საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ნდობის დეფიციტი მთელ მსოფლიოში“
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
    • „ნდობის დეფიციტი მთელ მსოფლიოში“

      დასავლეთ აფრიკაში 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში წევს. ის მალარიის საწინააღმდეგო ფალსიფიცირებული მედიკამენტით მოიწამლა, რომელიც დედამ მისთვის სახელმწიფო აფთიაქში შეიძინა. საავადმყოფოს ექიმი ამ საკითხზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ბოლო თხუთმეტი წელია ჩვენს ბაზარზე ბევრ ფალსიფიცირებულ მედიკამენტს ვხვდებით“.a

      „აზიაში ერთი ახალშობილი ბიჭუნას მშობლებს თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ ვითომდა ბიფიდობაქტერიებით გამდიდრებულ რძეში, რომლითაც თავიანთ ჩვილს კვებავდნენ, მომწამლავი ნივთიერება აღმოჩნდა. ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდა: პატარა ბიჭუნა დაიღუპა.

      ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობდა, თავის კლიენტებს მილიარდობით დოლარი გამოსტყუა! მან ათასობით ადამიანისთვის განკუთვნილი საპენსიო ბიუჯეტი მიითვისა, რასაც „საუკუნის თაღლითობა“ უწოდეს.

      დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც, სულ მცირე, ერთხელ მაინც არ გაუმტყუნეს იმედი. საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „მონდში“ ნათქვამია, რომ დღეს „ნდობის დეფიციტია მთელ მსოფლიოში“. დღევანდელი ეკონომიკური კრიზისიც მნიშვნელოვანწილად სწორედ ამით არის განპირობებული.

      რით არის გამოწვეული „ნდობის დეფიციტი“? შეგიძლიათ ენდოთ ვინმეს?

      [სქოლიო]

      a იუწყება პარიზში (საფრანგეთი) გამომავალი გაზეთი „ფიგარო“.

  • შესაძლებელია ნდობის მოპოვება?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
    • შესაძლებელია ნდობის მოპოვება?

      ერთ ექიმს საუკეთესო ანესთეზიოლოგად იცნობდნენ, რადგან სწორედ მას მიაწერდნენ მედიცინის ამ დარგში სრულიად ახლებური მეთოდების დანერგვას. მაგრამ გაირკვა, რომ მან მიისაკუთრა არაერთი სამედიცინო ნაშრომი, რომლებიც წამყვან გამოცემებში ქვეყნდებოდა. ასე გრძელდებოდა 1996 წლიდან მოყოლებული ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე.

      „არ მესმის რატომ მოიქცა ასე“, — ამბობს დოქტორი სტივენ შეიფერი ერთ-ერთ სამედიცინო ბუკლეტში (Anesthesiology News).

      რატომ უნდა მოეტყუებინა თავისი საქმის პროფესიონალს კოლეგები? განვიხილოთ ოთხი სავარაუდო მიზეზი.

      ● სიხარბე. ერთ-ერთი სამედიცინო ჟურნალის (The New England Journal of Medicine) ყოფილმა რედაქტორმა, დოქტორმა ჯერომ კასირერმა „ნიუ-იორკ ტაიმზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „ხშირად სამეცნიერო კვლევები ფარმაცევტული კომპანიების მიერ ფინანსდება. ამიტომ, ტენდენციად იქცა, რომ მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები ისე წარმოაჩინონ, რომ მოგება მოუტანონ სპონსორ კომპანიებს“.

      ● მიზანი, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს. გერმანიაში ვერავის დააჯერებ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პროფესორ-მასწავლებლებისთვის არა აქვთ მიცემული ქრთამის სახით ათასობით ევრო, რადგან ამ ქვეყანაში წარმატება სწორედ აკადემიური ხარისხით განისაზღვრება. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ მოყვანილი იყო ციტატები ერთ-ერთი ნაშრომიდან, სადაც ნათქვამია, რომ წარმატების მიღწევამდე ბევრი სტუდენტის საქციელი ყოველგვარ ეთიკურ ნორმას სცდება, მაგრამ როგორც კი მიაღწევენ სასურველ მიზანს, „მაღალი იდეალებით“ იწყებენ ცხოვრებას.

