-
მატერიალურად ღარიბი, მაგრამ სულიერად მდიდარისაგუშაგო კოშკი — 2013 | 1 სექტემბერი
-
-
მოვლენების საოცარი განვითარება
1991 წლის 27 მარტს საბჭოთა კავშირში ჩვენი საქმიანობა კანონიერად იქნა აღიარებული. მალევე დაიგეგმა 7 ორდღიანი კონგრესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ კონგრესს 24 აგვისტოს ოდესაში უნდა დავსწრებოდით. ადგილზე ერთი თვით ადრე ჩავედი, რათა ძმებს დავხმარებოდი, რომ უზარმაზარი ფეხბურთის სტადიონი კონგრესისთვის მოგვემზადებინა.
მთელი დღე მუშაობით დაღლილებს ღამე სტადიონის სკამებზე გვეძინა. უამრავი და სტადიონის მიდამოებს ასუფთავებდა. დაახლოებით 70 ტონა ნაგავი გავიტანეთ. დელეგატების დაბინავებაზე პასუხისმგებელმა ძმებმა მთელი ქალაქი შემოიარეს, რომ 15 000 დელეგატისთვის საცხოვრებელი მოემზადებინათ. მაგრამ უეცრად თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ.
კონგრესამდე ხუთი დღით ადრე, 19 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი დააპატიმრეს. ის შვებულებით იმყოფებოდა იალტასთან ახლოს, არცთუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც კონგრესი უნდა ჩაგვეტარებინა. ამის გამო, კონგრესის ჩატარებაზე უარი გვითხრეს. დელეგატები რეკავდნენ კონგრესების განყოფილებაში და ძმებს ეკითხებოდნენ: „რა ვუყოთ დაჯავშნილ ავტობუსებსა და ბილეთებს“? მხურვალე ლოცვების შემდეგ ძმებმა მათ უთხრეს: „რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩამოდით“.
ძმები განაგრძობდნენ ლოცვას და კონგრესისთვის მზადებას. სატრანსპორტო განყოფილებაში მომსახურე ძმები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოსულ დელეგატებს ხვდებოდნენ და აბინავებდნენ. ყოველდღე კონგრესის კომიტეტში მომსახურე ძმები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ყოველთვის უარყოფითი პასუხით ბრუნდებოდნენ.
ლოცვებზე პასუხი
ხუთშაბათს, 22 აგვისტოს, კონგრესამდე ორი დღით ადრე ძმებმა კარგი ამბავი მოიტანეს. კონგრესის ჩატარების ნებართვა მივიღეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კონგრესი სიმღერითა და ლოცვით დავიწყეთ. შაბათს, პროგრამის დამთავრების შემდეგ, გვიანობამდე დავრჩით, რომ ერთმანეთთან გვესაუბრა და ახალი მეგობრები შეგვეძინა. ჩვენ გვერდით იყვნენ ის ქრისტიანები, რომლებმაც რწმენის უდიდესი განსაცდელები მტკიცედ გადაიტანეს.
კონგრესი ოდესაში, 1991 წელი
-