იმედით განმტკიცებულნი და სიყვარულით აღძრულნი
„ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული — ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი“ (1 კორინთელთა 13:13).
1. რა გაფრთხილებას გვაძლევს მოციქული პავლე?
მოციქული პავლე გვაფრთხილებს, რომ გემის მსგავსად, შეიძლება ჩვენი რწმენაც დაიმსხვრეს. ის ტიმოთეს სწერდა: „გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა, და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი“ (1 ტიმოთე 1:19). ახ. წ. I საუკუნეში გემებს ხისგან აგებდნენ. მისი საზღვაოსნო თვისებები ხეტყის ხარისხსა და გემთმშენებლის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული.
2. რატომ უნდა იყოს ჩვენი რწმენის გემი კარგად აგებული და რას მოითხოვს ეს ჩვენგან?
2 ჩვენი რწმენა შეიძლება შევადაროთ გემს, რომელიც არ უნდა ჩაიძიროს აბობოქრებულ ზღვაში — კაცობრიობაში (ესაია 57:20; გამოცხადება 17:15). ამიტომ ის მტკიცედ უნდა იყოს შეკრული. ეს კი ჩვენზეა დამოკიდებული. როდესაც იუდეველთა და რომაელთა „ზღვა“ პირველ საუკუნეში განსაკუთრებით აბობოქრდა, იუდამ თანამორწმუნეებს შემდეგი სიტყვები მისწერა: „საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (იუდა 20, 21). რადგან იუდა იმასაც ამბობდა, რომ ქრისტიანებს ეღვაწათ „რწმენისთვის, რომელიც . . . წმიდებს გადაეცა“, გამოთქმა ‘უწმიდესი რწმენა’ შეიძლება მიუთითებდეს ქრისტიანულ მოძღვრებაზე მთლიანად, ხსნის შესახებ კეთილი ცნობის ჩათვლით (იუდა 3). ამ რწმენის საძირკველი კი ქრისტეა. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მტკიცე რწმენაა საჭირო ჭეშმარიტი ქრისტიანობის შესანარჩუნებლად.
„სექტების მიერ ატეხილი შფოთის“ შტორმის გაძლება
3. რისთვის იყენებს ზოგი „სექტების მიერ ატეხილ შფოთს“?
3 ბოლო წლებში ფარული სექტების მონაწილეობით არაერთი საშინელი მასობრივი თვითმკვლელობა, მკვლელობა და ტერორისტული აქტი მოხდა. გასაგებია, რომ მრავალი მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკური ხელმძღვანელებიც, გარკვეულ ზომებს იღებს ასეთი საშიში სექტებისგან უდანაშაულო ხალხის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დასაცავად. ამ საშინელი დანაშაულის უკან, რომელსაც ზოგმა „სექტების მიერ ატეხილი შფოთი“ უწოდა, ეჭვგარეშეა, „ამ წუთისოფლის ღმერთი“ დგას და ის ამ შფოთს იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ იყენებს (2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 12:12). ზოგი ამ მდგომარეობას ჩვენი საქმიანობის შესაფერხებლად იყენებს. ვითომდა ხალხის „საშიში სექტებისგან“ დაცვის მიზნით, რიგ ქვეყნებში საკმაოდ ფართო მასშტაბის კამპანიები მოეწყო. ეს კამპანიები იეჰოვას მოწმეებსაც შეეხო, რითაც მათმა ორგანიზატორებმა ცილი დაგვწამეს ყოველივე მომხდარში და ამგვარად ჩვენც დაგვადანაშაულეს. ამის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კარდაკარ ქადაგება გართულდა. ზოგმა, ვინც ჩვენთან ბიბლიას სწავლობდა, შეწყვიტა შესწავლა. ამან კი, თავის მხრივ, ზოგ ძმაზე უარყოფითად იმოქმედა.
4. რატომ არ უნდა გაგვიტეხოს გული წინააღმდეგობამ?
4 წინააღმდეგობამ გული კი არ უნდა გაგვიტეხოს, არამედ პირიქით, უნდა განგვიმტკიცოს იმის რწმენა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ (მათე 5:11, 12). პირველ საუკუნეში ქრისტიანებს შფოთის ამტეხი სექტის წევრებად მიიჩნევდნენ და ‘ყველგან ეწინააღმდეგებოდნენ’ (საქმეები 24:5; 28:22). მოციქულმა პეტრემ კი თანამორწმუნეები დაამშვიდა: „საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართვოდეთ. არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას“ (1 პეტრე 4:12, 13). მსგავსი აზრი დაწერა პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს წევრმაც: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს. მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ (იაკობი 1:2–4). როგორც ძლიერი ქარიშხალი ცდის გემის საზღვაოსნო თვისებებს, ისე წინააღმდეგობების ქარიშხალი გამოავლენს ჩვენი რწმენის გემის ნებისმიერ სისუსტეს.
„ჭირი შეიქმს მოთმინებას“
5. როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი რწმენა გაუძლებს განსაცდელებს?
5 ჩვენ მხოლოდ გაჭირვების ქარიშხლის გადატანის შემდეგ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მოთმინება და მტკიცე რწმენა გვქონია. მოთმინებას აბობოქრებულ ზღვაზე მხოლოდ მაშინ ექნება „სრულყოფილი მოქმედება“, თუ „სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ ვიქნებით ანუ ყველაფერთან ერთად მტკიცე რწმენაც გვექნება. პავლე წერდა: „ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში“ (2 კორინთელთა 6:4).
6. რატომ უნდა ‘ვიქადდეთ ჭირით’ და როგორ გვიმტკიცებს ეს იმედს?
6 გაჭირვების ძლიერი ქარიშხლები, რომლებშიც შეიძლება ზოგჯერ მოვხვდეთ, იმის დამტკიცების შესაძლებლობად უნდა მივიჩნიოთ, რომ ჩვენი რწმენის გემი მაგრად შეკრული და მტკიცეა. რომაელ ქრისტიანებს პავლე წერდა: „ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება — სიმტკიცეს, სიმტკიცე — იმედს, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში, სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ“ (რომაელთა 5:3–5). იეჰოვას მოსწონს, როდესაც გაჭირვებისას სიმტკიცეს ვავლენთ. ეს კი, თავის მხრივ, იმედს გვიმტკიცებს.
რატომ დაიმსხვრა ზოგის გემი
7. ა) პავლეს სიტყვებიდან გამომდინარე, როგორ დაემსხვრა ზოგ ქრისტიანს სულიერი გემი? ბ) როგორ უხვევს დღეს ზოგი ჭეშმარიტების გზიდან?
7 როდესაც პავლე ლაპარაკობდა მათზე, ვისი ‘ხომალდიც დაიმსხვრა’, მხედველობაში ჰყავდა ქრისტიანები, რომლებმაც კეთილი სინდისი „უარყვეს“ და რწმენა დაკარგეს (1 ტიმოთე 1:19). ასეთები იყვნენ ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც განდგომილები გახდნენ, ჭეშმარიტებიდან გადაუხვიეს და თავიანთი საუბრით რწმენას ურყევდნენ სხვებს (1 ტიმოთე 1:20; 2 ტიმოთე 2:17, 18). დღეს ჭეშმარიტების გზიდან გადასული განდგომილები სიტყვიერად კბენენ ‘ერთგულ და გონიერ მონას’ და, ფაქტობრივად, გესლავენ ხელებს, რომლებიც მათ სულიერად კვებავდა. ზოგი ძალიან ჰგავს ‘ბოროტ მონას’, რომელიც თავის გულში ამბობს, „იგვიანებსო ჩემი ბატონი“ (მათე 24:44–49; 2 ტიმოთე 4:14, 15). ისინი უარყოფენ, რომ მოახლოებულია ამ ბოროტი სისტემის აღსასრული და აკრიტიკებენ ფხიზლად მყოფ მონის კლასს, რადგან ეს უკანასკნელნი იეჰოვას ხალხს გადაუდებლობის გრძნობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ (ესაია 1:3). ასეთმა განდგომილებმა შეძლეს ‘ზოგიერთების რწმენის დარღვევა’ და მათი სულიერი გემის დამსხვრევა (2 ტიმოთე 2:18).
8. რამ გამოიწვია ზოგის რწმენის ხომალდის დამსხვრევა ანუ დაღუპვა?
8 სხვა ქრისტიანების რწმენის გემი იმის გამო დაიმსხვრა, რომ არ მოუსმინეს სინდისის ხმას და ამ წუთისოფლის თავაშვებულობას, სიამოვნების ძიებასა და უზნეობას მიეცნენ (2 პეტრე 2:20–22). ზოგის რწმენის გემი იმიტომ ჩაიძირა, რომ ახალ სისტემის ნავსაყუდელი მათთვის ჯერაც არ ჩანდა ჰორიზონტზე. რადგან არ შეეძლოთ გარკვეული წინასწარმეტყველებების შესრულების დროის გამოთვლა, «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე» გონებიდან ამოიგდეს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მიატოვეს (2 პეტრე 3:10–13; 1 პეტრე 1:9). ისინი მოკლე დროში წუთისოფლის მღვრიე წყალს დაუბრუნდნენ (ესაია 17:12, 13; 57:20). ზოგს, ვინც ქრისტიანულ კრებას ჩამოშორდა, კვლავაც სჯერა, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგია ჭეშმარიტია, მაგრამ, როგორც ჩანს, მოთმინება არ ჰყოფნით, დაელოდონ იეჰოვა ღმერთის მიერ აღთქმულ ახალ სისტემას. მათთვის სამოთხე ძალიან შორს არის.
9. რას გვიჩვენებს ზოგი ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანის ცხოვრება და რაზე უნდა დაგვაფიქროს ამან ჩვენ?
9 მსოფლიოს ზოგ ნაწილში ღვთისადმი მიძღვნილი მრავალი ქრისტიანის რწმენის ხომალდი მეჩეჩზე დაჯდა. მათი რწმენის გემები ჯერ არ ჩაძირულა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სწარფად გაცურონ, ძალიან ნელა მიიწევენ წინ. იმ იმედით, რომ „სამოთხე მალე იქნებოდა“, ზოგი ყველაფერს აკეთებდა იქ მოსახვედრად — მთელი ენთუზიაზმით ქადაგებდა და რეგულარულად ესწრებოდა კრების ყველა შეხვედრასა თუ დიდ და პატარა კონგრესებს. ახლა კი, როდესაც დაინახეს, რომ მათი იმედი ისე სწრაფად არ ხორციელდება, მთელი გულით მსახურება აღარ უნდათ. ამას ცხადყოფს სამქადაგებლო საქმიანობისთვის ნაკლები დროის დათმობა, კრების შეხვედრებზე არარეგულარული დასწრება და კონგრესის პროგრამის გარკვეული ნაწილების გაცდენა. ზოგი დროს ტარებამ და ფუფუნებით ცხოვრებაზე ზრუნვამ გადაიყოლა. ეს ფაქტები აღგვძრავს, დავფიქრდეთ, რამ უნდა გვიბიძგოს, რომ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ. ნუთუ ჩვენი ენთუზიაზმი იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომ „სამოთხე მალე იქნება“?
იმედი, რომელიც ღუზასთან არის შედარებული
10, 11. რას შეადარა პავლემ ჩვენი იმედი და რატომ არის ეს შედარება მართებული?
10 პავლემ გვიჩვენა, რომ იეჰოვამ კაცობრიობას აღუთქვა კურთხევები, რომლებსაც აბრაამის მეშვეობით მიიღებდა. შემდეგ კი დაამატა: „[ღმერთმა] ფიცს მიმართა, რათა ორ უცვალებელ საქმეში [თავის სიტყვასა და ფიცში], რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, რომელიც ჩვენი სულისათვის არის ღუზასავით სანდო და მტკიცე“ (ებრაელთა 6:17–19; დაბადება 22:16–18). ცხებულ ქრისტიანებს ზეცაში უკვდავი ცხოვრების იმედი აქვთ. იეჰოვას დღევანდელ მსახურთა უმრავლესობას კი დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების საუცხოო იმედი. ამ იმედის გარეშე არავის ექნებოდა რწმენა.
11 ღუზა უსაფრთხოების მძლავრი იარაღია და გემის ერთ ადგილზე გაჩერებაში ბადალი არა ჰყავს. არც ერთი მეზღვაური არ გაბედავდა პორტიდან ღუზის გარეშე გასვლას. პავლეს არაერთხელ უნახავს გემის დაღუპვა და პირადი გამოცდილებიდან იცოდა, რომ მეზღვაურების გადარჩენა ხშირად ღუზაზე იყო დამოკიდებული (საქმეები 27:29, 39, 40; 2 კორინთელთა 11:25). პირველ საუკუნეში გემს ძრავა არ ჰქონდა, რაც კაპიტანს იმის საშუალებას არ აძლევდა, რომ საკუთარი სურვილისამებრ ემართა ხომალდი. ნიჩბებიანი სამხედრო გემების გარდა, ხომალდების მოძრაობა ძირითადად ქარზე იყო დამოკიდებული. თუ გემი წყალქვეშა კლდეებზე დაჯდომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებოდა, კაპიტანს მხოლოდ ისღა შეეძლო, ღუზა ჩაეშვა და აბობოქრებულ ზღვაში გაჩერებულიყო. ამ შემთხვევაში მას იმედი ჰქონდა, რომ ღუზა ფსკერამდე ჩააღწევდა და მყარად ჩაერჭობოდა. ამიტომ თქვა პავლემ, ქრისტიანების იმედი ‘სულისთვის სანდო და მტკიცე ღუზასავით არის’ (ებრაელთა 6:19). როდესაც წინააღმდეგობების ან სხვა განსაცდელების შტორმს ვუმკლავდებით, ჩვენი შესანიშნავი იმედი ღუზის ფუნქციას ასრულებს, რომელიც იმდენად განგვამტკიცებს, რომ ჩვენი რწმენის გემები ეჭვების მეჩეჩებზე არ დაჯდება ან განდგომილების საშინელ კლდეებზე არ დაიმსხვრევა (ებრაელთა 2:1; იუდა 8–13, აქ).
12. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ იეჰოვასგან განდგომა?
12 პავლე ებრაელ ქრისტიანებს აფრთხილებდა: „თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს“ (ებრაელთა 3:12). ბერძნული სიტყვა, რომელიც სიტყვით „განუდგა“ გადმოითარგმნა, სიტყვასიტყვით გამოყოფას ანუ განდგომას ნიშნავს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ გემის ამგვარად ჩაძირვა. რწმენა და იმედი შეგვაძლებინებს, რომ უსაშინელესი განსაცდელების შტორმის დროსაც კი იეჰოვას ‘მივეწებოთ’ (მეორე რჯული 4:4; 30:19, 20). ჩვენი რწმენა არ იქნება იმ გემის მსგავსი, რომელსაც განდგომილების სწავლების ქარი არყევს (ეფესელთა 4:13, 14). იმედის ღუზის დახმარებით შევძლებთ გავუძლოთ ცხოვრებისეულ შტორმებს, რომლებიც იეჰოვასადმი მსახურების გზაზე გვხვდება.
სიყვარულითა და სულიწმიდით აღძრულნი
13, 14. ა) რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ იმედის ღუზა? ბ) რამ უნდა აღგვძრას იეჰოვასადმი წმინდა მსახურებისკენ და რატომ?
13 ქრისტიანი წინ, ახალი სისტემისკენ, ვერ წაიწევს, თუ იეჰოვასადმი მსახურებისკენ მხოლოდ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აღძრავს. თუმცა იმედის ღუზა მის ცხოვრებაში განმამტკიცებლის როლს ასრულებს, აუცილებელია ქრისტიანმა ამ იმედსა და რწმენას სიყვარულის ძალაც მიამატოს. პავლემ თავის წერილში ხაზგასმით აღნიშნა ეს: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული — ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი“ (1 კორინთელთა 13:13).
14 ჩვენ წმინდა მსახურებისკენ იეჰოვასადმი გულითადმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას და ეს გრძნობა მის მიერ გამოვლენილ უზომო სიყვარულზე გამოხმაურება უნდა იყოს. მოციქული იოანე წერდა: „ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:8, 9, 19). თუ მადლიერი ვართ იეჰოვასი, ჩვენი ძირითადი საზრუნავი საკუთარი ხსნა კი არ იქნება, არამედ ქადაგებით ღვთის სახელის განწმენდა და მისი უზენაესობის გამართლება.
15. რა კავშირია იეჰოვასადმი ჩვენს სიყვარულსა და მის უზენაესობას შორის?
15 იეჰოვას სურვილია, რომ მისადმი მსახურებისკენ სამოთხეში ცხოვრების სურვილმა კი არა სიყვარულმა აღგვძრას. ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „იეჰოვას განადიდებს ის ფაქტი, რომ ქმნილებები მის უზენაესობას, პირველ რიგში, სიყვარულის გამო უჭერენ მხარს. ის ღებულობს მხოლოდ მათ, ვისაც მისი შესანიშნავი თვისებებისა და სამართლიანობის გამო უყვარს, ვისთვისაც მისი უზენაესობა ყველაფერზე ძვირფასია (1კორ. 2:9). ეს ხალხი იეჰოვასგან დამოუკიდებლობას მისი ქვეშევრდომობით მსახურებას არჩევს და ამას იმის საფუძველზე აკეთებენ, რომ იცნობენ ღმერთს და ესმით, რომ მისი სიყვარული, სამართლიანობა და სიბრძნე ბევრად აღემატება მათსას (ფს. 83:11, 12)“ (Insight on the Scriptures, ტომი II, გვ. 275, ინგლ.)a.
16. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოსადმი სიყვარული ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა?
16 როგორც ქრისტიანებს, ჩვენ იესოც გვიყვარს მის მიერ ჩვენს მიმართ გამოვლენილი სიყვარულისთვის. პავლემ თქვა: „ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელთა 5:14, 15). ქრისტე არის საძირკველი, რომელზეც ჩვენი სულიერი ცხოვრება, რწმენა და იმედია აგებული. იესო ქრისტესადმი სიყვარული განამტკიცებს ჩვენს რწმენასა და იმედს, განსაკუთრებით კი რთული გამოცდების დროს (1 კორინთელთა 3:11; კოლასელთა 1:23; 2:6, 7).
17. რა დინამიკურ ძალას გვაძლევს იეჰოვა და როგორ არის მისი მნიშვნელოვნება ნაჩვენები საქმეების 1:8-სა და ეფესელთა 3:16-ში?
17 თუმცა ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ღვთისა და იესოსადმი სიყვარულია, იეჰოვა გვაძლევს კიდევ რაღაცას, რაც მისადმი მსახურებისკენ აღგვძრავს, ენერგიით გვავსებს და განგვამტკიცებს. ეს არის მისი მოქმედი ძალა, ანუ სულიწმიდა. ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც „სულად“ გადმოითარგმნა, მიუთითებს ჰაერის დინამიკურ მოძრაობაზე, მაგალითად ქარის ქროლვაზე. პავლეს დროს სამგზავრო გემების მიმოსვლა უხილავი ქარის ძალაზე იყო დამოკიდებული. მსგავსად ამისა, ჩვენი რწმენის გემმა იეჰოვას მსახურებაში წინ რომ გაცუროს, საჭიროა სიყვარული და ღვთის უხილავი მოქმედი ძალა (საქმეები 1:8; ეფესელთა 3:16).
წინ, ჩვენი მიზნისაკენ!
18. რა შეგვაძლებინებს რწმენის ნებისმიერი გამოცდის გადატანას?
18 სანამ ახალ სისტემამდე მივაღწევთ, ჩვენი რწმენა და სიყვარული შეიძლება სასტიკად გამოიცადოს. მაგრამ იეჰოვა „სანდო და მტკიცე“ ღუზით, შესანიშნავი იმედით, უზრუნველგვყოფს (ებრაელთა 6:19; რომაელთა 15:4, 13). როდესაც წინააღმდეგობები ან სხვა განსაცდელები ძალას გვაცლის, თუ ღუზად იმედს გამოვიყენებთ, ყველაფრის ატანას შევძლებთ. როდესაც ერთი ქარიშხალი ჩაწყნარდება მოდი განვიმტკიცოთ იმედი და გავიღრმავოთ რწმენა, სანამ მეორე დაწყებულა.
19. როგორ შეგვიძლია ჩვენი რწმენის ხომალდები ყოველთვის წინ ვატაროთ და ღვთის ახალი ქვეყნიერების ნავსაყუდელს მივაღწიოთ?
19 ‘ჩვენი სულისთვის ღუზის’ მოხსენიებამდე პავლემ თქვა: „გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, იმედის სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელობით იმკვიდრებენ აღთქმებს“ (ებრაელთა 6:11, 12). იეჰოვასა და მისი ძისადმი სიყვარულით აღძრულებმა და ღვთის სულიწმიდით განმტკიცებულებმა, დაე ჩვენი რწმენის ხომალდები კვლავ წინ, ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერების ნავსაყუდელისკენ წარვმართოთ!
[სქოლიოები]
a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
გამეორებისთვის
◻ რა გაფრთხილება მოგვცა პავლემ რწმენასთან დაკავშირებით?
◻ როგორ ანელებს სვლას და როგორ იმსხვრევა ზოგი ქრისტიანის რწმენის ხომალდი?
◻ რა ღვთისმოსაწონი თვისებები უნდა გვქონდეს რწმენასთან ერთად?
◻ როგორ მივაღწევთ ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერების ნავსაყუდელს?
[სურათი 16 გვერდზე]
ჩვენი რწმენის გემი მტკიცედ უნდა იყოს შეკრული, რათა ცხოვრების შტორმებს გაუძლოს.
[სურათი 17 გვერდზე]
ჩვენი რწმენის ხომალდი შეიძლება დაიმსხვრეს.
[სურათი 18 გვერდზე]
ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, იმედი ღუზის მსგავსია.