საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორი სიყვარული უწყობს ხელს ნამდვილ ბედნიერებას?
    საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
    • 2. როგორი სიყვარული ახასიათებთ ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანებს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      2 თუმცა წმინდა წერილებში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ჩვენს დროში ღვთისგან გაუცხოებული ხალხისთვის სრულიად განსხვავებული სახის სიყვარული — ეგოისტური სიყვარული იქნებოდა დამახასიათებელი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმ. 3:1—4). ასეთი სახის სიყვარული უპირისპირდება ქრისტიანულ სიყვარულს. ეგოისტური მიზნების დასახვას ადამიანებისთვის არ მოაქვს ბედნიერება, რომელსაც ისინი მოელიან. სინამდვილეში, ასეთი სიყვარული ხელს უწყობს მსოფლიოში ეგოიზმის გაბატონებას, რაც „ძნელად ასატანს“ ხდის ცხოვრებას.

      3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში და რატომ?

      3 პავლემ იცოდა, რომ ეგოისტური სიყვარული უფრო მეტი ადამიანისთვის იქნებოდა დამახასიათებელი და ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქრისტიანებს. ამიტომ მან გააფრთხილა ისინი, ზურგი ექციათ მათთვის, ვინც ამგვარ სიყვარულს ავლენდა (2 ტიმ. 3:5). თუმცა ჩვენ ყველანაირ ურთიერთობას ვერ გავწყვეტთ ასეთ ადამიანებთან. მაშ, როგორ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ ქვეყნიური აზროვნების ადამიანებს და სიყვარულის ღმერთის, იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ? მოდი ერთმანეთს შევადაროთ ღვთიური სიყვარული და 2 ტიმოთეს 3:2—4-ში მოხსენიებული სიყვარული. ეს დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და გავიგოთ, როგორ გამოვავლინოთ ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტანი სიყვარული.

      ღვთის სიყვარული თუ საკუთარი თავის სიყვარული?

      4. რატომ არ არის ცუდი, რომ ზომიერად გვიყვარდეს საკუთარი თავი?

      4 „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები“, — დაწერა მოციქულმა პავლემ. არასწორია საკუთარი თავის სიყვარული? რა თქმა უნდა, არა. ნორმალურია და საჭიროც კი, რომ ჯანსაღი სიყვარული გვქონდეს საკუთარი თავის მიმართ. იეჰოვამ ასე შეგვქმნა. იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მარ. 12:31). თუ საკუთარი თავი არ გვიყვარს, შეუძლებელია მოყვასი გვიყვარდეს. ბიბლიაში აგრეთვე ვკითხულობთ: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფეს. 5:28, 29). აქედან ნათლად ჩანს, რომ საკუთარი თავის მიმართ ზომიერი სიყვარული სავსებით მისაღებია.

      ქალს ზედმეტად უყვარს საკუთარი თავი

      5. როგორ დაახასიათებდით იმ ადამიანებს, რომლებსაც გადამეტებულად უყვართ თავიანთი თავი?

      5 საკუთარი თავის სიყვარული, რაზეც 2 ტიმოთეს 3:2 მუხლშია საუბარი, არ არის ნორმალური, ჯანსაღი გრძნობა. ის არის დამახინჯებული, ეგოისტური სიყვარული. ადამიანები, რომელთაც გადამეტებულად უყვართ საკუთარი თავი, საჭიროზე მეტად ფიქრობენ თავიანთ თავზე (წაიკითხეთ რომაელების 12:3). ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ და სხვები ნაკლებად აღელვებთ. როცა რამე შავდება, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, ისინი თითს სხვისკენ იშვერენ. ერთი ბიბლეისტი საკუთარი თავის მოყვარულ ადამიანებს ზღარბებს ადარებს, რომლებიც ბურთივით მრგვალდებიან, რბილ და თბილ ბეწვს შიგნით იტოვებენ, სხვებს კი წვეტიან ეკლებს უშვერენ. ასეთი ეგოცენტრული ადამიანები ბედნიერები ნამდვილად არ არიან.

      6. როგორ თვისებებს ავლენენ ღვთის მოყვარულები?

      6 ბიბლიის მკვლევრების აზრით, პავლემ უარყოფით თვისებებს შორის პირველი საკუთარი თავის სიყვარული იმიტომ მოიხსენია, რომ სწორედ ის არის ყველა სხვა მანკიერი თვისების თავიდათავი. ამის საპირისპიროდ, ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი, სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენენ. ბიბლია ღვთის სიყვარულს ისეთ თვისებებთან აკავშირებს, როგორიცაა სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალ. 5:22, 23). ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15). იეჰოვა ბედნიერი ღმერთია, ამიტომ მისი მსახურებიც ბედნიერები არიან. უფრო მეტიც, საკუთარი თავის მოყვარულებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მიღებაზე ფიქრობენ, იეჰოვას მსახურებს ძალიან სიამოვნებთ, რომ სხვების კეთილდღეობისთვის იხარჯებიან (საქ. 20:35).

      და მსახურებაში

      რის გაკეთება გვმართებს, რომ არ გავხდეთ საკუთარი თავის მოყვარული? (იხილეთ აბზაცი 7)

      7. რომელი კითხვები დაგვეხმარება, შევამოწმოთ, რამდენად გვიყვარს ღმერთი?

      7 როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ხომ არ დაჩრდილა ღვთის სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულმა? დავფიქრდეთ ფილიპელების 2:3, 4 მუხლებში ჩაწერილ რჩევაზე: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვიყენებ ამ რჩევას ცხოვრებაში? გულწრფელად ვცდილობ იმის კეთებას, რაც ღმერთს სურს? ვეძებ შესაძლებლობებს, დავეხმარო როგორც თანაქრისტიანებს, ისე მათ, ვისაც ვუქადაგებ?“. ყოველთვის ადვილი არ არის, რომ სხვებისთვის დავიხარჯოთ. ეს ძალისხმევასა და თავგანწირვას მოითხოვს. განა მოგვანიჭებს რამე იმაზე დიდ სიხარულს, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ სამყაროში უზენაეს პიროვნებას ვასიამოვნეთ?!

      8. რისკენ აღძრა ზოგი ღვთის სიყვარულმა?

      8 ღვთის სიყვარულმა ზოგი აღძრა, უარი ეთქვა საკმაოდ შემოსავლიან კარიერაზე, რათა იეჰოვასთვის უფრო მეტი ეკეთებინა. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა დამ, რომელიც ექიმია, უარი თქვა კარიერულ წინსვლაზე და სრული დროით მსახურება დაიწყო. მან მეუღლესთან ერთად რამდენიმე ქვეყანაში იმსახურა. ის ამბობს: „უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურებამ და იქ შეძენილმა ახალმა მეგობრებმა ნამდვილად გაამდიდრა ჩვენი ცხოვრება. დღემდე მედიცინის სფეროში ვარ, მაგრამ უმეტეს დროსა და ენერგიას კრებაში და-ძმების დახმარებასა და ხალხის სულიერად გამოჯანმრთელებას ვუთმობ, რასაც უდიდესი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს“.

      სიმდიდრე ზეცაში თუ დედამიწაზე?

      მამაკაცს უყვარს მატერიალური ნივთები

      9. რატომ არ მოაქვს ფულის სიყვარულს ნამდვილი ბედნიერება?

      9 პავლემ დაწერა, რომ ადამიანები იქნებოდნენ „ფულის მოყვარულები“. რამდენიმე წლის წინ ირლანდიაში ერთმა მამაკაცმა საფულედან ფული ამოიღო, პიონერ ძმას აჩვენა და სიამაყით უთხრა: „აი, ჩემი ღმერთი!“. შეიძლება ბევრი ამას ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ქვეყნიერებაში ძალიან ბევრს უყვარს ფული და მატერიალური ნივთები. თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლ. 5:10). ასეთ ადამიანებს უფრო და უფრო მეტი ფული უნდათ და მისი მოპოვებისკენ სწრაფვით მრავალ ტკივილს აყენებენ საკუთარ თავს (1 ტიმ. 6:9, 10).

      10. რას ამბობს ბიბლია სიმდიდრესა და სიღარიბესთან დაკავშირებით?

      10 ცხადია, ფული ყველას გვჭირდება. ის გარკვეულწილად გვიცავს კიდეც (ეკლ. 7:12). მაგრამ შესაძლებელია, რომ ადამიანი ნამდვილად ბედნიერი იყოს, თუ მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია? სავსებით! (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:12). ბიბლიის ერთმა დამწერმა, იაკეს ვაჟმა აგურმა თქვა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი“. ჩვენთვის ადვილი გასაგებია, რატომ არ სურდა მას სიღატაკეში ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, არ უნდოდა, ხელი წასცდენოდა და მოეპარა რამე, რითაც ღმერთს შეურაცხყოფდა. მაგრამ, რატომ არ სურდა მას გამდიდრება? ის წერს: «რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“» (იგავ. 30:8, 9). ალბათ, თქვენ გარშემოც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც საკუთარი სიმდიდრის იმედი აქვთ და არა ღვთისა.

      11. რა გვირჩია იესომ ფულთან დაკავშირებით?

      11 ფულის მოყვარული ვერ ასიამოვნებს ღმერთს. იესომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. სანამ ამას იტყოდა, იესომ თქვა: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ. მოაგროვეთ განძი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ“ (მათ. 6:19, 20, 24).

      12. როგორ აადვილებს ცხოვრების გამარტივება იეჰოვასადმი მსახურებას? მოიყვანეთ მაგალითი.

      12 ბევრი იეჰოვას მსახური ცდილობს, გაიმარტივოს ცხოვრება. შედეგად, მათ მსახურებისთვის მეტი დრო რჩებათ და თავსაც უფრო ბედნიერად გრძნობენ. მაგალითად, ჯეკმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გაყიდა დიდი სახლი და აწყობილი ბიზნესი, რათა მეუღლესთან ერთად პიონერად ემსახურა. ის ამბობს: «ადვილი არ იყო, შევლეოდით ჩვენს ლამაზ სახლსა და იმ მშვენიერ ადგილს, სადაც ვცხოვრობდით. წლების განმავლობაში სამსახურიდან სახლში გაღიზიანებული ვბრუნდებოდი, ჩემი მეუღლე კი, რომელიც პიონერად მსახურობდა, ყოველთვის ბედნიერი მხვდებოდა. ის მეუბნებოდა: „მე ყველაზე კარგი უფროსი მყავს!“ დღეს მეც პიონერად ვმსახურობ და ორივენი ერთ უფროსს, იეჰოვა ღმერთს ვემსახურებით».

      შესაწირავების ყუთში ფულის ჩაგდება

      რის გაკეთება გვმართებს, რომ არ გავხდეთ ფულის მოყვარული? (იხილეთ აბზაცი 13)

      13. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რა დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ?

      13 იმის გასაგებად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ, გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: „ცხადყოფს ჩემი ცხოვრება, რომ ვიზიარებ ბიბლიის თვალსაზრისს ფულთან დაკავშირებით? ჩემთვის უმთავრესი ფულის კეთება ხომ არ არის? მატერიალურ ნივთებს უფრო ვაფასებ თუ იეჰოვასთან და ადამიანებთან ურთიერთობას? მჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩემს საჭიროებებზე?“. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს გაუცრუებს იმედს თავის მოიმედეთ (მათ. 6:33).

      იეჰოვას სიყვარული თუ სიამოვნების სიყვარული?

      14. როგორია გაწონასწორებული თვალსაზრისი სიამოვნებაზე?

      14 როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, დღეს ადამიანები „სიამოვნებათა მოყვარულები“ არიან. სიამოვნებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი ისევე მისაღებია, როგორც ზომიერი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ფულის მიმართ. იეჰოვას არ უნდა, რომ ჩვენს თავს ყველაფერზე უარი ვუთხრათ და თავი შევიკავოთ ჩვენთვის სასიამოვნო საქმეების კეთებისგან. ბიბლია მოგვიწოდებს: „წადი, სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო“ (ეკლ. 9:7).

      სიამოვნებათა მოყვარულები წვეულებაზე თავაშვებულობას ავლენენ

      15. როგორ ადამიანებს ეწოდებათ „სიამოვნებათა მოყვარულები“?

      15 სიამოვნების სიყვარული, რომლის შესახებაც 2 ტიმოთეს 3:4-შია საუბარი, გამორიცხავს ღვთისადმი სიყვარულს. მართალია, მუხლში ნათქვამია, რომ ადამიანებს სიამოვნება უფრო ეყვარებოდათ, ვიდრე ღმერთი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ცოტათი მაინც ეყვარებოდათ ღმერთი. ერთი ბიბლეისტი წერს: „აშკარაა, ამ [მუხლში] ის კი არ იგულისხმება, რომ ადამიანებს რაღაც დოზით ღმერთიც ეყვარებოდათ, არამედ ის, რომ მათ საერთოდ არ ეყვარებოდათ ღმერთი“. ეს მართლაც სერიოზული გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა გადართული. ბიბლია „სიამოვნებათა მოყვარულებს“ მართებულად უწოდებს მათ, ვინც „განცხრომამ გაიტაცა“ (ლუკ. 8:14).

      16, 17. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ სიამოვნებასთან დაკავშირებით?

      16 იესომ სიამოვნებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული შეხედულების სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. ის ქორწილშიც იყო და დიდ წვეულებასაც დაესწრო (იოან. 2:1—10; ლუკ. 5:29). როცა ქორწილში ღვინო გამოელიათ, იესომ სასწაულებრივად აქცია წყალი ღვინოდ. სხვა შემთხვევაში, როცა ის ჭამა-სმის გამო გააკრიტიკეს, იესომ ნათლად დაანახვა მათ, რომ არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ ამ საკითხზე (ლუკ. 7:33—36).

      17 თუმცა იესო სიამოვნებისთვის არ ცხოვრობდა. ის იეჰოვას აყენებდა პირველ ადგილზე და დაუღალავად ირჯებოდა სხვებისთვის. სხვებს რომ ეცოცხლათ, ის საკუთარი ნებით მოკვდა ძელზე მტანჯველი სიკვდილით. თავის მიმდევრებს მან უთხრა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12).

      მეგობრებთან ერთად სიმღერა

      რის გაკეთება გვმართებს, რომ არ გავხდეთ სიამოვნების მოყვარული? (იხილეთ აბზაცი 18)

      18. რომელი კითხვები დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, რამდენად გვიყვარს სიამოვნება?

      18 როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად გვიყვარს სიამოვნება? საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: „ხომ არ ვაყენებ გართობას კრების შეხვედრებსა და მსახურებაზე წინ? მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარ სურვილებზე ღვთის მსახურების გულისთვის? გართობის არჩევისას ვფიქრობ, მოეწონება თუ არა იეჰოვას ჩემი არჩევანი?“. თუ მართლა გვიყვარს ღმერთი, მხოლოდ იმას კი არ მოვერიდებით, რაც დანამდვილებით ვიცით, რომ მას არ მოსწონს, არამედ იმასაც, რაზეც დარწმუნებულები არა ვართ, მოეწონება თუ არა (წაიკითხეთ მათეს 22:37, 38).

      ბედნიერებისკენ მიმავალი გზა

      19. ვინ ვერ იქნება ნამდვილად ბედნიერი?

      19 სატანის ქვეყნიერებაში ადამიანები თითქმის 6 000 წელია იტანჯებიან, მაგრამ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გახდა საკუთარი თავის, ფულისა და სიამოვნების მოყვარული. ისინი მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობენ და მთლიანად თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებაზე არიან კონცენტრირებულნი. მაგრამ ასეთი ხალხი ბედნიერი არასდროს იქნება. ამის საპირისპიროდ, ფსალმუნმომღერალი წერდა: „ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი, ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე“ (ფსალმ. 146:5).

  • დაინახეთ განსხვავება იეჰოვას მსახურებსა და სხვებს შორის
    საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
    • 2 ამ ბოლო დღეებში ხალხი არად აგდებს ღვთის თვალსაზრისს სწორსა და არასწორთან დაკავშირებით. ტიმოთესადმი მიწერილ მეორე წერილში მოციქული პავლე მოიხსენიებს ღვთისგან გაუცხოებული ადამიანებისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებებს. მოციქულმა თქვა, რომ აღსასრულის მოახლოებასთან ერთად ეს თვისებები უფრო და უფრო მეტ ადამიანში იჩენდა თავს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5, 13). შეიძლება ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ასეთი მანკიერი თვისებების გამოვლენამ მასშტაბური სახე მიიღო, მაგრამ მაინც არსებობს იმის საშიშროება, რომ ჩვენც მოვექცეთ ასეთი ადამიანების საქციელისა თუ აზროვნების გავლენაში (იგავ. 13:20). ამ სტატიიდან დავინახავთ, თუ როგორ განსხვავდება ბოლო დღეებში მცხოვრები ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებები იმ თვისებებისგან, რომლებსაც ღვთის მსახურები ავლენენ. აგრეთვე გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც არ „დავინფიცირდეთ“ უარყოფითი თვისებებით, როცა ვცდილობთ, სხვებს სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ.

      3. ვინ გამოავლენდა 2 ტიმოთეს 3:2—5-ში მოხსენიებულ თვისებებს?

      3 მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა, შემდეგ კი ჩამოთვალა 19 უარყოფითი თვისება, რომლებიც ამ პერიოდში მცხოვრები ხალხისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. მსგავს ჩამონათვალს ვხვდებით რომაელების 1:29—31-ში, თუმცა ტიმოთესთვის მიწერილ წერილში ისეთი თვისებებია მოხსენიებული, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სხვაგან არსად გვხვდება. პავლემ ღვთისთვის საძულველი თვისებების ჩამოთვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ადამიანები იქნებიან . . .“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყველა ასეთი იქნებოდა. ნამდვილი ქრისტიანები სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენენ (წაიკითხეთ მალაქიას 3:18).

      როგორ ვუყურებთ საკუთარ თავს

      4. როგორ დაახასიათებდით გაყოყოჩებულ ადამიანს?

      4 მას შემდეგ, რაც პავლემ თქვა, რომ ბევრი იქნებოდა საკუთარი თავისა და ფულის მოყვარული, ისიც აღნიშნა, რომ ადამიანები იქნებოდნენ თავდაჯერებულები, ამპარტავნები და გაყოყოჩებულები. ასეთი თვისებების მქონე ადამიანები სხვებზე უკეთესებად მიიჩნევენ თავს, რადგან ფიქრობენ, რომ უფრო უნარიანები, წარმოსადეგები, მატერიალურად შეძლებულები ან მაღალი წრის წარმომადგენლები არიან. მათ იმის დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებთ, რომ სხვები მათით მოხიბლულები და აღტაცებულები იყვნენ. ერთი სწავლული ამპარტავან ადამიანებზე ამბობს: „ისინი საკუთარ გულში სამსხვერპლოს უგებენ თავიანთ თავს და ეთაყვანებიან“. ზოგის აზრით, ამპარტავნობა იმდენად საშინელი თვისებაა, რომ ის სხვებში ამაყ ადამიანებსაც კი არ მოსწონთ.

      5. როგორ სძლია სიამაყემ ღვთის ერთგულ მსახურებსაც კი?

      5 იეჰოვას სძულს სიამაყე და „ამაყად მომზირალი თვალები“ (იგავ. 6:16, 17). სიამაყე ადამიანს ღმერთთან დაახლოებაში უშლის ხელს (ფსალმ. 10:4). ეს არის ეშმაკისთვის დამახასიათებელი თვისება (1 ტიმ. 3:6). სამწუხაროდ, ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც სძლია სიამაყემ. მაგალითად, იუდას მეფე უზია წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. მაგრამ, „როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია“. მოგვიანებით მეფე ხიზკიაც გადიდგულდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს (2 მატ. 26:16; 32:25, 26).

      6. რას შეიძლებოდა გაეამაყებინა დავითი, მაგრამ რა დაეხმარა თავმდაბლობის შენარჩუნებაში?

      6 ზოგი საკუთარმა გარეგნობამ, პოპულარობამ, მუსიკალურმა ნიჭმა, ფიზიკურმა სიძლიერემ ან სხვების მხრიდან განსაკუთრებულმა მოპყრობამ გააამაყა. მიუხედავად იმისა, რომ დავითს ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი აკლდა, ის სიცოცხლის ბოლომდე თავმდაბალი იყო. მას შემდეგ, რაც მან გოლიათი დაამარცხა და მეფე საულმა თავისი ქალიშვილის ცოლად მოყვანა შესთავაზა, დავითმა თქვა: „ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სანათესავო, მამაჩემის საგვარეულო ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“ (1 სამ. 18:18). რა დაეხმარა დავითს თავმდაბლობის შენარჩუნებაში? მას კარგად ესმოდა, რომ ნებისმიერი უნარი, უპირატესობა თუ კარგი თვისება იმიტომ ჰქონდა, რომ იეჰოვა „დაბლა დაიხარა“, ანუ თავმდაბლობა გამოავლინა და მოხედა მას (ფსალმ. 113:5—8). დავითს ისიც ესმოდა, რომ ყოველივე კარგი, რაც გააჩნდა, იეჰოვასგან ჰქონდა (შეადარეთ 1 კორინთელების 4:7).

      7. რა დაგვეხმარება თავმდაბლობის გამოვლენაში?

      7 დავითის მსგავსად იეჰოვას ხალხი დღესაც ცდილობს, რომ თავმდაბლად მოიქცეს. ჩვენ მოწიწებას გვგვრის, როცა ვფიქრობთ, რომ იეჰოვა, სამყაროს უზენაესი პიროვნება, მიმზიდველ თვისებას, თავმდაბლობას ავლენს (ფსალმ. 18:35). გულთან ახლოს მიგვაქვს ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლ. 3:12). ჩვენ ისიც გვესმის, რომ „სიყვარული არ ტრაბახობს [და] არ ყოყოჩობს“ (1 კორ. 13:4). ჩვენი თავმდაბლობით შეიძლება სხვები იეჰოვასკენ მივიზიდოთ. როგორც ქმარი შეიძლება მოიპოვოს ცოლმა უსიტყვოდ, ისე ღვთის ხალხის მიერ გამოვლენილმა თავმდაბლობამ შეიძლება ადამიანები დააახლოოს ღმერთთან (1 პეტ. 3:1).

      როგორ ვეპყრობით სხვებს

      8. ა) როგორ უყურებს ზოგი მშობლებისადმი დაუმორჩილებლობას? ბ) რისკენ მოუწოდებს წმინდა წერილები შვილებს?

      8 პავლემ აღწერა, როგორი ურთიერთობა ექნებოდათ ბოლო დღეებში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან. მან დაწერა, რომ ბავშვები იქნებოდნენ მშობლების ურჩები. დღეს წიგნებში, ფილმებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა ისეა წარმოჩენილი, თითქოს ამაში ცუდი არაფერია. ისინი უბიძგებენ კიდეც ბავშვებს ამისკენ. დაუმორჩილებლობა ძირს უთხრის ოჯახის სტაბილურობას, რაც თავის მხრივ საზოგადოების დეგრადირებას იწვევს. ის აზრი, რომ დაუმორჩილებლობა ოჯახისთვის საზიანოა, ახალი არ არის. საინტერესოა, რომ ძველ საბერძნეთში თუ შვილი ხელს აღმართავდა მშობელზე, სრულად ჩამოერთმეოდა მას მოქალაქის უფლებები. რომის სამართლის მიხედვით კი მამაზე ხელის აწევა ისეთივე სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა, როგორიც მკვლელობაა. მშობლების პატივისცემისკენ შვილებს ებრაული წერილებიც მოუწოდებს და ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც (გამ. 20:12; ეფეს. 6:1—3).

      9. რა დაეხმარება ახალგაზრდებს, რომ დაემორჩილონ მშობლებს?

      9 ბავშვები არ „დაინფიცირდებიან“ ქვეყნიერებაში გაბატონებული დაუმორჩილებლობის სულით, თუ იმაზე იფიქრებენ, რაც მშობლებს მათთვის გაუკეთებიათ. ეს მადლიერების გრძნობას გაუღვივებს მათ და მორჩილებისკენ აღძრავს. ბავშვებს ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მშობლებისადმი მორჩილებას მათგან ღმერთიც მოითხოვს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მამაა. თუ ბავშვები მშობლებზე დადებითად ილაპარაკებენ, სხვა ბავშვებსაც პატივისცემით განაწყობენ მშობლების მიმართ. რა თქმა უნდა, თუ მშობლებს თბილი გრძნობები არა აქვთ თავიანთი შვილების მიმართ, მათაც გაუჭირდებათ მთელი გულით მორჩილება. მეორე მხრივ, თუ ბავშვი გრძნობს მშობლებისგან ნამდვილ სიყვარულს, ის მაშინაც კი შეეცდება, მათ ასიამოვნოს, როცა მშობლების მორჩილება მისთვის ადვილი არ იქნება. „მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაცის გაფუჭებაზე მეჭირა თვალი, — ამბობს ოსტინი, — ჩემი მშობლები გონივრულ მითითებებს მაძლევდნენ, მიხსნიდნენ, რატომ მიდგენდნენ წესებს და ყოველთვის მზად იყვნენ გულახდილი საუბრისთვის. ამან მორჩილება მასწავლა. ვხედავდი, რომ მშობლები ზრუნავდნენ ჩემზე და მეც მინდოდა, რომ მათთვის მესიამოვნებინა“.

      10, 11. ა) რომელი უარყოფითი თვისებებიდან ჩანს ადამიანებში სიყვარულის ნაკლებობა? ბ) როგორ უყვართ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სხვები?

      10 პავლემ ჩამოთვალა სხვა უარყოფითი თვისებებიც, რომლებიც ადამიანებში სიყვარულის ნაკლებობაზე მეტყველებს. ჩამონათვალში უმადურობა მართებულად მოსდევს ფრაზას „მშობლების ურჩები“, რადგან ეს სიტყვა კარგად აღწერს მათ დამოკიდებულებას, რომლებიც მადლიერები არ არიან მათთვის გაკეთებული სიკეთისთვის. ადამიანები აგრეთვე იქნებოდნენ ორგულები. მათთან შეუძლებელი იქნებოდა მორიგება, ანუ უთანხმოების მოგვარება არ ენდომებოდათ. ისინი იქნებოდნენ ღვთისმგმობელები და გამცემები, ანუ შეურაცხმყოფელი და გულსატკენი სიტყვებით ილაპარაკებდნენ ადამიანებზეც და ღმერთზეც. გარდა ამისა, ისინი იქნებოდნენ ცილისმწამებლები, ანუ სხვისი რეპუტაციის შესალახად არასწორ ინფორმაციას გაავრცელებდნენ.a

      11 უსიყვარულო ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას თაყვანისმცემლები ნამდვილ სიყვარულს ავლენენ სხვების მიმართ. ეს ოდითგანვე ასეა. იესომ თქვა, რომ ღვთის სიყვარულის შემდეგ მოყვასისადმი სიყვარული, აგაპე, მეორე უდიდესი მცნება იყო მოსეს კანონში (მათ. 22:37—39). იესომ ისიც თქვა, რომ ერთმანეთისადმი სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). ქრისტიანულ სიყვარულს ისინი მტრების მიმართაც კი გამოავლენდნენ (მათ. 5:43, 44).

      12. როგორ გამოავლინა იესომ სხვების მიმართ სიყვარული?

      12 იესოს ძალიან უყვარდა ადამიანები. ის ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებდა ხალხს, კურნავდა ბრმებს, კოჭლებს, კეთროვნებსა და ყრუებს. ის მკვდრებსაც კი აცოცხლებდა (ლუკ. 7:22). იესომ საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირა ადამიანებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სძულდა. მან სრულყოფილად მიჰბაძა ღმერთს სიყვარულში. იეჰოვას მოწმეები მთელ დედამიწაზე ავლენენ სხვების მიმართ ნამდვილ სიყვარულს.

      13. როგორ შეიძლება მივიზიდოთ სხვები იეჰოვასკენ ჩვენ მიერ გამოვლენილი სიყვარულით?

      13 ჩვენ მიერ გამოვლენილი სიყვარული ადამიანებს ზეციერი მამისკენ იზიდავს. მაგალითად, ერთი ტაილანდელი მამაკაცი გაოცებული დარჩა, როცა რეგიონულ კონგრესზე და-ძმებს შორის არსებული სიყვარული დაინახა. მან სახლში დაბრუნებისთანავე მოითხოვა, რომ მისთვის კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ ბიბლიის შესწავლა. ამ მამაკაცმა მთელ სანათესაოს უქადაგა და კონგრესიდან ექვსი თვის შემდეგ ბიბლიის კითხვის დავალებით პირველად გამოვიდა კრების წინაშე. იმის გასაგებად, რამდენად ვავლენთ სხვებისადმი სიყვარულს, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „ვაკეთებ ყველაფერს, რომ დავეხმარო ოჯახის წევრებს, თანაქრისტიანებსა და მათ, ვისაც ვუქადაგებ? ვცდილობ, სხვებს იეჰოვას თვალით ვუყურო?“.

      მგლები და ბატკნები

      14, 15. რა არაადამიანურ თვისებებს ავლენს ბევრი და როგორ შეიცვალა ზოგი უკეთესობისკენ?

      14 დღეს ადამიანები სხვა ცუდ თვისებებსაც ავლენენ, რის გამოც ქრისტიანები უნდა მოერიდონ მათთან ახლო ურთიერთობას. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ბოლო დღეებში უღვთო ადამიანები იქნებოდნენ კარგის მოძულეები, ანუ ზოგიერთი თარგმანის მიხედვით, „ყოველივე კარგის მიმართ მტრულად განწყობილები“. ისინი იქნებოდნენ თავშეუკავებლები, სასტიკები და თავნებები ანუ იმპულსურები და წინდაუხედავები.

      15 ბევრი, ვინც ადრე ასეთ თვისებებს ავლენდა, უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს ძირეული გარდაქმნა ლამაზად არის აღწერილი ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში (წაიკითხეთ ესაიას 11:6, 7). იქ ვკითხულობთ, რომ ისეთი გარეული ცხოველები, როგორიცაა მგელი და ლომი, არაფერს ერჩიან შინაურ ცხოველებს — ბატკნებსა და ხბოებს. ასეთი მშვიდობა იმიტომ იქნება, რომ „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ეს. 11:9). ცხადია, ეს წინასწარმეტყველება ადამიანებს ეხება, რადგან შეუძლებელია ცხოველებმა რაიმე ისწავლონ იეჰოვას შესახებ.

      კაცი ძარცვავს ქალს, სწავლობს ბიბლიას, იცვლის ცხოვრების წესს

      ბიბლიური პრინციპების გამოყენება ცვლის ადამიანთა ცხოვრებას! (იხილეთ აბზაცი 16)

      16. როგორ დაეხმარა ბიბლია ზოგს გარდაქმნაში?

      16 ბევრი მგელივით ულმობელი იყო, მაგრამ დღეს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს სხვებთან. მათი ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ვებ-გვერდზე jw.org, რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. ისინი, ვინც ეცნობიან და ემსახურებიან იეჰოვას, არ ჰგვანან მათ, ვინც გარეგნულად ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთები ისე აჩვენებენ თავს, თითქოს ღმერთს ემსახურებიან, მაგრამ მათი საქმეები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ღვთის ხალხში კი ოდესღაც სასტიკი ადამიანები შეიმოსნენ ახალი პიროვნებით, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:23, 24). როცა ადამიანები ეცნობიან ღმერთს, ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ მის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ. შედეგად, ისინი იცვლიან მრწამსს, დამოკიდებულებასა და საქციელს. ასეთი ცვლილებების მოხდენა ადვილი არ არის, მაგრამ წმინდა სულის დახმარებით შესაძლებელია მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს ღვთის ნების შესრულება.

      „ასეთებს ზურგი აქციე“

      17. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოვექცეთ მათ გავლენაში, ვინც ღვთისთვის საძულველ თვისებებს ავლენს?

      17 სულ უფრო და უფრო იზრდება განსხვავება ღვთის მსახურებსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება ღმერთს. ღვთის მსახურებს დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ არ მოვექცეთ სხვების არასწორი აზროვნების გავლენაში. გონივრულად მოვიქცევით, თუ გავითვალისწინებთ ღვთივშთაგონებულ რჩევას და ზურგს ვაქცევთ მათ, ვისზეც საუბარია 2 ტიმოთეს 3:2—5-ში. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ მოვერიდებით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ღვთისთვის საძულველ თვისებებს ავლენენ. ჩვენ შეიძლება მათთან ერთად გვიწევს მუშაობა, სკოლაში სწავლა ან ცხოვრება. მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ არ მივბაძოთ მათ აზროვნებასა და თვისებებს. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავძლიერდებით სულიერად — შევისწავლით ბიბლიას და ახლო ურთიერთობა გვექნება მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს.

      18. როგორ შეგვიძლია სიტყვითა და საქმით სხვებს სულიერად დავეხმაროთ?

      18 ჩვენ აგრეთვე უნდა ვეცადოთ, რომ სხვებს სულიერად დავეხმაროთ. მოდი ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა და ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება, რათა საჭირო დროს საჭირო სიტყვები შევარჩიოთ. სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ. შედეგად, ჩვენი კარგი საქციელით ღმერთს განვადიდებთ და არა საკუთარ თავს. იეჰოვამ გვასწავლა, როგორ „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, [და] ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:11—14). თუ ღვთისმოსაწონად მოვიქცევით, სხვები დაინახავენ ამას და ზოგმა შეიძლება თქვას კიდეც: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება