საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არ გყოფნით დრო?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | აპრილი
    • არ გყოფნით დრო?

      ჩამოთვლილი კითხვების უმეტესობიდან თუ მეორე და მესამე პასუხი აირჩიეთ, ესე იგი დრო არ გყოფნით. დროის დეფიციტს მარტო თქვენ არ განიცდით. თითქმის ყველა ადამიანი იძულებულია აკეთოს ის, რაც გასაკეთებელია, თუმცა ეს შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს. ამ საქმეთა სიაში შესაძლოა შედიოდეს მანქანის შეკეთება, ზედამხედველის მითითებების შესრულება თუ მოულოდნელად გაჩენილი საქმე. ერთი საქმიდან მეორეზე შეიძლება ისე გადადიხართ, რომ დროის სვლას ვერ იგებთ. ისეთი გრძნობა გეუფლებათ, რომ დრო მიქრის და თქვენ ცხოვრებას ვერ ასწრებთ.

      ალბათ თავს იმით იმშვიდებთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. დროთა განმავლობაში ცხოვრების ტემპი შენელდება და დრო ნამდვილად დაგრჩებათ ისეთი ღირებული საქმეებისთვის, რაც გაამდიდრებს თქვენი, თქვენი ოჯახისა თუ სხვების ცხოვრებას. მაგრამ როდის? დღეს თუ გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოყოფილი დრო? ამ კვირაში? შემდეგ თვეში?

      თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, საეჭვოა, ცხოვრების ტემპი შენელდეს. ამიტომ თავად უნდა იღონოთ რაღაც, რომ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო გამონახოთ. ვნახოთ, როგორ?

      [ჩარჩო 3 გვერდზე]

      რამდენად ხშირად იცლით იმ საქმეებისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია?

      ◯ ყოველდღე

      ◯ შაბათ-კვირა

      ◯ თითქმის არასდროს

      დღის განმავლობაში აკეთებთ

      ◯ იმას, რაც დაგეგმილი გქონდათ?

      ◯ ყოველდღიურ საქმეებს მაშინაც კი, როცა ის ხელს გიშლით გეგმების განხორციელებაში?

      ◯ იმ საქმეებს, რომლებიც მოულოდნელად შეიძლება გამოგიჩნდეთ?

      დღის განმავლობაში

      ◯ შეგიძლიათ დროის გაკონტროლება?

      ◯ იძულებით ასრულებთ სხვების არაგონივრულ მოთხოვნებს?

      ◯ ფიქრობთ, რომ საქმეში იხრჩობით და არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ?

      დღის ბოლოს

      ◯ ბოლომდე მიიყვანეთ მნიშვნელოვანი საქმეები?

      ◯ შესაძლოა არც ისე კარგად, მაგრამ მაინც დაასრულეთ აუცილებელი საქმე?

      ◯ აღარ დაგრჩათ დრო იმ საქმეებისთვის, რაც სინამდვილეში მნიშვნელოვანია?

      რა გრძნობა გეუფლებათ დღის ბოლოს?

      ◯ კმაყოფილების

      ◯ სიცარიელის, დაღლილობისა და დაძაბულობის

      ◯ გულგატეხილობის

  • გააკონტროლეთ დრო
    გამოიღვიძეთ! — 2010 | აპრილი
    • გააკონტროლეთ დრო

      „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1).

      ღირებული საქმეებისთვის დრო რომ გამოყოთ, ჯერ უნდა იცოდეთ, რომელია ღირებული საქმეები. ამის გარკვევა რთული არ იქნება, თუ კარგად გესმით თქვენი ფასეულობები, მიზნები და იცით კონკრეტული გზები მათ მისაღწევად.

      უპირველესად, განსაზღვრეთ თქვენი ფასეულობები. ჩამოწერეთ ის, რაც უცბად გახსენდებათ, მაგალითად, ოჯახი, მეგობრები, სამუშაო, განათლება, მიღწევები, გარეგნობა, ფული, ბედნიერება, ქორწინება, სიკეთის კეთება, ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. ამის შემდეგ დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ჩამოთვლილი ფასეულობებიდან, რომელია ჩემთვის უმნიშვნელოვანესი?

      ახლა დაფიქრდით ყველა იმ მიზანზე, რომლის მიღწევაც ცხოვრებაში გსურთ. რა განსხვავებაა ფასეულობებსა და მიზნებს შორის? შეიძლება ითქვას, რომ ფასეულობები მუდმივია, ხოლო მიზნები, რაღაც პერიოდის შემდეგ მიიღწევა და დასრულებულად ითვლება.

      რა მიზნები შეიძლება დაისახოთ? მაგალითად, უფრო მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს; იპოვოთ შესაფერისი სამუშაო; უკეთესად დაეუფლოთ ამა თუ იმ ხელობას; ახალი ჰობი გაიჩინოთ; განივითაროთ რომელიმე პიროვნული თვისება; აიღოთ შვებულება; წაიკითხოთ ან დაწეროთ წიგნი.

      ჩამოთვლილთაგან რომელი მიზნების მიღწევა გსურთ ყველაზე მეტად? გაითვალისწინეთ, რომ მიზნები და ფასეულობები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მაგალითად, თუ მიზნად ბევრი ფულის შოვნა დაისახეთ, შესაძლებელია ზოგიერთი ფასეულობის უგულებელყოფა მოგიწიოთ.

      სასურველი მიზნების გამოყოფის შემდეგ, იფიქრეთ იმაზე თუ, რა გზები არსებობს მათ მისაღწევად. მაგალითად, თუ წონაში დაკლება გსურთ, ამ მიზნის მიღწევაში ვარჯიში დაგეხმარებათ.

      რაში დაგეხმარებათ ეს სია?

      თუ თქვენი მიზნები და ფასეულობები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მიზნების მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებთ, თქვენს ცხოვრებას სწორ მიმართულებას მისცემთ და მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ და სხვების მოთხოვნილებები უგულებელვყოთ (ფილიპელები 2:4). უნდა შეგვეძლოს უმნიშვნელო საქმის მნიშვნელოვანი საქმისგან გარჩევა და უმნიშვნელო საქმეზე უარის თქმა.

      უნდა ვაღიაროთ, რომ გზადაგზა სირთულეები შეგხვდებათ. მაგალითად, სახლის საქმეები სხვა საქმეებთან შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ აუცილებელი გასაკეთებელია. ასეთმა საქმეებმა შეიძლება მთელი დღე წაიღოს და აღარც კი დაგრჩეთ დრო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისთვის. შეიძლება გადაუდებელი საქმეც გამოგიჩნდეთ. ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამოც შესაძლოა ამოვარდეთ გეგმიდან. გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა მეტი დრო დაუთმოთ მნიშვნელოვან საქმეებს. ამგვარად, შეძლებთ თქვენი დროისა და ცხოვრების გაკონტროლებას.

      [ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

      გაზოგვინებთ დროს ელექტრონული ბლოკნოტები?

      ზოგს დროს აზოგვინებს, ზოგს კი — აკარგვინებს. მაგალითად, ჯიბის კომპიუტერს აქვს კალენდარი, ტელეფონის ნომრებისა და მისამართების ჩასაწერი გვერდი, დღის გეგმის გვერდი, ტექსტური პროცესორი, უბის წიგნაკი, ვიდეო და ფოტო კამერა და ელ-ფოსტასთან და ინტერნეტთან კავშირის შესაძლებლობა. ეს ხელსაწყო დროს დაგაზოგვინებთ, თუ მასში ინფორმაციას შეიტანთ და ყოველთვის თან გექნებათ. მაგრამ ის ადვილად დაგაკარგვინებთ დროს, თუ უმიზნოდ „იხეტიალებთ“ სხვადასხვა ფუნქციებში, დაიწყებთ პროგრამების გასწორებასა და ხელსაწყოსთვის არასაჭირო აქსესუარების ყიდვას, ან თუ იმდენად იქნებით მისით გატაცებული, რომ ურთიერთობისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად დრო აღარ გრჩებათ.

      რჩევა: სანამ ელექტრონულ ბლოკნოტს იყიდით, კარგად შეამოწმეთ. თუ ის ხშირად ფუჭდება, მისი შეკეთება ბევრ დროს წაიღებს. ისიც გახსოვდეთ, რომ კარგი პატრონის ხელში ელექტრომოწყობილობაც კარგად იმუშავებს. ასე რომ, ელექტრონული ბლოკნოტი დროის დასაზოგად გამოიყენეთ და არა გასაფლანგად.

      [სურათი 4, 5 გვერდებზე]

      შეგიძლიათ დრო ღირებული საქმეებისთვის გამოყოთ?

  • 20 რჩევა დროის დასაზოგად
    გამოიღვიძეთ! — 2010 | აპრილი
    • ამოჭერით და შეინახეთ

      20 რჩევა დროის დასაზოგად

      ბრძნულად მოიქეცით და „გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო თქვენთვის“ (კოლოსელები 4:5).

      თუ იცით, რა უნდა გააკეთოთ დღის განმავლობაში, ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვენი ჩანაფიქრი პრაქტიკულად განახორციელოთ. ქვემოთ მოცემული რჩევები ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

      1 შეადგინეთ დღის გეგმა. აღნიშნეთ, რას რის შემდეგ გააკეთებთ. მიუთითეთ, რას უნდა დაუთმოთ მეტი დრო. გადახაზეთ ის საქმე, რომელსაც მორჩებით. თუ რამე ვერ მოასწარით, მეორე დღის სიაში შეიტანეთ.

      2 კალენდრებში ერთნაირი ინფორმაცია შეიტანეთ. შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრა გაგიცდეთ, თუ ამის შესახებ არ გექნებათ ჩანიშნული იმ კალენდარში, რომელიც თან გაქვთ. თუ კომპიუტერის კალენდარსაც იყენებთ და მობილურისასაც, შეამოწმეთ, რომ ორივეში ერთნაირი ინფორმაცია გეწეროთ.

      3 შეადგინეთ „სამოქმედო გეგმა“. ამაში შედის ყველა ნაბიჯი, რაც აუცილებელია საქმის ბოლომდე მისაყვანად. ნაბიჯები თანმიმდევრობით ჩამოწერეთ.

      4 სიაში პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები შეიტანეთ. ასე უფრო ადვილად გამონახავთ დროს ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

      5 დაისახეთ რეალური მიზნები. უფრო რეალურია რაღაც საქმეში დაიხვეწო, ვიდრე იმ კომპანიის პრეზიდენტი გახდე, სადაც მუშაობ.

      6 გახსოვდეთ, რომ ყველაფრისთვის დრო არ გეყოფათ. თუ შესაძლებელია ის საქმე აკეთეთ, რასაც საუკეთესო შედეგები მოჰყვება. რა უნდა მოუხერხოთ სასწრაფო ან ისეთ საქმეებს, რომლებიც აუცილებელი გასაკეთებელია? თუ სიიდან ვერ ამოიღებთ და ვერც ვერავის გადააბარებთ, იქნებ ცოტა დრო მაინც გამონახოთ მათთვის. უმნიშვნელო საქმეებმა შეიძლება თვეები მოიცადოს, ან საერთოდ არ გაკეთდეს ისინი. მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმეებს, რაც თქვენი მიზნების მიღწევაში უაღრესად მნიშვნელოვანია.

      7 დაწერეთ, რაში ხარჯავთ დროს. თუ გსურთ, გაიგოთ, სად მიდის თქვენი დრო, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში დაწერეთ, რაში ხარჯავთ დროს. ბევრი დრო დაკარგეთ, უმნიშვნელო საქმეებზე? ერთი და იმავე ადამიანებმა მოგაცდინათ? დღის ან კვირის რომელ მონაკვეთში მოცდით ყველაზე მეტად? ეცადეთ, თავი დააღწიოთ ისეთ სიტუაციებს ან საქმეებს, რომლებიც დროს შეუმჩნევლად გაკარგვინებთ.

      8 ნაკლები დაგეგმეთ. თუ საყიდლებზე წასვლას, ავტომობილის შეკეთებას, მეგობრების მოპატიჟებას, ფილმის ყურებასა და წიგნის წაკითხვას ერთ დღეში შეეცდებით, მთელი დღე გადარბენაზე იქნებით და უკმაყოფილების გრძნობა დაგრჩებათ.

      9 შეამცირეთ ხელისშემშლელი ფაქტორები. მნიშვნელოვანი საქმისთვის ყოველდღე გამოყავით დრო ისე, რომ ხელი არავინ შეგიშალოთ, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც გასათვალისწინებელია. თუ შესაძლებელია, გამორთეთ ტელეფონი და ყველა ელექტრო მოწყობილობა, რაც საქმეს შეგაწყვეტინებთ.

      10 ყველაზე რთული საქმე დღის იმ მონაკვეთში დაგეგმეთ, როცა უფრო ენერგიული ხართ.

      11 პირველ რიგში ყველაზე არასასიამოვნო საქმე გააკეთეთ. როცა მას მოიცილებთ, შედარებით ადვილ საქმეებს მეტი ხალისით შეუდგებით.

      12 გაითვალისწინეთ დრო გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. თუ ვინმესთან შეხვედრას აპირებთ და ფიქრობთ, რომ 15 წუთში მიხვალთ, 25 წუთი უთხარით, ან თუ გგონიათ, რომ შეხვედრა ერთ საათს გასტანს, საათი და ოცი წუთი გაითვალისწინეთ. დღის გეგმაში ყოველთვის გქონდეთ დაუგეგმავი დრო.

      13 ორი საქმე ერთდროულად გააკეთეთ. წვერის გაპარსვის დროს შეგიძლიათ ახალ ამბებს მოუსმინოთ. თუ მატარებელს ელოდებით ან მგზავრობთ, წიგნი წაიკითხეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არაფერი გააკეთოთ, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა ინანოთ, რომ დრო ტყუილად დაკარგეთ.

      14 პარეტოს პრინციპი ანუ 80/20-ის კანონიa. ათი საქმიდან დაახლოებით ორი შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. აგრეთვე, თუ ჯერ საქმის მნიშვნელოვან ნაწილს შეასრულებთ, ჩათვალეთ, რომ ის თითქმის დამთავრებულია.

      15 თუ ძალიან ბევრი საქმე დაგიგროვდათ, ჩამოწერეთ, რა გაქვთ გასაკეთებელი. შემდეგ სია ორად გაყავით. ერთს დაარქვით „დღევანდელი საქმეები“, მეორეს — „ხვალინდელი საქმეები“. მეორე დღესაც იგივე გააკეთეთ.

      16 პერიოდულად დაისვენეთ ძალის აღსადგენად. უფრო ნაყოფიერად იმუშავებთ, თუ გონებას დაასვენებთ და ფიზიკურ ძალას აღიდგენთ.

      17 თქვენი აზრები ქაღალდზე გადაიტანეთ. დაწერეთ, რა პრობლემა გაქვთ, რატომ გაწუხებთ ის და გვერდით მიუწერეთ ამ პრობლემის გადაჭრის რაც შეიძლება მეტი გზა.

      18 ნუ იქნებით მაქსიმალისტი. იცოდეთ როდის უნდა გაჩერდეთ და როდის გადახვიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან საქმეზე.

      19 საქმეს სერიოზულად მიუდექით. ნუ დაელოდებით იმ დროს, როცა მუშაობის ხასიათზე მოხვალთ. საქმეს მაშინვე შეუდექით!

      20 მოყვანილი რჩევები თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით შეცვალეთ. არ არის აუცილებელი ამ რჩევების ზედმიწევნით დაცვა. სცადეთ და გაიგეთ, რომელი რჩევაა თქვენთვის ყველაზე გამოსადეგი და ინდივიდუალურად მოარგეთ თქვენს მდგომარეობას.

      [სქოლიო]

      a ეს პრინციპი შეიმუშავა მე-19 საუკუნეში მოღვაწე იტალიელმა ეკონომისტმა ვილფრედ პარეტომ. ნებისმიერი შედეგის 80 პროცენტი მომდინარეობს განხორციელებული სამუშაოს 20 პროცენტიდან. ეს პრინციპი ბევრ რამეში გამოიყენება. მაგალითად, ხალიჩაზე ჭუჭყის 80 პროცენტი გროვდება ხალიჩის 20 პროცენტიან მონაკვეთზე. ამიტომ, თუ მტვერს ჯერ 20 პროცენტიანი მონაკვეთიდან ავიღებთ, საქმის 80 პროცენტი შესრულებული გვექნება.

  • დრო ღირებულ საქმეებს დაუთმეთ
    გამოიღვიძეთ! — 2010 | აპრილი
    • დრო ღირებულ საქმეებს დაუთმეთ

      „დრო ცოტაღა დარჩა“ (1 კორინთელები 7:29).

      „წყალში ხტუნვა და ჭყუმპალაობა ცურვას როდი ნიშნავს“, — წერს მაიკლ ლებუფი (Working Smart).

      მსგავსად ამისა, ერთია იყო აქტიური და მეორე, აკეთო ღირებული საქმე. აბა გაიხსენეთ, რაში დახარჯეთ დრო გასულ კვირას? უმთავრესად, რით იყავით დაკავებული? ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი დრო იმ საქმეებს უნდა დაუთმოთ, რაც თქვენთვის ღირებულია?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება