თავი 22
პირველი ვაი და კალიების შემოსევა
1. ვინ აუწყებს დედამიწას იმას, რასაც ანგელოზები ზეცაში აცხადებენ, და რას იუწყება მეხუთე საყვირი?
მეხუთე ანგელოზი საყვირის ჩასაბერად ემზადება. ოთხი საყვირის ხმა უკვე გაისმა, რამაც დააწყლულა დედამიწის მესამედი, იეჰოვასთვის ყველაზე საძულველი ქრისტიანული სამყარო. ყველასთვის ცხადი გახდა მისი სასიკვდილო მდგომარეობა. რასაც ანგელოზები საყვირებით აცხადებენ, იმას ადამიანები მთელ დედამიწას აუწყებენ. მეხუთე ანგელოზი მალე პირველ ვაის გააცხადებს. ეს უფრო დიდ საშინელებას მოიტანს, ვიდრე მანამდე მომხდარ მოვლენებს მოუტანია. ეს ვაი კალიების შემაძრწუნებელი შემოსევით არის გამოწვეული. თავდაპირველად განვიხილოთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ წყლულის მნიშვნელობას დაგვანახვებს.
2. კიდევ რომელ ბიბლიურ წიგნშია აღწერილი კალიების შემოსევა და რას გამოიწვევდა ეს ძველ ისრაელში?
2 იოელის წიგნში, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნეში დაიწერა, აღწერილია მწერების, მათ შორის კალიების შემოსევა, რაც იოანეს ხილვაში ნანახს ჰგავს (იოელი 2:1—11, 25)a. ამ შემოსევას განდგომილი ისრაელი სავალალო მდგომარეობაში უნდა ჩაეგდო, მაგრამ ზოგიერთი იუდეველი მოსანანიებლად და იეჰოვასთან დასაბრუნებლად უნდა აღეძრა (იოელი 2:6, 12—14). მაშინ იეჰოვა თავის სულს გადმოღვრიდა „ყველანაირ ხორციელზე“, მაგრამ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე“ საშინელი, თუმცა გამაფრთხილებელი ნიშნები და საკვირველებები მოხდებოდა (იოელი 2:11, 28—32).
წყლული I საუკუნეში
3, 4. ა) როდის და როგორ შესრულდა იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რას ნიშნავდა კალიების შემოსევა ახ. წ. I საუკუნეში და რამდენ ხანს გაგრძელდა?
3 იოელის მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები I საუკუნეში შესრულდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველი ქრისტიანები წმინდა სულით იქნენ ცხებულნი, რამაც ძალა მისცა მათ, მრავალ ენაზე ელაპარაკათ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“. იქ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მოციქულმა პეტრემ ნანახით განცვიფრებულებს მიმართა და იოელის 2:28, 29-ის ციტირების შემდეგ აუხსნა, რომ ისინი ამ სიტყვების შესრულების მოწმენი გახდნენ (საქმეები 2:1—21). თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით კალიების შემოსევა არავის უნახავს, არავინ ჩავარდნილა სავალალო მდგომარეობაში და არც არავინ აღძრულა მოსანანიებლად.
4 ამ წყლულს სიმბოლური გაგება ჰქონდა და სულითცხებული ქრისტიანების დაუცხრომელი ქადაგებით იყო გამოწვეულიb. იეჰოვა მათი პირით მოუწოდებდა იუდევლებს მონანიებისკენ, და თუ მოინანიებდნენ, აკურთხებდა კიდეც (საქმეები 2:38—40; 3:19). ვინც გამოეხმაურა, ღვთის კეთილგანწყობილება მიიღო, ხოლო ვინც ამ მოწოდებას ყური არ ათხოვა, მათთვის პირველი საუკუნის ქრისტიანები გამანადგურებელი კალიების გუნდად იქცნენ. მათ იერუსალიმიდან დაიწყეს და მთელ იუდეასა და სამარიას „შეესივნენ“. მალე ისინი მთელ ქვეყანას მოედნენ და დატანჯეს ურწმუნო იუდეველები, რადგან საჯაროდ ქადაგებდნენ იესოს აღდგომისა და აღდგომის მნიშვნელობის შესახებ (საქმეები 1:8; 4:18—20; 5:17—21, 28, 29, 40—42; 17:5, 6; 21:27—30). ეს შემოსევა ახ. წ. 70 წლამდე, „შიშის მომგვრელი დღის“ დადგომამდე გაგრძელდა, როცა იეჰოვამ იერუსალიმი რომაელთა ჯარებს გაანადგურებინა. მხოლოდ ის ქრისტიანები გადარჩნენ, რომლებიც რწმენით უხმობდნენ იეჰოვას სახელს (იოელი 2:32; საქმეები 2:20, 21; იგავები 18:10).
წყლული დღეს
5. როგორ სრულდება იოელის წინასწარმეტყველება 1919 წლიდან?
5 გონივრულია, გვეფიქრა, რომ იოელის წინასწარმეტყველება ბოლო დღეებშიც შესრულდებოდა, და ეს ასეც მოხდა. 1919 წლის 1—8 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე იეჰოვას სულმა ძალ-ღონე შემატა ღვთის ხალხს, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაეწიათ ორგანიზება. ქრისტიანებს შორის მხოლოდ ისინი აღიარებდნენ იესოს გამეფებას ზეცაში და თავს არ ზოგავდნენ, რომ სასიხარულო ცნობა ყველგან გაეცხადებინათ. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მათი დაუღალავი ქადაგება მტანჯველ „წყლულად“ იქცა განდგომილი ქრისტიანული სამყაროსთვის (მათე 24:3—8, 14; საქმეები 1:8).
6. ა) რა დაინახა იოანემ, როცა მეხუთე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა? ბ) ვის განასახიერებს ვარსკვლავი და რატომ?
6 ეს დაწყლულება იერუსალიმის განადგურებიდან 26 წლის შემდეგ დაწერილ „გამოცხადებაშიც“ არის მოხსენიებული. მოდი ვნახოთ, რა დამატებით დეტალებს გვაცნობს იოანეს წინასწარმეტყველება: „ჩაჰბერა საყვირს მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას უფსკრულის ნაპრალის გასაღები მიეცა“ (გამოცხადება 9:1). ეს ვარსკვლავი განსხვავდება გამოცხადების 8:10-ში მოხსენიებული ჩამოვარდნილი ვარსკვლავისგან. იოანემ დაინახა „ვარსკვლავი, რომელიც ციდან ჩამოვარდა“, რომ დედამიწაზე ემოქმედა. რას განასახიერებს ეს ვარსკვლავი, სულიერ თუ ხორციელ ქმნილებას? როგორც მოგვიანებით არის აღწერილი, „უფსკრულის ნაპრალის გასაღების“ მფლობელი სატანას უფსკრულში აგდებს (გამოცხადება 20:1—3). ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილება უნდა იყოს. გამოცხადების 9:11-ში იოანე მოგვითხრობს, რომ კალიებს ჰყავთ „მეფე — უფსკრულის ანგელოზი“. ასე რომ, ორივე მუხლში ერთსა და იმავე ქმნილებაზე უნდა მიდიოდეს საუბარი. უფსკრულის გასაღების მფლობელი ანგელოზი უფსკრულის ანგელოზი უნდა იყოს და ვარსკვლავიც იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს უნდა განასახიერებდეს, რადგან ცხებული ქრისტიანები მეფედ მხოლოდ იესო ქრისტეს აღიარებენ (კოლოსელები 1:13; 1 კორინთელები 15:25).
7. ა) რა ხდება „უფსკრულის ნაპრალის“ გაღების დროს? ბ) რას ნიშნავს „უფსკრული“ და ვინ მოხვდა მასში?
7 იოანე აგრძელებს თხრობას: „გააღო უფსკრულის ნაპრალი და ამოვიდა კვამლი თითქოს დიდი ღუმლიდან. ნაპრალის კვამლმა მზე და ჰაერი დააბნელა. კვამლიდან კალიები გამოვიდნენ დედამიწაზე. მათ ისეთივე ძალაუფლება მიეცათ, როგორიც დედამიწის მორიელებს აქვთ“ (გამოცხადება 9:2, 3). ბიბლიაში უფსკრული უმოქმედობის და სიკვდილის მნიშვნელობით გამოიყენება (შეადარეთ რომაელების 10:7; გამოცხადების 17:8; 20:1, 3). 1918—1919 წლებში, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ასეთი უმოქმედობის „უფსკრულში“ ცოტა ხნით მოხვდა იესოს ძმების მცირე ჯგუფი, მაგრამ 1919 წელს იეჰოვამ თავისი სული მისცა თავის მომნანიე მსახურებს. ისინიც კალიებივით დაირაზმნენ იმ რთული საქმის შესასრულებლად, რომელიც წინ ელოდათ.
8. რა „დიდი კვამლი“ ამოვიდა კალიებთან ერთად?
8 იოანე ხედავს, რომ კალიებთან ერთად დიდი კვამლი ამოდის, თითქოს „დიდი ღუმლიდან ამოვიდაო“c. სწორედ ასე მოხდა 1919 წელს, როცა ქრისტიანულ სამყაროს და მთელ ქვეყნიერებას მზე დაუბნელდა (შეადარეთ იოელის 2:30, 31). იოანეს კლასის, იგივე კალიების, გათავისუფლება დამარცხებას ნიშნავდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისთვის, რომელიც მანამდე სამეფო საქმის ჩახშობას ლამობდა და არც მას მერე უღიარებია ღვთის სამეფო. კვამლი მთელ განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს მაშინ მოედო, როდესაც კალიების ჯგუფმა მწვავე განაჩენის გასაცხადებლად ღვთისგან ძალაუფლება მიიღო. ქრისტიანული სამყაროს „მზე“, მოჩვენებითი სინათლე, და „ჰაერი“ ღვთის განაჩენის გაცხადებამ დააბნელა, რადგან ცხადი გახდა, რომ ამ ქვეყნიერების „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“ ქრისტიანული სამყაროს ღმერთია (ეფესოელები 2:2; იოანე 12:31; 1 იოანე 5:19).
ხალხის მტანჯველი კალიები
9. რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა?
9 რა საბრძოლო მითითებები მიიღეს კალიებმა? იოანე მოგვითხრობს: „მათ მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც რაიმე მწვანე მცენარისთვის და არც რომელიმე ხისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე. კალიებს ნება მიეცათ, ხუთ თვეს დაეტანჯათ ისინი, მაგრამ არ დაეხოცათ; მათი ტანჯვა ჰგავდა მორიელის ნაკბენით მიყენებულ ტანჯვას. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ“ (გამოცხადება 9:4—6).
10. ა) პირველ რიგში, ვის წინააღმდეგ არის წყლული მიმართული, და რა მდგომარეობაში აგდებს მათ? ბ) როგორი ტანჯვა იგულისხმება? (იხილეთ სქოლიო)
10 საინტერესოა, რომ ეს წყლული პირველ რიგში უბრალო ხალხისა და გავლენიანი ადამიანების, დედამიწის „ბალახეულობისა“ და „ხეების“ წინააღმდეგ არ არის მიმართული (შეადარეთ გამოცხადების 8:7). კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა. ამ თავდაჯერებულ ხალხს მართლა დატანჯავდა იმის გაგება, რომ ისინი არათუ ზეცისკენ ვერ გაუძღვებოდნენ სამწყსოს, არამედ თვითონაც ვერ მოხვდებოდნენ იქd. მათზე მართლდება იესოს სიტყვები: „ბრმას ბრმა მიუძღვის“ (მათე 15:14).
11. ა) რამდენ ხანს უნდა დაეტანჯათ კალიებს ღვთის მტრები და რატომ არ არის ეს დროის მცირე მონაკვეთი? ბ) რამდენად მწვავეა ტანჯვა?
11 ტანჯვა ხუთ თვეს გრძელდება. ეს დროის მცირე მონაკვეთია? კალიისთვის ნამდვილად არა, ეს მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. ასე რომ, კალიები, რამდენ ხანსაც ცოცხლობენ, იმდენ ხანს კბენენ ღვთის მტრებს. ტანჯვა იმდენად მტკივნეულია, რომ ხალხი სიკვდილს ეძებს. მართალია, კალიების დაკბენილთაგან არავის უცდია თავის მოკვლა, მაგრამ ეს გამოთქმა ნაკბენით გამოწვეული ტანჯვის სიმძაფრის დანახვაში გვეხმარება. მათ ტანჯვა ულმობელი მორიელების კბენით გამოწვეულ ტანჯვას ჰგავდა. იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად ეს იმ ორგული ისრაელების ტანჯვას მოგვაგონებს, რომლებიც ბაბილონელთაგან განდევნილნი სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ (იერემია 8:3; იხილეთ აგრეთვე ეკლესიასტეს 4:2, 3).
12. რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები, არამედ სულიერად დაეტანჯათ?
12 რატომ მიეცათ კალიებს უფლება, რომ კი არ მოეკლათ, არამედ სულიერად დაეტანჯათ ღვთის მტრები? ეს ვაის დასაწყისია, რაც იმით გამოიხატა, რომ ქრისტიანული სამყარო სიცრუესა და წარუმატებლობაში იქნა მხილებული. ოდნავ მოგვიანებით კი გაცხადდება, რომ მისი მდგომარეობა სასიკვდილოა, და ეს უფლის დღის განმავლობაში მოხდება. ეს მეორე ვაის დროს იქნება, როცა ადამიანთა მესამედი დაიხოცება (გამოცხადება 1:10; 9:12, 18; 11:14).
საბრძოლველად გამზადებული კალიები
13. როგორ გამოიყურებიან კალიები?
13 როგორც იოანე აღგვიწერს, კალიებს გასაოცარი გარეგნობა აქვთ: „შესახედაობით კალიები საბრძოლველად გამზადებულ ცხენებს ჰგავდნენ, თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ, თმა ქალის თმასავით ჰქონდათ, კბილები კი — ლომის კბილებივით. მათი ჯავშნები რკინის ჯავშნებს ჰგავდა, მათი ფრთების ხმა — საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის ხმას“ (გამოცხადება 9:7—9).
14. რატომ შეეფერება კალიების აღწერილობა 1919 წელს გამოცოცხლებული ქრისტიანების ჯგუფს?
14 კალიები ზუსტად განასახიერებენ 1919 წელს გამოცოცხლებულ ერთგულ ქრისტიანებს. ისინი იმ გაგებით ჰგავდნენ ცხენებს, რომ მზად იყვნენ საბრძოლველად, ჭეშმარიტების დასაცავად, როგორც ეს მოციქულმა პავლემ აღწერა (ეფესოელები 6:11—13; 2 კორინთელები 10:4). იოანემ იხილა, რომ მათ თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, თუმცა მათ პირდაპირი გაგებით გვირგვინები ვერ ედგმებოდათ, რადგან ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ დაწყებული მეფობა (1 კორინთელები 4:8; გამოცხადება 20:4). მაგრამ 1919 წელს ისინი მეფეებს ჰგავდნენ. ისინი მეფის ძმები იყვნენ და ჭეშმარიტი გვირგვინები ზეცაში ენახებოდათ, რომლებსაც იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სიკვდილამდე შეინარჩუნებდნენ ერთგულებას (2 ტიმოთე 4:8; 1 პეტრე 5:4).
15. რისი სიმბოლოა: ა) ჯავშნები? ბ) ადამიანის სახეები? გ) ქალის თმა? დ) ლომის კბილები? ე) დიდი ხმაური?
15 ხილვაში კალიები შემოსილნი არიან რკინის ჯავშნებით, რაც უკომპრომისო სიმართლის სიმბოლოა (ეფესოელები 6:14—18). სახეები ადამიანის სახეს მიუგავთ, ეს კი სიყვარულის სიმბოლოა. ადამიანი ხომ იმ ღვთის მსგავსებად შეიქმნა, რომელიც სიყვარულია (დაბადება 1:26; 1 იოანე 4:16). მათ ქალივით გრძელი თმა აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავიანთ მეფეს, უფსკრულის ანგელოზს ემორჩილებიან. მათი კბილები ლომის კბილებს ჰგავდა, რომელიც ხორცს გლეჯს. 1919 წლიდან იოანეს კლასმა კვლავ შეძლო მაგარი სულიერი საზრდოთი, ღვთის სამეფოს ჭეშმარიტებით კვება. ამ სამეფოს სათავეში იესო ქრისტე უდგას, „ლომი იუდას ტომიდან“. მათ ლომის სიმამაცე სჭირდებოდათ, რომ „გადაემუშავებინათ“ მამხილებელი განაჩენი და პუბლიკაციების სახით მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ. ეს სიმბოლური კალიები „საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა და ცხენის“ მსგავსად დიდ ხმაურს იწვევენ. ისინი ვერ დადუმდებიან, რადგან პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰბაძავენ (1 კორინთელები 11:7—15; გამოცხადება 5:5).
16. რას ნიშნავს ის, რომ „კალიებს კუდები და ნესტრები“ ისეთი აქვთ, როგორიც მორიელებს?
16 კალიების ქადაგებაში მხოლოდ საუბარი არ იგულისხმება. „კუდები და ნესტრები კი ისეთი ჰქონდათ, როგორიც მორიელებს. მათ კუდებში მათი ძალაუფლება იყო, რომ ხუთ თვეს ევნოთ ადამიანებისთვის“ (გამოცხადება 9:10). რას ნიშნავს ეს? იეჰოვას მოწმეები, როგორც სიტყვიერად, ისე პუბლიკაციებით, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ განაჩენს აცხადებენ. მათი ცნობა მორიელის ნაკბენივით მწარეა, რადგან ისინი იეჰოვას შურისძიების მოახლოებული დღის შესახებ აფრთხილებენ ხალხს (ესაია 61:2). ვიდრე სიმბოლური კალიები ცოცხლები არიან, ისინი დაასრულებენ ღვთისგან მიღებულ დავალებას, იეჰოვას განაჩენის გაცხადების საქმეს, და ზიანს მიაყენებენ ყველა ჯიუტ ღვთისმგმობელს.
17. ა) რა გამოცხადდა 1919 წელს ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლად? ბ) როგორ იტანჯებოდა სამღვდელოება და როგორი იყო მათი საპასუხო რეაქცია?
17 „კალიები“ სიხარულით ხტოდნენ, როცა 1919 წლის კონგრესზე ახალი ჟურნალის „ოქროს ხანის“ გამოცემა გამოცხადდა. ეს ჟურნალი ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა ქადაგებით გამოწვეული ტკივილის გასამძაფრებლადe. 1920 წლის 29 სექტემბერს გამოცემულ 27-ე ნომერში სამღვდელოება ორგულობაში იყო მხილებული, რადგან ის შეერთებულ შტატებში 1918—1919 წლებში ბიბლიის მკვლევარებს დევნიდა. 20—30-იან წლებში „ოქროს ხანამ“ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენა სამღვდელოებას, როცა სტატიებითა და კარიკატურებით ფარდა ახადა პოლიტიკაში მათ ჩარევას, განსაკუთრებით, ფაშისტ და ნაცისტ დიქტატორებთან კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლების თანამშრომლობას. სამღვდელოება ‘სირთულეებს ქმნიდა დადგენილებით’ და ორგანიზებას უწევდა ღვთის ხალხზე თავდასხმებს (ფსალმუნი 94:20).
დედამიწის მმართველების გაფრთხილება
18. რა საქმე უნდა შეესრულებინათ „კალიებს“ და რა მოჰყვა მეხუთე საყვირის დაყვირებას?
18 „კალიებს“ დიდი საქმე უნდა შეესრულებინათ. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა გაცხადებულიყო; სიცრუე უნდა მხილებულიყო; დაკარგული ცხვრები უნდა მოძებნილიყო. ქვეყნიერება იძულებული იყო, დამდგარიყო და ეყურებინა, როგორ ასრულებდნენ კალიები ამ დავალებას. იოანეს კლასი ემორჩილებოდა ანგელოზების საყვირების ხმას და არ წყვეტდა ქრისტიანული სამყაროს მხილებას, რომელიც იეჰოვასგან მკაცრ განაჩენს იმსახურებდა. მეხუთე საყვირის ხმაზე განაჩენის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მხარეზე გამახვილდა ყურადღება 1926 წლის 25—31 მაისს ლონდონში (ინგლისი) ბიბლიის მკვლევარების კონგრესზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია „მოწმობა ქვეყნიერების მმართველებისთვის“ და როიალ-ალბერტ-ჰოლში წარმოითქვა მოხსენება „რატომ ირყევა მსოფლიო ძალები, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს?“. ამ რეზოლუციისა და საჯარო მოხსენების სრული ტექსტი მეორე დღესვე დაიბეჭდა ლონდონის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში. მოგვიანებით „კალიებმა“ ეს რეზოლუცია ტრაქტატის სახით გამოსცეს და 50 მილიონი ეგზემპლარი გაავრცელეს, რითაც დატანჯეს სამღვდელოება. ამ მწარე მხილების შესახებ ინგლისში კიდევ არაერთი წელი ლაპარაკობდნენ.
19. კიდევ რა იარაღი მიიღეს საბრძოლველად სიმბოლურმა კალიებმა, და რა იყო მასში აღნიშნული ლონდონის მანიფესტის შესახებ?
19 ამ კონგრესზე სიმბოლურმა კალიებმა ახალი წიგნის სახით საბრძოლველად კიდევ ერთი იარაღი მიიღეს. წიგნის სათაური იყო „ხსნა“. წიგნში ბიბლიის საფუძველზე ახსნილი იყო, თუ რა ნიშანი ადასტურებს 1914 წელს ბავშვის, ვაჟის, ქრისტეს ზეციერი სამეფოს დაბადებას (მათე 24:3—14; გამოცხადება 12:1—10). წიგნში მოყვანილი იყო ციტატა რვა მღვდლის, ეგრეთ წოდებული „მსოფლიოს უდიდესი მქადაგებლების“ მიერ 1917 წელს ლონდონში ხელმოწერილი მანიფესტიდან. ისინი წამყვან პროტესტანტულ მიმდინარეობებს წარმოადგენდნენ — ბაპტისტებს, კონგრეგაციონალისტებს, მეთოდისტებს, პრესვიტერულ და ეპისკოპალურ ეკლესიებს. მანიფესტში აღნიშნული იყო: „დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ წარმართთა ჟამი დასასრულს უახლოვდება“ და „უფლის გამოცხადებას ყოველ წუთს უნდა ველოდოთ“. როგორც ვხედავთ, იმ სასულიერო პირებმა აღიარეს იესოს მოსვლის ნიშანი. იმოქმედა ამან მათზე? წიგნში „ხსნა“ ნათქვამია: „საკვირველი ის არის, რომ ვინც მანიფესტს ხელი მოაწერა, სწორედ მათ უარყვეს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ქვეყნიერების აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის პერიოდში ვცხოვრობთ“.
20. ა) რა ამჯობინა სამღვდელოებამ კალიების გუნდსა და მათ მეფესთან თანამშრომლობას? ბ) იოანეს სიტყვების თანახმად ვინ ხელმძღვანელობს კალიების გუნდს და რა ჰქვია მას?
20 ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას სატანის ქვეყნიერებაში დარჩენა ამჯობინა და უარი თქვა, ეთანამშრომლა სიმბოლურ კალიებთან და მათ მეფესთან, რომელზეც იოანე ამბობს: „მათ ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი. ებრაულად მას აბადონი [ნიშნავს განადგურებას] ჰქვია, ბერძნულად კი — აპოლიონი [ნიშნავს გამანადგურებელს]“ (გამოცხადება 9:11). იესომ, „უფსკრულის ანგელოზმა“ და „გამანადგურებელმა“, მართლაც დამაწყლულებელი ვაი შეჰყარა ქრისტიანულ სამყაროს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.
[სქოლიოები]
a იოელის 2:4, 5, 7-ს (სადაც მწერები შედარებული არიან ცხენებთან და ადამიანებთან, და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენო) შეადარეთ გამოცხადების 9:7—9. იოელის 2:6, 10-ს (სადაც აღწერილია მწერების შემოსევის მწვავე შედეგები) შეადარეთ გამოცხადების 9:2, 5.
b იხილეთ 1961 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „განაჩენის ველზე ერების წინააღმდეგ შეკრებილნი“ (ინგლ.).
c ეს მუხლი არ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ თითქოს უფსკრულში ცეცხლი ენთო და უფსკრული შეიძლებოდა, ჯოჯოხეთი ყოფილიყო. იოანე ამბობს, რომ კვამლი „თითქოს“ დიდი ღუმლიდან ამოსულ კვამლს ჰგავდა (გამოცხადება 9:2). იოანე არ ამბობს იმას, რომ უფსკრულში ცეცხლი ენთო.
d აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვის ფუძეა ბასანიზო, რომელიც ზოგჯერ ფიზიკური ტანჯვის აღსაწერად გამოიყენება, თუმცა ეს სიტყვა სულიერ ტანჯვასაც გულისხმობს. მაგალითად, 2 პეტრეს 2:8-ში ვკითხულობთ, რომ „ლოტი იტანჯებოდა“ იმ ბოროტების გამო, რასაც სოდომში ხედავდა. მოციქულების დროს რელიგიური წინამძღოლებიც იტანჯებოდნენ სულიერად, ოღონდ სხვა მიზეზით.
e ამ ჟურნალს 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, ხოლო 1946 წელს — „გამოიღვიძეთ!“.
[სურათი 143 გვერდზე]
მეხუთე საყვირის ჩაბერვას პირველი სამი ვაი მოჰყვება.
[სურათი 146 გვერდზე]
შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა (ფსალმუნი 45:5). ასეთი კარიკატურები შესაბამისი წარწერებით 1930-იან წლებში ქვეყნდებოდა. ეს კარიკატურები იმ ადამიანებს „კბენდა“, „რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ჰქონდათ შუბლზე“.
[სურათი 147 გვერდზე]
როიალ-ალბერტ-ჰოლი, სადაც გამოცხადდა წიგნ „ხსნის“ გამოცემა და მიღებულ იქნა რეზოლუცია „მოწმობა ქვეყნიერების მმართველებისთვის“.