-
იეჰოვა — ბიბლიურ დროში მხსნელი ღმერთისაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
-
-
იეჰოვა — ბიბლიურ დროში მხსნელი ღმერთი
„იჩქარე ჩემ დასახმარებლად. შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“ (ფსალმ. 70:5).
1, 2. ა) როდის მიმართავენ დახმარებისთვის ღმერთს მისი თაყვანისმცემლები? ბ) რა კითხვა იბადება და სად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის პოვნა?
ერთხელ, შვებულებაში ყოფნის დროს, ერთმა ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ მათი 23 წლის გათხოვილი გოგო უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ მაშინვე ჩაალაგეს ტანსაცმელი და შინ დაბრუნდნენ; მთელი გზა მხურვალედ ლოცულობდნენ და იეჰოვას დახმარებას სთხოვდნენ. 20 წლის იეჰოვას მოწმეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს; დაავადებამ თანდათანობით მისი სხეულის სრული პარალიზება გამოიწვია. დიაგნოზის გაგებისთანავე მან იეჰოვას მიმართა ლოცვით. უმუშევარ მარტოხელა დედას თავისთვის და თავისი 12 წლის გოგონასთვის საჭმლის ფული არ ჰქონდა. დედა მხურვალედ ლოცულობდა. დიახ, ღვთის თაყვანისმცემლები განსაცდელებისა თუ გაჭირვების დროს დახმარებისთვის იეჰოვას მიმართავენ. გითხოვიათ იეჰოვასთვის დახმარება სულგამწარებულს?
2 იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: თუ იეჰოვას დახმარებას ვთხოვთ, ნამდვილად გვიპასუხებს? ამ კითხვაზე 70-ე ფსალმუნი გვცემს პასუხს და რწმენას გვიმტკიცებს. ეს ფსალმუნი ღვთის ერთგულმა თაყვანისმცემელმა დავითმა დაწერა, რომელსაც ცხოვრებაში არაერთი სირთულე და განსაცდელი შეხვედრია. ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას ასე მიმართა: „ღმერთო . . . შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“ (ფსალმ. 70:5). 70-ე ფსალმუნის გამოკვლევა დაგვანახვებს, გაჭირვების დროს რატომ უნდა მივმართოთ იეჰოვას ლოცვით და რატომ უნდა ვიყოთ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ის გვიხსნის.
„შენა ხარ . . . მხსნელი“
3. ა) რას სთხოვს დავითი ღმერთს 70-ე ფსალმუნში? ბ) როგორ გამოხატავს დავითი ღვთისადმი ნდობას 70-ე ფსალმუნში?
3 სამოცდამეათე ფსალმუნის დასაწყისსა და ბოლოში ფსალმუნმომღერალი ღმერთს დახმარებას სთხოვს (წაიკითხეთ ფსალმუნის 70:1—5). დავითი იეჰოვას ევედრება, იჩქაროს და იხსნას. მე-2—4 მუხლებში მოცემულია დავითის არაერთი სათხოვარი. მე-2 და მე-3 მუხლებში დავითი მისი მოკვლის მსურველებზე ელაპარაკება იეჰოვას — შესთხოვს, დაამარცხოს მისი მტრები და შეარცხვინოს ბოროტები. მე-4 მუხლში ღვთის ხალხზე ევედრება — დავითი ლოცულობს, რომ გაიხარონ იეჰოვას მაძიებლებმა და განადიდონ ღმერთი. ფსალმუნის ბოლოში დავითი იეჰოვას ასე მიმართავს: „შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ დავითი არ ამბობს, იყავიო ჩემი შემწე და მხსნელი. იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთი თხოვნით მიემართა, მან უთხრა, „შენ ხარ“, რითაც ნდობა გამოხატა. დავითი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი დაეხმარებოდა.
4, 5. რას ვიგებთ დავითის შესახებ 70-ე ფსალმუნიდან, და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
4 რას ვიგებთ დავითზე 70-ე ფსალმუნიდან? ცხოვრების ურთულეს მომენტში, მაშინ, როცა მტრებს მისი მოკვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, დავითი საკუთარი ძალებით არ შესჭიდებია პრობლემას. ნაცვლად ამისა, ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა განსაზღვრულ დროს განსაზღვრული სახით დაამარცხებდა მის მტრებს (1 სამ. 26:10). დავითს ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ იეჰოვა ეხმარებოდა და შველოდა თავის თაყვანისმცემლებს (ებრ. 11:6). დავითს სწამდა, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, ეხარათ და განედიდებინათ იეჰოვა, რის კეთებაც სხვებთან იეჰოვას დიდების შესახებ საუბრით შეეძლოთ (ფსალმ. 5:11; 35:27).
5 დავითის მსგავსად, ჩვენც, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს, შეგვიძლია მტკიცედ ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ჩვენი დამხმარე და მხსნელია. როცა ძალიან გვიჭირს და როცა განსაკუთრებით გვჭირდება დახმარება, შეგვიძლია ვილოცოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაგვეხმაროს იეჰოვა (ფსალმ. 71:12). როგორ უპასუხებს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს? სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, ვნახოთ, რა სამი სახით დაეხმარა ის დავითს მაშინ, როცა საჩქაროდ სჭირდებოდა დახმარება.
იეჰოვამ იხსნა მოწინააღმდეგეებისგან
6. საიდან იცოდა დავითმა, რომ იეჰოვა მართლების მხსნელი ღმერთია?
6 იმ დროს არსებული წმინდა წერილებიდან დავითმა იცოდა, რომ მართალ კაცს შეეძლო იეჰოვას დახმარების იმედი ჰქონოდა. როდესაც უღვთო ქვეყნიერება წარღვნით მოსპო, იეჰოვამ გადაარჩინა ნოე და მისი ღვთისმოშიში ოჯახი (დაბ. 7:23). როდესაც სოდომისა და გომორას ბოროტ მოსახლეობას ცეცხლი და გოგირდი აწვიმა, იეჰოვამ სიკვდილისაგან იხსნა ლოტი და მისი ორი ქალიშვილი (დაბ. 19:12—26). როდესაც ამაყი ფარაონი დასაჯა და მისი ჯარი წითელ ზღვაში ჩაახრჩო, იეჰოვამ დაიცვა თავისი ხალხი და განადგურებას გადაარჩინა (გამ. 14:19—28). განა გასაკვირია, რომ დავითი იეჰოვას განადიდებდა და მას „მხსნელ ღმერთს“ უწოდებდა?! (ფსალმ. 68:20).
7—9. ა) რის საფუძველზე ენდობოდა დავითი ღვთის მხსნელ ძალას? ბ) ვის უმადლოდა დავითი ხსნას?
7 დავითს პირადი გამოცდილების საფუძველზეც შეეძლო სრულად მინდობოდა იეჰოვას მხსნელ ძალას. ის თავად დარწმუნდა, რომ იეჰოვას „მარადიულ მკლავებს“ ღვთის ერთგულ მსახურთა ხსნა შეეძლო (კან. 33:27). იეჰოვამ არაერთხელ იხსნა დავითი „მრისხანე მტრებისგან“ (ფსალმ. 18:17—19, 48). განვიხილოთ ერთი მაგალითი.
8 როდესაც ისრაელის ქალაქებიდან ქალები სიმღერ-სიმღერით გამოვიდნენ და დავითს ბრძოლაში გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის აქებდნენ, მეფე საული შურით აღივსო და დავითს ორჯერ ესროლა შუბი (1 სამ. 18:6—9). დავითი ორივეჯერ გადაურჩა სიკვდილს. თავისი სიმარჯვის წყალობით? არა. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვა იყო მასთან“ (წაიკითხეთ 1 სამუელის 18:11—14). მოგვიანებით, როდესაც გეგმა ჩაეფუშა და დავითი ფილისტიმელების ხელით ვერ მოკლა, საულმა დაინახა, „რომ იეჰოვა იყო დავითთან“ (1 სამ. 18:17—28).
9 ვის უმადლოდა დავითი ხსნას? მე-18 ფსალმუნის ეპიგრაფში ნათქვამია, რომ დავითმა „მიმართა იეჰოვას იმ დღეს, როცა დაიხსნა იგი . . . საულის ხელიდან“. დავითმა სიმღერით გამოხატა თავისი გრძნობა: „იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი. ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა! თავს შევაფარებ მას“ (ფსალმ. 18:2). განა რწმენას არ გვიმტკიცებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას თავისი ხალხის ხსნა შეუძლია?! (ფსალმ. 35:10).
იეჰოვა ავადმყოფობისას მხარში ამოუდგა
10, 11. რა გვეხმარება დავითის ავადმყოფობის პერიოდის განსაზღვრაში?
10 როგორც 41-ე ფსალმუნიდან ჩანს, ერთხელ მეფე დავითი მძიმედ დაავადდა. ლოგინად ჩავარდნილი დავითის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ზოგი მისი მტერი ფიქრობდა, „ვეღარ ადგებაო“ (მუხლები 7, 8). როდის იყო დავითი ამ მდგომარეობაში? ეს ფსალმუნი საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება მაშინ მომხდარიყო, როცა აბესალომი მამისთვის ტახტის წართმევას ცდილობდა (2 სამ. 15:6, 13, 14).
11 მაგალითად, დავითი ამბობს, რომ მეგობარმა გასცა — მან, ვისაც ენდობოდა და, ვინც მის პურს ჭამდა (მუხლი 9). ამ სიტყვებმა შეიძლება დავითის ცხოვრებიდან ის შემთხვევა გაგვახსენოს, როცა სანდო მრჩეველმა, ახითოფელმა, უღალატა და ამბოხებულ აბესალომს მიემხრო (2 სამ. 15:31; 16:15). წარმოიდგინეთ, ლოგინად ჩავარდნილი, დაუძლურებული მეფე, რომელიც ფეხზე ვერ დგება, და რომელმაც იცის, რომ შეთქმულები თავიანთი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად მის სიკვდილს ნატრობენ! (მუხლი 5).
12, 13. ა) რაში იყო დავითი დარწმუნებული? ბ) როგორ განამტკიცა ღმერთმა დავითი?
12 დავითი ყოველთვის ენდობოდა იეჰოვას. დაავადებული მართალი მსახურის შესახებ დავითმა თქვა: „უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას. იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე. შენ შეცვლი მისი სნეულების სარეცელს“ (ფსალმ. 41:1, 3). ყურადღება მიაქციეთ, რომ დავითი კიდევ ერთხელ გამოხატავს იეჰოვასადმი ნდობას, როცა ამბობს: „იეჰოვა გადაარჩენს“. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა იხსნიდა. როგორ?
13 დავითი იეჰოვასგან სასწაულის მოხდენასა და განკურნებას არ ელოდა. ნაცვლად ამისა, ის დარწმუნებული იყო, რომ „იეჰოვა მხარში ამოუდგებოდა“, ანუ გააძლიერებდა ლოგინად ჩავარდნილს. დავითს ნამდვილად სჭირდებოდა ასეთი დახმარება. გარდა იმისა, რომ მძიმედ იყო ავად, გარს ეხვივნენ მტრები, რომლებიც ცუდს ლაპარაკობდნენ მასზე (მუხლები 5, 6). შეიძლება იეჰოვამ დავითს მანუგეშებელი აზრები გაახსენა და ამით განამტკიცა. დავითმა თქვა: „ჩემი უმწიკვლობის გამო მხარში ამომიდექი“ (მუხლი 12). დავითს იმაზე ფიქრიც განამტკიცებდა, რომ ავადმყოფობისა და მტრების ავსიტყვაობის მიუხედავად, იეჰოვა უმწიკვლო ადამიანად მიიჩნევდა. დავითი გამოჯანმრთელდა. განა არ გვაიმედებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მხარში უდგას ავადმყოფებს?! (2 კორ. 1:3).
იეჰოვამ არ მოაკლო საზრდო
14, 15. როდის გაუჭირდა დავითსა და მის ხალხს, და რა დახმარება მიიღეს?
14 გამეფების შემდეგ დავითს შეეძლო საუკეთესო საჭმელ-სასმლის მირთმევა და მეფის სუფრაზე სხვების მიწვევაც (2 სამ. 9:10). მაგრამ მას საკვების ნაკლებობაც არაერთხელ გამოეცადა. როდესაც აბესალომმა შეთქმულება მოუწყო და მეფის ტახტზე ასვლას შეეცადა, დავითი თავის მომხრეებთან ერთად იერუსალიმიდან წავიდა. ისინი მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე გალაადის უდაბნოში გაიქცნენ (2 სამ. 17:22, 24). დევნილ დავითსა და მის ხალხს მალე შემოაკლდათ საჭმელ-სასმელი, მათ არც თავის დასადები ადგილი ჰქონიათ. იმ უდაბნოში სად იპოვიდნენ საკვებს?
15 ბოლოს დავითი და მისი ხალხი მახანაიმში ჩავიდნენ. იქ ისინი სამ გაბედულ კაცს — შობის, მაქირსა და ბარზილაის — შეხვდნენ. ისინი მზად იყვნენ, დახმარებოდნენ ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდეს, რადგან აბესალომის გამეფების შემთხვევაში, ის აუცილებლად მკაცრად დასჯიდა დავითის ყველა მხარდამჭერს. მეფის ერთგული ეს სამი კაცი ხედავდა დავითისა და მისი ხალხის გაჭირვებას; ამიტომ მიუტანეს ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ — საწოლები, ხორბალი, ქერი, მოხალული მარცვლეული, ცერცვი, ოსპი, თაფლი, კარაქი, ცხვარი და სხვა (წაიკითხეთ 2 სამუელის 17:27—29). ამ სამი მამაკაცის არაჩვეულებრივი ერთგულება და სტუმართმოყვარეობა მადლიერებით აუვსებდა დავითს გულს. დავითი არასოდეს დაივიწყებდა მათ სიკეთეს!
16. ვინ იდგა დავითისა და მისი ხალხისთვის გაწეული დახმარების მიღმა?
16 ვინ იდგა დავითისა და მისი ხალხისთვის გაწეული დახმარების უკან? დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ზრუნავდა თავის მსახურებზე. ღმერთს შეუძლია თავის მსახურს, ასე ვთქვათ, ხელი წაჰკრას, ანუ აღძრას, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამორწმუნეს. როდესაც დავითი უდაბნოში მომხდარზე ფიქრობდა, ეჭვგარეშეა, ამ სამი მამაკაცის მიერ გამოვლენილი სიკეთის მიღმა იეჰოვას სიყვარულს ხედავდა. ხანში შესულმა დავითმა დაწერა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი [მათ შორის საკუთარი თავიც] მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმ. 37:25). განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ეხმარება გაჭირვებაში მყოფ თავის მსახურებს?! (იგავ. 10:3).
„იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას . . . ერთგულები“
17. რა დაადასტურა იეჰოვამ არაერთხელ?
17 დავითი იმ მრავალთაგან ერთ-ერთი იყო, ვინც იეჰოვამ იხსნა ბიბლიურ დროში. დავითის შემდეგ ღმერთმა არაერთხელ დაადასტურა მოციქული პეტრეს სიტყვების ჭეშმარიტება: „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტ. 2:9). განვიხილოთ კიდევ ორი მაგალითი.
18. როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი ხიზკიას დროს?
18 ძვ. წ. VIII საუკუნეში, როდესაც ასურეთის ძლევამოსილი ჯარი იუდაში შეიჭრა და იერუსალიმის კედლებს მიადგა, მეფე ხიზკიამ ილოცა: „იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, გვიხსენი . . . რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“ (ეს. 37:20). ხიზკიას მთავარი საზრუნავი ღვთის სახელის განდიდება იყო. იეჰოვამ უპასუხა მის მხურვალე ლოცვას და ერთ ღამეში ერთმა ანგელოზმა 185 000 ასურელი დახოცა, იეჰოვას ერთგული მსახურები კი იხსნა (ეს. 37:32, 36).
19. რომელი გაფრთხილების გათვალისწინებამ გადაარჩინა პირველი საუკუნის ქრისტიანები?
19 სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იუდაში მყოფ თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა და გააფრთხილა ისინი (წაიკითხეთ ლუკას 21:20—22). გავიდა ათწლეულები და ახ. წ. 66 წელს იუდეველთა აჯანყების გამო რომაელებმა იერუსალიმზე გაილაშქრეს. ცესტიუს გალუსის ჯარებმა ტაძრის კედლის ნაწილს ძირი გამოუთხარეს, შემდეგ კი მოულოდნელად უკან დაიხიეს. ერთგული ქრისტიანები მიხვდნენ, რომ ამით მთებში გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ, რათა იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ განადგურებას გადარჩენოდნენ. ახ. წ. 70 წელს რომაელთა ლეგიონები დაბრუნდნენ და იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს. ქრისტიანები, რომლებმაც ყურად იღეს იესოს გაფრთხილება, გადაურჩნენ ამ საშინელებას (ლუკ. 19:41—44).
20. რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას, ჩვენს მხსნელ ღმერთს?
20 რწმენას გვიმტკიცებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ეხმარება თავის მსახურებს! თავისი ხალხის სასარგებლოდ იეჰოვას მიერ წარსულში გაკეთებული საქმეები სრულ საფუძველს გვაძლევს, ვენდოთ მას. იმის მიუხედავად, თუ რა სირთულეებს ვხვდებით დღეს ან რა სირთულეებს შევხვდებით მომავალში, შეგვიძლია ჩვენც სრულად ვენდოთ იეჰოვას, როგორც ჩვენს მხსნელს. როგორ გვიხსნის იეჰოვა? როგორ გაგრძელდა სტატიის დასაწყისში მოთხრობილი შემთხვევები? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
-
-
იეჰოვა ჩვენი მხსნელიასაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
-
-
იეჰოვა ჩვენი მხსნელია
„იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის“ (ფსალმ. 37:40).
1, 2. რა არის ჩვენთვის ნუგეშის წყარო და ძალების მომცემი?
ჩრდილი ერთ ადგილზე არ დგას. დედამიწის ბრუნვასთან ერთად მზის მიერ წარმოქმნილი ჩრდილი გამუდმებით მოძრაობს და იცვლება. მაგრამ არ იცვლება დედამიწისა და მზის შემოქმედი (მალ. 3:6). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17). ეს ნამდვილი ნუგეშის წყაროა და ძალებს გვმატებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სირთულეებს ვაწყდებით. რატომ?
2 წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ ბიბლიურ დროში იეჰოვას არაერთხელ უხსნია თავისი ხალხი (ფსალმ. 70:5). ის არ იცვლება და ყოველთვის ასრულებს თავის ნათქვამს. ამიტომ, ღვთის დღევანდელ მსახურებს საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, სჯეროდეთ, რომ იეჰოვა „დაეხმარება მათ და იხსნის“ (ფსალმ. 37:40). როგორ იხსნა იეჰოვამ ბოლო დღეებში მცხოვრები თავისი მსახურები? როგორ გვიხსნის ის პირადად ჩვენ?
იეჰოვამ იხსნა მოწინააღმდეგეებისგან
3. რა გვარწმუნებს, რომ მოწინააღმდეგეები ღვთის ხალხს სასიხარულო ცნობის ქადაგებაში ხელს ვერ შეუშლიან?
3 სატანის ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც მხოლოდ იეჰოვას სცემენ თაყვანს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს“ (ეს. 54:17). დიდი მცდელობის მიუხედავად მოწინააღმდეგეებმა ხელი ვერ შეუშალეს ღვთის ხალხს ქადაგებაში. განვიხილოთ ორი მაგალითი.
4, 5. რა წინააღმდეგობას შეხვდა ღვთის ხალხი 1918 წელს და რა შედეგი მოჰყვა ამას?
4 ათას ცხრაას თვრამეტ წელს სამღვდელოების წაქეზებით იეჰოვას მოწმეთა ინტენსიური დევნა დაიწყო; სამღვდელოების მიზანი მათი სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება იყო. 7 მაისს შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ იმ დროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველის ჯოზეფ რუტერფორდისა და მთავარი სამმართველოს კიდევ რამდენიმე წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ მათ შეთქმულებაში დასდეს ბრალი და უსამართლოდ მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა. მიაღწიეს მოწინააღმდეგეებმა მიზანს და სამუდამოდ შეაჩერეს სამქადაგებლო საქმიანობა? რა თქმა უნდა, ვერა!
5 გაიხსენეთ იეჰოვას დანაპირები: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“. ხელმძღვანელი ძმების დაპატიმრებიდან ცხრა თვის შემდეგ, 1919 წლის 26 მარტს, ყველაფერი მოულოდნელად და რადიკალურად შეიცვალა — სათავდებო თანხის გადახდის შემდეგ ძმები გაათავისუფლეს, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, 1920 წლის 5 მაისს, ბრალდება მოუხსნეს. ძმებმა გათავისუფლების შემდეგ ღვთის საქმის კეთება უფრო მეტი შემართებით განაგრძეს. რა შედეგი მოჰყვა ამას? მაუწყებელთა რიცხვი საოცრად გაიზარდა. და ეს მხსნელის — იეჰოვას წყალობა იყო! (1 კორ. 3:7).
6, 7. ა) როგორ ეპყრობოდნენ ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ როგორ დამთავრდა ეს ისტორია? ბ) რას ცხადყოფს იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია?
6 ახლა განვიხილოთ მეორე მაგალითი. 1934 წელს ჰიტლერმა პირობა დადო, რომ გერმანიაში იეჰოვას მოწმეებს მოსპობდა. და ეს მუქარა მხოლოდ მუქარად არ დარჩენილა. დაიწყეს იეჰოვას მოწმეთა მასობრივი დაპატიმრება. ათასობით მოწმემ საშინელებები აიტანა, ასობით მოწმე კი საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცეს. შეძლო ჰიტლერმა თავისი პირობის შესრულება და მოსპო მოწმეები? შეაჩერა გერმანიაში სასიხარულო ცნობის ქადაგება? რა თქმა უნდა, ვერა! დევნის დროს ჩვენი ძმები მთავრობისგან მალულად მაინც განაგრძობდნენ ქადაგებას. ნაცისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ძმებმა თავისუფლება სამქადაგებლო საქმიანობის გასაგრძელებლად გამოიყენეს. დღეს გერმანიაში 165 000-ზე მეტი ღვთის ცნობის მაუწყებელია. მხსნელმა, იეჰოვა ღმერთმა, ისევ შეასრულა თავისი დანაპირები: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“.
7 იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ცხადყოფს, რომ იეჰოვა არასოდეს დაუშვებს თავისი ხალხის მთლიანად განადგურებას (ფსალმ. 116:15). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ცალკეულ ადამიანზე? როგორ გვიხსნის იეჰოვა პირადად ჩვენ?
ფიზიკური დაცვა
8, 9. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა დღეს ცალკეულ მსახურს ყოველთვის არ დაგვიცავს ფიზიკური ზიანისგან? ბ) რა უნდა ვაღიაროთ?
8 ვიცით, რომ დღეს იეჰოვა ცალკეულ მსახურებს ფიზიკური ზიანისგან ყოველთვის არ დაგვიცავს. ჩვენც ისეთივე თვალსაზრისი გვაქვს, როგორიც სამ ერთგულ ებრაელს ჰქონდა — მათ თაყვანი არ სცეს მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს კერპს. ამ ღვთისმოშიშ ახალგაზრდებს არ უფიქრიათ, რომ იეჰოვა სასწაულებრივად დაიცავდა ფიზიკური ზიანისგან (წაიკითხეთ დანიელის 3:17, 18). როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, იეჰოვამ ისინი გახურებულ ღუმელში სიკვდილს გადაარჩინა (დან. 3:21—27). მაგრამ სასწაულებრივი ხსნა ბიბლიურ დროშიც კი გამონაკლისი იყო. მოწინააღმდეგეთა ხელით იეჰოვას მრავალი ერთგული მსახური დაიხოცა (ებრ. 11:35—37).
9 რა ხდება დღეს? მხსნელს, იეჰოვა ღმერთს, ნამდვილად შეუძლია თითოეული თავისი მსახურის ხსნა. შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომელ სიტუაციაში ჩაერევა ღმერთი და რომელში — არა? არა. მაგრამ ადამიანი, რომელმაც რთულ მდგომარეობას თავი დააღწია, შეიძლება ფიქრობს, რომ მის შემთხვევაში იეჰოვა ჩაერია. სხვების მხრიდან კადნიერება იქნებოდა მისი განსჯა. ამავე დროს, რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მრავალი ერთგული ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა დევნებს, მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში. მრავალიც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა (ეკლ. 9:11). შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: „ვერ იხსნა იეჰოვამ მტრების ხელიდან თავისი ერთგული მსახურები?“ შეუძლებელია, რომ ვერ ეხსნა!
10, 11. რატომ არ შეუძლია კაცს სიკვდილისგან საკუთარი თავის ხსნა, მაგრამ რის თქმა შეიძლება იეჰოვაზე?
10 აღსანიშნავია, რომ კაცს არ შეუძლია, თავი სიკვდილისგან იხსნას, რადგან ვერც ერთი ადამიანი ვერ „დაიხსნის თავის სულს სამარის ხელიდან“ (ფსალმ. 89:48). რა შეიძლება ითქვას იეჰოვაზე? საკონცენტრაციო ბანაკებში ახლობლების სიკვდილით დამწუხრებული ერთი და, რომელიც ნაცისტების რეჟიმს გადაურჩა, დედის ნათქვამ სიტყვებს იხსენებს: „თუ ადამიანები სიკვდილის ტყვეობაში დარჩებოდნენ, გამოდის, რომ სიკვდილი ღმერთზე ძლიერი ყოფილა; ასე არ არის?!“ სიკვდილი ნამდვილად არ არის „სიცოცხლის წყაროზე“ ძლიერი! (ფსალმ. 36:9). ყველა სამარეში მყოფი ახსოვს იეჰოვას და თითოეულ მათგანს იხსნის (ლუკ. 20:37, 38; გამოცხ. 20:11—14).
11 ვიდრე ეს დრო დადგება, იეჰოვა დღეს უკვე ერევა თითოეული ერთგული თაყვანისმცემლის ცხოვრებაში. მოდი განვიხილოთ, რომელი სამი სახით ვლინდება, რომ იეჰოვა ჩვენი მხსნელი ღმერთია.
სულიერად დაცულნი
12, 13. რატომ არის სულიერი დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი, და რა საშუალებით გვიცავს იეჰოვა?
12 იეჰოვა სულიერად გვიცავს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვესმის, რომ არსებობს იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე დღევანდელი სიცოცხლე. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გვაქვს, იეჰოვასთან პირადი ურთიერთობაა (ფსალმ. 25:14; 63:3). ეს ურთიერთობა რომ არა, დღევანდელი ჩვენი სიცოცხლე აზრს მოკლებული იქნებოდა, მომავლის იმედი კი — დაკარგული.
13 საბედნიეროდ, იეჰოვა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. ის გვეხიდება თავისი სიტყვით, წმინდა სულითა და მსოფლიო კრების არსებობით. როგორ ვისარგებლოთ სრულად ამ საშუალებებით? მისი სიტყვის რეგულარული და გულმოდგინე შესწავლა გაგვიძლიერებს რწმენას და განგვიმტკიცებს იმედს (რომ. 15:4). თუ ლოცვისას გულწრფელად ვთხოვთ იეჰოვას წმინდა სულს, ის დაგვეხმარება, გავუძლოთ ცდუნებას და ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც მასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებდა (ლუკ. 11:13). თუ მივყვებით გონიერი მონის ხელმძღვანელობას — შევისწავლით ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, დავესწრებით კრებებსა და კონგრესებს — დროულად მივიღებთ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). ამ ღონისძიებებით სრულად სარგებლობა სულიერად გვიცავს და იეჰოვასთან გვაახლოებს (იაკ. 4:8).
14. მოყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა სულიერად გვიცავს.
14 იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა სულიერად გვიცავს, გავიხსენოთ წინა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მშობლები, რომლებმაც ქალიშვილის, ტერეზას, გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი მკვლელობის შემზარავი ამბავი გაიგესa. ტერეზას მამა იხსენებს: „იეჰოვას მის დაცვას ვთხოვდი. როცა მისი სიკვდილის ამბავი შევიტყვე, უნდა ვაღიარო, რომ ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ არ ისმინა იეჰოვამ ჩემი სათხოვარი; თუმცა ვიცოდი, რომ იეჰოვა სასწაულებრივი სახით არ იცავს ცალკეულ ადამიანს. დიდხანს ვლოცულობდი ჩემს კითხვაზე პასუხის მისაღებად. იმან მანუგეშა, რომ იეჰოვა თავის ხალხს სულიერად იცავს — ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. ამგვარი დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, ამაზე ჩვენი მარადიული კეთილდღეობაა დამოკიდებული. ამ გაგებით იეჰოვამ დაიცვა ტერეზა, ის სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა მას. ის მამშვიდებს, რომ ტერეზას მომავალი მოსიყვარულე ღვთის ხელშია“.
ხანგრძლივი ავადმყოფობის პირისპირ
15. როგორ დაგვეხმარება იეჰოვა, თუ ავადმყოფობის გამო სარეცელზე ვართ მიჯაჭვული?
15 იეჰოვას შეუძლია მხარში ამოუდგეს სარეცელზე მიჯაჭვულ ავადმყოფს, ისე, როგორც დავითს (ფსალმ. 41:3). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა სასწაულებრივად არ გვკურნავს, არც მხარდაჭერის გარეშე გვტოვებს. ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები მკურნალობის მეთოდების არჩევასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება (იგავ. 2:6). ჩვენ შეიძლება ბევრი სასარგებლო და პრაქტიკული რჩევა ვნახოთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთში!“, რომლებშიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემატური საკითხია განხილული. თავისი წმინდა სულით იეჰოვა გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა გავუძლოთ ავადმყოფობას და, რაც არ უნდა მოხდეს, მისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ (2 კორ. 4:7). ამგვარად თავს არ დავაჩაგვრინებთ ავადმყოფობას და ჩვენს სულიერ კეთილდღეობას არ შევწირავთ!
16. როგორ უძლებდა ერთი ძმა ავადმყოფობას?
16 განვიხილოთ იმ ახალგაზრდა ძმის მაგალითი, რომელიც წინა სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ. 1998 წელს მას ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც უეჭველად მისი სრული პარალიზება მოჰყვებოდაb. რა აძლებინებდა მას? ის ამბობს: „ტკივილისა და უიმედობის გამო ზოგჯერ ერთადერთ ხსნად სიკვდილი მიმაჩნდა. როცა მეტის ატანა აღარ შემეძლო, იეჰოვას სამ რამეს ვთხოვდი: მშვიდ გულს, მოთმინებასა და ამტანობას. ვგრძნობ, რომ იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვებს. მშვიდმა გულმა იმის საშუალება მომცა, რომ იმაზე მეფიქრა, რაც მანუგეშებდა — რა იქნებოდა მაშინ, როცა ახალ ქვეყნიერებაში სიარულს შევძლებდი, სიამოვნებით მივირთმევდი გემრიელ საჭმელს და ისევ დაველაპარაკებოდი ჩემს ოჯახის წევრებს. მოთმინება მეხმარება შევეგუო ჩემს პარალიზებულ მდგომარეობას. ამტანობა ღვთის მიმართ ერთგულებასა და სულიერ წონასწორობას მანარჩუნებინებს. კარგად მესმის ფსალმუნმომღერალი დავითის, რადგან სარეცელზე მიჯაჭვულს მეც არაერთხელ მიგრძნია იეჰოვას მხარდაჭერა“ (ეს. 35:5, 6).
საკვებით უზრუნველყოფილნი
17. რას დაგვპირდა იეჰოვა და რას ნიშნავს ეს დანაპირები?
17 იეჰოვა გვპირდება, რომ იზრუნებს ჩვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე (წაიკითხეთ მათეს 6:33, 34 და ებრაელების 13:5, 6). ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილნი ვიყოთ და ხელი არ გავანძრიოთ (2 თეს. 3:10). ამ დანაპირების თანახმად, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ და თან ვიმუშავებთ, შეგვიძლია იეჰოვას დახმარების იმედი გვქონდეს, რომ ის ყველაფერს მოგვცემს, რაც აუცილებელია (1 თეს. 4:11, 12; 1 ტიმ. 5:8). მან შეიძლება დასახმარებლად ისეთი საშუალება გამოიყენოს, როგორზეც არც კი გვიფიქრია; მაგალითად, შეიძლება თანაქრისტიანი მატერიალურად დაგვეხმაროს ან სამუშაო შემოგვთავაზოს.
18. მოიყვანეთ მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ ყოველთვის გვექნება ის, რაც გვჭირდება.
18 გავიხსენოთ წინა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მარტოხელა დედის შემთხვევა. როდესაც თავის პატარა გოგონასთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, სამუშაოს პოვნა ძალიან გაუჭირდა. ის ამბობს: „დილაობით ვმსახურობდი, სადილის შემდეგ კი სამუშაოს ვეძებდი. მახსოვს, ერთხელ სასურსათო მაღაზიაში რძის საყიდლად შევედი. იქვე ბოსტნეულსაც ყიდდნენ; ვიდექი და ვუყურებდი, მაგრამ მის საყიდლად საკმარისი თანხა არ მქონდა. ასე დათრგუნულად არასოდეს მიგრძნია თავი. შინ რომ დავბრუნდი, შესასვლელთან ათასნაირი ბოსტნეულით სავსე კალათა დამხვდა; ეს რამდენიმე თვის მარაგი იყო. სიხარულისგან ავტირდი და ცრემლებით ვმადლობდი იეჰოვას“. მოგვიანებით ამ დამ გაიგო, რომ კალათა კრებიდან ერთ ძმას დაუტოვებია, რომელსაც ბოსტნეული მოჰყავდა. მან ამ ძმას სამადლობელ წერილში მისწერა: „იმ დღეს შენი მადლიერიც ვიყავი, მაგრამ იეჰოვას ვმადლობდი, რადგან შენი კეთილი საქმით თავის სიყვარულში დამარწმუნა!“ (იგავ. 19:17).
19. რაში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი იეჰოვას მსახურები, და რა მართებთ მათ?
19 ყველაფერი, რაც იეჰოვას ბიბლიურ დროსა თუ ჩვენს დღეებში უკეთებია, იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მივენდოთ მას, როგორც შემწეს. მალე, როცა სატანის ქვეყნიერებას დიდი გასაჭირი დაატყდება თავს, იეჰოვას დახმარება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს! იეჰოვას მსახურებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მაშინ იეჰოვა უსათუოდ დაეხმარება! ისინი თავებს ასწევენ და გაიხარებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ ახლოს არის მათი ხსნა (ლუკ. 21:28). მანამდე კი, მოდი, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, იეჰოვას მივენდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს, რომ ჩვენი ღმერთი, რომელიც არ იცვლება, მართლაც მხსნელია!
[სქოლიოები]
a იხილეთ „გამოიღვიძეთის!“ 2001 წლის 8 აგვისტოს ნომერი, სტატია „ენით აუწერელ ტრაგედიასთან გამკლავება“, გვერდი 19—23.
b იხილეთ „გამოიღვიძეთის!“ 2006 წლის იანვრის ნომერი, „სტატია სერიოზულად დაავადებულს რწმენა მაძლიერებს“, გვერდები 25—29.
-