საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ოცდაათი წელი საიდუმლოდ ვთარგმნიდი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • ოცდაათი წელი საიდუმლოდ ვთარგმნიდი

      მოგვითხრო ონა მოცკუტემ

      1962 წლის აპრილში ხალხით გადაჭედილ კლაიპედას (ლიტვა) სასამართლო დარბაზში საბრალდებო სკამზე ვიჯექი. მე ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში მადანაშაულებდნენ. 1961 წლის ოქტომბერში დამაკავეს. ბრალად მედებოდა ისეთ რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობა, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ნება მომეცით, აგიხსნათ, რა მოვლენები უძღოდა წინ ჩემს დაპატიმრებას.

  • ოცდაათი წელი საიდუმლოდ ვთარგმნიდი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • ვიწყებ იატაკქვეშა საქმიანობას

      მაშინ ლიტვაში მხოლოდ რამდენიმე იეჰოვას მოწმე იყო დარჩენილი, სხვები კი ციხეში ისხდნენ ან გადასახლებაში იყვნენ ციმბირში. 1959 წელს ორი იეჰოვას მოწმე დაბრუნდა ციმბირიდან და ლიტვურ ენაზე ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა მთხოვა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, ამიტომ სიხარულით მივიღე ეს რთული დავალება.

      თარგმნა 1960 წლის მარტში დავიწყე, ივლისში კი ფარულად მდინარე დუბისაში მოვინათლე. კა-გე-ბეს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) წინააღმდეგობის გამო თავის სარჩენად ვერ ვშოულობდი სამუშაოს. ამიტომ მშობლებთან ვცხოვრობდი, რომლებიც კარგად იყვნენ განწყობილი ჩემი რელიგიის მიმართ. მამაჩემისა და მეზობლების საქონელს ვუვლიდი. პარალელურად ვთარგმნიდი კიდეც. მშვენიერი „ოფისი“ მქონდა, ვიჯექი ღია ცის ქვეშ ხის კუნძზე ტრიალ მინდორში, მაგიდის მაგივრობას კი მუხლები მიწევდა.

      მაგრამ ღია ცის ქვეშ თარგმნა არ იყო უსაფრთხო, რადგან ადვილად შეიძლებოდა შევემჩნიე კა-გე-ბეს აგენტებს ან დამსმენებს. როდესაც ისეთი ადგილი გამოჩნდა, სადაც თარგმნას შევძლებდი, მამაჩემის სახლიდან გადავედი. ზოგჯერ ბოსელში ვთარგმნიდი, რომლის ცალ მხარეს საქონელი იყო დაბინავებული, მეორე მხარეს კი მე ვიჯექი ჩემი საბეჭდი მანქანით.

      იქ არ იყო ელექტროენერგია, ამიტომ მხოლოდ დღისით ვმუშაობდი. საბეჭდი მანქანის ხმას ფარავდა იქვე ახლოს სპეციალურად აგებული ქარის წისქვილი. მოსაღამოვებისას სახლში შევდიოდი სავახშმოდ. შემდეგ ისევ ბოსელში ვბრუნდებოდი და თივის ზვინზე ვიძინებდი.

      1961 წლის ოქტომბერში ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგეს და ორ მოწმესთან ერთად დამაპატიმრეს. 1962 წელს იმ სასამართლოს წინაშე წარვდექი, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიე. სასამართლომ ნება დაგვრთო, რომ ჩვენი საქმე საჯაროდ მოსმენილიყო; ჩვენ გვიხაროდა, რომ უამრავი დამსწრის წინაშე დამოწმების შესაძლებლობა მოგვეცა (მარკოზი 13:9). სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს და ტალინის (ესტონეთი) ციხეში მომათავსეს. როგორც შევიტყვე, მაშინ პატიმრებს შორის მხოლოდ მე ვიყავი იეჰოვას მოწმე. ერთხელ ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მომინახულეს; მე მათ ჩემი მრწამსი გავუზიარე.

      მთარგმნელობითი საქმიანობის განახლება

      ესტონეთის ციხიდან 1964 წელს გამათავისუფლეს, რის შემდეგაც ლიტვაში დავბრუნდი. იქ განვაგრძე ჩვენი პუბლიკაციების თარგმნა. ძირითადად რუსულიდან ლიტვურზე ვთარგმნიდი. აუარებელი საქმე მქონდა. მართალია, სხვები მეხმარებოდნენ, მაგრამ სრული დროით მთარგმნელი მხოლოდ მე ვიყავი. ხშირად მთელი კვირის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ვმუშაობდი. რომ არა იეჰოვას დახმარება, ამის გაკეთებას ვერასდროს ვერ შევძლებდი.

      ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენდი, რადგან კარგად მესმოდა, რომ ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქრისტიანი და-ძმები ხშირად იგდებდნენ საკუთარ თავსა და ოჯახებს საფრთხეში, როცა მმალავდნენ და მატერიალურად მეხმარებოდნენ. ამან ძალიან დაგვაახლოვა ერთმანეთთან. იმ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ვისთანაც ვრჩებოდი, თარგმნის დროს მყარაულობდა, რათა თუ ვინმე მოვიდოდა, შეეტყობინებინა ჩემთვის. გაფრთხილების ნიშნად გათბობის მილზე ორჯერ უნდა დაეკაკუნებინა. როგორც კი კაკუნის ხმას გავიგებდი, ყველაფერს ვმალავდი.

      თუ გავიგებდით, რომ იმ სახლს უთვალთვალებდნენ, რომელშიც ვიყავი, საჩქაროდ გადავდიოდი სხვა ადგილას. იმ დროს საბეჭდი მანქანის ქონა ოფიციალური ნებართვის გარეშე სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა, ამიტომ ჩემი საბეჭდი მანქანა სხვაგან გადაჰქონდათ და შემდეგ ღამით მეც იქ გადავდიოდი.

      იეჰოვა მიცავდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ ჩემი საქმიანობის შესახებ, მაგრამ სამხილი არ ჰქონდათ. მაგალითად, 1973 წელს, როდესაც რვა იეჰოვას მოწმე სასამართლოს წინაშე წარადგინეს, პროკურორმა დაკითხვაზე გამომიძახა. მან პირდაპირ მკითხა: „მოცკუტე, ამ წლების მანძილზე რა რაოდენობის ლიტერატურა დაბეჭდე?“

      ვუთხარი, რომ ამაზე პასუხს ვერ გავცემდი. შემდეგ მან მკითხა: „აბა, რა კითხვაზე გამცემ პასუხს?“

       — ნებისმიერზე, რაც ამ საქმიანობას არ უკავშირდება, — მივუგე მე.

      მდგომარეობა იცვლება

      მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს ლიტვაში ცვლილებების დრო დადგა. აღარ იყო იმის აუცილებლობა, რომ მთავრობის აგენტებისგან დავმალულიყავით. ამიტომ, 1990 წელს სხვა მოწმეები შეუდგნენ მთარგმნელობით საქმიანობას. 1992 წლის 1 სექტემბერს პატარა მთარგმნელობითი ოფისი გაიხსნა კლაიპედაში, ქალაქში, რომელშიც საბოლოოდ დავსახლდი.

      მთლიანობაში მთარგმნელად 30 წელი ვიმუშავე 16 სხვადასხვა ადგილას. საკუთარი სახლი არასოდეს მქონია. მაგრამ ძალიან მახარებდა, ჩვენი შრომის ნაყოფს რომ ვხედავდი. დღეს ლიტვაში დაახლოებით 3 000 იეჰოვას მოწმეა. მთარგმნელობითი საქმიანობა, რომელსაც ერთ დროს ბოსლებსა თუ სხვენებზე ვეწეოდი, ამჟამად ქალაქ კაუნასთან (ლიტვა) ახლოს მდებარე კეთილმოწყობილ ფილიალში მიმდინარეობს.

  • ოცდაათი წელი საიდუმლოდ ვთარგმნიდი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • [სურათი 14, 15 გვერდებზე]

      ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა შეიძლება თავისუფლების დაკარგვის ფასად დამჯდომოდა

  • ოცდაათი წელი საიდუმლოდ ვთარგმნიდი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • [სურათი 15 გვერდზე]

      საბეჭდი მანქანა, რომელზეც აკრძალვის დროს ვბეჭდავდი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება