საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ct თ. 7 გვ. 103-119
  • რას ვიგებთ შემოქმედზე წიგნიდან?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ვიგებთ შემოქმედზე წიგნიდან?
  • არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შესრულებული წინასწარმეტყველებები
  • ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებები?
  • ავტორის უკეთ გაცნობა
  • მისი განზრახვა და ჩვენი სიცოცხლის აზრი
  • შესაძლებელია მისი პოვნა?
  • ესაია (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ღვთის წინასწარმეტყველს სინათლე მოაქვს კაცობრიობისთვის
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
  • ბიბლიის წიგნი 23 — ესაია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • შემოქმედი — როგორია ის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
ct თ. 7 გვ. 103-119

თავი მეშვიდე

რას ვიგებთ შემოქმედზე წიგნიდან?

ალბათ, ეთანხმებით იმას, რომ საინტერესო, შინაარსიანი წიგნი ნამდვილი განძია. ბიბლია სწორედ ასეთი წიგნია. თქვენ გაგიტაცებთ მასში მოცემული ცხოვრებისეული მოთხრობები, რომლებიც მაღალზნეობრივ ფასეულობებს შეიცავს. აგრეთვე გაეცნობით მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების ცოცხალ მაგალითებს. თავისი სიბრძნით ცნობილმა ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა თქვა, რომ „ეძებდა. . . საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები“ (ეკლესიასტე 12:10).

წიგნი, რომელსაც „ბიბლიას“ ვუწოდებთ, სინამდვილეში, 66 პატარა წიგნის კრებულია, რაც 1500-ზე მეტი წლის განმავლობაში იწერებოდა. მაგალითად, ძვ. წ. 1513—1473 წლებში მოსემ პირველი ხუთი წიგნი დაწერა — წერა „დაბადებით“ დაიწყო. იოანე, იესოს ერთ-ერთი მოციქული, ბიბლიის ბოლო მწერალი იყო. მან დაწერა იესოს ცხოვრების ამბავი (იოანეს სახარება), აგრეთვე მოკლე წერილები და წიგნი „გამოცხადება“, რომელიც მრავალ ბიბლიაში უკანასკნელი წიგნია.

1500 წლის განმავლობაში, მოსედან იოანემდე, დაახლოებით 40 მამაკაცი მონაწილეობდა ბიბლიის წერაში. ისინი გულწრფელი და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ, რომლებსაც სურდათ, სხვებს დახმარებოდნენ შემოქმედის გაცნობაში. მათი დაწერილიდან შეგვიძლია მივიღოთ ცოდნა ღვთის პიროვნების შესახებ და გავიგოთ, როგორ ვასიამოვნოთ მას. ბიბლია იმასაც გვაგებინებს, თუ რატომ ყვავის ბოროტება და როგორ მოეღება მას ბოლო. ბიბლიის მწერლები მიუთითებდნენ იმ დროზე, როცა კაცობრიობა იცხოვრებდა ღვთის უშუალო მმართველობით, და აღწერეს აღმაფრთოვანებელი პირობები, რომლებითაც მაშინ შეგვეძლება დატკბობა (ფსალმუნი 36:10, 11; ესაია 2:2–4; 65:17–25; გამოცხადება 21:3–5).

თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ მრავალი სერიოზულ ყურადღებას არ უთმობს ბიბლიას, რადგან ადამიანური სიბრძნის მოძველებულ წიგნად თვლის. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ ღმერთია ბიბლიის ნამდვილი ავტორი და რომ ის ხელმძღვანელობდა მისი მწერლების აზრებს (2 პეტრე 1:20, 21). როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რომ ბიბლიის მწერლები მართლაც ღვთის შთაგონებით წერდნენ?

შეგვეძლო განგვეხილა ერთ დასკვნამდე მიმყვანი სხვადასხვა მტკიცება. ბევრმა ასე მოქცევის შემდეგ დაასკვნა, რომ ბიბლია არ არის ადამიანის გონების ნაყოფი — რომ ის ზეადამიანური წყაროდან მომდინარეობს. მოდით ეს მხოლოდ ერთი მაგალითით ვნახოთ. ამგვარად ბევრს გავიგებთ სამყაროს შემოქმედზე, ადამიანის სიცოცხლის წყაროზე.

შესრულებული წინასწარმეტყველებები

წინასწარმეტყველებები ბიბლიის მრავალმა მწერალმა ჩაწერა. იმის მტკიცების ნაცვლად, რომ თვითონ იწინასწარმეტყველეს მომავალი, მწერლებმა შემოქმედს მიაწერეს ეს. მაგალითად, ესაიამ თქვა, რომ ღმერთი ‘დასაბამითვე აცხადებს მომავალს’ (ესაია 1:1; 42:8, 9; 46:8–11). იმ მოვლენების წინასწარმეტყველების უნარი, რომლებიც ათობითა და ასობით წლის შემდეგ უნდა შესრულებულიყო, ესაიას ღმერთს სხვა ღმერთებისგან განარჩევს; ის არ ჰგავს კერპებს, რომლებსაც როგორც წარსულში, ისე დღესაც სცემენ თაყვანს. წინასწარმეტყველება გვაძლევს დამაჯერებელ მტკიცებას: ბიბლიის ავტორი ადამიანი არ არის. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ადასტურებს ამას წიგნი „ესაია“.

წიგნ „ესაიას“ შინაარსის ისტორიულ მონაცემებთან შედარება ცხადყოფს, რომ ის დაახლოებით ძვ. წ. 732 წელს დაიწერა. ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმისა და იუდას მკვიდრებს უბედურება დაატყდებოდათ თავს სისხლის ღვრასა და კერპთაყვანისმცემლობაში დანაშაულის გამო. ესაიამ თქვა, რომ ქვეყანა დაიქცეოდა, იერუსალიმი და მისი ტაძარი განადგურდებოდა და ცოცხლად დარჩენილებს ტყვედ წაასხამდნენ ბაბილონში. მაგრამ მან ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი არ დაივიწყებდა ტყვედ ჩავარდნილ ერს. წიგნში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უცხო ქვეყნის მეფე, სახელად კიროსი, დაიპყრობდა ბაბილონს და გაათავისუფლებდა იუდეველებს, რომ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. სინამდვილეში, ესაია აღწერს ღმერთს როგორც მას, «[ვინც] ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს [„ტაძარს“, აქ]: ჩაიყრება შენი საძირკველი!» (ესაია 2:8; 24:1; 39:5-7; 43:14; 44:24–28; 45:1).

ესაიას დღეებში, ძვ. წ. მერვე საუკუნეში, ამგვარი წინასწარმეტყველებები შეიძლება დაუჯერებელი ჩანდა. იმ დროს ბაბილონი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაც კი არ იყო. ის ემორჩილებოდა იმ დროის ნამდვილ მსოფლიო მპყრობელს — ასურეთის იმპერიას. ძალიან უცნაური უნდა ყოფილიყო ის აზრი, რომ დაპყრობილი, შორეულ ქვეყანაში გადასახლებული ხალხი, გათავისუფლდებოდა და თავის ქვეყანაში დაბრუნდებოდა. ესაია წერდა: „ვის სმენია ასეთი ამბავი?“ (ესაია 66:8).

მაგრამ რას ვხედავთ ორი საუკუნის შემდეგ? ძველი დროის იუდეველების შემდგომმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ ესაიას წინასწარმეტყველება დეტალებში შესრულდა. ბაბილონი ძლევამოსილი გახდა და იერუსალიმი გაანადგურა. სპარსეთის მეფის (კიროსის), ბაბილონის შემდგომი მპყრობლის, სახელი და იუდეველების დაბრუნება ისტორიულ ფაქტებადაა აღიარებული. ეს ნაწინასწარმეტყველები დეტალები ისე ზუსტად შესრულდა, რომ მე-19 საუკუნეში კრიტიკოსებმა ესაიას წიგნი სიცრუედ შერაცხეს; სინამდვილეში, ისინი ამბობდნენ: „ესაიამ შეიძლება დაწერა პირველი თავები, მაგრამ გვიანდელმა მწერალმა მეფე კიროსის დროს შეადგინა წიგნის დანარჩენი ნაწილი ისე, რომ ეს წინასწარმეტყველებად გამოჩენილიყო“. ვინმემ შეიძლება გამოთქვას ასეთი საწინააღმდეგო აზრები, მაგრამ ფაქტები რაზე მეტყველებს?

ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებები?

ესაიას წიგნში მოცემული წინასწარმეტყველებები არ შემოიფარგლება კიროსსა და იუდეველ გადასახლებულებთან დაკავშირებული მოვლენებით. ესაიამ ბაბილონის საბოლოო მდგომარეობაც იწინასწარმეტყველა და მის წიგნში მრავალი დაწვრილებითი ცნობაც ჩაიწერა მომავალ მესიაზე, მხსნელზე, რომელიც უნდა დატანჯულიყო და შემდეგ განდიდებულიყო. შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ეს წინასწარმეტყველებები მოვლენებზე დიდი ხნით ადრე დაიწერა და მერე უნდა შესრულებულიყო?

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხს. ესაიამ აღწერა ბაბილონის საბოლოო მდგომარეობა: „ბაბილონი — სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას. არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე“ (ესაია 13:19, 20; თავი 47). სინამდვილეში, როგორ განვითარდა მოვლენები?

ფაქტია, რომ ბაბილონი დიდი ხნის მანძილზე დამოკიდებული იყო მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის არსებული დამბებისა და არხებისგან შემდგარ რთულ სარწყავ სისტემაზე. როგორც ჩანს, ძვ. წ. დაახლოებით 140 წელს წყლის ეს სისტემა დაზიანდა პართელების გამანადგურებელი დაპყრობით და მწყობრიდან გამოვიდა. რა მოჰყვა ამას შედეგად? ენციკლოპედია „ამერიკანა“ განმარტავს: „ნიადაგში დაგროვდა მინერალური მარილები და ზედაპირზე წარმოიქმნა ტუტოვანი ქერქი, რამაც შეუძლებელი გახადა მიწათმოქმედება“. დაახლოებით 200 წლის შემდეგ ბაბილონი ჯერ კიდევ მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა (შეადარეთ 1 პეტრე 5:13). ახ. წ. მესამე საუკუნისთვის ისტორიკოსი დიონ კასიუსი (დაახლ. ახ. წ. 150—235) წერდა, რომ ერთმა კაცმა, რომელიც ბაბილონში ჩავიდა, „ბორცვების, ქვებისა და ნანგრევების“ მეტი ვერაფერი ნახა (LXVIII, 30). აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ესაია მკვდარი იყო, ხოლო მისი მთლიანი წიგნი უკვე საუკუნეების მანძილზე არსებობდა. თუ ბაბილონს ეწვევით, იხილავთ ერთ დროს დიდებული ქალაქის ნანგრევებს. ისეთი უძველესი ქალაქები, როგორიცაა: რომი, იერუსალიმი და ათენი, დღემდე დგანან, ბაბილონი კი გაპარტახებულია და ნანგრევებადაა ქცეული; ზუსტად ისე, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა. წინასწარმეტყველება შესრულდა.

ახლა მოდით განვიხილოთ, რას წინასწარმეტყველებდა ესაია მესიაზე. ესაიას 52:13-ის თანახმად, ღვთის ეს განსაკუთრებული მსახური, საბოლოოდ, უნდა ‘გამართულიყო და დიდად ამაღლებულიყო’. მაგრამ მომდევნო თავი (ესაია 53) წინასწარმეტყველებდა, რომ აღზევებამდე მესია საოცრად განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. შეიძლება გაგაკვირვოთ ამ თავში ჩაწერილმა დეტალებმა, რომლებიც მესიის შესახებ წინასწარმეტყველებადაა აღიარებული.

როგორც იქ ვკითხულობთ, მესიას მოიძულებდნენ თანამემამულეები. ესაია იმდენად იყო დარწმუნებული ამაში, რომ ეს მომხდარ მოვლენასავით დაწერა: „საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული“ (მუხლი 3). ასეთი ცუდი მოპყრობა სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა, რადგანაც მესია სიკეთეს გაუკეთებდა ადამიანებს. „მან იკისრა ჩვენი სნებები“, — ამ სიტყვებით ესაია მიუთითებდა, რომ მესია განკურნავდა ხალხს (მუხლი 4). მიუხედავად ამისა, მესიას გაასამართლებდნენ და უსამართლოდ დასდებდნენ მსჯავრს, ის კი ბაგეს არ დაძრავდა თავისი ბრალმდებლების წინაშე (მუხლები 7, 8). ის წინააღმდეგობას არ გასწევდა, როდესაც ბოროტმოქმედებთან ერთად მოსაკლავად გადასცემდნენ; სასჯელის ასრულებისას მას ‘დაჭრიდნენ [„განგმირავდნენ“, აქ]’ (მუხლები 5, 12). ბოროტმოქმედის სიკვდილით მოკვდებოდა, მაგრამ მდიდარივით დაიმარხებოდა (მუხლი 9). აგრეთვე ესაიამ არაერთხელ გაიმეორა, რომ სიკვდილს, რომელსაც მესიას უსამართლოდ მიუსჯიდნენ, გამოსყიდვის ძალა ექნებოდა, რაც სხვა ადამიანების ცოდვებს დაფარავდა (მუხლები 5, 8, 11, 12).

ეს ყოველივე შესრულდა. იესოს თანამედროვეების — მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს — მიერ ჩაწერილი ისტორიული ცნობები ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რაც ესაიამ იწინასწარმეტყველა, მართლაც ასრულდა. ზოგი რამ იესოს სიკვდილის შემდეგ მოხდა, ასე რომ, შეუძლებელი იყო, მას კონტროლი გაეწია სიტუაციისთვის (მათე 8:16, 17; 26:67; 27:14, 39–44, 57–60; იოანე 19:1, 34). ესაიას მიერ მესიის შესახებ ნაწინასწარმეტყველების შესრულება საუკუნეების მანძილზე ძლიერ გავლენას ახდენდა ბიბლიის გულწრფელ მკითხველზე, მათი ჩათვლით, ვინც მანამდე არ აღიარებდა იესოს. სწავლული უილიამ ურუიკი შენიშნავს: „მრავალმა ებრაელმა, როცა წერდა ქრისტიანობაში მოქცევის მიზეზის შესახებ, აღიარა, რომ ამ თავის [ესაია 53] გულდასმით წაკითხვამ შეურყია რწმენა ძველი სწავლებებისა და მასწავლებლებისადმი“ („იეჰოვას მსახური“ [The Servant of Jehovah])a.

ურუიკმა ეს სიტყვები თქვა XIX საუკუნის ბოლოს, როცა ზოგს შეიძლება კიდევ ეეჭვებოდა, რომ ესაიას 53-ე თავი იესოს დაბადებამდე დაიწერა. მაგრამ იმ დროიდან მოყოლებულმა აღმოჩენებმა ძირფესვიანად ამოძირკვა ეჭვის საფუძველი. 1947 წელს ბედუინმა მწყემსმა მკვდარი ზღვის მახლობლად ესაიას მთლიანი წიგნის უძველესი ხელნაწერი იპოვა. სპეციალისტებმა გრაგნილი ძვ. წ. 125—100 წლებით დაათარიღეს. შემდეგ, 1990 წელს, გრაგნილის რადიონახშირბადის მეთოდით შემოწმებამ აჩვენა სხვა თარიღი — ძვ. წ. 202—107 წლები. დიახ, ესაიას ეს განთქმული ხელნაწერი უკვე საკმაოდ დიდი ხნის იყო, როცა იესო დაიბადა. რას ცხადყოფს მისი თანამედროვე ბიბლიებთან შედარება?

მკვდარი ზღვის გრაგნილების ფრაგმენტების ნახვა იერუსალიმში შეიძლება. არქეოლოგიის პროფესორის იგაელ იადინის ჩანაწერი განმარტავს: „ესაიას წინასწარმეტყველების დაწერის შემდეგ ხუთ-ექვს საუკუნეზე მეტი არ გასულა, რაც ძვ. წ. მეორე საუკუნეში მისი ასლი, ეს გრაგნილი გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმში არსებული გრაგნილის დედანი 2000-ზე მეტი წლისაა, საოცარია, რამდენად ახლოსაა ის ებრაულ ბიბლიასთან ან დედნიდან გაკეთებულ თარგმანებთან“.

უეჭველად, ამან ზეგავლენა უნდა იქონიოს ჩვენს თვალსაზრისზე. რასთან დაკავშირებით? ამან უნდა აღმოფხვრას ნებისმიერი კრიტიკული ეჭვი, რომ თითქოს ესაიას წიგნი მხოლოდ მოვლენების შემდეგ დაწერილი წინასწარმეტყველებაა. ახლა გვაქვს მეცნიერული მტკიცება, რომ ესაიას ხელნაწერების ასლი გაკეთდა იესოს დაბადებამდე ას წელზე მეტი ხნის წინ და ბაბილონის განადგურებამდე დიდი ხნით ადრე. აქედან გამომდინარე, განა შეიძლება კიდევ არსებობდეს რაიმე ეჭვი, რომ ესაიას ხელნაწერებში ნაწინასწარმეტყველები იყო ბაბილონის საბოლოო მდგომარეობა და მესიის უსამართლო ტანჯვა, მისი სიკვდილი და მისადმი მოპყრობა? ისტორიული ფაქტები აბათილებს ეჭვის ნებისმიერ საფუძველს, რომ ესაიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა იუდეველების ტყვეობა და მათი გათავისუფლება ბაბილონიდან. ეს შესრულებული წინასწარმეტყველებები მხოლოდ ერთ მტკიცებას წარმოადგენს, რომ ბიბლიის ნამდვილი ავტორი შემოქმედია და რომ ბიბლია „ღვთივსულიერია“ (2 ტიმოთე 3:16).

სხვა მრავალი ფაქტიც ცხადყოფს, რომ ბიბლიის ავტორი ღმერთია. ამაში შედის ბიბლიის სიზუსტე ასტრონომიულ, გეოლოგიურ და სამედიცინო საკითხებში; ასობით წლის მანძილზე მრავალი მამაკაცის მიერ დაწერილი ბიბლიური წიგნების ურთიერთშეთანხმება; თანხმობა ისტორიულ და არქეოლოგიურ ფაქტებთან; და ზნეობრივი კოდექსი, რომელიც აღემატებოდა მაშინ მცხოვრები ერების კოდექსებს და რომელიც დღესაც აღიარებულია როგორც სწორუპოვარი. ამ და სხვა მტკიცებებმა დაარწმუნა უამრავი გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი, რომ ბიბლია მართლაც წარმოადგენს წიგნს ჩვენი შემოქმედისგანb.

ამას ასევე შეუძლია დაგვეხმაროს შემოქმედზე სწორი დასკვნების გამოტანაში, რაც მის თვისებებსაც დაგვანახვებს. ნუთუ არ ამტკიცებს მისი უნარი — იწინასწარმეტყველოს მომავალი — რომ ის გაცილებით შორსმჭვრეტელია, ვიდრე ჩვენ, ადამიანები? ადამიანებმა არ იციან, რა მოხდება შორეულ მომავალში, არც ამის გაკონტროლება შეუძლიათ. შემოქმედს კი შეუძლია. მას ძალუძს წინასწარ დაინახოს მომავალი და ისე განავითაროს მოვლენები, რომ თავისი ნება შეასრულოს. ესაიამ მართებულად თქვა, რომ შემოქმედი ‘დასაბამითვე აცხადებს მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ამბობს: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ’ (ესაია 46:10; 55:11).

ავტორის უკეთ გაცნობა

პიროვნების გაცნობა ხდება მასთან საუბრით და სხვადასხვა სიტუაციებში მის მოქმედებებზე დაკვირვებით. ადამიანებში ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ რას ვიტყვით შემოქმედის გაცნობაზე? ჩვენ არ შეგვიძლია მასთან უშუალო საუბარი. მაგრამ, როგორც გავიგეთ, ის მრავალ რამეს გვიმხელს საკუთარი თავის შესახებ ბიბლიაში — თავისი ნათქვამებითაც და მოქმედებებითაც. ამასთანავე, ეს უნიკალური წიგნი, სინამდვილეში, გვიწვევს, ურთიერთობა დავამყაროთ შემოქმედთან. ის მოგვიწოდებს: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 2:23; 4:8).

განვიხილოთ პირველი ნაბიჯი: ვინმესთან დამეგობრება რომ მოგესურვებინათ, უეჭველად, მის სახელს გაიგებდით. მაშ, რა ჰქვია შემოქმედს და რას გვეუბნება მისი სახელი მასზე?

შემოქმედის დიდებულ სახელს ბიბლიის ებრაული ნაწილი (ხშირად „ძველ აღთქმას“ უწოდებენ) გვამცნობს. უძველეს ხელნაწერებში ის მოცემულია ოთხი ებრაული თანხმოვნით, რომლებსაც შეიძლება შევუსაბამოთ ჲჰვჰ. შემოქმედის სახელი გვხვდება დაახლოებით 7000-ჯერ — უფრო ხშირად ვიდრე წოდება „ღმერთი“ ან „უფალი“. მრავალი საუკუნის განმავლობაში ებრაული ბიბლიის მკითხველები, იყენებდნენ ღვთის პირად სახელს. მაგრამ დროთა განმავლობაში მრავალ იუდეველს განუვითარდა ღვთის სახელის გამოყენების ცრურწმენითი შიში და ამის გამო ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუ როგორ წარმოითქმებოდა ის.

„საბოლოოდ, თავდაპირველი წარმოთქმა დაიკარგა; მისი აღდგენის თანამედროვე მცდელობები მხოლოდ ვარაუდებს გვთავაზობს“, — შენიშნავს წიგნ „გამოსვლის“ ებრაელი კომენტატორი. რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცით, როგორ წარმოთქვამდა მოსე ღვთის სახელს, რომელიც გვხვდება ებრაულ დედანში გამოსვლის 3:16-სა და 6:3-ში. მიუხედავად ამისა, დღეს არავინ ფიქრობს, რომ აუცილებელია მოსესა და იესოს სახელები ისეთი გამოთქმითა და ინტონაციით წარმოვთქვათ, როგორც ისინი ძველად იყო ცნობილი. მათი სახელების გამოყენებისგან თავს არავინ იკავებს. იმის ნაცვლად, რომ გადამეტებულად ვიფიქროთ ღვთის სახელის ზუსტ წარმოთქმაზე, რომელსაც ძველი ხალხი იყენებდა თავის ენაში, რატომ არ გამოგვეყენებინა ის წარმოთქმა, რომელიც ჩვენს ენაზეა მიღებული? მაგალითად, „იეჰოვა“ დიდი ხანია გამოიყენება ქართულ ენაში და ფართოდ არის აღიარებული, როგორც შემოქმედის სახელი.

მაგრამ არის რაღაც უფრო სერიოზული, ვიდრე სახელის გამოთქმასთან დაკავშირებული საკითხები. ეს სახელის მნიშვნელობაა. ღვთის სახელი ებრაული ზმნა „ჰავაჰ“-ის კაუზატიური ფორმაა, რაც ნიშნავს „გახდომას“ ან „გადაქცევას“ (დაბადება 27:29; გამოსვლა 4:9). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედის პირადი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს: „აქცევინებს“. შენიშნეთ, რომ აქ ყურადღება არ მახვილდება შემოქმედის მიერ შორეულ წარსულში შესრულებულ საქმეებზე, როგორც ეს შეიძლება ზოგს ჰგონია, როცა ღმერთთან დაკავშირებით იყენებს სიტყვას „პირველმიზეზი“. რატომ?

იმიტომ რომ ღვთის სახელი დაკავშირებულია შემოქმედის განზრახვასთან. ებრაულ ზმნას ძირითადად მხოლოდ ორი ასპექტი აქვს და ერთი მათგანი, რომლითაც გადმოიცემა შემოქმედის სახელი, „აღნიშნავს მოქმედებებს. . . განვითარების პროცესში. ის არ გამოხატავს მოქმედების მხოლოდ ხანგრძლივობას. . . არამედ მის განვითარებას მისი დაწყებიდან დასრულებამდე“ (A Short Account of the Hebrew Tenses). დიახ, იეჰოვა თავისი სახელის საშუალებით გვამცნობს, რომ ის მოქმედებს თავისი განზრახვების სისრულეში მოსაყვანად. აქედან ვიგებთ, რომ თანმიმდევრული მოქმედებით ის ხდება საკუთარი განზრახვების შემსრულებელი. ბევრისთვის იმის ცოდნა, რომ შემოქმედი ყოველთვის ახორციელებს თავის განზრახვებს, სასიხარულო და იმედისმომცემია.

მისი განზრახვა და ჩვენი სიცოცხლის აზრი

როგორც დავინახეთ, ღვთის სახელი განზრახვას, მიზანს, ირეკლავს. მაგრამ დღეს მრავალს უჭირს ცხოვრებაში ნამდვილი აზრის დანახვა. ისინი ხედავენ, როგორ იტანჯება კაცობრიობა სხვადასხვა კრიზისის გამო — ომები, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიური დაავადებები, სიღარიბე და დამნაშავეობა. ის უმცირესობაც კი, ვისაც უმართლებს და ვინც როგორღაც აღწევს თავს ასეთ უბედურებებს, ხშირად აღიარებს, რომ განუწყვეტლივ აწუხებს ეჭვები მომავალსა და სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით.

ბიბლია შენიშნავს: „ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის [შემოქმედის] მიერ სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება. . . ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:20, 21). „დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობიდან, ვხედავთ, რომ ერთ დროს ადამიანებს შემოქმედთან მშვიდობა ჰქონდათ. ადამიანების მიერ კანონის დარღვევის საპასუხოდ, ღმერთმა სამართლიანად დაუქვემდებარა კაცობრიობა მდგომარეობას, რამაც, ერთი მხრივ, „ამაოება“ გამოიწვია. მოდით ვნახოთ, როგორ მოხდა ეს, რას გვეუბნება ეს შემოქმედზე და რას უნდა მოველოდეთ მომავალში.

მრავალმხრივ დადასტურებული დაწერილი ისტორიის თანახმად, პირველ ადამიანებს ერქვათ ადამი და ევა. ცნობა ცხადყოფს, რომ მათთვის უცნობი არ იყო, თუ რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს და რას მოითხოვდა მათგან. როგორც ნებისმიერი მოსიყვარულე, მზრუნველი მამა მოიქცეოდა შთამომავლობის საკეთილდღეოდ, ისე შემოქმედმაც მისცა სასარგებლო მითითებები კაცობრიობას. მან უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28).

ასე რომ, პირველი ადამიანების ცხოვრებას აზრი ჰქონდა. ამაში შედიოდა დედამიწის ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანების გამრავლება (შეადარეთ ესაია 11:9). არავის შეუძლია სამართლიანად დაადანაშაულოს შემოქმედი ჩვენი პლანეტის დღევანდელ დაბინძურებულ მდგომარეობაში, თითქოს ღმერთი ამართლებდეს დედამიწის ეგოისტურად გამოყენებასა და მოსპობას. სიტყვა „დაეუფლეთ“ ამის ნებართვა არ ყოფილა. ის გულისხმობდა მიწის დამუშავებასა და პლანეტაზე ზრუნვას, რაც ადამიანებს მიენდოთ (დაბადება 2:15). უფრო მეტიც, ამ მნიშვნელოვანი დავალების განსახორციელებლად მათ განუსაზღვრელი დრო ექნებოდათ. ის, რომ ისინი არ მოკვდებოდნენ, ლოგიკურად ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ადამიანის ტვინს იმაზე ბევრად დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ამის გამოყენება შეიძლება 70, 80 ან 100 წლის განმავლობაში. ტვინი უსასრულო გამოყენებისთვის იყო გამიზნული.

იეჰოვა ღმერთმა, როგორც შემოქმედმა და ხელმძღვანელმა, ადამიანებს გარკვეული თავისუფლება მისცა დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებული თავისი განზრახვის შესრულებაში. ის არც ზედმეტად მომთხოვნი იყო, არც მეტისმეტად შემზღუდველი. მაგალითად, ადამს ისეთი დავალება მისცა, რაც ზოოლოგს სიამოვნებას მიანიჭებდა — შეესწავლა და სახელები დაერქმია ცხოველებისთვის. ადამი დააკვირდა მათ თავისებურებებს და სახელები შეარქვა, რომლებიდანაც მრავალი აღწერილობითი იყო (დაბადება 2:19). ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეეძლოთ ადამიანებს თავიანთი ტალანტისა და უნარის ღვთის განზრახვასთან შეთანხმებით გამოყენება.

ალბათ, გასაგებია, რომ მთელი სამყაროს ბრძენი შემოქმედი ადვილად გაუწევდა კონტროლს ნებისმიერ სიტუაციას დედამიწაზე, ადამიანებს არაგონივრული ან საზიანო გეზიც რომ აერჩიათ. ისტორიული მატიანე გვატყობინებს, რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი შემზღუდველი ბრძანება მისცა ადამს: «ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ [„იმ დღესვე“, აქ], მოკვდებიო» (დაბადება 2:16, 17).

ეს ბრძანება ადამიანებს ავალდებულებდა, ეღიარებინათ ღვთის უფლება — მოეთხოვა მათგან მორჩილება. ადამის დროიდან მოყოლებული ადამიანებს უნდა ეღიარებინათ მიზიდულობის კანონი და მის თანახმად ეცხოვრათ; საპირისპიროდ მოქმედება უგუნური და საზიანო იქნებოდა. მაშ, რატომ უნდა ეთქვათ უარი ადამიანებს კეთილისმსურველი შემოქმედის სხვა კანონის, ანუ ბრძანების თანახმად ცხოვრებაზე? შემოქმედმა ნათლად აუხსნა ადამსა და ევას თავისი კანონის უარყოფის შედეგი, მაგრამ ნებით დამორჩილების არჩევანი მისცა. კაცობრიობის ამ ძველი ისტორიული ცნობიდან არ არის ძნელი იმის დანახვა, რომ შემოქმედმა ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა. მაგრამ მას სურს, რომ მისი ქმნილებები უაღრესად ბედნიერები იყვნენ, რაც, ჩვეულებრივ, მის სასარგებლო კანონებთან შეთანხმებულად ცხოვრებას მოჰყვება.

წინა თავიდან გავიგეთ, რომ შემოქმედმა შექმნა გონიერი უხილავი სულიერი ქმნილებები. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისი გვიჩვენებს, რომ ერთი ასეთი სულიერი ქმნილება ღვთის მდგომარეობის ხელში უკანონოდ ჩაგდების აზრმა შეიპყრო (შეადარეთ ეზეკიელი 28:13–15). მან ბოროტად გამოიყენა ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება, შეაცდინა ადამიანები და ჩაადენინა ის, რასაც შეგვიძლია აშკარა აჯანყება ვუწოდოთ. დაუმორჩილებლობის გამომჟღავნებით — როცა იგემეს „კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი“ — პირველმა წყვილმა ღვთის მმართველობისგან დამოუკიდებლობა განაცხადა. უფრო უარესიც, მათმა მოქმედებამ ცხადყო, რომ მხარი დაუჭირეს განაცხადს, თითქოს შემოქმედი რაღაც კარგს უმალავდა ადამიანს. ეს ისე იყო, თითქოს ადამი და ევა მოითხოვდნენ, თავად — შემოქმედის თვალსაზრისის გაუთვალისწინებლად — გადაეწყვიტათ, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება.

რა არაგონივრული იქნებოდა ადამიანების მხრიდან, ეფიქრათ, რომ არ მოსწონთ მიზიდულობის კანონი, და მის საპირისპიროდ ემოქმედათ! ისეთივე არაგონივრული იყო ადამისა და ევას მხრიდან შემოქმედის ზნეობრივი ნორმების უარყოფა. რასაკვირველია, ღვთისადმი მორჩილების ძირითადი კანონის დარღვევისას ადამიანებს უარყოფითი შედეგების მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, ისევე როგორც მიზიდულობის კანონის დარღვევას მოჰყვება საზიანო შედეგები.

ისტორია გვატყობინებს, რომ იეჰოვამ ზომები მიიღო. იმავე ‘დღეს’, როცა ადამმა და ევამ ღვთის ნება უარყვეს, დაიწყეს სვლა სიკვდილისკენ, როგორც ღვთისგან იყვნენ გაფრთხილებული (შეადარეთ 2 პეტრე 3:8). ამით ვლინდება შემოქმედის პიროვნების სხვა მხარე. ის სამართლიანობის ღმერთია და თვალს არ ხუჭავს აღმაშფოთებელ ურჩობაზე. მას დადგენილი აქვს ბრძნული და სამართლიანი ნორმები და მათ თანახმად მოქმედებს.

შესანიშნავი თვისებებიდან გამომდინარე, მან თავისი წყალობით მაშინვე არ წაართვა სიცოცხლე ადამიანებს. რატომ? იმიტომ რომ ადამისა და ევას შთამომავლობაზე ფიქრობდა, რომელიც ჯერ არც კი იყო ჩასახული და რომელიც უშუალოდ არ იყო დამნაშავე წინაპრების ცოდვაში. ღვთის მზრუნველობა ჯერ არშობილების მიმართ მეტყველებს, როგორი პიროვნებაა შემოქმედი. ის შეუბრალებელი, უგულო მსაჯული არ არის. პირიქით, ის მიუკერძოებელია, მზადაა ყველას მისცეს სიცოცხლის მიღების შესაძლებლობა, და წმინდად მიიჩნევს ადამიანის სიცოცხლეს.

რა თქმა უნდა, მომდევნო თაობები ისეთივე სასიამოვნო პირობებში არ ცხოვრობდნენ, როგორშიც პირველი წყვილი ცხოვრობდა. რადგან შემოქმედმა დაუშვა, რომ ადამის შთამომავლობა დაბადებულიყო, ‘ქმნილება ამაოებას დაემორჩილა’. მიუხედავად ამისა, ეს არ იყო სრული ამაოება, ანუ უიმედობა. გაიხსენეთ, რომ რომაელთა 8:20, 21-ში ისიც არის ნათქვამი, რომ შემოქმედმა მისცა ‘სასოება, ანუ იმედი, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდებოდა’. ამის შესახებ კი ღირს მეტის გაგება.

შესაძლებელია მისი პოვნა?

მტერს, რომელმაც პირველი წყვილი ააჯანყა, ბიბლიაში სატანა ეშმაკი ეწოდება. სატანა ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“, ეშმაკის ბერძნული ეკვივალენტი კი (დიაბოლოს) „ცილისმწამებელს“. განაჩენში, რომელიც აჯანყების მთავარ წამქეზებელს გამოეტანა, ღმერთმა მას მტრის დაღი დაასვა, მაგრამ საფუძველიც ჩაყარა, რომ მომავალ კაცობრიობას იმედი ჰქონოდა. ღმერთმა თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა [სატანასა] და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). როგორც ჩანს, აქ გამოყენებულია სიმბოლური ენა. რა იგულისხმებოდა იმაში, რომ უნდა მოსულიყო „თესლი“?

ბიბლიის სხვა ადგილებში ამ საინტერესო მუხლს სინათლე ეფინება. მათში ნაჩვენებია, რომ ეს ეხება იეჰოვას მოქმედებას თავისი სახელის მნიშვნელობის თანახმად, რომ ‘გახდეს’ ისეთი, ანუ ‘გადაიქცეს’ ისეთად, როგორიც საჭიროა ადამიანებთან დაკავშირებული განზრახვის შესასრულებლად დედამიწაზე. ამისთვის მან ერთი განსაკუთრებული ერი გამოიყენა და ცნობა, რომელიც ეხება მის ურთიერთობას იმ უძველეს ხალხთან, ბიბლიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. მოდით მოკლედ განვიხილოთ ეს მნიშვნელოვანი ისტორია. ამასთანავე, მეტს გავიგებთ შემოქმედის თვისებებზე. მართლაც, მრავალ ფასდაუდებელ ინფორმაციას მივიღებთ მის შესახებ, როცა კიდევ უფრო ღრმად გამოვიკვლევთ ბიბლიას — წიგნს, რომელიც მან კაცობრიობას მისცა.

[სქოლიოები]

a შეადარეთ საქმეების 8:26–38, სადაც ციტირებულია ესაიას 53:7, 8.

b ბიბლიის დაწერასთან დაკავშირებული დეტალებისთვის იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ და წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.).

[სურათი 107 გვერდზე]

ბიბლიამ საუკუნეებით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ ძლევამოსილი ბაბილონი ნანგრევებად იქცეოდა და ის დღემდე ასეა.

[სურათი 110 გვერდზე]

ესაიას წიგნის ეს გრაგნილი, რომელიც ძვ. წ. მეორე საუკუნეში გაკეთდა, აღმოაჩინეს გამოქვაბულში, მკვდარი ზღვის მახლობლად. ის დეტალურად წინასწარმეტყველებდა მოვლენებს, რომლებიც მისი დაწერიდან ასობით წლის შემდეგ მოხდა.

[სურათი 115 გვერდზე]

თიხის ნატეხზე ძველ ებრაულად დაწერილი ეს წერილი ლაქიშთან იპოვეს. მასში ღვთის სახელი (იხილეთ ისრები) ორჯერ ჩნდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხალხმა იცოდა შემოქმედის სახელი და იყენებდა მას.

[სურათი 117 გვერდზე]

ისააკ ნიუტონმა ჩამოაყალიბა მიზიდულობის კანონი. შემოქმედის კანონები გონივრულია და მათ შესაბამისად მოქმედება ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება