საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხელმძღვანელობის გაწევისას მიჰბაძეთ ქრისტეს
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აპრილი
    • „მთელი ძალაუფლება“ იესო ქრისტეს მიეცა

      განვიხილოთ იესო ქრისტეს მაგალითი. ზეცაში ასვლამდე მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18). შეშინდნენ ამ სიტყვების მოსმენაზე იესოს მოწაფეები? იფიქრეს, რომ იესო მათ რომის კეისართა მსგავსად მოექცეოდა, რომლებიც ნებისმიერ უკმაყოფილებასა თუ პროტესტს ძალის გამოყენებით ახშობდნენ?

      ამ კითხვებზე ბიბლიის პასუხი უარყოფითია! იესო ძალაუფლებას თავისი მამის მსგავსად იყენებს. იეჰოვა სამყაროს უზენაესი ყოვლისშემძლე შემოქმედია, მაგრამ მას სურს, რომ სხვები ხალისით, გულით ემორჩილებოდნენ და არა მექანიკურად, მონურად ან შიშით (მათე 22:37). იეჰოვა ბოროტად არასოდეს იყენებს თავის ძალაუფლებას. ამას ცხადყოფს წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვა.

      ამ ხილვაში ეზეკიელმა ნახა ოთხი ქმნილება, რომლებიც იეჰოვას უზენაესობას უჭერდნენ მხარს. თითოეულ ქმნილებას ოთხი სახე აქვს. ეზეკიელი წერს: „შესახედაობა მათი სახისა: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდათ მარჯვნივ და სახე ხარისა — ოთხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს“ (ეზეკიელი 1:10). ამ ოთხი სახით წარმოდგენილია ღვთის ოთხი ძირითადი თვისება, რომლებიც სრულყოფილად არის გაწონასწორებული. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ეს თვისებებია: სიყვარული, რომელიც ადამიანის სახით არის წარმოდგენილი; სამართლიანობა, რომელიც ლომის სახით არის წარმოდგენილი და სიბრძნე, რომელიც არწივის სახით არის წარმოდგენილი. ეს სამი თვისება მოქმედებს მეოთხესთან — ძალასთან — ერთად, რომელიც ხარის სახით არის წარმოდგენილი. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ხილვა ცხადყოფს, რომ იეჰოვა არასოდეს ავლენს თავის უსაზღვრო ძალასა და ძალაუფლებას სხვა ძირითადი თვისებების გარეშე.

      იესო ქრისტე ჰბაძავს თავის მამას და ძალაუფლებას ყოველთვის სამართლიანად, სიყვარულითა და სიბრძნით იყენებს. მოწაფეებისთვის გამომაცოცხლებელი იყო იესოს ხელმძღვანელობით მსახურება (მათე 11:28—30). იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტესთვის დამახასიათებელი გამორჩეული თვისება არის სიყვარული და არა ძალა ან ძალაუფლება (1 კორინთელები 13:13; 1 იოანე 4:8).

  • ხელმძღვანელობის გაწევისას მიჰბაძეთ ქრისტეს
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აპრილი
    • რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, თუ ქრისტიანულ კრებაში გაქვთ გარკვეული ძალაუფლება? იმისათვის, რომ განსაზღვროთ, მართებულად ართმევთ თუ არა თავს ამ მოვალეობას, თქვენი მოქმედება შეადარეთ იეჰოვა ღმერთის მიერ შთაგონებულ ქვემოთ მოყვანილ პრინციპებს და იესო ქრისტეს მიერ დატოვებულ მაგალითს.

      „უფლის მონა . . . ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს . . . თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება; რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს“ (2 ტიმოთე 2:24, 25).

      პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ზოგს დიდი ძალაუფლება ჰქონდა მიცემული. მაგალითად, ტიმოთეს შეეძლო ‘ებრძანა’ კიდეც ‘ზოგიერთისთვის, რომ განსხვავებული არაფერი ესწავლებინათ’ (1 ტიმოთე 1:3). თუმცა ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ტიმოთე ყველაფერში ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენდა, რადგან მოქმედებდა პავლეს რჩევის თანახმად, რბილად დაერიგებინა ყველა და კრებაში, რომლის ზედამხედველადაც იყო დანიშნული, ‘ყველასთან თავაზიანი ყოფილიყო’. ტიმოთე შედარებით ახალგაზრდა იყო, ამიტომ ის პატივისმცემელი შვილივით უნდა მოპყრობოდა უფროსებს და მზრუნველ ძმასავით — უმცროსებს (1 ტიმოთე 5:1, 2). ქრისტიანული კრება, რომელსაც ასეთი მზრუნველი ხელმძღვანელები ჰყავს, ჰგავს მოსიყვარულე ოჯახს, რომელშიც სითბო და სიმყუდროვეა დასადგურებული და განსხვავდება სავაჭრო–სამრეწველო გაერთიანებისგან, რომელშიც ცივი ატმოსფეროა გამეფებული (1 კორინთელები 4:14; 1 თესალონიკელები 2:7, 8).

      „ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს“ (მათე 20:25, 26).

      ქვეყნიერებაში ტირანები „ბატონობენ“, რათა სხვები თავიანთი ნებისამებრ ატარონ და მოითხოვენ, რომ ყველაფერი მათი სურვილის მიხედვით აკეთონ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დასჯით იმუქრებიან. მაგრამ იესო ქრისტემ ხაზი გაუსვა სხვებისთვის მომსახურებას და არა მათზე ზეწოლის მოხდენას (მათე 20:27, 28). ის თავისი მოწაფეებისთვის ყოველთვის მოსიყვარულე და მზრუნველი მოძღვარი იყო. თუ იესოს მაგალითს მიჰბაძავთ, სხვებისთვის ბევრად ადვილი იქნება თქვენთან თანამშრომლობა (ებრაელები 13:7, 17). თქვენი მხრიდან ამგვარად მოქმედება სხვებს იმასაც გაუადვილებს, რომ, თუ შეუძლიათ, ‘ორ კილომეტრზეც გაგყვნენ’ (მათე 5:41).

      „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ . . . ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტრე 5:2, 3).

      ზედამხედველებს ესმით, რომ ღვთის წინაშე ვალდებულნი არიან, იზრუნონ კრების თითოეული წევრის სულიერ კეთილდღეობაზე. ისინი ამ პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან. ზედამხედველები ცდილობენ, რომ ღვთის სამწყსო ხალისით, მთელი გულით და სიყვარულით მწყემსონ. მოციქულ პავლეს მსგავსად, ისინი ძალ–ღონეს არ იშურებენ სამწყსოს რწმენის აღსაშენებლად და განსამტკიცებლად და ამ დროს მათ რწმენაზე არ ბატონობენ (2 კორინთელები 1:24).

      როდესაც სათანადო რჩევის მიცემაა საჭირო, უხუცესები თანაქრისტიანს, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა, რბილად უდგებიან და ეხმარებიან გამოსწორებაში ან სულიერი წინსვლის გაკეთებაში. ამ დროს მათ ახსოვთ პავლე მოციქულის შეხსენება: „ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით, რათა თავადაც არ ცდუნდეთ“ (გალატელები 6:1; ებრაელები 6:1, 9—12).

      „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს . . . შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:13, 14).

      როგორ ეპყრობით მათ, ვინც სრულყოფილად ვერ იქცევა ქრისტიანული ნორმების შესაბამისად? იღებთ მხედველობაში ადამიანთა არასრულყოფილებას, როგორც ამას იეჰოვა და იესო ქრისტე აკეთებენ? (ესაია 42:2—4). თუ ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად ითხოვთ ყველა წვრილმანის შესრულებას? (ფსალმუნები 129:3). გახსოვდეთ, რომ სადაც შესაძლებელია, მართებულია რბილი ხასიათის გამოვლენა, სიმტკიცის კი — მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია. სიყვარულით მოქმედება დაგეხმარებათ თქვენსა და იმ ადამიანებს შორის ურთიერთნდობის განმტკიცებაში, რომლებსაც ხელმძღვანელობას უწევთ.

      თუ რაიმე ძალაუფლება გაქვთ მიცემული, ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, რომ მისი გამოყენებისას იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს მიჰბაძოთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება