-
„ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
16. ა) ვინ შევა იმ წმინდათაწმინდაში, რომლის პირველსახეც ისრაელის წმინდათაწმინდა იყო? ბ) რატომ უნდა ‘აკმიონ საკმეველი’ ცხებულმა ქრისტიანებმა?
16 მღვდელმთავარი იესო ქრისტე კი, რომლის პირველსახეც ისრაელი მღვდელმთავარი იყო, 144 000 თანამღვდელთან ერთად შედის ზეციერ წმინდათაწმინდაში, იეჰოვას სამყოფელში (ებრაელები 10:19—23). ოღონდ ეს მღვდლები, რომლებიც 24 უხუცესით არიან წარმოდგენილი, ვერ შევლენ ზეციერ წმინდათაწმინდაში, თუ არ ‘აკმევენ საკმეველს’, ანუ მუდმივად არ აღავლენენ იეჰოვასადმი ლოცვა-ვედრებას (ებრაელები 5:7; იუდა 20, 21; შეადარეთ ფსალმუნის 141:2).
ახალი სიმღერა
17. ა) რა ახალ სიმღერას მღერის 24 უხუცესი? ბ) როდის გამოიყენება ფრაზა „ახალი სიმღერა“ ბიბლიაში?
17 ახლა კი გაისმის ახალი მელოდიური სიმღერა, რომელსაც 24 უხუცესი თანამღვდელი კრავს უმღერის: «ისინი ახალ სიმღერას მღეროდნენ და ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაკლულ იქენი და შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ » (გამოცხადება 5:9).
-
-
„ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
18. რისთვის აქებს იესოს 24 უხუცესი ახალი სიმღერით?
18 მაგრამ ამჯერად 24 უხუცესი ახალ სიმღერას მღერის არა იეჰოვას, არამედ იესოს წინაშე, თუმცა იმავე პრინციპით. ისინი აქებენ იესოს იმ ახალი საქმეებისთვის, რაც მან, როგორც ღვთის ძემ, ღვთის გულისთვის გააკეთა. თავისი დაღვრილი სისხლის მეშვეობით ის ახალი შეთანხმების შუამავალი გახდა; სწორედ ამ შეთანხმების წყალობით ჩამოყალიბდა ახალი ერი — იეჰოვას გამორჩეული საკუთრება (რომაელები 2:28, 29; 1 კორინთელები 11:25; ებრაელები 7:18—25). ამ ახალი სულიერი ერის წარმომადგენლები, მართალია, სხვადასხვა ეროვნებისანი არიან, მაგრამ იესომ ისინი ერთ კრებად გააერთიანა, როგორც ერთი ერი (ესაია 26:2; 1 პეტრე 2:9, 10).
19. ა) რა კურთხევა დაკარგა ხორციელმა ისრაელმა ორგულობის გამო? ბ) რა კურთხევით ხარობს იეჰოვას ახალი ერი?
19 მოსეს დროს, როდესაც იეჰოვამ ერად ჩამოაყალიბა ისრაელი, მან შეთანხმება დაუდო მათ და აღუთქვა, რომ თუ ამ შეთანხმების ერთგულები დარჩებოდნენ, ისინი „მღვდლების სამეფო“ გახდებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). ისრაელები ორგულები აღმოჩნდნენ და ვერ იხილეს ამ დაპირების შესრულება; ახალი ერი კი, რომელიც ჩამოყალიბდა ახალი შეთანხმების საფუძველზე, რომლის შუამავალიც იესო გახდა, ერთგული აღმოჩნდა. ამ ერის წარმომადგენლები ზეციდან იმეფებენ დედამიწაზე, მღვდლებად იმსახურებენ და ასე დაეხმარებიან გულწრფელ ადამიანებს იეჰოვასთან შერიგებაში (კოლოსელები 1:20). სწორედ ამაზეა ეს ახალი სიმღერა: „ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:10).
-