესო მათ „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ წაუძღვება. ისინი გასრულყოფილდებიან და გამოიცდებიან, რის შემდეგაც ყოველმხრივ მართლებად იქნებიან აღიარებულნი (გამოცხადება 7:9, 10, 14, 17). ათასი წლის განმავლობაში გასამართლდებიან როგორც დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი ბავშვები, ისე უამრავი ხალხის შვილები, რომლებიც ათასი წლის განმავლობაში დაიბადებიან (შეადარეთ დაბადების 1:28; 9:7; 1 კორინთელების 7:14).

      6. ა) ვის ხედავს იოანე და რა იგულისხმება სიტყვებში: „დიდები და პატარები“? ბ) როგორ აღდგება ღვთის მეხსიერებაში მყოფი მილიონობით ადამიანი?

      6 იოანე ხედავს ადამიანთა სხვა ჯგუფსაც, რომელიც დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილ უამრავ ხალხზე მრავალრიცხოვანია. მათი რიცხვი მილიარდებს აღწევს. „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები“ (გამოცხადება 20:12ა). „დიდებში და პატარებში“ იგულისხმება წარჩინებული თუ უბრალო ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე გასული 6 000 წლის განმავლობაში უცხოვრიათ და დახოცილან. იოანეს სახარებაში, რომელიც მან „გამოცხადების“ შემდეგ მალევე დაწერა, ჩაწერილია, რას ამბობს იესო მამის შესახებ: „მას [იესოს] გასამართლების უფლებამოსილებაც მისცა, რადგან კაცის ძეა იგი. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:27—29). რა გრანდიოზული საქმეა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი და დასაფლავებული ადამიანებისთვის სიცოცხლის დაბრუნება! უეჭველია, ღვთის მეხსიერებაში მყოფი მილიონობით ადამიანი თანდათანობით აღდგება. ეს შედარებით მცირერიცხოვან უამრავ ხალხს ყველა იმ სირთულესთან გამკლავების საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება აღდგენილების გამო წარმოიშვას. გასაკვირი არ იქნება, რომ თავიდან მათზე ძველი ცხოვრების წესმა, ხორციელმა სისუსტეებმა და აზროვნებამ იმოქმედოს.

      ვინ აღდგება და ვინ გასამართლდება?

      7, 8. ა) რა გრაგნილი გაიშალა და რა მოხდა ამის შემდეგ? ბ) ვინ არ აღდგება?

      7 იოანე განაგრძობს: „გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ. ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:12ბ, 13). მართლაც გამაოგნებელი სანახაობაა! აღსანიშნავია, რომ მოხსენიებული ზღვა, სიკვდილი და სამარე ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობის მქონე სიტყვები არ არისa. მაგალითად, თევზის მუცელში და, შესაბამისად, შუა ზღვაში მყოფმა იონამ საკუთარ თავზე თქვა, რომ სამარეში იმყოფებოდა (იონა 2:2). თუ ადამიანი ადამის გამო სიკვდილის ტყვეობაშია, ფაქტობრივად, ის სამარეშია. იოანეს წინასწარმეტყველური სიტყვები იმაში გვარწმუნებს, რომ უყურადღებოდ არავინ დარჩება.

      8 იქნებიან ისეთებიც, რომლებიც არ აღდგებიან, თუმცა მათი რიცხვი უცნობია. მათ შორის იქნებიან იესოსა და მისი მოციქულების უარმყოფელი მოუნანიებელი მწიგნობრები და ფარისევლები, „უკანონობის კაცი“ და რწმენას ჩამოშორებული ცხებული ქრისტიანები (2 თესალონიკელები 2:3; ებრაელები 6:4—6; მათე 23:29—33). იესო საუბრობდა თხისმაგვარ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულის დროს წავლენ „მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“, ანუ „მარადიულად მოიკვეთებიან“ (მათე 25:41, 46). ისინი არ აღდგებიან.

      9. როგორ აღნიშნა მოციქულმა პავლემ, რომ ზოგიერთს განსაკუთრებული აღდგომა ელის, და ვინ იქნებიან ისინი?

      9 ზოგიერთების აღდგომა განსაკუთრებული იქნება. ამაზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). დედამიწაზე აღდგენილ მართლებს შორის იქნებიან ძველად მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები, მაგალითად, აბრაამი და რახაბი. როგორც ღვთის მეგობრები, ისინი მართლებად იყვნენ აღიარებულნი (იაკობი 2:21, 23, 25). აღდგენილთა შორის იქნებიან მართალი სხვა ცხვრები, რომლებიც იეჰოვას ერთგულები დაიხოცნენ ჩვენს დროში. როგორც ჩანს, ეს ერთგული ადამიანები იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისში აღდგებიან (იობი 14:13—15; 27:5; დანიელი 12:13; ებრაელები 11:35, 39, 40). უეჭველია, აღდგენილ მართალთაგან მრავალს განსაკუთრებული უპირატესობა მიეცემა, რომ უხელმძღვანელოს დედამიწის სამოთხედ გადაქცევის გრანდიოზულ საქმეს (ფსალმუნი 45:16; შეადარეთ ესაიას 32:1, 16—18; 61:5; 65:21—23).

      10. ვინ იქნებიან აღდგენილ უმართლოთა შორის?

      10 ვინ არიან საქმეების 24:15-ში მოხსენიებული უმართლოები? მათ შორის იქნება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი უამრავი ადამიანი; განსაკუთრებით კი ისინი, ვინც „უმეცრების დროს“ ცხოვრობდნენ (საქმეები 17:30). შესაძლოა ისინი ისეთ ადგილას დაიბადნენ და ისეთ დროს ცხოვრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვას მორჩილება ესწავლათ. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მოისმინეს ხსნის შესახებ ცნობა, მაგრამ იმ დროს სათანადოდ არ გამოეხმაურნენ მას ან მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე თავს მიუძღვნიდნენ ღმერთს და მოინათლებოდნენ. აღდგომის შემდეგ ასეთ ადამიანებს კვლავ მოუწევთ აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, რათა ხელიდან არ გაუშვან მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა.

      სიცოცხლის გრაგნილი

      11. ა) რა არის „სიცოცხლის გრაგნილი“ და ვისი სახელებია ჩაწერილი მასში? ბ) რატომ იქნება გაშლილი სიცოცხლის გრაგნილი ათასწლიანი მეფობის განმავლობაში?

      11 იოანემ მოიხსენია „სიცოცხლის გრაგნილი“. ამ გრაგნილში ჩაწერილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვასგან მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ. მასში ჩაიწერა იესოს ცხებული ძმების, უამრავი ხალხისა და ძველ დროს მცხოვრები ერთგული ადამიანების, მოსესა და სხვების სახელები (გამოსვლა 32:32, 33; დანიელი 12:1; გამოცხადება 3:5). იმ უმართლოთა სახელები, რომლებიც მომავალში აღდგებიან, სიცოცხლის გრაგნილში ჯერ არ ჩაწერილა. ამიტომ ათასწლიანი მეფობის განმავლობაში გაშლილი იქნება სიცოცხლის გრაგნილი იმ ადამიანთა სახელების ჩასაწერად, რომლებიც დაიმსახურებენ სიცოცხლეს. ვისი სახელიც გრაგნილში ანუ სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება, მათზე ნათქვამია, რომ „ცეცხლის ტბაში იქნენ ჩაყრილი“ (გამოცხადება 20:15; შეადარეთ ებრაელების 3:19).

      12. რის საფუძველზე ჩაიწერება ადამიანის სახელი სიცოცხლის გრაგნილში და რა მაგალითი დაგვიტოვა იეჰოვას დანიშნულმა მოსამართლემ?

      12 რის საფუძველზე ჩაიწერება იმ დროს ადამიანის სახელი სიცოცხლის გრაგნილში? გადამწყვეტი ფაქტორი, ისევე როგორც ადამისა და ევას შემთხვევაში, იეჰოვას მორჩილება იქნება. ეს შეესაბამება მოციქულ იოანეს სიტყვებს, რომლებიც მან საყვარელ თანაქრისტიანებს მისწერა: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:4—7, 17). იეჰოვას მიერ დანიშნულმა მოსამართლემ ღვთის მორჩილების მაგალითი დაგვიტოვა: „თუმცა [იესო] ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“ (ებრაელები 5:8, 9).

      იშლება სხვა გრაგნილებიც

      13. როგორ უნდა ცხადყონ აღდგენილებმა ღვთის მორჩილება და რა პრინციპები უნდა დაიცვან?

      13 როგორ უნდა ცხადყონ აღდგენილებმა ღვთისადმი მორჩილება? იესომ ორ უდიდეს მცნებაზე გაამახვილა ყურადღება: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ » (მარკოზი 12:29—31). ისინი აგრეთვე უნდა დაემორჩილონ იეჰოვას უცვლელ პრინციპებს, მაგალითად, არ იქურდონ, არ იცრუონ, არ მოკლან და უზნეობა არ ჩაიდინონ (1 ტიმოთე 1:8—11; გამოცხადება 21:8).

      14. რა გრაგნილები იშლება და რა არის ჩაწერილი მათში?

      14 იოანე მოიხსენიებს სხვა გრაგნილებსაც, რომლებიც ათასწლიანი მეფობის დროს გაიშლება (გამოცხადება 20:12). რა გრაგნილებია ეს? ზოგჯერ იეჰოვა კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტულ მითითებებს იძლეოდა. მაგალითად, მოსეს დროს მან ისრაელებს არაერთი კანონი მისცა, რომელთა მორჩილებაც სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა მათ (მეორე კანონი 4:40; 32:45—47). I საუკუნეში ერთგულ ქრისტიანებს ახალი მითითებები მიეცათ, რაც მათ, როგორც ქრისტიანული კრების წევრებს, იეჰოვას პრინციპების დაცვაში დაეხმარებოდა (მათე 28:19, 20; იოანე 13:34; 15:9, 10). იოანე გვამცნობს, რომ მკვდრები „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ“. როგორც ჩანს, ამ გრაგნილებში ჩაწერილი იქნება, კონკრეტულად, რა მოთხოვნები ექნება იეჰოვას კაცობრიობისთვის ათასი წლის განმავლობაში. თუ ადამიანები დაემორჩილებიან ამ გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებსა და წესებს, ისინი სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ და საბოლოოდ მარადიულობას მიაღწევენ.

      15. რა სასწავლო პროგრამა ჩატარდება აღდგომის დროს და, როგორც ჩანს, რა თანამიმდევრობით მოხდება აღდგომა?

      15 წარმოიდგინეთ, რა გრანდიოზული თეოკრატიული სწავლება დაიწყება მაშინ! 2005 წელს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში საშუალოდ 6 061 534 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ, აღდგომის შემდეგ კი, უდავოა, რომ მილიონობით შესწავლა ჩატარდება ბიბლიისა და ახალი გრაგნილების გამოყენებით. ღვთის ხალხიდან ყველა უნდა გახდეს მასწავლებელი და ამ საქმისთვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს. სულიერი წინსვლის შემდეგ აღდგენილებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ გრანდიოზულ სასწავლო პროგრამაში. როგორც ჩანს, აღდგომა ასეთი თანამიმდევრობით მოხდება: გადარჩენილები შეეგებებიან და ასწავლიან აღდგენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ისინი კი, თავის მხრივ, სხვებს შეეგებებიან და ასწავლიან (შეადარეთ 1 კორინთელების 15:19—28, 58). ექვს მილიონზე მეტი მოწმე დღეს აქტიურად მონაწილეობს ჭეშმარიტების გავრცელებაში, ეს კი კარგი საფუძველია საიმისოდ, რომ მათ მკვდრეთით აღდგომის დროს მრავალი უპირატესობა მიიღონ (ესაია 50:4; 54:13).

      16. ა) ვისი სახელები არ ჩაიწერება გრაგნილში, ანუ სიცოცხლის წიგნში? ბ) ვინ აღდგება „სიცოცხლის აღდგომისთვის“?

      16 დედამიწაზე მკვდრების აღდგომასთან დაკავშირებით იესომ თქვა, რომ „კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ გამოვიდოდნენ. აქ სიცოცხლე და სასამართლო ერთმანეთს უპირისპირდება. ისინი, ვინც აღდგომის შემდეგ ბოროტების კეთებას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნასწავლი ექნებათ წმინდა წერილები და გრაგნილში ჩაწერილი მითითებები, გასამართლებისას სიცოცხლეს ვერ დაიმსახურებენ და მათი სახელები გრაგნილში ანუ სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება (იოანე 5:29). იგივე დაემართება მასაც, ვინც ერთ დროს ერთგული იყო, მაგრამ განდგება ათასწლიანი მეფობის დროს. გრაგნილიდან სახელების ამოშლაც შეიძლება (გამოსვლა 32:32, 33). მათი სახელები, ვინც დაემორჩილება გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს, არ ამოიშლება სიცოცხლის გრაგნილიდან; ისინი იცოცხლებენ. მათი აღდგომა სიცოცხლის აღდგომა იქნება.

      სიკვდილისა და სამარის მოსპობა

      17. ა) რა გასაოცარი სანახაობა იშლება იოანეს თვალწინ? ბ) როდის დაცარიელდება სამარე? გ) როდის იქნება ჩაგდებული „ცეცხლის ტბაში“ ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი?

      17 ახლა იოანეს თვალწინ გასაოცარი სანახაობა იშლება: „სიკვდილი და სამარე ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს. ცეცხლის ტბაში იქნენ ჩაყრილი ისინიც, ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი“ (გამოცხადება 20:14, 15). ათასწლიანი სასამართლო დღის ბოლოს „სიკვდილი და სამარე“ საბოლოოდ მოისპობა. რა საჭიროა ამისთვის ათასი წელი? კაცობრიობის საერთო სამარე მხოლოდ მაშინ დაცარიელდება, როცა ღვთის მეხსიერებაში მყოფი უკანასკნელი მიცვალებული აღდგება. მაგრამ, ვიდრე ადამიანებზე თანდაყოლილი ცოდვა იმოქმედებს, ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი ძალას არ დაკარგავს. დედამიწაზე აღდგენილები, არმაგედონში გადარჩენილ უამრავ ხალხთან ერთად გრაგნილებში ჩაწერილ მითითებებს უნდა დაემორჩილონ, ვიდრე იესოს გამოსასყიდი საბოლოოდ არ დაიხსნის მათ ავადმყოფობისგან, სიბერისა და სხვა თანდაყოლილი უძლურებებისგან. მაშინ ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და სამარე ერთად ჩაიყრება „ცეცხლის ტბაში“, და ორივე სამუდამოდ მოისპობა.

      18. ა) როგორ აღწერს პავლე მოციქული იმ წარმატებას, რასაც მეფე იესო მიაღწევს თავისი მმართველობის დროს? ბ) რას გააკეთებს იესო ადამიანების გასრულყოფილების შემდეგ? გ) კიდევ რა მოხდება ათასი წლის ბოლოს?

      18 მაშინ საბოლოოდ შესრულდება მოციქულ პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი სიტყვები: „მან [იესომ] უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია [ადამის მიზეზით გამოწვეული]“. რა მოხდება ამის შემდეგ? „როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“ (1 კორინთელები 15:24—28). იესო, რომელმაც გამოსასყიდით დაამარცხა ადამის მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, გასრულყოფილებულ ადამიანებს თავის მამას, იეჰოვას წარუდგენს. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ, ათასი წლის ბოლოს გათავისუფლდება სატანა და ბოლო გამოცდის დროს გადაწყდება, ვისი სახელები დარჩება სიცოცხლის წიგნში მარადიულად. „ძალ-ღონე არ დაიშუროთ“, რათა თქვენი სახელიც ჩაიწეროს ამ გრაგნილში (ლუკა 13:24; გამოცხადება 20:5).

      [სქოლიოები]

      a ზღვაში დაღუპულთაგან აღდგენილებს შორის არ იქნებიან ნოეს წარღვნის დროს დახოცილი გახრწნილი ადამიანები. ის საბოლოო განადგურება იყო, ისევე როგორც იეჰოვას გამოტანილი განაჩენის აღსრულება იქნება საბოლოო დიდი გასაჭირის დროს (მათე 25:41, 46; 2 პეტრე 3:5—7).

  • ახალი ცა და ახალი დედამიწა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 42

      ახალი ცა და ახალი დედამიწა

      1. როგორ აღწერს იოანე იმას, რაც ათასწლიანი მეფობის დასაწყისში უნდა მოხდეს?

      ეს დიდებული ხილვა კვლავ გრძელდება. ანგელოზი იოანეს იმას აჩვენებს, რაც ათასწლიანი მეფობის დასაწყისში უნდა მოხდეს. რას ხედავს იოანე? „ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, რადგან წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა მოისპო და ზღვა აღარ არის“ (გამოცხადება 21:1). ჩვენ თვალწინ შთამბეჭდავი სურათი იშლება.

      2. ა) როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება ახალი ცისა და ახალი დედამიწის შესახებ ძვ. წ. 537 წელს დაბრუნებულ იუდეველებზე? ბ) საიდან ვიცით, რომ ესაიას წინასწარმეტყველება კვლავ უნდა შესრულდეს, და როგორ შესრულდება?

      2 იოანეს დრომდე ასობით წლით ადრე იეჰოვამ ესაიას უთხრა: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17; 66:22). ეს წინასწარმეტყველება თავდაპირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, როცა ერთგული იუდეველები 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ. მაშინ მათ შექმნეს ახალი, განწმენდილი საზოგადოება, ანუ „ახალი დედამიწა“, რომელიც ახალ მმართველობას ანუ „ახალ ცას“ ემორჩილებოდა. მოციქულმა პეტრემ ამ წინასწარმეტყველების კიდევ ერთ შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). იოანე გვიხსნის, რომ ეს დანაპირები უფლის დღის განმავლობაში სრულდება. „წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა“ ანუ სატანის ქვეყნიერება და მმართველობის სისტემა, რომელზეც სატანა და მისი დემონები ახდენდნენ გავლენას, მოისპობა. ბოროტ და ურჩ ადამიანთა მღელვარე „ზღვა“ აღარ იარსებებს. მათ ადგილს დაიკავებს „ახალი ცა და ახალი დედამიწა“, ანუ ადამიანთა ახალი საზოგადოება, რომელსაც ახალი მთავრობა, ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს (შეადარეთ გამოცხადების 20:11).

      3. ა) რას აღწერს იოანე და რას წარმოადგენს ახალი იერუსალიმი? ბ) რა გაგებით ჩამოდის ზეციდან ახალი იერუსალიმი?

      3 იოანე განაგრძობს: „ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი“ (გამოცხადება 21:2). ახალი იერუსალიმი იესოს პატარძალია, რომელიც სიკვდილამდე ერთგული ცხებული ქრისტიანებისგან შედგება. ისინი აღდგენილნი არიან, რათა განდიდებულ იესოსთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ (გამოცხადება 3:12; 20:6). მიწიერი იერუსალიმი ძველი ისრაელის სატახტო ქალაქი იყო; შესაბამისად, დიდებული ახალი იერუსალიმი და მისი ნეფე ახალი ქვეყნიერების მთავრობას ანუ ახალ ცას წარმოადგენენ. პატარძალი ყურადღებას აქცევს დედამიწას და სწორედ ამ გაგებით ჩამოდის ზეციდან. ის ერთგულად დაეხმარება კრავს კაცობრიობის სამართლიანად მართვაში. ახალი დედამიწისთვის ეს დიდი კურთხევაა!

      4. ღვთის რომელი აღთქმა ჰგავს ახლად ჩამოყალიბებული ისრაელისთვის მიცემულ აღთქმას?

      4 იოანე აგრძელებს: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება“ » (გამოცხადება 21:3). როცა იეჰოვამ კანონის შეთანხმება დაუდო ახლად ჩამოყალიბებულ ისრაელს, ასეთი აღთქმაც მისცა: „თქვენ შორის დავდგამ ჩემს კარავს და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით“ (ლევიანები 26:11, 12). იეჰოვა ამჯერადაც მსგავს აღთქმას აძლევს ერთგულ ხალხს. ათასწლიანი სასამართლოს დღის დროს ისინი ღვთისთვის განსაკუთრებული ხალხი გახდებიან.

      5. ა) რა გაგებით დამკვიდრდება ღმერთი ადამიანებთან ათასწლიანი მეფობის დროს? ბ) როგორ დამკვიდრდება ღმერთი ადამიანებთან ათასწლიანი მეფობის შემდეგ?

      5 ათასწლიანი მეფობის დროს იეჰოვა ადამიანებთან იმ გაგებით დამკვიდრდება, რომ მისი წარმომადგენელი გამეფებული ძე, იესო ქრისტე იქნება. მაგრამ ათასწლიანი მეფობის ბოლოს, როცა იესო სამეფოს გადასცემს მამას, არც შუამავალი და არც წარმომადგენელი აღარ იქნება საჭირო. იეჰოვა სულიერი გაგებით თავად დამკვიდრდება თავის ხალხთან სამარადისოდ (შეადარეთ იოანეს 4:23, 24). ეს დიდი პატივი იქნება გასრულყოფილებული ადამიანებისთვის!

      6, 7. ა) რა დიდებულ დანაპირებს გვიმხელს იოანე და ვინ მიიღებს კურთხევებს? ბ) როგორ აღწერს ესაია სულიერ და ფიზიკურ სამოთხეს?

      6 იოანე განაგრძობს თხრობას: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). ეს კვლავ გვახსენებს ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ დაპირებებს. ესაია მოელოდა იმ დროს, როცა სიკვდილი და გლოვა აღარ იქნებოდა და მწუხარებას სიხარული შეცვლიდა (ესაია 25:8; 35:10; 51:11; 65:19). იოანე ადასტურებს, რომ ეს დანაპირები ათასწლიანი სასამართლოს დღის განმავლობაში შესრულდება. ჯერ უამრავი ხალხი მიიღებს კურთხევებს. „ტახტთან მყოფი კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ. და მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 7:9, 17). საბოლოოდ ყველა, ვინც მკვდრეთით აღდგება და რწმენას გამოავლენს ყველაფრისადმი, რაც იეჰოვას მოუმოქმედებია, მათთან ერთად იქნება და როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სამოთხით გაიხარებს.

      7 ესაია ამბობს: „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6). მაშინ „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22). ისინი არ მოისპობიან.

      8. როგორ ადასტურებს თავად იეჰოვა, რომ ეს დიდებული დანაპირები სანდოა?

      8 ამ დანაპირებზე ფიქრისას შესანიშნავი სურათი წარმოგვიდგება თვალწინ. არაჩვეულებრივი კურთხევები ელით ერთგულ ადამიანებს, რომლებსაც სიყვარულით უხელმძღვანელებს ზეციერი მთავრობა. ზღაპრად ხომ არ გვეჩვენება ეს დანაპირები? იქნებ ეს მხოლოდ კუნძულ პატმოსზე გადასახლებული მოხუცებულის ოცნებაა? იეჰოვა თავად გცემს პასუხს: «ტახტზე მჯდომმა თქვა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“. შემდეგ თქვა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“ » (გამოცხადება 21:5, 6ა).

      9. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომავალი კურთხევები რეალობად იქცევა?

      9 იეჰოვა თითქოსდა ხელს აწერს საგარანტიო ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ერთგული ადამიანები კურთხეულნი იქნებიან. ვის შეეპარება ეჭვი მის დანაპირებში?! იეჰოვა თავის დანაპირებზე ისე ლაპარაკობს, როგორც უკვე შესრულებულზე: „აღსრულდა!“ განა იეჰოვა არ არის „ალფა და ომეგა, . . ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“?! (გამოცხადება 1:8). რა თქმა უნდა. ის თავად ამბობს: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“ (ესაია 44:6). ამიტომ მას შეუძლია შთაგონებით დააწერინოს ადამიანს წინასწარმეტყველებები და შემდეგ ზედმიწევნით შეასრულოს. როგორ გვიმტკიცებს ეს რწმენას! ღმერთი გვპირდება: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“! ნაცვლად იმისა, რომ ეჭვის თვალით ვუყუროთ ამ საოცრებას, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რისი გაკეთება გვმართებს, ეს კურთხევები რომ მივიღოთ.

      წყალი მწყურვალთათვის

      10. რა „წყალს“ გვთავაზობს იეჰოვა და რა იგულისხმება ამაში?

      10 თავად იეჰოვა აცხადებს: „მწყურვალს უსასყიდლოდ მივცემ სიცოცხლის წყლის წყაროდან“ (გამოცხადება 21:6ბ). ადამიანი სულიერს უნდა იყოს მოწყურებული და თუ წყურვილის მოკვლა სურს, მზად უნდა იყოს იეჰოვასგან ბოძებული „წყლის“ მისაღებად (ესაია 55:1; მათე 5:3). რა იგულისხმება ამ წყალში? იესომ პასუხი გასცა ამ კითხვას, როცა ჭასთან ერთ სამარიელ ქალს უქადაგა. მან უთხრა ქალს: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“. „სიცოცხლის წყლის წყარო“ ღვთისგან მოედინება ქრისტეს მეშვეობით. ღმერთი მას კაცობრიობისთვის სრულყოფილი სიცოცხლის დასაბრუნებლად გამოიყენებს. სამარიელი ქალის მსგავსად ჩვენც ძლიერი სურვილი უნდა გვქონდეს, რომ დავეწაფოთ ამ წყაროს; ჩვენ ქვეყნიურ სურვილებს კი არ უნდა ავყვეთ, არამედ სასიხარულო ცნობა უნდა ვაუწყოთ ხალხს (იოანე 4:14, 15, 28, 29).

      ‘მძლეველები’

      11. რა დანაპირებს იძლევა იეჰოვა და პირველ რიგში ვის ეხება ეს სიტყვები?

      11 ამ გამომაცოცხლებელი წყლის მსმელი „მძლეველი“ უნდა იყოს, რადგან იეჰოვა ამბობს: „მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე“ (გამოცხადება 21:7). ეს იმ დანაპირებს ჰგავს, რომელსაც შვიდი კრებისთვის მიწერილ ცნობებში ვხვდებით. ასე რომ, ეს სიტყვები პირველ რიგში ცხებულ მოწაფეებს ეხებათ (გამოცხადება 2:7, 11, 17, 26—28; 3:5, 12, 21). საუკუნეების განმავლობაში ქრისტეს სულიერი ძმები მოუთმენლად ელოდნენ იმ დროს, როცა ახალი იერუსალიმის მკვიდრნი გახდებოდნენ. თუ იესოს მსგავსად ისინიც ‘მძლეველები’ გახდებიან, მათი იმედები განხორციელდება (იოანე 16:33).

      12. როგორ შესრულდება გამოცხადების 21:7-ში ჩაწერილი დანაპირები უამრავ ხალხზე?

      12 ამ დანაპირებით ყველა ერიდან გამოკრებილი უამრავი ხალხიც ინტერესდება. ისინიც უნდა გახდნენ ‘მძლეველები’, ერთგულად უნდა ემსახურონ ღმერთს, ვიდრე დიდ გასაჭირს არ გადაიტანენ. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ისინი სამკვიდროს დედამიწაზე, „ქვეყნიერების შექმნიდან მათთვის გამზადებულ სამეფოს“ (მათე 25:34). როგორც მათ, ისე უფლის დანარჩენ ცხვრებს, რომლებიც ათასი წლის ბოლოს გადაიტანენ გამოცდას, „წმინდები“ ეწოდებათ (გამოცხადება 20:9). მათ წმინდა და მამაშვილური ურთიერთობა ექნებათ შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, როგორც მისი ერთიანი ორგანიზაციის წევრებს (ესაია 66:22; იოანე 20:31; რომაელები 8:21).

      13, 14. თუ გვსურს, რომ ღვთის დიდებული დანაპირები მივიღოთ, რას უნდა მოვერიდოთ და რატომ?

      13 იეჰოვას მოწმეებს დიდებული იმედი აქვთ. ამიტომ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სატანის ქვეყნიერების გამხრწნელი ზეგავლენისგან თავის დაცვა. ჩვენ სიმტკიცე, გაბედულება და მონდომება გვმართებს, რათა ეშმაკმა ისეთი ადამიანების წრეში არ დაგვაბრუნოს, რომლებზეც იეჰოვა ამბობს: „მხდალებისა და ურწმუნოების, ბინძურებისა და მკვლელების, მეძავების, სპირიტიზმის მიმდევრების, კერპთაყვანისმცემლებისა და ყველა მატყუარას ხვედრი ტბაშია, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის. ეს მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 21:8). ის, ვისაც სამოთხეში ცხოვრება სურს, უნდა მოერიდოს ამ დრომოჭმული ქვეყნიერების ბილწ საქმეებს, ნებისმიერი ზეწოლისა თუ ცდუნების მიუხედავად ერთგული უნდა დარჩეს და ამგვარად უნდა გახდეს „მძლეველი“ (რომაელები 8:35—39).

      14 ქრისტიანული სამყარო ქრისტეს პატარძლად აცხადებს თავს, მაგრამ ისეთ სისაძაგლეებს სჩადის, როგორიც იოანემ აღგვიწერა. ამის გამო ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება დიდი ბაბილონის სხვა რელიგიებთან ერთად (გამოცხადება 18:8, 21). მათ მსგავსად, მარადიულად განადგურდება ის ცხებული ქრისტიანი თუ უამრავი ხალხის წარმომადგენელი, რომელიც ამგვარ ბოროტებას დაუბრუნდება ან ხელს შეუწყობს მას. ვინც ჯიუტად განაგრძობს ბოროტი საქმეების კეთებას, ვერ მიიღებს დაპირებულს. ახალ დედამიწაზე ნებისმიერი, ვინც ასეთი საქმეების კეთებას შეეცდება, მაშინვე განადგურდება და მეორე სიკვდილით მოკვდება, ანუ აღარასოდეს აღდგება (ესაია 65:20).

      15. ვინ არიან სამაგალითო „მძლეველები“ და რა ხილვით აღწევს „გამოცხადება“ დიდებულ აპოგეას?

      15 კრავი, იესო ქრისტე, და მისი პატარძალი, 144 000-გან შემდგარი ახალი იერუსალიმი, სამაგალითო „მძლეველები“ არიან. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ „გამოცხადება“ თავის დიდებულ აპოგეას აღწევს და ჩვენ ბრწყინვალე ახალ იერუსალიმს ვხედავთ. იოანე ახლა ბოლო ხილვას აღგვიწერს.

  • ახალი ცა და ახალი დედამიწა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [სურათები 302 გვერდზე]

      „ახალი დედამიწა“ — ადამიანთა ახალი საზოგადოება სასიამოვნო სამუშაოთი და მეგობრული ურთიერთობით გაიხარებს.

  • ბრწყინვალე ქალაქი
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 43

      ბრწყინვალე ქალაქი

      ხილვა 16 გამოცხადება 21:9—22:5

      თემა: ახალი იერუსალიმის აღწერა.

      შესრულების დრო: დიდი გასაჭირისა და უფსკრულში სატანის ჩაგდების შემდეგ.

      1, 2. ა) სად აჰყავს ანგელოზს იოანე ახალი იერუსალიმის საჩვენებლად და რას ხედავს იოანე? ბ) რატომ არის ეს გამოცხადების დიდებული აპოგეა?

      ანგელოზმა იოანე უდაბნოში წაიყვანა დიდი ბაბილონის საჩვენებლად. ახლა შვიდი ანგელოზიდან ერთ-ერთს იოანე მაღალ მთაზე აჰყავს. ეს ადგილი პირველისგან დიდად განსხვავდება. ამჯერად იოანე ხედავს არა უწმინდურ, გარყვნილ, ბაბილონელი მეძავის მსგავს ქალაქს, არამედ სუფთა, სულიერ, წმინდა ქალაქს, ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ეშვება (გამოცხადება 17:1, 5).

      2 მიწიერი იერუსალიმი არასდროს ყოფილა ამ ქალაქივით დიდებული. იოანე ამბობს: «მოვიდა ერთ-ერთი იმ შვიდი ანგელოზიდან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი, გიჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“. მან სულის ძალით გადამიყვანა ძალიან დიდსა და მაღალ მთაზე და მაჩვენა წმინდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ზეციდან ღვთისგან ეშვებოდა და რომელსაც ღვთის დიდება ჰქონდა» (გამოცხადება 21:9—11ა). მაღალ მთაზე მდგომ იოანეს შეუძლია, გულდასმით დაათვალიეროს ქალაქი. მას შემდეგ, რაც კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობაში აღმოჩნდა, მორწმუნე ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ ამ ქალაქის გამოჩენას. და, აი, ისიც! (რომაელები 8:19; 1 კორინთელები 15:22, 23; ებრაელები 11:39, 40). ეს არის დიდებული სულიერი ქალაქი, რომელსაც 144 000 ერთგული წარმოადგენს. ის თავისი სიწმინდით ბრწყინავს და იეჰოვას დიდებას ირეკლავს. სწორედ ეს არის გამოცხადების დიდებული აპოგეა!

      3. როგორ აღწერს იოანე ახალი იერუსალიმის სილამაზეს?

      3 ახალი იერუსალიმი არაჩვეულებრივად ლამაზია: „ის უძვირფასეს ქვასავით ბზინავდა, როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი. მას ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი და თორმეტი კარიბჭე. კარიბჭეებთან თორმეტი ანგელოზი იდგა და იქ ისრაელის ძეთა თორმეტი ტომის სახელები ეწერა. სამი კარიბჭე აღმოსავლეთით იყო, სამი — ჩრდილოეთით, სამი — სამხრეთით, და სამიც — დასავლეთით. ქალაქის გალავანს საძირკვლად ჰქონდა თორმეტი ქვა კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელით“ (გამოცხადება 21:11ბ—14). გასაკვირი არაა, რატომ იქცევს ახალი იერუსალიმის ბრწყინვალება იოანეს ყურადღებას. ეს ქალაქი გაბრწყინებულ პატარძალს ჰგავს და იესოსთვის შესაფერისი ცოლია. ის ბრწყინავს ისე, როგორც „ციურ მნათობთა მამის“ ქმნილებას შეჰფერის (იაკობი 1:17).

      4. რა ცხადყოფს, რომ ახალი იერუსალიმი არ წარმოადგენს ხორციელ ისრაელს?

      4 მის თორმეტ კარიბჭეს ისრაელის თორმეტი ტომის სახელები აწერია. ასე რომ, ეს სიმბოლური ქალაქი 144 000-ს წარმოადგენს, რომლებიც ბეჭედდასმულნი არიან „ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან“ (გამოცხადება 7:4—8). საძირკვლის ქვებსაც, შესაბამისად, კრავის 12 მოციქულის სახელები აწერია. ახალი იერუსალიმი არ წარმოადგენს ხორციელ ისრაელს, რომელიც იაკობის 12 ვაჟისგან წარმოიშვა. ეს არის „მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაშენებული“ სულიერი ისრაელი (ეფესოელები 2:20).

      5. რაზე მეტყველებს ახალი იერუსალიმის „დიდი და მაღალი გალავანი“ და ის, რომ მის ყოველ შესასვლელთან ქერუბიმები დგანან?

      5 სიმბოლურ ქალაქს უზარმაზარი გალავანი აქვს. ძველად გალავანს მტრისგან თავის დასაცავად აშენებდნენ. ახალი იერუსალიმის „დიდი და მაღალი გალავანი“ მას სულიერად იცავს. სიმართლის ვერც ერთი მტერი, ვერც უწმინდური და ვერც მზაკვარი, ვერ შეაღწევს მასში (გამოცხადება 21:27). ამ ლამაზ ქალაქში შემსვლელები, თითქოს სამოთხეში შედიან (გამოცხადება 2:7). სამოთხიდან ადამის გაძევების შემდეგ სამოთხის შესასვლელთან ღმერთმა ქერუბიმები დააყენა, რათა უწმინდური ადამიანები შიგ ვერ შესულიყვნენ (დაბადება 3:24). იერუსალიმის ყოველ შესასვლელთანაც დგანან ანგელოზები წმინდა ქალაქის სულიერი უსაფრთხოების დასაცავად. ბოლო დღეების განმავლობაშიც ანგელოზები იცავენ სულითცხებულ ქრისტიანთა კრებას, ამჯერად ახალ იერუსალიმს, ბაბილონის წამბილწველი ზეგავლენისგან (მათე 13:41).

      ქალაქის გაზომვა

      6. ა) როგორ აღწერს იოანე ქალაქის გაზომვას და რისი მაჩვენებელია ეს? ბ) რას ნიშნავს ის, რომ საზომი ადამიანის საზომიც არის და ანგელოზის საზომიც? (იხილეთ სქოლიო)

      6 იოანე აგრძელებს თხრობას: „მას, ვინც მელაპარაკებოდა, ოქროს ლერწამი ეჭირა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად. ქალაქს კვადრატის ფორმა ჰქონდა, თანაბარი სიგრძე და სიგანე. მან ქალაქი ლერწმით გაზომა და თორმეტი ათასი სტადიონი გამოვიდა. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი ჰქონდა. გაზომა მისი გალავანი და ას ორმოცდაოთხი წყრთა გამოვიდა ადამიანის საზომით, რაც ანგელოზის საზომიც არის“ (გამოცხადება 21:15—17). ტაძრის საწმინდრის გაზომვა იმის გარანტია იყო, რომ იეჰოვას ყველა განზრახვა, რომელიც ტაძარს ეხებოდა, შესრულდებოდა (გამოცხადება 11:1). ანგელოზის მიერ ახალი იერუსალიმის გაზომვაც იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვას ყველა განზრახვა, რომელიც ამ დიდებულ ქალაქს ეხება, შესრულდებაa.

      7. რით არის განსაკუთრებული ქალაქის ზომები?

      7 ქალაქი მართლაც გასაოცარია! ის კვადრატულია და მისი პერიმეტრი 12 000 სტადიონია (დაახლოებით 2 220 კმ.), მისი გალავნის სიმაღლე კი 144 წყრთა ანუ 64 მეტრია. ასეთი ზომის ქალაქი ჯერ არ არსებულა, რომ არსებულიყო, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე 14-ჯერ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებდა და მისი სიმაღლე 560 კილომეტრი იქნებოდა. იოანემ „გამოცხადება“ სიმბოლოებით მიიღო. რას გვეუბნება ეს ზომები ზეციერი ახალი იერუსალიმის შესახებ?

      8. რაზე მიუთითებს: ა) ქალაქის 144 წყრთა სიმაღლის გალავანი? ბ) 12 000 სტადიონი? გ) ქალაქის კვადრატული ფორმა?

      8 ას ორმოცდაოთხი წყრთა სიმაღლის კედლები იმას უსვამს ხაზს, რომ ქალაქს 144 000 ღვთის ნაშვილები სულიერი ძე შეადგენს. თანაბარი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის მქონე ქალაქის ზომის მაჩვენებელში, 12 000 სტადიონში, რიცხვი 12 ფიგურირებს, რაც ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად ორგანიზაციის სიმბოლოა. ახალი იერუსალიმი ღვთის განზრახვების განსახორციელებლად შექმნილი დიდებული ორგანიზაციაა. ეს ქალაქი, რომლის მეფეც იესო ქრისტეა, იეჰოვას სამეფო ორგანიზაციას წარმოადგენს. ქალაქს კვადრატის ფორმა აქვს. სოლომონის ტაძარში წმინდათაწმინდასაც, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო, კვადრატის ფორმა ჰქონდა (1 მეფეები 6:19, 20). გასაკვირი არ არის, რატომ აქვს იეჰოვას დიდებით გაბრწყინებულ ახალ იერუსალიმს დიდი კვადრატის ფორმა. მისი ზომები იდეალური სიზუსტით გამოირჩევა. ქალაქი ყოველმხრივ სიმეტრიული და უნაკლოა (გამოცხადება 21:22).

      ძვირფასი ქვებით ნაგები ქალაქი

      9. რით არის ქალაქი აგებული?

      9 იოანე განაგრძობს თხრობას: „გალავანი იასპით იყო ნაგები, ხოლო ქალაქი სუფთა ოქროსი იყო, სუფთა მინის მსგავსი. ქალაქის გალავნის საძირკვლები ყველანაირი ძვირფასი ქვით იყო ნაშენი: პირველი საძირკველი იყო იასპით, მეორე — საფირონით, მესამე — ქალცედონით, მეოთხე — ზურმუხტით, მეხუთე — სარდონიქსით, მეექვსე — სარდიონით, მეშვიდე — ქრიზოლითით, მერვე — ბივრილით, მეცხრე — ტოპაზით, მეათე — ქრიზოპრაზით, მეთერთმეტე — ჰიაცინთით, მეთორმეტე — ამეთვისტოთი. თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტისა იყო, თითო კარიბჭე — თითო მარგალიტისა. ქალაქის მთავარი ქუჩა სუფთა ოქროსი იყო, როგორც გამჭვირვალე მინა“ (გამოცხადება 21:18—21).

      10. რისი მაჩვენებელია ის, რომ ქალაქი იასპით, ოქროთი და „ყველანაირი ძვირფასი ქვით“ არის ნაგები?

      10 ქალაქი ბრწყინავს. ის ისეთი მასალით არ აშენებულა, როგორსაც მშენებლები იყენებენ, მაგალითად, თიხითა და ქვით. ის იასპით, სუფთა ოქროთი და „ყველანაირი ძვირფასი ქვით“ არის ნაშენი. ზეციერი ქალაქი სხვაგვარად ვერც აშენდებოდა! შეუძლებელია, ამაზე დიდებული ქალაქის წარმოდგენა. ძველად შეთანხმების კიდობანი ოქროთი იყო მოვარაყებული; ბიბლიაში ეს ლითონი კარგსა და ძვირფასს განასახიერებს (გამოსვლა 25:11; იგავები 25:11; ესაია 60:6, 17). როგორც ახალი იერუსალიმი, ისე მისი მთავარი ქუჩა გამჭვირვალე მინასავით სუფთა ოქროთია ნაგები. ეს ქალაქი მართლაც ლამაზი და მდიდრულია, აღმაფრთოვანებელია!

      11. რა იძლევა იმის გარანტიას, რომ ის, ვინც ახალ იერუსალიმს შეადგენს, შეუდარებელი სულიერი სიწმინდით იბრწყინებს?

      11 ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოადნობს ასეთ სუფთა ოქროს; მხოლოდ იეჰოვაა დიდებული გამომდნობელი. ის ზის, როგორც „ვერცხლის გამომდნობელი და გამწმენდელი“, „ოქრო-ვერცხლივით“ წმენდს სულიერი ისრაელის ერთგულ წევრებს და ყოველგვარ უწმინდურებას აცილებს. მხოლოდ ბოლომდე გამოდნობილები და განწმენდილები იქნებიან ახალი იერუსალიმის მკვიდრნი. ასე აშენებს იეჰოვა ქალაქს ცოცხალი მასალით, რომელიც შეუდარებელი სულიერი სიწმინდით ბრწყინავს (მალაქია 3:3, 4).

      12. რას ნიშნავს ის, რომ ა) ქალაქის საძირკვლები 12 ძვირფასი ქვით არის შემკული? ბ) ქალაქის კარიბჭეები მარგალიტისაა?

      12 ქალაქის მშვენიერი საძირკველიც კი თორმეტი ძვირფასი ქვით არის შემკული. ეს გვაგონებს ისრაელის მღვდელმთავარს, რომელსაც სადღესასწაულო დღეებში 12 ძვირფასი ქვით შემკული ეფოდი ეცვა. ეფოდის ძვირფასი ქვები ნაწილობრივ ზემოთ აღწერილ ქვებს ჰგავს (გამოსვლა 28:15—21). ეს უბრალო დამთხვევა როდია. ახალი იერუსალიმი, რომლის ლამპარიც დიდებული მღვდელმთავარი იესოა, მღვდლის როლს ასრულებს (გამოცხადება 20:6; 21:23; ებრაელები 8:1). სწორედ ახალი იერუსალიმის მეშვეობით იღებს კაცობრიობა იმ კურთხევებს, რაც იესოს მღვდელმთავრობას მოაქვს (გამოცხადება 22:1, 2). ქალაქის თორმეტივე კარიბჭე ულამაზესი მარგალიტისა იყო, რაც გვახსენებს იესოს მაგალითს, როცა მან სამეფო ძვირფას მარგალიტს შეადარა. ამ კარიბჭეებით ქალაქში შემსვლელები ჭეშმარიტად მადლიერნი არიან ყოველივე სულიერისთვის (მათე 13:45, 46; შეადარეთ იობის 28:12, 17, 18).

      სინათლის ქალაქი

      13. რას ამბობს იოანე ახალ იერუსალიმზე და რატომ არ სჭირდება მას ტაძარი?

      13 სოლომონის დროს იერუსალიმი ცნობილი იყო ტაძრით, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით მორიის მთის მწვერვალზე მდებარეობდა. ახალ იერუსალიმში თუ არის ტაძარი? იოანე მოგვითხრობს: „ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან მისი ტაძარია ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთი და კრავი. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული და კრავი იყო მისი ლამპარი“ (გამოცხადება 21:22, 23). რა საჭიროა ტაძრის აშენება ახალ იერუსალიმში?! ძველი იერუსალიმის ტაძარი იმ დიდი სულიერი ტაძრის პირველსახე იყო, რომელიც ახ. წ. 29 წლიდან არსებობს, მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მღვდელმთავრად სცხო იესო (მათე 3:16, 17; ებრაელები 9:11, 12, 23, 24). ტაძარში მღვდლების განსაზღვრული რაოდენობა სწირავდა მსხვერპლს იეჰოვას ხალხის საკეთილდღეოდ, მაგრამ ახალ იერუსალიმში ყველა მღვდელია (გამოცხადება 20:6). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი მსხვერპლი, იესოს სრულყოფილი სიცოცხლე ერთხელ და სამუდამოდ უკვე შეეწირა (ებრაელები 9:27, 28). გარდა ამისა, ქალაქის მცხოვრებთაგან თითოეულს შეუძლია პირადად მიმართოს იეჰოვას.

      14. ა) რატომ არ სჭირდება ახალ იერუსალიმს მზისა და მთვარის შუქი? ბ) რა იწინასწარმეტყველა ესაიამ იეჰოვას ორგანიზაციაზე და როგორ ეხება ეს ახალ იერუსალიმს?

      14 როდესაც სინას მთაზე მოსემ იეჰოვას დიდება იხილა, სახე ისე გაუნათდა, რომ რიდის ჩამოფარება მოუწია, რათა ისრაელებს არ დაენახათ (გამოსვლა 34:4—7, 29, 30, 33). და თუ ეს ასე იყო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ისეთი ქალაქის ბრწყინვალება, რომელსაც იეჰოვას დიდება მუდმივად ანათებს? ასეთ ქალაქში არასდროს დაღამდებოდა; მას არც მზის შუქი დასჭირდებოდა და არც მთვარისა. ის მარადიულად იქნებოდა განათებული (შეადარეთ 1 ტიმოთეს 6:16). სწორედ ასეთი ბრწყინვალებით არის მოსილი ახალი იერუსალიმი. მეფე და მისი პატარძალი იეჰოვას ორგანიზაციის — მისი „ქალის“, „ზედა იერუსალიმის“ — დედაქალაქს წარმოადგენენ. „ქალის“ შესახებ ესაიამ იწინასწარმეტყველა: „დღისით მზე აღარ გაგინათებს და მთვარე აღარ გამოსცემს შენთვის შუქს; იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე, შენი ღმერთი — შენი სილამაზე. შენი მზე აღარ ჩავა, აღარც შენი მთვარე მიილევა, რადგან იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე და დასრულდება შენი გლოვის დღეები“ (ესაია 60:1, 19, 20; გალატელები 4:26).

      სინათლე ხალხებისთვის

      15. ახალი იერუსალიმის შესახებ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი რომელი სიტყვები გვაგონებს ესაიას წინასწარმეტყველებას?

      15 ესაიას იმავე წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო: „ხალხები წამოვლენ შენს სინათლეზე და მეფეები — შენი ნათელის სიკაშკაშეზე“ (ესაია 60:3). „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ ეს სიტყვები ახალ იერუსალიმსაც ეხება: „ხალხები მისი სინათლით ივლიან და დედამიწის მეფეები მასში მიიტანენ თავიანთ დიდებას. დღისით მისი კარიბჭეები არ დაიკეტება, იქ ღამე საერთოდ არ იქნება. მიიტანენ იქ ხალხების დიდებასა და პატივს“ (გამოცხადება 21:24—26).

      16. ვინ არიან „ხალხები“, რომლებიც იერუსალიმის სინათლით ივლიან?

      16 ვინ არიან ის „ხალხები“, რომლებიც ახალი იერუსალიმის სინათლით დადიან? ისინი ერთ დროს ბოროტი ქვეყნიერების ხალხებს შორის იყვნენ, მაგრამ დიდებული ზეციერი ქალაქის სინათლემ მიიზიდა. დღესდღეობით ეს უამრავი ხალხია, რომელიც უკვე გამოვიდა „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ და რომელიც დღე და ღამე ეთაყვანება ღმერთს იოანეს კლასთან ერთად (გამოცხადება 7:9, 15). როცა ახალი იერუსალიმი ზეციდან ჩამოვა და იესო მკვდრების აღსადგენად სიკვდილისა და სამარის გასაღებებს გამოიყენებს, მათ რიცხვს კიდევ მილიონები შეემატებიან. ისინიც თავის დროზე „ხალხებს“ შორის იყვნენ, მაგრამ ახლა შეიყვარებენ იეჰოვასა და მის ძეს, ახალი იერუსალიმის ქმარს, კრავს (გამოცხადება 1:18).

      17. ვინ არიან „დედამიწის მეფეები“, რომლებსაც „თავიანთი დიდება“ ახალ იერუსალიმში მიაქვთ?

      17 ვინ არიან „დედამიწის მეფეები“, რომლებიც „მასში მიიტანენ თავიანთ დიდებას“? ისინი არ არიან პირდაპირი გაგებით „დედამიწის მეფეები“, რადგან არმაგედონში ღვთის სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლისას მათ განადგურება ელით (გამოცხადება 16:14, 16; 19:17, 18). იქნებ „მეფეები“ ის წარჩინებულები არიან, რომლებიც უამრავ ხალხს შეუერთდნენ, ან იქნებ მკვდრეთით აღმდგარი მეფეები არიან, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში ღვთის სამეფოს დაემორჩილებიან? (მათე 12:42). საეჭვოა, რადგან ამ მეფეთა უმეტესობის დიდება მიწიერი იყო და დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. აქედან გამომდინარე, „დედამიწის მეფეები“, რომლებსაც თავიანთი დიდება ახალ იერუსალიმში მიაქვთ, უნდა იყვნენ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ ნაყიდი 144 000. ისინი კრავთან, იესო ქრისტესთან ერთად იმეფებენ (გამოცხადება 5:9, 10; 22:5). მათ ღვთისგან ბოძებული დიდება მიაქვთ ამ ქალაქში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ მის გაბრწყინებაში.

      18. ა) ვინ ვერ შევა ახალ იერუსალიმში? ბ) მხოლოდ ვინ შევა ამ ქალაქში?

      18 იოანე განაგრძობს: „ვერ შევა იქ ვერაფერი უწმინდური, ვერც ერთი სისაძაგლის ჩამდენი და მატყუარა. მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც კრავის სიცოცხლის გრაგნილში იქნებიან ჩაწერილნი“ (გამოცხადება 21:27). სატანის ქვეყნიერებისგან წაბილწული ვერ გაეკარება ახალ იერუსალიმს. მართალია, მისი კარიბჭეები ყოველთვის ღიაა, მაგრამ „სისაძაგლის ჩამდენი და მატყუარა“ ვერ შევა იქ; ვერც განდგომილები შეაღწევენ და ვერც დიდი ბაბილონის წარმომადგენლები. ისინი, ვინც ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები ახალი იერუსალიმის წარმომადგენლების წაბილწვით ამ ქალაქის წაბილწვას შეეცდებიან, ვერაფერს გახდებიან (მათე 13:41—43). საბოლოოდ მხოლოდ „კრავის სიცოცხლის გრაგნილში“ ჩაწერილი 144 000 შევა ახალ იერუსალიმშიb (გამოცხადება 13:8; დანიელი 12:3).

      სიცოცხლის წყლის მდინარე

      19. ა) იოანეს სიტყვების თანახმად როგორ მოუტანს ახალი იერუსალიმი კურთხევებს ადამიანებს? ბ) როდიდან მოედინება „სიცოცხლის წყლის მდინარე“ და საიდან ვიცით ეს?

      19 ბრწყინვალე ახალი იერუსალიმი დიდებულ კურთხევებს მოუტანს დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. იოანემ ასეთი სურათი იხილა: „მან სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა, ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში“ (გამოცხადება 22:1, 2ა). როდიდან მოედინება „მდინარე“? მხოლოდ 1914 წლიდან, უფლის დღის დაწყებიდან, რადგან ეს მდინარე „ღვთისა და კრავის ტახტიდან“ მოედინება. ეს ის დრო იყო, როცა მეშვიდე საყვირმა დიდებული მოვლენა გააცხადა: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება“ (გამოცხადება 11:15; 12:10). ბოლო დღეების განმავლობაში სული და პატარძალი სიცოცხლის წყლის ასაღებად ეპატიჟებიან სწორად განწყობილებს. ამ წყლის დინება არ შეწყდება მათთვის არც ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე და არც ახალ ქვეყნიერებაში. მაშინ ახალი იერუსალიმი „ზეციდან, ღვთისგან“ ჩამოვა (გამოცხადება 21:2).

      20. რა მეტყველებს იმაზე, რომ სიცოცხლის წყალი გარკვეულწილად უკვე ხელმისაწვდომია?

      20 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხს სიცოცხლის წყალი ეძლევა. დედამიწაზე ყოფნისას იესოს ნახსენები ჰქონდა მარადიული სიცოცხლის მომცემი წყალი (იოანე 4:10—14; 7:37, 38). მოგვიანებით იოანე გულითად მოწვევას მოისმენს: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). ეს მოწოდება დღესაც ისმის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლის წყალი გარკვეულწილად უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში ეს წყალი ღვთის ტახტიდან ახალი იერუსალიმის გავლით დიდ მდინარედ იდინებს.

      21. რას გულისხმობს „სიცოცხლის წყლის მდინარე“ და როგორ გვაგებინებს ეზეკიელის ხილვა მის მნიშვნელობას?

      21 რა არის „სიცოცხლის წყლის მდინარე“? წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია. საჭმლის გარეშე ადამიანმა შეიძლება რამდენიმე კვირა იცოცხლოს, მაგრამ უწყლოდ ერთ კვირაზე მეტს ვერ გაძლებს. უწყლოდ ვერც სისუფთავეს დავიცავთ და ვერც ჯანმრთელობას შევინარჩუნებთ. მაშასადამე, სიცოცხლის წყალი უნდა გულისხმობდეს იმას, რაზეც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმაც იხილა „სიცოცხლის წყლის მდინარე“, რომელიც ტაძრიდან მკვდარ ზღვაში ჩაედინებოდა. და, აი, სასწაული! ეს უსიცოცხლო, მინარევებით სავსე წყალი სუფთა წყლად იქცა და თევზებით აივსო (ეზეკიელი 47:1—12). ეს მდინარე აცოცხლებს ყველაფერს, რაც ერთ დროს მკვდარი იყო. ამრიგად, სიცოცხლის წყლის მდინარე განასახიერებს იმას, რაც იეჰოვამ იესო ქრისტეს მეშვეობით „მკვდარი“ ადამიანების გასაცოცხლებლად და გასასრულყოფილებლად მოიმოქმედა. ეს მდინარე „ბროლივით სუფთაა“, რაც ღვთის ამ განზრახვის სიწმინდეზე მეტყველებს (გამოცხადება 8:10, 11).

      22. ა) საიდან მოედინება მდინარე და რატომ არ არის ეს გასაკვირი? ბ) რა იგულისხმება სიცოცხლის წყალსა და სიმბოლურ მდინარეში?

      22 მდინარე „ღვთისა და კრავის ტახტიდან“ იმიტომ მოედინება, რომ იეჰოვა იძლევა სიცოცხლეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე. იეჰოვამ „ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). სიცოცხლის წყალში იგულისხმება ღვთის სიტყვაც, რომელიც ბიბლიაში წყალთან არის შედარებული (ეფესოელები 5:25, 26). აქედან გამომდინარე, სიცოცხლის წყლის მდინარე გულისხმობს არა მხოლოდ ჭეშმარიტებას, არამედ ყველაფერს, რასაც იეჰოვა იესოს მსხვერპლის საფუძველზე აკეთებს ცოდვისა და სიკვდილისგან მორჩილი ადამიანების გასათავისუფლებლად და მათთვის მარადიული სიცოცხლის მისაცემად (იოანე 1:29; 1 იოანე 2:1, 2).

      23. ა) რატომ მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარე ახალი იერუსალიმის მთავარი ქუჩის შუაში? ბ) ღვთის მიერ აბრაამისთვის მიცემული რომელი დანაპირები შესრულდება, როცა სიცოცხლის წყალი უხვად იდინებს?

      23 ათასწლიანი მეფობის განმავლობაში მღვდელმთავარი იესო და 144 000 მღვდელი გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ღვთის ხალხს კურთხევებით აავსებენ. ამიტომაც მოედინება სიცოცხლის წყლის მდინარე ახალი იერუსალიმის მთავარი ქუჩის შუაში. ამ ქალაქს სულიერი ისრაელი შეადგენს, რომელიც იესოსთან ერთად აბრაამის შთამომავალია (გალატელები 3:16, 29). როდესაც სიცოცხლის წყალი სიმბოლური ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში იდინებს, „დედამიწის ყველა ერი“ აივსება კურთხევებით აბრაამის შთამომავლის მეშვეობით. ამგვარად, იეჰოვა ბოლომდე შეასრულებს აბრაამისთვის მიცემულ დანაპირებს (დაბადება 22:17, 18).

      სიცოცხლის ხეები

      24. რას ხედავს იოანე სიცოცხლის წყლის მდინარის ორივე ნაპირზე და რა მნიშვნელობა აქვს მას?

      24 ეზეკიელის ხილვაში დიდი მდინარე მოედინება. წინასწარმეტყველი ხედავს, რომ ორივე ნაპირზე საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ყველანაირი ხე იზრდება (ეზეკიელი 47:12). აი, რას ხედავს იოანე: „მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იყო, რომლებიც თორმეტჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს. ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო“ (გამოცხადება 22:2ბ). ეს „სიცოცხლის ხეები“ ნაწილობრივ უნდა გულისხმობდეს იეჰოვას განზრახვას, რომლის თანახმადაც მორჩილი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ.

      25. კიდევ რას გააკეთებს იეჰოვა მორჩილი ადამიანებისთვის სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე?

      25 მორჩილი ადამიანებისთვის ეს იეჰოვას დიდებული განზრახვაა! მათ არა მხოლოდ სიცოცხლის წყლის დალევა შეეძლებათ, არამედ სიცოცხლის ხეებიდან ნაირ-ნაირი ხილის მოკრეფაც. ნეტავ ჩვენს პირველ მშობლებს დაეფასებინათ ის ყოველივე „თვალწარმტაცი“, რაც მათ ედემის ბაღში ჰქონდათ! (დაბადება 2:9). ახლა მთელი დედამიწა სამოთხედ არის ქცეული. იეჰოვა „ხალხების განსაკურნავად“c სიმბოლური ხეების ფოთლებსაც კი გამოიყენებს. ეს სიმბოლური ფოთლები, რომელიც დღეს გავრცელებულ ნებისმიერ მცენარეულ თუ არამცენარეულ წამალზე გაცილებით ეფექტური იქნება, მორწმუნე ადამიანებს სულიერ და ფიზიკურ სრულყოფილებას მოუტანს.

      26. კიდევ ვინ იგულისხმება სიცოცხლის ხეებში და რატომ?

      26 ამ ხეებში, რომლებიც მდინარით უხვად ირწყვება, შეიძლება იგულისხმებოდეს კრავის პატარძალი, 144 000. სანამ დედამიწაზე არიან, ქრისტეს მეშვეობით ისინიც სვამენ ღვთისგან მოწოდებულ სიცოცხლის წყალს. აღსანიშნავია, რომ იესოს სულითცხებულ ძმებს „სიმართლის დიდი ხეები“ ეწოდებათ (ესაია 61:1—3; გამოცხადება 21:6). მათ უკვე გამოიღეს უხვი სულიერი ნაყოფი იეჰოვას განსადიდებლად (მათე 21:43). ათასი წლის განმავლობაში კი ისინიც მიიღებენ მონაწილეობას იმაში, რომ გამოსასყიდი ცოდვისა და სიკვდილისგან „ხალხთა განკურნებას“ მოემსახუროს (შეადარეთ 1 იოანეს 1:7).

      ღამე აღარ იქნება

      27. რა კურთხევები ელით მათ, ვისაც ახალ იერუსალიმში შესვლის პატივი ხვდა წილად, და რა გაგებით „აღარ იქნება არანაირი წყევლა“?

      27 არ არსებობს ახალ იერუსალიმში შესვლაზე დიდი პატივი! წარმოიდგინეთ, ერთ დროს უბრალო, არასრულყოფილი ადამიანები იესოსთან ერთად დამკვიდრდებიან დიდებულ ზეციერ ორგანიზაციაში (იოანე 14:2). იოანე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა კურთხევები ელით მათ: „აღარ იქნება არანაირი წყევლა. ღვთისა და კრავის ტახტი იქნება ქალაქში და ღმერთს თავისი მონები წმინდა მსახურებას შეუსრულებენ, იხილავენ მის სახეს და შუბლებზე მისი სახელი ეწერებათ“ (გამოცხადება 22:3, 4). როცა ისრაელი მღვდლები გაიხრწნენ, იეჰოვასგან წყევლა დაიტეხეს (მალაქია 2:2). იესომ უთხრა მათ, რომ ოხრად რჩებოდათ თავიანთი ურწმუნო „სახლი“ (მათე 23:37—39). ახალ იერუსალიმში კი „აღარ იქნება არანაირი წყევლა“ (შეადარეთ ზაქარიას 14:11). მისი ყველა მკვიდრი დედამიწაზე ცეცხლოვანი განსაცდელებით გამოიცადა. მათ გაიმარჯვეს და უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსნენ. იეჰოვამ იცის, რომ იესოს მსგავსად ისინიც არასდროს განდგებიან (1 კორინთელები 15:53, 57). „ღვთისა და კრავის ტახტიც“ იქ იქნება და სამარადისოდ განამტკიცებს ახალ იერუსალიმს.

      28. რატომ აწერიათ შუბლებზე ახალი იერუსალიმის მკვიდრთ ღვთის სახელი და რა ბედნიერი მომავალი ელით მათ?

      28 იოანეს მსგავსად ყველანი, ვინც ზეციერი ქალაქის მკვიდრნი გახდებიან, ღვთის მონებად იწოდებიან. მათ შუბლებზე გარკვევით აწერიათ ღვთის სახელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვაა მათი პატრონი (გამოცხადება 1:1; 3:12). მათთვის, როგორც ახალი იერუსალიმის მკვიდრთათვის, დიდი პატივი იქნება ღვთისთვის წმინდა მსახურების შესრულება. როცა იესო დედამიწაზე იყო, მან მომავალ მმართველებზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათე 5:8). რა ბედნიერებაა ამ მონებისთვის პირადად იხილონ იეჰოვა და თაყვანის სცენ მას!

      29. რატომ ამბობს იოანე, რომ ზეციერ ახალ იერუსალიმში „ღამე აღარ იქნება“?

      29 იოანე განაგრძობს: „ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის შუქი, რადგან იეჰოვა ღმერთი მოჰფენს მათ შუქს“ (გამოცხადება 22:5ა). ძველი იერუსალიმი სხვა ქალაქების მსგავსად დღისით მზის შუქზე იყო დამოკიდებული, ღამით კი — მთვარის შუქზე ან სხვა განათებაზე. მაგრამ ზეციერ იერუსალიმს ასეთი სინათლე არ დასჭირდება. ქალაქს თავად იეჰოვა გაანათებს. სიმბოლური გაგებით „ღამე“ შეიძლება უბედურებას ან იეჰოვასგან ჩამოშორებასაც გულისხმობდეს (მიქა 3:6; იოანე 9:4; რომაელები 13:11, 12). ასეთი ღამე არასოდეს ჩამოწვება იქ, სადაც დიდებული, ყოვლისშემძლე ღმერთი მკვიდრობს და ირგვლივ ყველაფერს ანათებს.

      30. რითი ამთავრებს იოანე დიდებულ ხილვას და რაში გვარწმუნებს „გამოცხადება“?

      30 თავისი დიდებული ხილვის დასასრულს იოანე ღვთის მონების შესახებ ამბობს: „და იმეფებენ მარადიულად“ (გამოცხადება 22:5ბ). ათასი წლის ბოლოს გამოსასყიდი თავის მიზანს ბოლომდე შეასრულებს და იესო გასრულყოფილებულ ადამიანებს თავის მამას წარუდგენს (1 კორინთელები 15:25—28). ჯერ არ ვიცით, ამის შემდეგ რას დაავალებს იეჰოვა იესოსა და 144 000-ს, თუმცა „გამოცხადება“ გვარწმუნებს, რომ ისინი მარადიულად შეუსრულებენ იეჰოვას საპატიო წმინდა მსახურებას.

      გამოცხადების ბედნიერი აპოგეა

      31. ა) როდის მიაღწევს ახალი იერუსალიმის შესახებ ხილვა კულმინაციას? ბ) რას გააკეთებს ახალი იერუსალიმი სხვა ერთგულ ადამიანთა საკეთილდღეოდ?

      31 გამოცხადება მაშინ მიაღწევს ბედნიერ აპოგეას, როდესაც შესრულდება ხილვა ახალი იერუსალიმის, კრავის პატარძლის შესახებ. იოანეს თანამედროვე ქრისტიანები, უპირველესად ვისთვისაც დაიწერა ეს წიგნი, მოუთმენლად ელოდნენ ამ ქალაქში შესვლას, როგორც იესო ქრისტეს თანამმართველი უკვდავი სულიერი ქმნილებები. ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანებიც იმავეს მოელიან. გამოცხადება თავის დიდებულ აპოგეას მიუახლოვდება, როცა პატარძლის ყველა წარმომადგენელი შეურთდება კრავს. ამის შემდეგ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი კურთხევებს მოუტანს ხალხს და საბოლოოდ ყველა ერთგული ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს. ამგვარად, პატარძალი, ახალი იერუსალიმი, როგორც მეფის ერთგული შემწე, თავის წვლილს შეიტანს შეურყეველი, სამართლიანი ახალი დედამიწის შექმნაში. ისინი ამ ყველაფერს ჩვენი უზენაესი უფლის, იეჰოვას განსადიდებლად გააკეთებენ (მათე 20:28; იოანე 10:10, 16; რომაელები 16:27).

      32, 33. რა განვიხილეთ „გამოცხადებიდან“ და როგორ უნდა გამოვხატოთ მადლიერება ამისათვის?

      32 მართლაც სასიხარულოა, რომ წიგნ „გამოცხადების“ განხილვა დასასრულს უახლოვდება! ჩვენ დავინახეთ, როგორი წარუმატებელი აღმოჩნდა სატანის უკანასკნელი გაბრძოლება და როგორ აღსრულდა იეჰოვას სამართლიანი განაჩენი. დიდი ბაბილონი ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება და თან გაიყოლებს ყველაფერს, რაც სატანის გახრწნილი, გამოუსწორებელი ქვეყნიერების ნაწილია. სატანა თავის დემონებთან ერთად უფსკრულში ჩავარდება და მოგვიანებით განადგურდება კიდეც. ახალი იერუსალიმი ქრისტესთან ერთად იმმართველებს ზეციდან. მაშინ აღდგებიან მკვდრები და გაიმართება სასამართლო, რის შემდეგაც გასრულყოფილებული კაცობრიობა გაიხარებს მარადიული სიცოცხლით სამოთხეში დედამიწაზე. რა ცოცხლად აღგვიწერს „გამოცხადება“ ამ მოვლენებს! ის ჩვენც გვამტკიცებს, რათა დღესვე ვახაროთ მარადიული სასიხარულო ცნობა დედამიწის მკვიდრთ — „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხადება 14:6, 7). ბოლომდე იხარჯებით ამ დიდებულ საქმეში?

      33 ახლა, როცა გულები მადლიერებით გვაქვს სავსე, მოდი, მთელი ყურადღება მივაპყროთ „გამოცხადების“ დასკვნით სიტყვებს.

      [სქოლიოები]

      a ქალაქის გაზომვა ადამიანისა და ანგელოზის საზომით შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებიც ქალაქს შეადგენენ, თავდაპირველად ადამიანები იყვნენ, მოგვიანებით კი სულიერ ქმნილებებად იქცნენ და ანგელოზებს შორის დამკვიდრდნენ.

      b აღსანიშნავია, რომ „კრავის სიცოცხლის გრაგნილში“ მხოლოდ 144 000 სულიერი ისრაელის სახელებია ჩაწერილი. ამიტომ ეს გრაგნილი განსხვავდება „სიცოცხლის გრაგნილისგან“, რომელშიც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მომლოდინეთა სახელები წერია (გამოცხადება 20:12).

      c აღსანიშნავია, რომ სიტყვა „ხალხები“ ძირითადად იმ ადამიანებს გულისხმობს, რომლებიც სულიერ ისრაელს არ მიეკუთვნებიან (გამოცხადება 7:9; 15:4; 20:3; 21:24, 26). ეს სიტყვა იმას არ ნიშნავს, რომ ათასწლიანი მეფობის განმავლობაში ხალხი კვლავ ერებად იქნება დაყოფილი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება