საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას“
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ნოემბერი
    • წყვილი კითხულობს ბიბლიას და ფიქრობს იეჰოვას სახელზე, გამოსასყიდზე, ღვთის სამეფოზე და სამოთხეში ცხოვრებაზე

      „იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას“

      „იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას; იყიდე სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი“ (იგავ. 23:23).

      სიმღერები: 94, 96

      შეგიძლიათ ახსნათ?

      • როგორ შეგვიძლია ვიყიდოთ ჭეშმარიტება იეჰოვასგან?

      • რა ხუთი რამის დათმობა შეიძლება მოგვიწიოს ჭეშმარიტების შესაძენად?

      • რამდენად ძვირფასი უნდა იყოს ჭეშმარიტება ჩვენთვის?

      1, 2. ა) რა გაგვაჩნია ყველაზე ძვირფასი? ბ) რომელ საკითხებთან დაკავშირებით ვიცით ჭეშმარიტება და რატომ ვაფასებთ ამას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      რა გაგაჩნიათ ყველაზე ძვირფასი? გაცვლიდით მას ნაკლებად ღირებულ რამეზე? იეჰოვას მსახურებისთვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია, რადგან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იეჰოვასთან ურთიერთობაა და არაფერზე გავცვლით მას. გარდა ამისა, ჩვენთვის ფასეულია ბიბლიური ჭეშმარიტება, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ზეციერ მამას ვუახლოვდებით (კოლ. 1:9, 10).

      2 უბრალოდ დაფიქრდით იმ ყველაფერზე, რასაც დიდებული მოძღვარი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის. ის გვიმჟღავნებს თავის მიმზიდველ თვისებებსა და სახელს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სიყვარულით გაიღო ჩვენ გამოსასყიდად თავისი ძის, იესოს სიცოცხლე. იეჰოვას წყალობით ვიცით, რომ არსებობს მესიანური სამეფო. ღმერთი სულითცხებულ ქრისტიანებს ზეცაში ცხოვრების იმედს აძლევს, „სხვა ცხვარს“ კი — დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედს (იოან. 10:16). ის გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიცით ჭეშმარიტება, რადგან ეს გვაახლოებს შემოქმედთან და ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს.

      3. რას არ გულისხმობს ჭეშმარიტების ყიდვა?

      3 იეჰოვა გულუხვი ღმერთია. ის არ უკავებს კარგს ჭეშმარიტების მაძიებლებს. მან საკუთარი ძეც კი სრულიად უსასყიდლოდ გაიღო ჩვენთვის და ცხადია, არც ჭეშმარიტების სანაცვლოდ მოითხოვს ფულს. პირიქით, როდესაც სიმონმა პეტრეს ფული შესთავაზა, რომ მასაც შეძლებოდა სხვებისთვის წმინდა სულის მიცემა, მოციქულმა შემდეგი სიტყვებით გაკიცხა: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან მოინდომე, ფულით დაუფლებოდი ღვთის უსასყიდლო ძღვენს“ (საქ. 8:18—20). მაშ, რას ნიშნავს ღვთივშთაგონებული მითითება: „იყიდე ჭეშმარიტება“?

      რას ნიშნავს ჭეშმარიტების ყიდვა?

      4. რას გავიგებთ ჭეშმარიტების შესახებ ამ სტატიიდან?

      4 წაიკითხეთ იგავების 23:23. ძალისხმევის გარეშე ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას ვერ ჩავწვდებით. მზად უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი მსხვერპლი გავიღოთ მის მოსაპოვებლად. როგორც წიგნ „იგავების“ ბრძენმა დამწერმა თქვა, მას შემდეგ, რაც „ვიყიდით“ ანუ შევიძენთ ჭეშმარიტებას, აღარ უნდა „გავყიდოთ“ ანუ დავკარგოთ ის. მოდი ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს ჭეშმარიტების ყიდვა და რა „ფასად“ შეიძლება დაგვიჯდეს მისი შეძენა. ეს დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ჭეშმარიტება და მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ არასოდეს „გავყიდოთ“ ის. როგორც ამ სტატიიდან დავინახავთ, ჭეშმარიტების ყიდვა ნებისმიერ ფასად ღირს.

      5, 6. ა) როგორ შეგვიძლია ვიყიდოთ ჭეშმარიტება ფულის გარეშე? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ჭეშმარიტების შეძენას?

      5 ის, რაც უფასოა, შეიძლება მაინც დაჯდეს რაღაცის ფასად. ებრაული სიტყვა, რომელიც იგავების 23:23-ში ყიდვად ითარგმნა, შეძენასაც ნიშნავს. ორივე სიტყვა გულისხმობს სასურველი ნივთის მისაღებად ძალისხმევის მოხმარებას ან სანაცვლოდ რაიმეს გაღებას. მაგალითად, რეკლამიდან გავიგეთ, რომ მაღაზია უფასოდ გვთავაზობს ბანანს. სასწაულებრივად აღმოჩნდება ეს ბანანი ჩვენს მაგიდაზე? რა თქმა უნდა, არა. ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, რომ წავიდეთ მაღაზიაში და წამოვიღოთ ის. მართალია, ბანანი უფასოა, მაგრამ დრო და ძალისხმევა გვჭირდება მაღაზიაში წასასვლელად. მსგავსად, ჭეშმარიტების საყიდლად ფული კი არა, ძალისხმევაა საჭირო.

      6 წაიკითხეთ ესაიას 55:1—3. ესაიას წიგნში ჩაწერილი სიტყვები მეტ ნათელს ჰფენს, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტების ყიდვა. ბიბლიის ამ მონაკვეთში იეჰოვა თავის სიტყვას ადარებს წყალს, რძესა და ღვინოს. ცივი, სუფთა წყლის მსგავსად ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაც გამომაცოცხლებელია. როგორც რძე აძლიერებს და ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, ისე იეჰოვას სიტყვები გვაძლიერებს და სულიერად გვზრდის. იეჰოვას სიტყვები ღვინოსაც არის შედარებული. რა გაგებით? ბიბლიაში ღვინო მხიარულებასთან ასოცირდება (ფსალმ. 104:15). ასე რომ, სიტყვებით „აიღეთ ღვინო“ იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მისი ხელმძღვანელობის მიყოლა სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს (ფსალმ. 19:8). ამ შედარებიდან კარგად ჩანს, რომ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების სწავლასა და მის თანახმად ცხოვრებას სასიკეთო შედეგები მოაქვს! ჭეშმარიტების შესაძენად გაწეული ძალისხმევა შეგვიძლია შევადაროთ საფასურს, რომელსაც ვიხდით. ქვემოთ ვისაუბრებთ ხუთ მხარეზე, რომელთა დათმობაც შეიძლება ჭეშმარიტების საყიდლად მოგვიწიოს.

      რის ფასად დაგიჯდათ ჭეშმარიტება?

      7, 8. ა) რატომ უნდა გავიღოთ დრო ჭეშმარიტების საყიდლად? ბ) რა მსხვერპლის გასაღებად იყო მზად ერთი სტუდენტი და რა შედეგი მოუტანა ამან?

      7 დრო. ეს საფასური ჭეშმარიტების ყველა მყიდველმა უნდა გადაიხადოს. დროა საჭირო სამეფოს ცნობის მოსასმენად, ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის წასაკითხად, პირადი შესწავლის ჩასატარებლად, კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად და მათზე დასასწრებად. ეს დრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებიდან უნდა „გამოვისყიდოთ“ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16). რამდენი დრო გვჭირდება, რომ საფუძვლიანად შევისწავლოთ ბიბლიის ძირითადი სწავლებები? ეს თავად ადამიანსა და მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იეჰოვას სიბრძნის, გზებისა და საქმეების შესახებ ცოდნის მიღება მუდმივი პროცესია (რომ. 11:33). „საგუშაგო კოშკის“ პირველ ნომერში ჭეშმარიტება შედარებული იყო „პატარა უმანკო ყვავილს“. სტატიაში ეწერა: „ნუ დაკმაყოფილდები ჭეშმარიტების ერთი ყვავილით. ერთი რომ საკმარისი ყოფილიყო, [ღმერთი] ამდენს არ მოგვცემდა. ყოველთვის აგროვე, მეტი ეძებე“. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „ჭეშმარიტების რამდენად დიდი თაიგული მაქვს?“. იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას მარადიულობის განმავლობაშიც გავაგრძელებთ. დღეს კი ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე დრო გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა ჭეშმარიტების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა შევიძინოთ. განვიხილოთ ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანის მაგალითი.

      8 ახალგაზრდა იაპონელი ქალი მარიკოa ნიუ-იორკში (აშშ) ჩავიდა სასწავლებლად. იმ დროისთვის ის მიეკუთვნებოდა რელიგიურ მიმდინარეობას, რომელმაც იაპონიაში არსებობა 1950-იან წლებში დაიწყო. ერთ დღესაც კარდაკარ მსახურების დროს მარიკოს ერთმა პიონერმა დამ მიაკითხა. როცა მან ბიბლიიდან ჭეშმარიტების სწავლა დაიწყო, იმდენად დიდი სიხარული იგრძნო, რომ პიონერ დას კვირაში ორჯერ სთხოვა შესწავლის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში საკმაოდ დატვირთული იყო და ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, მარიკომ მაშინვე დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მან აგრეთვე შეამცირა დრო, რომელსაც გართობას უთმობდა, რათა ჭეშმარიტების შესასწავლად დრო გამოესყიდა. ასეთი ძალისხმევის შედეგად ის სწრაფად გაიზარდა სულიერად და ერთ წელიწადში მოინათლა. ექვსი თვის შემდეგ კი, 2006 წელს, პიონერულ მსახურებას შეუდგა და დღემდე არ შეუწყვეტია.

      9, 10. ა) როგორ გვეცვლება მატერიალურ ქონებაზე შეხედულება ჭეშმარიტების გაგების შემდეგ? ბ) რაზე თქვა უარი ახალგაზრდა ქალმა და რას ფიქრობს ის დღეს?

      9 მატერიალური სახსრები. ჭეშმარიტების შესაძენად შეიძლება მაღალანაზღაურებადი სამსახურის ან კარიერის დათმობა მოგვიწიოს. როცა მეთევზეებს, პეტრესა და ანდრიას, იესომ „ადამიანთა მებადურებად“ გახდომა შესთავაზა, „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები“ (მათ. 4:18—20). რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ, ვინც დღეს ჭეშმარიტებას იგებს, სამსახური უნდა დატოვონ. ბიბლია ქრისტიანებს ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას აკისრებს (1 ტიმ. 5:8). თუმცა ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ადამიანმა მატერიალური ნივთების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და დაინახოს, რა უფრო მნიშვნელოვანია. ეს აზრი აშკარად ჩანს იესოს სიტყვებში: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე . . . მოაგროვეთ განძი ზეცაში“ (მათ. 6:19, 20). განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ქალის შემთხვევა.

      10 მარია ჯერ სკოლაშიც არ დადიოდა, როცა გოლფის თამაში დაიწყო. ის დამამთავრებელ კლასებშიც ეუფლებოდა სპორტის ამ სახეობას და ბოლოს უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოიპოვა. გოლფი მისი ცხოვრება იყო და მიზნად ჰქონდა დასახული, მაღალანაზღაურებადი კარიერა შეექმნა, როგორც პროფესიონალ გოლფის მოთამაშეს. მოგვიანებით მარიამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და შეიყვარა ჭეშმარიტება. მას მოსწონდა, რომ ჭეშმარიტება ცხოვრების შეცვლაში ეხმარებოდა. მარია ამბობს: „რაც უფრო ვუსაბამებდი ჩემს შეხედულებებსა და ცხოვრების წესს ბიბლიურ ნორმებს, თავს მით უფრო ბედნიერად ვგრძნობდი“. ის მიხვდა, რომ ადვილი არ იქნებოდა, ერთდროულად მატერიალურადაც გამდიდრებულიყო და სულიერადაც (მათ. 6:24). ჭეშმარიტების „ყიდვა“ მას ბავშვობის ოცნების ფასად დაუჯდა. მან უარი თქვა, გამხდარიყო პროფესიონალი გოლფის მოთამაშე და სიმდიდრე და სახელი მოეხვეჭა. დღეს მარია პიონერად მსახურობს და თვლის, რომ მის ცხოვრებას ასეთ ბედნიერს და აზრით აღსავსეს სხვა ვერაფერი გახდიდა.

      11. როგორ შეიძლება აისახოს სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე ჭეშმარიტების ყიდვა?

      11 სხვებთან ურთიერთობა. როცა ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრებას ვირჩევთ, შეიძლება მეგობრებთან და ნათესავებთან უწინდებური ურთიერთობა ვეღარ გვქონდეს. იესო თავის მოწაფეებზე ლოცულობდა: „განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ამ მუხლში სიტყვა „განწმენდა“ შეიძლება გამოცალკევებასაც ნიშნავდეს. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ქვეყნიერებისგან გამოცალკევებულები ვხდებით, რადგან მათნაირად აღარ ვცხოვრობთ. ხალხს შეხედულება ეცვლება ჩვენზე, რადგან განსხვავებული ფასეულობები შევიძინეთ და ბიბლიური ნორმების თანახმად ვცხოვრობთ. მართალია, არ გვინდა, დავშორდეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, მაგრამ ახლად შეძენილი რწმენის გამო ზოგმა შეიძლება თავი შორს დაიჭიროს ჩვენგან ან შეგვეწინააღმდეგოს კიდეც. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იესომ თქვა: „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:36). თუმცა მან დაგვარწმუნა, რომ ჯილდო, რომელსაც ჭეშმარიტების ყიდვის შემდეგ ვიღებთ, გაცილებით აღემატება მისთვის გაღებულ საფასურს (წაიკითხეთ მარკოზის 10:28—30).

      12. რის ფასად დაუჯდა ერთ ებრაელ მამაკაცს ჭეშმარიტების ყიდვა?

      12 ებრაელ ბიზნესმენს, სახელად აარონს, ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ღვთის სახელის წარმოთქმა არ შეიძლებოდა. თუმცა მას სწყუროდა ჭეშმარიტება. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოწმეებმა აჩვენეს, რომ, თუ ღვთის სახელის აღმნიშვნელ ოთხ ებრაულ თანხმოვანს ხმოვნებს ჩაუმატებდა, წარმოთქვამდა სახელ „იეჰოვას“. გახარებული აარონი სინაგოგაში წავიდა, რათა ეს ამბავი რაბინებისთვისაც ეცნობებინა. თუმცა მათმა რეაქციამ ძალიან გააკვირვა. იმის მაგივრად, რომ გახარებოდათ ღვთის სახელის შესახებ ჭეშმარიტების გაგება, რაბინებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და სინაგოგიდან გააგდეს. აარონს ოჯახის წევრებთანაც დაეძაბა ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია იეჰოვას შესახებ მეტის გაგება და სიცოცხლის ბოლომდე გაბედულად ემსახურებოდა მას. აარონის მსგავსად ჭეშმარიტებით რომ ვიაროთ, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ფასის გადასახდელად, თუნდაც ამან ჩვენს სოციალურ სტატუსზე ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა.

      13, 14. როგორ ცვლილებებს ვახდენთ აზროვნებასა და საქციელში ჭეშმარიტების გაგების შემდეგ? მოიყვანეთ მაგალითი.

      13 ღვთისთვის მიუღებელი აზროვნება და საქციელი. ჭეშმარიტება რომ გავითავისოთ და ბიბლიური ნორმების თანახმად ვიცხოვროთ, აზროვნებისა და ცხოვრების წესის შესაცვლელად უნდა ვიყოთ მზად. მოციქული პეტრე წერდა: „როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ, არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით“ (1 პეტ. 1:14, 15). ზნეობრივად გახრწნილ ქალაქ კორინთში ხალხს ჭეშმარიტების ყიდვა ცხოვრებაში დიდი ცვლილებების ფასად დაუჯდა (1 კორ. 6:9—11). მსგავსად, ჭეშმარიტების გულისთვის დღესაც ბევრი ამბობს ღვთისთვის მიუღებელ საქმეებზე უარს. პეტრემ მის დროს მცხოვრებ ქრისტიანებს შეახსენა: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 პეტ. 4:3).

      14 წლების მანძილზე დევინი და ჟასმინი ლოთები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დევინი კარგი ბუღალტერი იყო, სასმელზე დამოკიდებულების გამო სამსახურს ვერ ინარჩუნებდა. ჟასმინი აგრესიული და მოძალადე იყო. ერთხელ ის ქუჩაში მთვრალი მიდიოდა, როცა მისიონერ წყვილს შეხვდა. ისინი ბიბლიის შესწავლაზე შეთანხმდნენ. მომდევნო კვირას სახლში რომ მიაკითხეს, მისიონერებს ცოლიც და ქმარიც ნასვამები დახვდნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მისიონერები სახლში მიაკითხავდნენ. თუმცა მომდევნო ჯერზე მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. პირველივე გაკვეთილიდან ჟასმინმა და დევინმა გულმოდგინედ დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. სამი თვეც არ იყო გასული, რომ გადაწყვიტეს, მიეტოვებინათ სმა და დაეკანონებინათ თავიანთი ქორწინება. მათმა ამბავმა, რომელიც მთელ სოფელში გავრცელდა, ბევრი აღძრა ბიბლიის შესწავლის დასაწყებად.

      15. რა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფასური ჭეშმარიტების შესაძენად?

      15 არაბიბლიური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ჭეშმარიტების შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფასური შეიძლება არაბიბლიურ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა იყოს. ზოგს უადვილდება ამ ყველაფრის მიტოვება, მაგრამ სხვებს უჭირთ ამის გაკეთება, რადგან ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა თუ მეგობრების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. ზოგისთვის ეს შეიძლება ემოციებთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ესა თუ ის რიტუალი გარდაცვლილთათვის პატივის მიგებას უკავშირდება (კან. 14:1). გაბედულების მაგალითებმა შეიძლება საკუთარ თავშიც გვაპოვნინოს ძალა, რომ შევძლოთ საჭირო ცვლილებების მოხდენა. განვიხილოთ პირველ საუკუნეში მომხდარი შემთხვევა, რომელიც ეფესოში მცხოვრებ ხალხს ეხება.

      16. რა გაიღეს ეფესოელებმა ჭეშმარიტების საყიდლად?

      16 ეფესო ცნობილი იყო ჯადოქრობით. რა საფასური გადაიხადეს ჭეშმარიტების შესაძენად ახლად მოქცეულმა ქრისტიანებმა, რომლებიც ერთ დროს ჯადოქრობას მისდევდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა. ასე იზრდებოდა და ძლიერდებოდა იეჰოვას სიტყვა“ (საქ. 19:19, 20). საკმაოდ დიდ ფასად შეძენილმა ჭეშმარიტებამ ერთგულ ქრისტიანებს შეუფასებელი კურთხევები მოუტანა.

      17. ა) რის დათმობა შეიძლება მოგვიწიოს ჭეშმარიტების შესაძენად? ბ) რომელ კითხვებს გასცემს პასუხს მომდევნო სტატია?

      17 თქვენ რის გაღება მოგიწიათ ჭეშმარიტებისთვის? ყველამ გავიღეთ დრო, რათა ჭეშმარიტების ყვავილები მოგვეგროვებინა. ამასთან ერთად, ზოგმა უარი თქვა გამდიდრებასა და ახლობლებთან უწინდელ ურთიერთობაზე. სხვებმა შეიცვალეს აზროვნება და საქციელი და მიატოვეს არაბიბლიური ტრადიციები თუ წეს-ჩვეულებები. როგორც უნდა ყოფილიყო, დარწმუნებულები ვართ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების შესაძენად ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს. სანაცვლოდ ვიძენთ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და ღირებულია — იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას! როცა იმ კურთხევებზე ვფიქრობთ, რომლებიც ჭეშმარიტების გაგებამ მოგვიტანა, გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვინმემ მისი „გაყიდვა“ მოისურვოს. როგორ შეიძლება მოხდეს ეს და რა დაგვეხმარება, რომ ასეთი საშინელი შეცდომა არ დავუშვათ? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გასცემს.

  • „ვივლი შენი ჭეშმარიტებით“
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ნოემბერი
    • მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტებით დაიწყეს სიარული, წყვილმა არაბიბლიური დღესასწაულები, მატერიალური მისწრაფებები და არაჯანსაღი გართობა კარგი მეგობრებით, ქადაგებითა და ბიბლიის შესწავლით ჩაანაცვლა

      „ვივლი შენი ჭეშმარიტებით“

      „მასწავლე შენი გზა, იეჰოვა. ვივლი შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმ. 86:11).

      სიმღერები: 31, 72

      როგორ უპასუხებთ?

      • რატომ შეიძლება გაყიდოს ქრისტიანმა ჭეშმარიტება?

      • რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩამოვშორდეთ ან არ ავცდეთ ჭეშმარიტებას?

      • აღნიშნეთ სამი მხარე, რომლებიც განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, ვიაროთ ჭეშმარიტებით.

      1—3. ა) როგორ უნდა ვუყურებდეთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას? მოიყვანეთ მაგალითი. (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

      ნაყიდი ნივთის უკან დაბრუნება დღეს ჩვეულებრივი რამ არის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგ ქვეყანაში ხალხი მაღაზიაში ნაყიდი ნივთებიდან დაახლოებით 9 პროცენტს აბრუნებს უკან, ხოლო ინტერნეტით ნაყიდი ნივთებიდან — 30 პროცენტზე მეტს. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მყიდველს მოლოდინი არ გაუმართლდა, ნივთი დაზიანებული იყო ან უბრალოდ არ მოეწონა. ამიტომ ისინი ან ნივთის შეცვლას ითხოვენ, ან ფულის უკან დაბრუნებას.

      2 შეიძლება ნაყიდი ნივთის სანაცვლოდ თანხის დაბრუნება მოვითხოვოთ, მაგრამ არასდროს უნდა დავაბრუნოთ ან გავყიდოთ ბიბლიური „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“, რომელიც ერთ დროს ვიყიდეთ (წაიკითხეთ იგავების 23:23; 1 ტიმ. 2:4). როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ჭეშმარიტება იმ გაგებით ვიყიდეთ, რომ საკმაოდ ბევრი დრო მოვახმარეთ მის შესწავლას. გარდა ამისა, ჭეშმარიტების საყიდლად შეიძლება უარი ვთქვით შემოსავლიან კარიერაზე, მოგვიწია სხვებთან ურთიერთობის, საკუთარი აზროვნებისა თუ საქციელის შეცვლა და არაბიბლიურ ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა. თუმცა მიღებულ კურთხევებთან შედარებით გადახდილი საფასური ძალიან მცირეა.

      3 როცა საქმე ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეხება, ისეთივე გრძნობა გვეუფლება, როგორიც იესოს იგავში მოხსენიებულ მამაკაცს. იმის დასანახვებლად, თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება მათთვის, ვინც მას პოულობს, იესომ მოიყვანა დიდვაჭრის მაგალითი, რომელიც ეძებდა კარგ მარგალიტებს და იპოვა კიდეც. მარგალიტი იმდენად ძვირფასი იყო, რომ ვაჭარმა მის საყიდლად მაშინვე გაყიდა ყველაფერი, რაც კი ებადა (მათ. 13:45, 46). მსგავსად, ჩვენ მიერ ნაპოვნი ჭეშმარიტება, იქნება ეს ღვთის სამეფოსა თუ სხვა ბიბლიური სწავლებების შესახებ — იმდენად ძვირფასი გახდა, რომ მაშინვე მზადყოფნით გავიღეთ მსხვერპლი მის შესაძენად. თუ ყოველთვის დავაფასებთ ჭეშმარიტებას, არასდროს გავყიდით მას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ღვთის მსახურის თვალში ჭეშმარიტებამ იმდენად დაკარგა ფასი, რომ გაყიდეს კიდეც ის. ჩვენ არ გვინდა, ოდესმე ასეთი რამ დაგვემართოს! ყოველთვის რომ დავაფასოთ ჭეშმარიტება და არასდროს გავყიდოთ ის, ყურად უნდა ვიღოთ ბიბლიის მოწოდება და ვიაროთ ჭეშმარიტებაში (წაიკითხეთ 3 იოანეს 2—4). ჭეშმარიტებაში სიარული ნიშნავს, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ და ეს საქმეებით ვაჩვენოთ. განვიხილოთ შემდეგი კითხვები: რატომ და როგორ შეიძლება გაყიდოს ზოგმა ჭეშმარიტება? როგორ ავირიდოთ თავიდან ასეთი საშინელი შეცდომა? როგორ განვიმტკიცოთ გადაწყვეტილება, რომ ვიაროთ ჭეშმარიტებაში?

      რატომ და როგორ შეიძლება გაყიდოს ზოგმა ჭეშმარიტება?

      4. რატომ გაყიდა პირველ საუკუნეში ზოგმა ჭეშმარიტება?

      4 პირველ საუკუნეში ზოგმა, ვინც თავიდან დადებითად გამოეხმაურა იესოს სწავლებებს, აღარ განაგრძო ჭეშმარიტებაში სიარული. მაგალითად, მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულებრივად დააპურა დიდძალი ხალხი, ისინი მას გალილეის ზღვის გაღმა გაჰყვნენ. იესომ უთხრა მათ: „თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში“. ისინი გააოგნა ამის მოსმენამ და ნაცვლად იმისა, რომ ამ სიტყვების ახსნა ეთხოვათ, დაბრკოლდნენ და თქვეს: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“. შედეგად, „ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას“ (იოან. 6:53—66).

      5, 6. ა) რატომ ვერ რჩება ზოგი ჭეშმარიტებაში? ბ) როგორ შეიძლება ადამიანმა თანდათან დატოვოს ჭეშმარიტება?

      5 სამწუხაროდ, ზოგი ვერ დარჩა ჭეშმარიტებაში. ზოგიერთი დააბრკოლა ამა თუ იმ ბიბლიური მონაკვეთის ახლებურმა ახსნამ ან ცნობილი ძმების სიტყვებმა თუ საქციელმა. სხვებს ეწყინათ, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა მისცეს, ან იმის გამო მიატოვეს ჭეშმარიტება, რომ თანაქრისტიანთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ. ზოგი განდგომილებს ან მოწინააღმდეგეებს მიემხრო, რომლებიც უარყოფით შუქში წარმოაჩენენ ჩვენს სწავლებებს. შედეგად, ისინი შეგნებულად ჩამოშორდნენ იეჰოვას და კრებას (ებრ. 3:12—14). განა უკეთესი არ იქნებოდა, მოციქული პეტრეს მსგავსად რწმენა და იესოსადმი ნდობა შეენარჩუნებინათ?! როცა იესომ ჰკითხა მოციქულებს, მათაც ხომ არ უნდოდათ წასვლა, პეტრემ მაშინვე მიუგო: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:67—69).

      6 ზოგი თანდათანობით ისე ჩამოშორდა ჭეშმარიტებას, რომ შეიძლება ვერც კი გააცნობიერა. ასეთი ადამიანი ჰგავს ნავს, რომელიც შეუმჩნევლად შორდება მდინარის ნაპირს. ბიბლია ამგვარ ჩამოშორებას გზის აცდენას ადარებს (ებრ. 2:1). მათგან განსხვავებით, ვინც შეგნებულად ტოვებს ჭეშმარიტებას, გზასაცდენილი ადამიანები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. მაგრამ ასეთი ადამიანიც იფუჭებს იეჰოვასთან ურთიერთობას და შეიძლება საერთოდ დაკარგოს კიდეც ის. როგორ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ასეთი საშინელი შეცდომა?

      რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავყიდოთ ჭეშმარიტება?

      7. რა დაგვეხმარება, რომ არასდროს გავყიდოთ ჭეშმარიტება?

      7 ჭეშმარიტებით რომ ვიაროთ, იეჰოვას ყველა სიტყვას უნდა დავემორჩილოთ. ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ჭეშმარიტება უნდა დავაყენოთ და ბიბლიური პრინციპების თანახმად ვიცხოვროთ. მეფე დავითი ლოცვაში დაჰპირდა იეჰოვას: „ვივლი შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმ. 86:11). დავითის მსგავსად ჩვენც გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, რომ ღვთის ჭეშმარიტებით ვიაროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, შეიძლება იმაზე დავიწყოთ ფიქრი, რამდენად ღირდა ჭეშმარიტებისთვის ამხელა საფასურის გადახდა და შეიძლება რაღაც ნაწილის უკან დაბრუნების ცდუნება გაგვიჩნდეს. პირიქით, ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ საკითხზე გაგებულ ჭეშმარიტებას და გვესმის, რომ პირადი გადასაწყვეტი არ არის, რომელი ჭეშმარიტება მივიღოთ და რომელი არა. ჩვენ „ყოველ ჭეშმარიტებაში“ უნდა ვიაროთ (იოან. 16:13). დავფიქრდეთ, რა ხუთი რამ დავთმეთ ჭეშმარიტების შესაძენად. ეს განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ არასდროს გაგვიჩნდეს ცდუნება, თუნდაც ნაწილი დავიბრუნოთ იმ საფასურიდან, რაც ჭეშმარიტებისთვის გადავიხადეთ (მათ. 6:19).

      არაჯანსაღი გართობის ბიბლიის შესწავლით ჩანაცვლება

      8. როგორ შეიძლება დროის არაგონივრულად გამოყენებამ ქრისტიანი ჭეშმარიტების გზას ააცდინოს? მოიყვანეთ მაგალითი.

      8 დრო. ჭეშმარიტების გზას რომ არ ავცდეთ, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დრო. თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება გადაგვიყოლოს გართობამ, ჰობიმ, ინტერნეტში ხეტიალმა ან ტელევიზორის ყურებამ. მართალია, ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ასეთმა საქმეებმა შეიძლება თანდათან პირადი შესწავლისთვის ან სხვა სულიერი საქმეებისთვის გამოყოფილი დროც წაგვართვას. განვიხილოთ ერთი ქრისტიანი დის, ემასa შემთხვევა. ემა ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო ცხენებით. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, ცხენით ჯირითობდა. გარკვეული ხნის შემდეგ ის სინდისმა შეაწუხა, რომ ამდენ დროს უთმობდა თავის ჰობის. ემამ ცვლილებები მოახდინა და გართობას თავისი ადგილი მიუჩინა. ის აგრეთვე გაამხნევა კორი უელსის შემთხვევამ, რომელიც ადრე როდეოზე გამოდიოდა და ცხენზე ილეთებს ასრულებდა.b ემა დღეს უფრო მეტ დროს უთმობს სულიერ საკითხებს და ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, რომლებიც იეჰოვას ემსახურებიან. მას იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს და ბედნიერია, რომ დროს გონივრულად იყენებს.

      მატერიალური მისწრაფებების ქადაგებით ჩანაცვლება

      9. როგორ შეიძლება მატერიალურმა ჩვენს გულში სულიერის ადგილი დაიკავოს?

      9 მატერიალური სახსრები. თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, მატერიალურ ნივთებს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მატერიალური ნივთები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი გახდა და მისი ადგილი სულიერმა საკითხებმა დაიკავა. ბედნიერები ვიყავით, რომ შეგვეძლო ჭეშმარიტებისთვის მატერიალური მსხვერპლი გაგვეღო. თუმცა დროის სვლასთან ერთად შეიძლება შევნიშნოთ, რომ სხვები უახლესი მოდელის ელექტრონულ მოწყობილობებს ყიდულობენ ან სხვა მატერიალური კეთილდღეობით ხარობენ. შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ რაღაც გვაკლია და აღარ დავკმაყოფილდეთ მცირედით. ამ დროს არსებობს საშიშროება, რომ მატერიალური ნივთების შეძენამ სულიერი მიზნები შეიწიროს. ეს გვახსენებს დემასის შემთხვევას. „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა“ და მიატოვა პავლე მოციქულთან ერთად მსახურება (2 ტიმ. 4:10). რატომ მიატოვა დემასმა პავლე? ბიბლია არ აკონკრეტებს, სულიერ საქმეებზე მეტად მატერიალური ნივთები შეიყვარა თუ უბრალოდ აღარ უნდოდა მსხვერპლის გაღება და პავლეს გვერდით მსახურება. ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენში მატერიალური ნივთების სიყვარულმა გაიღვიძოს და ჩვენს გულში ჭეშმარიტების ადგილი დაიკავოს.

      10. რა ზეწოლას უნდა შევეწინააღმდეგოთ, რომ ჭეშმარიტებაში ვიაროთ?

      10 სხვებთან ურთიერთობა. ჭეშმარიტების გზით სიარული რომ განვაგრძოთ, არ უნდა დავუშვათ, რომ სხვების გავლენაში მოვექცეთ. როცა ჭეშმარიტებაში სიარული დავიწყეთ, ამან იმ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე იმოქმედა, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ზოგი ტოლერანტულად იყო განწყობილი, სხვები კი პირდაპირ გვეწინააღმდეგებოდნენ (1 პეტ. 4:4). ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს ოჯახის წევრებთან და ვასიამოვნოთ მათ, თუმცა უნდა ვიფრთხილოთ, რომ კომპრომისზე არ წავიდეთ. ჩვენ კვლავაც ვეცდებით, რომ თბილად მოვეპყროთ ოჯახის წევრებს. 1 კორინთელების 15:33-ე მუხლი გვაფრთხილებს, რომ მხოლოდ მათთან ვიმეგობროთ, ვისაც იეჰოვა უყვარს.

      11. როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ ღვთისთვის მიუღებელ საქციელს?

      11 ღვთისთვის მიუღებელი აზროვნება და საქციელი. ყველა, ვინც ჭეშმარიტებაში დადის, წმინდა უნდა იყოს (ეს. 35:8; წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:14—16). როცა ჭეშმარიტება გავიგეთ, თითოეულს მოგვიწია გარკვეული ცვლილებების მოხდენა, რათა ბიბლიის სამართლიანი ნორმების თანახმად გვეცხოვრა. ზოგმა რადიკალური ცვლილებები მოახდინა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არასდროს უნდა გავცვალოთ ჩვენი სიწმინდე ქვეყნიერების უზნეობასა და სიბინძურეში. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან უზნეო საქციელი? იფიქრეთ იმაზე, რამხელა ფასი გადაიხადა იეჰოვამ იმისთვის, რომ ჩვენ წმინდები ვყოფილიყავით — მან თავისი ძის, იესო ქრისტეს ძვირფასი სიცოცხლე გაიღო (1 პეტ. 1:18, 19). იეჰოვას წინაშე რომ წმინდები დავრჩეთ, მთელი გულითა და გონებით უნდა დავაფასოთ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი.

      არაბიბლიური დღესასწაულების კარგი მეგობრებით ჩანაცვლება

      12, 13. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, იეჰოვას თვალსაზრისი შევინარჩუნოთ დღესასწაულებთან დაკავშირებით? ბ) რას განვიხილავთ?

      12 არაბიბლიური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ოჯახის წევრებმა, თანამშრომლებმა და კლასელებმა შეიძლება გვთხოვონ, რომ მათთან ერთად აღვნიშნოთ დღესასწაულები. როგორ გავუძლოთ ზეწოლას, რომ მონაწილეობა არ მივიღოთ იეჰოვას შეურაცხმყოფელ დღესასწაულებსა და არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებში? შეგვიძლია ჩვენი პუბლიკაციებიდან ის სტატიები წავიკითხოთ, რომლებიც პოპულარული დღესასწაულების დასაბამზე საუბრობს. როცა საკუთარ თავს ბიბლიურ მიზეზებს ვახსენებთ, თუ რატომ არ აღვნიშნავთ ასეთ დღესასწაულებს, ვრწმუნდებით, რომ უფლისთვის მოსაწონი გზით დავდივართ (ეფეს. 5:10). იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობა დაგვეხმარება, რომ „ხალხის წინაშე“ არ ვიკანკალოთ (იგავ. 29:25).

      13 ჭეშმარიტებაში სიარული მუდმივი პროცესია და გვსურს, რომ მთელი მარადიულობა ამ გზაზე დავრჩეთ. რა განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ ვიაროთ ჭეშმარიტებით? განვიხილოთ სამი მხარე.

      მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, იაროთ ჭეშმარიტებით

      14. ა) როგორ განგვიმტკიცებს ბიბლიის რეგულარული შესწავლა გადაწყვეტილებას, რომ არასდროს გავყიდოთ ჭეშმარიტება? ბ) რატომ გვჭირდება სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი?

      14 პირველი, განაგრძეთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების შესწავლა და მასზე ფიქრი. ჭეშმარიტების საყიდლად საჭიროა რეგულარულად გამოვყოთ დრო, რომ ღვთის სიტყვით ვიკვებოთ. ეს გაგვიღრმავებს მადლიერებას ჭეშმარიტების მიმართ და განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ არასდროს გავყიდოთ ის. იგავების 23:23 მოგვიწოდებს, რომ ჭეშმარიტების გარდა, ვიყიდოთ „სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი“. მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. ჭეშმარიტებამ ჩვენს ცხოვრებაზე უნდა მოახდინოს გავლენა. გაგების უნარი გვეხმარება, ახლად მიღებული ინფორმაცია დავუკავშიროთ იმას, რაც უკვე ვიცით. სიბრძნე გვეხმარება, ნასწავლის თანახმად ვიმოქმედოთ. დროდადრო ჭეშმარიტება გვარიგებს და გვანახვებს, რაში გვჭირდება გამოსწორება. მოდი ნურასდროს წავუყრუებთ ასეთ ხელმძღვანელობას, რადგან, როგორც იგავების 8:10-დან ვიგებთ, დარიგება ვერცხლზე გაცილებით ძვირფასია.

      15. როგორ გვიცავს ჭეშმარიტების სარტყელი?

      15 მეორე, მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ ყოველდღე ჭეშმარიტების თანახმად იცხოვროთ. მუდამ ატარეთ ჭეშმარიტების სარტყელი (ეფეს. 6:14). ბიბლიურ დროში სარტყელი ამაგრებდა და იცავდა მეომრის წელსა და შინაგან ორგანოებს. ამისათვის საჭირო იყო, რომ ის მჭიდროდ შემოერტყათ. მოშვებული სარტყელი დიდ დახმარებას ვერ გაუწევდა მეომარს. ჩვენ როგორ გვიცავს ჭეშმარიტების სარტყელი? თუ მჭიდროდ შემოვირტყამთ მას, ჭეშმარიტება დაგვიცავს, არ გავიზიაროთ მცდარი შეხედულებები და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ. განსაცდელებისა თუ ცდუნებების დროს ბიბლიური ჭეშმარიტება სწორად მოქცევაში დაგვეხმარება. მეომარს არასდროს მოუვიდოდა აზრად, რომ ბრძოლის ველზე სარტყლის გარეშე გასულიყო. მსგავსად, ჩვენც მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყოველთვის მჭიდროდ გვეკეთოს ჭეშმარიტების სარტყელი და არასდროს მოვიხსნათ ის. ნაცვლად ამისა, ჩვენ ჭეშმარიტების თანახმად ვცხოვრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ „გვეკეთოს“ ის. მეომარს სარტყელი იმ მხრივაც ადგებოდა, რომ მასზე მოხერხებულად ეკიდა მახვილი. ამას მივყავართ მესამე მხარემდე, რომელიც გვეხმარება, ჭეშმარიტებით სიარული მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი.

      16. როგორ გვეხმარება სხვებისთვის სწავლება ჭეშმარიტებით სიარულში?

      16 მესამე, შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მონაწილეობა მიიღეთ სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაში. ეს დაგეხმარებათ, მყარად გეჭიროთ სულიერი მახვილი, ღვთის სიტყვა (ეფეს. 6:17). ყველას შეგვიძლია, გავუმჯობესდეთ როგორც მასწავლებლები და სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა (2 ტიმ. 2:15). როცა ბიბლიის მეშვეობით სხვებს ვეხმარებით ჭეშმარიტების ყიდვასა და არასწორი შეხედულებების მოშორებაში, ჩვენც ვიმარხავთ ღვთის სიტყვებს გულსა და გონებაში. ეს კი, თავის მხრივ, გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, კვლავაც ვიაროთ ჭეშმარიტებაში.

      ჭეშმარიტება

      ისწავლეთ, იცხოვრეთ მის თანახმად და სხვებსაც ასწავლეთ. (იხილეთ აბზაცები 14—16)

      17. რატომ არის ჭეშმარიტება თქვენთვის ძვირფასი?

      17 ჭეშმარიტება ძვირფასი ძღვენია იეჰოვასგან. სწორედ მისი საშუალებით გვაქვს ახლო ურთიერთობა ჩვენს ზეციერ მამასთან, რასაც ვერაფერი შეედრება. რაც მან დღემდე გვასწავლა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ღმერთი მარადიულობის განმავლობაში არაერთ ჭეშმარიტებას გაგვიმჟღავნებს. ამიტომ ისევე დააფასეთ ის, როგორც დიდვაჭარი აფასებდა კარგ მარგალიტს! კვლავაც იყიდეთ ჭეშმარიტება და ნუ გაყიდით მას! მაშინ დავითის მსგავსად თქვენც შეასრულებთ იეჰოვასთვის მიცემულ პირობას: „ვივლი შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმ. 86:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება