-
„იმხიარულონ კუნძულებმა“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
თავდაპირველად, თარგმნისას ვიყენებდით კალამსა და ფურცელს. მოგვიანებით, ხელნაწერები საბეჭდ მანქანაზე არაერთგზის იკრიფებოდა, რის შემდეგაც ის ავსტრალიის ფილიალში იგზავნებოდა. რაღაც დროის განმავლობაში, ამ ფილიალში ორ დას, რომლებმაც ტუვალუ ენა არ იცოდნენ, კომპიუტერში ხელით შეჰყავდათ თითოეული ხელნაწერი. ამგვარი სისტემის მეშვეობით ტექსტის ორი ვერსია მიიღებოდა და მათი ურთიერთშედარების წყალობით, ნაკლები შეცდომა იპარებოდა. ჩამოსხმული ტექსტები ფოსტის მეშვეობით შესამოწმებლად გვიბრუნდებოდა და საბოლოოდ, ისევ ავსტრალიის ფილიალში ვგზავნიდით დასაბეჭდად.
დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მთარგმნელობით ჯგუფებს ნათარგმნი ტექსტი კომპიუტერში თავად შეჰყავთ. ხშირ შემთხვევაში, შემოწმებული ტექსტის ჩამოსხმა ადგილობრივად ხდება და კომპოზიციის შედეგად შექმნილი მზა ფაილები დასაბეჭდად შესაბამის ფილიალებს ინტერნეტით ეგზავნებათ. ასე რომ, მეტად აღარაა საჭირო ფოსტაში გაქცევა, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით ხოლმე, რათა ხელნაწერებს დანიშნულების ადგილამდე დროულად ჩაეღწია.
ახალი დავალებები
წლების განმავლობაში მე და ჯენი ახალ დავალებებს წყნარი ოკეანის სხვადასხვა კუნძულზე ვიღებდით. 1985 წელს ტუვალუდან სამოას ფილიალში გადაგვიყვანეს. იქ ჩვენ ვეხმარებოდით მთარგმნელებს, რომლებიც პუბლიკაციებს სამოურ, ტონგა და ტოკელაუ ენებზე თარგმნიდნენ, თუმცა, იმავდროულად, ტუვალუ ენაზეც ვთარგმნიდით.b 1996 წელს ფიჯის ფილიალში გადავედით, სადაც ვთანამშრომლობდით მთარგმნელებთან, რომლებიც თარგმნიდნენ ფიჯურ, კირიბატულ, ნაურუ, როტუმა და ტუვალუ ენებზე.
ვატარებ ბიბლიის შესწავლას ტუვალუ ენაზე გამოცემული პუბლიკაციით
ყოველთვის მაოცებს ჩვენი პუბლიკაციების მთარგმნელთა გულმოდგინება. მათი საქმე მონოტონური და დამღლელია. თუმცა ერთგული მთარგმნელები ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას, რომლის ნებაცაა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგოს ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს (გამოცხ. 14:6). მაგალითად, როდესაც ტონგა ენაზე „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა იგეგმებოდა, შევხვდი ყველა უხუცესს ტონგაში და ვკითხე, ვინ მოგვემზადებინა მთარგმნელობითი საქმისთვის. ერთ-ერთმა უხუცესმა, რომელიც მექანიკოსად მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, გვითხრა, რომ მომდევნო დღესვე დაანებებდა თავს სამსახურს და მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგებოდა. მისმა გადაწყვეტილებამ მართლა ძალიან გაგვამხნევა, ვინაიდან მას ოჯახი ჰყავდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ არჩენდა ოჯახს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ. იეჰოვამ იზრუნა ამ ძმაზე და მის ოჯახზე; იგი წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.
თავგანწირული მთარგმნელები იზიარებენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრების განწყობას, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მცირერიცხოვან ენაზე მოსაუბრეთა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ერთხელ, როცა საკითხი დადგა იმის თაობაზე, ღირდა თუ არა ძალისხმევად ტუვალუ ენაზე პუბლიკაციების თარგმნა, ძალიან გამამხნევა, ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებულმა პასუხმა: „ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც უნდა შეწყდეს ტუვალუ ენაზე ჩვენი პუბლიკაციების თარგმნა. მართალია, ამ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი სხვა ენობრივ ჯგუფებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ამ ხალხს ნამდვილად უნდა შეეძლოს საკუთარ ენაზე სასიხარულო ცნობის მოსმენა“.
ნათლობა წყნარი ოკეანის ლაგუნაში
2003 წელს მე და ჯენიმ ახალი დავალება მივიღეთ — ფიჯის ფილიალის მთარგმნელობითი განყოფილებიდან პატერსონში (ნიუ-იორკი) მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებაში გადავედით. შეიძლება ითქვას, ოცნება აგვიხდა! ჩვენ იმ გუნდის წევრები გავხდით, ვინც მთარგმნელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთ ენაზე ჩვენი პუბლიკაციების თარგმნაში ეხმარება. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში წილად გვხვდა პატივი, ვწვეოდით არაერთ ქვეყანას და დავხმარებოდით მთარგმნელობით ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
-
-
„იმხიარულონ კუნძულებმა“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
ნება მიბოძეთ, დავუბრუნდე იმ ისტორიას, რომლითაც ჩემი ბიოგრაფიის თხრობა დავიწყე. 2000 წლისთვის ხელმძღვანელმა საბჭომ დაინახა იმის საჭიროება, რომ დახმარებოდა მთარგმნელობით ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იმ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ მთარგმნელები მოუმზადებლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც საკუთარი წინადადება სამწერლო კომიტეტში მომსახურე ძმებს გავაცანით, ხელმძღვანელმა საბჭომ ის მოიწონა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ შეგვემუშავებინა მთარგმნელთა მოსამზადებელი პროგრამა, რაც მათ ინგლისური ენის გაგებაში, მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების შეძენასა და გუნდური მუშაობის პრინციპის დანახვაში დაეხმარებოდა.
რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ ამხელა ყურადღება დაეთმო მთარგმნელთა მომზადებას? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გაუმჯობესდა თარგმანის ხარისხი. ამასთანავე, საოცრად გაიზარდა იმ ენათა რიცხვი, რომლებზეც ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა. მაგალითად, როცა მისიონერული მსახურება დავიწყეთ 1979 წელს, „საგუშაგო კოშკი“ მხოლოდ 82 ენაზე გამოიცემოდა. გარდა ამისა, ბევრ ენაზე ჟურნალები ინგლისური ნომრების გამოცემიდან რამდენიმე თვეში იბეჭდებოდა. დღეს კი „საგუშაგო კოშკი“ 240-ზე მეტ ენაზე ითარგმნება და მათი უმრავლესობა ინგლისურის თანადროულად გამოიცემა. დღესდღეობით, სულიერი საზრდო, ამა თუ იმ სახით, 700-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაზეც წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით.
2004 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ კიდევ ერთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, რათა დაჩქარებულიყო ბიბლიის თარგმნა. მართლაც, სულ რაღაც, რამდენიმე თვეში ბიბლიის თარგმნა მთარგმნელთა ერთ-ერთ პროექტად იქცა; შედეგად, შესაძლებელი გახდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ უფრო მეტ ენაზე გამოცემა. 2014 წლისთვის ბიბლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, 128 ენაზე გამოიცა, მათ შორის იმ ენებზე, რომლებზეც სამხრეთ წყნარ ოკეანეთში საუბრობენ.
-
-
„იმხიარულონ კუნძულებმა“საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აგვისტო
-
-
როცა იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებს თვალს ვავლებ, ვმხნევდები, თუ რაოდენ დიდი სიყვარულით ზრუნავს ჩვენი ზეციერი მამა ნებისმიერ ადამიანზე, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ენაზე საუბრობს ის (ფსალმ. 49:1—3). როდესაც ადამიანები მშობლიურ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას პირველად ხედავენ და შემოქმედს თავიანთი გულის ენაზე უმღერიან, მთელი არსებით შეიგრძნობენ იეჰოვას სიყვარულს და ეს სიყვარული მათ სახეებზეც ირეკლება (საქ. 2:8, 11). დღემდე ყურში ჩამესმის ერთი ხანში შესული ტუვალუელი ძმის, საულო ტეასის, სიტყვები. ეს მან მაშინ მითხრა, როდესაც სამეფოს ერთ-ერთი სიმღერა მშობლიურ ენაზე პირველად იმღერა: „მინდა, ხელმძღვანელ საბჭოს გადასცე, რომ სამეფოს სიმღერები ტუვალუ ენაზე უკეთესად ჟღერს, ვიდრე — ინგლისურზე“.
ღმერთმა განუზომელი პატივი მარგუნა — 2005 წლის სექტემბრიდან ვმსახურობ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად. მართალია, დღეს მთარგმნელი აღარ ვარ, მაგრამ ვემადლიერები იეჰოვას, რომ შესაძლებლობას მაძლევს, მხარი დავუჭირო მთარგმნელობით საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
-