საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველაზე სამარცხვინო სასამართლო პროცესი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აპრილი
    • მთელი რიგი დარღვევები

      კანონს, რომელიც ღმერთმა ისრაელს მოსეს მეშვეობით მისცა, „იურისპრუდენციაში ყველაზე აღმატებული და დახვეწილი კანონთა კრებული“ ეწოდა. მაგრამ იესოს დროს კანონის წვრილმანებში დაცვას გამოდევნებულმა რაბინებმა მოსეს კანონს არაერთი არაბიბლიური კანონი დაუმატეს, რომელთაგანაც ბევრი მოგვიანებით თალმუდის ნაწილი გახდა (იხილეთ ჩარჩო „იუდაური კანონები პირველ საუკუნეში“, გვერდი 20). როგორ წარიმართა იესოს სასამართლო ბიბლიური და არაბიბლიური კანონების საფუძველზე?

      ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე წარადგინეს იესო სასამართლოს წინაშე? დაპატიმრება კანონიერი რომ ყოფილიყო, წესით ეს ასე უნდა მომხდარიყო. პირველ საუკუნეში პალესტინაში მცხოვრებ იუდეველს, რომელიც ხედავდა, რომ ვიღაცამ კანონი დაარღვია, შეეძლო სასამართლოში ეჩივლა. სასამართლო ბრალმდებლის როლში კი არ უნდა გამოსულიყო, არამედ უნდა გამოეკვლია ეჭვმიტანილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. ბრალდების წაყენება მხოლოდ მოწმეებს შეეძლოთ. საქმის განხილვა მას შემდეგ იწყებოდა, რაც სულ მცირე ორი მოწმე ერთსა და იმავე ჩვენებას მისცემდა. მათი მოწმობით ეჭვმიტანილს დამნაშავედ სცნობდნენ, რის შემდეგაც აპატიმრებდნენ. ერთი მოწმის ჩვენება საკმარისი არ იყო (კანონი 19:15). მაგრამ იესოს შემთხვევაში იუდეველმა წარჩინებულებმა მის თავიდან მოსაშორებლად „ხელსაყრელი შემთხვევის“ ძებნა დაიწყეს და, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, ის დააპატიმრეს. ეს მოხდა ღამით, როცა „ახლომახლო ხალხი არ“ იყო (ლუკა 22:2, 5, 6, 53).

      იესო კი ისე დააპატიმრეს, რომ ბრალდება არ წაუყენებიათ. მღვდლებმა და სინედრიონმა (იუდეველთა უზენაესი სასამართლო) მოწმეების ძიება მისი დაპატიმრების შემდეგ დაიწყეს (მათე 26:59). მათ ვერ იპოვეს ორი მოწმე, რომელთა ჩვენებები ერთმანეთს დაემთხვეოდა. სასამართლო ვალდებული არ იყო, რომ მოწმეები მოეძებნა. „ადამიანის გასამართლება, განსაკუთრებით კი სიკვდილით დასჯა, კონკრეტული ბრალდების გარეშე, კანონის უხეშ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს“, — აღნიშნავს იურისტი და მწერალი ტეილორ ინესი.

      დაპატიმრების შემდეგ ბრბომ იესო ყოფილი მღვდელმთავრის, ანას, სახლში წაიყვანა, რომელმაც იესოს დაკითხვა დაუწყო (ლუკა 22:54; იოანე 18:12, 13). ანამ არაფრად ჩააგდო კანონი, რომლის თანახმადაც, სასამართლო პროცესი, რომელზეც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, დღისით უნდა გაესამართლებინათ და არა ღამით. უფრო მეტიც, ნებისმიერი საქმე ღია სასამართლო სხდომაზე უნდა განხილულიყო და არა დახურულ კარს მიღმა. იესომ იცოდა, რომ ანას მისი დაკითხვის უფლება არ ჰქონდა და უთხრა: „მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მათ, ვინც ისმენდა, რასაც ველაპარაკებოდი. მათ იციან, რასაც ვამბობდი“ (იოანე 18:21). ანას მოწმეები უნდა დაეკითხა და არა ბრალდებული. იესოს შენიშვნა პატიოსან მოსამართლეს აღძრავდა, პროცესი კანონიერად წარემართა, მაგრამ ანას სამართალი არ ადარდებდა.

      ამ სიტყვების გამო იესოს ერთმა მცველმა სილა გააწნა, თუმცა ეს ერთადერთი შეურაცხყოფა არ ყოფილა, რისი ატანაც იესოს იმ ღამით მოუწია (ლუკა 22:63; იოანე 18:22). ბიბლიის წიგნ „რიცხვების“ 35-ე თავში ჩაწერილ კანონში თავშესაფარ ქალაქებთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ დამნაშავეს სანამ დანაშაული არ დაუმტკიცდებოდა, თავდაცვის მიზნით შეეძლო ამ ქალაქებისთვის შეეფარებინა თავი. იესოსთვის უნდა მიეცათ თავდაცვის ამგვარი შესაძლებლობა.

      იმავე ღამეს იესო წაიყვანეს მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც უკანონო სასამართლო პროცესი გაგრძელდა (ლუკა 22:54; იოანე 18:24). იქ კანონის სრული იგნორირებით მღვდლები „ცრუმოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი“, მაგრამ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა (მათე 26:59; მარკოზი 14:56—59). ამიტომ მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, იესო სიტყვაში გამოეჭირა. „არაფერს უპასუხებ? — ჰკითხა მან იესოს. — გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ (მარკოზი 14:60). კაიაფას ქმედება უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა. „ბრალდებულის დაკითხვა სიტყვაში გამოჭერის მიზნით, იურიდიული პროცედურის დარღვევა იყო“, — აღნიშნავს ინესი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი.

      მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს იესოს სიტყვებს ჩასჭიდებოდნენ და ჰკითხეს: „შენა ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“. იესომ უპასუხა: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა და ცის ღრუბლებზე მომავალს“. მღვდლებმა ეს მკრეხელობად ჩათვალეს და „ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას“ (მარკოზი 14:61—64).b

      მოსეს კანონის მიხედვით სასამართლო პროცესი საჯაროდ უნდა გამართულიყო (კანონი 16:18; რუთი 4:1). მაგრამ იესო საიდუმლოდ გაასამართლეს. არავის უცდია და არც ვინმესთვის მიუციათ იმის უფლება, რომ იესოს სასარგებლოდ რაიმე ეთქვა. არავის გამოუკვლევია, თუ რატომ თქვა იესომ მესია ვარო. მას არც იმის უფლება მისცეს, რომ მოწმეები გამოეძახა თავდასაცავად. არც ერთ მოსამართლეს აზრად არ მოსვლია, რომ ხმის მიცემით გადაეწყვიტათ, იყო თუ არა იესო დამნაშავე.

  • ყველაზე სამარცხვინო სასამართლო პროცესი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აპრილი
    • [ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

      იუდაური კანონები პირველ საუკუნეში

      იუდეველთა ზეპირ გადმოცემებს წერილობითი სახე ახ. წ. ადრეულ საუკუნეებში მიეცა, მაგრამ ფიქრობენ, რომ მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ კანონებს შორისაა:

      ▪ სასამართლო პროცესზე, როცა ბრალდებულისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეტანათ, უპირველესად, მის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები უნდა მოესმინათ.

      ▪ მოსამართლეებს ყველანაირად უნდა ეცადათ, ბრალდებულისთვის თავიდან აერიდებინათ სასიკვდილო განაჩენი.

      ▪ მოსამართლეებს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ არ უნდა ელაპარაკათ; მათ მხოლოდ მისი დაცვა შეეძლოთ.

      ▪ მოწმეებს აფრთხილებდნენ, რამდენად საპასუხისმგებლო იყო მათი ჩვენება.

      ▪ მოწმეები ცალ-ცალკე იკითხებოდნენ, რათა ერთმანეთის ჩვენებები არ მოესმინათ.

      ▪ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა ისეთ მნიშვნელოვან დეტალებში, როგორიცაა თარიღი, ადგილი, დანაშაულის ჩადენის დრო და ასე შემდეგ.

      ▪ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მხოლოდ დღისით უნდა გამართულიყო.

      ▪ ასეთი პროცესები არ უნდა გამართულიყო შაბათის ან დიდი შაბათის წინა დღეს.

      ▪ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო დღისით და დასრულებულიყო იმავე დღეს, თუ სასამართლო ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას; ხოლო თუ განაჩენი სასიკვდილო იყო, ვერდიქტი მეორე დღეს უნდა გამოეცხადებინათ და განაჩენიც იმავე დღეს მოეყვანათ სისრულეში.

      ▪ სასამართლოს, რომელზეც ბრალდებულის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, 23 მოსამართლე უნდა დასწრებოდა.

      ▪ მსაჯულები ბრალდებულის დასაცავად ან საწინააღმდეგოდ ხმას რიგ-რიგობით აძლევდნენ. ხმის მიცემას ყველაზე უმცროსი იწყებდა. მდივნები იწერდნენ, როგორც ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, ისე მის დასაცავად მიცემულ ჩვენებებს.

      ▪ ხმათა რაოდენობა ერთით მეტიც რომ ყოფილიყო, საკმარისი იყო ბრალდებულის გასამართლებლად, ხოლო განსასჯელად აუცილებელი იყო ორით მეტი ხმა. თუ ბრალდებულის სიკვდილით დასჯას მხოლოდ ერთით მეტი მსაჯული უჭერდა მხარს, კიდევ ორ მსაჯულს ამატებდნენ და ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.

      ▪ ვერდიქტი უკანონოდ ითვლებოდა, თუ ერთი მსაჯული მაინც არ იბრძოლებდა ბრალდებულის დასაცავად; ერთსულოვანი ვერდიქტი იმის მიმანიშნებელი იყო, რომ „შეთქმულებას ჰქონდა ადგილი“.

      იესოს სასამართლო პროცესზე მომხდარი დარღვევები

      ▪ მოსამართლეებს არ მოუსმენიათ იესოს სასარგებლოდ მიცემული არც ერთი ჩვენება.

      ▪ არც ერთ მოსამართლეს არ დაუცვია იესო; ყველანი მისი მტრები იყვნენ.

      ▪ იესოს მოსაკლავად მღვდლები ცრუ მოწმეებს ეძებდნენ.

      ▪ საქმის მოსმენა გაიმართა ღამით, დახურულ კარს მიღმა.

      ▪ სასამართლო პროცესი დაიწყო და დამთავრდა ერთი და იმავე დღეს, დიდი შაბათის წინა დღეს.

      ▪ იესო ისე დააპატიმრეს, რომ მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ.

      ▪ იესოს სიტყვები, რომ მესია იყო, არც კი გამოუკვლევიათ, ისე ჩაუთვალეს მკრეხელობად.

      ▪ მას ბრალდება შეუცვალეს, როცა პილატეს წინაშე წარადგინეს.

      ▪ ყველა ბრალდება წმინდა წყლის სიცრუე იყო.

      ▪ პილატემ იესო უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ მაინც სიკვდილით დასაჯა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება