-
ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი მეთოდიგამოიღვიძეთ! — 1999 | ივნისი 8
-
-
ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი მეთოდი
ტუბერკულოზი (ტბ) ადამიანის მკვლელი უძველესი ინფექციური დაავადებაა. ის ჯანმრთელობას ჯერაც იმხელა საფრთხეს უქმნის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯმო) მას შენელებული მოქმედების ბომბს ადარებს. „დრო ცოტა გვაქვს“, — გვაფრთხილებს ჯმო ტბ-თან დაკავშირებით. თუ კაცობრიობა ამ ბომბს არ განმუხტავს, შეიძლება წამლებისადმი რეზისტენტული ისეთი დაავადების წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც „ჰაერით ვრცელდება და პრაქტიკულად ისეთივე უკურნებელია, როგორც შიდს-ი“. დროა, მოგვიწოდებს ჯმო, თვალებში შევხედოთ ტბ-ის გამანადგურებელ პოტენციალს. „საჭიროა უოლ სტრიტიდან ჩინეთის დიდ კედლამდე ყველამ, ვინც ატმოსფეროს ჰაერით სუნთქავს . . . იფიქროს ამ საფრთხეზე“.
აზვიადებენ? სულაც არა. წარმოიდგინეთ, რამხელა საფრთხე დაემუქრება მსოფლიოს, თუ დაავადება კონტროლს აღარ დაექვემდებარება. ათ წელიწადში ის დაახლოებით იმდენსავე ადამიანს მოსპობს, რამდენსაც მთელი კანადის მოსახლეობა შეადგენს! შეიძლება ეს არარეალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ საფრთხე ნამდვილად არსებობს. მთელ მსოფლიოში ტბ უფრო მეტს ხოცავს, ვიდრე შიდს-ი, მალარია და ტროპიკული დაავადებები ერთად; ტუბერკულოზით ყოველდღიურად 8 000 ადამიანი კვდება. ამჟამად დაახლოებით 20 მილიონს აქვს ტბ-ის აქტიური ფორმა. ათი წლის შემდეგ კი ამ დაავადებით დაახლოებით 30 მილიონი მოკვდება. ეს ციფრი კანადის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება (იხილეთ ჩარჩო „ტბ-ის მარწუხებში“, გვერდი 22).
-
-
ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი მეთოდიგამოიღვიძეთ! — 1999 | ივნისი 8
-
-
კვლავ რატომ იფეთქა?
ტუბერკულოზის (ტბ) სამკურნალო პრეპარატები ორმოციოდე წლის წინათ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ტბ-ისგან 120 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. წელს კი ეს დაავადება, ალბათ, 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. მაშ, რატომ კვდება ტუბერკულოზით დღეს ამდენი ადამიანი, როცა მისი მკურნალობა შესაძლებელია? სამი ძირითადი მიზეზის: იგნორირების, აივ/შიდს-ისა და ტბ-ის წამლებისადმი რეზისტენტობის გამო.
იგნორირება. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ისეთი ინფექციური დაავადებებისკენ, როგორიც არის შიდს-ი და ებოლა. მაგრამ 1995 წელს ებოლით გარდაცვლილ ყოველ ერთ ადამიანზე ტუბერკულოზით დაღუპული 12 000 ადამიანი მოდიოდა. ფაქტობრივად, ტბ განვითარებად ქვეყნებში ისეა გავრცელებული, რომ ამ დაავადების არსებობას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ. ტბ მდიდარ ქვეყნებშიც ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ უხვად არის წამლები, რომლებიც ამ დაავადებას განკურნავდა, ისინი თაროებზე უსარგებლოდ ყრია. ასეთი საყოველთაო იგნორირება დამღუპველი შეცდომა აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ტბ-ს მთელი მსოფლიო ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მისი ბაცილები უფრო ძლიერდებოდნენ. დღეს კი ისინი უფრო მეტ ადამიანს უტევენ და უფრო მეტ ქვეყანაში, ვიდრე ეს ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა.
აივ/შიდს-ი. ტბ აივ-ისა და შიდს-ის თანამგზავრია. როცა ადამიანი ინფიცირდება აივ-ით, რომელიც იმუნურ სისტემას აქვეითებს, მისი ტბ-ით დაავადების რისკი 30-ჯერ იზრდება. გასაკვირი არ არის, რომ დღეს მსოფლიოში აივ-ის ეპიდემიამ პარალელურად ტბ-ით დაავადებულთა რიცხვის ზრდაც გამოიწვია. 1997 წლის მონაცემებით ტუბერკულოზით 266 000 აივ-ით დაინფიცირებული გარდაიცვალა. „ესენი არიან კაცები და ქალები, რომლებმაც არ გამოიყენეს არცთუ ისე ძვირი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები, რომლებიც მათთვის აუცილებელი იყო“, — ამბობს პიტერ პიო, გაეროს აივ/შიდს-თან დაკავშირებული ერთობლივი პროგრამის ხელმძღვანელი.
წამლებისადმი რეზისტენტული ტბ. საერთოდ ადამიანის მიერ შექმნილი ანტიბიოტიკური არსენალისადმი მდგრადი „სუპერმიკრობები“ სამეცნიერო ფანტასტიკის საგანია, მაგრამ ტბ-ის შემთხვევაში ეს რეალობაა. შესაძლებელია, დღეს უკვე 50 მილიონზე მეტი ადამიანი იყოს წამლებისადმი რეზისტენტული ტბ-ით დაინფიცირებული. ტბ-ით დაავადებულები რამდენიმე კვირაში მედიკამენტების მიღებას წყვეტენ, რადგან თავს უკეთესად გრძნობენ, ან წამლები უმთავრდებათ, ან რცხვენიათ, რომ ეს დაავადება სჭირთ, ამის გამო მათ სხეულში არ ხდება ყველა არსებული ბაცილის დახოცვა. მაგალითად, ერთ აზიურ ქვეყანაში ტბ-ით დაავადებული ყოველი 3 პაციენტიდან 2 დროზე ადრე წყვეტს მკურნალობას. როცა დაავადება კვლავ შეუბრუნდება ავადმყოფს, მისი მკურნალობა შედარებით რთულია, რადგან გადარჩენილი ბაქტერიები, რომლებიც შეტევაზე გადმოდიან, ყველა არსებულ ანტიტუბერკულოზურ საშუალებას იგერიებენ. შედეგად, პაციენტს უვითარდება ტბ-ის ისეთი ფორმა, რომლისგანაც ვერც თვითონ განიკურნება და ვერც მისგან დაინფიცირებულები. რადგან ეს წამლებისადმი რეზისტენტული სასიკვდილო დაავადება ჯერ კიდევ მძვინვარებს, ჩვენ კვლავ სერიოზული კითხვის წინაშე ვდგავართ: შეძლებს ადამიანი ამ სენის „მოთოკვას“?
[ჩარჩო 22 გვერდზე]
ტუბერკულოზის მარწუხებში
წლითი-წლობით ტუბერკულოზის (ტბ) ეპიდემია უფრო და უფრო იზრდება; მისი განკურნებაც უფრო ძვირი ჯდება და დაავადებაც უფრო მომაკვდინებელი ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეკრებილი ცნობები ამ ჩუმი მკვლელის გავრცელების ფაქტს ცხადყოფს. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: „პაკისტანში ტუბერკულოზს ვერ სძლიეს“. „ტუბერკულოზი უფრო დიდი მძვინვარებით დაბრუნდა ტაილანდში“. „დღეს ბრაზილიაში ტუბერკულოზი დაავადებისა და სიკვდილის უმთავრესი მიზეზია“. „ტუბერკულოზს მექსიკა კვლავ მძლავრ მარწუხებში ჰყავს მოქცეული“. რუსეთში „ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“. ეთიოპიაში „ტუბერკულოზი მძვინვარებს“. „სამხრეთ აფრიკაში ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს წერტილს აღწევს“.
თუმცა ტუბერკულოზით დაავადებული ყოველი 100 პაციენტიდან 95 ღარიბი ქვეყნებიდან არის, მის მარწუხებს ვერც მდიდარი ქვეყნები აღწევენ თავს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ ცნობაში აღნიშნული იყო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში იქ მკვეთრად გაიზარდა ტბ-ით დაავადების შემთხვევები. ამერიკელი ჟურნალისტი ვალერი გარტსეფი აღნიშნავს, რომ ტბ „კიდევ ერთხელ დაბრუნდა ამერიკელებზე სანადიროდ“. ნიდერლანდების ტბ-ის სამეფო ასოციაციის დირექტორმა, დ-რ იაპ ბრუკმანსმა ახლახან მსგავსი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ტბ-ს ეპიდემია „აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპის ნაწილებსაც მოედო“. გასაკვირი არ არის, რომ 1997 წლის 22 აგვისტოს ჟურნალ „საიენსში“ (Science) აღნიშნული იყო: „ტუბერკულოზი კვლავ სერიოზულად ემუქრება კაცობრიობას“.
-