წიგნი, რომელიც „ცოცხალ“ ენებზე ლაპარაკობს
თუ ენა, რომელზეც წიგნი დაიწერა, კვდება, ფაქტობრივად, წიგნიც კვდება. დღეს ძალიან ცოტას თუ შეუძლია იმ ძველ ენებზე კითხვა, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. მაგრამ ეს წიგნი მაინც ცოცხალია. ის გადარჩა, რადგან კაცობრიობის ცოცხალ ენებზე „ისწავლა ლაპარაკი“. მთარგმნელები, რომლებმაც მას სხვა ენებზე „ლაპარაკი“ ასწავლეს, ზოგჯერ, ერთი შეხედვით, გადაულახავ დაბრკოლებებს აწყდებოდნენ.
ბიბლიის თარგმნა — მისი 1100-ზე მეტი თავითა და 31000-ზე მეტი მუხლით — მნიშვნელოვანი ამოცანაა. მაგრამ თავდადებული მთარგმნელები საუკუნეების მანძილზე ამ საქმეს სიხარულით იღებდნენ საკუთარ თავზე. მრავალი მათგანი მზად იყო, ამ საქმისთვის უამრავი სიძნელე მოეთმინა და მომკვდარიყო კიდეც. ის ფაქტი, თუ როგორ ხდებოდა ბიბლიის თარგმნა სხვადასხვა ენებზე, შეუპოვრობისა და სიმარჯვის ღირსშესანიშნავ ისტორიულ ცნობას წარმოადგენს. განვიხილოთ ამ საყურადღებო ფაქტებიდან რამდენიმე.
სიძნელეები, რომლებიც მთარგმნელებს ჰქონდათ
როგორ გადათარგმნიდი წიგნს ენაზე, რომელსაც არა აქვს დამწერლობა? ბიბლიის მრავალი მთარგმნელი ზუსტად ასეთ პრობლემას წააწყდა. მაგალითად, ახ. წ. მე-4 საუკუნეში მცხოვრებმა ულფილამ გადაწყვიტა ბიბლიის თარგმნა იმ დროის ენაზე, გოტიკურზე, რომელსაც არ ჰქონდა დამწერლობა. ულფილამ ეს პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ გამოიგონა 27 ასოსაგან შემდგარი გოტიკური ანბანი, რომელიც ძირითადად ბერძნულ და ლათინურ ანბანებზე დააფუძნა. თითქმის მთლიანი ბიბლიის თარგმანი გოტიკურ ენაზე მან ახ. წ. 381 წლამდე დაასრულა.
ახ. წ. მეცხრე საუკუნეში ბერძნულად მოლაპარაკე ძმებმა, კირილემ (თავდაპირველად კონსტანტინე ერქვა) და მეთოდემ, გამოჩენილმა სწავლულებმა და ენათმცოდნეებმა, მოისურვეს ბიბლიის თარგმნა სლავურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის. მაგრამ სლავურ ენას, რომელიც დღევანდელი სლავური ენების წინამორბედი იყო, არ ჰქონდა დამწერლობა. ამიტომ ამ ორმა ძმამ ბიბლიის სათარგმნელად ანბანი გამოიგონა. მაშასადამე, იმ დროს ბიბლიას შეეძლო „დალაპარაკებოდა“ უფრო მეტ ადამიანს, რომლებიც სლავურ სამყაროში ცხოვრობდნენ.
მე-16 საუკუნეში უილიამ ტინდალმა გადაწყვიტა ბიბლიის თარგმნა ორიგინალის ენებიდან ინგლისურზე, მაგრამ სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა ეკლესიისა და სახელმწიფოს მხრიდან. ტინდალს, რომელმაც განათლება ოქსფორდში მიიღო, ისეთი თარგმანის გაკეთება სურდა, რომელსაც ‘გუთანზე მომუშავე ბიჭუნაც’ კი გაიგებდა1. მაგრამ ამის განსახორციელებლად მას გერმანიაში გაქცევა მოუწია, სადაც 1526 წელს მისი ნათარგმნი ინგლისური „ახალი აღთქმა“ დაიბეჭდა. როცა ეგზემპლარები კონტრაბანდით შეიტანეს ინგლისში, მთავრობა ისე განრისხდა, რომ მათი საჯაროდ დაწვაც კი დაიწყო. მოგვიანებით ტინდალი გასცეს. სანამ დაახრჩობდნენ და მის სხეულს ცეცხლს მისცემდნენ, მან ხმამაღლა წამოიძახა შემდეგი სიტყვები: „უფალო, აუხილე თვალები ინგლისის მეფეს!“2
ბიბლიის თარგმნა გაგრძელდა; მთარგმნელებს რა გააჩერებდა. თუ მთლიანმა ბიბლიამ არა, მისმა ნაწილებმა მაინც „ისწავლეს ლაპარაკი“ 68 ენაზე 1800 წლისთვის. შემდეგ, ბიბლიური საზოგადოებების, განსაკუთრებით „ბრიტანული და საზღვარგარეთული ბიბლიური საზოგადოების“ დაფუძნებისას, რაც 1804 წელს მოხდა, ბიბლიამ სწრაფად „ისწავლა“ უფრო მეტი ახალი ენა. ასობით ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი სურვილით მიეშურებოდა საზღვარგარეთ მისიონერად — მრავალ მათგანს, ძირითადად, ბიბლიის თარგმნა ჰქონდა დასახული მიზნად.
აფრიკული ენების სწავლა
აფრიკაში 1800 წელს ათიოდე ენას თუ ჰქონდა დამწერლობა. ასობით სხვა სალაპარაკო ენას კი ლოდინი მოუწია, ვიდრე ვიღაცამ წერითი სისტემა არ გამოიგონა. მისიონერები ჩავიდნენ და ენის შესასწავლი სახელმძღვანელოებისა და ლექსიკონების გარეშე შეისწავლეს ენები. შემდეგ შეიმუშავეს დამწერლობა და ასწავლეს ხალხს ამ დამწერლობის კითხვა. ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხალხს საკუთარ ენაზე წაეკითხა ბიბლია3.
ერთ-ერთი ასეთი მისიონერი იყო შოტლანდიელი რობერტ მოფატი. 1821 წელს, 25 წლის ასაკში, მოფატი ამ მისიით სამხრეთ აფრიკაში წავიდა ჩუანა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან. მათი ენა რომ ესწავლა, რომელსაც დამწერლობა არ ჰქონდა, ის ძალიან დაუახლოვდა ხალხს, ზოგჯერ მათთან საცხოვრებლად მიემგზავრებოდა მათი დასახლების შიდა ადგილებში. მოგვიანებით მან დაწერა: „ეს გულითადი ხალხი იყო და ენაში ჩემი უხეში შეცდომები მრავალის სიცილ-ხარხარს იწვევდა. სიტყვას ან წინადადებას მანამდე არ შემისწორებდნენ, სანამ ვინმე არ გამაჯავრებდა, თან ისე ზუსტად, რომ სხვებს გაცინებოდათ“4. მოფატი შეუპოვარი იყო და ბოლოს კარგად აითვისა ენა, რომლისთვისაც დამწერლობა შეიმუშავა.
ჩუანურ ენაზე რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, 1829 წელს, მოფატმა ლუკას სახარების თარგმნა დაასრულა. მის დასაბეჭდად მან 960 კილომეტრი ხარით შებმულ ურემზე იმგზავრა სანაპირომდე და კეიპტაუნში მიმავალ გემში ჩაჯდა. იქ გუბერნატორმა ნება დართო, გამოეყენებინა სამთავრობო სტამბა, მაგრამ მოფატს თვითონ მოუწია შრიფტის აწყობაც და დაბეჭდვაც, რის შემდეგაც, საბოლოოდ, 1 830 წელს, გამოსცა სახარება. ცხოვრებაში პირველად ხალხმა შეძლო ბიბლიის ნაწილის წაკითხვა მშობლიურ ჩუანა ენაზე. 1857 წელს მოფატმა ჩუანა ენაზე მთლიანი ბიბლიის თარგმნა დაასრულა.
მოგვიანებით მოფატმა აღწერა ჩუანა ხალხის რეაქცია, როცა ლუკას სახარება პირველად გახდა მათთვის ხელმისაწვდომი. მან თქვა: «მე გავიცანი პიროვნებები, რომლებმაც წმ. ლუკას სახარების შესაძენად ასობით კილომეტრი გაიარეს. . . მე ვუყურებდი მათ, როცა წმ. ლუკას სახარების ნაწილებს იღებდნენ, როგორ ტიროდნენ, როგორ იხუტებდნენ გულში და მადლიერების ცრემლებს ღვრიდნენ, სანამ რამდენიმე მათგანს არ ვეტყოდი: „ცრემლებით თქვენს წიგნებს გააფუჭებთ“»5.
მოფატის მსგავსად თავდადებულმა მთარგმნელებმა ამგვარად მისცეს წერილობითი ურთიერთობის პირველი შესაძლებლობა მრავალ აფრიკელს, რომელთაგან უმეტესობა ვერ ხედავდა იმის აუცილებლობას, რომ ენაში დამწერლობა იყო საჭირო. თუმცა მთარგმნელებს სწამდათ, რომ აძლევდნენ აფრიკელ ხალხს უძვირფასეს საჩუქარს — ბიბლიას მათ მშობლიურ ენაზე. დღესდღეობით ბიბლია, მთლიანობაში თუ ნაწილობრივ, 600-ზე მეტ აფრიკულ ენაზე „ლაპარაკობს“.
აზიური ენების სწავლა
იმ დროს, როცა აფრიკაში მყოფი მთარგმნელები წვალობდნენ, რომ სალაპარაკო ენებისთვის დამწერლობა გამოეგონებინათ, მსოფლიოს მეორე მხარეს სხვა მთარგმნელები წააწყდნენ სულ სხვანაირ სიძნელეს — თარგმნას ისეთ ენებზე, რომლებსაც უკვე ჰქონდათ რთული დამწერლობა. ასეთ პრობლემას გადაეყარნენ ისინი, ვინც ბიბლიას აზიურ ენებზე თარგმნიდნენ.
მე-19 საუკუნის დასაწყისში უილიამ კარეი და ჯოშუა მარშმენი ინდოეთში ჩავიდნენ და მრავალი ენა აითვისეს მათი დამწერლობითურთ. მესტამბე უილიამ უორდის წყალობით მათ დაახლოებით 40 ენაზე გამოაქვეყნეს ბიბლიის ნაწილების თარგმანები6. უილიამ კარეიზე მწერალმა ჯ. ჰერბერტ კეინმა თქვა: „მან შექმნა [ბენგალური ენის] ძალიან ლამაზი, ადვილი სასაუბრო სტილი, რომელმაც ძველი კლასიკური ფორმა შეცვალა და ამის შედეგად ენა უფრო გასაგები და მიმზიდველი გახდა თანამედროვე მკითხველისთვის“7.
ადონირამ ჯუდსონი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და გაიზარდა, ბირმაში გაემგზავრა და 1817 წელს დაიწყო ბიბლიის თარგმნა ბირმულ ენაზე. იმის აღწერისას, თუ რამდენად ძნელი იყო აღმოსავლური ენის ათვისება იმ დონემდე, რომელიც ბიბლიის თარგმნისთვის იყო საჭირო, მან დაწერა: ‘როცა ვსწავლობთ ენას, რომელზეც დედამიწის მეორე მხარეს მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს, რომელთა აზრებიც, ჩვენგან განსხვავებით, სულ სხვა მიმართულებით მიედინება, რომელთა გამოთქმების სტილი ამის გამო სრულებით ახალია ჩვენთვის და მათ ასოებსა და სიტყვებს მცირე მსგავსებაც კი არა აქვს რომელიმე ენასთან, რომელიც კი შეგვხვედრია; როცა არა გვაქვს ლექსიკონი ან არა გვყავს თარჯიმანი და ამ ენაში რამე მაინც უნდა ვიცოდეთ, სანამ მზად ვიქნებით ადგილობრივი მასწავლებლის დახმარების მისაღებად — აი, ეს ნიშნავს შრომას!“8
ჯუდსონის შემთხვევაში ეს ნიშნავდა გულმოდგინე შრომის დაახლოებით 18 წელს. ბიბლიის ბოლო ნაწილი ბირმულ ენაზე დაიბეჭდა 1835 წელს. მაგრამ ბირმაში ყოფნა მას ძვირი დაუჯდა. თარგმანზე მუშაობის დროს მას ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და იმ დროიდან დაახლოებით ორი წელიწადი კოღოებით სავსე ციხეში დაჰყო. გათავისუფლებიდან მცირე ხნის შემდეგ მას ცოლი და ახალგაზრდა ქალიშვილი დაეღუპა ციებ-ცხელებისგან.
როცა 25 წლის რობერტ მორისონი 1807 წელს ჩინეთში ჩავიდა, მან იტვირთა ძალიან მძიმე საქმე — ბიბლიის თარგმნა ჩინურ ენაზე, რომელიც ურთულეს ენას წარმოადგენს. ჩინური ენა მან ცუდად იცოდა, მისი სწავლა კი იქ ჩასვლამდე ორი წლით ადრე დაიწყო. მორისონს აგრეთვე ჩინურ კანონებთან მოუწია ბრძოლა, რომლებიც გამიზნული იყო ჩინეთის იზოლირებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. სიკვდილით დასჯის მუქარით ჩინელებს ეკრძალებოდათ, უცხოელებისთვის ესწავლებინათ ენა. უცხოელისთვის ბიბლიის ჩინურ ენაზე თარგმნა სასიკვდილო დანაშაული იყო.
უშიშარმა, მაგრამ ფრთხილმა მორისონმა განაგრძო ენის შესწავლა და მალეც ისწავლა. ორ წელიწადში იშოვა მთარგმნელის სამუშაო აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიაში. დღის განმავლობაში, როცა კომპანიისთვის მუშაობდა, ფარულად და მხილების გამუდმებული შიშით ის ბიბლიის თარგმანზეც მუშაობდა. ჩინეთში ჩამოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ, 1814 წელს, მას მზად ჰქონდა დასაბეჭდად ქრისტიანულ-ბერძნული წერილები9. ხუთი წლის შემდეგ უილიამ მილნეს დახმარებით მან ებრაული წერილები დაასრულა.
ეს უზარმაზარი მიღწევა იყო — ახლა ბიბლიას შეეძლო ისეთ ენაზე „ლაპარაკი“, რომელსაც, მსოფლიოს სხვა ენებთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი იყენებდა. უნარიანი მთარგმნელების წყალობით ამას მოჰყვა სხვა თარგმანები აზიურ ენებზე. დღეს ბიბლიის ნაწილები ხელმისაწვდომია აზიის 500-ზე მეტ ენაზე.
რატომ შრომობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიცაა: ტინდალი, მოფატი, ჯუდსონი და მორისონი წლების მანძილზე და ზოგი მათგანი სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში, რომ ეთარგმნა წიგნი ხალხისთვის, რომელსაც არ იცნობდა, და ზოგ შემთხვევაში, ხალხისთვის, რომელსაც დამწერლობა არ ჰქონდა? რა თქმა უნდა, არა თვითგანდიდებისა და ფინანსური მოგების მიზნით. მათ სწამდათ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და რომ ის უნდა „ელაპარაკებოდეს“ ხალხს — ყველა ადამიანს — მათ მშობლიურ ენაზე.
მიუხედავად იმისა, გწამთ თუ არა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, ალბათ, დაეთანხმებით, რომ ამ თავდადებული მთარგმნელების მიერ გამოვლენილი თავგანწირვის სული ძალიან იშვიათი რამეა დღევანდელ მსოფლიოში. ნუთუ ასეთი უანგარობის სულის ჩამნერგავი წიგნი არ იმსახურებს გამოკვლევას?
[ცხრილი 12 გვერდზე]
(ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში)
ენათა რაოდენობა, რომლებზეც 1800 წლიდან მოყოლებული დაიბეჭდა ბიბლიის ნაწილები
68 107 171 269 367 522 729 971 1199 1762 2123
1800 1900 1995
[სურათი 10 გვერდზე]
ტინდალი თარგმნის ბიბლიას.
[სურათი 11 გვერდზე]
რობერტ მოფატი.
[სურათი 12 გვერდზე]
ადონირამ ჯუდსონი.
[სურათი 13 გვერდზე]
რობერტ მორისონი.