      ● საზოგადოება, რომელსაც არ გააჩნია ზნეობრივი ფასეულობები. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ მოყვანილი იყო ერთი პროფესორის სიტყვები. აი, რას ამბობდა ის სკოლის მოსწავლეების შესახებ: „არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ისინი თავგზააბნეულები არიან, რადგან არ გააჩნიათ ზნეობრივი ფასეულობები . . . უფრო სწორად, მასწავლებლები, რეპეტიტორები თუ სხვები არასდროს უნერგავენ მათ ზნეობრივ ფასეულობებს და არც მორალური ნორმებით ცხოვრებას ასწავლიან“.

      ● ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. გამოკითხული 30 000 მოსწავლიდან 98 პროცენტმა თქვა, რომ პატიოსნება აუცილებელია სხვებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. მაგრამ ყოველი ათიდან რვა მოსწავლემ აღიარა, რომ მშობლებს ატყუებდნენ, ხოლო 64 პროცენტი გამოტყდა, რომ წინა წელს გამოცდებზე შპარგალკით სარგებლობდნენ.

      მაღალზნეობრივი ნორმები

      როგორც ამავე გვერდზე მოცემულ ჩარჩოშია ნათქვამი, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ ვინმეს ენდოს. მიუხედავად ამისა, ბიბლია რეალურ სურათს გვანახვებს: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (დაბადება 8:21). როგორ შეგიძლიათ ებრძოლოთ ბოროტ მიდრეკილებას, უპატიოსნობას, რომელმაც ასე მოიკიდა ფეხი დღევანდელ საზოგადოებაში? ამაში შემდეგი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ:

      ● „ცუდს ნუ განიზრახავ შენი მოძმის წინააღმდეგ, რომელიც უსაფრთხოდ ცხოვრობს შენთან“ (იგავები 3:29).

      თუ გვიყვარს მოყვასი, სიკეთეს გავუკეთებთ და მის ნდობას გავამართლებთ. ამ პრინციპს რომ ადამიანები იყენებდნენ, ბოლო მოეღებოდა სიხარბით გამოწვეულ ათასგვარ მაქინაციას, მაგალითად ფალსიფიცირებული წამლებით ვაჭრობას, რაც სტატიათა ამ სერიის დასაწყისში მოვიხსენიეთ.

      ● „ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე სამუდამოდ განმტკიცდება, სიცრუის მოლაპარაკე ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება“ (იგავები 12:19).

      დღეს ზოგი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ბევრს ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ ჰკითხეთ თავს: რა უფრო მიღირს — დღესვე ავისრულო საწადელი თუ უფრო შორს გავიხედო და საკუთარი თავის პატივისცემა არ დავკარგო? სტუდენტმა, რომელიც შპარგალკით სარგებლობს, შეიძლება დააჯეროს სხვები, რომ კარგ ცოდნას ფლობს, მაგრამ სამსახურში ეს აღარ გაჭრის.

      ● „მართალი უმწიკვლობით დადის; ბედნიერნი არიან მისი ვაჟები“ (იგავები 20:7).

      თუ მშობელი ხართ, თავად მიეცით კარგი მაგალითი შვილებს და ‘უმწიკვლობით იარეთ’. პირადი მაგალითით დაანახვეთ პატიოსნების ფასი. როდესაც შვილები ხედავენ, რომ მშობლები პატიოსნები არიან, მეტი ალბათობაა, რომ თვითონაც პატიოსან ადამიანებად ჩამოყალიბდნენ (იგავები 22:6).

      პრაქტიკულია ზემოთ მოყვანილი ბიბლიური პრინციპების გამოყენება?

      [ჩანართი 4 გვერდზე]

      გაზეთ „ფიგაროს“ თანახმად, დღეს ბევრი ფრანგი „ფიქრობს, რომ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში მოღვაწე წამყვან ფიგურებს შორის აღარავინაა პატიოსანი და ამის აუცილებლობასაც ვერ ხედავენ“.

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      ჩვენში ჩადებულია სურვილი, ვინმეს ვენდოთ

      როგორც ფრანკფურტის უნივერსიტეტის (გერმანია) ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორის, მიქაელ კოსფელდის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა, ადამიანში ჩადებულია იმის მოთხოვნილება, რომ ვინმეს ენდოს. კოსფელდმა აღმოაჩინა, რომ როდესაც ორი ადამიანი კარგად უგებს და ენდობა ერთმანეთს, ტვინი გამოიმუშავებს ჰორმონს, ოქსიტოცინს. კოსფელდი დასძენს: „ურთიერთნდობა მხოლოდ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, როცა ნდობა იკარგება, ადამიანი თავის ნამდვილ სახეს კარგავს“.

  • ჯერ კიდევ არიან სანდო ადამიანები
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
    • ჯერ კიდევ არიან სანდო ადამიანები

      სანტიაგოს, არგენტინელ ტაქსის მძღოლს დიდხანს არ უფიქრია, როგორ უნდა მოქცეულიყო, როცა დაინახა, რომ მგზავრს მის მანქანაში ჩანთა დარჩენოდა. მან მაშინვე დაუბრუნა ჩანთა პატრონს. ერთი შეხედვით, სანტიაგოს უჩვეულო არაფერი გაუკეთებია, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ჩანთაში 32 000-ზე მეტი დოლარი იდო, მისი საქციელი მართლაც იწვევს გაოცებას!

      მთელ მსოფლიოში ასეთი პატიოსანი ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, სულ სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება! თქვენ თავისუფლად დაუტოვებდით ბავშვს მომვლელს და არაფრის შიში არ გექნებოდათ. არც გასაღები დაგჭირდებოდათ და არც ბოქლომი. შესაძლებელია რეალურად ასეთი რამ?

      ზნეობრივი ფასეულობები

      ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ საკუთარ თავზე და თანაქრისტიანებზე თქვა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). სწორედ ამის სურვილი აქვთ იეჰოვას მოწმეებსაც. მათი მიზანია, განივითარონ ისეთი თვისებები, რომლებიც ესაიას 33:15-შია ჩაწერილი: „არის ის, ვინც მუდმივად სიმართლით დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ვინც უარს ამბობს თაღლითების მონახვეჭზე, ვინც ხელებს ასავსავებს ქრთამზე“. როგორ არის შესაძლებელი სანდო ადამიანის სახელის მოპოვება?

      ● ‘ვინც სიმართლეს ლაპარაკობს’. ფილიპინელი დომინგო, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ქოქოსის პლანტაციებში მუშაობს. იგი ამბობს: „ბევრი ატყუებს თავის დამსაქმებელს. მაგალითად, როცა ქოქოსის კაკლის რბილობს აგროვებენ, არ ეუბნებიან დამსაქმებელს, სინამდვილეში რამდენი ტომარა აავსეს. შემდეგ ჩუმად ყიდიან მოპარულ ტომრებს“.

      დომინგო და მისი ოჯახი ლამის გააძევეს პლანტაციებიდან იმის გამო, რომ თავიანთი დამსაქმებლის სასარგებლოდ არ თქვეს ტყუილი. დომინგო ყვება: „ჩვენ ვუთხარით უფროსს, რომ მაშინაც კი, თუ სამუშაოდან დაგვითხოვდა, ტყუილს მაინც არ ვიტყოდით. საბოლოოდ, ჩვენმა დამსაქმებელმა თქვა, რომ იეჰოვას მოწმეები იმსახურებდნენ ნდობას და მიწის კიდევ ერთი ნაკვეთი გამოგვიყო დასამუშავებლად“.

      ● „ვინც უარს ამბობს თაღლითების მონახვეჭზე“. პიერს, კამერუნის ერთ-ერთი რეგიონის საგადასახადოს უფროსს, ფულის იოლად შოვნის არაერთი შანსი ჰქონდა. როდესაც მას პირველად დაევალა ხელფასების გაცემა დროებით დაქირავებული მუშახელისთვის, გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. პიერი ამბობს: „ხელფასები გაიცემოდა ისეთ ადამიანებზეც, რომლებიც ჩვენთან აღარ მუშაობდნენ ან უკვე მიცვალებულები იყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა მიმეთვისებინა, ზუსტი საბუღალტრო აღრიცხვა გავაკეთე და ზედმეტი თანხა სეიფში შევინახე.

      ორი წლის შემდეგ რევიზია მოვიდა. მე მათ თავაწეული დავხვდი, რადგან შემეძლო ზუსტი აღრიცხვა წარმედგინა მათთვის და სეიფში დაგროვილი საკმაოდ სოლიდური თანხაც გადამეცა. რევიზორებმა გულწრფელად შემაქეს პატიოსნებისთვის“.

      ● „ვინც ხელებს ასავსავებს ქრთამზე“. რიო-დე-ჟანეიროელი (ბრაზილია) რიკარდოსთვის, რომელიც ნოტარიუსი იყო, არაერთხელ შეუთავაზებიათ ქრთამი. ის იხსენებს: „ერთი იურისტი ჩემს მოქრთამვას ცდილობდა. მან ამანათით სახლში CD-ფლეიერი გამომიგზავნა. იმ დროს CD-ფლეიერი ახალი გამოსული იყო და საკმაოდ ძვირი ღირდა“.

      როგორ მოიქცა რიკარდო? „მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ, არც კი გაგვეხსნა ამანათი. მოვკიდე ამანათს ხელი, უკან წავუღე იურისტს და მაგიდაზე დავუდე. ის გაოგნდა. შესაძლებლობა მომეცა, ამეხსნა მისთვის, რატომ მოვიქეცი ასე. მისი მდივანიც ვერ მალავდა გაოცებას“.

      მართალია, დღესაც მოიძებნებიან პატიოსანი ადამიანები, მაგრამ იეჰოვას მოწმეებს, როგორც ჯგუფს, სანდო და პატიოსანი ადამიანების რეპუტაცია აქვთ. სწორედ ამიტომ, პოლონეთში ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის დირექცია მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს სთავაზობს სამუშაოს. გაყიდვების მენეჯერმა აღნიშნა: „ყველგან არიან პატიოსანი ადამიანები, მაგრამ იეჰოვას მოწმეებს აქვთ პრინციპები, რომლებსაც მტკიცედ იცავენ“.

      პატიოსნები სიღარიბის მიუხედავად

      ბევრის აზრით, ღარიბს ეპატიება უპატიოსნო საქციელი. მაგალითად, სი-ენ-ენის ცნობით, 14 წლის ნიგერიელი ბიჭუნა, ხალხი რომ მოატყუოს, 24 საათი ინტერნეტშია შემძვრალი. ის თავს ასე იმართლებს: „აბა, რით ვარჩინო ოჯახი — ჩემი დედ-მამა და დაიკო. როგორღაც ხომ უნდა გავიტანოთ თავი“.

      რასაკვირველია, ბიბლია არ ჰპირდება სიმდიდრეს მათ, ვინც პატიოსნებას ინარჩუნებს, მაგრამ არწმუნებს, რომ აუცილებელი არ მოაკლდებათ. ესაიას 33:16-ში ნათქვამია: „ის დამკვიდრდება სიმაღლეებში; მიუვალი კლდოვანი თავშესაფარი ექნება მაღლობზე. თავისივე პური მიეცემა მას. წყლის მარაგი არ გაუთავდება“.

      ზოგმა შეიძლება იკითხოს: როგორ დაეხმარება პატიოსნება მათ, ვინც უკიდურეს გაჭირვებაშია? რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად ყოველდღიურად წელებზე ფეხს იდგამს?

      ერთ კამერუნელ ქვრივს, ბერტას ბაზარში დახლი აქვს, სადაც ყიდის მანიჰოტის ჩხირების შეკვრას. ბერტა ამბობს: „თითოეულ შეკვრაში 20 მანიჰოტის ჩხირია. ჩვეულებრივ გამყიდველები თითო შეკვრაში 17, 18 ჩხირს დებენ, მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო კლიენტები და მოგება მათ ხარჯზე ვნახო“.

      ბერტას ყოველთვის არ აქვს კარგი ვაჭრობა. „ხშირად დღე ისე გადის, რომ ვერაფერს ვყიდი, — ამბობს ის. — მაგრამ ასეთ დროს გამყიდველებს ვთხოვ, ნისიად მომცენ პროდუქტები. ისინიც მენდობიან და მაძლევენ პროდუქტებს. მათ იციან, როგორც კი ფულს ვიშოვი, მაშინვე გადავუხდი. გამყიდველთა ნდობას ყოველთვის ვამართლებ და ამიტომაც ეჭვი არ ეპარებათ ჩემში“.

      ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ღმერთს

      ჩვენ ვენდობით ისეთ ადამიანს, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს. იესო ნავეს ძემ, ისრაელის წინამძღოლმა, ღმერთზე თქვა: „არც ერთი სასიკეთო დანაპირები არ გამტყუნებულა, რასაც იეჰოვა ისრაელის სახლს დაჰპირდა, ყველაფერი შესრულდა“ (იესო ნავეს ძე 21:45). ჩვენც გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, ვენდოთ იეჰოვას?

      ღვთის დაპირებები იმდენად სანდოა, რომ შედარებულია წვიმასთან (ესაია 55:10, 11). წვიმას მართლაც ვერაფერი შეაფერხებს, რომ ციდან ჩამოვიდეს, გაჟღინთოს მიწა და აღმოაცენოს ნაყოფი. მსგავსად ამისა, იეჰოვას დაპირებების შესრულებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

      ღვთის ერთ-ერთი დაპირება მოცემულია 2 პეტრეს 3:13-ში: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“. ღვთის განზრახვაა, დედამიწა გაწმინდოს ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც სხვებს ექსპლუატაციას უწევენ. თუ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ, როგორ შეასრულებს ღმერთი ამ განზრახვას, დაუკავშირდით თქვენთან ახლოს მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მათ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

      [ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

      პატიოსნება ფასდება

      ერთ ფილიპინელ იეჰოვას მოწმეს, ლუსიოს სთხოვეს, რომ დაელაგებინა უფროსის კარადა, რომელშიც ძველ საბუთებს ინახავდა. მან კარადაში 27 500 დოლარი იპოვა. მისი უფროსი სამსახურებრივი მივლინებით იყო წასული. „მანამდე დოლარი თვალითაც კი არ მქონდა ნანახი“, — თქვა ლუსიომ.

      როცა მისი უფროსი ჩამოვიდა მივლინებიდან, ლუსიომ მას ფული მისცა. ლუსიო ყვება: „სამსახურში დამაწინაურეს და საცხოვრებელი ოთახიც გამომიყვეს, სადაც მთელ ოჯახს შეგვეძლო ცხოვრება. ფილიპინებში ძნელია თავის გატანა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას კანონები რომ დავიცავით, ამიტომაც იზრუნა მან ჩვენზე“.

      [ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

      ზუსტი სასწორი

      მოისეს პატარა მაღაზია მთელ დუალას (კამერუნი) ბაზრობაზეა ცნობილი. ის თევზს ყიდის. მოისე ამბობს: «ჩემს პატარა მაღაზიას „სასწორი“ დავარქვი, რადგან მთელ ბაზრობაზე იშვიათად თუ შეხვდები ვინმეს, ვისაც ზუსტი სასწორი აქვს. ვიცი, რომ ხალხი შეამოწმებს ჩემთან აწონილ თევზს, ამიტომ თუ ერთ კილო თევზს მთხოვენ, არასდროს ვატყუებ წონაში. ისინი ყოველთვის ამოწმებენ ჩემთან ნაყიდი თევზის წონას. ხალხი ხედავს, რომ კილოზე მეტს ვატან და რწმუნდებიან, რომ არ ვატყუებ. ბევრი მეუბნება: „შენთან იმიტომ მოვდივართ, რომ ვიცით, არ მოგვატყუებ“».

      [სურათი 7 გვერდზე]

      „ჩვენ ვუთხარით უფროსს, რომ მაშინაც კი, თუ სამუშაოდან დაგვითხოვდა, ტყუილს მაინც არ ვიტყოდით“ (დომინგო, ფილიპინები)

      [სურათი 7 გვერდზე]

      „რევიზორებმა გულწრფელად შემაქეს პატიოსნებისთვის“ (პიერი, კამერუნი)

      [სურათი 7 გვერდზე]

      „ერთი იურისტი ჩემს მოქრთამვას ცდილობდა . . . მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ, არც კი გაგვეხსნა გამოგზავნილი ამანათი“ (რიკარდო, ბრაზილია)

      [სურათი 7 გვერდზე]

      ხშირად ისე გადის დღე, რომ ბერტა ვერაფერს ყიდის, მაგრამ ასეთ დროს გამყიდველებს სთხოვს, ნისიად მისცენ პროდუქტები. ისინიც ენდობიან მას და პროდუქტებს აძლევენ. მათ იციან, როგორც კი ბერტა ფულს იშოვის, მაშინვე დაუბრუნებს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება