-
ხედავთ დღეს სიფხიზლის აუცილებლობას?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
-
-
ხედავთ დღეს სიფხიზლის აუცილებლობას?
საშიშროების დროს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი სიფხიზლეზეა დამოკიდებული. ამის თვალსაჩინო მაგალითს ორ ვულკანურ კუნძულზე მომხდარი შემთხვევა წარმოადგენს.
1902 წლის 8 მაისს კარიბიის კუნძულ მარტინიკაზე მოხდა მონტან-პელეს ამოფრქვევა, რაც მე-20 საუკუნეში ყველაზე კატასტროფული ვულკანური ამოფრქვევა იყო. მან შეიწირა ამ ვულკანის ძირში მდებარე ქალაქ სენ-პიერის თითქმის მთელი მოსახლეობა, რომელიც 30 000-ს შეადგენდა.
1991 წლის ივნისში ვულკან პინატუბოს ამოფრქვევა ამ საუკუნეში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ამოფრქვევა იყო. ის მოხდა ფილიპინების მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე და 900 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაგრამ ამ ამოფრქვევის დროს ათასობით ადამიანს გადარჩენაში ორი რამ დაეხმარა: 1) სიფხიზლის გამოვლენა საშიშროების დროს და 2) გაფრთხილების თანახმად მოქმედებისთვის მზადყოფნა.
სათანადო მოქმედებას გადარჩენა მოჰყვა
ვულკანი პინატუბო ასობით წლის განმავლობაში მიძინებული იყო, ხოლო 1991 წლის აპრილში შეინიშნა ამოფრქვევის წინამორბედი ნიშნები. ვულკანის კონუსიდან დაიწყო ორთქლისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდის გამოყოფა. ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ იგრძნო მიწის რყევა და შენიშნა მთის წვერიდან ავისმომასწავებლად ამობურცული მყარი ლავა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინტიტუტის მეცნიერებმა დიდი სიფხიზლე გამოავლინეს და დროზე გააფრთხილეს ოფიციალური პირები, რომ გონივრული იქნებოდა, ახლომახლო ქალაქებიდან და სოფლებიდან 35 000 მოსახლის ევაკუაცია გაეკეთებინათ.
გასაგებია, რომ ხალხს არ სურდა მშობლიური კერის უმიზეზოდ დატოვება, მაგრამ მათი სიჯიუტე დაძლეულ იქნა ვიდეოფილმის საშუალებით, რომელშიც თვალნათლივ იყო ნაჩვენები ვულკანური ამოფრქვევის საშიშროება. ხალხის ევაკუაცია მართლაც დროულად მოხდა. ორი დღის შემდეგ მძლავრი აფეთქების შედეგად ატმოსფეროში 8 კუბური კილომეტრი ფერფლი ამოიტყორცნა. ტალახის ღვარებმა, ანუ ლაჰარებმა, მოგვიანებით ასობით ადამიანი იმსხვერპლა. მაგრამ ათასები გადარჩნენ და ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ხალხი გამოაფხიზლეს და საშიშროება დაანახვეს, ხოლო ისინი ამ გაფრთხილების შესაბამისად მოიქცნენ.
ადამიანების გამოწვეულ კატასტროფებში გადარჩენა
ახ. წ. პირველ საუკუნეში იერუსალიმში მცხოვრებ ქრისტიანებსაც უნდა გადაეწყვიტათ, დაეტოვებინათ თუ არა სახლები. ახ. წ. 66 წელს ქალაქიდან გაქცევამ ისინი განადგურებისგან იხსნა, რასაც ვერ გადაურჩნენ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმში მყოფი და პასექის დღესასწაულზე იქ ჩასული სხვა იუდეველები. ქალაქში (გალავნის შიგნით) პასექის აღსანიშნავად მილიონზე მეტი იუდეველი იყო თავმოყრილი, როდესაც რომაელთა ჯარებმა მათ გადარჩენის ყოველგვარი გზა გადაუჭრეს. შიმშილობამ, ძალაუფლებისთვის შინაომებმა და რომაელების სასტიკმა შემოტევებმა მილიონზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ კატასტროფას, რომელმაც რომის წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყება ჩაახშო, წინ უძღოდა გაფრთხილება. რამდენიმე ათწლეულის წინ იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმს ალყაში მოაქცევდნენ. მან თქვა: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“ (ლუკა 21:20, 21). აქ ყველაფერი გასაგებად იყო ნათქვამი და იესოს მიმდევრები ამას სერიოზულად მოეკიდნენ.
მეოთხე საუკუნის ისტორიკოსი ევსები კესარიელი გვამცნობს, რომ მთელ იუდეაში ქრისტიანები იესოს გაფრთხილების თანახმად მოიქცნენ. როდესაც რომაელებმა ახ. წ. 66 წელს ალყა მოხსნეს იერუსალიმის, მრავალი ებრაელი ქრისტიანი წარმართულ ქალაქ პელაში (რომის პროვინცია პერეაში) გადავიდა. მაგრამ ფხიზლად ყოფნითა და იესოს გაფრთხილების თანახმად მოქმედებით ისინი გადაურჩნენ შემთხვევას, რომელიც „მთელ ისტორიაში უსაშინელეს ალყად“ არის აღწერილი.
დღესაც მსგავსი სიფხიზლეა საჭირო. აგრეთვე საჭიროა განსაკუთრებული მოქმედება. თუ რატომ, განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
-
-
ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე!საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
-
-
ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე!
„არ მოტყუვდეთ, რადგან ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო გამოფხიზლება“ (რომაელთა 13:11, „ნოქსის თარგმანი“). ეს სიტყვები მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს ახ. წ. 70 წელს, იუდეველთა სისტემის კატასტროფულ აღსასრულამდე დაახლოებით 14 წლით ადრე, მისწერა. რადგან ებრაელი ქრისტიანები სულიერად ფხიზლობდნენ, ისინი ამ კრიტიკულ პერიოდში იერუსალიმში არ იყვნენ და სიკვდილს ან მონობას გადარჩნენ. მაგრამ საიდან იცოდნენ მათ, რომ უნდა დაეტოვებინათ ქალაქი?
იესო ქრისტე იძლეოდა გაფრთხილებას, რომ იერუსალიმს მტრები შემოერტყმოდნენ გარს, ხოლო მის მოსახლეობას მიწასთან გაასწორებდნენ (ლუკა 19:43, 44). შემდეგ იესომ ერთგულ მიმდევრებს უთხრა ნიშანი, რომელიც მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა და რომლის ამოცნობაც მათ არ გაუჭირდებოდათ (ლუკა 21:7–24). იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ქალაქიდან წასვლა საცხოვრებელი სახლისა და სამუშაოს დატოვებას ნიშნავდა. მაგრამ სიფხიზლის გამოვლენითა და გაქცევით მათ სიცოცხლე შეინარჩუნეს.
როდესაც იესომ იერუსალიმს განადგურება უწინასწარმეტყველა, მოწაფეებმა ჰკითხეს: «როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა [„თანდასწრებისა“, აქ] და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?» (მათე 24:3). პასუხში იესომ თავისი მომავალი თანდასწრება ნოეს დღეებში მომხდარი გლობალური წარღვნის წინა პერიოდს შეადარა. მან აღნიშნა, რომ წარღვნამ ყველა ბოროტი წალეკა (მათე 24:21, 37–39). იესომ ამგვარად მიუთითა, რომ ღმერთი კვლავ ჩაერეოდა კაცობრიობის საქმეებში. მაგრამ რამდენად ჩაერეოდა? იესოს თქმით, ღმერთი ბოლომდე გაანადგურებდა ბოროტ წუთისოფელს ანუ ამ სისტემას (შეადარეთ 2 პეტრე 3:5, 6). შეიძლება ეს ჩვენს დროში მოხდეს?
რჩება ყოველივე უცვლელად?
პირველ საუკუნეში მცხოვრებ მრავალ ებრაელს ვერც კი წარმოედგინა, რომ მათი წმინდა ქალაქი, იერუსალიმი, შეიძლება განადგურებულიყო. ხშირად იმ ხალხის უმეტესობასაც, რომლებიც ვულკანის მახლობლად ცხოვრობენ, მაგრამ არასოდეს უნახავთ მისი ამოფრქვევა, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს მოხდება. „ეს ჩვენს დროს არ იქნება“, — ასეთია ხალხის რეაქცია გაფრთხილებაზე. „ჩვეულებრივ, ვულკანური ამოფრქვევა ორ ან სამ საუკუნეში ერთხელ ხდება, — აღნიშნავს ვულკანოლოგი ლაიონელ უილსონი. — შენ ღელავ, როდესაც იცი, რომ შენს მშობლებს ვულკანური ამოფრქვევის გამო მოუწიათ ამ ადგილიდან გადასვლა, მაგრამ თუ ამოფრქვევა შენი ბებია-ბაბუების დროს მოხდა, საკმაოდ მშვიდად გრძნობ თავს“.
მაგრამ ზუსტი ინფორმაციის დახმარებით შეგვიძლია ამოვიცნოთ საშიშროების სიგნალები და სერიოზულად მოვეკიდოთ მათ. მათგან, რომლებმაც დატოვეს მონტან-პელეს ტერიტორია, ერთ-ერთი კარგად ერკვეოდა ვულკანებში და ამოიცნო საშიშროების ნიშნები. მსგავსი ნიშნები სწორად ამოიცნეს პინატუბოს ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრეც. ვულკანოლოგებმა, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მთის შიგნით მიმდინარე უხილავ პროცესებს, ადგილობრივი მოსახელობა დაარწმუნეს, რომ საჭირო იყო ტერიტორიის დატოვება.
რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უგულებელყოფენ საშიშროების სიგნალებს და დაჟინებით დაამტკიცებენ, რომ არაფერიც არ მოხდება. მათ შეიძლება დასცინონ კიდეც მათ, რომლებიც გარკვეულ ზომებს ღებულობენ. მოციქულმა პეტრემ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დღეებში ასეთი თვალსაზრისის არსებობა ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა. „უპირველესად იცოდეთ, — თქვა მან, — რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული“ (2 პეტრე 3:3, 4).
გჯერათ, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ? ერთ-ერთ ნაშრომში ჯონ. ა. გარატიმ და პიტერ გეიმ დასვეს შეკითხვა: „ვხედავთ ჩვენი ცივილიზაციის დაცემას?“ (The Columbia History of the World). შემდეგ ეს ისტორიკოსები აანალიზებენ მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დამნაშავეობის საყოველთაო ზრდასა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, ოჯახური ცხოვრების გაუარესებას, მეცნიერებისა და ტექნიკის უუნარობას საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში, ხელმძღვანელობის პრინციპისადმი უპატივცემულობა და მსოფლიო მასშტაბით ზნეობისა და რელიგიის დაკნინებას. ისინი შემდეგ დასკვნას აკეთებენ: „თუ ყოველივე ეს გარდაუვალი აღსასრულის ნიშნები არ არის, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ჰგავს მას“.
ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ „აღსასრული“ გარდაუვალია, მაგრამ თვითონ დედამიწის მოსპობის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა „დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე“ (ფსალმუნი 103:5). მაგრამ უნდა მოველოდეთ, რომ ბოროტი სისტემა, რომელიც ადამიანებს ამდენ ტანჯვა-წამებას აყენებს, მალე განადგურდება. რის საფუძველზე? ჩვენ ვხედავთ იმ აშკარა თავისებურებებს, რომლებიც იესომ ამ სისტემის უკანასკნელი დღეების დამახასიათებლად მოიყვანა (იხილეთ ჩარჩო „უკანასკნელი დღეებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი მოვლენა“). ხომ არ შეადარებდით იესოს ნათქვამს დღევანდელ მსოფლიო მოვლენებთან? ამის გაკეთება თქვენ და თქვენს ოჯახს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებოდათ. მაგრამ რატომ არის საჭირო ზომების ახლავე მიღება?
სიფხიზლის შენარჩუნების ნამდვილი აუცილებლობა
თუმცა მეცნიერებმა შეიძლება იცოდნენ, რომ ვულკანური ამოფრქვევა გარდაუვალია, მათ არ შეუძლიათ თქვან, ზუსტად როდის მოხდება ის. მსგავსად ამისა, ამ სისტემის აღსასრულის შესახებ იესომ აღნიშნა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36). ვინაიდან არ ვიცით, ზუსტად როდის მოხდება ამ სისტემის აღსასრული, იესო გვაფრთხილებს: „ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა [იესო]“ (მათე 24:43, 44).
იესოს სიტყვები ცხადყოფს, რომ ამ სისტემის აღსასრული წუთისოფელს მოულოდნელად დაატყდება თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მიმდევრები ვართ, საჭიროა ‘მზად ვიყოთ’. ჩვენი მდგომარეობა იმ სახლის პატრონის მდგომარეობის მსგავსია, რომელსაც შეიძლება ქურდი მოულოდნელად დაადგეს თავზე, ვინაიდან არ იცის, თუ როდის შემოიპარება ის.
მსგავსად ამისა, მოციქულმა პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. . . თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე ქურდივით წამოგეწიოთ“. პავლე აგრეთვე წერდა: „ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:2, 4, 6). რას ნიშნავს „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ?“
პირველ საუკუნეში იერუსალიმიდან ქრისტიანების გაქცევისგან განსხვავებით, გადარჩენის მიზნით ჩვენ არ დაგვჭირდება რომელიმე ქალაქიდან გაქცევა. მას შემდეგ, რაც პავლემ რომაელ თანამორწმუნეებს მისწერა, ფხიზლად ყოფილიყვნენ, მოუწოდა, ‘მოეშორებინათ სიბნელის საქმეები’ და ‘შემოსილიყვნენ უფალ ქრისტეთი’ (რომაელთა 13:12, 14). იესოს ნაკვალევის მიყოლით ცხადვყოფთ, რომ ვფხიზლობთ და ეს სულიერი სიფხიზლე ბოროტი სისტემის აღსასრულისას ღვთის მფარველობის ქვეშ მოგვაქცევს (1 პეტრე 2:21).
იესო ქრისტეს მიმდევრები აზრით აღსავსე და დამაკმაყოფილებელ ცხოვრებას ეწევიან. იეჰოვას მილიონობით მოწმემ დაინახა, რომ ქრისტეს მოწაფეობის უღელი საამური და გამამხნევებელია (მათე 11:29, 30). მოწაფეობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ‘ღვთისა და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღებაა’ (იოანე 17:3). მოწმეები ყოველკვირა დადიან ხალხთან სახლებში, რათა მათ ‘ჭეშმარიტების შემეცნებაში’ დაეხმარონ (1 ტიმოთე 2:4). ისინი სიამოვნებით ჩაგიტარებდნენ ბიბლიის უსასყიდლო შესწავლას თქვენსავე სახლში და როდესაც ღვთის სიტყვაში თქვენი შემეცნება გაიზრდებოდა, უსათუოდ, დარწმუნდებოდით, რომ ჩვენი დღეები ნამდვილად თავისებურია. მართლაც, ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე!
-